გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.12.2018
საქმის ნომერი
330210118002607168
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,ნ--------"

წარმომადგენელი - ზ-----------–---–ი

 

მოპასუხე - შპს ,,ქ---–-------"

წარმომადგენელი - ბ--------–---–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 შპს „ქ---–-------“-ს მოსარჩელე შპს „ნ--------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების - 4976 ლარის გადახდა;

1.2 შპს „ქ---–-------“-ს მოსარჩელე შპს „ნ--------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის სახით 2016 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 აგვისტომდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4976 ლარის 0,05%-ის გადახდა, ჯამში 2340 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 1 მარტისა და 1 აპრილის ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხის სასარგებლოდ განახორციელა სატრანსპორტო მომსახურება (მოხდა ინერტული მასალის გადაზიდვა), რომლის ღირებულება შპს „ქ---–-------“-ს სრულად არ აუნაზღაურებია. თითოეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე შედგა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა დამკვეთმა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ, ანაზღაურებული აქვს 28930 ლარი, ხოლო დანარჩენის (4976 ლარის) ანაზღაურებაზე სხვადასხვა მიზეზით უარს აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს გამოწერილი აქვს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

 

შპს „ნ--------“ არის მეწარმე-სუბიექტი, რომელიც მოგების მიღების მიზნით ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას და მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით შპს „ნ--------“-ს ადგება ზიანი. ზიანის ანაზღაურების მიზნით მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს ვალდებულების შესრულების დადგომის თარიღიდან (2016 წლიდან) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,05%-ის გადახდა, რაც 2018 წლის 1 აგვისტომდე არის 2340 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. წერილობით წარდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე გაკეთებული განმარტებით მოპასუხემ გამორიცხა მოთხოვნის დაკმაყოფილება, ვინაიდან ვალდებულება შპს „ქ---–-------“-ის მიერ ფულადი ვალდებულება უკვე შესრულებულია. მომსახურების ანაზღაურება მოპასუხემ განახორციელა ნაღდი ანგარიშსწორების გზით და თანხის გადახდის დოკუმენტი ინახება მოსარჩელესთან. რაც შეეხებოდა შედარების აქტებს, ისინი არ ადასტურებდნენ არსებული ვალის აღიარებას, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ამგვარი აქტი ახალ ხელშეკრულებას არ წარმოადგენს, არის ძველი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული გარკვეული მოქმედება და იგი ვერ გამოიწვევს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგებს. აღნიშნული ნორმით კი ვალის აღიარების დოკუმენტი, როგორც ახალი ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლით გათვალისწინებულ, ხელშეკრულების ნამდვილობისთვის დადგენილ ყველა პირობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ქ---–-------“-ს (დამკვეთი) და შპს „ნ--------“-ს (შემსრულებელი) შორის 2015 წლის 1 მარტს, ერთი თვის ვადით, ხოლო 2015 წლის 1 აპრილს, 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით, დაიდო სატრანსპორტო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებები. ხელშეკრულებების თანახმად, შემსრულებელმა აიღო ვალდებულება დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე განახორციელოს მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით ინერტული მასალის გადაზიდვა (1.1. პუნქტი).

 

01.03.2015 წლის ხელშეკრულებით სატრანსპორტო საშუალებით გაწეული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 1მ3-ზე 4,97 ლარით, ხოლო 01.04.2015 წლის ხელშეკრულებით - 1მ3-ზე 6,2 ლარით (3.1. პუნქტი).

 

ორივე ხელშეკრულება ითვალისწინებდა ანგარიშსწორებას ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე (3.2. პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.03.2015 წლის ხელშეკრულება;

- 01.04.2015 წლის ხელშეკრულება.

 

3.1.2. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შპს „ნ--------“-მა მოპასუხის სასარგებლოდ განახორციელა ჯამში 33906 ლარის ღირებულების მომსახურება, საიდანაც 28930 ლარის ანაზღაურება განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტები;

- ამონაწერი ანგარიშიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ნ--------“ და შპს „ქ---–-------“ ერთმანეთთან იმყოფებიან გადაზიდვის სახელშეკრულებო ურთიერთობაში, მოსარჩელემ მოპასუხის დაკვეთით და სასარგებლოდ განახორციელა ინერტული მასალის გადაზიდვა. სწორედ აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში უნდა მოხდეს შესაბამის ნორმებზე დაყრდნობით მოპასუხის მხრიდან ფულადი ვალდებულების შესრულების საკითხის დადგენა და არა ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ-ები # ას-1224-1149-2015, 20.05.2016წ.; #ას-920-870-2015, 09.06.2016წ.; #ას-101-97-2016, 15.07.2016წ.; #ას-195-183-2014, 21.10.2016წ.).

 

3.2.2. სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ ფულადი ვალდებულება მის მიერ შესრულებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. აღნიშნული წესი გამომდინარეობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოვალისთვის აუცილებია, ვინაიდან სწორედ მას აკისრია ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ გადაზიდვის მომსახურების ანაზღაურება მის მიერ სრულად განხორციელდა, ნაწილი ნაღდი და ნაწილი უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ხოლო გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მხოლოდ მოსარჩელესთან ინახება. მართალია მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულია ანგარიშსწორების ორივე წესი (როგორც ნაღდი ასევე უნაღდო), თუმცა ნაღდი გზით ანგარიშსწორებისას მხოლოდ მითითება, რომ ფულადი ვალდებულება შესრულებულია, არ არის საკმარისი. ამგვარ მტკიცებულებად ვერ შეფასდება მოპასუხის ახსნა-განმარტება, რასაც სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტის დასადასტურებლად მტკიცებულებითი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ნ--------“-ის სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 668-ე,მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი და გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გადაზიდვის ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ნ--------“-მა მოპასუხის სასარგებლოდ განახორციელა 33906 ლარის ღირებულების მომსახურება, საიდანაც შპს „ქ---–-------“-ს უნაღდო ანგარიშსწორების გზით ანაზღაურებული აქვს 28930 ლარი. ხოლო დარჩენილი 4976 ლარის ანაზღაურების მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ამდენად, საფუძვლიანია შპს „ნ--------“-ს მოთხოვნა დავალიანების 4976 ლარის დაკისრების შესახებ.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურება, რომელიც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით, რომლის თანახმად, იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას, აუცილებელია ამ მოთხოვნის მქონე მხარემ მიუთითოს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შედეგად მისთვის ზიანის მიყენება. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის დროს ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე მსჯელობისას აუცილებელია დადგინდეს თუ რამდენად არის სახეზე ვალდებულების დარღვევა და ამ დარღვევის შედეგად კრედიტორისათვის ზიანის მიყენება. მოდავე მხარემ უნდა დაადასტუროს მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად და არასათანადოდ შესრულება, რამაც ზიანი მიაყენა მას.

 

ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი (დადებითი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავალი, რაც გათვალისწინებული სსკ-ის 411-ე მუხლით) და არა არაპირდაპირი ზიანი (ისეთი ზიანი, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, საერთოდ ვერ იქნებოდა სავარაუდო მოვალისთვის).

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გადაზიდვა შპს „ნ--------“-მა ჯეროვნად შეასრულა, ხოლო შპს „ქ---–-------“-ს გადაზიდვის საზღაური სრულად არ აქვს ანაზღაურებული. აღნიშნული ქმედებით მოსარჩელეს ადგება ზიანი, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი ვერ სარგებლობს და ვერ განკარგავს მომსახურების თანხით და ვერ იბრუნებს გაწეულ ხარჯს.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელსაც განსაზღვრავს 2016 წლის 1 იანვრიდან (სატრანსპორტო ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან) სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის 2340 ლარით (4976 ლარის 0,05% ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე), ამავდროულად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,05% არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

7. აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

მხარეებს შორის დადებული სატრანსპორტო მომსახურების ხელშეკრულებები არ შეიცავს დათქმას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით. ამდენად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისთვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 220 ლარი, იურიდიული მომსახურებისთვის 290 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სრულად უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხების მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

შესაგებლით შპს „ქ---–-------“ შუამდგომლობს იურიდიული მომსახურების ხარჯის მოსარჩელეზე დაკისრებას, რომლის დაკმაყოფილებაზეც უარი უნდა ეთქვას, ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ნ--------“-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ნ--------"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,ქ---–-------"-ს შპს ,,ნ--------"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 4976 ლარი.

 

3. შპს ,,ქ---–-------"-ს შპს ,,ნ--------"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის თანხა 2340 ლარის ოდენობით.

 

4. შპს ,,ქ---–-------"-ს შპს ,,ნ--------"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 220 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. შპს ,,ქ---–-------"-ს შპს ,,ნ--------"-ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 290 ლარის გადახდა;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე