გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210018002464761
N2/2201-2018წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.11.2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი თამარ გიორგაძე
მოსარჩელე – ნინო ქა----ა
წარმომადგენელი - ლაურა და------ე
მოპასუხე – და--თ კო---–---ი
მოპასუხის წარმომადგენელი - დი------ი ვე-----–--ე
არასრულწლოვანის წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი -თა--რ ბა----–--ე
დავის საგანი – არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
არასრულწლოვანი შვილის - თი-----ნ კო---–---ის (დაბადებული 2013 წლის 21 იანვარს, პ/ნ 01350023173) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ნინო ქა----ას საცხოვრებელი ადგილი.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2018 წლის 22 მარტამდე, ნინო ქა----ა და და--თ კო---–---ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2013 წლის 21 იანვარს, შეეძინათ შვილი თი-----ნ კო---–---ი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეუღლეები ფაქტობრივად ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. მეუღლეთა ცალ-ცალკე ცხოვრებისა და განქორწინების შემდეგ თი-----ნ კო---–---ი ცხოვრობდა დედასთან ნინო ქა----ასთან და რამდენიმე დღეს კვირაში ატარებდა მამასთან. სარჩელის აღძვრამდე ათი დღით ადრე და--თ კო---–---მა შვილი წაიყვანა თავის სახლში მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად თვითნებურად განსაზღვრა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი. მოპასუხემ არ გაითვალისწინებინა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის გამოცვლით მისი ფსიქიკისათვის მიყენებული სტრესი და სხვა უარყოფითი შედეგები. მოსარჩელის მოთხოვნაა ბავშვი აღსაზრდელად გადაეცეს დედას და მის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შვილის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრა მასთან შეთანხმებით და მისივე სურვილით. ბავშვი წინააღმდეგია წავიდეს საცხოვრებლად დედასთან. მოპასუხე განმარტავს, რომ საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას მოქმედებდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ვერ აიძულებს შვილს იცხოვროს იქ, სადაც მას არ უნდა. მისი აზრით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს ამ გარემოში და მოპასუხეს შეუძლია შექმნას ყველა პირობა შვილის სრულფასოვანი აღზრდისა და განვითარებისათვის. და--თ კო---–---ი განმარტავს, რომ დედა არ იჩენდა სათანადო მზრუნველობას შვილის მიმართ. იგი გასული იყო მთელი დღე სახლიდან და ბავშვის აღზრდა მინდობილი ჰქონდა ძიძას. მამა არ უშლიდა და არც არასოდეს შეუშლის ხელს დედას ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, ამ უკანასკნელის სურვილის შემთხვევაში.
2.2. მესამე პირის - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციაა ბავშვთან ურთიერთობისას ორივე მშობელი თანაბარი უფლებებით სარგებლობდეს და ადგილი არ ჰქონდეს პირად ანგარიშსწორებას. მშობლებმა დავა უნდა გადაწყვიტონ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. თავდაპირველად სასურველია შეეცადონ ურთიერთობის მოწესრიგებას და მორიგებას. ბავშვს ურთიერთობა უნდა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან. ბავშვის უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით მიზანშეწონილია თი-----ნ კო---–---ი აღიზარდოს ოჯახურ გარემოში, მშობლებმა თანაბრად გაინაწილონ პასუხისმგებლობა ბავშვის საჭიროების დაკმაყოფილებისა და სრულფასოვანი აღზრდა-განვითარების ხელშეწყობისათვის.
მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა ორივე მხარეს აქვს ერთნაირი საყოფაცხოვრებო პირობები და ორთავე მხარეს თანაბრად შეუძლიათ კარგი პირობები შეუქმნან შვილს, გადამწყვეტია ბავშვის ასაკი. თი-----ნის ასაკიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ბავშვის საცხოვრებელი ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი.(სხდომის ოქმი 18/10/18წ.)
2.3. ფსიქოლოგის პოზიცია:
ქცევაზე დაკვირვება გამოკვლევი პროცესში
თი-----ნ კო---–---ი ძალიან ლაღი და საზრიანი ბავშვია. სიხარულით დადის სეანსებზე. ვიზიტებზე დაჰყავს მა--ს, პუნქტუალურად, გაცდენებისა და გადადების გარეშე. გარეგნულად თი-----ნი მოწესრიგებული და მოვლილია, მის ყურადღებას ადვილად იპყრობს გარშემო ყველაფერი. ასაკობრივი და პიროვნული თავისებურებებიდან გამომდინარე რთული იყო მისი დიაგნოსტირება და მასთან მუშაობის კონკრეტული სამუშაო ტექნიკის გამოყენება. თი-----ნი უმეტესწილად თავად ირჩევდა, თუ რისი კეთება უნდოდა და ფსიქოლოგის მითითებას უგულებელყოფდა. აქედან გამომდინარე, დასკვნა წარმოდგენილია ძირითადად დაკვირვებაზე და ინტერვიუზე დაყრდნობით.
თი-----ნი ხშირად სთვაზობდა ფსიქოლოგს: ,,მოდი არ ვილაპარაკოთ!“ ,,ნუ მეკითხები რაღაცეებს, არ ვიცი რა გიპასუხო!“ რამდენიმე სეანსი ოთახში შესვლამდე პირობის ჩამორთმევით დაიწყო, რომ არ ვისაუბრებდით დედაზე.
რთული იყო ბავშვის ნდობის მოპოვება. რადგან პროცესი, რომელშიც იმყოფება, ბევრ უცხო პირს მოიცავს, რომლებიც ბავშვის თქმით ,,ნინოს (დედას) ეხმარება“. თი-----ნი ახსენებს სასამართლო პროცესს, როგორც მისი ცხოვრების გამყოფს. მაგალითად: ,,სანამ სასამართლოები დაიწყებოდა...“
ბავშვი ხშირად ახსენებს ძიძებს, განსაკუთრებით ერთს (რიმა) და ასევე თა--ს დებს, ანუკის და თათიას.
ბავშვს უყვარს ცხოველები და მამის სახლში ისინი მრავლად ჰყავთ. თი-----ნი განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობს მამაზე. ყველა მისი ნახატის მთავარი გმირი მა--ა, მისი თქმით მას მარტო დაწოლის ეშინია და მა--სთან იძინებს. ხშირად ამბობს: ,,მა-- მიყიდის მაგას, მა-- მეც წამიყვანს მაქ!“ იხსენებს ისტორიებს, რომლებიც გადახდა მამასთან ერთად. აღნიშნავს იმასაც, რომ მა--ს ასევე უყვარს მისი ძმა ლუკა, თუმცა თი-----ნს ეს სულაც არ მოსწონს.
არ უყვარს ბაღი: ,,ნერვებს მიშლიანო იქ“. ამ ეტაპზე არ დადის ბაღში ცდილობს დედა საერთოდ არ ახსენოს. მასზე შეკითხვებს პასუხობს შემდეგად: ,, არ მინდა მასზე ლაპარაკი!“, ,,ნერვებს მიშლის!“, ,,ასე სახეში მირტყამს!“, ,,წასაყვანად რომ მოდის მაშინ კიარა, მერე მირტყამს!“, ,,თუ რამეს მიყიდის, მოვიდეს!“ ბავშვი არ ახსენებს დედის მშობლებს, თუმცა დედის თქმით, ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში მათ გარემოცვაში იზრდებოდა.
მესამე სეანსზე დედებზე საუბრისას თი-----ნმა დაასკვნა: ,,დედებს არ სცალიათ, აბა ხომ უნდა იმუშაონ“. საკუთარ დედაზე საუბრისას კი თქვა: ,, დედა ნერვებს მიშლის“, ,,ისე ადრე დედასთან რომ ვიყავი ხანდახან კარგი იყო, ახლა არაა კარგი!“
ბავშვის სასიამოვნო მოგონებები, რომლებიც დედასთან ცხოვრების პერიოდს მოიცავს, ძირითადად ძიძებთან ურთიერთობებზეა: ,,ძიძა კარგია, შეგიძლია უთხრა მეთამაშე!“ დედას? ,,დედას არა, სად სცალია!“ ,,დედას არ ვუყვარვარ, „წადი, შენი დანახვაც არ მინდაო, მამასაც მასე უთხრა“
ბავშვი ხშირად იმეორებს, რომ მამას ძალიან უყვარს, გიჟდება მასზე.
ერთ-ერთ სეანსზე:
-ფეხსაცმელი ვინ გიყიდა?
-დედამ! ის სულ ცდილობს зaмaнить меня! (შემიტყუოს-მოსამართლე)
-ეგ რას ნიშნავს?
-ანუ იმიტომ მყიდულობს, რომ მის სახლში მომიპაროს!
-ვინ გითხრა ეს?
-მამამ!
ფსიქოლოგის ჩართულობით მოხდა დედისა და ბავშვის შეხვედრა, ფსიქოლოგის ოთახში ბავშვი წინასწარ იყო გაფრთხილებული, რომ ამ შეხვედრის შემდეგ არავინ დააძალებდა სადმე წასვლას (დედასთან). დედასთან შეხვედრისას ბავშვი იყო დაძაბული. თავდაპირველად რამდენჯერმე გამოავლინა ნერვული ტიკის ნიშნები. დედას არ უყურებდა, არ ეხებოდა და არ ელაპარაკებოდა. მხოლოდ იღებდა საჩუქრებს. შემდგომ სიტუაცია დამშვიდდა, თუმცა ბავშვი იყო ბოლომდე დაძაბული და გაღიზიანებული. შეხვედრის პროცესში დედაც იყო დაძაბული და დაბნეული. არ იცოდა მის ქმედებებს რა საპასუხო რეაქცია მოჰყვებოდა. დედა ავლენდა მზრუნველობით თვისებებს: ,,კბილი გექანება მგონი, ხომ?“ ,,მოდი თმა შეგიკრა თავიდან...“ და ა.შ.
ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე თი-----ნმა თქვა, რომ იყო დედასთან: ,,დედასთან რომ ვიყავი დამა--წყდა მამასთან დარეკვა და მამა მეჩხუბა“, ,,მამა სულ გაგიჟდა, ამბობს, რომ შენ ნინოს ეხმარები!“, ,,მამამ თქვა, ჩემთან თუ არ იცხოვრებ მოვკვდები“, დედამ? „დედამ არა“.
დასკვნა
დამოკიდებულება დედის მიმართ:
თი-----ნი დედაზე არ საუბრობს, ჯიუტად აიგნორებს მის არსებობას. მას ეშინია, რომ დედა მოიპარავს და წაიყვანს მამისგან. დედის დანახვისას ავლენს აგრესიას, უკიდურესად იძაბება (მუჭებს კრავს). შეინიშნება ამბივალენტური გრძნობები: სიყვარული და ამ გრძნობის გამოხატვის შიშიც. ბავშვს კატეგორიულად არ სურს იცხოვროს დედასთან.
დამოკიდებულება მამის მიმართ:
ბავშვს სიამოვნებს მამაზე საუბარი, სულ სიყვარულით და თავისუფლად საუბრობს მასზე. განსაკუთრებულად უყვარს ის და მასთან თავს დაცულად და საიმედოდ გრძნობს. იცის, რომ ყველა სურვილის ასრულება შეუძლია, ასევე დარწმუნებულია მამის მიმართ სიყვარულშიც.
რა მიზეზი იწვევს ბავშვის აგრესიულ დამოკიდებულებას:
თი-----ნს სჯერა, რომ დედა მის მოპარვას აპირებს. კონფლიქტური სიტუაცია მშობლებს შორის, სასამართლოები, ვიზიტები, აღსრულებები იწვევს სტრესს ბავშვში, რომელსაც დედის მიმართ აგრესიით გამოხატავს. ამბივალენტური გრძნობები, რომლებსაც ბავშვი თავად ვერ უმკლავდება ასევე იწვევს აგრესიას, დედის მიმართ უარყოფითი კომენტარები ესმის მამისგანაც.
მიზეზი, თუ რატომ აცხადებს ბავშვი დედასთან წასვლაზე და მასთან ცხოვრებაზე უარს:
ბავშვს მოსწონს ის გარემო, რომელშიც ამჟამად იმყოფება. მამასთან თავს დაცულად და საიმედოდ გრძნობს, იზრდება სიყვარულში და მზრუნველ გარემოში. მამა დიდ დროს უთმობს ბავშვს, რაც განსაკუთრებით ხიბლავს ბავშვს. ბავშვთან მუშაობამ აჩვენა, რომ დედასთან ცხოვრების პერიოდში ბავშვი განიცდიდა დედასთან ურთიერთობის ნაკლებობას, ის უფრო მეტს საუბრობს ძიძებთან გატარებულ დროსა და ისტორიებზე. დედასთან ცხოვრებისას ის იყო გარკვეულ რეჟიმში და ჩარჩოებში მოქცეული, მამასთან კი ეს ჩარჩოები თითქმის არ არსებობს. ბავშვს უყვარს ბუნება და ცხოველები, რომელთან კავშირიც მამის საცხოვრებელში უფრო მეტად აქვს, ვიდრე დედასთან. ბავშვს სჯერა, რომ დედასთან წასვლით მამას ატკენს გულს, ფიქრობს, რომ ის (მამა) მოკვდება.
არის თუ არა მამის გავლენა ბავშვის მიმართ დედისადმი აგრესიის გამოხატვისას:
დედაზე საუბრისას იყენებს ერთსა და იმავე ფრაზებს ,,ნერვებს მიშლის“ და ასე ,,სახეში მირტყამს“
შეკითხვებზე პასუხობს: ,,ნუ მეკითხები, არ ვიცი რა გიპასუხო“
დედაზე საუბრობს უფროსების ლექსიკით: ,,დედას ჩემი მოსყიდვა უნდა’’
მამა არ ერიდება ბავშვის წინაშე დედაზე უარყოფით კონტექსში საუბარს, განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმას, რომ დედას ბავშვი არ აინტერესებს.
მამა ხშირად იმეორებს ბავშვის თანდასწრებით - ,,აგერაა, თავს თუ შეაყვარებს, მე კი არ ვუშლი, მაგრამ მაგას არ უნდა შვილი!“
მამა საყვედურობს, როდესაც დედასთანაა და მამასთან დარეკვა დაავიწყდა.
,,მამამ თქვა, მოვკვდები, თუ ჩემთან არ იცხოვრებო“
ფსიქოლოგთან მუშაობის დასასრულს მამას ეჭვი შეაქვს ფსიქოლოგის მიუკერძოებლობაში - ,,მამა სულ გაგიჟდა, ამბობს, რომ ნინოს ეხმარები.“
ზემოთ აღნიშნული მიუთითებს ბავშვის დედის მიმართ დამოკიდებულებაზე მამის მხრიდან გავლენის არსებობაზე.
რეკომენდაციები
თი-----ნის მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ მათ შორის არსებული კონფლიქტის უარყოფითი გავლენის შედეგები, რაც აისახება ბავშვის არამარტო ამჟამინდელ, არამედ სამომავლო ემოციურ მდგომარეობაზე.
მხარებმა თავი შეიკავონ ბავშვის თანდასწრებით ერთმანეთის აუგად მოხსენიებისაგან ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. ითანამშრომლონ ერთმანეთთან და უზრუნველყონ იგი ემოციურად სტაბილური გარემოთი.
თავდაპირველად, ბავშვისა და დედის შეხვედრამდე, ბავშვს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ ძალით არავის არ წაიყვანს მას არსად, რომ არ მოიპარავენ. რეკომენდებულია დედასთან მარტო შეხვედრები, რა დროსაც დედა მთელ ყურადღებას შვილს დაუთმობს. საურველია ერთობლივად ჩართვა თამაშებში და ისეთ აქტივობებში, რომელიც უყვარს ბავშვს.
შეწყდეს მამის მხრიდან ზემოქმედება ბავშვზე. საყვედურები დედასთან ურთიერთობაზე და ბავშვის შეშინება მისი სიკვდილით.
მშობლები შეთანხმებულად ესაუბრონ შვილს, იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს მათ ოჯახში. ესაუბრონ იმაზე, რომ ბავშვი არ არის დამნაშავე, რომ დედ-მამა ერთად აღარ ცხოვრობს, აუხსნან, რომ ცალ-ცალკე ცხოვრების მიუხედავად ორივეს უყვარს ის. არასდროს მიატოვებენ მას და იზრუნებენ მასზე, ეს ორივემ ხშირად უნდა გაუმეოროს, რომ დადაბლდეს არსებული კონფლიქტური სიტუაციით გამოწვეული შფოთვის დონე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ხუთი წლის განმავლობაში, ნინო ქა----ა და და--თ კო---–---ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 22 მარტს მათ შორის შეწყდა ქორწინება განქორწინებით. განქორწინებამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
- განქორწინების მოწმობა (ს.ფ 18)
3.1.2. ერთობლივი თანაცხოვრების დროს, 2013 წლის 21 იანვარს შეეძინათ შვილი თი-----ნ კო---–---ი. ცალ-ცალკე ცხოვრებისა და განქორწინების შემდეგ თი-----ნ კო---–---ის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა დედის ნინო ქა----ას საცხოვრებელი ადგილი, მამა სისტემატურად ნახულობდა შვილს და ზრუნავდა მასზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 17)
3.1.3. 2018 წლის 18 მაისს, ნინო ქა----ას შეტყობინების საფუძველზე უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი და--თ კო---–---ის მიმართ. სარჩელის აღძვრამდე რამდენიმე დღით ადრე და--თ კო---–---მა შვილი წაიყვანა საკუთარ სახლში და მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე განსაზღვრა მისი საცხოვრებელი ადგილი, საკუთარი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით-ქ. ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო N96.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-შემაკავებელი ორდერი (ს.ფ. 19)
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.4. სასამართლო დავის მიმდინარეობისას შემოწმდა როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო და მატერიალური პირობები.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის რაიონული განყოფილების 2018 წლის 10 ივლისის დასკვნა-რეკომენდაციის თანახმად, ნინო ქა----ას საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს 2 ოთახიანი კეთილმოწყობილი ბინა, რომელსაც ნინო ქა----ა ქირაობს 450 აშშ დოლარად. სახლი არის ავეჯით და ტექნიკით გაწყობილი, ბავშვს აქვს საწოლი კუთხე დედის საძინებელ ოთახში, ბავშვის ასაკის შესაბამისი ტანსაცმელი და სათამაშოები.
ნინო ქა----ა პროფესიით არის ექიმ-რეანიმატოლოგი, კრიტიკული მედიცინის სრული პროფესორი და სწავლების პროგრამის ხელმძღვანელი. 2018 წლის ივლისის თვემდე იგი მუშაობდა „ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკური მენეჯერის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 10000 ლარს. საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, 2018 წლის 20 ოქტომბრიდან ნინო ქა----ა მუშაობს ქ. თბილისში კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტში კლინიკურ დირექტორად.
ნინო ქა----ა განმარტავს, რომ აპირებს საცხოვრებლად გადავიდეს ქ. თბილისში, სადაც იცხოვრებს მშობლებთან და შვილებთან, მათ შორის თი-----ნ კოპალინთან ერთად, სიმონ ჩიქოვანის ქ. N7 და ჭიათურის ქ,. N2-ში. ბინის ფართი 153.2 კვმ. ბინა რეგისტრირებულია ნინო ქა----ას საკუთრებაში. ამავე მისამართზე ნინო ქა----ას საკუთრებას წარმოადგენს, ასევე 31 კვმ, საცხოვრებელი ბინა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების 2018 წლის 14 აგვისტოს დასკვნა-რეკომენდაციის თანახმად, და--თ კო---–---ი საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია. ოთახები არის ნათელი, თანამედროვე ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით მოწყობილი. თი-----ნი იძინებს მამასთან ერთად. აქვს ასაკთან შესაფერისი სათამაშოები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი.
მოპასუხე სახლში ცხოვრობს მშობლებთან ერთად, თუმცა, ისინი მხოლოდ ზაფხულის სეზონს ატარებენ ქობულეთში, ხოლო სხვა დროს ცხოვრობენ თბილისში. თი-----ნი ამ პერიოდში რჩება სახლში მამასთან და უფროს ნახევარძმასთან ერთად. თი-----ნის აღზრდას პრაქტიკულად მხოლოდ მამა უძღვება, რომელიც ამავე დროს საქმიანობს საოჯახო სასტუმროში.
ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო N96-ში მდებარე სახლი, სადაც ცხოვრობს და--თ კო---–---ი შვილებთან ერთად, რეგისტრირებულია მამის ნუ----რ კო---–---ის სახელზე. მოპასუხის დედის - გულნაზ კო---–---ის სახელზეა რეგისტრირებული ბინა ქ. თბილისში, შალვა ნუცუბიძის ფერდობზე.
და--თ კო---–---ის განმარტებით იგი თავადაც აპირებს საცხოვრებლად გადავიდეს ქ. თბილისში, თი-----ნის სასკოლო ასაკის დადგომისთანავე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნა-რეკომენდაცია (ს.ფ. 90-92)
-ქობულეთის სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნა-რეკომენდაცია (ს.ფ. 111-113)
-საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ.20-23)
-ცნობა სამუშაოსა და სახელფასო ანაზღაურების შესახებ (ს.ფ.24)
-საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ.282-285)
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103–ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის 354-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების, მხარეთა, სპეციალისტთა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომლის თანახმადაც თი-----ნ კო---–---ი საკუთარი ნამდვილი ნების საფუძველზე აცხადებს უარს დედასთან ურთიერთობაზე და მამის მიერ შვილის საცხოვრებელი ადგილის ერთპიროვნულად განსაზღვრა სწორედ შვილის გადაწყვეტილებით და მისი სურვილით იყო განპირობებული.
მოპასუხის ძირითადი არგუმენტი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით არის ბავშვის სურვილი იცხოვროს მამასთან და მიიჩნევს, რომ ბავშვის სურვილი არის მისი საუკეთესო ინტერესი. სასამართლოს მოვალეობაა განსაზღვროს ემთხვევა თუ არა ამ შემთხვევაში ბავშვის სურვილი მის საუკეთესო ინტერესს, არის თუ არა ეს სურვილი ბავშვის ნამდვილი სურვილი და ხომ არ განაპირობებს ამ სურვილს უფროსის მხრიდან ბავშვის ფსიქიკაზე, მის განცდებზე და ემოციებზე უარყოფითი გავლენა.
მოპასუხის განმარტების საწინააღმდეგოდ სასამართლო სარწმუნო მტკიცებულებად მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილ ფსიქოლოგის დასკვნას და ფსიქოლოგის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებას.
ბავშვთა ფსიქოლოგის ქეთევან დევაძის დასკვნის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თი-----ნი იმყოფება მამის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ და ბავშვის ქმედება ხშირ შემთხვევაში განპირობებულია ყოფილი ცოლის მიმართ მოპასუხის დამოკიდებულებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა არა ბავშვის სურვილი, არამედ მძიმე ფსიქოლოგიური არჩევანი. სპეციალისტის განმარტებით ამ ზეწოლამ უკვე ასახვა ჰპოვა თი-----ნის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, რაც გამოიხატება მის ამბივალენტურ გრძნობებში დედის მიმართ, მის სურვილში თავი აარიდოს დედაზე საუბარს.
ფსიქოლოგის ჩვენების თანახმად, თი-----ნი დედასთან დამოკიდებულების გამოსახატავად ხშირად ლაპარაკობს როგორც დიდი ადამიანი, დიდი ადამიანის ფრაზებითა და სიტყვებით. კითხვაზე: „ფეხსაცმელი ვინ გიყიდა?“ თი-----ნი პასუხობს: „დედამ! ის სულ ცდილობს зaмaнить меня!“ (შემიტყუოს-ი.ტ.). „ეგ რას ნიშნავს?“, „ანუ იმიტომ მყიდულობს, რომ მის სახლში მომიპაროს!“, „ვინ გითხრა ეს?“, „მამამ“. ფსიქოლოგის განმარტებით, ასე პატარა ბავშვები არ ლაპარაკობენ, მათ არ ჩვევიათ მსგავსი ტერმინების გამოყენება. მისი აზრით, თი-----ნი იმეორებს მამის სიტყვებს და გადმოსცემს მის განწყობას. ფსიქოლოგი აფიქსირებს პოზიციას, რომ მამის გავლენა იკვეთება შემდეგ სიტყვებშიც: „იმიტომ მყიდულობს, რომ მის სახლში მომიპაროს“. ამ დასკვნის საფუძველს მას ის გარემოება აძლევს, რომ ბავშვები როგორც წესი ამბობენ „წამიყვანოს სახლში“ და არა „სახლში მომიპაროს“. დედასთან წასვლა მისთვის ასოცირდება „მოპარვასთან“. ამ განწყობას სასამართლოც მამის ზეგავლენას უკავშირებს. დედაზე საუბარი თი-----ნს არ უნდა იმ გარემოების გამო, რომ მას აყენებენ არჩევანის წინაშე, ხოლო მის არჩევანს მისი თავისუფალი ნება კი არ განაპირობებს, არამედ შიში, რომ თუ დედასთან წავა დაკარგავს მამას.
ფსიქოლოგის დასკვნით, და--თ კო---–---ი შვილთან ურთიერთობისას იყენებს სიტყვებს, ფრაზებს, რომლის შინაარსიც უკავშირდება მის შესაძლო გარდაცვალებას, იმ შემთხვევაში თუ თი-----ნი საცხოვრებლად დედასთან გადავა. ფსიქოლოგი ხაზს უსვამს თი-----ნის ფრაზას ,,მამამ თქვა, მოვკვდები, თუ ჩემთან არ იცხოვრებო“ . ასეთი ფრაზები განაპირობებს თი-----ნის ღრმა და ქვეცნობიერ შიშს, რომ დაკარგავს მამას თუ საცხოვრებლად გადავა დედასთან. ამ შიშმა შეიძლება გამოიწვიოს შორსმიმავალი უარყოფითი შედეგები. ესაა მძიმე კომპლექსების ჩამოყალიბების წინაპირობები მოზარდობასა და ზრდასრულ ასაკში (იხ. ფსიქოლოგის ჩვენება).
სასამართლო იზიარებს ფსიქოლოგის პოზიციას, რომ ბავშვის სურვილს განსაზღვრავს შიში იმისა, რომ შესაძლოა დაკარგოს მამა, თუ საცხოვრებლად დედასთან გადავა. ამ შიშის გამო თი-----ნი ვერ გამოხატავს გრძნობებს დედის მიმართ. ცდილობს დამალოს ეს გრძნობები და ურჩევნია მასზე არ ისაუბროს. მან არ იცის რა არის სწორი და რა არა. იგი პასუხობს არა იმას რაც მისი საკუთარი აზრია, არამედ იმას რაც ესმის ხშირად უფროსებისგან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ფსიქოლოგიური ზეგავლენა, რომელსაც უკვე მოჰყვა მძიმე შედეგი, ბავშვის გაუცხოება დედის მიმართ, ხოლო მომავალში, იგივე მდგომარეობის შენარჩუნებას შესაძლებელია გამოუსწორებელი ფსიქიკური შედეგი მოჰყვეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ფსიქოლოგ ნინო დევაძის გამოკვლევი შედეგები (ს.ფ. 142-146)
-ნინო დევაძის განმარტება (სხდომის ოქმი 18/10/18)
3.2.2. სასამართლო ვერ მიიჩნევს სარწმუნო მტკიცებულებად ქობულეთის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის ნანა ჯა--------ს 2018 წლის 14 აგვისტოს დასკვნას მოცემულ საქმეზე, ვინაიდან, გარკვეული პრინციპული წინააღმდეგობა გამოიკვეთა სოციალური მუშაკის დასკვნასა და მის მიერ სასამართლოში განცხადებულ პოზიციას შორის.
დასკვნა-რეკომენდაციის თანახმად „არ არის რეკომენდირებული ბავშვის თი-----ნ კო---–---ის მოწყვეტა იმ ოჯახზე, სადაც ის ამჯამად ცხოვრობს, ჩამოყალიბებული აქვს სოციალური კავშირები, ბავშვი ტრამვირებულია დედის გამო. ამიტომ არ არის რეკომენდირებული მკვეთრი ცვლილებები მისი ცხოვრების ამ ეტაპზე, მაგრამ ბავშვს აუცილებელია ჰქონდეს ურთიერთობა დედასთან.“
2018 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე სოციალურმა მუშაკმა დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი ვერ გასცა მოსამართლის კითხვაზე სად არის რეკომენდირებული განისაზღვროს თი-----ნ კო---–---ის საცხოვრებელი ადგილი. მან პრაქტიკულად უარყო მის დასკვნა-რეკომენდაციაში მითითებული დასკვნა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით და განაცხადა რომ უჭირს პასუხის გაცემა. დასკვნაში სოც.მუშაკი განმარტავს, რომ ვიზიტისას ნათლად დაინახა და--თ კო---–---ის ოჯახის წევრებთან თი-----ნის თბილი ურთიერთდამოკიდებულება და მიჯაჭვულობა ბებიასთან და ბაბუასთან. თუმცა მანვე ახსნა, რომ აღნიშნული გარემოება არ გადაუმოწმებია პირადად და მხოლოდ და--თ კო---–---ის განმარტებას დაეყრდნო. სოციალური მუშაკი ვერ განმარტავს ვერც მის პოზიციას დედა-შვილს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ, ვინაიდან თი-----ნ კო---–---ს მხოლოდ ერთხელ შეხვდა, არ გასაუბრებია ბავშვის დედას, არ შეუმოწმებია დედის საცხოვრებელი ადგილი, მისი სოციალური გარემო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქობულეთის სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნა-რეკომენდაცია (ს.ფ. 111-113)
-ქობულეთის სოციალური მუშაკის ნანა ჯა--------ს განმარტება (სხდომის ოქმი 06/11/18)
3.2.2. მოპასუხე ვერ ასახელებს ვერც ერთ დამაჯერებელ არგუმენტს ნინო ქა----ას მხრიდან მშობლის ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შესახებ, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო თი-----ნის ჩვეული საცხოვრებელი გარემოდან მოწყვეტის საფუძველი.
ბათუმის სოციალური სამსახურის სოციალური მუშაკის ნათია მიქავას 2018 წლის 18 ივლისის დასკვნით და ამავე სამსახურის წარმომადგენლის გულო დელივერიძის ახსნა-განმარტებით (სხდომის ოქმი 06.11.18წ) მკაფიოდ და დამაჯერებლად იქნა წარმოდგენილი ნინო ქა----ა როლი თი-----ნის ცხოვრებაში. სოციალური მუშაკი პირადად ესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებმაც მიაწოდეს ინფორმაცია დედა-შვილის ურთიერთობაზე. დასკვნის თანახმად და წარმომადგენლის განმარტებით ნინო ქა----ა კარგი დედაა. თი-----ნი დაბადებისთანავე და განქორწინების შემდეგ იზრდებოდა დედასთან, ხოლო მამასთან ურთიერთობა ჰქონდა ზაფხულის პერიოდში სეზონურად. განქორწინების შემდეგ დედა არ უშლიდა ხელს მამასთან ურთიერთობაში. დასკვნის თანახმად, მამასთან შეხვედრის შემდეგ ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეიცვალა და იგი აგრესიას იჩენდა დედის მიმართ, რაც უარყოფითად შეფასდა. სოციალური მუშაკის აზრით მიზანშეწონილია ბავშვი დაუბრუნდეს იმ გარემოს სადაც იზრდებოდა და დედასთან განშორებამ შესაძლებელია მის ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედოს.
აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ მძიმე ფსიქოლოგიური ფონის გათვალისწინებით სასამართლომ გაიზიარა ფსიქოლოგის რეკომენდაცია და სასამართლოში არ გამოკითხა თი-----ნი. სასამართლოს დამაჯერებლად მიაჩნია ფსიქოლოგის პოზიცია, რომ ამ მდგომარეობაში შეუძლებელია თი-----ნის რეალური სურვილების ამოცნობა და მისთვის მტკივნეულ საკითხზე უცხო ადამიანისგან კითხვების დასმა შესაძლოა მის ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნა-რეკომენდაცია (ს.ფ. 90-92)
-სოციალური მუშაკის გულო დელავერიძის განმარტება (სხდომის ოქმი 06/11/18წ)
3.2.2. სასა--რთლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დედასთან ცხოვრებისას თი-----ნი გარკვეულ რეჟიმს ექვემდებარებოდა. მოწესრიგებული იყო მისი თამაშის, კვების, ძილის რეჟიმი, დადიოდა ბაღში.
ფსიქოლოგი განმარტავს, რომ თი-----ნი ძალიან თა--სუფლებისმოყვარე ბავშვია. მამასთან მან იპოვა უსაზღვრო თავისუფლება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. შეუძლია თავისუფლად, უფროსების ჩარევის გარეშე მართოს საკუთარი დღის განრიგი, ითამაშოს, ისეირნოს გვიანამდე, მამა ხელს არ უშლის და ყოველნაირად ახალისებს მის ამ მდგომარეობას. სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ თი-----ნი ხშირად მარტოა, იძინებს გვიან, შესაბამისად იღვიძებს გვიან. მისი რეჟიმი ძირითადად მამის რეჟიმს ემთხვევა. მამასთან ცხოვრებისას თი-----ნი არ დადის ბაღში. მისთვის მიუღებელი შეზღუდვები თი-----ნის ცნობიერებაში დედასთან ცხოვრებასთან ასოცირდება. სასამართლო იზიარებს ფსიქოლოგის პოზიციას, რომ ის მშობელი, რომელიც მას რეჟიმის ჩარჩოებს უწესებს შეიძლება მიუღებელი იყო ბავშვისთვის, თუ ამის საწინააღმდეგოდ მეორე მშობელი მსგავსი შეზღუდვებისგან ათა--სუფლებს.
ამავე დროს სასამართლო მიიჩნევს, რომ დაბალანსებული დღის რეჟიმი, სწორი კვება, ძილი ყველა ბავშვის სწორი და ჯანსაღი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე, მნიშვნელოვანია სკოლამდელი ასაკის ბავშვის ურთიერთობა თანატოლებთან, რასაც საუკეთესოდ უზრუნველყოფს საბავშვო ბაღი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქობულეთის სოციალური მუშაკის ნანა ჯა--------ს განმარტება (სხდომის ოქმი 06/11/18)
-მოწმე თა--რ ღუ--–---–ი (სხდომის ოქმი 02/06/18)
3.2.3. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების აღსრულების პირობებში თი-----ნმა გადალახა მამასთან მიჯაჭვულობის განცდა და სათანადო ხელშეწყობის პირობებში მისი დამოკიდებულება დედასთან უბრუნდება ჩვეულებრივ დედა-შვილურ დამოკიდებულებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის ფსიქიკაზე ღრმა კვალი დაატყო მშობელთა შორის არსებულმა უთანხმოებამ. ეს მდგომარეობა ვითარდებოდა ბავშვის თვალწინ. ცალ-ცალკე ცხოვრების დაწყების შემდეგ თინათინმა ცხოვრება განაგრძო დედასთან, თუმცა იმის გამო, რომ მოსარჩელე მუშაობდა ბავშვი ხშირად რჩებოდა ძიძასთან. ამდენად, მისი მოგონებები იმ პერიოდზე სწორედ ძიძათან გატარებულ დროს უკავშირდება. ეს მდგომარეობა თანამედროვე ყოფის ჩვეული ელემენტია. თი-----ნი ბოლო 6 თვის მანძილზე მამასთან ცხოვროს. ამიტომ სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი იყო დაედგინა შეძლებდა თუ არა იგი გადაელახა დედასთან გაუცხოების ბარიერი და აღედგინა დედასთან ურთიერთობა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ფსიქოლოგის დასკვნა მომზადდა 2018 წლის 4 სექტემბერს და ასახავდა თი-----ნის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ამავე პერიოდამდე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ პერიოდის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. მოცემული საქმის ფარგლებში მიღებული იქნა ორი დროებითი განკარგულება. პირველი 2018 წლის 15 ივნისს, რომლის თანახმად ნინო ქა----ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დროებით განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი. ამ განჩინების მიღების საფუძველი გახდა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის მკვეთრად გამოხატული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ და--თ კო---–---მა შვილის საცხოვრებელი ადგილი პრაქტიკულად ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, თვითნებურად განსაზღვრა, რაც სააგენტოს წარმომადგენლის მოსაზრებით სრულიად მიუღებელი იყო. მიღებული დროებითი განკარგულება ვერ აღსრულდა. აღმასრულებელი ორგანოს განმარტებით ეს განპირობებული იყო თი-----ნის მხრიდან კატეგორიული წინააღმდეგობით.
2018 წლის 4 სექტემბერს, სასამართლომ მიიღო ახალი დროებითი განკარგულება, რომლის თანახმად ნინო ქა----ას განესაზღვრა შვილის ნახვის კონკრეტული დღეები. აღნიშნული განჩინების მიღების შემდეგ შედგა რამდენიმე შეხვედრა დედა-შვილს შორის. ამ შეხვედრებმა ცხადყო, რომ მათ შორის აღდგა ბუნებრივი დედაშვილური ურთიერთდამოკიდებულება.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბოლო დროებითი განკარგულების მიღების შემდეგ მოსარჩელის ახსნა-განმარტებაში აღწერილ დედა-შვილის შეხვედრას და მათი ურთიერთდამოკიდებულების განვითარების დინამიკას. დროებითი განკარგულების ფარგლებში განხორციელდა 6 შეხვედრა. მოსარჩელის წარმომადგენელი სანდოდ და დამაჯერებლად აღწერს ამ შეხვედრებისას დედა-შვილის თბილ ურთიერთდამოკიდებულებას, თი-----ნის სურვილს დრო გაატაროს დედასთან ერთად და გაუცხოების მოხსნას. ამის დასტურად სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ერთად გატარებული დროის ამსახველი ფოტოსურათები, ვიდეოები, საიდაც აშკარად ჩანს თი-----ნის თბილი და ძალდაუტანებელი დამოკიდებულება დედის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტების ამ ნაწილზე საწინააღმდეგო არგუმენტი მოპასუხეს არ წარმოუდგენია. პირიქით, საკუთარი ახსნა-განმარტების დროს მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა მსგავსი შეხვედრების აუცილებლობა, და ის, რომ მისთვის მისაღებია ამ რეჟიმში ნინო ქა----ას ურთიერთობის გაგრძელება შვილთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი 18/10/18)
3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თი-----ნ კო---–---ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ საცხოვრებელ გარემოს, რომელიც მას მამასთან აქვს შექმნილი. იგულისხმება ეზო და შინაური ცხოველები.
პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ და--თ კო---–---ს გადაწყვეტილი აქვს საცხოვრებლად გადავიდეს ქ. თბილისში, ე.წ. კორპუსის ბინაში, რომელიც ამჟამად მშენებარეა. ასევე, საცხოვრებლად გადადის ქ. თბილისში ნინო ქა----აც. აქედან გამომდინარე სასამართლო მოპასუხის არგუმენტს საცხოვრებელი გარემოს შეცვლის მიმართ თი-----ნის უარყოფით ემოციურ განწყობასთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს. მითუფრო, რომ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის შესაფერისი გარემოს შექმნა შესაძლებელია როგორც კერძო საცხოვრებელ სახლში, ისე ე.წ. კორპუსის ბინაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოპასუხი განმარტება (სხდომის ოქმი06/11/18წ)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნინო ქა----ას სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენციის 3.1 მუხლით ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 9.1 მუხლით მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. კონვენციის 19.1 მუხლი ადგენს მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებას ყოველი ღონე იხმარონ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. 2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი არ ადგენს, განქორწინების შემთხვევაში, შვილმა დედასთან უნდა იცხოვროს თუ მამასთან. მშობლების განქორწინებისას თუ მშობლები ვერ თანხმდებიან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, ეს უნდა განისაზღვროს კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის საფუძველზე. მშობელსა და შვილს შორის კონტაქტის შენარჩუნება ამ უკანასკნელის სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ ყოფნის განმავლობაში ან მეორე მშობელთან ცხოვრების დროს ის საკითხია, რომელსაც ევროპული სასამართლო ანიჭებს დიდ მნიშვნელობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულმა სამართალმა ცხადყო, რომ სახელმწიფოს ეკისრება ადეკვატური, სწრაფი და საკმარისი ღონისძიებების გატარების ვალდებულება ბავშვთან მშობლის ეფექტიანი კონტაქტის უზრუნველსაყოფად.
სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-.1 მუხლით მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, ხოლო 1199-ე მუხლი განსაზღვრავს მშობლების ვალდებულებას მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელონ ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. 1200-ე მუხლის შესაბამისად შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი ადგენს მშობლების განქორწინებისასა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრიოს წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. 1202 ე- მუხლის თანახმად კი მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
ზემოაღნიშნული ყველა ეროვნული თუ საერთაშორის ნორმა, რომელიც არეგულირებს ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივ სფეროს, ცალსახად განმარტავს, რომ ყველა პირი, რომელიც მონაწილეობს ბავშვის აღზრდა/განვითარებაში, ვალდებულია გააკეთოს ეს მხოლოდ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნული მოიცავს ამ პირთა ვალდებულებას განახორციელონ ქმედებები ისე, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა უარყოფითი ფსიქოემოციური ცვლილებები არ გამოიწვიოს ბავშვის ხასიათსა და მის აღქმაში. ნებისმიერი ცვლილება, რომელიც უკვშირდება ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილიდან სხვა ადგილას საცხოვრებლად გადაყვანას უნდა განხორციელდეს მშობლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში აღნიშნულის განხორცილება დაუშვებელია სასამართლო კონტროლისა და შესაბამისი სოციალური დაცვის ორგანოების ჩართულობის გარეშე.
ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის ცვლილების აუცილებლობა უნდა დასტურდებოდეს სათანადო ორგანოების დასკვნით, თავად არასრულწლოვანის მოსმენით, მისი შინაგანი მიჯაჭვულობისა და ფსიქოემოციური დამოკიდებულების გათვალისწინებით. აღნიშნული დაუშვებელია შეცვლილი ადგილის საყოფაცხოვრებო პირობების შემოწმებისა და მასში ბავშვისათვის აუცილებელი გარემოს შექმნის გარეშე. დაუშვებელია აღნიშნული განხორციელდეს რომელიმე მშობლის მხრიდან სპონტანურად, შეუთანხმებლად და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების გარეშე
6.2. საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში უთითებს ევროსასამართლოს პრეცენდენტულ გადაწყვეტილებებზე, რომელთა თანახმად „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - № 25735/94, 31.07.2000, თ.კ. და კ.მ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ (სუსგ.ას-1449-1369-2017 20/04/2018).
უზენაესი სასამართლოს განმარტებით „როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები“ (სუსგ ას-53-51-2016, 06.07.2016წ.). „ამასთან ერთად, უნდა შეჯერდეს ბავშვთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ერთ შემთხვევაში, ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს შეცვლას და, მეორე შემთხვევაში, დედასთან დაშორებას. ამასთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის აუცილებელია ისეთი კრიტერიუმების შესწავლა, როგორიცაა: ბავშვის მიჯაჭულობა ერთ-ერთ მშობელთან, ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა“... „ამდენად, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მიჯაჭვულობას ერთ-ერთ მშობელთან. სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ფსიქო-პედაგოგიური ექსპერტიზის მიხედვით, თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპათიას ბავშვი და რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, ბავშვის მშობელთან დამოკიდებულებას არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აღნიშნული კრიტერიუმი სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოითხოვს შესაბამის კვლევას“ (სუსგ ას-1062-996-2012, 22.01.2013წ.).
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვის ჯანსაღი ფსიქოემოციური განვითარებისათვის შესაფერისი პირობების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დედასთან ცხოვრება თინათინის საუკეთესო ინტერესი იქნება. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, ფსიქოლოგისა და ბავშის წარმომადგენლის მოსაზრებები. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლო პირველ რიგში ითვალისწინებს ბავშვის ასაკს, 5 წლის გოგონასათვის აუცილებელია იზრდებოდეს დედის გვერდით, მისგან შეისწავლოს საჭირო უნარ-ჩვევები. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემობას, რომ ბავშვის მიჯაჭვულობა მამასთან არ არის ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობის შედეგი, არამედ მნიშვნელოვანწილად მასზე ფსიქოემოციურმა გავლენამ განაპირობა, რისი გადალახვაც შესაძლებელია ბავშვის ფსიქიკისათვის ზიანის მიყენების გარეშე.
6.3. მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ მეუღლეების ცალ-ცალკე ცხოვრების დაწყებისა და განქორწინების შემდეგ თი-----ნ კო---–---ი ცხოვრობდა დედასთან ნინო ქა----ასთან. დადგენილია, რომ მოპასუხემ თვითნებურად, მეორე მშობელთან შეთანხმების გარეშე მოახდინა თი-----ნ კო---–---ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა/შეცვლა და მოსარჩელეს აღარ მისცა შესაძლებლობა დაებრუნებინა შვილი საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე. დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ორივე მშობლის საყოფაცხოვრებო და მატერიალური პირობები უზრუნველყოფს შვილის სათანადო აღზრდა-განვითარებას. ასევე, დადგენილია, რომ ამ ეტაპისთვის მამა დამოუკიდებლად უძღვება შვილის აღზრდას. როგორც ერთი, ისე მეორე მშობელი გეგმავს უახლოეს მომავალში საცხოვრებლად ქალაქ თბილისში გადასვლას.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შვილის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. სარჩელის თანახმად, დედა არ ითხოვს მამის რაიმე უფლების შეზღუდვას, გამოთქვამს მზადყოფნას, მამამ იქონიოს შეუზღუდავი კავშირი შვილთან, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნევს მის აღზრდას დედის სოციალურ გარემოში. მოპასუხე უთითებს, რომ მოქმედებს მხოლოდ შვილის სურვილის თანახმად, თუმცა სასამართლოს არ მიაჩნია სარწმუნოდ ის გარემოება, რომ თი-----ნს არ უნდა დედასთან ცხოვრება და მისი ეს სურვილი არაა განპირობებული მამის მხრიდან ზემოქმედებით. მოპასუხე ვერ ადასტურებს, რომ რაიმე ფორმით ნინო ქა----ა გაურბოდა დედის ვალდებულებების შესრულებას ან არაჯეროვნად ასრულებდა მათ. ასევე ვერ ადასტურებს, რომ დედასთან ცხოვრების დროს შვილი აგრესიით გამოირჩეოდა დედის მიმართ ან ითხოვდა მამასთან გადასვლას. ასეთი გარემოების შესახებ მოპასუხეს არ მიუთითებია. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვის წამოყვანა დედის სახლიდან მოხდა 2018 წლის 18 მაისის შემდეგ, როცა ნინო ქა----ას შეტყობინების საფუძველზე უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი და--თ კო---–---ის მიმართ.
სასამართლოსთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის გაუცხოება დედის მიმართ დაიწყო საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ. ვერც მოპასუხე და ვერც რომელიმე სპეციალისტი ვერ უთითებს იმის შესახებ, რომ დედასთან ცხოვრების დროს თი-----ნს დედის მიმართ ჰქონდა ამგვარი დამოკიდებულება. ფსიქოლოგის დასკვნაზე დაყრდნობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლამ თი-----ნ კო---–---ზე არ იმოქმედა დადებითად.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თი-----ნი დედასთან ცხოვრების დროს დადიოდა ბაღში, ჰქონდა მისი ასაკის ბავშვისათვის შესაფერისი რეჟიმი, კვების, თამაშის, ძილის და აშ. მოსარჩელის აღნიშნულ არგუმენტზე მოპასუხე მხარეს რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტი არ წარმოუდგენია. და--თ კო---–---ი მარტო უძღვება საოჯახო ბიზნესს, რა დროსაც ბავშვი პრაქტიკულად უმეთვალყურეოდაა დარჩენილი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველ რიგში აუცილებელია აღდგეს თი-----ნის ემოციური კავშირი დედასთან. ის მოწყდეს იმ გარემოს, სადაც მას დედასა და მამას შორის არჩევანის გაკეთება უწევს. დაუბრუნდეს სწორ, ჯანსაღ და მისი ასაკის ბავშვისთვის შესაფერის რეჟიმს, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი აღზრდა-განვითარების პროცესში. სასამართლო ითვალისწინებს თი-----ნის ემოციურ კავშირს მის დებთან, რომელიც გაწყდა და მიუთითებს ამ კავშირის აღდგენის აუცილებლობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ ეს არის თი-----ნის საუკეთესო ინტერესი. ასეთი დასკვის საფუძველს სასამართლოს აძლევს ის გარემოებაც, რომ ამჟამინდელ საცხოვრებელ ადგილს როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე იცვლის სხვა ქალაქში გადასვლით, ხოლო ფსიქოლოგის განმარტებით თი-----ნის მიჯაჭვულობას მამის საცხოვრებელ გარემოსთან დიდწილად განაპირობებს ეზო და სივრცე, რომელშიც მას შეუზღუდავად შეუძლია ითამაშოს.
დედასთან საცხოვრებლად დაბრუნება რათქმაუნდა არ გამორიცხავს მამის უფლებას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში, ჰქონდეს მასთან ურთიერთობა.
მშობელსა და შვილს შორის კონტაქტის შენარჩუნების აუცილებლობაზე ევროპული სასამართლო განმარტავს „ამ სახის საქმეებში ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების ადეკვატურობა უნდა შეფასდეს მათი განხორციელების სისწრაფით; ისინი მოითხოვენ დაუყოვნებლივ რეაგირებას, რადგან დროის გასვლამ და გარემოებების შეცვლამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები იქონიოს შვილებსა და იმ მშობელს შორის ურთიერთობაში, რომელიც არ ცხოვრობს მათთან ერთად.“ (პავლიკი პოლონეთის წინააღმდეგ (Pawlik v. Poland), № 11638/02, 19 ივნისი, 2007 წ.).
სასამართლოს აღნიშნავს, რომ არ არსებობს დედის - ნინო ქა----ას და შვილის - თი-----ნ კო---–---ის ცალ-ცალკე ცხოვრების რაიმე ობიექტური წინაპირობა და თვლის, რომ დროის გასვლით შესაძლებელია გაიზარდოს მშობელთან გაუცხოების რისკი, რაც საბოლოო ჯამში ბავშვის ფსიქიკისათვის გამოუსწორებელი შედეგის მომტანი იქნება.
6.4. ევროპულმა სასამართლომ თავისი არაერთი პრეცენდენტული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ: „ეროვნული ხელისუფლების ვალდებულება, გაატაროს ღონისძიებები, რათა ხელი შეუწყოს ხელახლა გაერთიანებას, არ არის აბსოლუტური, ვინაიდან მშობლის ხელახლა გაერთიანება შვილებთან, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ მეორე მშობელთან, შეიძლება ვერ მოხდეს დაუყოვნებლივ და შეიძლება მოითხოვოს მოსამზადებელი ღონისძიებების გატარება. ასეთი მომზადების ბუნება და მოცულობა დამოკიდებულია თითოეული შემთხვევის გარემოებებზე, მაგრამ ყველა მხარის თანხმობა და თანამშრომლობა ყოველთვის მნიშვნელოვანი შემადგენელია. მაშინ, როდესაც ეროვნულმა ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს თავისი მაქსიმუმი, რათა ხელი შეუწყოს ასეთ თანამშრომლობას, ამ სფეროში იძულების გამოყენების ნებისმიერი ვალდებულება უნდა შეიზღუდოს, ვინაიდან ყველა მხარის ინტერესები, ასევე უფლებები და თავისუფლებები, უნდა იყოს მხედველობაში მიღებული, განსაკუთრებით კი ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები, კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით“. (ჰოკანენი ფინეთის წინააღმდეგ (Hokkanen v. Finland 23 სექტემბერი, 1994).
ნებისმიერი მკვეთრი ჩარევა ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლებელია უარყოფითად აისახოს მის ფსიქო-ემოციურ განწყობაზე. ფსიქოლოგი განმარტავს, რომ თი-----ნი ძალიან მგრძნობიარე ბავშვია და განსაკუთრებით მძაფრად განიცდის მშობლების ურთიერთდამოკიდებულებას. ის მუდმივად სტრესში იმყოფება, რადგან ხვდება, რომ მისგან მოითხოვენ არჩევანის გაკეთებას. მისთვის მიუღებელია არჩევანი, ამიტომ უარყოფითად რეაგირებს ყველა შეკითხვაზე ან მინიშნებაზე.
2018 წლის მაისის შემდეგ თი-----ნი ცხოვრობს მამასთან. მოსწონს ეს გარემო. თუმცა საქმეში დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მისი ემოციური კავშირი დედასთან განახლდა. მას სურს შეხვდეს დედას და გაატაროს მასთან დრო. სასამართლოს აზრით ეს პროცესი უნდა გაღრმავდეს და განვითარდეს, რაც საცხოვრებელი გარემოს შეცვლით მიღებულ ემოციას არ გაამძაფრებს. სასამართლო ვერ დაუშვებს, რომ ბავშვი მოექცეს იძულებითი აღსრულების რეჟიმში. ეს პროცესი უნდა წარიმართოს ჰარმონიულად, უმტკივნეულოდ, ბავშვის ფსიქოლოგიური ზეწოლისა და იძულების გარეშე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე (Johansen v. Norway, Judgment of 7 August 1996. Reports.1996-III.) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკისა და მისი უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, დედის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციის, ფსიქოლოგის დასკვნისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ნინო ქა----ამ უნდა გააგრძელოს ურთიერთობა შვილთან ყოველკვირეულად პარასკევის 12 საათიდან, კვირა დღის 21 საათამდე ღამისთევით, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2 თვე საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ნინო ქა----ამ აღადგინოს ემოციური კავშირი შვილთან. დაწესებული რეჟიმით შვილთან ურთიერთობის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ თი-----ნ კო---–---ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ნინო ქა----ას საცხოვრებელი ადგილი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ილგარ მუსაევს მოსარჩელე რაგსანა ვალიევას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები სასამართლოს მიერ გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 53-ე, 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნინო ქა----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ნინო ქა----ას შვილთან - 2013 წლის 21 იანვარს დაბადებულ თი-----ნ კო---–---თან ურთიერთობისათვის თავდაპირველად განესაზღვროს: პირველი ორი თვის განმავლობაში - ყოველკვირეულად პარასკევის 12 საათიდან, კვირა დღის 21 საათამდე ღამისთევით, თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის უფლებით. დაწესებული რეჟიმით შვილთან ურთიერთობის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ თი-----ნ კო---–---ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ნინო ქა----ას საცხოვრებელი ადგილი.
3 მოპასუხე და--თ კო---–---ს ნინო ქა----ას სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე