გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2018
საქმის ნომერი
010210016001406697
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210016001406697

№2-1917/16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე - ი-----–-----–---–ი

წარმომადგენელი - პ------------–--ე

მოპასუხე - მ-----------ე

მოპასუხე - მ----------------ე

დავის საგანი - პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაცის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მოპასუხეებს მ-----------ეს და მ----------------ეს - პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი, მოპასუხეთა მიერ გავრცელებული ყველა იმ ინფორმაციის: მ-----------ე - „ი-----–-----–---–ის დახმარებით მისმა მეგობარმა თურქეთიდან ნარკოტიკი შემოიტანა“, მ----------------ე - „ნარკოტიკები, შემოვიდა თურქეთიდან ი-----–-----–---–ის მანქანით“- იმავე საშუალებით უარყოფა, რომელი საინფორმაციო საშუალებითაც ვრცელდებოდა მოსარჩელის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაცია.

 

1.2. დაეკისროთ მოპასუხეებს მ-----------ეს და მ----------------ეს სოლიდარულად მოსარჩელისათვის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წლის 28 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S.-ის მეშვეობით საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია, რომლითაც მოსარჩელე ი-----–-----–---–ი დადანაშაულებული იქნა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ მოპასუხეები მიუთითებდნენ მოსარჩელე ი-----–-----–---–ის მიერ სარფის საბაჟოს გავლით აჭარის მთავრობის ბალანსზე რიცხული ავტომანქანით ნარკოტიკების შემოტანის ფაქტს, რომელ ფაქტსაც ბუნებაში ადგილი არ ქონია.

 

მოსარჩელის მტკიცებით ამგვარი ცილისმწამებლური განაცხადი მოპასუხეთა მხრიდან გავრცელდა მხოლოდ მისი ღირსების, პატივისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის, რათა მან პირველ რიგში დაკარგოს ამომრჩევლის ნდობა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, დაკარგოს ნდობა როგორც ქართველ, ისე უცხოელ პარტნიორებთან, რაც გამოიწვევს ბათუმის საკრებულოს მუშაობის კრახს და პირად ურთიერთობებზე აგებული საერთაშორისო თუ სხვა ორგანიზაციებთან მიმდინარე თუ სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების განხორციელების საკითხის ეჭვქვეშ დაყენებას (იხ. სასარჩელო განცხადება).

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ-----------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას, როგორც იმ დროისათვის აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს წევრს, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-15 მუხლის საფუძველზე უფლება ქონდა ესარგებლა ყველა იმ ინფორმაციით, რომელიც მასში იწვევდა ლეგიტიმურ ინტერესს და მიეღო პასუხის მისთვის საინტერესო საკითხებზე. მოპასუხის განმარტებით მისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2013 წლის 20 სექტემბერს ფიქსირდებოდა შვებულებაში მყოფი მთავრობის აპარატის უფროსის, იმ დროს პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ი-----–-----–---–ის და მასზე მიმაგრებული მთავრობის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის მიერ საზღვრის კვეთა, რაც ემთხვეოდა იმავე დღეს, დროის იმავე მონაკვეთში, მისი მეგობრის კ.კ-ს მიერ საზღვრის კვეთას და ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, სარფის მიმდებარე ტეროტორიაზე დაკავებას. მოპასუხის მტკიცებით იგი სადაო გადაცემაში აცხადებდა დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე და მათ შესაძლო ურთიერთკავშირზე, რადგან არსებობდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დამთხვევა, რომელიც აჩენდა კითხვებს და იწვევდა მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, ვინაიდან მოსარჩელე გახლდათ მაღალი საჯარო თანამდებობის პირი (იხ. შესაგებელი).

 

2.2. სარჩელი არ ცნო ასევე მოპასუხე მ----------------ემ და განმარტა, რომ მას, როგორც პარლამენტის დეპუტატს უფლება ჰქონდა ესარგებლა ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელი იყო მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად და აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში შეკითხვით მიემართა მთავრობის წევრებისა და თანამდებობის პირებისათვის, შესაბამისად მიეღო მათგან პასუხი. მოპასუხის მტკიცებით, მან იმოქმედა მისი უფლებამოსილების ფარგლებში და სანდო წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია ი-----–-----–---–ის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, გააჟღერა ტელევიზიით. მოპასუხე განმარტავს, რომ ამით მან მოუწოდა სათანადო ორგანოებს შეესწავლათ აღნიშნული საკითხი და გაეცათ კითხვებზე პასუხი, დაედგინათ საქმეზე ჭეშმარიტება. (იხ. შესაგებელი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ი-----–-----–---–ი 2012-2014 წლებში მუშაობდა აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად, 2014-2016 წლებში იყო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო 2016 წლიდან დღემდე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. მოპასუხე მ-----------ე 2012-1016 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე და წარმოადგენდა პოლიტიკურ თანამდებობის პირს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. მოპასუხე მ----------------ე 2012-1016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი და წარმოადგენდა პოლიტიკურ თანამდებობის პირს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 28 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S.-ში მ-----------ემ გაავრცელა სარჩელით სადაო შემდეგ განცხადება: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბალანსზე რიცხული ავტომანქანით შემოდიოდა ნარკოტიკი. ეს ავტომანქანა გახლდათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აპარატის უფროსზე, ანუ ეს არის ნომერ პირველი ჩინოვნიკი აჭარის მთავრობაში, მიმაგრებული საკმაოდ ძვირადღირებული ავტომანქანა“.

 

ამავე გადაცემაში ასევე აღნიშნული იქნა, რომ ჩინოვნიკი, რომელზეც მ-----------ე საუბრობდა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და აჭარის მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი ი-----–-----–---–ი. გადაცემაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად „უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ 2013 წლის 20 სექტემბერს ჭ--–---–ის დახმარებით და აჭარის მთავრობის მანქანით მისმა მეგობარმა თურქეთიდან საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერება შემოიტანა.“

 

ამავე გადაცემაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მ----------------ე ჟურნალისტებს უყვება, რომ ჟურნალისტებისათვის ინფორმაციის მიწოდებამდე ბევრად ადრე თავად უამბო აღნიშნულის შესახებ ყოფილ პრემიერს, გადაცემაში მ----------------ე ჟურნალისტს აჩვენებს მის ჩანაწერებს და აჟღერებს შემდეგ განცხადებას: „ ....15 ნოემბერი, შაბათი დღე, სადაც ჩანიშნული მაქვს ნუსხა საკითხებისა, რომელიც ჯერ კიდევ ყოფილ პრემიერს უნდა გადავსცე, აი არის ინფორმაცია, რომ ნარკოტიკები, რომელიც შემოვიდა სარფიდან, იდო ჭ--–---–ის ავტომანქანაში. აი, ეს ინფორმაცია გადავეცი და ამის მერე ბუნებრივია იწყება ის, რაც იწყება“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- CD დისკი;

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აჭარის მთავრობის ბალანსზე რიცხულმა ავტომანქანამ, სახელმწიფო ნომრით GJG967, რომლითაც სარგებლობდა იმ დროისათვის აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ი-----–-----–---–ი, 2013 წლის 18-დან 20 სექტემბრის შუალედში მართლაც გადაკვეთა სარფის საბაჟოს საზღვარი ოთხჯერ. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ ავტომანქანაში საზღვრის კვეთის დროს იმყოფებოდა მხოლოდ 1965 წელს დაბადებული მძღოლი, ამასთან აღნიშნულმა ავტომანქანამ სასაზღვრო კონტროლი გაიარა 2013 წლის 20 სექტემბერს 01 საათსა და 27 წუთზე, ხოლო ი-----–-----–---–მა 2013 წლის 20 სექტემბერს საბაჟო კონტროლი გაიარა 01 საათზე და 10 წუთზე.

 

მართალია სასაზღვრო პოლიციიდან გამოთხოვილი მასალებით დასტურდება, რომ იმავე დღეს, თქმის იმავე პერიოდში საზღვარი გადმოკვეთა ვინმე კ--------------ემ, რომელიც 2013 წლის 20 სექტემბერს დაკავებული იქნა სარფის საბაჟოს მიდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებებს უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ კ--------------ემ საზღვარი გადმოკვეთა ი-----–-----–---–თან ერთად აჭარის ა.რ. მთვრობის ბალანზე რიცხული სადაო ავტომანქანით, მით უმეტეს არ დასტურდება ის გარემოება, რომ კ--------------ის მიერ ნარკოტიკული საშულება შემოტანილი იქნა სადაო ავტომანქანით.

 

როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ივლისის განაჩებით დგინდება, 2013 წლის 20 სექტემბერს კ.კ დაკავებული იქნა სარფის საბაჟოს მიმდებარე ტერიტორიაზე და მას ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება აღმოაჩნდა პირადი ჩხრეკის დროს. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ კ.კ.-ს რაიმე შეხება ქონდა ან ი-----–-----–---–თან ან მთავრობის ბალანსზე რიცხულ სადაო ავტომანქანასთან. სასამართლო განმარტავს, რომ ის გარემოება, რომ ისინი ერთ დღეს შემოვიდნენ საზღვარზე და ი-----–-----–---–ი იცნობდა კ--------------ეს, არ შეიძლება გახდეს სადაო ფაქტის დადასტურების საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სასაზღვრო პოლიციდან გამოთხოვილი მასალები საზღვრის კვეთის შესახებ.

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 ივლისის განაჩენი.

- აჭარის ა.რ. პროკურატურიდან გამოთხოვილი მასალები.

- აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წერილები.

- აჭარის ა/რ მთავრობის მიმართვა.

- მ-----------ის, როგორც აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებები და წერილები.

- ბრიფინგის მასალები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ი-----–-----–---–ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

საქართველოს კანონი ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ.

 

საერთაშორისო პაქტის 19.3. მუხლის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელი სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი უზრუნველყოფს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას თითოეული ადამიანისათვის. კონსტიტუციის 24-ე მუხლით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით, ამ უფლებათა განხორციელება შეიძლება კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.

 

ამრიგად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსახვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.

 

იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1. არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება; 2. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; 3. განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება.

 

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის (სადავო განცხადებების გავრცელების დროს არსებული რედაქცია) თანახმად, საჯარო პირი არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება.

 

მოსარჩელე ი-----–-----–---–ი და მოპასუხეები მ-----------ე და მ----------------ე არიან საჯარო პირები.

 

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, პირს ეკისრება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

 

კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გაანდო. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით სადავო განცხადებების მხარეთა მიერ საჯაროდ გავრცელების ფაქტი სადავო არ არის.

 

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრი დაცულია აბსოლუტური პირვილეგიით. ამავე კანონის პირველი მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აბსოლუტური პრივილეგია განმარტებულია, როგორც კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრული და უპირობო განთავისუფლება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული კატეგორიის დავების სწორად გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, სადავო გამონათქვამები მიეკუთვნება ფაქტებსა თუ შეფასებით მსჯელობას (აზრს), რადგან აზრის გამოხატვა, მისი აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, გამორიცხავს პირისათვის რაიმე სახის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.

 

დასახელებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო იმავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ცილისწამებას წარმოადგენს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (#ას-1477-1489-2011) განმარტა შემდეგი: „აზრში“ იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისაგან, რომლის სისწორე თუ მცდარობა მთლიანად პირად წარმოდგენებზეა დამოკიდებული. ამდენად, აზრი პირის სუბიექტური დამოკიდებულება პიროვნულ შეფასებებს მოვლენისა თუ სიტუაციის შესახებ და იმის მტკიცებას, სიმართლეს შეესაბამება თუ მცდარია, არ ექვემდებარება. აზრის საწინააღმდეგოდ, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას. გასათვალისწინებელია, რომ აზრები ფაქტებთან გარკვეული დამოკიდებულებით გამოითქმება, ანუ აზრი, როგორც წესი, ეყრდნობა ფაქტებს. ასეთ შემთხვევაში, აზრის დაყოფა შეხედულებად და ფაქტის გადმოცემად დაუშვებელია, რადგანაც მთლიანად გამონათქვამი აზრის თავისუფლების სფეროში ექცევა. კონსტიტუციით დაცული სფეროს ფარგლებში არ ხვდება ისეთი ფაქტები, რომელთა მცდარობის შესახებ კარგად იცის თავად გამომთქმელმა სუბიექტმა (შეგნებული სიცრუე) ან, რომელთა მცდარობა ცხადია მათი გამოთქმის მომენტში.

 

ერთმანეთისაგან განასხვავა რა ინფორმაცია (ფაქტები) და შეხედულებები (შეფასებითი მსჯელობა), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ „ფაქტების არსებობა შეიძლება დამტკიცებულ იქნეს, მაშინ, როდესაც შეფასებითი მსჯელობის ნამდვილობა არ ექვემდებარება მტკიცებას. ... რაც შეეხება შეფასებით მსჯელობას, ამ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და იგი თავისთავად ხელყოფს შეხედულებების თავისუფლებას, რაც წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლების ფუნდამენტურ ნაწილს“ (Lingens v. Austria, 1986 w.; Jerusalem v. Austria, 2001 w.; Dichand and Others v. Austria, 2002 w).

 

ამდენად, ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია განმცხადებლის მიერ ისეთი ფაქტების მითითება, რომელიც რეალობასთან ახლოა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დამტკიცება შესაძლებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასოს მხარეთა მიერ გავრცელებული თითეული სადავო განცხადება, გამონათქვამების კონტექსტის გათვალისწინებით. ამასთან, რაც მთავარია, მათი შეფასებისა და ფაქტისა, თუ აზრის სტატუსის მინიჭებისათვის აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული აზრისა და ფაქტის გამიჯვნის მინიმალური სტანდარტი, რომელიც ადგენს, რომ აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე ვერ გაიზირებს მოსარჩელის მიერ მითითებულ განცხადებას, რომ სარჩელში მითითებული სიტყვები - „ ... ნარკოტიკები შემოვიდა თურქეთიდან ი-----–-----–---–ის მანქანით“ - განაცხადა მ----------------ემ მტკიცებით ფორმაში. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალებით (CD დისკი) დადგენილად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 28 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა “P.S.”--ში მ----------------ემ გააჟღერა შემდეგი განცხადება: ”... აი არის ინფორმაცია, რომ ნარკოტიკები, რომელიც შემოვიდა სარფიდან, იდო ჭ--–---–ის ავტომანქანაში. აი, ეს ინფორმაცია გადავეცი და ამის მერე ბუნებრივია იწყება ის, რაც იწყება“. შესაბამისად გამონათქვამის კონტექსტის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სადავო წინადადება არის შეფასებითი მსჯელობა, განმცხადებლის სუბიექტური დამოკიდებულება და მისივე კომენტარი მოვლენის მიმართ (აზრი). აღნიშნული განცხადებით მ----------------ე განმარტავს, რომ მან მიაწოდა ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ თანამდებობის პირებს, თუმცა ამ განცხადებით შეუძლებელია რაიმეს დადასტურება ან დამტკიცება. იგი არ შეიცავს ფაქტის შესახებ ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გადმოცემას. იგი გადმოცემულია არა მტკიცებითი ფორმით, არამედ, მიუთითებს მასზე, როგორც არსებულ ინფორმაციაზე, ვარაუდზე.

 

– „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის 7.5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, აღნიშნულს სასამართლო ანიჭებს მოპასუხის ვარაუდის, შეფასებითი მსჯელობის, სხვისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პიროვნების მიმართ დამოკიდებულების გამოხატვის (აზრის) სტატუსს, რომელიც არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტებს.

 

6.2. რაც შეეხება მ-----------ის მიერ 2015 წლის 28 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „P.S.”--ში გამოთქმულ შემდეგი განცხადებას - „... აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ბალანსზე რიცხული ავტომანქანით შემოდიოდა ნარკოტიკი. ეს ავტომანქანა გახლდათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აპარატის უფროსზე, ანუ ეს არის ნომერ პირველი ჩინოვნიკი აჭარის მთავრობაში, მიმაგრებული საკმაოდ ძვირადღირებული ავტომანქანა“- -აღნიშნული განცხადება ფორმულირების (მტკიცებითი ფორმით, ფაქტის კონსტატაციის სახით გადმოცემის), მისი კონტექსტის გათვალისწინებით, წარმოადგენს ი-----–-----–---–ის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელებას.

 

„სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონი ადგენს მტკიცების ტვირთის განსხვავებულ სტანდარტს, კერძოდ, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მე-6 პუნქტი ადგენს, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

 

როგორც აღინიშნა, მოპასუხე მ-----------ის მიერ გავრცელებული იქნა ცნობა ი-----–-----–---–ის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების (ნარკოტიკული საშუალების საზღვარზე შემოტანაში დახმარების) შემცველი ფაქტების შესახებ. გარდა იმისა, რომ საქართველოს კონსტიუციის მე-40 მუხლით პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ„ სპეციალური კანონის მე-7 და მე-14 მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებით შეძლო მოპასუხის მიერ გავრცელებული აღნიშნული ფაქტების სინამდვილესთან შეუსაბამობის (მცდარობის) უტყუარად დადასტურება.

 

6.3. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ გავრცელებული არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაცია წარმოადგენს მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელ განცხადებებს.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 03.04.2012წ. განჩინებაში, საქმეზე #ას-1477-1489-2011წ. განმარტა: „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცილისწამება მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება, არის თუ არა ზიანის მიმყენებელი, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემობების ანალიზითა და ურთიერთშეჯერებით უნდა დადგინდეს. ამასთან, ზიანი, ასეთ შემთხვევაში, არაქონებრივი სახით - პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით არის გამოვლენილი. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად მოკლებულია ეკონომიკურ შინაარსს და მას არ გააჩნია ღირებულება, შესაბამისად, ამ ზიანის დამტკიცებისათვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მითითებას იმის შესახებ, რომ თავისთავად ცილისწამების გავრცელების ფაქტიც ადასტურებს პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული არაქონებრივი სახით ზიანის მიყენებას. გარდა ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს შეეძლო გავლენა მოეხდინა მოსარჩელის, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ საზოგადოების ნდობაზე.

 

6.4. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, გუჟა მოლდოვას წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გარემოებაზე, ჰქონდა თუ არა პირს ინფორმაციის გავრცელებამდე სხვა რაიმე ალტერნატიული გზა პრობლემის მოსაგვარებლად. გაითვალისწინა რა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სამოქალაქო სამართლის კონვენციის განმარტებითი ანგარიში და აღნიშნა, რომ საჯარო მოხელისათვის ზოგადად დაკისრებული წინდახედულების ძლიერი ვალდებულების გათვალისწინებით, ინფორმაცია, პირველ რიგში, გამხელილ უნდა იქნას მოცემული პირის ზემდგომთან ან სხვა კომპეტენტურ პირთან ან ორგანოსთან. მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ამგვარი ქმედება აშკარად შეუძლებელია, უკანასაკნელ ზომად დასაშვებია ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულებრივი ფაქტების, ამასთან, არა სავარაუდოდ ჩადენის, არამედ მტკიცებით ფორმაში, საჯაროდ გაჟღერება, სასამართლოს მიერ ფასდება მოპასუხის აშკარა და უხეშ დაუდევრობად, რამაც არსებითად მცდარი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჯარო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების ყველა წინაპირობა: ა) მოსარჩელემ სასამართლოში დაამტკიცა, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მის შესახებ, ბ) ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და გ) მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება (კანონის მე-14 მუხლი).

 

6.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოხატვის თავისუფლებას მიიჩნევს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძვლად, მისი განვითარებისა და პიროვნების თვითრეალიზების მთავარ პირობად. მე-10 მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად, ის გამოიყენება არა მხოლოდ ისეთი „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობილად მიიღება ან განიხილება როგორც უვნებელი ან როგორც ინდიფერენტიზმის საგანი, არამედ ისეთების მიმართაც, რომლებიც, თავისი არსით, შეურაცხმყოფელია, აღშფოთებას იწვევს და ადამიანების სიმშვიდეს არღვევს. მიუხედავად ამისა, გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა ღირებულებათა შორის სამართლიანი ბალანსის მიღწევის მიზნით კონვენციამ და შესაბამისად, ევროპის სასამართლომაც დასაშვებად მიიჩნია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ანუ ამ უფლების განხორციელებაში ჩარევა სწორედ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

ამდენად, აზრის თავისუფლებას აბსოლუტური უპირატესობა არ ენიჭება და იგი შეზღუდულია სხვა უფლებების დაცვით, მათ შორის არის მესამე პირთა ძირითადი უფლებებით დაცული სიკეთეები - პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. იმისათვის, რომ ჩარევა გამართლებულად იქნას მიჩნეული, აუცილებელია, რომ შეზღუდვა გათვალისწინებული იყოს ნათლად ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი კანონით, ემსახურებოდეს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებიც ჩამოთვლილია კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში (მათ შორის, სხვათა უფლებების და რეპუტაციის დაცვის უზრუნველსაყოფად), ჩარევა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში დასახული მიზნის მისაღწევად.

 

შეფასება „აუცილებელ დემოკრატიულ საზოგადოებაში“ მოიცავს როგორც უფლებაში ჩარევის აუცილებლობას, ისე ჩარევის თანაზომიერების შეფასებას.

 

იმისათვის, რომ შეფასებულ იქნეს დაცულ უფლებაში ჩარევის აუცილებლობა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „დასაშვები კრიტიკის ფარგლებზე“. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, ისევე როგორც სადავო განცხადებების გამავრცელებელი (მოპასუხეები), არიან საჯარო პირები. მართალია, ხელისუფლების წარმომადგენელთა და პოლიტიკოსების მიმართ სტარსბურგის სასამართლო აყალიბებს არა მხოლოდ კერძო პირებთან, არამედ სხვა საჯარო პირებთან შედარებითაც, უფრო ფართო დასაშვები კრიტიკის ფარგლებს, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს პოლიტიკოსის უფლებების, რეპუტაციის დაცვის უზრუნველსაყოფად გამოხატვის უფლებაში ჩარევის შესაძლებლობას, მით უფრო, ისეთ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მის მიმართ გამოთქმულ სერიოზულ ბრალდებას. ამრიგად, პოლიტიკოსთა თმენის მომეტებული ვალდებულების პირობებშიც და კრიტიკის განსაკუთრებულად დაცულ სფეროშიც კი, გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური და შეუზღუდავი არ არის.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, გადაწყვეტილებაში საქმეზე Keller v. Hungary, აღნიშნა შემდეგი: კერძო პირისაგან განსხვავებით, პოლიტიკოსების მოსაზრებები გარდაუვლად და შეგნებულად ხდება ფართო საზოგადოებისა და ჟურნალისტების განხილვის საგანი, შესაბამისად მათ ეკისრებათ თმენის უფრო მაღალი ვალდებულება. ეჭვგარეშეა, რომ კონვენციის 10-ე &2 მუხლი იცავს ყველა ადამიანის რეპუტაციას, სადაც პოლიტიკოსებიც მოიაზრებიან, მაშინაც კი, როდესაც ისინი არ მოქმედებენ როგორც კერძო პირები, მაგრამ ასეთი დაცვა უნდა განხორციელდეს საჯარო ინტერესებთან შეპირისპირების გზით, როდესაც საქმე ეხება ღია პოლიტიკურ დისკუსიას. სასამართლოს აზრით, ეს ასევე სწორია იმ შემთხვევაში, როდესაც კრიტიკა განხორციელებულია ერთი პოლიტიკოსის მიერ მეორის მიმართ.

 

6.6. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი ადგენს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის სახეებს, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მ-----------ის მიერ გავრცელებული იმ განცხადებისათვის, რომელიც სასამართლომ ჩათვალა ცილისწამებად - არსებითად მცდარი ფაქტის კონსტატაციად, მოსარჩელე ი-----–-----–---–ისათვის ზიანის მიმყენებელ, მისი სახელის გამტეხ ინფორმაციად - მოპასუხე მ-----------ეს უნდა დაეკისროს მისი უარყოფა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე კოდექსის 18.2. მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. ვინაიდან, დადგინდა, რომ მოპასუხემ აშკარა და უხეში დაუდევრობის საფუძველზე გაავრცელა მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები, მისი ბრალეულობა სახეზეა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებულ მორალური ზიანის ანაზღაურებას გააჩნია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრესი მიზანია ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. ძალიან ხშირად მიღებული შედეგების გამოსწორება შეუქცევადი მოვლენაა და როგორიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. კომპენსაციის მიზანი არის მოსარჩელის გამართლება საზოგადოების თვალში და მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება. კომპენსაცია მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. მორალური ზიანის ანაზღაურების პრევენციული ფუნქციის განხორციელებისათვის მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ფაქტორს, როგორიცაა, დარღვევის განმეორების საშიშროება ზიანის მიმყენებლის მიერ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დამრღვევი პირისათვის დასაკისრებელი მორალური ზიანის სამართლიანი ოდენობის დადგენის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მისი ანაზღაურებით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების პრევენციული დანიშნულება, რადგან პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევით გამოწვეულ მორალურ ზიანს მატერიალური ეკვივალენტი არ გააჩნია, შესაბამისად, ობიექტურად შეუძლებელია პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული პირის მიერ განცდილი სულიერი ტკივილის ხარისხის შეფასება და მისი ნებისმიერი ოდენობის ფულადი თანხით კომპენსირება. რაც მთავარია, ცილისწამებისათვის მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებების და რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმიური მიზნის მისაღწევად გამოხატვის დაცულ უფლებაში ჩარევის პროპორციულობის და თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის დასაკისრებელი მორალური ზიანის გონივრული ოდენობის განსაზღვრისათვის სასამართლო ითვალისწინებს, ასევე იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელე მორალურის ზიანისათვის მოითხოვს მხოლოდ სიმბოლურ თანხას 1 ლარის ოდენობით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–-----–---–ის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მ-----------ეზე 1 ლარის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.8. „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან, მ----------------ის მიერ სადავო განცხადებები სასამართლოს მიერ შეფასდა აზრის გამოხატვად (შეფასებით მსჯელობად, შეხედულების, პიროვნებისა და მოვლენის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულების გამოხატვად), „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლით დადგენილი, აზრის აბსოლუტური პრივილეგიით დაცულობის გათვალისწინებით, არ არსებობს მ----------------ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მ-----------ეს ი-----–-----–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ი-----–-----–---–ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მ-----------ეს დაეკისროს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით უარყოს 2015 წლის 28 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გავრცელებული ინფორმაცია აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის უფროსის სამსახურეობრივი ავტომანქანით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში 2013 წლის 20 სექტემბერს ი-----–-----–---–ის დახმარებით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის შესახებ.

 

1.2. მ-----------ეს ი-----–-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.

 

1.3. ი-----–-----–---–ს უარი ეთქვას სარჩელის დანარჩენ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებზე.

 

2. მოპასუხე მ-----------ეს დაეკისროთ ი-----–-----–---–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე