გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/738-16 (140210016001398599)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
5 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი
სხდომის მდივნები: თამარ ხარიბეგაშვილი
ვასილ ჯოჯიშვილი
ნანა ხინჩიკაშვილი
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) – რ-------------–-–---–ი
წარმომადგენელი - ლ--------------ე
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - ც--------------–---–ი
წარმომადგენელი - ე-–---------–--–---–ი
დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
(თავდაპირველი სარჩელით - რ-------------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა)
1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილის მიერ 20-- წლის 23 ოქტომბერს გაცემულ №151172480 სააღსრულებო ფურცელში, ძირი თანხის ნაწილში და მისი ოდენობა განისაზღვროს 3 000 აშშ დოლარით, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლო 570 აშშ დოლარი შემცირდეს 14 აშშ დოლარამდე.
(შეგებებული სარჩელით - ც--------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა)
1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილის მიერ 20-- წლის 23 ოქტომბერს გაცემულ №151172480 სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი განისაზღვროს სესხის ძირითადი თანხის, 6 300 აშშ დოლარის 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომლის დარიცხვა განხორციელდეს 2013 წლის 26 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოსარჩელე სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
მოსარჩელის განმარტებით, მასსა და ც--------------–---–ს შორის 2012 წლის 25 ოქტომბერს ნოტარიუსის მეშვეობით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ სამი თვის ვადით 6 300 აშშ დოლარი ასესხა. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. გ----–-, მ--–---–---–ის ქ. №19/21-ში.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 20-- წლის 23 ოქტომბერს ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაიცა, რის საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო წარმოება. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, სესხის ძირითადი თანხა 6 300 აშშ დოლარით, სარგებელი 630 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო 570 აშშ დოლარით (დღეში 12,5 აშშ დოლარი) განისაზღვრა, რაც მოსარჩელის განმარტებით შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია. ამასთან, რ-------------–-–---–ის მტკიცებით, მან ც--------------–---–ს სესხის ძირითადი თანხის ნაწილი, 3 300 აშშ დოლარი დაუბრუნა.
ც--------------–---–ი შეგებებულ სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
ც--------------–---–ის განმარტებით, 2012 წლის 25 ოქტომბერს მასსა და რ-------------–-–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რ-------------–-–---–ს სამი თვით თანხა ასესხა. სესხი იყო სარგებლიანი და სარგებელი თვეში 5%-ს შეადგენდა. სესხისა და სარგებლის გადახდის გადაცილების შემთხვევაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს დარიცხვა. ამასთან, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში სააღსრულებო ფურცელი გაიცემოდა.
შეგებებული სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ მისი მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცელი გასცა, სადაც პირგასამტეხლოს ნაწილში დაშვებული იქნა შეცდომა, ვინაიდან ჯარიმის იმგვარად დარიცხვის წესი განისაზღვრა რაზეც მხარეები შეთანხმებულები არ ყოფილან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 (თავდაპირველი სარჩელის ფარგლებში - ც--------------–---–ი)
2.1.1. ც--------------–---–მა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ იგი არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2 (შეგებებული სარჩელის ფარგლებში - რ-------------–-–---–ი)
2.2.1. რ-------------–-–---–მა შეგებებული სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ ც--------------–---–ს სესხის ძირითადი თანხის ნაწილი, 3 300 აშშ დოლარი დაუბრუნა, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გადასცა, ვინაიდან მთლიანი თანხის დაბრუნებას ითხოვდა.
მოპასუხის მტკიცებით, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, ამასთან, იგი დაანგარიშებული უნდა იყოს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედებში პერიოდში, სამ თვეზე გაანგარიშებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 25 ოქტომბერს ც--------------–---–სა და რ-------------–-–---–ს შორის ნოტარიულად გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ც--------------–---–მა რ-------------–-–---–ს 6 300 აშშ დოლარი ასესხა. სესხი სამი თვის ვადით გაიცა, რომელსაც სარგებელი, თვეში 5 % უნდა დარიცხოდა. სარგებელი მსესხებელს ყოველი თვის 25 რიცხვში ნაღდი ანგარიშსწორებით უნდა გადაეხადა, ხოლო ბოლო თვის სარგებელი ძირითად თანხასთან ერთად 2013 წლის 25 იანვარს უნდა დაეფარა. მხარეებს ყოველი თანხის გადაცემაზე მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაეფორმებინათ.
ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ვადის გაგრძელება სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში, ყველა მხარის თანახმობით შეიძლებოდა. სესხისა და სარგებლის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში მას პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 0,2 % დაერიცხებოდა. მსესხებლის მიერ ერთი თვის სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკარს უფლება ჰქონდა სააღსრულებო ფურცელი მიეღო და სესხის ვადამდე დაბრუნება მოეთხოვა.
ხელშეკრულების თანახმად, სესხის უზრუნველსაყოფად მეორადი იპოთეკით დაიტვირთა ქ. გ----–-, მ--–---–---–ის ქუჩა №19-21, შარტავას ქუჩა №108-ში მდებარე რ-------------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია 6--4--0--0--.
ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დადგებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მოვალე ნებაყოფლობით არ შეასრულებდა იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. ამასთან, მხარეებს განემარტათ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივი ინსტიტუტის შესახებ და მათთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი სასამართლოს სააღსრულებო ფურცელს შეცვლიდა. შესაბამისად, იპოთეკარს უფლება ჰქონდა სასამართლოსათვის მიმართვისა და საქმის წარმოების გარეშე აეღო ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი და მოვალის მიმართ დაეწყო აღსრულების პროცესი. ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააღსრულებო ფურცელი გაიცემოდა მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოთხოვის გარეშე.
ხელშეკრულების თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება შეწყდებოდა შემდეგ შემთხვევებში: ა) მხარეთა მიერ ვალდებულებათა სრულად შესრულებით; ბ) აუქციონზე იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად; გ) მხარეთა შეთანხმებით (ვალის პატიება) იპოთეკარის მიერ იპოთეკაზე უარის თქმით; დ) ხელშეკრულებით დადგენილ სხვა შემთხვევაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №121165087, რეგისტრაციის თარიღი 25.10.2012 წელი.
3.1.2. 20-- წლის 23 ოქტომბერს ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №151172480. სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2012 წლის 25 ოქტომბერს დადასტურებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან (რეგ. №1211650870) წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მითითებულია ც--------------–---–ი, ხოლო მოვალედ რ-------------–-–---–ი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობას წარმოადგენს სესხის ძირითადი თანხა 6 300 აშშ დოლარი; 2 თვის სარგებელი 630 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო 12,6 აშშ დოლარი (0,2 %) სესხის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოთხოვნა უნდა განხორციელდეს 20-- წლის 26 იანვრიდან 2013 წლის 1 აგვისტომდე ჩათვლით. აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124,36 ლარი და აღსრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №151172480
3.1.3. 2016 წლის 13 მაისს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურომ რ-------------–-–---–ს აცნობა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში იყო ნოტარიუსის მიერ 20-- წლის 23 ოქტომბერს გაცემული №151172480 სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორს წარმოადგენდა ც--------------–---–ი, ხოლო მოვალეს რ-------------–-–---–ი. აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა იყო 7 500 აშშ დოლარი და 124.36 ლარი. დავალიანების დაფარვის მიზნით უნდა განხორციელებულიყო იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 13 მაისის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ №A16041118-004/003.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. რ-------------–-–---–ს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის ნაწილი, 3 300 აშშ დოლარი ც--------------–---–ისათვის დაბრუნებული აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- რ-------------–-–---–ის ახსნა-განმარტება.
3.2.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს დარიცხვა გათვალისწინებულია სამი თვის განმავლობაში, ამასთან მისი საპროცენტო განაკვეთი არის შეუსაბამოდ მაღალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- რ-------------–-–---–ის ახსნა-განმარტება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში ერთ-ერთ სადავო გარემოებას წარმოადგენს რ-------------–-–---–ის მიერ ც--------------–---–ისათვის სესხის ძირითადი თანხის ნაწილის - 3 300 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება. რ-------------–-–---–მა ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოს მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტება წარმოუდგინა.
ამდენად, შესაფასებელია, თუ რამდენად საკმარისია აღნიშნული მტკიცებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. უფრო მეტიც, არაკეთილსინდისიერ კრედიტორს შეუძლია, ასეთი დოკუმენტის გაუცემლობის შემთხვევაში განმეორებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. სწორედ, ამიტომ კანონი მას ავალდებულებს სათანადო დოკუმენტის გაცემას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონის თანახმად, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შესაძლოა განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. იგივე შეიძლება ითქვას სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლზეც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია მოითხოვოს სავალო დოკუმენტის დაბრუნება ან გაუქმება. ასეთი დოკუმენტის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია. ყველა მითითებულ შემთხვევაში კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.
ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება. შესაბამისი მტკიცებულება კი, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, შეიძლება იყოს ვალდებულების შესრულების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს რ-------------–-–---–ის ახსნა-განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან ც--------------–---–ის სესხის ძირითადი თანხის ნაწილი - 3 300 აშშ დოლარი დაუბრუნა.
ერთ-ერთ სადავო გარემოებას წარმოადგენს დროის რა მონაკვეთში უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს დარიცხვა. რ-------------–-–---–ს განმარტებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს დარიცხვა გათვალისწინებულია სამი თვის განმავლობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულება დადებულად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია მხარეების მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების არსებითი პირობების ჩამონათვალს კანონი არ განსაზღვრავს. ამის გაკეთება შეუძლებელიცაა. მცირე გამონაკლისის გარდა, ამ პირობებს თვითონ მხარეები განსაზღვრავენ. ასეთად ხელშეკრუკლების მხოლოდ ის პირობები ჩაითვლება, რომლებზედაც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულება არ დაიდება.
რ-------------–-–---–სა და ც--------------–---–ს შორის 2012 წლის 25 ოქტომბერს ნოტარიულად გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სესხისა და სარგებლის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში მას დაერიცხება პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,2 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს რ-------------–-–---–ის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს დარიცხვა გათვალისწინებულია სამი თვის განმავლობაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ-------------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ც--------------–---–ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, მე-400, 302-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2012 წლის 25 ოქტომბერს ც--------------–---–სა და რ-------------–-–---–ს შორის დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
რ-------------–-–---–მა დაარღვია 2012 წლის 25 ოქტომბერს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ც--------------–---–ის მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ქვეპუნქტის მიხედვით კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
მოცემული ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით კრედიტორს შეუძლია აღსრულება დაიწყოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. 20-- წლის 23 ოქტომბერს, ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორს ც--------------–---–ი, ხოლო მოვალეს - რ-------------–-–---–ი წარმოადგენს. სააღსრულებო ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 6 300 აშშ დოლარი; 2 თვის სარგებელი 630 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო 12,6 აშშ დოლარი (0,2 %) სესხის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოთხოვნა უნდა განხორციელდეს 20-- წლის 26 იანვრიდან 2013 წლის 1 აგვისტომდე ჩათვლით. აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 124,36 ლარი და აღსრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
რ-------------–-–---–მა განმარტა, რომ მის მიერ სრულად იქნა გადახდილი სესხის ძირი თანხის ნაწილი 3 300 აშშ დოლარი. აღნიშნული გარემოება ვერ იქნა დადასტურებული ძირითადი მოსარჩელის მიერ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ-------------–-–---–ი სარჩელი 20-- წლის 23 ოქტომბერს ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში ცვლილებების შეტანის თაობაზე საფუძველს მოკლებულია.
რაც შეეხება ც--------------–---–ის შეგებებულ სარჩელს იგი საფუძვლიანია, ვინაიდან რ-------------–-–---–სა და ც--------------–---–ს შორის 2012 წლის 25 ოქტომბერს ნოტარიულად გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სესხისა და სარგებლის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში მას უნდა დარიცხოდა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,2 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანია, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - სესხის თანხის 0,2%, რომელიც შეგებებული სარჩელის ავტორმა შეამცირა და მოითხოვა 0,1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნოტრიუსის მიერ 20-- წლის 23 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული და ც--------------–---–ის მიერ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. კერძოდ, ცვლილება უნდა შევიდეს ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილის მიერ 20-- წლის 23 ოქტომბერს გაცემულ №151172480 სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი განისაზღვროს სესხის ძირითადი თანხის - 6 300 აშშ დოლარის 0.03% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომლის დარიცხვა განხორციელდეს 2013 წლის 26 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
ვინაიდან პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილ დღეზე მისი საპროცენტო განაკვეთის შემცირების შემდეგ შეადგენს 1,89 აშშ დოლარს და მისი დარიცხვა უნდა განხორციელდეს 2013 წლის 26 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სასამართლო ვერ გაიზიარებს რ-------------–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს 570 აშშ დოლარიდან 14 აშშ დოლარამდე შემცირების თაობაზე.
სასამართლო ამასთან განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდება სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან და იგი გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღრულებო ფურცელს, თანახმად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა.
7. საპროცესო ხარჯები
(თავდაპირველი სარჩელის ფარგლებში)
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
იმის გათვალისწინებით, რომ რ-------------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
(შეგებებული სარჩელის ფარგლებში)
7.2. შეგებებულ სარჩელზე დავის საგნის ღირებულებაა 6 898,5 აშშ დოლარი, რაც ც--------------–---–ის მიერ შეგებებული სარჩელის აღძვრის დროს (05.07.2016წ.) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის აშშ დოლართან ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგენს 15 918,98 ლარს.
ც--------------–---–მა შეგებებული სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილის - 377,57 ლარის გადახდის გადავადებაზე იშუამდგომა, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლი მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ც--------------–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დავის საგნის ღირებულების 30 %, რაც შეადგენს 4 775,69 ლარს, ხოლო მისი 3 % არის 143.27 ლარი.
შეგებებული სარჩელის ავტორს სარჩელის აღძვრისას გადხდილი ჰქონდა 100 ლარი, რისი ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარეს ც--------------–---–ის სასარგებლოდ. ხოლო, დარჩენილი 43.27 ლარიდან რ-------------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 34,92 ლარი, ვინაიდან ძირითად სარჩელზე სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად აქვს გადახდილი 8,35 ლარი. რაც შეეხება ც--------------–---–ს, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 334,30 ლარი, ვინაიდან დავის საგნის ღირებულების 70 %-ის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა და სახელმწიფო ბაჟი სარჩელის აღძვრისას სრულად გადახდილი არ ჰქონდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ივნისის განჩინებით რ-------------–-–---–ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდეს; შეჩერდა ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილის მიერ 20-- წლის 23 ოქტომბერს გაცემული №151172480 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება №A16041118.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. რ-------------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. ც--------------–---–ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილის მიერ 20-- წლის 23 ოქტომბერს გაცემულ №151172480 სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი განისაზღვროს სესხის ძირითადი თანხის - 6 300 აშშ დოლარის 0.03% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომლის დარიცხვა განხორციელდეს 2013 წლის 26 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
4. რ-------------–-–---–ს ც--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 100 (ასი) ლარის გადახდა;
5. რ-------------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმფიბო ბაჟის, 34,92 ლარის გადახდა;
6. ც--------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის, 334,30 ლარის გადახდა;
7. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ივნისის განჩინებით (№12/54-16) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ლიანა გოგიაშვილის მიერ 20-- წლის 23 ოქტომბერს გაცემული №151172480 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება №A16041118;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი