გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210017002194685 (2-605/17)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი. 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე
მოსარჩელე ; კო------------------ძე
მოსარჩელის წარმომადგენელი: რო-–--------–--–ი
მოპასუხე: ი.მ ,, რა----– ს----------’’
მოპასუხე : ბე--–----------–-ძე
წარმომადგენელი: გე-–------------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი/მ რა----– ს----------ს და ბე--–----------–-ძეს კო------------------ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 8844. 6 ლარის გადახდა.
მოსარჩელე თავის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
შპს ,,ივ----ა“ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში ახორციელებდა სხვადასხვა დასახელების პურისა და პურპროდუქტების წარმოებას, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით უზრუნველყოფდა პროდუქციის რეალიზაციას შემდეგნაირად: კომპანია მაღალხარისხიანი პროდუქციის დროულ მიწოდებას ახდენდა მყიდველის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ობიექტზე ინდივიდუალური მეწარმის საშუალებით. ამ მიზნებიდან გამომდინარე შპს ,,ივ----ა“-მ პროდუქციის მიწოდებისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დაიდო ი/მ რა----– ს----------სთან. ხელშეკრულების თანახმად მეწარმეს უნდა განეხორციელებინა წინასწარ შეთანხმებული რაოდენობისა და ასორტიმენტის პროდუქციის დისტრუბუცია შესაბამის ადგილზე, სადაც პროდუქციის გადაცემის ფაქტი დსტურდებოდა ზედნადებზე ორივე მხარის ხელმოწერით, რის შემდეგ მყიდველს წარმოეშობოდა პროდუქციის საფასურის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად ი/მ რა----– ს----------ს გადაეცა საჭირო რაოდენობის პლამასის ყუთები და პური დახლები, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. ასევე ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხესთან შპს-მ გააფორმა მოძრავი ნივთის (ავტომანქანის) ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კომპანია (გამყიდველი) უზრუნველყოფდა მყიდველს სატრანსპორტო საშუალებით და იღებდა სარგებელს, ხოლო მყიდველი უფლებამოსილი იყო შეესრულებინა ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები და მიეღო სარგებელი. შპს ,,ივ----ა“-მ ასევე დადო ხელშეკრულება ი/მ რა----– სუ-------ის თავდებ პირთან ბე--–----------–-ძეთან ,,სოლიდარული თავდებობის შესახებ“, რომელიც კისრულობდა სოლიდარულ პასუხისმგებლობას და ღებულობადა დააკმაყოფილოს მოვალე, თუ მესამე პირი არ დაფარავს კრედიტორის წინაშე წარმოშობილ დავალიანებას ან არ შეასრულებს ხელშეკრულებით (პროდუქციის მიწოდებისა და თანამშრომლობის შესახებ) გათვალისწინებულ სხვა რაიმე ვალდებულებას. დღეის მდგომარეობით პრუდიქციის მიწოდებისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკერულებებიდან გამომდინარე მოპასუხეების რიცხული დავალიანება შეადგენს 8844,6 ლარს.
2015 წლის 21 ივლისს შპს ,,ივ----ა“-სა და კო------------------ძეს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ივ----ა“-მ სხვა მოთხოვნებთან ერთად დაუთმო მოპასუხეების მიმართ არსებული თავისი მოთხოვნა კო------------------ძეს.
მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა, მოპასუხეები მოსარჩელის წინაშე არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას, რის გამოც მოსარჩელეს ადგება მნიშვნელოვანი ზიანი და იძულებული გახდა დახმარებისათვის მიემართა სასამართლოსათვის.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები შესაგებელებითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ ეთანხმებიან სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევენ რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და ითხოვენ დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
შპს ,,ივ----ა“ და შპს ,,მა-------ი“ არის ე.წ. ბიზნეს ჯგუფი ,,კ---–--“-ს შემადგენელი. 2013 წელს ობიექტს (პურის ქარხანა აჭარა, ხელვაჩაურის რ-ნი სოფ. წინსვლა) ერქვა ,,კ---–--“ და ამას ადასტურებდა წარწერები პროდუქციისს ეტიკეტებიდან მანქანებამდე. დირექტორები მაშიდელიც და დღევანდელიც არ იყვნენ ქარხნის რეალური მმართველები. ფაქტიურად ყველაფერს მართავს მფლობელი ზ---- რ-----ე. რა----– ს---------- იყო დისტრიბუტორი, დილით რებულობდა პროდუქციას, საღამოს კი ხდებოდა ანგარიშსწორება და მას არ წარმოშობია არავითარი დავალიანება. ასევე რა----–ს დიდხანს არ უმუშავია, რადგან სულ რაღაც 1-2 თვეში რა----– ს----------მ და მთ. ბუღალტერმა მა--------------–---–მა გადაწყვიტეს შეუღლება, რამაც გამოიწვია მესაკუთრის ზ-------------ს აღშფოთება, რამდენადაც ის მა-----ს ეკუთვნის ბიძად. მას შემდეგ რა----–ი და ზ---- აღარ შეხვედრილან, შესაბამისად აქტები რიცხულის გადაბარებაზე ვერ შედგებოდა.
რა----– ს----------ს არ წაუღია ქარხნიდან არაფერი, თუნდაც იმიტომ, რომ მას სასწრაფოდ მოუხდა ქარხნის ტერიტორიის დატოვება მის და ქარხნის მთ. ბუღალტერის მა--------------–---–ის პირადი ურთიერთობის გამო, რადგან, როგორც კი ეს ამაბავი გაიგო მა-----ის მამამ, რომელიც ამავე ქარხანაში მუშაობდა, ის შეეცადა ფიზიკურად გასწორებოდა რა----–ს. ხოლო ქარხნის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა, დახლები და პლასმასის ყუთები დარჩა ქარხნის განკარგულებაში. შესაბამისად აღნიშნული საკუთრების ყოფილ თანამშრომელზე ვალად დაწერა, არის უსაფუძვლო. რაც შეეხება ბე--–----------–-ძის თავდებობას, ქარხნის მფლობელი ზ---- რ-----ე ითხოვდა რა----–ის თავდებს, მას გაეგონა საუბარში, რომ რა----–ის ბიძას ბე--–----------–-ძეს, მცხოვრებს სოფ. ახალენში აქვს მანდარინი და ჩათვალა, რომ ის ხელსაყრელი თავდები იქნებოდა. მან ისრგებლა გამოუცდელობით და გულუბრიყვობით, უთხრა, რომ ეს შეთანხმება ფორმალობაა, ამასთან თუკი რა----–ს არ ეყოლებოდა თავდები, ზ---- მას გაუშვებდა სამსახურიდან, ასეთი ფორმით ბე--–----------–-ძეს მოაწერინეს ხელი თავდებობის ხელშეკრულებაზე და როცა გამოითქვა პრეტენზია, რომ ბ---–---ს არაფერი არ გააჩნდა, ვერ იქნებოდა თავდები რადგან არის სოციალურად დაუცველი, უთხრეს, რომ შეცდომა იყო მისამართში და ხელშეკრულება დავხიეთო.
მოპასუხე და მისი წარმომადგენელი მიუთითებენ სხვა გარემოებებზეც, მიიჩნევენ, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2013 წლის 21 იანვარს შპს ,,მა-------სა" და ი/მ რა----– ს----------ს შორის დაიდო ხელშეკრულება პროდუქციის მიწოდების და თანამშრომლობის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შპს ,,მა-------ის „ მიერ წარმოებული პურ პროდუქტების რეალიზაცია, რომელთა ასორტიმენტი და რაოდენობა განისაზღვრება მიწოდებულ პროდუქციაზე თანდართული დოკუმენტაციით, ხელშეკრულების მიხედვით პროდუქციის ღირებულება უნდა ანაზღაურებულიყო პროდუქციის მიწოდებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2013 წლის 21 იანვრის მიწოდების ხელშეკრულება.
3.2. ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,მა-------ისა და შპს ,,ივ----ას“ მიერ რა----– ს----------სთან 2013 წლის 21 იანვარს გაფორმებული იქნა სამი აქტი:
1. პლასტმასის ყუთის გადაცემის თაობაზე, რომლის თანახმადაც რა----– ს----------მ ჩაიბარა 42 ცალი ყუთი, სადაც ერთი ცალი ყუთის ღირებულება შეადგენს 23 ლარს.
2. აქტი პურის დახლის გადაცემის თაობაზე, სადაც რა----– ს----------მ შპს ,,ივ----ასაგან“ ჩაიბარა ხუთი ცალი პურის დახლი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 1380 ლარს.
3. აქტი პურის დახლის გადაცემის თაობაზე, სადაც რა----– ს----------მ შპს ,,ივ----ასაგან“ ჩაიბარა ორი ცალი პურის დახლი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 590 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-აქტები გადაცემის თაობაზე.
3.3. 2013 წლის 21 იანვრის სოლიდარული თავდებობობის ხელშეკრულებით ბე--–----------–-ძემ სოლიდარული პასუხისმგებლობა აიღო შპს ,,მა-------ის" წინაშე და იკისრა პასუხისმგებლობა 30000 ლარის ფარგლებში რა----– სუ-------ის ვალდებულებებზე შპს ,,მა-------თან".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ.
3.4. შპს ,,მა-------ის" უფლებამონაცვლეა შპს ,,ივ----ა". მათი სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღია 21.05.2012 წ, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომერი 448386452.
21.07.2015 წ დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ივ----ამ" სხვა მოთხოვნებთან ერთად მოპასუხეების მიმართ არსებული მოთხოვნა დაუთმო კო------------------ძეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
-დათმობის ხელშეკრულება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებებია:
-რა----– სუ-------ის მიერ 2013 წლის 21 იანვარს გაფორმებული გადაცემის აქტებით მიღებული 42 ცალი ყუთისა და შვიდი ცალი პურის დახლის დაბრუნების, ასევე სასაქონლო ზედნადებებში ასახული პურის თანხის დაბრუნების საკითხი.
- 2013 წლის 31 მარტს გაფორმებული შედარების აქტში ასახული რა----– სუ-------ის დავალიანების 4203,35 ლარის არსებობისა თვითონ აქტის ნამდვილობის საკითხი.
- ბე--–----------–-ძესთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის არ არის მნიშვნელოვანი.
3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ვალდებულების შესრულების თაობაზე ეკისრება მოპასუხეს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ამით ვალდებულება შეწყდა.
3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.6. -რა----– სუ-------ის მიერ 2013 წლის 21 იანვარს გაფორმებული გადაცემის აქტებით მიღებული 42 ცალი ყუთისა და შვიდი ცალი პურის დახლის დაბრუნებასთან დაკავშირებით მხარეები მიუთითებენ შემდეგ მტკიცებულებებზე:
მოსარჩელის წარმომადგენელი გარდა თავისი ახსნა განმარტებისა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ გადაცემის აქტებზე, აღნიშნავს, რომ ყუთებისა და პურის დახლების მიღების ფაქტი რა----– ს----------მ დაადასტურა გადაცემის აქტებზე ხელმოწერით, სამსახურიდან წასვლის შემდგომ მას აღნიშნული ქონება უკან აღარ დაუბრუნებია. მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს ასევე წარმოდგენილ სასაქონლო ზედნადებებზე, რითაც სურს დაამტკიცოს რომ რა----– ს----------ზე 2013 წლის 12 აგვისტოდან 19 აგვისტომდე პერიოდში გაცემული იქნა სხვადასხვა დასახელების 1711,13 ლარის ღირებულების სხვდასხვა სახის პურპროდუქტები, რომლის თანხაც მოპასუხეს არ დაუბრუნებია.
მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელის ამ მტკიცებას, განმარტავს რომ გატანილ პურპროდუქტებზე ანგარიშსწორება ხდებოდა იმავე საღამოს და ყველანაირად შეუძლებელი იყო ასეთი დავალიანების დაგროვება, განმარტავს, რომ პურის ღირებულება მთლიანად გასწორებულია, ასევე დაბრუნებულია სარჩელით მოთხოვნილი პურის დახლები და ყუთები. თავის არგუმენტების დასამტკიცებლად, გარდა თავისი ახსნა განმარტებისა, მოპასუხემ წარმოადგინა მაღაზია ,,ედელვაისის“ ცნობა, რომ დისტრიბუტორ რა----– სუ-------ის სამსახურიდან წასვლის შემდეგ პურის დახლი კარადა დარჩა მათთან, რაც შემდგომ წაიღეს შპს ,,მა-------ის“ თანამშრომლებმა.
მოპასუხე მხარის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა მა--------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობდა შპს ,,მა-------ში“ ბუღალტრად, დისტრიბუტორებს და მათ შორის რა----– ს----------საც დილით პურ პროდუქტების ჩაბარებისთანავე გამოეწერებოდათ სასაქონლო ზედნადებები, ხოლო იმავე საღამოს ხდებოდა ანგარიშსწორება, ამიტომ შეუძლებელია რომ რა----– ს----------ს დაგროვებოდა ზედნადებებში აღნიშნული დავალიანება მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ რა----– ს----------ზე გადაცემული ყუთები და პურის დახლები დარჩა ადგილზე და დაიბრუნა შპს, ,,მა-------მა“.
ზემო დასახელებულ მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ დაზია მტკიცების ტვირთი იმის შესახებ, რომ მოსარჩელესთან არ აქვს პურის ყუთების, დახლებისა და ზედნადებებში აღნიშნული თანხის დავალიანება. ამ ფაქტს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული პროდუქციის ღირებულება უნდა ანაზღაურებულიყო პროდუქციის მიწოდებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისად მოპასუხის მტკიცება, რომ მეორე დღეს ყველა შემთხვევაში უნდა გასწორებულიყო ანგარიში და რამდენიმე დღით დავალიანება არ გაგრძელდებოდა, საფუძვლიანია. ყუთებისა და დახლების დაბრუნებაზე, სასამართლოს რწმენას უქმნის ის გარემოებაც, რომ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ რა----– ს----------ს გადაეცა ავტომანქანა, და ითხოვდა მის დაბრუნებას, რომელიც, როგორც შემდგომში იქნა დადგენილი დაბრუნებულია მესაკუთრეზე.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-აქტები პლასტმასის ყუთებისა და პურის დახლების გადაცემის თაობაზე
-სასაქონლო ზედნადებები
-მაღაზია ,,ედელვაისის“ ცნობა
-მხარეთა ახსმა განმარტებები
-მოწმის ჩვენება
3.2.7. რაც შეეხება 2013 წლის 31 მარტს გაფორმებული შედარების აქტში ასახული რა----– სუ-------ის დავალიანების 4203,35 ლარის არსებობისა თვითონ აქტის ნამდვილობის საკითხს, მოპასუხე სადავოდ არ ხდის მისი ხელმოწერის ნამდვილობას, თუმცა აცხადებს მას აქტში აღნიშნული დავალიანება არ ჰქონია, შესაბამისად არ მოაწერდა ასეთ აქტს ხელს და შესაძლებელია აქტზე ხელმოწერა გადმოტანილი იყოს სხვა დოკუმენტიდან. მოპასუხემ აღნიშნული მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, მის მიერვე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილ შედარების აქტზე ნაბეჭდ ტექსტში არ არის მომხდარი მეორე და მესამე აბზაცების მიბეჭდვა. შესაბამისად მოპასუხემ ვერ დაამტკიცა ვალდებულების შესრულების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტებები
-შედარების აქტი
-ექსპერტიზის დასკვნა.
3.2.8. მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი ბე--–----------–-ძის თავდებობის ხელშეკრულების უკანონობა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი თავდებობის განცხადებით დგინდება, რომ ბე--–----------–-ძე შპს მა-------ის“ წინაშე სოლიდარულად ღებულობს პასუხისმგებლობას რა----– სუ-------ის ვალდებულებებზე. აღნიშნულზე გაფორმებულია ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რაც დადასტურებულია ორივე მხარის ხელმოწერებით. გარდა თავის განმარტებისა, მოპასუხის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რიტაც დადგინდებოდა, რომ ბე--–----------–-ძესთან თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა მოტყუებით, ან რაიმე სხვა უკანონო მოქმედებით. ცალკეულ გარემოებებზე მოპასუხის ზეპირი განმარტება არ წარმოადგენს მყარ და დამაჯერებელ მტკიცებულებას, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თავდებობის ხელშეკრულება ნამდვილია და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ვალდებულების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა- განმარტებები
-თავდებობის განცხადება
-თავდებობის ხელშეკრულება.
3.2.9. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო საკითხზე ხელშეკრულება გაფორმებულია 2013 წლის 21 იანვარს და გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, სასამართლომ მოპასუხესთან გაარკვია ხომ არ ჰქონდა ამ მხრივ პრეტენზია და ხომ არ მიუთითებდა სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად ხანდაზმულობის ვადას.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა რომ ამ საფუძვლით არ აქვს პრეტენზია, რადგან მას მოსარჩელის მიმართ არავითარი დავალიანება არ გააჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოპასუხის ახსნა განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ კო------------------ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 138-ე, 141-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 463-ე, 464-ე 477-ე, 891-ე, 895-ე მუხლები
-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
მოპასუხე აცხადებს, რომ სარჩელი არ იქნეს მიჩნეული ხანდაზმულად და ამ საფუძვლით მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას არ ითხოვს. შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნა არ უნდა მივიჩნიოთ ხანდაზმულად.
6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.
წინამდებარე შემთხვევაში მხარეებმა გამოავლინეს ნება, რაც აისახა მათივე ხელმოწერით დამოწმებულ ხელშეკრულებაში და გადაცემის აქტებში. მხარეთა შეთანხმება არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დათქმებს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია. იმის გამო, რომ მხარეთა შორის არსებული დავა გამომდინარეობს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, სასამართლო სადავო ურთიერთობას შეაფასებს და გადაწყვეტს სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ჭრილში.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი.
განსახილველი ნორმით მოცემულია ფაქტობრივ გარემოებათა ნორმატიული აღწერის სისტემა, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა უფლება-ვალდებულებები. ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი გარიგებაა, რაც გამოიხატება ერთის მხრივ გამყიდველის ვალდებულებაში, გადასცეს მყიველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მეორეს მხრივ მყიდველის ვალდებულებაში, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
მოცემულ შემთხვევაში დადაგენილია, რომ 2013 წლის 21 იანვარს შპს ,,მა-------სა" და ი/მ რა----– ს----------ს შორის დაიდო ხელშეკრულება პროდუქციის მიწოდების და თანამშრომლობის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შპს ,,მა-------ის „ მიერ წარმოებული პურ პროდუქტების რეალიზაცია, რომელთა ასორტიმენტი და რაოდენობა განისაზღვრება მიწოდებულ პროდუქციაზე თანდართული დოკუმენტაციით, ხელშეკრულების მიხედვით პროდუქციის ღირებულება უნდა ანაზღაურებულიყო პროდუქციის მიწოდებიდან 1 სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,მა-------ისა და შპს ,,ივ----ას“ მიერ რა----– ს----------სთან 2013 წლის 21 იანვარს გაფორმებული აქტები გადაცემის თაობაზე, რომლის თანახმადაც რა----– ს----------მ ჩაიბარა 42 ცალი ყუთი და შვიდი ცალი პურის დახლი, რაზეც აიღო ვალდებულება, რომ დააბრუნება აღნიშნულ ნივთებს, ან გადაიხდიდა შესაბამის ღირებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ზემოთ, სადავო ფაქტობრივ გარემოებათა განხილვისას განიმარტა, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ამით ვალდებულება შეწყდა. სამოქალაქო კოდექსი ანგარიშს უწევს მოვალის მდგომარეობას და მას უფლებას ანიჭებს კრედიტორისგან შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვოს. იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ სადავო გარიგება ორმხრივია და თითოეული მხარე მეორე მხარის მიმართ კრედიტორიცაა და მოვალეც სუბიექტთა უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, აღნიშნული ნორმის მოქმედება ვრცელდება გარიგების ორივე მხარის მიმართ, ამასთან, რადგანაც საქონლის გადაცემის ფაქტი უდავოა, მისი დაბრუნების ტვირთი დაეკისრა მოპასუხეს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მთლიანი მოთხოვნიდან მოპასუხის მიერ ვალდებულება ნაწილობრივ შესრულებულია, დაბრუნებულია პლასტმასის ყუთები და პურის დახლები, ასევე სადისტრიბუციოდ მიღებული პურპროდუქტების სასაქონლო ზედნადებებში აღნიშნული თანხა. მოპასუხეებმა ამ ნაწიში დაძლეის მტკიცების ტვირთი და სასამართლომ გაიზიარა მტკიცება იმის თაობაზე, რომ ვალდებულება ამ ნაწილში მოპასუხეების მიერ შესრულებულია.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილით, თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.
მოცემულ შემთხვევაში 2013 წლის 31 მარტს შპს ,,მა-------ის“ მიერ გაფორმებულ შედარების რა----– სუ-------ის მიერ აღიარებულია დავალიანების 4203,35 ლარის არსებობა. მოპასუხე მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი ვალის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება და ვერც აქტის უკანონობა იქნა დადგენილი, შესაბამისად მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე-464-ე მუხლებით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, 2013 წლის 21 იანვრის თავდებობის ხელშეკრულებით ბე--–----------–-ძე შპს მა-------ის“ წინაშე სოლიდარულად ღებულობს პასუხისმგებლობას რა----– სუ-------ის ვალდებულებებზე. ის წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს, რის გამოც მან სოლიდარულად უნდა აგოს პასუხი რა----– სუ-------ის მიერ ნაკისრ და შეუსრულებელ ვალდებულებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 266 ლარის ოდენობით.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოსარჩელეზე ანაზღაურება , იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. (4203,35 ლარის 3% შეადგენს 126 ლარსა და 10 თეთრი.)
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღინისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ემუხლებით
გადაწყვიტა
1. კო------------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს ი/მ რაულ ს----------სა და ბე--–----------–-ძეს მოსარჩელე კო------------------ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4203,35 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს ი/მ რაულ ს----------სა და ბე--–----------–-ძეს მოსარჩელე კო------------------ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 126 ლარის და 10 თეთრის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე