განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №110100118002740950
№1/256-2018
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - გ---–- ტ--------;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ----- ბ--------ის ძე ფ----------ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ს-–----–-- განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ---------------------–------------------------;
ადვოკატი - თ----- ო------------;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ - 2018 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი); 2) საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ - 2018 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლეების - ე-–--- ო----- და მ-----– ბ----–---–-- 2018 წლის 2------ის დადგენილებებით, წიაღით უკანონო მოპოვებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულმა დ----- ფ----------ემ, 2018 წლის 24 აგვისტოს, ქ.ზესტაფონში, ე.წ. ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ მოიპოვა 20 კგ. სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი, რითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 200.03 ლარი.
2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლეების - ე-–--- ო----- და მ-----– ბ----–---–-- 2018 წლის 2------ის დადგენილებებით, წიაღით უკანონო მოპოვებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულმა დ----- ფ----------ემ, 2018 წლის 8 სექტემბერს, ქ.ზესტაფონში, ე.წ. ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, განმეორებით, უკანონოდ მოიპოვა 3290 კგ. სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი, რაც გადაჰქონდა "ფ------ ტ-----------" მარკის სახელმწიფო ნომრით S------B- ავტომანქანით. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 203.09 ლარი.
3. დ----- ფ----------ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
4. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
5. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
6. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24-------–ი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).
7. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
8. სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ფ----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: მოწმეების - გ--- ყ-----------, ი-–-- ხ---------, ზ------ მ---------–----, თ------- ც--------, დ--–- კ------–---–-- და გ------- გ-------- გამოკითხვის ოქმები; ამოღების ოქმები; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2----–-–----------------ის, 1---------ის, 7----------ის, 2----–-–------------ის, 2-----------–-ს, 2--------ის, 4-------–ის და 2------ის დადგენილებები დ----- ფ----------ის მიმართ; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მიმართვები, თანდართული მასალებით დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
9. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია დ----- ფ----------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
სამართლებრივი შეფასება:
10. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის დაცვასთან. დანაშაულის საგანია სასარგებლო წიაღისეული, რომელზე ზემოქმედებითაც ხდება დანაშაულის ჩადენა. საქართველოს წიაღი სახელმწიფო საკუთრებაა. წიაღის სახელმწიფო ფონდის შეადგენს საქართველოს ტერიტორიაზე, მის კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული წიაღი. წიაღის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვა სახელმწიფოს პრეროგატივაა. წიაღით უკანონო სარგებლობად ჩაითვლება წიაღით სარგებლობა ლიცენზიის გარეშე. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, თუკი პირს ასეთი ქმედებისათვის დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს ადმინისტრაციული პრეიუდიცია. დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი, რომელიც მიცემული იყო ადმინისტრაციულ პასუხისგებაში ამავე ქმედებისათვის და ერთი წელი არაა გასული ამ პასუხისმგებლობიდან. მოტივსა და მიზანს ქმედების ამ დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არ აქვს მნიშვნელობა და მისი დადგენა საჭიროა მხოლოდ სასჯელის ინდივიდუალიზაციისათვის.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებებით დ----- ფ----------ემ ჩაიდინა: 1) წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი)); 2) წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი)).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
12. დ----- ფ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
13. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
14. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ----- ფ----------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, არ არის ნასამართლევი, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ოჯახში ცხოვრობს მამასთან და დასთან ერთად, დასაქმებული მხოლოდ და არის და ოჯახის შემოსავალი თვეში განისაზღვრება 200 ლარით. შესაბამისად, ბრალდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის გათვალისწინებით, დ----- ფ----------ეს საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) ჩადენილი დანაშაუისათვის, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით (თითოეული ეპიზოდისათის). იმის გათვალისწინებით, რომ მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბ--- წ------–---–-, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია დ----- ფ----------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ 1 (ერთი) წლის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდა, რაც პირიქით, შეიძლება კონპროდუქტიული იყოს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სხვა, ნაკლებად მკაცრი სასჯელით - ჯარიმით, ვერ იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს სსკ 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა, ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მიუხედავად დ----- ფ----------ის მიმართ დანიშნული ადმინისტრაციული სახდელებისა (ჯარიმისა), ის კვლავ განაგრძობდა სამართალდარღვევების ჩადენას და ადმინისტრაციული ჯარიმები არის აღუსრულებელი, ვინაიდან ის რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში. შესაბამისად, დ----- ფ----------ის მიმართ დანიშნული უნდა იქნეს ისეთი სასჯელი, რომელიც იქნება ადეკვატური (აღსრულებადი) და შეძლებს დააფიქროს დ----- ფ----------ე უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
15. საქართველოს სსკ 52-ე მუხლის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა სასამართლოს მიერ ინიშნება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზეა დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვება, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ფ----------ეს დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას - 3310 კილოგრამის ოდენობით სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი (რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში).
16. რაც შეეხება ავტომანქანის ჩამორთმევას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ 52-ე მუხლის შესაბამისად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებაზე (2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება N68აპ-18, სამოტივაციაო ნაწილი, პარაგრაფი N7), სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ "საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს სსკ 52-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ნივთის ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად. ბ-ი ე-ის შემთხვევაში სსკ 52-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული არცერთი პირობა არ დგინდება. გარდა ამისა, „ზ-“ მარკის ავტომობილი, რომლის ჩამორთმევასაც ითხოვს ბრალდება, წარმოადგენს არა ბ-ი ე-ის, არამედ ა. ჩ-ის საკუთრებას. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებით კი არ დგინდება, რომ ა. ჩ-მა იცოდა, თუ რა მიზნით უნდა გამოეყენებინა ბ-ი ე-ს ავტომობილი. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ხსენებული ავტომანქანის ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოყენების საფრთხე. ასევე, არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლში დასახელებული სხვა რომელიმე გარემოებაც, რაც შეიძლება გამხდარიყო ავტომობილის ჩამორთმევის საფუძველი" (ასევე, იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის 167აპ-18 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3). მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქმეზე ამოღებული ავტომანქანა არ წარმოდგენს დ----- ფ----------ის საკუთრებას და ამასთან, ზ------ მაგრაქველიძემ არ იცოდა, რომ დ----- ფ----------ის მიერ უკანონოდ იყო მოპოვებული სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, არ არსებობს საქართველოს სსკ 52-ე მუხლში დასახელებული რომელიმე გარემოება, რაც შეიძლება გამხდარიყო ავტომობილის ჩამოართმევის საფუძველი.
ნივთიერი მტკიცებულებები:
17. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ----- ფ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი), სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 24 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, დ----- ფ----------ეს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - 3310 კილოგრამის ოდენობით სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი (რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა, საქართველოს სსკ 299-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქას მეორე სასჯელი და საბოლოოდ დ----- ფ----------ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელი ქონების ჩამორთმევა (სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვას - 3310 კილოგრამის ოდენობით სილიკო მანგანუმის ქერქული ნარჩენი (რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში));
დ----- ფ----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, დ----- ფ----------ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
საქმეზე დართული ნივთები და საგნები: საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, რომლიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
,,F--- T------’’-ის მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით S------B-, რომელიც განთავსებულია ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს ეზოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე