გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.12.2018
საქმის ნომერი
340210018002520866
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №340210018002520866

საქმე №2/548-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.11.2018 წელი, ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე იოსებ აბრამიძე

სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი

მოსარჩელე - სსიპ სა----------------–------------------------ო

წარმომადგენელი - გი-------------–--ე, თა----------–---–ი-ოთ----–---–ი, გი-----ი ჩე-------ა

მოპასუხე - გი-----ი ღო-----–-–---–ი

დავის საგანი - სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე გი-----ი ღო-----–-–---–ისათვის მოსარჩელე სა----------------–------------------------ოს სასარგებლოდ 14 500 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2016 წლის 24 ნოემბერს, გი-----ი ღო-----–-–---–ი საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ბალანსზე რიცხული „M--------------“-ის მარკის სამსახურებრივი ავტომობილით მოძრაობდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბა-----–--ეში, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გადავდა საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ბუნებრივი აირის მილს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს ავტომანქანაში მყოფმა პირებმა, ხოლო ავტომობილი „M--------------“ დაზიანდა იმდენად, რომ სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, მისი აღდგენა მიზანშეწონილი არ არის, ხოლო მისმა საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 14 500 ლარი.

 

გი-----ი ღო-----–-–---–ის მიმართ გამოყენებული იქნა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული ღონისძიება - განრიდება. ამასთან, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით, გი-----ი ღო-----–-–---–ს გამოეცხადა სასტიკი საყვედური.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ არ ცნო სარჩელი. მან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნულ დღეს იგი არ მორიგეობდა და მაინც გამოიძახეს. როგორც მოპასუხემ მიუთითა, ავტომანქანა იყო ტექნიკურად გაუმართავი, ჰქონდა მუხრუჭების პრობლემა, ავტომანქანის საბურავები არ შეესაბამებოდა ზამთრის სეზონს და იყო ზაფხულის, გზები იყო მოყინული, რის შესახებაც მან არაერთხელ მიმართა ხელმძღვანელობას, თუმცა აღნიშნულზე რაგირება არ ყოფილა. ამიტომ მოყინულ გზაზე მოცურდა ავტომობილი და შეეჯახა მილს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 24 ნოემბერს, გი-----ი ღო-----–-–---–ი საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ბალანსზე რიცხული „M--------------“-ის მარკის სამსახურებრივი ავტომობილით მოძრაობდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბა-----–--ეში, რა დროსაც, ავტომობილი გადავდა საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ბუნებრივი აირის მილს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- გი-----ი ღო-----–-–---–ის წერილობითი-ახსნა განმარტება (ს.ფ 19-20);

- შსს მოსამსახურეების მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დასკვნა (ს.ფ. 14-17).

 

3.1.2. ზემოაღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, შეწყდა გამოძიება და გი-----ი ღო-----–-–---–ის მიმართ გამოყენებული იქნა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული ღონისძიება - განრიდება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- გი-----ი ღო-----–-–---–ის წერილობითი ახსნა-განმარტება (ს.ფ. 19-20);

- შსს მოსამსახურეების მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დასკვნა (ს.ფ. 14-17).

 

3.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა სა----------------–------------------------ოს კუთვნილი ავტომანქანა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- გი-----ი ღო-----–-–---–ის წერილობითი ახსნა-განმარტება (ს.ფ. 19-20);

- შსს მოსამსახურეების მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დასკვნა (ს.ფ. 14-17);

- ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა.

 

3.1.4. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული, მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის აღდგენა, შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ტექნიკური თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არ არის, ხოლო ავტომანქანის აღდგენითმა ღირებულებამ, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, შეადგინა 14 500 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 დეკემბრის №007484817 დასკვნა; ს.ფ 22-25

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 დეკემბრის №007613317 დასკვნა. ს.ფ 26-32

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გი-----ი ღო-----–-–---–მა ვერ უზრუნველყო სსიპ სა----------------–------------------------ოს ბალანსზე რიცხული „M--------------“ მარკის ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა. შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია გი-----ი ღო-----–-–---–ის ბრალეული ქმედებით.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სსსკ 102-ე მუხლი).

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, შსს მოსამსახურეების მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე დასკვნით და „დისციპლინური წესით სახდელის შეფარდების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ სა----------------–------------------------ოს დირექტორის 2017 წლის 16 აგვისტოს №1965238 ბრძანებით დასტურდება, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო გი-----ი ღო-----–-–---–ის ბრალეული ქმედებით (სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), ხოლო მოპასუხე გი-----ი ღო-----–-–---–ს, ზეპირი განმარტების გარდა, არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა მის ბრალეულობას აღნიშნულ შემთხვევაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სა----------------–------------------------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე გი-----ი ღო-----–-–---–ს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად 14 500 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 414-ე, 999-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

 

მოსარჩელის მოთხოვნა, რაც დაკავშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანის დაზიანებასთან, უნდა შეფასდეს მითითებული ნორმის საფუძველზე.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება, რაც გამოიხატება მისი კუთვნილი ავტომანქანის დაზიანებაში, გამოწვეულია გი-----ი ღო-----–-–---–ის ბრალეული ქმედების შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი ნორმის თანახმად, აუცილებელია, რომ მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება დაზიანებული ავტომანქანის აღდგენას. მოსარჩელის დაზიანებული ავტომანქანა აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო მისი საბაზრო ღირებულება შეადგენს 14500 ლარს, ზიანის ოდენობა სწორედ ამ თანხით უნდა განისაზღვროს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოთხოვოს ვალდებულების შესრულება გი-----ი ღო-----–-–---–ს მოსარჩელის წინაშე, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესასრულებლად კი უნდა დაეკისროს 14 500 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 435 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ სა----------------–------------------------ოს სარჩელი მოპასუხე გი-----ი ღო-----–-–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე გი-----ი ღო-----–-–---–ს დაეკისროს მოსარჩელე სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვს სააგენტოს სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით, 14 500 (თოთხმეტიათას ხუთასი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე გი-----ი ღო-----–-–---–ს დაეკისროს მოსარჩელე სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვს სააგენტოს სასარგებლოდ, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 435 (ოთხას ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე იოსებ აბრამიძე