გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310018002626094
საქმე №3/138-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.11.2018 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: სე---ო ან----ე;
წარმომადგენელი: კა-------–-–---–ი;
მოპასუხე: ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერია;
ჩო----------ს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური;
წარმომადგენელი: ბე---–-----–-ა; ვლ------რ ლო--------ე;
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ივლისის №1172 ბრძანება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 25 მაისის №26 მითითება.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სე---ო ან----ის მიმართ 2018 წლის 25 მაისს შედგენილ იქნა მითითება №26, ჩო----------ს მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროს ნამაინევის გორაზე წარმოებული უნებართვო მშენებლობისათვის. საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტით საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრება 25 000 ლარით. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა 25.05.2018 წლიდან - 01.06.2018 წლამდე. მითითების გაცემის მომენტში სე---ო ან----ე არ იმყოფებოდა ადგილზე და აღნიშნული მითითება განთავსდა შენობის წინა ფასადზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 25 მაისის №26 მითითება (იხ. ს/ფ 44-45);
3.1.2. ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სე---ო ან----ის მიმართ 2018 წლის 01 ივნისს შედგენილ იქნა შემოწმების აქტი №26, რომლითაც დადგინდა, რომ მენაშენემ უნებართვოდ აწარმოა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე სააგარაკო სახლის მშენებლობა. სე---ო ან----ის მიერ არ იქნა შესრულებული №26 მითითებით გათვალისწინებული პირობები. შემოწმების მომენტში მენაშენე ადგილზე არ იმყოფებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 01 ივნისის №26 შემოწმების აქტი (იხ. ს/ფ 46-47);
3.1.3. 2018 წლის 13 ივლისის ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიის №1172 ბრძანების თანახმად, ჩო----------ს მუნიციპალიტეტის ბახმაროს საკურორტო-სარეკრიაციო ტერიტორიაზე (ნამაინევის გორაზე) განხორციელებული უნებართვო მშენებლობისთვის სე---ო ან----ე (პ/ნ 46001001730: მცხოვრები ჩო----------ს მუნიციპალიტეტის ზოტის ადმინისტრაციულ ერთეული) დაჯარიმდა 25 000 ლარით და განხორციელდა უნებართოდ აშენებული შენობა-ნაგებობის (სააგარაკო-საცხოვრებელი სახლის) დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 13 ივლისის ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიის №1172 ბრძანება (იხ. ს/ფ 49-50);
3.1.4. 2018 წლის 20 ივლისს სე---ო ან----ის მიერ ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერისადმი მიწერილ წერილში მითითებულია: ,,მიმდინარე წლის 18 ივლისს თქვენს მიერ გამოგზავნილია ბრძანება ნომრით 117 13.07.2018 ბახმაროს საკურორტო სარეკრიაციო ტერიტორიაზე განხორციელებული უნებართო მშენებლობის თაობაზე.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოგახსენებთ რომ კურორტ ბახმაროში ჩემს მიერ რაიმე სახის მშენებლობა სამუშაო არ განხორციელებულა, აღნიშნულ ტერიტორიაზე საერთოდ არ გამაჩნია მიწის ნაკვეთი და რაიმე სახის შენობა ნაგებობა’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 20 ივლისის სე---ო ან----ის წერილი (იხ. ს/ფ 14);
3.1.5. 2018 წლის 25 ივლისის ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერის №3579 მიმართვაში სე---ო ან----ის მიმართ მითითებულია: ,,ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჩო----------ს მუნუციპალიტეტის ბახმაროს საკურორტო-სარეკრეაციო ტერიტორიაზე, ნამაინევის გორაზე, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში დადგინდა სააგარეკო-საცხოვრებელი სახლის უნებართო მშენებლობის მწარმოებელი პირი - სე---ო ან----ე (პ/ნ 46001001730). ,,ჩო----------ს მუნიციპალიტეტის ბახმაროს საკურორტო-სარეკრეაციო ტერიტორიაზე განხორციელებული უნებართვო მშენებლობისთვის მოქალაქე სე---ო ან----ის დაჯარიმების და უნებართვოდ აშენებული შენობა- ნაგებობის დემონტაჟის შესახებ“ ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ივლისის №1172 ბრძანების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების თაობაზე პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ ბრძანება გაასაჩივროთ სასამართლოს წესით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 25 ივლისის ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერის №3579 მიმართვა (იხ. ს/ფ 15);
3.1.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კი----–ე მა-------ემ განმარტა, რომ ,,ბახმაროში თითქმის 15 წელზე მეტია წელიწადში ერთხელ ისვენებს ბიძამისის სახლში. გადაწყვიტა 30 კვადრატამდე სახლის აშენება, ვინაიდან აწუხებს ფილტვები და შეუძლოდაა, დახმარება სთხოვა მის მეგობარს სე---ო ან----ეს, რომელმაც აიყვანა მუშები და გარკვეული პერიოდი მუშაობდა სახლის მშენებლობაზე’’. მა-------ის განმარტებით, აღნიშნული სახლი არა აქვს რეგისტრირებული. ყველამ იცის რომ მას ეკუთვნის, მის მფლობელობაში და სარგებლოშია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 05.11.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი;
3.1.7. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ სარჩელს იხილავს მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი საფუძვლის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
- საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ივლისის №1172 ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ გასაჩივრებული - ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 25 მაისის №26 მითითება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ წარმოადგენს, თუმცა ერთიანი პროცესის შემადგენელი ნაწილია და მისი კანონთან შესაბამისობის განხილვა, სადავო აქტთან მიმართებაში ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს.
6.2. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად - მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ - ობიექტი) არის - ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ამავე მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-19 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სე---ო ან----ის მიმართ 2018 წლის 25 მაისს შედგენილ იქნა №26 მითითება (იხ. 3.1.1.პუნქტი).
6.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მირ 2018 წლის 01 ივნისს შედგენილი იქნა №26 შემოწმების აქტი სე---ო ან----ის მიმართ (იხ.3.1.2. პუნქტი).
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 25 000 ლარით.
დადგენილია, რომ ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერის №1172 ბრძანების თანახმად, სე---ო ან----ე დაჯარიმდა 25 000 ლარის ოდენობით (იხ. პუნქტი 3.3.3.)
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმების საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია განიმარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლები, რომლებითაც დადგენილია ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევის საფუძვლები, ასევე ბრალეულობის მნიშვნელობა პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს(თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. აღნიშნული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს ემყარება, მათ შორის აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს. ამ პრინციპის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს. დაუშვებელია სამართალდამრღვევის სუბიექტის დადგენის გარეშე სამართალდარღვევის სანქციის შეფარდება. (საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება/ განჩინება (საქმეზე №ბს-149-146 (3კ-14).
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.
სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 237-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათს ერთობლიობაში, ხოლო 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის, როგორც სამართალდამრღვევის დაჯარიმება. მხარის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა გვქონდეს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო მშენებლობისათვის/რეკონსტრუქციისათვის) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი (მოსარჩელის დამოკიდებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ) (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის №ბს-391-386(3კ-12) გადაწყვეტილება).
მოცემულ შემთხვევაში სე---ო ან----ე ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავდა, რომ კურორტ ბახმაროში მის მიერ რაიმე სახის მშენებლობა არ განხორციელებულა, აღნიშნულ ტერიტორიაზე საერთოდ არ გააჩნია მიწის ნაკვეთი და რაიმე სახის შენობა ნაგებობა (იხ. 3.1.4. პუნქტი). ასევე, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა, განმარტა, რომ სე---ო ან----ე არ წარმოადგენს სამართალდამრღვევს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი). გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის შესაბამისი დასაბუთება, არ არის მითითებული რა კონკრეტული მტკიცებულება იქნა შეფასებული და გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იმის დასადგენად თუ ვინ წარმოადგენდა მშენებლობის მწარმოებელ პირს (სამართალდამრღვევს).
6.6. სასამართლოს მოსაზრებით მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ გარემოებას სე---ო ან----ის მხრიდან სახეზე არის თუ არა ბრალეული ქმედება, რაც სამართალდარღვევის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, რამეთუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, სწორედ ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაშია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო პირის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ღონისძიება და გამოსცეს აქტი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სე---ო ან----ის მიმართებაში სახეზეა სამართალდარღვევის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, რის გამოც საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე სე---ო ან----ე არ წარმოადგენს სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტს.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ასკვნის, რომ ამ კონკრეტული შემთხვევაში სახეზე არ არის სამართალდარღვევის შემადგენლობა, აღნიშნული კი საბოლოო ჯამში საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ ნორმათა საფუძველზე გამორიცხავს სე---ო ან----ის სამშენებლო სამართალდამრღვევად მიჩნევას და მისთვის დასახელებული კანონის საფუძველზე შესაბამისი სანქციის დაკისრებას.
6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 25 მაისის №26 მითითება და მის საფუძველზე 2018 წლის 13 ივლისს ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული №1172 ბრძანება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, ამდენად, მოპასუხეებს - ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიას და ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, მოსარჩელე - სე---ო ან----ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სე---ო ან----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 13 ივლისის №1172 ბრძანება;
3. ბათილად იქნეს ცნობილი ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 25 მაისის №26 მითითება.
4. მოპასუხეებს ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიასა და ჩო----------ს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს სოლიდარულად დაეკისროს სე---ო ან----ის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა №14);
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე