განაჩენი

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
330100118002519046
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისი 9 ნოემბერი, 2018 წელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

 

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ--------------–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ---–-----------ი - თურქეთის მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–------------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: თ---–--–-----–-------------------------------------------------ში.

 

ადვოკატი - ა-–------------ა

 

კვალიფიკაცია:

 

1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წვრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წვრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის მაისის თვის ბოლო რიცხვებში, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ-------–-------–-------------------------------------------------ში, მ---–-----------მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის თ-------------–---–ის მიმართ, კერძოდ, ეჭვიანობის მოტივით უწოდა მას მსუბუქი ყოფაქცევის ქალი და თ-------------–---–ის მხრიდან შეპასუხების ნიადაგზე, ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელის მტევანი სახის არეში, მარჯვენა ლოყაზე, რა დროსაც თ-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ-------–-------–------------------------------------------------ში, მ---–----------- ჯანმრთელობის დაზიანებით და ინვალიდებით დაემუქრა თავის მეუღლეს - თ-------------–---–ს, რომელსაც „გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.3. 2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ-------–-------–-------------------------------------------------ში, მ---–----------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი მეუღლის დას - მ-----------–---–ს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რა დროსაც მ-----------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის მაისის თვის ბოლოს, თ---–--–-----–-------------------------------------------------ში, მ---–-----------ის მიერ მისი მეუღლის თ-------------–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტი.

 

2.2. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის 31 მაისს, ქ-------–-------–------------------------------------------------ში, მ---–-----------ის მიერ მისი მეუღლის - თ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტი, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.3 ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის 31 მაისს, ქ-------–-------–------------------------------------------------ში, მ---–-----------ის მიერ მისი მეუღლის დის - მ-----------–---–ის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1. – 1.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ა) მ---–-----------ის მიერ მისი მეუღლის დაზე - მ-----------–---–ზე განხორციელებული მუქარის, ხოლო მეუღლეზე - თ-------------–---–ზე განხორციელებულ ძალადობისა და მუქარის ფაქტების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულება: დაზარალებულ - მ-----------–---–ის ჩვენება და თ-------------–---–ის განცხადებაზე თანდართული აუდიოჩანაწერი, რომელთა შინაარსზე სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს, ხოლო მუქარის რეალურობის დასადასტურებლად მოწმე-პოლიციელების ჩვენებები, რომლებსაც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას ჰქონდათ შეხება დაზარალებულებთან და შეექმნათ შთაბეჭდილება მათ ემოციურ მდგომარეობაზე,3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა თ-------------–---–მა (ბრალდებულის მეუღლე) და მოწმე ნ----------მა (ბრალდებულის შვილი), საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

 

3.6. ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.

 

3.7. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

 

3.8. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენების და მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრად გათალისწინებულ შემთხვევაში, მაგ.: თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; 2. სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას (არ სარგებლობს მისთვის სსსკ-ის 50-ე მუხლით მინიჭებული პრივილეგიით - არ მისცეს ჩვენება) და მხარე მოითხოვოს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემონსტრირებას).

 

3.9. ამდენად, ვინაიდან დაზარალებულმა - თ-------------–---–მა და მოწმე ნ----------მა სასამართლოს არ მისცეს ჩვენება და სახეზე არ არის სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს დაზარალებულის და მოწმის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

3.10. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს სხდომაზე გამოკვლეული თითოეული, წარდგენილი ბრალდების რელევანტური, მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევიან ისინი ერთობლივად და ინდივიდუალურად, კერძოდ:

 

3.11. დაზარალებულმა მ-----------–---–მა დაადასტურა, რომ ბრალდებული მ---–-----------ი არის მისი სიძე (დის ქმარი). ისინი ერთად ცხოვრობდნენ თ---–--–-----–--------------------------------------------ში. მის დას - თ-------------–---–ს და მ---–-----------ს ჰქონიათ ოჯახური უთანხმოებები, თუმცა მთლიანობაში კარგი ურთიერთობა აქვთ. მისი სიძის დაკავებამდე, დაახლოებით ერთი კვირით ადრე, მისმა დამ გაანდო, რომ მეუღლემ ხელ გაარტყა. 2018 წლის 31 მაისს მისი სიძე იყო გაბრაზებული, რადგან იგი შეხვდა მის ყოფილ ქმარს, რომელიც არის ნასამართლევი. მ---–-----------ი მას და მის დას დაემუქრა, თუმცა მათ ეს მუქარა რეალურად არ აღუქვამთ. მას გამომძიებლისთვის არ უთქვამს, რომ შეეშინდა მის სიძეს მართლა არ მოეკლა იგი. გამომძიებლებმა მისი ჩვენება მიზანმიმართულად დაამძიმეს ბრალდებულის საზიანოდ. მისმა დამ პოლიციაში იმიტომ დარეკა, რომ მ---–-----------ი ყვიროდა და მეზობლების შერცხვა. მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო, რომ ოჯახური კონფლიქტის გამო მის სიძეს დააკავებდნენ, პოლიციას არ მიმართავდა. მ---–-----------ი არის კარგი მამა და იგი ყოველთვის ზრუნავდა შვილზე, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. იგი შეურიგდა ბრალდებულს და პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას მან არაერთხელ გადაურიცხა მის სიძეს თანხა. ბრალდებული არის მათი ოჯახის მარჩენალი და მის გათავისუფლებაზე დიდწილად არის დამოკიდებული მათი რთული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. დაზარალებულის განმარტებით მათ ოჯახში ადრეც ყოფილა ხმამაღალი კამათი, თუმცა ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

 

3.12. ამდენად, დაზარალებულ მ-----------–---–ის ჩვენებით დადასტურდა ბრალდებულის მხრიდან მასზე და მის დაზე - თ-------------–---–ზე მუქარის ფაქტი, თუმცა კატეგორიულად გამოირიცხა (დაზარალებულმა ამ ფაქტს სისულელე უწოდა), მ-----------–---–ის მიერ მუქარის რეალურად აღქმა.

 

3.13. დაზარალეულ მ-----------–---–ის ჩვენებით, ასევე ირიბად დადასტურდა, ბრალდებულის დაკავებამდე (31.05.2018) დაახლოებთ ერთი კვირით ადრე მისი დის - თ-------------–---–ის ჩივილი მეუღლის მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობის თაობაზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ თავად თ-------------–---–მა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, სასამართლოს მოესპო შესაძლებლობა გადაემოწმებინა მ-----------–---–ის ჩვენების ეს ნაწილი ინფორმაციის პირველწყაროსთან, რაც ჩვენების ამ ნაწილს ცალსახად უკარგავს სანდოობას.

 

3.14. ბრალდების მხარემ, დაზარალებულ მ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია განიხილა დამოუკიდებელ მტკიცებულებად, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მ-----------–---–მა მისცა ჩვენება სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით, გასცა პასუხები როგორც პირდაპირი, ასევე ჯვარედინი დაკითხვისას დასმულ შეკითხვებს და ამასთან, არ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული რიგი გარემოებებისა.

 

3.15. სასამართლო, კვლავ განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც თავად დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/03/2016, §58-IV).

 

3.16. სასამართლოში, მხარეების მიერ გამოკვლეული იქნა თ-------------–---–ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი აუდიოჩანაწერი (ორ ფაილად), სადაც პირველ აუდიოჩანაწერში ისმის მამაკაცის და ქალის ხმა, რა დროსაც მამაკაცი, რომელიც საუბრობს აქცენტით, აღლვებული ხმით ესაუბრება ქალს, რომელიც ეპასუხება მას. ჩანაწერში მუქარის შემცველი სიტყვები არ ისმის. მეორე ვიდეოჩანაწერში ისმის ორი მამაკაცის და ქალის ხმა. მამაკაცი, რომელიც საუბრობს აქცენტით, აღლვებული ხმით ესაუბრება ქალს და მეორე მამაკაცს. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისმის სიტყვები: ,,მოდი შენ გაგამწარო“, ,,ხელი გამიშვი“, ,,ხაჭაპურის გამო მცემ?“ ,,ხაჭაპური არაფერ შუაშია, ხელი არ მახლო“, ,,მე შენ მოგკლავ“, ,,გცემ“.

 

3.17. სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ნ--------------ა (თარჯიმანი), ვინც მონაწილეობა მიიღო გამოძიებაში აუდიოჩანაწერის დათვალიერებაში და დაადასტურა, რომ ჩანაწერში საუბრობდა ორი მამაკაცი, მათ შორის ერთი იყო აღელვებული და იყო მუქარა, რადგან ნახსენები იყო სიტყვა ,,მოგკლავ“.

 

3.18. სასამართლომ გულდასმით შეისწავლა აუდიოჩანაწერი და მიაჩნია, რომ ამ მტკიცებულებით ზოგადად წარმოუდგენელია რაიმე ფაქტის უტყუარად დადასტურება ან უარყოფა, ვინაიდან გაურკვეველია კონკრეტულად როდის განხორციელდა აუდიო-ჩაწერა, რამდენ დღეს გრძელდებოდა ჩაწერა, ჩანაწერი არის ერთიანი თუ არსებობს ჩანაწერებს შორის წყვეტა. ბრალდებულმა განაცხადა, რომ იცოდა დაზარალებული ამ ჩანაწერს რომ აკეთებდა, რაშიც ხელი არ შეუშლია, თუმცა ჩანაწერი არასრულია, რადგან სხვა ფრაზებიც წარმოთქვა. და, ბოლოს, გაურკვეველია ვინ, როდის საუბრობს ჩანაწერში, ასევე ბუნდოვანია რა ტიპის კონფლიქტს აქვს ადგილი, ასევე კონფლიქტის კონტექსტი და წინაპირობები.

 

3.19. სასამართლო აღნიშნავს, დაზარალებულ თ-------------–---–ის ჩვენების არარსებობის (უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე) პირობებში, დაზარალებულ მ-----------–---–ის ჩვენების საპირწონედ, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა მუქარის რეალურობა, იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ დაზარალებულებს თ----- და მ-----------–---–ებს მართლაც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების შიში, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მოწმე-პოლიციელები, კერძოდ გ--------------–---–ია (გამოკითხა თ-------------–---–ი), გ------------------–---–ი (გამოკითხა დაზარალებული მ-----------–---–ი), ლ-–--–---------ა (პოლიციის განყოფილებაში ნახა დაზარალებულები), რომლებმაც დაადასტურეს, რომ დაზარალებულები პოლიციაში ყოფნისას/გამოკითხვის პროცესში იყვნენ აღელვებულები და შიშობდნენ, რომ ბრალდებული მუქარას რეალურად განახორციელებდა. კერძოდ:

 

3.20. მოწმე გ--------------–---–იამ (დეტექტივ-გამომძიებელი) დაადასტურა, რომ მ---–-----------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, მან გამოკითხა თ-------------–---–ი, რომელმაც აღნიშნა რომ მ---–-----------ის მხრიდან ეჭვიანობის ნიადაგზე, მის მიმართ ხორცილდებოდა სისტემატური ძალადობა. მან გამოკითხა ასევე ბრალდებულისა და დაზარალებულის შვილი - ნ----------ი, რომლის ჩვენებით, მ---–-----------ი საცემად გაიწია თ-------------–---–ისკენ და სწორედ მან გააშველა მშობლები. თ----- და მ-----------–---–ები მ---–-----------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის და მუქარის გამო შიშობდნენ, რომ ეს უკანასკნელი მუქარას რეალურად შეასრულებდა. თ-------------–---–ის განცხადებას ერთვოდა CD დისკი, რომელზეც, თ-------------–---–ის განცხადებით, ასახული იყო მეუღლესთან კონფლიქტი, რაც მან მოგვიანებით დაათვალიერა. ჩანაწერში ისმოდა ხმამაღალი საუბარი. მან გამოიტანა დადგენილება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე, თუმცა თ----- და მ-----------–---–ებმა კატეგორიული უარი განაცხადეს ექსპერტიზის ჩატარებაზე, ასევე უარი განაცხადეს დაზარალებულებად ცნობის შემდეგ დადგენილების ჩაბარებასა და უფლებების განმარტებაზე, რაც მათ ფოსტით გაეგზავნათ, თუმცა ჩაბარების დასტური საქმეში არ მოიპოვება.

 

3.21. მოწმე გ------------------–---–მა (გამომძიებელი) დაადასტურა, რომ მ---–-----------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მან გამოკითხა დაზარალებული მ-----------–---–ი და დანიშნა მის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, თუმცა დაზარალებულმა უარი განაცხადა ექსპერტიზის ჩატარებაზე. მ-----------–---–მა განუმარტა, რომ მ---–-----------ი მას და მის დას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და დაინვალიდებით. კონფლიქტის მიზეზი იყო ბრალდებულის ეჭვიანობა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მ-----------–---–ი მუშაობდა შეუფერებელ ადგილზე, ასევე ამორალურად მიაჩნდა მისი ურთიერთობა ყოფილ მეუღლესთან. მან, გამოძიების დაწყებიდან მალევე გამოკითხა დაზარალებული, რომელიც ფაქტის გახსენებისას იყო შეშინებული, ხმა უკანკალებდა. თ-------------–---–ი არ გამოუკითხავს, თუმცა ფიზიკურად ნახა და დაზიანება არ შეუმჩნევია.

 

3.22. მოწმე ლ-–--–---------ამ (დეტექტივ-გამომძიებელი) დაადასტურა, რომ 2018 წლის 31 მაისს ღამის საათებში იყო სამსახურში, რა დროსაც პოლიციის განყოფილებას მიმართეს მ--- და თ-------------–---–ებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მ---–-----------ი ემუქრებოდათ მოკვლით და ჯანმრთელობის დაზიანებით, ეუბნებოდათ, რომ დააინვალიდებდათ. დაზარალებულები კანკალებდნენ, იყვნენ აფორიაქებულები და შეშინებულები, რომ ბრალდებული მუქარას მართლა განახორციელებდა. დაზარალებულებს ვიზუალურად ძალადობის კვალი არ ეტყობოდათ. მას დაზარალებულები პირადად არ გამოუკითხავს.

 

3.23. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზოგადად მუქარა შიშისმომგვრელიც რომ იყოს, თუ დაზარალებულს სუბიექტურად არ გაუჩნდა მისი განხორციელების რეალური შიში, წარმოუდგენელია სხვა რაიმე მტკიცებულებით იმის უტყუარად დადასტურება, რა განიცადა დაზარალებულმა, რამდენად იყო მუქარის ფაქტი მისი აღქმით საფრთხის შემცველი, ხომ არ ჰქონდა ადგილი სიტყვების დაუფიქრებელ წამოცდენას, რასაც არაფერი აქვს საერთო დაზარალებულის დათრგუნვასთან და ზოგადად დანაშაულთან.

 

3.24. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა მ---–-----------ის მიერ მეუღლეზე - თ-------------–---–ზე და მეუღლის დაზე - მ-----------–---–ზე განხორციელებული მუქარის ფაქტი, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

ბ) ბრალდებულ მ---–-----------ის მიერ, 2018 წლის მაისის ბოლო რიცხვებში, მის მეუღლეზე - თ-------------–---–ზე განხორციელებული ძალადობის, კერძოდ, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ---–-----------მა, ეჭვიანობის ნიადაგზე ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელის მტევანი სახის არეში მის მეუღლეს თ-------------–---–ს, დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მ-----------–---–ის ირიბი ჩვენება, რომელმაც აღნიშნა, რომ მ---–-----------ის დაკავებამდე ერთი კვირით ადრე მისმა დამ გაანდო, რომ მეუღლემ ხელი გაარტყა სახეში.

 

3.25. სასამართლოს მეუღლეზე ძალადობის ბრალდების ფარგლებში ასევე წარედგინა მოწმე-პოლიციელების ირიბი ჩვენებები, კერძოდ: გ--------------–---–იას ჩვენება, ვინც უშუალოდ გამოკითხა დაზარალებული თ-------------–---–ი, რომელმაც გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მ---–-----------ი ეჭვიანობის ნიადაგზე სისტემატიურად ძალადობდა მასზე. ასევე გამოკითხა დაზარალებულისა და ბრალდებულის შვილი ნ----------ი, რომლის ჩვენებით მ---–-----------ი საცემად გაიწია თ-------------–---–ისკენ.

 

3.26. მოწმე ვ---------–-------–---–მა (დეტექტივ-გამომძიებელი) დაადასტურა, რომ 2018 წლის 31 მაისს ო-------------–--თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მ--- და თ-------------–---–ების განცხადებით, მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოცხადდა თ---–--–-----–----------------------------------------------------ში. მათი მისვლისას კონფლიქტი იყო უკვე ამოწურული. ადგილზე დახვდათ მ---–-----------ი, რომელიც დააკავეს, რადგან დაზარალებულების გადმოცემით, შესაძლებელი იყო მას ჩაედინა ახალი დანაშაული.

 

3.27. მოწმე ფ------------------–---–მა (გამომძიებელი) დაადასტურა, რომ 2018 წლის 31 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პოლიციას განცხადებით მიმართა თ-------------–---–მა, რომლის განმარტებით მისი მეუღლე მ---–-----------ი ძალადობდა მასზე და მის დაზე. ასევე მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მ---–-----------ი აპირებდა მიმალვას. მან გამოკითხა ოპერატიული ინფორმაციის მიმღები -პატაკის ავტორი პირი.

 

3.28. სასამართლოს ასევე წარედგინა განცხადება (31.05.2018), რითაც ირკვევა, რომ 2018 წლის 31 მაისს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–-----------– განყოფილებას განცხადებით მიმართა თ-------------–---–მა, რომლის თანახმად მისი მეუღლე მ---–-----------ი ოჯახში ემუქრებოდა როგორც მას, ასევე მის დას მ-----------–---–ს სიცოცხლის მოსპობით, ასევე ორივეს აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რასაც აქვს სისტემატური ხასიათი. 2018 წლის 31 მაისს მას და მის დას მ-----------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ორივეს წვდა თმებში, რა დროსაც განიცადეს ფიზიკური ტკივილი, რის გამოც კიოდნენ და რომ არა მისი შვილი ნ----------ი, რომელმაც მოახერხა მათი გაშველება, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა უცნობია. ასევე, კომპაქტ დისკზე ჰქონდა მისი მეუღლის მხრიდან განხორციელებული აუდიო ჩანაწერი, რომელზეც დაფიქსირებულია მეუღლის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტი.

 

3.29. სასამართლო კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა თ-------------–---–მა და მოწმე ნ----------მა არ მისცეს ჩვენება სასამართლოს და ასევე დაზარალებულმა თ-------------–---–მა უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე, რითაც შესაძლებელი იქნებოდა, როგორც მინიმუმ, მსხვერპლზე ძალადობის ობიექტური კვალის არსებობა/არარსებობის დადასტურება.

 

3.30. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

3.31. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე-პოლიციელები, ისევე როგორც დაზარალებული მ-----------–---–ი, არ არიან თ-------------–---–ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტის შემსწრეები (თვითმხილველები), შესაძლოა ამ მოწმეებმა ნახეს დაზარალებულები, გამოკითხეს ისინი და შეექმნათ გარკვეული შთაბეჭდილება მათ ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, თუმცა, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების - თ-------------–---–ის მიმართ ძალადობის, კერძოდ სახის არეში გაშლილი ხელის მტევნით ძლიერად დარტყმის ფაქტის არსებობა/არარსებობის და საბოლოო ჯამში ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენის თვალსაზრისით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას).

 

3.32. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

3.33. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53.).

 

3.34. შესაბამისად, ამ ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ, როდესაც მტკიცების ტვირთი სწორედ ბრალდების მხარეს აკისრია, არის ძალიან დაბალი და სასამართლო ვერ დაეყრდნობა მათ გადაწყვეტილების მიღებისას.

 

3.35. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის მაისის თვის ბოლოს მ---–-----------ის მიერ მის მეუღლეზე - თ-------------–---–ზე ძალადობის ფაქტი და ამდენად, მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია იმაზე მსჯელობა, რაოდენ გაუჭირდებოდა სასამართლოს დაზარალებულ თ-------------–---–ის ჩვენების გარეშე იმის ობიექტურად დადგენა, განიცადა თუ არა მსხვერპლმა შესაძლო ძალადობის შედეგად ტკივილი.

 

3.36. სასამართლო ასევე ამახვილებს ყურადღებას ბრალდებულ მ---–-----------ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ 25 წელია, რაც თ-------------–---–ის ქმარია. მის ოჯახში წლებია, ცხოვრობს მისი ცოლისდა - მ-----------–---–ი, რომელიც მისი აკრძალვის მიუხედავად განაგრძობდა ურთიერთობას მამაკაცთან, რომელიც იყო ნარკომანი და თაღლითურად გამოსტყუა მას თანხა. ამ ურთიერთობას მას ცოლიცა და ცოლისდაც უმალავდნენ, სანამ იგი თავად არ შეესწრო მათ შეხვედრას. მისი მეუღლე არის ალალი ადამიანი და პოლიციას დის გავლენით მიმართა. მას ცოლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ცოლს ხელით არ შეხებია. მან ცოლს და ცოლისდას უთხრა, მოგკლავთ, ასე აღარ მოიქცეთო, მაგრამ ამ მუქარის შესრულებას არ აპირებდა. მისი ცოლი ორი დღის განმავლობაში ტელეფონით იწერდა მათ საუბარს, როდესაც იგი ბრაზობდა ცოლისდის საქციელზე. მისი დაკავების დღეს განხორციელებულ ჩანაწერში მონაწილეობს მისი ვაჟიც - ნ----------ი, რა დროსაც მეუღლე აღიზიანებდა მას, თუმცა საკუთარ ხმას არ იწერდა. ჩანაწერში იგი მეუღლეს ,,მოგკლავო“ არ ეუბნება, მხოლოდ აგინებს. გარდა ამისა ჩანაწერში არ არის სრულად ასახული მათი საუბარი. მის დაკავებამდე ცოლიცა და ცოლისდაც ფინანსურად მასზე იყვნენ დამოკიდებულები.

 

3.37. სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა დაკვირვებოდა ბრალდებულის ქცევას ჩვენების მიცემისას, შეეფასებინა მისი გულწრფელობა მხარეთა მიერ როგორც პირდაპირი ასევე ჯვარედინი დაკითხვისას და მიაჩნია, რომ ბრალდებული იყო გულწრფელი, როდესაც მის საზიანოდ, თავადვე დაადასტურა ცოლსა და ცოლისდაზე მუქარის ფაქტი, რისთვისაც ბოდიშიც მოიხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ მუქარა გამოწვეული იყო ყოფითი მღელვარებით და მის რეალურად განხორციელებას არ აპირებდა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ობიექტური საფუძველი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა ბრალდებულის ჩვენების სანდოობას.

 

3.37. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა - თ-------------–---–მა და მოწმე ნ----------მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, ასევე თ-------------–---–მა არ ჩაიტარა სამედიცინო ექსპერტიზა ძალადობის კვალის დასადგენად, ხოლო დაზარალებულმა მ-----------–---–მა კატეგორიულად გამორიცხა ბრალდებულის მხრიდან მუქარის რეალურად აღქმა, სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა მ---–-----------ის მხრიდან მეუღლეზე და მეუღლის დაზე განხორციელებული მუქარის და ასევე მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტის დადგენა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.

 

4.2. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია და არც მხარეები ხდიდნენ სადავოდ, რომ მ---–-----------ი და თ-------------–---–ი არიან მეუღლეები, ხოლო თ-------------–---–ის და - მ-----------–---–ი მუდმივად ცხოვრობდა მათთან და ისინი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას ანუ ისინი არიან ოჯახის წევრები.

 

4.4. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).

 

4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე მ---–-----------ს ედავებოდა, რომ 1) 2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ-------–-------–------------------------------------------------ში, მ---–----------- ჯანმრთელობის დაზიანებით, დაინვალიდებით დაემუქრა თავის მეუღლეს - თ-------------–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 2) 2018 წლის 31 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ-------–-------–-------------------------------------------------ში, მ---–----------- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი მეუღლის დას - მ-----------–---–ს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რა დროსაც მ-----------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის მხოლოდ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა არც აპირებდეს მის განხორციელებას, თუმცა დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება №590აპ.-09) დაზარალებულისთვის აღძრული შიშის საფუძვლიანობის შეფასების დროს სასამართლო ითვალისწინებს ისეთ ობიექტურ კრიტერიუმებს, როგორიც არის მთლიანობაში ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერობა, ნორმად ქცეული კინკლაობა, ხშირი ჩხუბი და შერიგება, დაზარალებულის ქცევა ქმედების შემდგომ, რომელიც იცინოდა და სურდა ბრალდებულთან ერთად გართობის გაგრძელება. თუმცა სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმს, როგორიც არის დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა, ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა.

 

4.7. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რასაც არც თავად ბრალდებული მ---–-----------ი უარყოფს, რომ იგი მართლაც დაემუქრა მეუღლეს და მეუღლის დას - მოგკლავთ ასე თუ გააგრძელებთო, თუმცა უტყუარად ვერ დადგინდა, რომ მ---–-----------ის სიტყვების გამო თ----- და მ-----------–---–ებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

4.8. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რასაც არც თავად ბრალდებული მ---–-----------ი უარყოფს, რომ იგი მართლაც დაემუქრა მეუღლეს და მეუღლის დას (მოგკლავთ ასე თუ გააგრძელებთო), თუმცა უტყუარად ვერ დადგინდა, რომ მ---–-----------ის სიტყვების გამო თ----- და მ-----------–---–ებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში, ვინაიდან თ-------------–---–მა არ მისცა ჩვენება სასამართლოს, ხოლო მ-----------–---–მა კატეგორიულად უარყო ასეთის არსებობა.

 

4.9. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება, ისეთი მტკიცებულებით, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად ექსპერტის დასკვნა, შეუძლებელია, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დაბალი ფასი ჰქონდეს ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებსაც კი, ვინაიდან დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია მსხვერპლის მიერ რეალობის სწორედ მისეული აღქმა. ამდენად, მუქარის დროს, დაზარალებულის ჩვენება არის სწორედ ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომლის საპირწონე სამხილის მოძიება, ძალიან რთულია. ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა მ---–-----------ის მიერ მეუღლეზე და მეუღლის დაზე განხორციელებული მუქარა, რითაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

4.10. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

4.11. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე მ---–-----------ს ასევე ედავებოდა 3) 2018 წლის მაისის თვის ბოლო რიცხვებში, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ-------–-------–-------------------------------------------------ში, მ---–-----------მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის თ-------------–---–ის მიმართ, კერძოდ, ეჭვიანობის მოტივით უწოდა მას მსუბუქი ყოფაქცევის ქალი და თ-------------–---–ის მხრიდან შეპასუხების ნიადაგზე, ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელის მტევანი სახის არეში, მარჯვენა ლოყაზე, რა დროსაც თ-------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით ვერ დადასტურდა ვერც დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის არსებობა და შესაბამისად ვერც მართლსაწინააღმდეგო შედეგი. სასამართლოში წარმოდგენილი ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ვერ ადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მ---–-----------მა ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე - თ-------------–---–ზე და მითუფრო გაშლილი ხელის მტევანი ძლიერად დაარტყა მას სახეში. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც სახეზე არ გვაქვს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა (ქმედება), სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს განიცადა თუ არა დაზარალებულმა ტკივილი (დანაშაულის შედეგი).

 

4.14. სასამართლო, აქვე აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რისი დადასტურება შესაძლებელია ისეთი მტკიცებულებით, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად დაზარალებულის ან თუნდაც ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები ან/და ექსპერტის დასკვნა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებულმა რომელმაც არ მისცა ჩვენება სასამართლოსთვის, ფაქტს არ ჰყავს თვითმხილველი მოწმეები და დაზარალებულმა არ ჩაიტარა ექპერტიზა, იმის უტყუარად მტკიცება განიცდიდა თუ არა დაზარაალებული ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას არის ძალიან რთული. ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა მ---–-----------ის მიერ მეუღლეზე ძალადობის ფაქტი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

4.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

 

4.16. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

4.18. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

4.19. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ---–-----------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით (თ-------------–---–ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით (მ-----------–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

5. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

5.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: CD დისკი, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ---–-----------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით (დაზარალებულ თ-------------–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით (დაზარალებულ მ-----------–---–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. მ---–-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, მ---–-----------ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. ნივთმტკიცება - CD დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე