გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2018
საქმის ნომერი
330210018002535517
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/20640-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: შპს „მ---------------------ი“

წარმომადგენელი: ნ--------------–--ე

 

მოპასუხე: ნ--------------–---–ი

წარმომადგენელი: ვ-----------–----ე

 

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ--------------–---–ს შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 2800 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2. ნ--------------–---–ს შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარგებლის - 2501.33 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. ნ--------------–---–ს შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 1020 აშშ დოლარის გადახდა;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 13 იანვარს შპს ,,მ---------------------სა“ და ნ--------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №რლე1-------, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი - 2800 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 170 აშშ დოლარის ოდენობით, ყოველი თვის 13 რიცხვში. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ბმვ X5.

 

მოპასუხის მიერ გადახდილი არ არის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული არც ერთი თვის გადასახადი. შესაბამისად, წინამდებარე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის, მოპასუხის დავალიანება შპს „მ---------------------ის“ მიმართ შეადგენს შემდეგს:

სესხი - 2800 აშშ დოლარი;

სარგებელი - 2017 წლის 13 თებერვლის და ყოველი მომდევნო თვის 13 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5%, რაც შეადგენს 140 აშშ დოლარს. შესაბამისად, ვინაიდან წინამდებარე სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გასულია სრული 17 თვე და 26 კალენდარული დღე, სარგებელი შეადგენს 2501.33 აშშ დოლარს;

პირგასამტეხლო - ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 2 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, ვინაიდან 2017 წლის 14 თებერვლიდან დღემდე გასულია 510 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს - 1020 აშშ დოლარს.

 

ხელშეკრულების თანახმად, თუ მსესხებელი 14 დღით გადააცილებს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც მსესხებლისათვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც, ამ უკანასკნელს ეკისრება სესხის (დარჩენილი ნაწილის) დაბრუნების ვალდებულება. ამასთან, თუ გამსესხებელს სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია, მსესხებელს, აგრეთვე ეკისრება სესხის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც.

 

არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, პრობლემური დეპარტამენტი აქტიურად მუშაობდა საქმეზე, თუმცა ვინაიდან შედეგი არ დადგა, ხელშეკრულებით დადგენილი წესით, 09.03.2018წ. მსესხებელს, ავტომობილის მესაკუთრეს გაეგზავნა შეტყობინება და მოეთხოვა დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადაცემა, თუმცა ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.

 

ამას გარდა, ავტომობილის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კანონით დადგენილი წესით 29.09.2017წ. შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზეც 20.07.2017წ. დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილი იძებნებოდა. თუმცა, ავტომობილის მოძიება ვერ მოხერხდა. პრობლემის სხვაგვარად მოგვარების მცდელობა არ არის მსესხებლის მხრიდან. სააღსრულებო წარმოებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეულ იქნა შესაბამისი ხარჯი - 150 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, სესხის ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში. რაც შეეხება საპროცენტო სარგებელსა და პირგასამტეხლოს, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საპროცენტო სარგებლის ოდენობის თაობაზე მხარეთა შეთანხმება არის ამორალური, ხოლო პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 13 იანვარს შპს ,,მ---------------------სა“ და ნ--------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №RLE1-------, რომლის საფუძველზე გაცემული - №RLE1------- სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, ნ--------------–---–ს თვეში 5%-იანი (წლიური 60%) სარგებლის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით, გადეცა სესხი - 2800 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარგებელი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ნ--------------–---–ის კუთვნილი ავტომობილი - ბმვ X5.

 

ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, სესხზე სარგებლის დარიცხვა იწყება მისი მსესხებლისათვის გადაცემის დღიდან და გრძელდება თანხის სრულად დაბრუნებამდე.

 

ხელშეკრულების 3.1. და 3.2. პუნქტებით განისაზღვრა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების ვადაგადაცილებისათვის - გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით ვადაგადაცილების შემთხვევაში, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 4 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 2 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის დარიცხვაც გაგრძელდება გამსესხებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე.

 

3.1.2. ნ--------------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს „მ---------------------ს“ შორის 13.01.2017წ. გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და ამავე დღეს გაფორმებული - სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ გადახდილი არ არის გრაფიკით განსაზღვრული არც ერთი თვის გადასახადი.

 

3.1.3. 2018 წლის 09 მარტს შპს „მ---------------------ის“ მიერ მსესხებელს ნ--------------–---–ს გაეგზავნა შეტყობინება და მიეცა წინადადება დაუყოვნებლივ დაეფარა კომპანიის მიმართ არსებული დავალიანება, ან მოსარჩელისათვის მფლობელობაში გადაეცა გირავნობის საგანი, ავტომობილი - ბმვ X5, თუმცა უშედეგოდ.

3.1.4. 2017 წლის 29 ივნისს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის საგანზე - ბმვ X5, გაიცა გირავნობის მოწმობა №0-----. შპს „მ---------------------ის“ მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის სანაცვლოდ გადახდილ იქნა საფასური - 50 ლარის ოდენობით.

 

3.1.5. 29.06.2017წ. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული №0----- გირავნობის მოწმობის აღსრულების მიზნით, 2017 წლის 20 ივლისს შპს „მ---------------------სა“ და კერძო აღმასრულებელს - გივი ბაბაევს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სააღსრულებო მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით მომსახურების საფასურად განისაზღვრა - 100 ლარი, რაც გადახდილ იქნა შპს „მ---------------------ის“ მიერ.

 

არსებული მდგომარეობით, დაგირავებული ავტომობილის მოძიება ვერ მოხერხდა.

 

3.1.6. 2018 წლის 09 ივლისს შპს „მ---------------------ის“ მიერ გაცემული დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, 13.01.2017წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან და სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, ნ--------------–---–ს შპს „მ---------------------ის“ მიმართ, 2018 წლის 09 ივლისის მდგომარეობით, ერიცხება დავალიანება - 6321.33 აშშ დოლარისა და 150 ლარის ოდენობით.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შპს „მ---------------------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, 13.01.2017წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან და 13.01.2017წ. სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 2800 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „მ---------------------ის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 13 იანვარს შპს „მ---------------------სა“ და ნ--------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №RLE1-------, რომლის საფუძველზე გაცემული - №RLE1------- სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, ნ--------------–---– თვეში 5%-იანი (წლიური 60%) სარგებლის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით, გადეცა სესხი - 2800 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების ვადაგადაცილებისათვის - გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით ვადაგადაცილების შემთხვევაში, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 4 აშშ დოლარის ოდენობით; ხოლო, გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 2 აშშ დოლარის ოდენობით. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარეგებლი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას;

 

დადგენილია, ასევე, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს „მ---------------------ს“ შორის 13.01.2017წ. გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და ამავე დღეს გაფორმებული - სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ გადახდილი არ არის გრაფიკით განსაზღვრული არც ერთი თვის გადასახადი.

 

შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 2800 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.

 

13.01.2017წ. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების ვადაგადაცილებისათვის - გადახდის ვადის 1-დან 5 კალენდარული დღის ჩათვლით ვადაგადაცილების შემთხვევაში, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 4 აშშ დოლარის ოდენობით; ხოლო, გადახდის ვადის მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის 2 აშშ დოლარის ოდენობით. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულებების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს შპს „მ---------------------ს“ გამოიყენოს მოპასუხის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 500 აშშ დოლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 1020 აშშ დოლარისა.

 

6.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2015 წლის 13 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებითა და შესაბამისი შეთანხმებით, შეთანხმებულ იქნა საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად 5%-ის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და შესაბამისად, ბათილად ითვლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ისეთი გარიგებები, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.

 

სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად გარიგების ბათილობას იწვევს შემდეგი სახის ფასეულობათა დარღვევა: ა) კანონით დადგენილი წესები და აკრძალვები; ბ) საჯარო წესრიგი; გ) ზნეობის ნორმები. საჯარო წესრიგის დარღვევაში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების უფლება, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლებანი და ა.შ. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გამსესხებლის მიერ ბაზარზე საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილ საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს და ზემოთ მოყვანილი ნორმის შესაბამისად ბათილია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2015 წლის 13 იანვრის ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის ოდენობა - ყოველთვიურად სესხის თანხის 5% (წლიური 60%), ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებ გვერდის მონაცემებით (, საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკა), 2017-2018 წლებში უცხოურ ვალუტაში გრძელვადიანი სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 8.57%, რაც თვეში საშუალოდ შეადგენს 0.71%-ს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხით სარგებლობისათვის საპროცენტო სარგებლის ოდენობა უნდა განისაზღვროს სწორედ ეროვნული ბანკის მონაცემებისა და ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად. სასამართლო, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გამსესხებელი წარმომადგენს ფიზიკურ პირს და არა საკრედიტო დაწესებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კი მიაჩნია, რომ საპროცენტო სარგებელი მოცემულ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 2%-ს ოდენობით. ხოლო, დარჩენილი 3%-ის ნაწილში, მხარეთა შეთანხმება საპროცენტო სარგებლის თაობაზე, სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

ამრიგად, აღნიშნული ოდენობით საპროცენტო სარგებლის განსაზღვრის შემთხვევაში, სესხის ძირ თანხაზე - 2800 აშშ დოლარზე, ყოველთვიურად დასარიცხი საპროცენტო სარგებლის ოდენობა შეადგენს - 56 აშშ დოლარს, რაც 2017 წლის 13 თებერვლიდან 17 თვის განმავლობაში ჯამში შეადგენს - 952 აშშ დოლარს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის საპროცენტო სარგებლის სახით - 2501.33 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ნ--------------–---–ს შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საპროცენტო სარგებლის - 952 აშშ დოლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 468.35 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ამდენად, შპს „მ---------------------ს“ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო (სესხის ძირი თანხის - 2800 აშშ დოლარის ნაწილში) უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 205.36 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან შპს „მ---------------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ნ--------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 106.5 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის - 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის გადახდა.

 

ამასთან, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 468.35 ლარი. თუმცა, ვინაიდან დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - 463.63 ლარს, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა - 4.72 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „მ---------------------ის“ სარჩელი ნ--------------–---–ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ნ--------------–---–ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 2800 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე ნ--------------–---–ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარგებლის - 952 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. მოპასუხე ნ--------------–---–ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 500 აშშ დოლარის გადახდა;

 

2. მოპასუხე ნ--------------–---–ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 106.5 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ნ--------------–---–ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი გირავნობის მოწმობის საზღაურის - 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის გადახდა.

 

4. შპს „მ---------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 09 ივლისს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 468.35 ლარიდან - 210.08 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №1531135544.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

საქმე №2/20640-18

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

27 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: შპს „მ---------------------ი“

წარმომადგენელი: ნ--------------–--ე

 

მოპასუხე: ნ--------------–---–ი

წარმომადგენელი: ვ-----------–----ე

 

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „მ---------------------ის“ სარჩელი ნ--------------–---–ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ნ--------------–---–ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის - 2800 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე ნ--------------–---–ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარგებლის - 952 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. მოპასუხე ნ--------------–---–ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 500 აშშ დოლარის გადახდა;

 

2. მოპასუხე ნ--------------–---–ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 106.5 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ნ--------------–---–ს მოსარჩელე შპს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი გირავნობის მოწმობის საზღაურის - 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 100 ლარის გადახდა.

 

4. შპს „მ---------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 09 ივლისს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 468.35 ლარიდან - 210.08 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №1531135544.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი