გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2018
საქმის ნომერი
330210018002470558
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/15843 -18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე - შპს ,,კა---ი“

წარმომადგენელი - ლე---------ა

მოპასუხე – რო-------------ე

წარმომადგენელი – გვ--–-----------ე

დავის საგანი – თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე რო-------------ეს მოსარჩელე შპს ,,კა---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 514 ლარის გადახდა;

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2014 წლიდან შპს ,,კა---სა“ და ი/მ რო-------------ეს შორის დაიწყო თანამშრომლობა საქონლის მიწოდების თაობაზე. 2014 წლიდან 2016 წლამდე შპს ,,კა---ი“ მოპასუხეს სასაქონლო ზედნადებით სისტემატიურად აწოდებდა სხვადასხვა სახის პროდუქციას, მოსარჩელემ მოპასუხეს სხვადასხვა ინტერვალით 29 - ჯერ მიაწოდა პროდუქტი, რომლის ჯამური ოდენობა შეადგენდა 1729 ლარს. ამ თანხიდან, მოპასუხემ 1215 ლარი გადაიხადა, გადასახდელი დარჩა 514 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მოპასუხეს სადავო არ გაუხდია სახელშეკრულებო ურთიერთობისა და დავალიანების ოდენობის არსებობა, თუმცა, განმარტა, რომ 2016 წლის 03 მაისს რო-------------ემ მის საკუთრებაში არსებული ობიექტი, რომლით სარგებლობის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სურსათის რეალიზაციით სარგებლის მიღება, ამავე მიზნით იჯარით გადასცა ნ-------------–---–ს. მხარეთა შეთანხმებით გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, სადაც დამატებით პუნქტის სახით მხარეთა შეთანხმებით მოხდა ვალის გადაკისრება. იჯარის ობიექტში 5300 ლარის სურსათზე რომლის საფასური რო-------------ის მიერ არ იყო დაფარული, ნ-------------–---–მა აღნიშნული სურსათის ნაღდი ფულით რო-------------ისათვის გადახდის ნაცვლად იკისრა ვალდებულება, რომ თავად დაფარავდა 5300 ლარის პროდუქტზე არსებულ ვალდებულებას და დააკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნის მფლობელს აღნიშნული თანხის ფარგლებში.

 

მოპასუხე თვლის, რომ შპს ,,კა---ი“-ს მიერ დაყენებული მოთხოვნა რო-------------ის მიმართ საფუძველს მოკლებულია, რადგან შპს ,,კა---მა“ დაიწყო საქონლის მიწოდება ნ-------------–---–ისათვის იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ და დათანხმდა თავდაპირველი მოვალის ჩანაცვლებას, შესაბამისად ნ-------------–---–თან დაიწყო თანამშრომლობა. გარდა ამისა, არსებობს შპს ,,კა---სა“ და ნ-------------–---–ს შორის არსებული ნ-------------–---–ის მიერ ხელმოწერილი შპს ,,კა---ის“ ანგარიში, შესაბამისად ვალის აღიარების სამართლებრივი შემადგენლობა სახეზეა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,კა---ი“ მოპასუხე რო-------------ეს 2014 წლის 04 სექტემბრიდან 2016 წლის 05 აპრილამდე, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აწვდიდა სხვადასხვა სახის პროდუქციას. მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა მიწოდებული პროდუქციის საფასური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 16-44);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილი, 2014 წლის 04 სექტემბრიდან 2016 წლის 05 აპრილამდე ჩათვლით გაცემული სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 1729 ლარის პროდუქცია.

 

დღეის მდგომარეობით მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანების ოდენობა შეადგენს 514 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 04.19.2018 წერილი (ს.ფ. 45);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ურთიერთობა არ ჯდება ვალის გადაკისრების სამართლებრივ ჩარჩოებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი.

 

მითითებული ნორმა ითვალისწინებს შემთხვევას, რომლის დროსაც ვალის გადაკისრება ხდება კრედიტორსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, სადაც ცალსახაა კრედიტორის ნება მესამე პირის მიერ ვალდებულების საკუთარ თავზე აღების თაობაზე და ასევე მესამე პირის თანხმობა ასეთი ვალდებულების შესრულების შესახებ. აღნიშნული გარიგების სამართლებრივი შედეგია ის, რომ მესამე პირი იკავებს მოვალის ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გარიგებით თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულება წყდება და კრედიტორს თავდაპირველი მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია.

 

ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის ვალის გადაკისრებად შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მხარეთა ნამდვილი ნება ზემოთ მითითებული სამართლებრივი შედეგის დადგომასთან მიმართებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ არსებობდა კრედიტორის - შპს ,,კა---ი“-ს ნება მესამე პირის - ნ-------------–---–ის მიერ ვალდებულების საკუთარ თავზე აღების თაობაზე. ამ ფაქტის დამადასტურებლად ვერ გამოდგება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ანგარიში, რადგან მასში არ ფიქსირდება მოსარჩელის მკაფიო და ცალსახა დასტური თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოსარჩელის განმარტებების ირგვლივ მოპასუხის დასკვნები სავარაუდო, სუბიექტურ ხასიათს ატარებს და ობიექტურ რეალობად ვერ შეფასდება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა შორის ვალის გადაკისრების ხელშეკრულების არსებობა. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ დაადასტურა სხვა პირისათვის მიცემული ვალდებულების შესრულების ნ-------------–---–ისათვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 427-ე, 477-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

შპს ,,კა---ი“ მოპასუხე რო-------------ეს, ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აწვდიდა პროდუქციას. მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

დღეის მდგომარეობით მოპასუხეს გააჩნია მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება - 514 ლარი.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს არ აუნაზღაურა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

ამავე კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებით ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ დაადასტურა სხვა პირისათვის მიცემული ვალდებულების შესრულების ნ-------------–---–ისათვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ურთიერთობა არ ჯდება ვალის გადაკისრების სამართლებრივ ჩარჩოებში.

 

6.2. კანონით გარა---ირებული შეჯიბრებითობის პრინციპი (სსკ-ის მე-4 მუხლი) მხარეს აძლევს შესაძლებლობას, უარყოს ან გააქარწყლოს საქმეში არსებული მტკიცებულებები სხვა მტკიცებულებებით. ამდენად, მხარემ არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასთან და გარემოებასთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი. აღნიშნულ ვალდებულებას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი.

 

მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა გარემოებები, რომლებზედაც ამყარებდა თავის შესაგებელს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,კა---ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე რო-------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,კა---ი“-ს სარჩელი მოპასუხე რო-------------ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე რო-------------ეს მოსარჩელე შპს ,,კა---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 514 ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხე რო-------------ეს მოსარჩელე შპს ,,კა---ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათას) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი