გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.12.2018
საქმის ნომერი
080210017001890395
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/944-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 დეკემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე

მოსარჩელე - თ----------ი კ--–-----–---–ი

წარმომადგენელი - ზ---- ხ-–--–--

მოპასუხე- შპს ,,ქ-------–------ი’’

წარმომადგენელი - კ------------- ნ---------

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხის უკანონო მფლობელობაში არსებული რელსებზე მოძრავი 10 ტონის ტვირთამწეობის ამწე-ტელფერის დაბრუნება თ---------- კ--–-----–---–ისათვის.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2009 წლის 20 ნოემბერს, თ---------- კ--–-----–---–მა ქ.ქუთაისში, მ–-----–-- ქ. #10-ში, მის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, რომელშიც მოწყობილი ჰქონდა ხის სახერხი საამქრო, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიჰყიდა შპს ,,ქ-------–------ს’’, რომელშიც განთავსებული იყო რელსებზე მოძრავი 10 ტონა ტვირთამწეობის ამწე-ტელფერი. მყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სთხოვეს გამყიდველს, რომ არ მოეხდინა ამ ამწე-ტელფერის დემონტაჟი, რომლის სანაცვლოდა, მისი მოთხოვნიდან უახლოეს ვადაში ან დააბრუნებდნენ მას, ან შეუძენდნენ ანალოგიურ ნივთს. თ---------- კ--–-----–---–ის საამქროც ფუნქციონირებდა იქვე და მას უფლება რჩებოდა ნებისმიერ დროს ესარგებლა თავისი ქონებით. 2017 წლის თებერვალში კი, მოპასუხის წარმომადგენლებმა უარი უთხრეს მოსარჩელეს ამწე-ტელფერით სარგებლობაზე და განუცხადეს, რომ ნივთი წარმოადგენდა მათ საკუთრებას, რადგან მიაჩნდათ, რომ ის 2009 წელს შეიძინეს შენობა-ნაგებობასთან ერთად.

მიუხედავად მოთხოვნისა, მოპასუხე უარს აცხადებს ნივთის დაბრუნებაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს მოთხოვნას ამწე-ტელფერის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის(დაბრუნების) თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან მოსარჩელისგან ნამდვილად შეიძინა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, ხოლო იქ არსებული ამწე-ტელფერი წარმოადგენს ამ შენობის განუყოფელ ნაწილს, რომელიც აუცილებელია მისი სრულყოფილი და ჯეროვანი სარგებლობისათვის. ამიტომ მისი გამოცალკევება და დემონტაჟი შეუძლებელს გახდის საწარმოო მიზნებისათვის შენობის სამომავლო ექსპლოატაციას. მოპასუხე მიუთითებს, რომ მხარეებს შორის ამ ნივთის თხოვების თაობაზე შეთანხმება არ ყოფილა, რადგან ამწე-ტელფერი წარმოადგენს ამ შენობის განუყოფელ ნაწილს და მასზე მოპასუხის უფლება ვრცელდება შენობა-ნაგებობის შეძენის მომენტიდან. მას კანონიერად აქვს მოპოვებული საკუთრების უფლება სადავო ნივთზე.

 

სასამართლო სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენელმა შესაგებელს მხარი დაუჭირა იმავე გარემოებებზე მითითებით და დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელეს უკვე წაღებული აქვს ერთი ამწე-ტელფერი და დაზგა-დანადგარები.

თხოვების ან მიბარების შემთხვევაში შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო წერილობით. მხარეებს შორის კი არსებობს ხელწერილი, რომლის თანახმად მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ აქვთ. ვინაიდან არ დასტურდება მოსარჩელის საკუთრება სადავო ნივთზე, ამიტომ უარი უნდა ეთქვას თ---------- კ--–-----–---–ს მის დაკმაყოფილებაზე.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. შპს ,,ქ-------–------ი’’ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2009 წლის 12 ოქტომბრიდან და ამჟამად მისი დირექტორია ვ------- ქ----–--ე.

 

მტკიცებულება:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს/ფ 27-28)

 

3.2. 2009 წლის 20 ნოემბერს თ---------- კ--–-----–---–მა გაყიდა, ხოლო შპს ,,ქ-------–------მა’’(წარმომადგენელი -ვ------- მ---------ე) იყიდა მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, მდებარე, ქ.ქუთაისი, მ–-----–-- ქ. #10-ში, ნაკვ.#2. ნასყიდობის საგანი გაიყიდა 190000(ასოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარად. ნასყიდობის თანხა გადახდილია.

 

მტკიცებულება:

 

-განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს/ფ 16-17 )

-მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.3. ქ.ქუთაისში, მ–-----–-- ქ.#10, ნაკვ.#1-1-ის მესაკუთრეა მოსარჩელე თ----------ი კ--–-----–---–ი.

 

მტკიცებულება:

-აუდიტის დასკვნა (ს/ფ 30-32 ),-მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.4. ქ. ქუთაისში, მ–-----–-- ქ. #10-ში მდებარე ამწე-ტელფერი ტექნიკურად გამართულია და მისი საბაზრო ღირებულება შეადგენს 40000(ორმოცი ათასი) ლარს.

 

მტკიცებულება:

-აუდიტორული დასკვნა (ს/ფ 25),3.5. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ათხოვა 10 ტონა ტვირთამწეობის ამწე-ტელფერი მოპასუხეს და ამჟამადაც ის არის შპს ,,ქ-------–------ის’’ მფლობელობასა და სარგებლობაში (მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტება).

 

3.6. 2004 წლის 19 მაისით დათარიღებული ტექნოლოგიური პასპორტის მიხედვით, ქ. ქუთაისში, მ–-----–-- ქ. #10-ში მდებარე თ---------- კ--–-----–---–ის სამრეწველო შენობაში (ხის სახერხი საამქრო) განთავსებულია რელსებზე მოძრავი 10 ტონა ტვირთამწეობის ამწე-ტელფერი.

 

მტკიცებულება:

-ტექნოლოგიური პროექტი (ს/ფ 20-23)

 

3.7. მოწმე გურამი გურეშიძის განმარტების თანახმად, პროფესიით მექანიკოსია. მისთვის ცნობილია, რომ მოდავე მხარეებს შორის საუბარი იყო მხოლოდ შენობის ნასყიდობაზე და მყიდველის ფასიც იყო მისაღები. მაშინ მოპასუხე მხარემ თავად განაცხადა, რომ ამწე-ტელფერი არ აწყობდათ მოცულობის გამო და თავისას მოიტანდნენ. ამიტომ იყიდეს მარტო შენობა. თ---------- კ--–-----–---–ს ჰქონდა სახერხი საამქრო და ,,პარკეტის’’ საამქრო 2 ნაწილად. 1 ამწე თავად მოხსნა (გაუკეთა დემონტაჟი) და წამოიღეს, ასევე დაზგა-დანადგარები. მეორე ამწე მაშინვე არ გამოიტანეს, რადგან მხარეები კარგ ურთიერთობაში იყვნენ და დატოვეს დროებით, ათხოვეს. თავად მოპასუხე არაერთხელ ამბობდა, რომ მათ მხოლოდ შენობა აინტერესებდათ. ერთობლივად სარგებლობდნენ კიდეც ამ ამწით, თუმცა მოგვიანებით მოპასუხემ მოსარჩელე მხარე აღარ დაუშვა ამ ტერიტორიაზე.

 

3.8. მოწმე გია კოხრეიძემ განმარტა, რომ ის ესწრებოდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებს. 1 ამწე-ტელფერი და დაზგა-დანადგარები მოხსნეს და წამოიღო თ---------- კ--–-----–---–მა იქვე მდებარე თავის სახერხ საამქროში, მეორე ამწე კი დროებით დატოვეს. ამიტომ როდესაც შენობა იყიდა მოპასუხემ, თანვე განაცხადა, რომ მას ეს ამწე არ სჭირდებოდა, თუმცა შეთანხმდნენ, რომ თუ მაგიერს მიუტანდნენ, მოსარჩელე აღარ მოხსნიდა მას და არ წაიღებდა. ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ დაუბრუნა მოპასუხემ მოსარჩელეს მეორე ამწე-ტელფერი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, მოძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 158-ე, 477-ე, 186-ე, 621(1)-ე, 168-ე, 170-ე, 172-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით - მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, ხოლო მეორე ნაწილით- საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი.

 

6.7. 10 ტონა ტვირთამწეობის ამწე-ტელფერი არის მოძრავი ნივთი და მასზე ვრცელდება მოძრავი ნივთის შეძენისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები.

 

დადგენილია, რომ თ---------- კ--–-----–---–მა მის საკუთრებაში არსებული ორი ქონებიდან ერთ-ერთი, კერძოდ ქ.ქუთაისში, მ–-----–-- ქ. #10-ში, ნაკვ.#2, განთავსებული შენობა-ნაგებობა მიჰყიდა მოპასუხეს, შპს ,,ქ-------–------ს’’, მასში არსებული მოძრავი ნივთების გარეშე. ხოლო მასში განთავსებული 1 ამწე-ტელფერი და სახერხი საამქროსათვის საჭირო დაზგა-დანადგარები (20 ერთეულზე მეტი) გადაიტანა ამავე მისამართზე მდებარე #1 ნაკვეთზე არსებულ თავისსავე სახერხ საამქროში, ხოლო 1 ამწე-ტელფერი მხარეებს შორის ურთიერთობიდან და შეთანხმებიდან გამომდინარე, დროებით დატოვა, ათხოვა მოპასუხეს და სარგებლობდნენ ერთობლივად წლების მანძილზე. 2017 წლის თებერვალში კი მოპასუხემ მოსარჩელე აღარ შეუშვა ამ ტერიტორიაზე და არც სადავო ამწე-ტელფერით სარგებლობის უფლება მისცა. მან უარი განუცხადა ასევე ამ ნივთის დაბრუნებაზე.

 

მოპასუხეს კი, სადავო ამწე-ტელფერის მფლობელობის და სარგებლობის უფლებამოსილება მიღებული ჰქონდა თ---------- კ--–-----–---–ისაგან დროებით და მას არ გადაუცია ამ ნივთზე საკუთრების უფლება მოპასუხისთვის.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა, თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

ამავე კოდექსის 621-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მონათხოვრე მოვალეა, ნათხოვარი ნივთი უკან დააბრუნოს, ხოლო მე-2 ნაწილით,- თუ ხელშეკრულებით ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ გამნათხოვრებელს შეუძლია ნივთი დაიბრუნოს გამიზნული სარგებლობისათვის საჭირო დროის გასვლის შემდეგ; ხოლო, თუკი მიზანი არ არის განსაზღვრული, მაშინ მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი დაბრუნება.

 

ვინაიდან თ---------- კ--–-----–---–ის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა მხოლოდ შენობა-ნაგებობის გასხვისება და იქ განთავსებული ყველა ინვენტარი წამოღებულ იქნა, გარდა სადავო ამწე-ტელფერისა, რომლით სარგებლობაშიც და უკან დაბრუნებაში მოსარჩელეს უკვე ხელი ეშლება, ამიტომაც მისი სამართლებრივი ინტერესის აღსადგენად, ის უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ ნივთის უკან დაბრუნება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას, რომ მის მიერ შენობა-ნაგებობასთან ერთად მოხდა იქ განთავსებული ინვენტარის შესყიდვაც, რადგან საქმის გარემოებებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით ეს გარემოება არ დასტურდება. გასხვისებამდე როგორც შენობა-ნაგებობა, ისე იქ განთავსებული მოძრავი ნივთები წარმოადგენდა თ---------- კ--–-----–---–ის საკუთრებას. მოხდა მხოლოდ შენობა-ნაგებობის გასხვისება, ხოლო იქ არსებული ინვენტარის ნაწილი გატანილ იქნა მოსარჩელის მიერ მაშინვე, რადგან ესაჭიროებოდა იქვე მდებარე საკუთარი სახერხი საამქროს ფუნქციონირებისათვის, ხოლო სადაო ამწე-ტელფერი დროებითი სარგებლობისათვის დატოვებულ (მინათხოვრებული) იქნა მოპასუხე ორგანიზაციისთვის, მათივე თხოვნით, რომელიც თ---------- კ--–-----–---–ისთვის ან უნდა დაებრუნებინათ, ან ახალი შეეძენათ. მოპასუხის მიერ პირობა შესრულებული არ ყოფილა. ამიტომ თავდაპირველ მესაკუთრესა და შემძენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წინა მესაკუთრე (მოსარჩელე) დარჩა სადავო მოძრავი ნივთის პირდაპირ მფლობელად და მესაკუთრედ.

 

გარდა ამისა, ვინაიდან მხარეებს არ განუსაზღვრავთ არც თხოვების ხელშეკრულებით მისი მოქმედების ვადა, ამიტომ გამნათხოვრებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მოძრავი ნივთის დაბრუნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1200 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 მაისის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს ,,ქ-------–------ის’’ კუთვნილ შენობა-ნაგებობაში, მდებარე ქ.ქუთაისი, მშენებარის ქ. #10, განთავსებულ, რელსებზე მოძრავ 10 ტონის ტვირთამწეობის ამწე-ტელფერს. განჩინება გასაჩივრებული იქნა მოპასუხის მიერ საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 05 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ქ-------–------ის’’ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს ,,ქ-------–------ს’’ აეკრძალა მის კუთვნილ შენობა-ნაგებობაში, მდებარე ქ.ქუთაისი, მშენებარის ქ. #10, განთავსებული, რელსებზე მოძრავი 10 ტონის ტვირთამწეობის ამწე-ტელფერის გასხვისება და ყოველგვარი სახის უფლებრივი დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ---------- კ--–-----–---–ის (წარმომადგენელი ზ---- ხ-–--–--) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გამოთხოვილ იქნეს მოპასუხე შპს ”ქ-------–------ის” უკანონო მფლობელობიდან რელსებზე მოძრავი 10 ტონის ტვირთამწეობის ამწე-ტელფერი და დაუბრუნდეს მოსარჩელე თ---------- კ--–-----–---–ს;

 

3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1200 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი - 50 ლარის ანაზღაურება;

 

4. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - დარჩეს უცვლელად;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.#32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მდ.: ქ.ქუთაისი, ვ.კუპრაძის ქ.#11) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე