გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2018
საქმის ნომერი
330210017002120201
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე #2/27027-17

21 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე სოსო ღურწკაია

სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე

მოსარჩელე სს ,,თი---------ი“

წარმომადგენლები: ზვ-------------ე, ირ---–----–-----–---–ი, ეკ-----------------ა

მოპასუხე წარმომადგენლები: სს ,,სა---------–--------ი“ ვე-------------ე, ზვ-----------–---–ი

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე სს ,,სა---------–--------ისთვის“ მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ 10 509 488 ევროს და 117 573 ლარის გადახდის გადახდის დაკისრება; (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 9, იხ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ განცხადება, ტომი 4, ს.ფ. 111-114) სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2017 წლის მარტის თვეში სს ,,სა---------–--------ს" და სს ,,თი---------ს" შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება კლიენტის (შპს ,,ჰა-----–-----–----------------ა" (ს/კ 2--------), შპს ,,ჰა-----–-----–-----------------ი" (ს/კ 2--------), შპს ,,თე-------–----------ი" (ს/კ 2--------), შპს ,,ჰა-----–----------------------ა" (ს/კ2--------), შპს ,,ქა-------–--–------ი" (ს/კ 2--------), შპს ,,ჰა-----–-----–-----------------ი" (ს/კ 2--------)) ერთობლივად დაფინანსების, სინდიცირების, თაობაზე. 2017 წლის 19 ივლისს, ბანკებმა კლიენტს შესთავაზეს გარიგების საბოლოო პირობები. შეთავაზებული პირობები ითვალისწინებდა 63 000 000 ევროს ოდენობის სესხის 96 თვის ვადით ბანკების მიერ ერთობლივად გაცემას. თანადაფინანსების პირობებში, თითოეულ ბანკს უნდა გაეცა სესხის 50% - 31 500 000 ევრო შემდეგი პირობებით: საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის ვადა - 96 თვე, საშეღავათო პერიოდი - 24 თვე, საპროცენტო განაკვეთი - 7,05%. თანადაფინანსება ითვალისწინებდა ბანკების მიერ საპროცენტო სარგებლის თანაბარ განაწილებას, თითოეულ ბანკს უნდა მიეღო ასევე სესხის გაცემის საკომისიო 1%-ს ოდენობით, რაც შეადგენდა 315 000 ევროს. 2017 წლის 19 ივლისის ერთობლივი შეთავაზების მიღების შემდეგ, კლიენტს სურდა მოლაპარაკება შეთავაზებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობის 6,5%-მდე შემცირებასთან დაკავშირებით. 2017 წლის 03 აგვისტოს, კლიენტს გაეგზავნა ბანკების ერთობლივი პოზიცია და უარი ეთქვა საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე. კლიენტისთვის მისაღებ საპროცენტო სარგებლის ოდენობაზე უარი ინიცირებული იყო სს ,,სა---------–--------ის" მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ სს ,,თი---------ი" მზად იყო საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე, მან ნაკისრი სინდიცირების ვალდებულების ფარგლებში, იმოქმედა სს ,,სა---------–--------თან" შეთანხმებით, გაითვალისწინა საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე უარის შესახებ სს ,,სა---------–--------ის" პოზიცია და სს ,,სა---------–--------ის" დაჟინებული თხოვნით აღნიშნული უარი კლიენტს თავად გაუგზავნა, როგორც ორივე ბანკის პოზიცია. ამის შემდეგ, სს ,,სა---------–--------მა" დამოუკიდებლად, სს ,,თი---------თან" არსებული ხელშეკრულების დარღვევით, თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში კლიენტის სახით მონაწილე პირებთან გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულებები იმავე პირობებით, რომლებზეც სს ,,თი---------ი" აცხადებდა თანხმობას. ამდენად, სს ,,სა---------–--------მა" არაკეთილსინდისიერი ქმედებით დაარღვია სს ,,თი---------თან" არსებული ხელშეკრულება და დამოუკიდებლად გააფორმა ხელშეკრულებები თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ჩართულ პირებთან. სს ,,სა---------–--------იდან" გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სს ,,სა---------–--------ს" და თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში ჩართულ პირებს შორის 2017 წლის 20 ნოემბერს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 20 ნოემბერს გაიცა საბანკო კრედიტი 56 400 000 ევროს ოდენობით, 2017 წლის 20 ნოემბერს - 3 600 000 ევროს ოდენობით, ხოლო 2018 წლის 26 იანვარს - 8 000 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხების ჯამი დაახლოებით შეადგენს 63 000 000 ევროს, რაც სს ,,თი---------ს" და სს ,,სა---------–--------ს" უნდა გაეცათ ერთობლივად. იმ შემთხვევაში, თუ სს ,,სა---------–--------ი" არ დაარღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, სს ,,თი---------ი" მიიღებდა შემოსავალს 10 509,448 ევროს და 117 573 ლარის ოდენობით, კერძოდ, 56 400 000 ევროს სესხის გაცემის საკომისიოს - 215 000 ევროს და ხელშეკრულების ვადის განმავლობაში გადახდილ პროცენტს - 9 596 881 ევროს; 3 600 000 ევროს სესხის გაცემის საკომისიოს 85 000 ევროს და ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში გადახდილ პროცენტს - 612 567 ევროს; 8 000 000 ლარის სესხზე ხელშეკრულების ვადის განმავლობაში გადახდილ პროცენტს - 117 473 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,სა---------–--------ი" ვალდებულია აანაზღაუროს ის დაკარგული შემოსავალი, რაც სს ,,თი---------მა" ვერ მიიღო სს ,,სა---------–--------ის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო. (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს.ფ. 2-12, იხ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ განცხადება, იხ. ტომი 4, ს.ფ.111-114).

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სს ,,სა---------–--------ი“ სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: სს ,,სა---------–--------ს" და სს ,,თი---------ს" შორის არ დადებულა რაიმე სახის ხელშეკრულება, ვინაიდან არ არსებობდა სადავო ხელშეკრულების დადებისთვის აუცილებელი თანხმობა ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებისა და საკრედიტო კომიტეტების მხრიდან, მოლაპარაკებაში მონაწილე პირები არ იყვნენ უფლებამოსილი ხელშეკრულების დადებაზე და მხარეები არ შეთანხმებულან ხელშეკრულების არცერთ არსებით პირობაზე. განსახილველი დავის ფარგლებში, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენდა სამმხრივ მოლაპარაკებას, რაც განვითარდა შემდეგნაირად: 2017 წლის მარტის თვეში, სს ,,სა---------–--------ს" და ,,ჰა-----–-------------ს" შორის დაიწყო მოლაპარაკება ,,ჰა-----–-------------ის" შესაძლო დაფინანსებაზე. მარტის თვეში სს ,,სა---------–--------მა" სს ,,თი---------ს" შესთავაზა მისი კლიენტების შესაძლო დაფინანსების საკითხზე მოლაპარაკებაში ჩართვა, რის შემდეგაც მოლაპარაკება გახდა სამმხრივი. 2017 წლის 31 ივლისს, სამმხრივი მოლაპარაკება დასრულდა უშედეგოდ. ამის შემდეგ სს ,,სა---------–--------ი" საკუთარ კლიენტებთან ურთიერთობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და შედეგად მათთან საკრედიტო ხელშეკრულებები გააფორმა. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს მიუღებელი შემოსავლის, როგორც ზიანის, ფაქტობრივი საფუძვლებიც. მოსარჩელის მოთხოვნა სხვა არაფერია თუ არა უსაფუძვლო გამდიდრება, მითუფრო იმის გათვალისწინებით, რომ 8 წლის თავზე მისაღები პროცენტის ინფლაციის თაობაზე მოსარჩელე არ მიუთითებს. გარდა ამისა, ზიანად არ შეიძლება მიჩნეული იქნეს კრედიტის გაცემის მოლოდინში მოსარჩელის მიერ ,,დარეზერვებული" თანხის მოცდენიდან გამომდინარე პროცენტიც, რადგან მოსარჩელე არ მიუთითებს ,,დაარეზერვა" თუ არა თანხა ან რა ზიანი მიადგა ამ თანხის ,,დარეზერვებით". უფრო მეტიც, დავის განხილვისას, ახსნა-განმარტების ეტაპზე, მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მას თანხა არ ,,დაურეზერვებია" და არც რაიმე სხვა ღონისძიებისთვის მიუმართავს. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულება, მოსარჩელე არ მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, უარი თქვა ხელშეკრულებაზე. შესაბამისად, მოსარჩელეს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე სწორედ ხელშეკრულების შესრულება უნდა მოეთხოვა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებულია პრინციპი - ვალდებულება უნდა შესრულდეს (იხ. შესაგებელი, ტომი 3, ს.ფ. 4-58, იხ. საპაექრო სიტყვა, ტომი 4).

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს ,,სა---------–--------ს" საბანკო კრედიტის გაცემის მიზნით მიმართა ,,ჰა-----–-------------მა". სს ,,სა---------–--------მა" ,,ჰა-----–-------------ისთვის" საბანკო კრედიტის ერთობლივად გაცემა შესთავაზა სს ,,თი---------ს". 2017 წლის 10 მარტს, სს ,,სა---------–--------ის" და სს ,,თი---------ის" თანამშრომელთა მონაწილეობით წარიმართა ელექტრონული მიმოწერა, რა დროსაც ბანკების თანამშრომლები ერთმანეთს აცნობდნენ და განიხილავდნენ მსესხებლისთვის შესათავაზებელი ხელშეკრულების პირობებს. სს ,,სა---------–--------ის" მხრიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობების შეთანხმებაში ჩართული იყვნენ ნი------------ი, და-----–---–-----ი და ვა---–--------–ი, სს ,,თი---------ის" მხრიდან - გი---------------–---–ი, გი----------------–-–---–ი და გი------------–--ე, ხოლო მსესხებლის მხრიდან - კრ------------–ი (რეგიონალური დირექტორი, ჰაი----–-----–------ი, გერმანია), და-------------ე (ჰა-----–------------ი) და ლი-----------–--ა (სა---------–-------------------------------ის თანამშრომელი). აღნიშნულ პირებს შორის, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ხდებოდა ,,ჰა-----–-------------ის" სასარგებლოდ გასაცემი კრედიტის პირობების განხილვა და შემდეგ ,,ჰა-----–-------------ისთვის" შეთავაზება. თავის მხრივ, შეთავაზებულ პირობებზე საკუთარ მოსაზრებებს და შენიშვნებს გამოთქვამდა ,,ჰა-----–-------------ი". სს ,,სა---------–--------ის" და სს ,,თი---------ის" თანამშრომლებს შორის კრედიტის პირობების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა 2017 წლის მარტიდან 2017 წლის ივლისის თვის ჩათვლით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ელექტრონული მიმოწერა (ტომი 1, ს.ფ. 21-178, ტომი 2, ს.ფ.1-77) - მხარეთა ახსნა-განმარტება 3.1.2. 2017 წლის 10 მარტს, ნი------------მა ,,ჰა-----–-------------თან" დასადები გარიგების პირობები გაუგზავნა ხელშეკრულების პირობების შეთანხმების პროცესში ჩართულ პირებს. მოგვიანებით, სს ,,თი---------ის" თანამშრომელმა სს ,,სა---------–--------ის" თანამშრომლებს გაუგზავნა ,,ჰა-----–-------------თან" შესათანხმებელი საკითხების ჩამონათვალი. 2017 წლის 16 მარტს, სს ,,სა---------–--------ის" თანამშრომელმა ნი------------მა ,,ჰა-----–-------------ს" გაუგზავნა შემდეგი შინაარსის ელექტრონული წერილი - ,,წერილს ვურთავ სა---------–--------ის და თი---------ის ერთობლივ შემოთავაზებას დაფინანსების თაობაზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზებაში წარმოდგენილია წინასწარი (ინდიკატიური) ფინანსური პირობები, რომლებიც საჭიროებს საკრედიტო კომიტეტის და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცებას". დაახლოებით ანალოგიური შინაარსის ელექტრონული წერილი გაუგზავნა ნი------------მა ,,ჰა-----–-------------ის" მხრიდან მოლაპარაკებაში ჩართულ პირებს 2017 წლის 19 მაისს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ელექტრონული წერილები (ტომი 1, ს.ფ. 42-46, 51) 3.1.3. 2017 წლის 19 ივლისს, გი------------–--ემ სს ,,სა---------–--------ის" და სს ,,თი---------ის" სახელით ,,ჰა-----–-------------ს" გაუგზავნა კრედიტის ცალკეული პირობები ორ ვალუტაში: აშშ დოლარსა და ევროში. გარიგების პირობების თანახმად, შეთავაზება მოქმედებდა 2017 წლის 31 ივლისამდე. ელექტრონულ წერილში მითითებულია შემდეგი: ,,გთხოვთ, იხ. თანდართული გარიგების ძირითადი პირობების განახლებული ვერსია ევროს სესხის შემთხვევაში და გარიგების ძირითადი პირობები აშშ დოლარის სესხის შემთხვევაში. ძირითადი განსხვავება მათ შორის არის საპროცენტო განაკვეთი. იმის მიუხედავად, რომ წინა გარიგების პირობებში ჩვენ უკვე გვქონდა გათვალისწინებული 2 მლნ ევროს ლიმიტი გაცვლითი კურსის რყევის შემთხვევისთვის, ევროს გამყარების შესაბამისად ნომინალური თანხა ევროში გავზარდეთ 1 მილიონით ისე, რომ ახალი სესხის თანხა მიმდინარე გაცვლითი კურსის შესაბამისად 70 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტია. რაც შეეხება აშშ დოლარის სესხის საპროცენტო განაკვეთს, მზად ვართ, შემოგთავაზოთ 6 თვიანი LIBOR + 6.5%-7.5%-ის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (IFI) თანადაფინანსების გათვალისწინებით". 2017 წლის 20 ივლისს, სს ,,თი---------ის" თანამშრომელმა გი----------------–-–---–მა კლიენტთან მოლაპარაკების პროცესში ჩართულ პირებს გაუგზავნა ელექტრონული წერილი და აცნობა შემდეგი: ,,დღეს, კ---------მა დაურეკა გ----ს და განაცხადა, რომ სხვა მოლოდინი ჰქონდა პროცენტთან დაკავშირებით. ამბობს, რომ პროცენტის შემცირებაზე IFI-ებთან სინდიცირების ვერ გაკეთების რისკი მათზე რჩება, მაშინ როდესაც ამ პროცესზე გავლენა არ აქვს. გვთხოვს, რომ 6-12 თვის ვადაში ქომითმენთი ავიღოთ პროცენტის შემცირებაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ 6-12 თვის ვადაში 6mEURIBOR + 6,5%-ზე ქომითმენთის აღება შესაძლებელია შემდეგი ძირითადი მიზეზებიდან გამომდინარე.... ". კლიენტისთვის საპროცენტო სარგებლის წლიურ 6,5%-მდე შემცირება მიუღებელი აღმოჩნდა სს ,,სა---------–--------ისთვის". სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ელექტრონული წერილი (ტომი 2, ს.ფ. 13, 19, 25) - ელექტრონული წერილი (ტომი 2, ს.ფ, 49, 45-47) - მხარეთა ახსნა-განმარტება 3.1.4. 2017 წლის 03 აგვისტოს, გი------------–--ემ სს ,,სა---------–--------ის" და სს ,,თი---------ის" სახელით კლიენტის მხრიდან მოლაპარაკებაში ჩართულ პირს გაუგზავნა შემდეგი შინაარსის ელექტრონული წერილი: ,,სა---------–--------თან ერთად ყურადღებით განვიხილეთ თქვენი მოთხოვნა 6-თვიან EURIBOR + 6.5%-თან დაკავშირებით ევროს დაფინანსებაზე. ამ ეტაპზე ვერ შემოგთავაზებთ 6,5%. გთავაზობთ, შევათანხმოთ გარიგების პირობები და შევეცადოთ, ვიმუშავოთ მაქსიმალური ძალისხმევით. ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს პროცენტი ბოლომდე არ გაკმაყოფილებთ, თუმცა გარწმუნებთ, რომ როგორც კი შევთანხმდებით, დაუყოვნებლივ დავიწყებთ მუშაობას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით თქვენთვის მაქსიმალურად მისაღებ შედეგს მივაღწევთ". სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ელექტრონული წერილი (ტომი 2, ს.ფ. 69) - მხარეთა ახსნა-განმარტება 3.1.5. 2017 წლის 20 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს", შპს ,,თ--------–----------ს", შპს ,,ჰა-----–-----–----------------ას" და შპს ,,ჰა-----–-----–-----------------ს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ შემდეგი პირობებით: გენერალური საკრედიტო ხაზის მოქმედების ვადა - 240 თვე, გენერალური საკრედიტო ხაზის მოცულობა და ვალუტა - 70 000 000 ევრო ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში, საპროცენტო სარგებელი - კრედიტით, საკრედიტო ხაზით და ოვერდრაფტით სარგებლობაზე განისაზღვრება ხელშეკრულების ფარგლებში და საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო/საკრედიტო ხაზის და ოვერდრაფტის ხელშეკრულებებით. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის 20 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,ჰა-----–-----–----------------ას" შორის გაფორმდა #G--------------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა - 96 თვე, კრედიტის მოცულობა და ვალუტა - 56 400 000 ევრო, ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი - წლიური 6 თვიან EURIBOR განაკვეთს დამატებული 6,5%, მაგრამ არანაკლებ 6,5%-სა. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის 20 ნოემბერს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,ჰა-----–-----–----------------ას" შორის გაფორმდა #G---------------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა - 96 თვე, კრედიტის მოცულობა და ვალუტა - 3 600 000 ევრო, ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი - წლიური 6 თვიან EURIBOR განაკვეთს დამატებული 6,5%, მაგრამ არანაკლებ 6,5%-სა. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2018 წლის 26 იანვარს, სს ,,სა---------–--------ს" და შპს ,,ჰა-----–-----–----------------ას" შორის გაფორმდა #G--------------------------------------- საბანკო კრედიტის (ოვერდრაფტის) ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: ოვერდრაფტის მოქმედების ვადა - 2018 წლის 10 აგვისტო, ოვერდრაფტის მოცულობა და ვალუტა - 8 000 000 ლარი, ოვერდრაფტის ფარგლებში ათვისებულ ოვერდრაფტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი - წლიური 10%. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას: - სს ,,სა---------–--------ის“ ცნობა (ტომი 4, ს.ფ. 96-101)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე მხარეები არ დაობენ. მხარეები დაობენ მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსზე (ადგილი ჰქონდა თუ არა სახელშეკრულებო ურთიერთობას). სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას დაასკვნა, რომ მოდავე მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას ადგილი არ ჰქონია, რასთან დაკავშირებითაც მსჯელობა მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თი---------ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 412-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 408-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე, ითხოვს მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. აღწერილობით ნაწილში მითითებული უდაო ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ 2017 წლის მარტის თვიდან სს ,,სა---------–--------ს", სს ,,თი---------ს" და ,,ჰა-----–-------------ს" შორის დაიწყო სამმხრივი მოლაპარაკება ,,ჰა-----–-------------ის" სასარგებლოდ საბანკო კრედიტის გაცემის და მისი პირობების თაობაზე. თავდაპირველად, კრედიტის პირობები განიხილებოდა სს ,,სა---------–--------ის" და სს ,,თი---------ის" მხრიდან მოლაპარაკებაში ჩართულ პირებს შორის, ხოლო შემდგომ კრედიტის პირობების შეთავაზება ხდებოდა კლიენტისთვის. თავის მხრივ, მსესხებელი გამოთქვამდა თავის მოსაზრებებს ამათუიმ პირობის თაობაზე, რის შემდეგაც ამ პირობების განხილვა ხდებოდა კვლავ სს ,,სა---------–--------ს" და სს ,,თი---------ს" შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სს ,,თი---------ს" და სს ,,სა---------–--------ს" შორის არსებობდა ზეპირი ფორმის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა კლიენტის ერთობლივად დაფინანსებას (დაკრედიტებას). მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება და დამოუკიდებლად გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება კლიენტთან, რის გამოც იგი ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს ის შემოსავალი, რასაც მოსარჩელე მიიღებდა კრედიტის ერთობლივად გაცემის შემთხვევაში. მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი დასტურდება კრედიტის პირობების თაობაზე გამართული მოლაპარაკებით. მოპასუხე მხარე სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ სს ,,სა---------–--------ს" და სს ,,თი---------ს" შორის არ დადებულა რაიმე სახის ხელშეკრულება, ვინაიდან არ არსებობდა სადავო ხელშეკრულების დადებისთვის აუცილებელი თანხმობა ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებისა და საკრედიტო კომიტეტების მხრიდან, მოლაპარაკებაში მონაწილე პირები არ იყვნენ უფლებამოსილი ხელშეკრულების დადებაზე და მხარეები არ შეთანხმებულან ხელშეკრულების არცერთ არსებით პირობაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენდა მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის გადაწყვეტისთვის თავდაპირველად უნდა გაირკვეს მხარეთა შორის დაიდო თუ არა ნამდვილი ხელშეკრულება. ტერმინ „ხელშეკრულებას“ თანამედროვე ევროპულ თუ საერთაშორისო სამართლებრივ ტექსტებში იყენებენ მინიმუმ სამი კონტექსტით. პირველი გამოხატავს მხარეთა შეთანხმებას, რომლის მიზანია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა (შეცვლა ან შეწყვეტა), მეორე მიუთითებს სამართლებრივ ურთიერთობაზე, რომელიც წარმოიშვა ხელშეკრულებიდან, როგორც შეთანხმებიდან და მესამე, თვით დოკუმენტზე, სადაც ხელშეკრულების პირობებია გაწერილი. აღნიშნული სამართლებრივი ტექსტების ანალიზიდან გამომდინარე შესაძლოა გაკეთდეს დასკვნა, რომ ხელშეკრულების არსის წარმოჩენისას შეთანხმების იდეას უკავია მთავარი ადგილი (Bar/Clive (ed.), Principles, Definitions and Model Rules of European Private Law, DCFR, Vol. I, 2009, p. 125). ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებაა სამართლებრივი შედეგის დადგომის მიზნით. სწორედ ამით განსხვავდება ის წმინდა საზოგადოებრივი (სოციალური) ხასიათის ან სახელშეკრულებო მოლაპარაკების პროცესში წარმოშობილი შეთანხმებებისგან. შესაძლოა თვით მხარეებმა გახადონ ნათელი, ისინი მოქმედებენ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თუ უბრალო შეთანხმებიდან, რომელსაც არ მოყვება სამართლებრივი შედეგი (Bar/Clive (ed.), Principles, Definitions and Model Rules of European Private Law, DCFR, Vol. I, 2009, p. 264-265). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მასსა და სს ,,სა---------–--------ს" შორის, ზეპირი ფორმით, დაიდო ხელშეკრულება მესამე პირის ერთობლივად დაფინანსების, სინდიცირების, შესახებ. სარჩელი ემყარება იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა პოტენციურ კლიენტთან მოლაპარაკების დამოუკიდებლად წარმართვაში, რის შედეგადაც სს ,,სა---------–--------სა" და მსესხებელს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და არ დაიდო სინდიცირების სამმხრივი ხელშეკრულება. აღნიშნულ გარემოებას უარყოფს მოპასუხე მხარე და მიუთითებს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ დადებულა და შესაბამისად სს ,,სა---------–--------ს" არც რაიმე სახის ვალდებულება უკისრია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. მითითებული ნორმა ადგენს ხელშეკრულების ნამდვილობის ორ პირობას - მხარეთა შეთანხმებას არსებით პირობებზე და მოთხოვნილი ფორმის დაცვას. აღსანიშნავია, რომ კანონი ცალკეულ შემთხვევებში, გარკვეულ ხელშეკრულებებთან მიმართებით, განსაზღვრავს არსებითი პირობების ჩამონათვალს, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში, სადაც კანონი არ განსაზღვრავს არსებითი პირობების ჩამონათვალს, არსებითად მიიჩნევა ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება. ამდენად, აუცილებელია, რომ არსებით პირობებთან დაკავშირებით მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას, სხვაგვარად ხელშეკრულება არ დაიდება. შესაბამისად, ხელშეკრულების დადებისას მხარეებმა უნდა განსაზღვრონ ხელშეკრულების არსებითი პირობები და უნდა მიაღწიონ შეთანხმებას მათზე. პირველ რიგში სასამართლო განმარტავს, რომ მოდავე მხარეებს შორის სინდიცირების ნამდვილი წინარე ხელშეკრულება ვერ იქნებოდა დადებული შემდეგი გარემოებების გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც. მითითებული ნორმის თანახმად, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. წინარე ხელშეკრულება არის ვალდებულებით სამართლებრივი გარიგება, რომლითაც მხარეები კისრულობენ სხვა ხელშეკრულების დადების ვალდებულებას ანუ მხარეები სამართლებრივად იბოჭავენ თავს მომავალში ე.წ. ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულებით. ამასთან, წინარე ხელშეკრულება უნდა დაიდოს ძირითადი ხელშეკრულების მონაწილეებს შორის და ამ ხელშეკრულებით ნათლად უნდა განისაზღვროს მომავალში დასადები ხელშეკრულების არსებითი პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ მოდავე მხარეებს შორის სინდიცირების წინარე ხელშეკრულება ვერ იქნებოდა დადებული, რადგან სინდიცირების ანუ ძირითადი ხელშეკრულების მონაწილე უნდა ყოფილიყო მესამე პირიც - მსესხებელი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს მოპასუხესთან ისეთი ხელშეკრულების დადებაზე, რომელიც სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, კანონით ვერ იქნება განსაზღვრული მის დასადებად საჭირო არსებითი პირობების წრე. მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებით, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ არსებით პირობებზე: ,,პროექტის" დაფინანსების მიზნით ერთობლივი მოქმედებასა და შეთანხმებული დაფინანსების საერთო პირობების კლიენტისთვის შეთავაზებაზე (იხ. ტომი 1, ს.ფ. 4), კლიენტის ერთობლივად დაფინანსებასა და მიღებული შემოსავლის თანაბრად განაწილებაზე (იხ. 2018 წლის 04 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 17:06:36 სთ). 2018 წლის 23 ოქტომბრის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებულ არსებულ პირობას წარმოადგენდა ასევე კრედიტის მაქსიმალური ოდენობა (იხ. 2018 წლის 20 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 15:26:19 სთ). საქმეში წარმოდგენილია ბანკების წარმომადგენლებს და მესამე პირს შორის მიმდინარე მოლაპარაკების ამსახველი ელექტრონული წერილები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას კლიენტისთვის შეთავაზებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობების შესახებ. ამდენად, ის ფაქტი, რომ გარიგების პირობების ურთიერთშეთანხმება და შემდეგ აღნიშნული პირობების კლიენტისათვის შეთავაზება ხდებოდა, სადავო არ არის. ამ შემთხვევაში კლიენტთან დასადები გარიგების პირობების ცვალებადობა, ამ პირობების განხილვა და საერთო პოზიციის კლიენტისათვის შეთავაზება სწორედ იმას ადასტურებს, რომ სახეზეა სახელშეკრულებო მოლაპარაკების, სინდიცირების ხელშეკრულების პირობების შეთანხმების პროცესი და არა უკვე შემდგარი ხელშეკრულება მომავალში დასადები ხელშეკრულების ორ მონაწილეს შორის. ასე მაგალითად, საქმეში წარმოდგენილ ელექტრონული წერილებში არ არის მითითებული გასაცემი კრედიტის მაქსიმალური ოდენობა, რაზეც მოსარჩელე და მოპასუხე იყვნენ შეთანხმებული. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ერთობლივად განხორციელებული ბოლო შეთავაზება ითვალისწინებდა 63 000 000 ევროს ოდენობის სესხის გაცემას. საქმეში წარმოდგენილი მიმოწერის შინაარსიდან ირკვევა, რომ მოლაპარაკების პროცესში ცვლილებას განიცდიდა არაერთი პირობა, მათ შორის გასაცემი კრედიტის ოდენობაც. კერძოდ, თავდაპირველად განხილვის საგანს წარმოადგენდა კრედიტის თანხა 90 000 000 აშშ დოლარამდე (ან ევროს ექვივალენტი) ოდენობით, შემდეგ 82 000 000 ევრო, შემდეგ 62 000 000 ევრო (70 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი), ხოლო მოგვიანებით 63 000 000 ევრო (70 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 38, 67, 172, ტომი 2, ს.ფ. 16). ამდენად, 63 000 000 ევრო წარმოადგენდა მესამე პირისთვის მოლაპარაკების პროცესის შედეგად საბოლოოდ შეთავაზებულ პირობას კრედიტის ოდენობასთან დაკავშირებით და არა სს ,,სა---------–--------ს" და სს ,,თი---------ს" შორის წინასწარ შეთანხმებულ არსებით პირობას, როგორც ამას მოსარჩელე მხარე მიუთითებდა (იხ. 2018 წლის 20 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 15:26:19 სთ). ანალოგიურად შეიძლება ითქვას კლიენტთან დასადები საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებითაც. კერძოდ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კლიენტის მიერ მოთხოვნილი იქნა ბანკების მიერ შეთავაზებული საპროცენტო განაკვეთის - წლიური 7%-ს შემცირება, რაც შემდგომში გახდა ბანკის წარმომადგენლებს შორის განხილვის საგანი (იხ. ტომი 2, ს.ფ. 45-47). როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხე მხარე უარყოფს მოსარჩელესთან რაიმე სახის წინასწარ განსაზღვრულ არსებით პირობებზე შეთანხმების გზით ხელშეკრულების დადებას, რომლითაც მხარეებს წარმოეშვათ უფლება-მოვალეობები. სასამართლოს აზრით, არც მოსარჩელე მხარის მიერ შემოთავაზებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტები იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად, მსგავსი ტიპის ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან ერთობლივ მოქმედებაზე, მათ შორის, მესამე პირის ერთობლივად დაფინანსებაზე, დასაშვებია, თუმცა სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციფიკის (ორ ეკონომიკურ აგენტს შორის დადებული ხელშეკრულება) გათვალისწინებით ერთ-ერთი არსებითი პირობა, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ უნდა ყოფილიყო სახელშეკრულებო შებოჭვის ვადა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე არ მიუთითებს რა ვადამდე იყვნენ მხარეები შებოჭილი სახელშეკრულებო ურთიერთობით ანუ რა ვადამდე იკისრეს ვალდებულება ხელშეკრულების დადების მიზნით დამოუკიდებლად არ ეწარმოებინათ მოლაპარაკება კლიენტთან. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 19 ივლისს კლიენტისათვის გაგზავნილი ბოლო შეთავაზების თანახმად, გარიგების პირობების შეთავაზების ვადა სრულდებოდა - 2017 წლის 31 ივლისს (იხ. ტომი 2, ს.ფ. 16) ანუ შეთავაზებული პირობებით ხელშეკრულების დადებაზე მხარეები თანახმა იყვნენ, თუ კლიენტი 2017 წლის 31 ივლისამდე დათანხმდებოდა ამ პირობებს. საქმის მასალებით დადგენილია და არც მხარეებს გაუხდიათ სადაო, რომ 2017 წლის 31 ივლისამდე კლიენტს შეთავაზებული პირობებით ხელშეკრულების დადებაზე თანხმობა არ განუცხადებია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, 2017 წლის 31 ივლისიდან რა დროის განმავლობაში ეზღუდებოდა სს ,,სა---------–--------ს" კლიენტთან დამოუკიდებლად მოლაპარაკების წარმოება. მოსარჩელეს არ მიუთითებია ხელშეკრულების რომელი პირობა იქნა დარღვეული სს ,,სა---------–--------ის" მიერ და იყო თუ არა ის სანქცირებული. სასამართლოს აზრით, შესაძლებელია მსგავსი ტიპის სახელშეკრულებო ურთიერთობის დროს შეთანხმების საგანი იყოს მესამე პირთან დამოუკიდებლად მოლაპარაკების წარმოების შეზღუდვა და არა ხელშეკრულების დადების აკრძალვა, ვინაიდან ეს უკანასკნელი არ არის დამოკიდებული მხოლოდ კონტრაჰენტის ნებაზე, იგი დამოკიდებულია მესამე პირის ნებაზეც, მესამე პირის ნების მართვაზე პასუხისმგებლობას კი სხვა პირი ვერ იკისრებს (ასე მაგალითად, ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარესთან დადების სურვილი შეიძლება გამოეხატა თავად მესამე პირს და იგი არ ყოფილიყო ინიცირებული ერთ-ერთი მხარის მიერ). ამასთან, ასეთი შეზღუდვა უნდა იყოს დაკავშირებული გარკვეულ დროსთან და იგი უნდა იყოს სანქცირებული, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეთა შორის მსგავსი შეთანხმების არსებობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ დადებულა. მხარეები იმყოფებოდნენ მოლაპარაკების რეჟიმში, რის შემდეგაც გეგმავდნენ მესამე პირთან ერთობლივად ხელშეკრულების დადებას. მხარეთა შორის ხელშეკრულების არარსებობის ფაქტი, თავის მხრივ გამორიცხავს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას და მისი დარღვევისთვის პასუხისმგებლობას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაძლო დარღვევას (მესამე პირთან დამოუკიდებლად მოლაპარაკების წარმოების შეზღუდვა) და მოსარჩელის მიერ შემოსავლის დაკარგვას შორის მიზეზობრივ კავშირზე. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლისთვის ზიანის ანაზღაურებას ანუ მოპასუხისთვის იმ მოგების დაკისრებას, რასაც მიიღებდა მსესხებელთან ერთობლივად საკრედიტო ხელშეკრულების დადების შემთხვევაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამდენად, მოვალეს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა, ვალდებულების დარღვევას მოჰყვა ზიანი და არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი: ,,სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები" (საქართველოს უზენასი სასამართლოს 2015 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქმე #ას-459-438-2015). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხის ბრალეულ ქმედებად განიხილავს, მის მიერ მესამე პირთან, დამოუკიდებლად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადების მიზნით მოლაპარაკების წარმოებას. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, საბანკო კრედიტის გაცემის მიზნით მიმდინარეობდა სამმხრივი მოლაპარაკება, აღნიშნული მოლაპარაკების წარმატებით დასრულება და შესაბამისად, მესამე პირის ერთობლივად დაფინანსება არ იყო დამოკიდებული მხოლოდ მოდავე მხარეთა ნებაზე, აღნიშნული დამოკიდებული იყო მესამე პირის ნებაზეც. კერძოდ, თუ მესამე პირი არ მოიწონებდა მხარეთა მიერ შეთავაზებულ პირობებს, ცხადია, მხარეების მიერ მისი ერთობლივად დაფინანსება ვერ მოხდებოდა. შესაბამისად, იმ დაშვების პირობებშიც კი, თუ დადგენილად იქნება მიჩნეული, რომ სს ,,სა---------–--------მა" დაარღვია სს ,,თი---------თან“ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა მესამე პირთან დამოუკიდებლად მოლაპარაკების წარმოებასა და შედეგად ხელშეკრულების დადებაში, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის ქმედების უშუალო შედეგად ვერ იქნება განხილული მოსარჩელის მიერ შემოსავლის დაკარგვა, ვინაიდან როგორც აღინიშნა, ერთობლივად დაფინანსება არ იყო დამოკიდებული მხოლოდ მოპასუხეზე და მის მიერ დამოუკიდებლად მოლაპარაკების შესაძლო წარმოებაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ე.წ. სხვაობათა ჰიპოთეზის თანახმად, ქონებრივი ზიანი ყოველთვის სახეზეა მაშინ, როდესაც პირის ქონება ზიანის გამომწვევი მოვლენის შედეგად იმაზე ნაკლები გახდა, ვიდრე ამ მოვლენათა გარეშე იქნებოდა. ზიანის ანაზღაურებისას, კონკრეტული მოთხოვნის საფუძვლების მიხედვით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ვალდებულების შესრულების მიმართ პირის პოზიტიური (შესრულების) და ნეგატიური (ნდობის) ინტერესი. თუ პირი პასუხს აგებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ან საერთოდ შეუსრულებლობის გამო, მან ხელშეკრულების მხარე უნდა ჩააყენოს იმ მდგომარეობაში, რომელშიც ეს უკანაკნელი ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში იქნებოდა. პირს უნდა აუნაზღაურდეს მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც იგი ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა (პოზიტიური (შესრულების) ინტერესი). იმ შემთხვევაში, თუ პირი პასუხს აგებს მოლაპარაკების მეორე მხარის წინაშე იმისთვის, რომ არ შედგა ნამდვილი გარიგება და იმედგაცრუებულ მხარეს ნდობა ჰქონდა გარიგების დადების მიმართ, ზიანის მიმყენებელმა პირმა დაზარალებული მხარე უნდა ჩააყენოს ისეთ მდგომარეობაში, რომელშიც ის იქნებოდა, ხელშეკრულების ნამდვილობის ნდობა რომ არ გასჩენოდა. ამ შემთხვევაში, ზიანის მიმყენებელმა პირმა დაზარალებულს უნდა აუნაზღაუროს ის დანახარჯები, რომელიც მან ხელშეკრულების მოლოდინით გასწია (ნეგატიური (ნდობის) ინტერესი). სამაგიეროდ, იგი არ არის ვალდებული, დაზარალებულს აუნაზღაუროს მიუღებელი მოგება, რომელიც მას ხელშეკრულების განხორციელების შედეგად წარმოეშობოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი სწორედ ამგვარად განსაზღვრავს იმ პირის პასუხისმგებლობის ფარგლებს, რომლის ბრალითაც ხელშეკრულება არ დაიდო. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოლაპარაკების მონაწილეს შეუძლია მეორე მონაწილეს მოსთხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია ხელშეკრულების დასადებად, მაგრამ ეს ხელშეკრულება მეორე მონაწილის ბრალეული მოქმედების შედეგად არ დადებულა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ დადებულა. მხარეები იმყოფებოდნენ მოლაპარაკების რეჟიმში. მოსარჩელეს შესაძლებელია ჰქონოდა ნეგატიური (ნდობის) ინტერესი მოპასუხის ქმედების მიმართ. ნეგატიური ინტერესის დარღვევა კი დამრღვევ მხარეს არ ავალდებულებს, დაზარალებულს აუნაზღაუროს მიუღებელი მოგება, რომელიც მას ხელშეკრულების განხორციელების შედეგად წარმოეშობოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სს ,,თი---------ის" სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,თი---------ის" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოსო ღურწკაია