გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/30723-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2018 წელი თბ--–--ი
თბ--–--ის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - ირ----–----ე
წარმომადგენელი - და------–-------ე
მოპასუხე - შპს „ყა-----------------------“
წარმომადგენლები - თო--------------ე, ან--–------–---–ი
დავის საგანი - სარჩოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ყაზ-----------------–--ს“ ირ----–----ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის სიცოცხლის განმავლობაში, დაეკისროს სარჩოს სახით ყოველთვიურად - 400 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის 18 ნოემბერს ქ. თბ--–--–----------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის შეჟონვისა და დაგროვების გამო, მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც 2014 წლის 30 ნოემბერს გარდაიცვალა მოსარჩელე ირ----–----ის შვილი - ილ--------–----ე.
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეზე მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება (18.11.2014) და 2014 წლის 18 ნოემბერს დაინიშნა აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა. 2014 წლის 15 დეკემბრის №6-0/ამ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 1. ქ. თბ--–--–----------–---–------------ში განთავსებულ საცხოვრებელ სახლში მოხდა დო---–---–ის ქუჩაზე არსებული ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელიდან ბინაში შეჟონილი და დაგროვილი ბუნებრივი აირის დეტონირება (აფეთქება); 2. სსს მასალებიდან ირკვევა, რომ აფეთქების მაინიცირებელი იყო ანთებული სიგარეტი რასაც მოჰყვა ბუნებრივი აირის დეტონირება; 2014 წლის 05 დეკემბერს პროკურატურის მიერ შპს „ყა-----------------------დან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია დო---–---–ის ქუჩაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესახებ.
სისხლის სამართლის საქმეზე დღემდე არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და მიმდინარეობს გამოძიება.
2014 წლის 18 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ბინაში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის საკომუნიკაციო ქსელიდან ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებიდან ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტი არ დაფიქსირებულა. არამედ, ადგილი ჰქონდა სათავსოში შეჟონილი და დაგროვილი აირის მოცულობით აფეთქებას. ბუნებრივი აირის შეჟონვა დაფიქსირდა ბინის სააბაზანო ოთახის იატაკში ჩამონტაჟებული ტრაპიდან. ექსპერტიზის დასკვნით, ასევე დგინდება, რომ დაზიანებული იყო ბუნებრივი აირის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები და აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები. აღნიშნული დაზიანებები აღმოჩენილ და აღმოფხვრილ იქნა მოპასუხე შპს „ყა-----------------------ს“ შესაბამისი სამსახურის მიერ. დაზიანებული მილები წარმოადგენდა შპს „ყა-----------------------ს“ საკუთრებას.
აღნიშნული გარემოებებიდან უტყუარად დასტურდება, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს მოპასუხე შპს „ყა-----------------------“, რადგან მოპასუხემ არ უზრუნველყო მომეტებული საფრთხის წყაროს სათანადო მოვლა-პატრონობა, რამაც საბოლოოდ გამოიწვია აფეთქება და ილ--------–----ის გარდაცვალება.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ილ--------–----ის სიკვდილის მიზეზია სხეულის 90%-მდე ფართის III-IV ხარისხის და ზემო სასუნთქი გზების თერმო-ინჰალაციური დამწვრობა. აღნიშნული დამწვრობა განვითარდა რაიმე მაღალი ტემპერატურის (ალი) ადგილობრივი, სიცოცხლის დროინდელი ზემოქმედების შედეგად. მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან. ამდენად, ილ--------–----ე გარდაიცვალა გაზის აფეთქების შედეგად მიღებული დამწვრობის გამო, 2014 წლის 30 ნოემბერს.
ილ--------–----ე იყო მოსარჩელე ირ----–----ის შვილი. ირ----–----ე ცხოვრობდა ილ--------–----ესთან და მის ოჯახთან ერთად. მოსარჩელის ერთადერთ მარჩენალს სწორედ ილ--------–----ე წარმოადგენდა. შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხის ბრალით, დაკარგა მარჩენალი.
ირ----–----ე არის შრომისუუნარო, პენსიონერი და ფულადი გასაცემლის სახით, თვეში იღებს 180 ლარს. შემოსავლების სამსახურის წერილობითი პასუხით დგინდება, რომ მას 2014 წლიდან 2017 წლის 31 აგვისტომდე არანაირი დასაბეგრი შემოსავალი არ უფიქსირდება და ამასთან აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა. რაც შეეხება მის შვილს, ილ--------–----ე ვაჭრობდა ავტონაწილებით და ჰქონდა სტაბილური შემოსავალი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ყაზ-----------------–--მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. თუმცა, მან მხოლოდ აბსტრაქტულად, შესაბამისი დასაბუთების გარეშე მიუთითა, რომ არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
ამასთან, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2014 წლის 18 ნოემბერს თბ--–--–----------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქება არ მომხდარა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად. გაზსადენზე დაშენებული იყო წყლის ჭა, რამაც გამოიწვია მათი დაზიანება. ამასთან, მოსარჩელე ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ილ--------–----ე წარმოადგენდა მის ერთადერთ მარჩენალს. ასევე, გაუგებარია თუ რის საფუძველზე ანგარიშობს მოსარჩელე სარჩოს ოდენობას ყოველთვიურად 400 ლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 18 ნოემბერს, ქ. თბ--–--–----------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის შეჟონვისა და დაგროვების გამო, მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ილ--------–----ე.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე, რომელზედაც შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და საქმეზე გრძელდება გამოძიება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 15.12.2014წ. ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ. 18-25);
- გარდაცვალების მოწმობა (იხ. ს.ფ. 16);
- ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პასუხი (იხ. ს.ფ. 36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 15.12.2014წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დო---–---–ის ქუჩა №2-ში განთავსებულ საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქება გამოწვეულ იქნა დო---–---–ის ქუჩაზე არსებული ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელიდან ბუნებრივი აირის სახლში შეჟონვისა და დაგროვების შედეგად. აფეთქების მაინიცირებელი იყო ანთებული სიგარეტი.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბინაში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის საკომუნიკაციო ქსელიდან და ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობიდან ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტი არ დაფიქსირებულა. შემთხვევის ადგილზე დაფიქსირებული დაზიანებების საფუძველზე დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა დო---–---–ის ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მრავლობითი დაზიანებების გამო სათავსოში შეჟონილი და დაგროვილი აირის მოცულობით აფეთქებას. ბუნებრივი აირის შეჟონვა დაფიქსირდა ბინის სააბაზანო ოთახის იატაკში ჩამონტაჟებული ტრაპიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 15.12.2014წ. ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ. 18-25);
3.1.3. გაზსადენი მილი, რომლიდანაც 2014 წლის 18 ნოემბერს ქ. თბ--–--–----------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა ბუნებრივი აირის შეჟონვა, 1959 წლიდან წარმოადგენს შპს „ყა-----------------------ს“ საკუთრებას.
სწორედ შპს „ყა-----------------------ს“ შესაბამისი სამსახურის მიერ იქნა აღმოჩენილი და აღმოფხვრილი აღნიშნული ბუნებრივი აირის მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მრავლობითი დაზიანებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 15.12.2014წ. ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ. 18-25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. ლევან სა---------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2015 წლის 11 იანვრის დასკვნის თანახმად, ილ--------–----ის სიკვდილის მიზეზია სხეულის 90%-მდე ფართის III-IV ხარისხის და ზემო სასუნთქი გზების თერმო-ინჰალაციური დამწვრობა, რაც განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის (ალი) ადგილობრივი სიცოცხლის დროინდელი ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან-სიკვდილთან.
ილ--------–----ე, ხანძრის შედეგად, გარდაიცვალა 2014 წლის 30 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლევან სა---------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 11.01.2015წ. დასკვნა (იხ. ს.ფ. 26-35);
- გარდაცვალების მოწმობა (იხ. ს.ფ. 16);
3.1.5. ილ--------–----ე (დაბადებული-20.06.1972წ.) იყო მოსარჩელე ირ----–----ის (დაბადებული-06.03.1942წ.) შვილი.
ილ--------–----ის გარდაცვალებამდე, ირ----–----ე ერთ ოჯახად ცხოვრობდა თავის შვილთან - ილ--------–----ესთან ერთად და ეს უკანასკნელი წარმოადგენდა მის მარჩენალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (იხ. ს.ფ. 17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.6. ირ----–----ე, 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია სახელმწიფო გასაცემლების მიმღებთა სააღრიცხვო ბაზაში, როგორც ასაკის საფუძვლით პენსიის მიმღები. მისი საპენსიო პაკეტი, ფულადი გასაცემლის სახით, შეადგენს თვეში 180 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.09.2017წ. ცნობა (იხ. ს.ფ. 38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.7. შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით (09.10.2017 წლის მდგომარეობით), 01.01.2014 წლიდან 31.08.2017 წლის ჩათვლით ირ----–----ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის 09.10.2017წ. ცნობა (იხ. ს.ფ. 42-43);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.8. ილ--------–----ე ვაჭრობდა ავტონაწილებით. შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, იგი 2010 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, სხვადასხვა ოდენობით იღებდა შემოსავალს. ილ--------–----ეს ბოლოს - 2014 წლის ნოემბერში აქვს მიღებული შემოვალი ხელფასის სახით - 437.5 ლარის ოდენობით (დასაბეგრი 87.5 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის 03.07.2018წ. წერილი თანდართული ამონაწერით (იხ. ს.ფ. 156-157);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.9. შპს „ყა-----------------------“ თბ--–--ში, დო---–---–ისა და სხვა ქუჩებზე მდებარე გაზსადენი მილების მოვლის/შენახვისა და შეკეთების მიზნით, პერიოდულად ახორციელებს აღნიშნული გაზსადენი მილების შემოწმებას. მსგავსი შემოწმებისას:
- გაზგამანაწილებელი ქსელის დიაგნოსტიკის 29.05.2014წ. №224/14 აქტის თანახმად, გაზსადენის მიწისქვეშა მონაკვეთზე აღმოჩენილ იქნა გაჟონვის კერები - დო---–---–ის ქუჩა 12-ში, 16-ის წინ და 34-დან 45 გადასვლაზე.
- გაზგამანაწილებელი ქსელის დიაგნოსტიკის 26.08.2014წ. №423/14 აქტის თანახმად, გაზსადენის მიწისქვეშა მონაკვეთზე აღმოჩენილ იქნა გაჟონვის კერები - დო---–---–ის ქუჩა 26-ის წინ, 45-თან, 32-თან, 23-ის მოპირდაპირე მხარეს, დო---–---–ისა და რთველაძის კუთხეში.
- გაზსადენის ავარიის (უბედური შემთხვევის) ტექნიკური აქტი №855-ის თანახმად, 2014 წლის 29 აგვისტოს დო---–---–ის ქუჩა 32-ში მოხდა ავარია (მიზეზი: მიწაში მილი მთ. კოროზირებულია), რასაც მოჰყვა გაზის დენა. აღნიშნულის საფუძველზე სარემონტო განყოფილების მიერ, გაუქმდა მიწაში კოროზირებული მილი და გაკეთდა თაღი.
- გაზსადენის ავარიის (უბედური შემთხვევის) ტექნიკური აქტი №865-ის თანახმად, 2014 წლის 02 სექტემბერს დო---–---–ისა და რთ---–---------ის კუთხეში მოხდა ავარია (ავარიის მიზეზი: ნახვრეტი კოროზ-ან დ-1სმ), რასაც მოჰყვა გაზის გადენა. აღნიშნულის საფუძველზე სარემონტო განყოფილების მიერ, კოროზირებული მილი შედუღებულ იქნა საკერებლის დადებით. გაუკეთდა იზოლაცია.
- გაზსადენის ავარიის (უბედური შემთხვევის) ტექნიკური აქტი №941-ის თანახმად, 2014 წლის 24 სექტემბერს დო---–---–ის ქ. 45-ში მოხდა ავარია (ავარიის მიზეზი: მიწაში მილი მთ. კოროზირებულია), რასაც მოჰყვა გაზის გადენა. აღნიშნულის საფუძველზე, სარემონტო განყოფილების მიერ გაუქმდა ავარიული გაზსადენი. გაკეთდა თაღი.
- გაზის მეურნეობაში გაზსაშიში სამუშაოების ჩატარების შესახებ 4956-14 30.11.2014წ. განწესის თანახმად, ადგილზე მისულ ოსტატს, დო---–---–ის და რთ---–---------ის გადაკვეთაზე, კანალიზაციისა და წყლის ჭებს შორის, დახვდა დაახლოებით 8მ2 ახალგანათხრელი ადგილი, რომელიც ბალასტით იყო შევსებული. გაიხსნა აღნიშნული ადგილი: საშ. წნევის d 100 მმ მიწისქვეშა გაზსადენზე ტრაქტორის კოშის შეხების დროს ჩნდებოდა გაჟონვის კერები, მილი იყო კოროზირებული, დაედო 14 ლატკა, დროებითი საკერებელი და მის გვერდით ჩაიდო d110 მმ პლასტმასის მილი 28მ.
დაბალი წნევის d 300 მმ მილზე დაშენებული იყო წყლის ჭა. დაშენებული წყლის ჭისა და კანალიზაციის ჭებს შორის იყო 3 ცალი კოროზირებული ადგილი (დაედო საკერებელი).
დო---–---–ის №2-ის წინ d 300 მმ დაბ. წნევის გაზსადენზე დაერთებული იყო დაახლოებით 70 სმ d 50 მმ მილი, რომელიც იყო კოროზირებული (მრავლობითი კოროზია). აღნიშნული მისამართი დაისვა კონტროლზე.
სამუშაოები დაწყო 18.11.2014წ. და დამთავრდა 29.11.2014წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტები, განწესი (იხ. ს.ფ. 89-104);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან 2014 წლის 18 ნოემბერს თბ--–--–----------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქება არ მომხდარა შპს „ყა-----------------------ს“ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად, მას არ ეკისრება დამდგარ ზიანზე პასუხისმგებლობა. (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6.2. პუნქტში)
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გარდაცვლილ - ოლ--------–----ეს გააჩნდა ირ----–----ის რჩენის ვალდებულება. (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6.3. პუნქტში)
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ირ----–----ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, მე-1000, 1006-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა - დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ამკვიდრებს და განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან, ბრალის მიუხედავად ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუკი მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციას შედეგად მოჰყვა პირის ან ნივთის დაზიანება. ამასთან, საფრთხე, მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას იმის გამო, რომ შუძლებელია მასზე ადამიანის მხრივ სრული კონტროლის განხორციელება. ამასთან, თავისი არსით ქმედება, რომელიც დაკავშირებულია მომეტებულ საფრთხესთან, დაშვებულია, მართლზომიერია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2014 წლის 18 ნოემბერს, ქ. თბ--–--–----------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ამავე ქუჩაზე არსებული დაზიანებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელიდან სათავსოში ბუნებრივი აირის შეჟონვისა და დაგროვების შედეგად, მოხდა აფეთქება. ბუნებრივი აირის შეჟონვა დაფიქსირდა ბინის სააბაზანო ოთახის იატაკში ჩამონტაჟებული ტრაპიდან. აფეთქების შედეგადაც გარდაიცვალა ილ--------–----ე.
დადგენილია ასევე და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გაზსადენი მილი, რომლიდანაც მოხდა ზემოთ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის შეჟონვა, წარმოადგენს შპს „ყა-----------------------ს“ საკუთრებას. სადავო არაა არც ის გარემოება, რომ აფეთქება მოხდა სწორედ მოპასუხის კუთვნილი გაზსადენი მილიდან გაზის საცხოვრებელ სახლში შეჟონვისა და დაგროვების შედეგად. სასამართლო, ასევე ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ ქ. თბ--–--ში, დო---–---–ის ქუჩაზე განლაგებული გაზსადენი მილების უმრავლესობა იყო დაზიანებული, კოროზირებული და საქმეში არსებული აქტების თანახმად, მუდმივად მიმდინარეობდა მათი შეკეთება. აღნიშნული გაზსადენი მილების მოვლა/პატრონობას ახორციელებდა მოპასუხე.
ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის ადგენს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის საკითხს, გაზსადენი მილის დაზიანებით გამოწვეულ ზიანზე პასუხიმგებლობის დაკისრებისათვის მნიშვნელობა არა აქვს ამ მოწყობილობის მფლობელის ბრალეულობას. კანონმდებელი დამდგარ ზიანზე პასუხისმგებელ პირად განიხილავს ამ მოწყობილობის მფლობელ პირს. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზიანი გამოწვეულ იქნა მოპასუხის კუთვნილი გაზსადენი მილიდან ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ხოლო მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ გაზსადენი მილი წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს სწორედ შპს „ყა-----------------------“.
აღნიშნულის შესაბამისად, კი სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოპასუხის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ შპს „ყა-----------------------ს“ კუთვნილი გაზსადენი მილის დაზიანება და გაზის გაჟონვა მოხდა მისი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების გარეშე, რის გამოც მას არ ეკისრება პასუხისმგებლობა დამდგარი ზიანისათვის. განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის, მნიშვნელობა არ ენიჭება ზიანის დადგომაში მოპასუხე მხარის ბრალეულობას. არსებითია მხოლოდ მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელობის საკითხი. შესაბამისად, მოპასუხე ბრალის მიუხედავად, პასუხისმგებელია ზიანის ანაზღაურებაზე (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). (მსგავსი პრაქტიკა იხ. სუსგ. №ას-543-518-2016, 23.12.2016წ.; №ას-646-617-2016, 30.09.2016წ.; №ას-485-466-2016, 16.09.2016წ.)
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.
აღნიშნულ პირთა ჩამონათვალი მოცემულია სამოქალაქო კოდექსში და ასეთებად მიიჩნევიან: დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც გარდაცვალების მომენტისათვის იმყოფებოდნენ გარდაცვლილი პირის კმაყოფაზე ანდა ჰქონდათ მისგან სარჩოს მიღების უფლება; ბავშვი, რომელიც დაიბადა დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ; ერთ-ერთი მშობელი, მეუღლე ან ოჯახის სხვა წევრი, რომელიც არ მუშაობს და დაკავებულია საოჯახო მეურნეობით, გარდაცვლილის შვილიშვილები, და-ძმები, რომლებსაც არ მიუღწევიათ სრულწლოვანებისათვის, ანდა მიაღწიეს აღნიშნულ ასაკს, მაგრამ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საჭიროებენ მოვლას. ამასთან, ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა, ეხადა სარჩო.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი თავის შვილთან, გარდაცვლილ ილ--------–----ესთან ერთად ცხოვრობდა და ეს უკანასკნელი წარმოადგენდა მის ერთადერთ მარჩენალს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
დადგენილია, რომ ქ. თბ--–--ში დო---–---–ის ქ. №2-ში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა მოსარჩელე ირ----–----ის შვილი - ილ--------–----ე. დადგენილია, ასევე, რომ ირ----–----ე არის პენსიონერი და ყოველთვიურად პენსიის სახით იღებს 180 ლარს. შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემების (09.10.2017 წლის მდგომარეობით) თანახმად, კი ირ----–----ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 01.01.2014 წლიდან 31.08.2017 წლის ჩათვლით არ ფიქსირდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ამასთან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და სოციალური პაკეტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომისუუნაროა – პირი, რომელსაც დადგენილი აქვს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ან არის 18 წლამდე ან 65 წლის და მეტი ასაკის.
ამდენად, ვინაიდან ირ----–----ე 2014 წლის 30 ნოემბრისათვის (დრო რედესაც გარდაიცვალა ილ--------–----ე) იყო 65 წელს გადაცილებული, შესაბამისად პენსიონერი, ხოლო საქმეში არსებული მასალების თანახმად, მას სხვა შემოსავალი გარდა პენსიისა არ გააჩნდა და დღემდე არ გააჩნია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ირ----–----ე წარმოადგენს სწორედ იმ პირს, რომლის რჩენის ვალდებულებაც გააჩნდა, აფეთქების შედეგად გარდაცვლილ ილ--------–----ეს. ამასთან, ილ--------–----ე გარდაცვალების მომენტისათვის იყო 42 წლის.
შესაბამისად, ვინაიდან 2014 წლის 18 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა ირ----–----ის მარჩენალი - ილ--------–----ე, ხოლო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად სამოქალაქო კანონდებლობის შესაბამისად, განსაზღვრულ იქნა შპს „ყაზ-----------------–--ი“, ეს უკანასკნელი ვალდებულია სსკ-ის 1006-ე მუხლის საფუძველზე, სარჩოს დაწესებით აუნაზღაუროს ზიანი ირ----–----ეს, რომლის რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა (იხ. გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტი).
6.4. რაც შეეხება სარჩოს ოდენობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოანგარიშებულ უნდა იქნეს სარჩენის საჭიროებებისა და მარჩენალის გარდაცვალებამდე არსებული შემოსავლის გათვალისწინებით. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ირ----–----ის ერთადერთ შემოსავალს წარმადგენს პენსია - 180 ლარი, ხოლო ილ--------–----ისათვის გარდაცვალებამდე ჩარიცხული უკანასკნელი შემოსავლის ოდენობა შეადგენდა დარიცხულ - 437.5 ლარს (დასაბეგრი 87.5 ლარი), სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ სარჩოს ოდენობა განისაზღვროს ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რა დრომდეა ძალაში რჩენის ვალდებულება. ანუ, რა დრომდე იქნებოდა ვალდებული მარჩენალი ერჩინა მის კმაყოფაზე მყოფი პირი, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლი განმარტებული უნდა იქნას იმგვარად, რომ პირის ვალდებულება არჩინოს მის კმაყოფაზე მყოფი სხვა პირი თუ პირები, მოქმედებს სწორედ მარჩენალის საპენსიო ასაკამდე. ამდენად, სარჩო მომავლის პერიოდისათვის უნდა შემოიფარგლოს გარკვეული ჩარჩოთი - კონკრეტული ვადით, როდესაც მოპასუხის ვალდებულება - ეხადა სარჩო, უნდა შეწყვეტილიყო. ასეთ თარიღს, კი სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენს - 2037 წლის 20 ივნისი, ანუ დღე, როდესაც გარდაცვლილი მარჩენალი გახდებოდა საპენსიო ასაკის - 65 წლის. (იხ. სუსგ. №ას-1166-1121-2016; 22 მაისი, 2017 წელი)
ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, პრეზუმირებულია, რომ ილ--------–----ე იმუშავებდა საპენსიო ასაკამდე, რომელიც მამაკაცებისათვის 65 წელს შეადგენს. (იხ. სუსგ №ას-789-746-2015, 22 იანვარი, 2016 წელი).
შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ირ----–----ის სარჩელი მოპასუხისათვის სარჩოს დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შპს „ყაზ-----------------–--ს“ ირ----–----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩოს სანაცვლო ანაზღაურების გადახდა მარჩენალის გარდაცვალებიდან - 2014 წლის 30 ნოემბრიდან ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით ირ----–----ის სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 2037 წლის 20 ივნისისა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მოსარჩელეები - დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე.
ამდენად, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ირ----–----ე გათავისუფლებულია სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის - 324 ლარის გადახდა.
ამასთან, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი - 432 ლარის ოდენობით, თუმცა ვინაიდან ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელე გათავისუფლებულია სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი - 432 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 36--ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ირ----–----ის სარჩელი შპს „ყა-----------------------ს“ მიმართ სარჩოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შპს „ყაზ-----------------–--ს“ მოსარჩელე ირ----–----ის (დაბადებული 1----–-–------------ს) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩოს სანაცვლო ანაზღაურების გადახდა - 2014 წლის 30 ნოემბრიდან ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით ირ----–----ის სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 2037 წლის 20 ივნისისა.
2. მოპასუხე შპს „ყაზ-----------------–--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 324 ლარის გადახდა.
3. ირ----–----ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სა---------–--------–---------------------------–--–-ის მიერ 2017 წლის 07 ნოემბერს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 432 ლარი (საგადახდო დავალება №1---------), რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბ--–--ის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე