გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2018
საქმის ნომერი
330210018002609432
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/25421-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე შპს „ტ---------------“

წარმომადგენელი გ---------–-ძე

მოპასუხე თ----- მე--------–-

წარმომადგენელი ნ-----–-----------იძე

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე თ----- მე--------–- შპს „ტ---------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5 920.75 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3115.6 ლარი, სარგებელი - 1316.18 ლარი, პირგასამტეხლო - 1488.97 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე თ----- მე--------–-ა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა სარჩელში დასახელებულ ძირითად ფაქტობრივ გარემოებებს დაეთანხმა. მოპასუხის განმარტებით, 2018 წლის 9 იანვრის შენატანის განხორციელებამდე დაუკავშირდა მოსარჩელეს და განუმარტა, რომ ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა არსებული გრაფიკის მიხედვით სესხის დაფარვას და მოითხოვა სესხის რესტრუქტურიზაცია. ვინაიდან, მოსარჩელე პირობას არ დაეთანხმა და მოპასუხემ უარი განცხადა სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებაზე. შესაბამისად, მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 9 იანვარს განხორციელებული გადახდის შემდგომ. ამასთან, მოსარჩელის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია და იგი უნდა შემცირდეს. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სარგებლის განსაზღვრის ნაწილში გარიგება ნაწილობრივ ბათილია, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით დადგენილ დანაწესს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 2 აგვისტოს შპს „ტექნოკრედიტსა“ და თ----- მე--------–- შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება #32465. ამავე დღეს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზე თ----- მე--------–-ა, შპს „ტ---------------ს“ სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება - N----------- ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - A--------- გამოშვების წელი - 2008, საიდენტიფიკაციო ნომერი - P---------, სარეგისტრაციო ნომერი - G-------

 

ხელშეკრულების მიხედვით, საკრედიტო ხაზის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 3 260 ლარი, საიდანაც დამგირავებელმა სესხის სახით მიიღო მთლიანი თანხა. სესხის ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა ძირი თანხის 5%-ს. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის თანხის - 0.2%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 15-20)

- შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ; (ს.ფ 24)

 

3.1.2. დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ბოლო გადახდა განახორციელა 2018 წლის 9 იანვარს. შესაბამისად, მისი დავალიანება 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 5920.75 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3115.6 ლარი, სარგებელია - 1316.18 ლარი, პირგასამტეხლოა - 1488.97 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასესხო ამონაწერი (ს.ფ 21-22)

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 23)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეები სასარჩელო სადავო გფარემოებებს არ ასახელებენ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ტ---------------ს“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე, 623-ე, 625-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 2 აგვისტოს შპს „ტექნოკრედიტსა“ და თ----- მე--------–- შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება #32465. ამავე დღეს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 3260 ლარი, ყოველთვიურად 5%-ის დარიცხვით. შესაბამისად, ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.

 

მოპასუხეს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის არსებული სესხის ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 9 იანვარს განხორციელებული გადახდის შემდგომ. აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს მოვალის მიერ გამოხატული ნება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან მხარეებს შორის ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ვალის რესტრუქტურიზაციის და ახალი გადახდის გრაფიკის შედგენასთან დაკავშირებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც ჰქონდა კრედიტორს, სახელდობრ, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

კანონის აღნიშნული დანაწესი საერთოა როგორც ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილისათვის ისე, სახელშეკრულებო სამართლისათვის და ეხება სესხის ხელშეკრულების ყველა კომპონენტს, ყველა იმ უფლება-ვალდებულებას, რომელიც წარმოიშობა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

დადგენილი გარემოებაა, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულების გამომდინარე ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შეუსრულებია. შესაბამისად, არ არსებობს ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ უნდა ამტკიცოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ მან უარი განუცხადა კრედიტორს სასესხო ურთიერთობის გაგრძელებაზე. დასახელებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს 3 115.6 ლარს და მოსარჩელის მოთხოვნა დარჩენილი ძირითადი დავალიანების დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

უდავოა, რომ მხარეებმა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაშიც გაითვალისწინეს სარგებლის გადახდა ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობით. მაშასადამე, მოსარჩელის მოთხოვნა, ვადაგადაცილებული სარგებლის 1316.18 ლარის დაკისრების ნაწილში ასევე ლეგიტიმურია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ პრეზუმირებული მინიმალური ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ზეწოლის განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული არსებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულება ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 1488.97 ლარის დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ განსაზღვრული ჯარიმის მოცულობა, რომელიც არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეს დაეკისროს 50 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელწიფო ბაჟისნაწილი 134.74 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 263-ე, 2681-ე, 364-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ტ---------------ს“ სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1 მოპასუხე თ----- მე--------–- შპს „ტ---------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 4481.78 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3115.6 ლარი, სარგებელია - 1316.18 ლარი, პირგასამტეხლოა - 50 ლარი.

 

1.2 შპს „ტ---------------ს“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 1438.97 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე თ----- მე--------–- შპს „ტ---------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 134.74 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე