გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე #2/14173-12
05 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე სოსო ღურწკაია
სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე
მოსარჩელე ზ--------------------
წარმომადგენელი მე---------–--ა
მოპასუხეები: წარმომადგენლები: მი-------------–ი, თ--------------------, ბი------------–ი, გე---------–-------ი პა--------–-ა, ქე---------–--------ე, მა------–------ი
დავის საგანი თანხის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების მი-------------–ის, თ--------------------ს, ბი------------–ის და გე---------–-------ისთვის სოლიდარულად 14 444 708 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც 8 806 635,88 ლარი მიეკუთვნოს შპს ,,რ-----------", ხოლო 5 638 072,12 ლარი - ზ--------------------. (იხ. ტომი 26, ს.ფ. 344, იხ. ტომი 27, ს.ფ. 326-327). სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 1. შპს ,,რ------------" წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირმა თე-------------–---–მა და სხვა პირებმა 2008 წლის მაისი-ნოემბრის თვეში განახორციელეს არაერთი უსაქონლო ოპერაცია და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების - ანგარიშ-ფაქტურების დამზადებითა და გამოყენებით მიითვისეს სულ 356 586 ლარი. კერძოდ, 2008 წლის 23 მაისს დამზადებული იქნა ანგარიშ-ფაქტურა (სერია - ბ------------) #- სასაქონლო ზედნადებთან ერთად და მითვისებული იქნა 60 858 ლარი, 2008 წლის 13 ივნისს დამზადებული იქნა ანგარიშ-ფაქტურა (სერია - ბ------------) #- სასაქონლო ზედნადებთან ერთად და მითვისებული იქნა 40 012 ლარი, 2008 წლის 14 ივლისს დამზადებული იქნა ანგარიშ-ფაქტურა (სერია - ბ------------) #- სასაქონლო ზედნადებთან ერთად და მითვისებული იქნა 59 556 ლარი, 2008 წლის 05 სექტემბერს დამზადებული იქნა ანგარიშ-ფაქტურა (სერია - ბ------------) და მითვისებული იქნა 138 180 ლარი, 2008 წლის 05 ნოემბერს დამზადებული იქნა ანგარიშ-ფაქტურა (სერია - ბ------------) #--, #--, #--, #--, #--, #--, #--, #-- და #-- სასაქონლო ზედნადებთან ერთად და მითვისებული იქნა 57 980 ლარი. ყველა ჩამოთვლილი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოყენებულ იქნა შპს ,,რ------------" მიერ და ასახვა ჰპოვა შპს ,,რ------------" საბუღალტრო დოკუმენტებში. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის შემდგომ შემოსავლების სამსახურის მიერ გაუქმებული იქნა აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო ყალბი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის გამო შპს ,,რ-----------" დაერიცხა ჯარიმა 108 789 ლარის ოდენობით. ამდენად, შპს ,,რ------------" წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის - თ--------------------ს და სხვა პირების მიერ მითვისებული იქნა 356 586 ლარი, ხოლო მათ მიერ ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადების გამო კომპანიას დაერიცხა ჯარიმა 108 789 ლარის ოდენობით. 2. საქართველოს მთავარი პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს მიერ დაწყებული იქნა #0----------- სისხლის სამართლის საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე. საქმე ეხებოდა 2 440 000 ლარის შესაძლო გათეთრებას. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამართა ბრიფინგი, ხოლო ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა შპს ,,რ------------" მიერ შესაძლო ფულის გათეთრების დანაშაულებრივი სქემა. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული იქნა ნი----–-------------ე. ჩვენების მიცემისას ნი----–-------------ემ დაადასტურა, რომ შპს ,,რ------------" მიერ დაუდგენელ პირებზე 2011 წელს საზოგადოების სალაროდან გაცემული იქნა 2 440 000 ლარი. აღნიშნული საქმის გამოძიების შედეგად სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იქნენ კომპანიის მთავარი ბუღალტერი თა----------–---–ი და ფინანსური დირექტორი - გე---------–-------ი. საბოლოოდ, თა----------–---–თან და გე---------–-------თან გაფორმდა განრიდების ოქმი. განრიდების ოქმიდან ირკვევა, რომ თა----------–---–მა და გე---------–-------მა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, თუმცა შპს ,,რ------------თვის" მიყენებული ზიანი არავის აუნაზღაურებია. 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული არაგეგმიური საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა, რომ შპს ,,რ------------" მიერ ხდებოდა შესყიდული ნედლეულის თვითღირებულების ხელოვნურად გაზრდა, კერძოდ, დადგინდა, რომ 2009-2011 წლებში ნედლეული შეძენილი იქნა თვითღირებულებაზე 2 847 752 ლარით მეტ ფასად. შემოწმების შედეგად საზოგადოებას დამატებით მოგების გადასახადში დაერიცხა ძირითადი თანხა 26 904 ლარი, ჯარიმა - 134 242 ლარი და საურავი - 219 668,25 ლარი, სულ 380 814,55 ლარი. აღნიშნული შპს ,,რ------------" მიერ გასაჩივრებული იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. ორივე ორგანოს მიერ დადგენილი იქნა შპს ,,რ------------" მიერ 2 847 752 ლარით ნედლეულის თვითღირებულების გაზრდის ფაქტი. შეძენილი ნედლეულის თვითღირებულების გაზრდის გამო შპს ,,რ------------" ხარჯებიდან ამოღებული იქნა 2 847 752 ლარი, კერძოდ, 2009 წლის გამოსაქვითი ხარჯი შემცირდა 99 833 ლარით (59 548 აშშ დოლარი), 2010 წლის გამოსაქვითი ხარჯი - 2 375 140 ლარით (1 309 821 აშშ დოლარი), 2011 წლის გამოსაქვითი ხარჯი - 372 778 ლარით (224 473 აშშ დოლარი). გარდა ამისა, შპს ,,რ-----------" დაერიცხა მოგების გადასახადი - 313 089 ლარი და ჯარიმა - 79 339 ლარი, სულ 392 428 ლარი. ამდენად, აღნიშნული ქმედებით საზოგადოებისთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 3 240 180 ლარი (2 847 752+392 428). 4. თ-------------------- და გე---------–-------ი, გარდა იმისა, რომ წარმოადგენდნენ საზოგადოების პარტნიორებს, ამავდროულად თ-------------------- იყო შპს ,,რ------------" გენერალური დირექტორი, ხოლო გე---------–-------ი - ფინანსური დირექტორი. შესაბამისად, მათ ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ევალებოდათ, რომ საზოგადოების საქმიანობას გაძღოლოდნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ეზრუნათ ისე, როგორც იზრუნებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და ემოქმედათ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელი იყო საზოგადოებისთვის. იმ პირობებში, როდესაც შპს ,,რ-----------" გააჩნდა დებიტორული დავალიანება, ბუნებრივია დირექტორების მხრიდან უნდა გადადგმულიყო ქმედითი ნაბიჯები დავალიანების ამოღების მიზნით, რაც არ განხორციელდა. კერძოდ, დამოუკიდებელი აუდიტორის ,,ფ----------------------------–--------–-------------------------------------–---–--------------–--–-" მიერ 2011 წელს ჩატარებული იქნა შპს ,,რ------------" და მისი შვილობილი კომპანიების აუდიტი. გაცემული აუდიტორული დასკვნის თანახმად, 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ,,LLP W--------------"-ის დავალიანება საზოგადოების მიმართ შეადგენდა 604 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ თე-------------–---–მა ხელშეკრულება ,,LLP W--------------"-თან 670 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარზე გააფორმა ყოველგვარი დაზღვევის გარეშე, რაც წარმოადგენს კანონის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას. როგორც აღინიშნა, 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ,,LLP W--------------"-ის დავალიანება შეადგენდა 604 000 ლარს. როგორც ცნობილია, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, თ-------------------- (გენერალური დირექტორი) და გე---------–-------ი (ფინანსური დირექტორი) ვალდებული იყვნენ აღნიშნულ ფირმასთან დაკავშირებით მიეღოთ შესაბამისი ზომები, აღეძრათ სამოქალაქო სარჩელი სასამართლოში და ამოეღოთ საზოგადოების დებიტორული დავალიანება, რაც მათ მიერ არ განხორციელებულა. შედეგად, ამ ეტაპისთვის გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც საზოგადოება ვერ შეძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამდენად, თ--------------------ს და გე---------–-------ის უმოქმედობით საზოგადოებს მიადგა ზიანი 604 000 ლარის ოდენობით. 5. 2012 წელს მოქმედი წესდების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც. მოწვევა უნდა გაკეთდეს წერილობით, სულ ცოტა ხუთი დღით ადრე და სავარაუდო დღის წესრიგით. 2012 წლის 18 ივლისს, აღნიშნული მოთხოვნის დარღვევით საზოგადოების დომინანტმა პარტნიორებმა და საზოგადოების წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირებმა ჩაატარეს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა და უსაფუძვლოდ გაზარდეს კომპანიის მიერ გასაწევი ხარჯები. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ივლის-აგვისტოს ბიუჯეტი იყო დეფიციტური, 2012 წლის მდგომარეობით საზოგადოებას გააჩნდა ვალი 19 654 009 ლარი და ხარჯვითი ნაწილი შემოსავალს აღემატებოდა 3 055 286 ლარით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოების გაკოტრების თავიდან არიდების მიზნით, საზოგადოების ხარჯების გაზრდას ეწინააღმდეგებოდა ზ--------------------. მიუხედავად ამისა, ხარჯების შემცირების ნაცვლად, ხარჯები გაიზარდა, კერძოდ, შპს ,,რ------------" სათაო ოფისის 8 თანამშრომლისთვის 6 თვეზე გათვალისწინებული იქნა პრემია 200 000 ლარი; გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე 456 505 ლარად დაიგეგმა მანქანა-დანადგარების შეძენა; რ--------- ქარხნის კაპიტალური პროექტების ხარჯების ნუსხაში შეტანილი შპს ,,პ----–-----“ თითქოს გასასტუმრებელი ვალი - 800 000 ლარი; ღობის შეკეთებაზე გათვალისწინებული იქნა 107 618 ლარი; არარსებული საამქროს აღდგენაზე გათვალისწინებული იქნა 294 191 ლარი; იმჟამად მოქმედი სამომხმარებლო-საჩამომსხმელო ღუმელის სარემონტო სამუშაოებზე, ობიექტურად გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, გათვალისწინებული იქნა 2 119 000 ლარი; რ--------- ქარხნის სახელფასო ფონდი 2012 წლის ივლისის შემდეგ გაიზარდა 647 536 ლარით და ნაცვლად 925 964 ლარისა, შეადგინა 1 573 500 ლარი; ასევე ნედლეულის მოპოვებაზე ხარჯი გაიზარდა 606 691 ლარით და ნაცვლად, წლიურად დაგეგმილი 1 048 728 ლარისა, გაიხარჯა 1 490 765 ლარი, თუმცა ნედლეულის მოპოვების გაზრდა არ მომხდარა; სასტუმროს მშენებლობისთვის, რომელიც არ წარმოადგენდა აუცილებლობას, გათვალისწინებული იქნა 242 000 ლარის ხარჯვა. საბოლოოდ, შპს ,,რ------------“ 2012 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულმა დაუსაბუთებელმა ხარჯებმა სულ შეადგინა 5 473 541 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ მითითებული ოდენობის დაუსაბუთებელი ხარჯი არ იქნებოდა გაწეული, კომპანია სამეურნეო წლის 6 თვის შედეგებს დაამთავრებდა 6 799 577 ლარის მოგებით (5 473 541 + 1 326 036). 6. 2009 წლის იანვარში, შპს ,,რ------------“ დირექტორს თ-------------------- და ზ-------------------- შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 2009 წლის იანვრიდან 2011 წლის 20 დეკემბრამდე ზ-------------------- კომპანიისთვის სესხის სახით უნდა გადაეცა 586 558 აშშ დოლარი. სესხით სარგებლობისთვის მხარეები შეთანხმდნენ საპროცენტო სარგებლის გადახდაზე, კერძოდ, 2009 წელს სესხის თანხას უნდა დარიცხვოდა საპროცენტო სარგებელი - წლიური 15%, ხოლო შემდეგ წლებში - წლიური 10%. სესხის თანხა და დარიცხული საპროცენტო სარგებელი კომპანიას უნდა დაებრუნებინა 2012 წლის 10 სექტემბრისთვის. სესხის ხელშეკრულების ვადის ბოლოსთვის დასაბრუნებელი სესხის თანხა და საპროცენტო სარგებელი სულ შეადგენდა 793 183 აშშ დოლარს (586 558+206 625). სესხის პირობების თანახმად, ზ--------------------- საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს 2009 წლის 01 იანვრიდან 2011 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით გადასცა 586 558 აშშ დოლარი, კერძოდ, 2009 წლის 01 იანვარს - 273 225 აშშ დოლარი, 2009 წლის 27 მარტს - 50 000 აშშ დოლარი, 2009 წლის 01 აპრილს - 30 000 აშშ დოლარი, 2009 წლის 24 აპრილს - 33 333 აშშ დოლარი, 2009 წლის 21 მაისს - 50 000 აშშ დოლარი და 2011 წლის 15 დეკემბერს - 150 000 აშშ დოლარი. შპს ,,რ------------“ მიერ სესხი და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი არ იქნა დაბრუნებული 2012 წლის 10 სექტემბერს. ამასთან, საზოგადოების პარტნიორები, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები უარყოფდნენ ზ--------------------- მიერ საზოგადოებისთვის სესხის სახით თანხის გადაცემას და შესაბამისად, უარს აცხადებდნენ მის დაბრუნებაზე. აღნიშნულის გამო, ზ--------------------- 2012 წლის 10 ოქტომბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს ,,რ------------თვის“ სესხის თანხის დავალიანების 1 516 461 ლარის, სესხის თანხაზე დარიცხული პროცენტის - 606 925 ლარის და ფულადი ვალდებულების შესრულების ვადისგადაცილების შედეგად მიყენებული ზიანის 181 976 ლარის ანაზღაურება. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხული იქნენ: თ--------------------, მი-------------–ი, ბი------------–ი და გე---------–-------ი. მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა უარყვეს ზ--------------------- მიერ საზოგადოებისთვის სესხის გადაცემის ფაქტი. მათი განმარტებით, აღნიშნული თანხის ბუღალტრული აღრიცხვა არ მომხდარა და თანხა საზოგადოებას არ მოხმარებია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ შპს ,,რ-----------“ ზ---------------------გან მიღებული ქონდა სესხი, რის გამოც ზ--------------------- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, შპს ,,რ-----------“ ზ--------------------- სასარგებლოდ დაეკისრა სესხის თანხის დავალიანება 436 558 აშშ დოლარი, პროცენტი - 206 625 აშშ დოლარი და მიუღებელი შემოსავალი - 39 290 აშშ დოლარი, სულ 682 473 აშშ დოლარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული ზ--------------------- მიერ შპს ,,რ------------თვის“ სესხის გადაცემის ფაქტი და შპს ,,რ-----------“ ზ--------------------- სასარგებლოდ დაეკისრა სესხის თანხის დავალიანების 586 558 აშშ დოლარის, პროცენტის - 206 625 აშშ დოლარის და მიუღებელი შემოსავლის სახით - 23 795,49 აშშ დოლარის, სულ 816 978,49 აშშ დოლარის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება. ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ზ--------------------- 2009-2011 წლებში შპს ,,რ-----------“ სესხის სახით გადასცა 586 558 აშშ დოლარი, რომელიც საზოგადოების პარტნიორების და ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირთა მიერ აღნიშნული თანხა არ ასახულა საზოგადოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაში და შესაბამისად, სესხის სახით მიღებული თანხა არ მოხმარებია საზოგადოების საქმიანობას. ამდენად, მოპასუხეების ქმედებით საზოგადოებას მიადგა ზიანი 816 978,49 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის 2 214 012 ლარის ოდენობით. ამდენად, საზოგადოების დომინანტ პარტნიორთა ჯგუფმა - თე-------------–---–მა, მი-------------–მა, ბი------------–მა და გე---------–-------მა, თავიანთი დომინანტური მდგომარეობა გამოიყენეს საზოგადოების და ზ--------------------- საზიანოდ. მათი ქმედების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი 14 444 708 ლარის ოდენობით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზ-------------------- წარმოადგენს შპს ,,რ------------“ საწესდებო კაპიტალის 39%-ს მფლობელ პარტნიორს, მას უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანის 14 444 708 ლარის 39%, 5 638 072,12 ლარი, ხოლო ზიანის დარჩენილი ნაწილი უნდა აუნაზღაურდეს შპს ,,რ-----------". (იხ. სარჩელი, ტომი 26, ს.ფ. 318-344, იხ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ განცხადება, ტომი 27, ს.ფ. 326-327, იხ. 2018 წლის 18 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები თ--------------------, მი-------------–ი, ბი------------–ი და გე---------–-------ი სარჩელს არ ცნობენ. მოპასუხეების შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: ზ--------------------- მიერ სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისთვის შპს ,,რ------------" პარტნიორებს წარმოადგენდნენ: მი-------------–ი - 52%-იანი წილით, ზ-------------------- - 39%-იანი წილით, თ-------------------- - 4%-იანი წილით, ბი------------–ი - 3%-იანი წილით და გე---------–-------ი - 2%-იანი წილით. აღსანიშნავია, რომ დაზუსტებულ სარჩელში მითითებული ფაქტები (გარდა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ 2012 წლის 18 ივლისს დამტკიცებული ბიუჯეტისა) ეხება იმ პერიოდს, როდესაც ზ-------------------- არ იყო შპს ,,რ------------" პარტნიორი. ზ--------------------- შპს ,,რ------------" წილი შეიძინა 2012 წლის 30 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, წილის შეძენამდე ზ-------------------- იყო შპს ,,რ------------" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მას ჰქონდა ინფორმაცია საზოგადოების ყოველდღიური საქმიანობის შესახებ, თუმცა მას რაიმე საკითხზე პრეტენზია არასდროს გამოუხატავს. 1. 2008 წლის მაისი-ნოემბრის თვეში შპს ,,რ------------" შეიძინა 356 586 ლარის ღირებულების 1789 ტონა წიდა, თუმცა მისი კონტრაჰენტების მიერ მოხდა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ საგადახადო ანგარიშ-ფაქტურები გააყალბა თე-------------–---–მა. იმ ოპერაციის განხორციელებისას, რომელზეც გამოიწერა ანგარიშ-ფაქტურები, საქონელი მიიღო შპს ,,რ------------", შესაბამისად, ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები ვერ იქნებოდა გამოწერილი შპს ,,რ------------" მიერ, ეს დოკუმენტები უნდა გამოეწერა გამყიდველს. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ჩ--------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადებასა და გადასახადებისაგან თავის არიდებაში. აღნიშნულ განაჩენში მოყვანილი ჩვენებებიდან ნათლად ჩანს, რომ ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შპს ,,რ------------" რეალურად მიიღო წიდა. საგადასახადო ორგანოს მიერ 2009 წელს ჩატარებული კამერალური საგადასახადო შემოწმებისას შპს ,,რ------------" მიერ 2008 წლის განმავლობაში განხორციელებული ხუთი შესყიდვა დაკვალიფიცირდა, როგორც ყალბი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე განხორციელებული შესყიდვები. ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაუქმების გამო, კომპანიას ასევე გაუუქმდა დღგ-ს ჩათვლები. აღსანიშნავია, რომ კომპანიისთვის წიდას აქვს ნედლეულის დანიშნულება საექსპორტო პროდუქციის - სილიკონმანგანუმის წარმოებისთვის. გარდა ამისა, წიდა ამავე წარმოების ნარჩენიც არის. კომპანიას ჩვეული საწარმოო საქმიანობის განხორციელების პროცესში უწევდა წიდის შეძენა. ზემოთმითითებული სადაო ტრანზაქციების განხორციელებამდე მანგანუმის მადნის არქონის გამო, შპს ,,რ-----------" ვერ აწარმოებდა სილიკონმანგანუმს, იგი აწარმოებდა მხოლოდ ფეროსილიციუმს. წიდის დეფიციტის საკითხი განხილული იქნა სამეთვალყურეო საბჭოს 2008 წლის 17 მაისის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ზ--------------------ც. სამეთვალყურეო საბჭოს შემდეგ სხდომაზე - 2008 წლის 10 ივნისს, განხილული იქნა სილიკონმანგანუმის ექსპორტის საკითხი. ამ დროისთვის კომპანიას უკვე შეძენილი ქონდა 60 858 ლარის ღირებულების წიდა (23.05.2008 ტრანზაქცია) იმ ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც 2009 წლის 13 ოქტომბრის აქტით ჩაითვალა ყალბ ანგარიშ-ფაქტურად. ის გარემოება, რომ 2008 წლის 10 ივნისამდე კომპანიას არ გააჩნდა მანგანუმის მადნის მარაგი და 10 ივნისამდე არ მისცემია შესაძლებლობა გაეყიდა წარმოებული სილიკონმანგანუმი, მიუთითებს იმაზე, რომ 2008 წლის 23 მაისის ანგარიშ-ფაქტურით გათვალისწინებული 300 ტონა წიდა კომპანიამ რეალურად მიიღო და გამოიყენა. სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზემოთმითითებული სადაო ტრანზაქციების საფუძველზე შპს ,,რ------------" მიიღო შესაბამისი საქონელი, 2008 წლის ბოლომდე შპს ,,რ-----------" აქტიურად ეწეოდა სილიკონმანგანუმის ექსპორტს, ხოლო 2009 წლის დასაწყისისთვის მას გააჩნდა ნედლეულის ნარჩენები. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ შპს ,,რ-----------" სადაო ტრანზაქციების საფუძველზე წიდა არ შეუძენია და მისი მხრიდან განხორციელდა უსაქონლო ოპერაცია. რაც შეეხება ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ საზოგადოებისთვის დაკისრებულ ჯარიმას 108 789 ლარს, ვინაიდან შპს ,,რ------------" ყალბი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე რეალურად მიიღო საქონელი, საგადასახადო ორგანოს მიერ დაკისრებული ჯარიმა უნდა შეფასდეს როგორც სამეწარმეო წარუმატებლობა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ დადგენილად იქნება მიჩნეული მოსარჩელის მოთხოვნის მართლზომიერება, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სადაო ტრანზაქციები განხორციელდა 2008 წელს, ხოლო საგადასახადო ორგანოს მიერ შპს ,,რ-----------" ჯარიმა დაერიცხა 2009 წლის ოქტომბრის თვეში. შესაბამისად, ყველაზე გვიან 2009 წლის ოქტომბრის თვეში ზ-------------------- უნდა გაეგო კომპანიისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის შესახებ. შესაბამისად, მითითებული თარიღიდან დაიწყო ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის ათვლა და ამოიწურა 2014 წელს. ზ--------------------- აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლოს სარჩელით მიმართ 2017 წელს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. 2. შპს ,,რ-----------" კომპანია ,,ჰა----------------ის" მიმართ გააჩნდა სახელშეკრულებო ვალდებულებები, რომლის შესრულების მიზნით გე---------–-------მა და თა----------–---–მა კომპანიის წარმომადგენელს გადასცეს 2 038 332 ლარი. მითითებული ოდენობით თანხის გაცემის ფაქტზე დაწყებული იქნა სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გე---------–-------ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და არა ამავე კოდექსის 194-ე მუხლით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია). 2013 წლის 15 ოქტომბერს გამოცემული იქნა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. დადგენილებაში მითითებულია, რომ გე---------–-------ის და თა----------–---–ის მიერ 2 038 332 ლარი გაცემული იქნა არა სალაროს გასავლის ორდერებში მითითებულ თარიღებში, არამედ სხვა დროს. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება 2 440 000 ლარის მითვისების ფაქტი. გარდა ამისა, ამ ნაწილშიც მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. 3. სიმართლეს არ შეესაბამება მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ თ--------------------ს და დომინანტ პარტნიორთა ჯგუფის ქმედებით ,,გათეთრებული" იქნა 2 847 752 ლარი. აღსანიშნავია, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დასჯად ქმედებას, აღნიშნული ქმედების სუბიექტი კი არცერთი მოპასუხე არ ყოფილა. კომპანია ,,ჰა----------------ს" და შპს ,,რ-----------" შორის არსებობდა როგორც სასესხო, ასევე სავაჭრო ურთიერთობები. კომპანიები ერთმანეთთან ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ასევე ურთიერთგაქვითვის გზით. კომპანია ,,ჰა----------------ისთვის" პროდუქციის მიყიდვის საკითხი (მათ შორის პროდუქციის ფასი) განიხილებოდა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებზე, რომელსაც ესწრებოდა ზ--------------------, თუმცა მას არასდროს დაუყენებია საკითხი, რომ ,,ჰა----------------ისგან" შეძენილი პროდუქციის ფასი მას მიაჩნდა არასწორად. ზ-------------------- დამატებით ასევე შეეძლო შეემოწმებინა კომპანიის იმპორტის დეკლარაციები, სადაც მოცემულია ,,ჰა----------------ისგან" შესყიდული მადნის ფასები. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებზე ზ--------------------- მოისმინა 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური და რაოდენობრივი მაჩვენებლების ანგარიშები. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თ--------------------ს გადაწყვეტილება მანგანუმის მადნის კონკრეტული ბაზრიდან შეძენის თაობაზე, სრულად ექცევა დირექტორის მიერ მიღებულ კომერციულ გადაწყვეტილებაში შემდეგი გარემოებების გამო: შპს ,,რ------------" მიერ წარმოებული ძირითადი პროდუქტია - სილიკონმანგანუმი, რომლის წარმოებისთვის გამოიყენება მანგანუმის მადანი. სხვადასხვა ქვეყნების ბაზრების მოთხოვნებიდან გამომდინარე სილიკონმანგანუმის ხარისხიც განსხვავებულია როგორც მანგანუმის შემცველობის კუთხით, ასევე ფოსფორის, ნახშირბადის, გოგირდის, სილიციუმის და სხვა ქიმიური ელემენტების შემცველობის მიხედვით. ერთ-ერთი მადანი, რომელიც თავისი მახასიათებლებით გამოირჩევა მაღალი ფრაქციულობით, მანგანუმის შემცველობით, არაკარბონატულობით და რაც მთავარია დაბალი ფოსფორით, არის ყაზახური მადანი. სწორედ ასეთი მადანი იყო აუცილებელი წარმოების გაზრდისთვის და მაღალხარისხიანი სილიკონმანგანუმის წარმოებისთვის. ამასთან, კონპანია ,,ჰა----------------ისგან" მადნის შესყიდვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა მათთან შეთანხმებული გადახდის პირობა, რაც გულისხმობდა კონსიგნაციას შემდეგი სახით: ,,ჰა----------------ი" აწვდიდა მანგანუმის მადანს შპს ,,რ-----------" ქარხანაში თავისი ხარჯებით, ხოლო მადნის ღირებულების გადახდას შპს ,,რ-----------" ახორციელებდა ამავე მადნიდან წარმოებული პროდუქციის ,,ჰა----------------ისთვის" მიყიდვის გზით. შესაბამისად, თ--------------------ს მიერ მანგანუმის მადნის კონკრეტული ქვეყნებიდან შესყიდვის კომერციული გადაწყვეტილება განპირობებული იყო სპეციალური ცოდნით, ინფორმირებულობით და საწარმოს სასარგებლოდ მოქმედების მიზნით. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 29 ნოემბერს გამოცემული იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. აქტში 2009-2011 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები შემცირდა 2 847 751 ლარით. შემცირების ფაქტობრივ საფუძველში შემმოწმებლის მიერ მითითებულია ის გარემოება, რომ კომპანიას ამ წლებში შპს ,,ჰა----------------ისგან" იმპორტირებული ჰქონდა მანგანუმის მადანი, რომლის მიწოდება ხდებოდა ყაზახეთიდან და თურქეთიდან. შესაბამისად, შემმოწმებლის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მადნის ექსპორტიორი ქვეყნებიდან, რომლის მიხედვით მოხდა მადნის სავარაუდო ღირებულების დადგენა, ხოლო განსხვავების თანხით შემცირებულ იქნა კომპანიის 2009-2011 წლების ხარჯები. აუდიტორების მიერ ოპერაციის შეფასების ნაწილში გამოყენებული იქნა 2011 წლის 01 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლი და მოქმედი საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლი. აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გამოყენების მიზანს წარმოადგენდა კომპანიის მიერ განხორციელებული გარიგების საბაზრო ფასის შეფასება, ხოლო ამგვარი დარიცხვა შპს ,,რ-----------" მიაჩნდა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე. აღნიშნული მოსაზრებების გამო, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 02 დეკემბრის ბრძანებასა და საგადასახადო მოთხოვნაზე შპს ,,რ------------" წარადგინა საჩივარი, თუმცა მისი მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავების განხილვისას ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და პირველადი მოთხოვნა შემცირდა 392 428 ლარამდე. შპს ,,რ-----------" აპირებდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა სასამართლოში, თუმცა შემქმნილი ვითარების გამო ეს მიზანშეუწონლად ჩაითვალა. კერძოდ, ამ დროისთვის შპს ,,რ-----------" ბიუჯეტში ერიცხებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა დაახლოებით 5 000 000 ლარი. იმ პირობებში, როდესაც შემოსავლების სამსახურს და კომპანიას შორის მიმდინარეობდა დავა საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე, შეუძლებელი იყო ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება. თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში კი, საქმიანობის განსახორციელებლად კომპანიას მოუწევდა თანხის სესხება და საპროცენტო სარგებლის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო მოიგებდა საგადასახადო ორგანოს წინააღმდეგ დავას, მას არ მოუწევდა 392 428 ლარის გადახდა, თუმცა დავის პერიოდში თანხის სესხების გამო მოუწევდა პროცენტის სახით 1 527 177,53 ლარის გადახდა. შესაბამისად, დავის კომპანიის სასარგებლოდ დასრულებაც, მისთვის ფინანსურად წამგებიანი იქნებოდა. აღნიშნული გარემოებების გამო, კომპანიამ მიზანშეწონილად მიიჩნია არ გაესაჩივრებინა სასამართლოში 392 428 ლარის დარიცხვა, რამაც კომპანიას მისცა შესაძლებლობა ბიუჯეტიდან დაებრუნებინა ზედმეტად გადახდილი თანხა. საბოლოოდ, მენეჯმენტმა ამგვარი გადაწყვეტილებით დაზოგა დაახლოებით 1 134 749,53 ლარი. 4. შპს ,,რ-----------" და ,,W-----------------"-ს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. სადაო არ არის ის გარემოებაც, რომ 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ,,W-----------------"-ს დებიტორული დავალიანება შეადგენდა 604 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ მითითებული დავალიანების გადახდევინების მიზნით, შპს ,,რ------------" მიმართა არაერთ ღონისძიებას, მათ შორის საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა უკრაინაში მოღვაწე იურისტთან, ასევე სცადა კომპანიის მოძიება მისთვის ცნობილი საკონტაქტო მონაცემების მეშვეობით, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ შპს ,,რ------------" დირექტორმა არაფერი მოიმოქმედა დავალიანების ამოღების მიზნით. 5. 2012 წლის 18 ივლისს გაიმართა შპს ,,რ------------" სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელზეც დამტკიცებული იქნა 2012 წლის ბიუჯეტი. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე ზ--------------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით, რომლითაც დადგინდა, რომ ზ-------------------- აღნიშნულ კრებაზე მოწვეული იყო კომპანიის წესდების მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, არასწორია მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ 2012 წლის ბიუჯეტი შესრულდა იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო დამტკიცებული 2012 წლის 18 ივლისს, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. კერძოდ, კომპანია ,,პ----–-----" მიმართ არსებული დავალიანების 800 000 ლარის დაფარვა არ მომხდარა, ასევე 8 თანამშრომელზე 200 000 ლარის ოდენობით პრემია არ გაცემულა, მანქანა-დანადგარების შესაძენად 456 505 ლარი არ გახარჯულა, საამქროს აღდგენაზე 294 191 ლარი არ გახარჯულა, სამომხმარებლო-საჩამომსხმელო ღუმელის სარემონტო სამუშაოებზე 2 119 000 ლარი არ გახარჯულა და სასტუმროს მშენებლობისთვის 242 000 ლარი არ გახარჯულა. ტერიტორიის შემოღობვის მიზნით დაახლოებით 107 000 ლარის ხარჯის გაწევის მართლზომიერებას დაეთანხმა თავად ზ-------------------- 2012 წლის 18 ივლისს თ--------------------სთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში. რაც შეეხება სახელფასო ფონდის და ნედლეულის მოპოვებისთვის ხარჯის გაზრდას, რეალურად განხორციელებული ბიუჯეტის მიხედვით სახელფასო ფონდმა შეადგინა 1 340 081 ლარი, ხოლო ნედლეულის მოპოვების ხარჯი გაიზარდა 442 037 ლარით, თუმცა ორივე შემთხვევაში, ხარჯის გაზრდა გამოწვეული იყო კომპანიის საჭიროებით - წარმოების გაზრდით. 6. ზ-------------------- და შპს ,,რ-----------" შორის სესხის ზეპირი ხელშეკრულება არ დადებულა და შესაბამისად, ზ-------------------- თანხა შპს ,,რ------------თვის" არ უსეხებია. აღნიშნულის გამო თანხა არც კომპანიის ბუღალტერიაში ასახულა და არც საწარმოს მოხმარებია. ამასთან, შპს ,,რ------------" განცხადების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინება, რომლითაც ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება შპს ,,რ------------თვის" ზ--------------------- სასარგებლოდ სესხის თანხის დავალიანების, მასზე დარიცხული პროცენტის და მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე. ამდენად, დავის განხილვის დროისთვის არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შპს ,,რ------------თვის" თანხის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, აღნიშნული თანხა შპს ,,რ------------" მიერ გადახდილი არ ყოფილა. ამდენად, სახეზე არ არის კომპანიისთვის მიყენებული ზიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ--------------------- სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებელი, ტომი 30, ს.ფ. 4-66, იხ. 2018 წლის 18 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2009 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარებული იქნა შპს ,,რ------------" კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმებას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დადგენილი იყო, რომ შპს ,,რ-----------" ხუთი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე მიღებული ჰქონდა ჩათვლები 356 586 ლარის ღირებულების სილიკონმანგანუმის ქერქული ნარჩენის (წიდის) შესყიდვაზე. აღნიშნულის გამო, კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებით შპს ,,რ-----------" დაერიცხა დამატებული ღირებულების ძირითადი გადასახადი - 54 394 ლარი და ჯარიმა - 108 789 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - კამერალური საგადახადო შემოწმების 2009 წლის 13 ოქტომბრის აქტი (იხ. ტომი 25, ს.ფ. 19-21) - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება (ტომი 25, ს.ფ. 17) 3.1.2. შპს ,,რ-----------" და ,,H-----------------"-ს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს წარმოებაში იყო სისხლის სამართლის #0----------- საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, 2013 წლის 11 ოქტომბერს, გე---------–-------თან და თა----------–---–თან გაფორმდა განრიდების შეთავაზების ოქმი. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს მიერ 2013 წლის 15 ოქტომბერს მიღებული იქნა დადგენილება #0----------- სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. დადგენილების თანახმად, შპს ,,რ------------" ფინანსურმა დირექტორმა გე---------–-------მა და ბუღალტერმა თა----------–---–მა დაამზადეს ყალბი სალაროს გასავლის ორდერები და ორდერებში მითითებულ თარიღებში ,,H-----------------"-ს წარმომადგენელზე ნი----–-------------ეზე გაცემულად აჩვენეს 2 038 332 ლარი. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი იქნა, რომ გე---------–-------მა და თა----------–---–მა ნი----–-------------ეს თანხა გადასცეს არა სალაროს გასავლის ორდერებში მითითებულ თარიღებში, არამედ სხვა დროს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტება - 2013 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება (ტომი 29, ს.ფ. 197-199) - განრიდების შეთავაზების ოქმები (ტომი 25, ს.ფ. 13-14) 3.1.3. 2013 წელს ჩატარდა შპს ,,რ------------" საგადასახადო შემოწმება. 2013 წლის 29 ნოემბერს, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი იქნა შპს ,,რ------------" საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. შემოწმების აქტის თანახმად, შპს ,,რ------------" მიერ ,,H-----------------"-სგან 2009-2012 წლებში შეძენილი მანგანუმის მადნის თვითღირებულება გაზრდილი იყო 2 847 752 ლარით, რის გამოც აღნიშნული თანხა ექვემდებარებოდა კომპანიის ხარჯებიდან ამოღებას. 2013 წლის 02 დეკემბერს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული იქნა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა 3 357 018,3 ლარის გადახდის თაობაზე. მითითებული აქტები შპს ,,რ------------" გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში, ხოლო მოგვიანებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. წარდგენილი საჩივრით შპს ,,რ-----------" ასაჩივრებდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირების გამო დარიცხულ თანხებს, ასევე საბაჟო რეჟიმის შეცვლის გამო დარიცხულ თანხებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,რ------------" საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს მიერ დადგენილი გარემოებების საფუძველზე განესაზღვრა საზოგადოების საგადასახადო ვალდებულება. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 04 აპრილს შედგენილი იქნა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც შპს ,,რ-----------" დაერიცხა მოგების გადასახადი 313 089 ლარი და ჯარიმა - 79 339 ლარი, სულ 392 428 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2013 წლის 29 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი (ტომი 24, ს.ფ. 173-203) - 2013 წლის 02 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნა (ტომი 23, ს.ფ. 355) - დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება (ტომი 23, ს.ფ. 356-368) - 2014 წლის 04 აპრილის საგადასახადო მოთხოვნა (ტომი 23, ს.ფ. 369) 3.1.4. 2011 წლის 23 სექტემბერს, შპს ,,რ-----------" და შპს ,,W-----------------"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ფეროსილიკონმანგანუმის ნასყიდობის და მიწოდების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,რ------------" იკისრა ვალდებულება შპს ,,W-----------------"-სთვის მიეწოდებინა 670 000 აშშ დოლარის ღირებულების ფეროსილიკონმანგანუმი. 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს ,,W-----------------"-ს დავალიანება შპს ,,რ------------" მიმართ შეადგენდა 604 000 ლარს. 2014 წლის 21 მაისს, შპს ,,რ-----------" და იურისტ ვ----------------–-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით დამკვეთი ავალებს, შემსრულებელი კი კისრულობს ვალდებულებას, რომ დამკვეთს ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე გაუწევს იურიდიულ მომსახურებას კომპანიის შპს ,,W-----------------"-ს საქმეში შპს ,,რ------------" იურიდიული მხარდაჭერის მიზნით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2011 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულება (ტომი 23, ს.ფ. 204-213) - 2014 წლის 21 მაისის ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ (ტომი 30, ს.ფ. 278-284) - მხარეთა ახსნა-განმარტება 3.1.5. 2012 წლის 18 ივლისს ჩატარდა შპს ,,რ------------" სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა. სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება კომპანიის 2012 წლის ფინანსურ გეგმაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე. კერძოდ, შპს ,,რ------------" სათაო ოფისის 8 თანამშრომლისთვის გათვალისწინებული იქნა პრემიის გაცემა - 200 000 ლარის ოდენობით, შპს ,,პ----–-----" ვალდებულების შესასრულებლად გათვალისწინებული იქნა 800 000 ლარის ხარჯვა, მანქანა-დანადგარების შესაძენად - 456 505 ლარი, ტერიტორიის შემოღობვისთვის - 107 618 ლარი, საამქროს აღდგენისთვის - 294 191 ლარი, სამომხმარებლო-საჩამომხმელო ღუმელის რემონტისთვის - 2 119 000 ლარი, სახელფასო ფონდისთვის - 1 573 500 ლარი, ნედლეულის მოპოვებისთვის - 1 490 765 ლარი, სასტუმროს მშენებლობისთვის - 242 000 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი (ტომი 28, ს.ფ. 225) - მხარეთა ახსნა-განმარტება 3.1.6. ზ--------------------- სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს ,,რ------------თვის" სესხის თანხის დავალიანების 1 516 461 ლარის, პროცენტის - 606 925 ლარის და მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 181 976 ლარის გადახდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილებით ზ--------------------- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, შპს ,,რ-----------" ზ--------------------- სასარგებლოდ დაეკისრა სესხის თანხის დავალიანების 436 558 აშშ დოლარის, პროცენტის - 206 625 აშშ დოლარის გადახდა, ასევე მიუღებელი შემოსავლისთვის ზიანის ანაზღაურება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ--------------------- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, შპს ,,რ-----------" ზ--------------------- სასარგებლოდ დაეკისრა სესხის თანხის დავალიანების 586 558 აშშ დოლარის, პროცენტის - 206 625 აშშ დოლარის და მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 23 795,49 აშშ დოლარის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება. შპს ,,რ------------" განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით შპს ,,რ------------" განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინება და განახლდა საქმის წარმოება. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება(ტომი 25, ს.ფ. 186-210) - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება (ტომი 25, ს.ფ. 230-265) - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინება (ტომი 25, ს.ფ. 266) - საქართველოს ეზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინება (ტომი 29, ს.ფ. 226) - საქართველოს ეზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინება (ტომი 31, ს.ფ. 97) 3.1.7. შპს ,,რ-----------" რეგისტრირებული იქნა 2005 წლის 21 მარტს. 2005 წლის 21 მარტიდან 2012 წლის 31 მაისამდე შპს ,,რ------------" პარტნიორი იყო ბი------------–ი (100%), 2012 წლის 31 მაისიდან 2012 წლის 19 სექტემბრამდე შპს ,,რ------------" პარტნიორები იყვნენ: ბი------------–ი (9%), მი-------------–ი (52%) და ზ-------------------- (39%), 2012 წლის 19 სექტემბრიდან შპს ,,რ------------" პარტნიორები იყვნენ: ბი------------–ი (3%), მი-------------–ი (52%), ზ-------------------- (39%), გე---------–-------ი (2%) და თ-------------------- (4%). 2005 წლის 21 მარტიდან შპს ,,რ------------" დირექტორი იყო გ------------------–---–-, მოგვიანებით - გ------------------–---–- და თ--------------------. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან (ტომი 28, ს.ფ. 85-113)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ზ--------------------- მოთხოვნა, მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 465 375 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 465 375 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს: თე-------------–---–მა და სხვა პირებმა 2008 წლის მაისი-ნოემბრის თვეში განახორციელეს არაერთი უსაქონლო ოპერაცია და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების - ანგარიშ-ფაქტურების დამზადებითა და გამოყენებით მიითვისეს ,,რ------------“ კუთვნილი თანხა სულ 356 586 ლარი. დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის შემდგომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაუქმებული იქნა აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო ყალბი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის გამო შპს ,,რ-----------" დაერიცხა ჯარიმა 108 789 ლარის ოდენობით. ამდენად, შპს ,,რ------------" წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის - თ--------------------ს და სხვა პირების მიერ მითვისებული იქნა 356 586 ლარი, ხოლო მათ მიერ ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადების გამო კომპანიას დაერიცხა ჯარიმა 108 789 ლარის ოდენობით.
მოპასუხეები მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს არ ეთანხმებიან. მათი განმარტებით, თანხის მითვისების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შპს ,,რ------------“ მიიღო საქონელი და შესაბამისად, უსაქონლო ოპერაციაც არ განხორციელებულა. მოპასუხეებმა მიუთითეს ასევე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნით უნდა განისაზღვროს ხანდაზმულობის ვადა, რომელიც უნდა გავრცელდეს წარმოდგენილ მოთხოვნაზე, ასევე მოთხოვნის წარმოშობის მომენტი, საიდანაც უნდა აითვალოს ხანდაზმულობის ვადა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს მოპასუხეების მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად (რაც გამოიხატა უსაქონლო ოპერაციის განხორციელებასა და კომპანიის ფულადი სახსრების მითვისებაში) კომპანიისათვის ზიანის მიყენებაზე ანუ მოსარჩელე მიუთითებს დელიქტზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის თანახმად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
მითითებული ნორმის თანახმად, დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა - სამი წელი, რომელიც აითვლება იმ მომენტიდან როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შემთხვევაში, დელიქტით საწარმოსთვის ზიანის მიყენება ამავდროულად წარმოადგენს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6. მუხლით განსაზღვრული მოვალეობების დარღვევას.
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 15.1. მუხლის თანახმად კი, ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს.
რაც შეეხება კანონით განსაზღვრული ვადის ათვლის მომენტს, მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზ--------------------- მიერ წარმოდგენილია დერივაციული ანუ ნაწარმოები სარჩელი, თანახმად ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46.5. მუხლისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზ--------------------- მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს იგივე ხანდაზმულობის ვადა, რაც გავრცელდებოდა კომპანიის მოთხოვნაზე. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლაც უნდა განხორციელდეს იმგვარად, როგორც აითვლებოდა სარჩელი კომპანიას რომ აღეძრა.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ სადაო ტრანზაქციები განხორციელდა 2008 წლის მაისი-ნოემბრის თვეში, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 20 ოქტომბრის ბრძანებით აღნიშნული ტრანზაქციების განხორციელების გამო შპს ,,რ-----------“ დაერიცხა ჯარიმა 108 789 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შპს ,,რ------------“ მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 2008 წლის ნოემბრის და 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ. ამდენად, მოთხოვნის ამ ნაწილში ხანდაზმულობის ვადის ათვლა ყველაზე გვიან დაიწყო 2009 წლის ოქტომბრიდან. ზ--------------------- მიერ სარჩელი, ზემოთმითითებული ტრანზაქციების განხორციელებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრული იქნა 2017 წლის 25 ივლისს, ხოლო ტრანზაქციების განხორციელების გამო დარიცხული ჯარიმის 108 789 ლარის მოპასუხეებისთვის გადახდევინების მოთხოვნით აღძრული იქნა 2018 წლის 03 აპრილს. ამდენად, მოთხოვნის წარმოშობიდან ზ--------------------- მიერ სარჩელის აღძვრამდე გასულია ხანდაზმულობის, როგორც სამწლიანი (სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი), ისე ხუთწლიანი (,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 15.1. მუხლი) ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ--------------------- მოთხოვნა, მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 465 375 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია.
3.2.2. ზ--------------------- მოთხოვნა, მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 2 440 000 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 2 440 000 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხე მხარის ქმედებით შპს ,,რ-----------" მიადგა ზიანი 2 440 000 ლარის ოდენობით, კერძოდ, 2011 წელს შპს ,,რ------------“ სალაროდან ყალბი სალაროს გასავლის ორდერების საფუძველზე გაცემული იქნა 2 440 000 ლარი.
აღნიშნულ ნაწილში მოპასუხეებს წარმოდგენილი აქვთ სარჩელის გამომრიცხავი არსებითი შესაგებელი, ასევე მოპასუხეები მიუთითებენ სარჩელის გამომრიცხავ ისეთ შესაგებელზე, როგორიცაა ხანდაზმულობა.
მოთხოვნის ამ ნაწილშიც მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხეების მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად კომპანიისთვის ზიანის მიყენებაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში მოცემული მსჯელობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მოთხოვნაზეც გასულია ხანდაზმულობის როგორც სამწლიანი, ისე ხუთწლიანი ვადა.
მხარეთა შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ შპს ,,რ------------" სალაროდან თანხა გაცემული იქნა 2011 წლის განმავლობაში. შესაბამისად, შპს ,,რ------------" მოთხოვნის უფლებაზე ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ყველაზე გვიან 2012 წლის დასაწყისიდან, ზ--------------------- მიერ კი სარჩელი 2011 წელს შპს ,,რ------------“ სალაროდან გაცემული თანხის დაკისრების მოთხოვნით აღძრული იქნა 2017 წლის 25 ივლისს, მოთხოვნის წარმოშობიდან ხუთი წლისა და შვიდი თვის გასვლის შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ--------------------- მოთხოვნა, მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 2 440 000 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია.
3.2.3. ზ--------------------- მოთხოვნა, მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 2 847 752 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია.
წარმოდგენილი სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 3 240 180 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული არაგეგმიური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი და დადგენილი იქნა, რომ ორ ურთიერთდამოკიდებულ საზოგადოებას (შპს ,,რ-----------“ და შპს ,,ჰა----------------ს“) შორის ხდებოდა შესყიდული ნედლეულის თვითღირებულების ხელოვნურად გაზრდა. შემოწმების შედეგად საზოგადოებას დამატებით დაერიცხა მოგების გადასახადი, ჯარიმა და საურავი. აღნიშნული შპს ,,რ------------" მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. ორივე ორგანოს მიერ დადგენილი იქნა, რომ შპს ,,რ------------" მიერ შესყიდული ნედლეულის თვითღირებულება გაზრდილი იქნა 2 847 752 ლარით, რის გამოც 2 847 752 ლარით შემცირდა შპს ,,რ------------" გამოსაქვითი ხარჯი. ამასთან, შესყიდული საქონლის თვითღირებულების გაზრდის გამო შპს ,,რ-----------" დამატებით დაერიცხა მოგების გადასახადი 313 089 ლარი და ჯარიმა - 79 339 ლარი, სულ 392 428 ლარი. ამდენად, მოპასუხეების აღნიშნული ქმედების გამო შპს ,,რ-----------" მიადგა ზიანი 2 847 752 ლარის და 392 428 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ ნაწილშიც მოპასუხეებს წარმოდგენილი აქვთ სარჩელის გამომრიცხავი არსებითი შესაგებელი, ასევე მოპასუხეები მიუთითებენ სარჩელის გამომრიცხავ ისეთ შესაგებელზე, როგორიცაა ხანდაზმულობა.
მხარეთა შორის სადაოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინიტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 2013 წლის 29 ნოემბრის შუალედური აქტის საფუძველზე შპს ,,რ-----------“ გადასახდელად დაერიცხა 3 357 018,3 ლარი. აღნიშნული თანხა შპს ,,რ-----------“ დაერიცხა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების შემცირების და საბაჟო რეჟიმის შეცვლის გამო. შემოწმებისას გამოვლენილი იქნა, რომ შპს ,,რ------------“ მიერ 2009-2011 წლებში შეძენილი მანგანუმის მადნის ღირებულება არ შეესაბამებოდა საბაზრო პრინციპებს და შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა ექვემდებარებოდა შპს ,,რ------------“ მიერ ხარჯებიდან ამოღებას, კერძოდ, 2009 წლის გამოსაქვითი ხარჯი შემცირდა 99 833 ლარით, 2010 წლის გამოსაქვითი ხარჯი - 2 375 140 ლარით, ხოლო 2011 წლის გამოსაქვითი ხარჯი - 372 778 ლარით. სულ გამოსაქვითი ხარჯი შემცირდა 2 847 752 ლარით.
სარჩელის ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება მოპასუხეების (დირექტორატის მიმართ) მიერ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევას ანუ მოსარჩელის პრეტენზია გამომდინარეობს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან. შესაბამისად, ზ--------------------- მოთხოვნაზე ვრცელდება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს.
ზ--------------------- აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს იგივე ხანდაზმულობის ვადა, რაც გავრცელდებოდა კომპანიის მოთხოვნაზე. შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის ათვლაც უნდა განხორციელდეს იმგვარად, როგორც აითვლებოდა სარჩელი კომპანიას რომ აღეძრა (იხ. გადაწვეტილების 3.2.1. პუნქტი).
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, შპს ,,რ------------“ მიერ ნედლეული შეძენილი იქნა 2009-2011 წლებში. შესაბამისად, ამ ტრანზაქციების განხორციელების გამო მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 2009, 2010 და 2011 წლებში. ხანდაზმულობის ვადის ათვლაც დაიწყო მითითებული დროიდან და ამოიწურა შესაბამისად 2014, 2015 და ყველაზე გვიან 2016 წლის ბოლოს. ზ--------------------- სარჩელი მითითებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით წარმოადგინა 2017 წლის 25 ივლისს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა მოპასუხეებისთვის 2 847 752 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, ხანდაზმულია.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ნედლეულის თვითღირებულებაზე მაღალ ფასად შეძენის გამო დარიცხული მოგების გადასახადის 313 089 ლარის და ჯარიმის - 79 339 ლარის, სულ 392 428 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, სასამართლო თვლის, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხვნა არ არის ხანდაზმული შემდეგ გარემოებათა გამო:
მითითებული ოდენობის მოგების გადასახადი და ჯარიმა შპს ,,რ-----------" დაერიცხა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 04 აპრილის საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე. შესაბამისად, ყველაზე ადრე ამ მოთხოვნის ხანდაზმულის ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 05 აპრილიდან. ზ--------------------- მიერ კი, სარჩელი აღძრული იქნა 2017 წლის 25 ივლისს, ხანდაზმულობის 5 წლიანი ვადის გასვლამდე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ--------------------- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი, ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9, 46-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. (მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 465 375 ლარის გადახდის დაკისრება) როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 465 375 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს: თე-------------–---–მა და სხვა პირებმა 2008 წლის მაისი-ნოემბრის თვეში განახორციელეს არაერთი უსაქონლო ოპერაცია და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების - ანგარიშ-ფაქტურების დამზადებითა და გამოყენებით მიითვისეს შპს ,,რ------------“ კუთვნილი თანხა სულ 356 586 ლარი. დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის შემდგომ შემოსავლების სამსახურის მიერ გაუქმებული იქნა აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო ყალბი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის გამო შპს ,,რ-----------" დაერიცხა ჯარიმა 108 789 ლარის ოდენობით. ამდენად, შპს ,,რ------------" წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის - თ--------------------ს და სხვა პირების მიერ მითვისებული იქნა 356 586 ლარი, ხოლო მათ მიერ ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადების გამო კომპანიას დაერიცხა ჯარიმა 108 789 ლარის ოდენობით. მოპასუხეები მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს არ ეთანხმებიან. მათი განმარტებით, თანხის მითვისების ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შპს ,,რ------------“ მიიღო საქონელი და შესაბამისად, უსაქონლო ოპერაციაც არ განხორციელებულა. მოპასუხეებმა მიუთითეს ასევე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოცემული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს მოსარჩელეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო ეუბნება. სასარჩელო ხანდაზმულობის, როგორც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ლეგიტიმურ და სამართლიან საფუძველთან დაკავშირებით სასამართლო მოიხმობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი - ,,ზოგადად, ხანდაზმულობის ვადების დადგენა გამართლებულია სამართალში არსებული უფლებრივი წესრიგით, კერძოდ, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად და იმავდროულად, სამართლიანი მართლმსაჯულება, სასამართლოსადმი სანდოობა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების შეუქცევადობა სამართლებრივი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3). სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადების დადგენა მტკიცებულებათა საიმედოობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი გარანტიაა. ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების გართულება, რაც გააძნელებს მათი საიმედოობის დადგენას. შედეგად, წარმოიშობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასების საფრთხე. ხანდაზმულობის ვადა კი მხარეების ასეთი საფრთხეებისგან დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა. ზემოთჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც, რომელიც განმარტავს შემდეგს - „ ... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ. 51, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ 465 375 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა აღძრულია მოთხოვნის წარმოშობიდან (ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებიდან) დაახლოებით შვიდი წლის და ცხრა თვის გასვლის შემდეგ. აღნიშნული გარემოება კი, მოპასუხეს უფლებას აძლევს უარი განაცხადოს მოთხოვნაზე 465 375 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლისა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ--------------------- მოთხოვნა, მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 465 375 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.2. (მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 2 440 000 ლარის გადახდის დაკისრება) წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 2 440 000 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2011 წელს შპს ,,რ------------“ სალაროდან გაცემული იქნა 2 440 000 ლარი, რაც დასტურდება მოწმე ნი----–-------------ის ჩვენებით, ასევე გე---------–-------ს და საქართველოს მთავარ პროკურატურას შორის გაფორმებული განრიდების ოქმით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის სახით დაკითხული ნი----–-------------ის ჩვენებაზე. ჩვენების თანახმად, ნი----–-------------ემ 2011 წლის მთელი პერიოდის განმავლობაში შპს ,,რ-----------დან“ ნაღდი ფულის სახით რამდენიმე ეტაპად გაიტანა დაახლოებით 2 400 000 ლარი. აღნიშნულ თანხას ნი----–-------------ე ღებულობდა, როგორც კომპანია ,,ჰა----------------ის“ წარმომადგენელი და სრულად გადასცემდა კომპანია ,,ჰა----------------ის“ უფლებამოსილ პირს (იხ. ნი----–-------------ის ჩვენება, ტომი 2, ს.ფ. 198). საქმეში ასევე წარმოდგენილია საქართველოს პროკურატურის 2013 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, თა----------–---–მა და გე---------–-------მა ,,H-----------------”-ს წარმომადგენელს ნი----–-------------ეს 2 038 332 ლარი გადასცეს არა სალაროს გასავლის ორდერებში მითითებულ თარიღებში, არამედ სხვა დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად იქნა მიჩნეული გე---------–-------ის მიერ ჯგუფურად ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით, გასაღება და გამოყენება, რომელიც არ წარმოადგენს ფასიან ქაღალდს. ამავე დადგენილებით გე---------–-------ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1681-1682 მუხლებით გათვალისწინებული პირობების გამოყენების გამო (იხ. ტომი 29, ს.ფ. 198). გე---------–-------ის და თა----------–---–ის მიერ შპს ,,რ------------“ სალაროდან დაახლოებით 2 038 332 ლარის გაცემის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დადგენილი იქნა, რომ შპს ,,რ------------“ სალაროდან გაცემული იქნა 2 038 332 ლარი, თუმცა სამართალდარღვევა გამოიხატა აღნიშნული თანხის გატანის თაობაზე შედგენილი სალაროს გასავლის ორდერების თარიღების არასწორად მითითებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი იქნა გე---------–-------ის მიერ ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების ფაქტი, რომლიც არ წარმოადგენს ფასიან ქაღალდს. შესაბამისად, ივარაუდება, რომ გე---------–-------მა განრიდების გაფორმებით აღიარა სწორედ ყალბი დოკუმენტაციის შედგენის და არა შპს ,,რ------------“ სალაროდან 2 440 000 ლარის მითვისების ფაქტი. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის მოპასუხედ დასახელებული პირების მიერ მითვისება, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს, არ დასტურდება. რაც შეეხება განხორციელებულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით მოპასუხედ დასახელებული პირების პასუხისმგებლობას, სასამართლო პირველ რიგში განიხილავს კომპანიის დირექტორის მიმართ მოთხოვნას და განმარტავს შემდეგს: ერთ-ერთ ცნობილ საქმეზე, Smith vs Van Gorkom, დელავერის უმაღლესმა სასამართლომ განმარტა, რომ დირექტორთა მოვალეობები საწარმოს მიმართ მოიცავს ზრუნვის (Duty of Care) და ერთგულების (Dutyof Loyalty) ვალდებულებას (Supreme Court of Delaware ,Smith v Van Gorkom, 488A.2d 858 Delaware1985). ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, დირექტორებმა უნდა შეასრულონ სამი ძირითადი წინაპირობა, რათა თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა. პირველი, საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; მეორე, გამოიჩინონ სათანადო მზრუნველობა კომპანიის მიმართ და მესამე, მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია კომპანიისთვის. იმ შემთხვევაში, თუკი დირექტორები ან/და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მოქმედებენ ზემოაღნიშნული სამი ძირითადი სტანდარტის დაცვით, მათ ვალდებულება არ წარმოეშობათ კომპანიის მიერ განცდილი დანაკარგის გამო. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ კომპანიამ განიცადა დანაკარგი 2 440 000 ლარის ოდენობით. მეტიც, მოსარჩელე მხარეს ამ თვალსაზრისით თავისი მოთხოვნის დასაბუთება არ განუხორციელებია და შემოიფარგლა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების მასალებზე მითითებით. მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია და შესაბამისად არ განუხორციელებია იმ გარემოების მტკიცება, რომ ,,H-----------------” არ წარმოადგენდა შპს ,,რ------------“ კრედიტორს და კომპანიას არ გააჩნდა მისთვის თანხის გადახდის ვალდებულება. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,რ------------“ სამეთვალყურეო საბჭოს 2009 წლის 25 მაისის სხდომის ოქმი. ოქმის თანახმად, სხდომას ესწრებოდნენ მი-------------–ი, თ-------------------- და ზ--------------------. სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება და გენერალურ დირექტორს - თ-------------------- მიეცა თანხმობა დაედო სესხის ხელშეკრულება ,,H-----------------”-სთან (იხ. ტომი 28, ს.ფ. 151). ამდენად, საქმის მასალებიდან დგინდება და აღნიშნული მხარეებს შორის სადაო არ გამხდარა, რომ შპს ,,რ-----------“ და ,,H-----------------”-ს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რის გამოც შპს ,,რ------------“ სალაროდან 2011 წელს თანხის გაცემას შეიძლება ჰქონდა შესაბამისი საფუძველი. მოსარჩელე მხარეს არ განუხორციელებია იმ გარემოების მტკიცება, რომ გაცემული თანხა ,,H-----------------”-ს მიერ არ იქნა მიღებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ანგარიშში. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ არ განხორციელებულა ზიანის ფაქტის მტკიცება ანუ არ არის დადგენილი ზიანის ფაქტი, რის გამოც საზოგადოების დირექტორის მიერ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სტანდარტის დაცვის განხილვა რელევანტური არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოპასუხეების მიერ 2 440 000 ლარის ოდენობით თანხის მითვისების ფაქტი. გარდა ამისა, არ არის დადასტურებული მითითებული ოდენობით კომპანიისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამორიცხავს საწარმოს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობას ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6 მუხლის შესაბამისად. რაც შეეხება მოპასუხედ დასახელებული, შპს ,,რ------------“ პარტნიორების პასუხისმგებლობას. როგორც სარჩელიდან ირკვევა, მოსარჩელე კომპანიის პარტნიორების პასუხისმგებლობას უკავშირებდა თანხის მითვისებას და კომპანიის მენეჯმენტის და დომინანტი პარტნიორების მხრიდან შეთანხმებულ მოქმედებას. მოსარჩელე მხარეს თავისი მოთხოვნა არ დაუმყარებია ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.8 მუხლზე. იმ ვითარებაში კი, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული არც თანხის მითვისება და არც ზიანის ფაქტი (საწარმოს დანაკარგი), კომპანიის პარტნიორების მიმართ მოთხოვნა დაუსაბუთებელია. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელის ამ ნაწილშიც მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველია, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლისა. 6.3. (მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 3 240 180 ლარის გადახდის დაკისრება) როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, წარმოდგენილი სარჩელით ზ-------------------- ითხოვს მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 3 240 180 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული არაგეგმიური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი და დადგენილი იქნა ორ ურთიერთდამოკიდებულ საზოგადოებას (შპს ,,რ-----------“ და შპს ,,ჰა----------------ს“) შორის შესყიდული ნედლეულის თვითღირებულების ხელოვნურად გაზრდის ფაქტი. შემოწმების შედეგად საზოგადოებას გადასახდელად დაერიცხა 380 814,55 ლარი. აღნიშნული შპს ,,რ------------" მიერ გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. ორივე ორგანოს მიერ დადგენილი იქნა შპს ,,რ------------" მიერ 2009-2011 წლებში შეძენილი ნედლეულის თვითღირებულების 2 847 752 ლარით გაზრდის ფაქტი. შემოწმების შედეგად შპს ,,რ------------" ხარჯებიდან ამოღებული იქნა 2 847 752 ლარი. მოპასუხე მხარე ამ ნაწილშიც არ ცნობს სარჩელს. გარდა არსებითი შესაგებლისა, მოპასუხეები მიუთითებენ სარჩელის გამომრიცხავ ისეთ შესაგებელზე, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას 2 847 752 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 2 847 752 ლარის გადახდის თაობაზე აღძრულია მოთხოვნის წარმოშობიდან (ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებიდან) დაახლოებით ხუთი წლის და შვიდი თვის გასვლის შემდეგ (კერძოდ, 2009 წელს განხორციელებული ტრანზაქციის ნაწილში მოთხოვნა აღძრულია ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებიდან - დაახლოებით შვიდი წლის და შვიდი თვის გასვლის შემდეგ, 2010 წელს განხორციელებული ტრანზაქციის ნაწილში - დაახლოებით ექვსი წლის და შვიდი თვის გასვლის შემდეგ, ხოლო 2011 წელს განხორციელებული ტრანზაქციის ნაწილში - დაახლოებით ხუთი წლის და შვიდი თვის გასვლის შემდეგ), მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხანდაზმულობის ხუთწლიანი ვადა (იხ. გადაწყვეტილების 3.2.3. პუნქტი). აღნიშნული გარემოება კი, მოპასუხეს უფლებას აძლევს უარი განაცხადოს მოთხოვნაზე 2 847 752 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლისა. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ნედლეულის თვითღირებულებაზე მაღალ ფასად შეძენის გამო დარიცხული გადასახადის 392 428 ლარის (მოგების გადასახადი - 313 089 ლარი და ჯარიმა - 79 339 ლარი) გადახდის დაკისრების ნაწილში, სასამართლო თვლის, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო: მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხეების ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად განიხილავს შპს ,,რ------------" მიერ ნედლეულის თვითღირებულებაზე მაღალ ფასად შეძენას და ამ ტრანზაქციის განხორციელებისთვის საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის და ჯარიმის დარიცხვას. მითითებული გარემოებების დადასტურების მიზნით მოსარჩელე ეყრდნობა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო შემოწმების აქტს და მასთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოს სისტემაში შემავალი დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. სადაო არ არის ის გარემოება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი საგადასახადო შემოწმების 2013 წლის 29 ნოემბრის აქტით მიჩნეული იქნა, რომ შპს ,,რ------------" მიერ 2009-2011 წლებში ნედლეული შეძენილი იქნა 2 847 752 ლარით საბაზრო ფასზე მაღალ ფასად. 2013 წლის 29 ნოემბრის აქტის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2013 წლის 02 დეკემბერს გამოცემული იქნა ბრძანება, ხოლო ბრძანების საფუძველზე - საგადასახადო მოთხოვნა შპს ,,რ------------თვის" 3 357 018,3 ლარის გადახდევინების შესახებ (იხ. ტომი 23, ს.ფ. 355). აღნიშნული ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 24 დეკემბრის ბრძანება შპს ,,რ------------“ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,რ------------“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს მიერ დადგენილი გარემოებების საფუძველზე განესაზღვრა საზოგადოების საგადასახადო ვალდებულება (იხ ტომი 23, ს.ფ. 356-368). სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 04 აპრილს გამოცემული იქნა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც შპს ,,რ-----------“ გადასახდელად დაერიცხა მოგების გადასახადი 313 089 ლარი და ჯარიმა - 79 339 ლარი, სულ 392 428 ლარი (იხ. ტომი 23, ს.ფ. 369). დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და 2014 წლის 04 აპრილის მოთხოვნა შპს ,,რ-----------" არ გაუსაჩივრებია. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, შპს ,,რ------------" მიერ საბაზროზე მაღალ ფასად ნედლეულის შეძენასთან დაკავშირებით დასკვნა გაკეთებული იქნა საგადასახადო ორგანოს მიერ, რაც ასევე გაზიარებული იქნა დავების განხილვის საბჭოს მიერ, თუმცა აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭო არ წარმოადგენს ამგვარი დავის განხილვაზე უფლებამოსილ ბოლო ინსტანციას. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს სისტემაში განხორციელებული სამართალწარმოების შედეგად დადგენილი გარემოება, მათ შორის ნედლეულის მაღალ ფასად შეძენასთან დაკავშირებით, ვერ იქნება მიჩნეული უდაოდ დადგენილად. ამასთან, როგორც მოპასუხე მიუთითებს, ნედლეულის კონკრეტული ბაზრიდან (ყაზახეთიდან) შეძენა განპირობებული იყო მისი მაღალი ხარისხით, რაც თავის მხრივ აისახებოდა შპს ,,რ------------" მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხზე და შედეგად, წარმოებული პროდუქციის გასაღების ბაზარიც იზრდებოდა. გარდა ამისა, ნედლეულის შეძენა კომპანია ,,ჰა----------------ისგან" ხელსაყრელი იყო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,რ-----------" აღნიშნული კომპანიისგან ნედლეულს ყიდულობდა კონსიგნაციის წესით, ხოლო ხშირად ანგარიშსწორებას ახორციელებდა ურთიერთგაქვითვით. ამდენად, მოპასუხე მხარე მიუთითებს გარემოებებზე, რამაც განაპირობა ნედლეულის კონკრეტული ბაზრიდან და კონკრეტული პირისგან შეძენა. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული გარემოებების გამაქარწყლებელი გარემოებები მოსარჩელეს არ შემოუთავაზებია. მოსარჩელე მხარე შემოიფარგლა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანოს მიერ გაკეთებულ დასკვნებზე მითითებით. რაც შეეხება დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარს, მოპასუხე მხარის განმარტებით, მითითებული აქტის სასამართლოში გასაჩივრებაზე უარი განპირობებული იყო შემდეგი გარემოებით: ამ დროისთვის შპს ,,რ-----------" ბიუჯეტში ზედმეტად ჰქონდა გადახდილი 5 000 000 ლარი, რომლის დაბრუნებასაც ვერ ახერხებდა მიმდინარე საგადასახადო დავის გამო. ამასთან, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ფულადი სახსრების დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას მოუწევდა თანხის სესხება, რაც თავის მხრივ დაკავშირებული იქნებოდა დამატებით ხარჯის გაწევასთან პროცენტის გადახდის ფორმით. შესაბამისად, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება კომპანიას არ გაესაჩივრებინა დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება და გადაეხადა 2014 წლის 04 აპრილის საგადახდო მოთხოვნით განსაზღვრული თანხა. მოპასუხის მიერ შემოთავაზებული ფაქტების განხილვისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 21 თებერვლის წერილზე (იხ. ტომი 24, ს.ფ. 321). აღნიშნული წერილით შპს ,,რ-----------" ეცნობა, რომ მიმდინარე საგადასახადო შემოწმების გამო იმჟამად მოქმედი კანონმდებლობა ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას არ იძლეოდა. შპს ,,რ------------" ,,ორისის" პროგრამის თანახმად (იხ. ტომი 24, ს.ფ. 322) კი, ამ პერიოდისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შპს ,,რ------------თვის" დასაბრუნებელი თანხა შეადგენდა 5 000 000 ლარს. ამდენად, მოპასუხე მხარემ მიუთითა გარემოებები, რის გამოც, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოში დავის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოპასუხე მხარის მითითებით, დასახელებულ გარემოებათა გამო, დარიცხულ გადასახადთან დაკავშირებით დავის გაგრძელება ფინანსური თვალსაზრისით წამგებიანი და ზიანის მომტანი იქნებოდა და აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე იქნა მიღებული. მოსარჩელე მხარეს კი მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოებების გამაქარწყლებელი არგუმენტები არ შემოუთავაზებია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა შემდეგი - ,,თანამედროვე საკორპორაციო სამართალში დიდი მნიშვნელობა ენიჭება „სამეწარმეო განსჯის წესს“ ანუ, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საწარმოს დირექტორები მოქმედებდნენ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერებისა და ინფორმირებულობის პრინციპის დაცვით, შესაბამისად, დირექტორების წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, გადალახოს აღნიშნული პრეზუმფცია". ამავე გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,დირექტორის გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქმე #ას-687-658-2016). მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო იმ პრეზუმციის გაქარწყლება, რომ შპს ,,რ------------" დირექტორი ზემოთმითითებული გადაწყვეტილებების მიღებისას მოქმედებდა კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერებისა და ინფორმირებულობის პრინციპის დაცვით. რაც შეეხება მოპასუხედ დასახელებული შპს ,,რ------------“ პარტნიორების პასუხისმგებლობას, მოსარჩელე მხარეს ისეთი გარემოებების მტკიცება, რომლებსაც ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი პარტნიორის პასუხისმგებლობას უკავშირებს, არ განუხორციელებია. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა პარტნიორების მხრიდან ფულის გათეთრებაზე, რაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და საჭიროებს შესაბამისი მტკიცებულებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, დადასტურებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ--------------------- მოთხოვნა, მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 3 240 180 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.4. (მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 604 000 ლარის გადახდის დაკისრება) წარმოდგენილი სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 604 000 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, თ--------------------ს და გე---------–-------ის მიერ დარღვეული იქნა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების და გულმოდგინების ვალდებულება, კერძოდ, თე-------------–---–მა და გე---------–-------მა არ მიიღეს შესაბამისი ზომები ,,LLP W--------------“-ისგან დებიტორული დავალიანების 604 000 ლარის ამოღების მიზნით, რის გამოც გაუშვეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. მოპასუხე მხარე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შპს ,,რ-----------“ და ,,LLP W--------------“-ს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და 2011 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ,,LLP W--------------“-ის დავალიანება შპს ,,რ------------“ მიმართ შეადგენდა 604 000 ლარს. ამასთნ, მოპასუხეები მიუთითებენ, რომ თ--------------------ს და გე---------–-------ის მიერ არ დარღვეულა ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, ვინაიდან მათი მხრიდან განხორციელდა გარკვეული ქმედებები დავალიანების გადახდევინების მიზნით, კერძოდ, კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება იურისტთან ,,LLP W--------------“-ის მიმართ საქმის წარმოების მიზნით, ასევე შპს ,,რ------------" მისთვის ცნობილი საკონტაქტო მონაცემების საშუალებით სცადა დაკავშირება ,,LLP W--------------“-თან. მოპასუხე მხარემ მის მიერ მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინა მტკიცებულებებიც, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია შპს ,,რ-----------“ და იურისტ ვ----------------–-ს შორის 2014 წლის 21 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ (იხ. ტომი 30, ს.ფ. 281-284). ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით დამკვეთი ავალებს, შემსრულებელი კი კისრულობს ვალდებულებას, რომ დამკვეთს ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე გაუწევს იურიდიულ მომსახურებას კომპანიის ,,ვ-----------------–--–-–-“-ს საქმეში შპს ,,რ------------“ იურიდიული მხარდაჭერის სახით. მოპასუხე მხარის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა ელექტრონული მიმოწერა შპს ,,რ-----------“ და ,,LLP W--------------“-ს შორის (იხ. ტომი 30, ს.ფ. 341-380). აღნიშნული მიმოწერის თანახმად, შპს ,,რ-----------“ ,,LLP W--------------“-ს ელექტრონულ წერილს უგზავნიდა შემდეგ მისამართზე - w--------------------. 2012 წლის 03 სექტემბერს, შპს ,,რ------------“ კვლავ გააგზავნა ელექტრონული წერილი მითითებულ მისამართზე და სთხოვა ადრესატს, მიეწოდებინა კომპანიის სწორი ინფორმაცია და ელ-ფოსტა (იხ. ტომი 30, ს.ფ. 344). შპს ,,რ------------“ წერილის პასუხად 2012 წლის 03 სექტემბერს w---------------------დან გაგზავნილი იქნა ელექტრონული წერილი, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული ფოსტა გამოიყენებოდა პირადი საჭიროებისთვის და მის მფლობელს დიდი ხანია არ ქონია ურთიერთობა შპს ,,ვ------------“ (იხ. ტომი 30, ს.ფ. 344). სასამართლო აღნიშნავს, რომ იურიდიული პირის მიერ დებიტორული დავალიანების ამოღების შეუძლებლობა წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისთვის დამახასიათებელ მოვლენას და ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოების დირექტორის პასუხისმგებლობის დაყენება დაუშვებელია. საზოგადოების დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში შესაძლებელია დადგეს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მან ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები დაარღვია და არ გამოიყენა საჭირო ზომები საზოგადოების დებიტორული დავალიანების ამოღების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შპს ,,რ------------“ მიმართა გარკვეული სახის ღონისძიებებს ,,LLP W--------------“-ს მოძიების და დებიტორული დავალიანების ამოღების მიზნით. მოსარჩელეს არ დაუსაბუთებია, რომ გონივრული განსჯის პირობებში შესაძლებელი იყო უფრო ეფექტური ღონისძიების გატარება, რაც ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვალდებულების სტანდარტის მიხედვით უნდა განეხორციელებინა კომპანიის დირექტორს. როგორც ზემოთ აღინიშნა, დირექტორის ქმედების შეფასებისას გამოიყენება ე.წ. „მართებული სამეწარმეო გადაწყვეტილების პრეზუმფცია“, რომლის გასაქარწყლებლად მოსარჩელის მიერ რელევანტური მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა (იხ. გადაწყვეტილების 6.3. პუნქტი). ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ შპს ,,რ------------“ დირექტორის მიერ დარღვეული იქნა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამასთან, მოსარჩელე მხარეს მოთხვნის ამ ნაწილში არ მიუთითებია ისეთ გარემოებებზე, რომლებსაც კანონის კომპანიის პარტნიორების პასუხისმგებლობას უკავშირებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიჩნია, რომ ზ--------------------- მოთხოვნა, მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 604 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.5. (მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 5 473 541 ლარის გადახდის დაკისრება) წარმოდგენილი სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 5 473 541 ლარის გადახდის დაკისრება. ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვა ემყარება შემდეგ გარემოებებს: შპს ,,რ------------“ 2012 წელს მოქმედი წესდების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც. მოწვევა უნდა გაკეთდეს წერილობით, სულ ცოტა ხუთი დღით ადრე და სავარაუდო დღის წესრიგით“. 2012 წლის 18 ივლისს, შპს ,,რ------------“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა საზოგადოების დომინანტმა პარტნიორებმა და საზოგადოების წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირებმა ჩაატარეს წესდების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევით და უსაფუძვლოდ გაზარდეს კომპანიის მიერ გასაწევი ხარჯები. შპს ,,რ------------“ 2012 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულმა დაუსაბუთებელმა ხარჯებმა სულ შეადგინა 5 473 541 ლარი. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 18 ივლისს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ჩატარების და 2012 წლის ბიუჯეტში მითითებული ოდენობით ხარჯის გათვალისწინების ფაქტს ადასტურებს მოპასუხე მხარე. ამასთან, მოპასუხეების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ 2012 წლის 18 ივლისს ჩატარებული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით ზ--------------------- სარჩელზე სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა და დაადგინა, რომ ზ-------------------- სხდომაზე მოწვეული იყო კომპანიის წესდების მოთხოვნის შესაბამისად, რის გამოც არ არსებობდა სხდომის ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, მოპასუხე მხარის მითითებით, 2012 წლის ბიუჯეტი არ განხორციელებულა იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო დამტკიცებული 2012 წლის 18 ივლისს, სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. ამდენად, მხარეთა შორის სადაოა 2012 წლის 18 ივლისს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების საკითხი. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, შპს ,,რ------------“ 2012 წლის ბიუჯეტში 5 473 541 ლარის ოდენობით და მოსარჩელის მიერ მითითებული დანიშნულებით ხარჯის გათვალისწინების ფაქტი არ არის სადაო. კერძოდ, დადგენილია, რომ 2012 წლის ბიუჯეტში სათაო ოფისის 8 თანამშრომლისთვის 6 თვეზე გათვალისწინებული იქნა პრემია 200 000 ლარი, მანქანა-დანადგარების შესაძენად გათვალისწინებული იქნა 456 505 ლარი, შპს ,,პ----–-----“ ვალის გასასტუმრებლად გათვალისწინებული იქნა 800 000 ლარი, შემოღობვის შეკეთებაზე გათვალისწინებული იქნა 107 618 ლარი, საამქროს აღდგენაზე გათვალისწინებული იქნა 294 191 ლარი, სამომხმარებლო-საჩამომსხმელო ღუმელის სარემონტო სამუშაოებზე გათვალისწინებული იქნა 2 119 000 ლარი, 6 თვეზე რ--------- ქარხნის სახელფასო ფონდი გაიზარდა 647 536 ლარით და შეადგინა 1 573 500 ლარი, ნედლეულის მოპოვებისთვის გათვალისწინებული იქნა 1 490 765 ლარი, ხოლო სასტუმროს მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნა 242 000 ლარი (იხ. სამეთვალყურეო საბჭოს 2012 წლის 18 ივლისის სხდომის ოქმი, ტომი 1, ს.ფ. 278, იხ. ტომი 1, ს.ფ. 255-277). სასამართლო აღნიშნავს, რომ კომპანიის ბიუჯეტი წარმოადგენს წინასწარ გაწერილ სამოქმედო დოკუმენტს და მასში ხარჯის გათვალისწინება, უპირობოდ არ ნიშნავს ამ ხარჯის გაწევასაც. შესაბამისად, უნდა გაირკვეს კომპანიის მიერ რეალურად გაწეული იქნა თუ არა ბიუჯეტში წინასწარ გაწერილი ხარჯები. თავდაპირველად საკითხი ეხება სათაო ოფისის 8 თანამშრომლისთვის 6 თვეზე პრემიის სახით 200 000 ლარის გაცემას. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,რ------------“ ,,ორისის“ პროგრამის ამონაწერი (2012 წლის 01 ივლისიდან 2013 წლის 01 იანვრამდე პერიოდზე, იხ. ტომი 31, ს.ფ. 189-323), რომლის მიხედვითაც 2012 წლის 01 ივლისიდან 2013 წლის 01 იანვრამდე შპს ,,რ------------“ სათაო ოფისის 8 თანამშრომელზე პრემიის სახით 200 000 ლარი არ გახარჯულა. ამონაწერის თანახმად, მითითებული პერიოდის განმავლობაში სულ პრემიის სახით, მათ შორის რ--------- თანამშრომლებზე, გაცემული იქნა დაახლოებით 148 200 ლარი (მათ შორის რუსთავზე - 136 850 ლარი). საქმის მასალებით, მათ შორის შპს ,,რ------------" ,,ორისის" პროგრამით არ დასტურდება 2012 წლის 01 ივლისიდან 2013 წლის 01 იანვრამდე მანქანა-დანადგარების შესაძენად 456 505 ლარის ხარჯვა, შპს ,,პ----–-----" ვალის დასაფარად 800 000 ლარის ხარჯის გაღება, საამქროს აღდგენაზე 294 191 ლარის გახარჯვა, სამომხმარებლო-საჩამომსხმელო ღუმელის რემონტზე - 2 119 000 ლარის გახარჯვა და სასტუმროს მშენებლობისთვის - 242 000 ლარის გახარჯვა (იხ. ტომი 31, ს.ფ. 189-223). სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს 2018 წლის 26 მარტის აუდიტორულ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ პერიოდში მითითებული დანიშნულებით და ოდენობით კომპანიას ხარჯი არ გაუწევია (იხ. ტომი 29, ს.ფ. 175-196). ამდენად, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დამტკიცებული ზემოთჩამოთვლილი დანიშნულებით და ოდენობით ხარჯის გაწევის ფაქტი. რაც შეეხება ტერიტორიის შემოღობვისთვის 107 618 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევას, ასევე სახელფასო ფონდის და ნედლეულის მოპოვებისთვის ხარჯის გაზრდას. აღსანიშნავია, რომ მითითებული ოდენობით ღობის მშენებლობისთვის ხარჯის გაწევის ფაქტი არ დასტურდება შპს ,,რ------------“ ,,ორისის“ პროგრამის მონაცემებით, ხოლო შპს ,,ფ------------------------------“ 2018 წლის 26 მარტის აუდიტის დასკვნის თანახმად კი, ტერიტორიის შემოღობვისთვის სულ გაწეული იქნა 21 285,19 ლარი (იხ. ტომი 29, ს.ფ. 195). შპს ,,რ------------" ,,ორისის" პროგრამით არ დასტურდება 647 536 ლარით ხელფასების, ხოლო 606 691 ლარით ნედლეულის მოსაპოვებლად ხარჯის გაზრდის ფაქტი (იხ. ტომი 31, ს.ფ. 189-223). მოპასუხე აღნიშნულ გარემოებას ნაწილობრივ ეთანხმება და განმარტავს, რომ 2012 წლის განმავლობაში სახელფასო ფონდმა შეადგინა 1 340 081 ლარი, ხოლო ნედლეულის მოპოვების ხარჯი გაიზარდა 379 411 ლარით. მოპასუხე მხარის განმარტებით, ზემოაღნიშნული ხარჯის გაწევა გამოწვეული იყო კომპანიის შემხვედრი საჭიროებით, კერძოდ, მშენებლობის ვადის გათვალისწინებით აუცილებელი იყო შემოღობვის დამთავრება 2012 წელს. ამასთან, შემოღობვის დაუსრულებლობის შემთხვევაში არსებობდა მანამდე აშენებული ღობის დაზიანების საფრთხე. ღობის არარსებობის გამო კი, ხშირი იყო ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლის ფაქტი. რაც შეეხება ნედლეულის მოპოვებისთვის ხარჯის გაზრდას, მოპასუხის მითითებით, გეოლოგიური კვლევებით და დაკვირვებებით მიღებული მონაცემების მიხედვით, კარიერებზე არსებული ნიადაგი მოითხოვდა ტექნიკის დამატებითი დატვირთვით მუშაობას, რაც თავის მხრივ იწვევდა საწვავის დანახარჯის გაზრდას. ამდენად, მოპასუხე მხარემ მიუთითა გარემოებები, რომლითაც დაასაბუთა, რომ კომპანიის დირექტორის მიერ მიღებული იქნა ინფორმირებული და კომპანიის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სტანდარტების დაცვით. მოსარჩელეს კი არ შემოუთავაზებია გარემოებები, რომელიც მოპასუხე მხარის არგუმენტებს გააქარწყლებდა. მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია და შესაბამისად არ განუხორციელებია იმის მტკიცება, რომ ტერიტორიის შემოღობვა, ნედლეულის მოპოვებისთვის ხარჯის გაზრდა ან სახელფასო ფონდის გაზრდა არ იყო საჭირო. მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე მითითებით, რის დასტურადაც წარმოადგინა გე---------–-------ის და თ--------------------ს მიერ შპს ,,რ------------“ პარტნიორთა კრებისთვის წარდგენილი ვალდებულებათა ნუსხა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 291). აღნიშნული ნუსხის მიხედვით, 2012 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით, შპს ,,რ-----------“ სულ გააჩნდა 19 654 009 ლარის ოდენობის ვალდებულება, თუმცა აღნიშნულ ნუსხაში არ არის მითითებული რომ ჩამოთვლილი ვალდებულებები იმ დროისთვის იყო ვადადამდგარი (მათ შორის საბანკო დაწესებულების მიმართ არსებული ვალდებულება შეადგენდა 16 372 512 ლარს). აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხე მხარემ წარმოადგინა შპს ,,რ------------“ პარტნიორთა კრების 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება (იხ. ტომი 28, ს.ფ. 222), რომლის მიხედვითაც, 2011 წლის დაგროვილი გაუნაწილებელი მოგება შეადგენდა 6 000 000 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის შესახებ, რომ კომპანიას ჰქონდა მძიმე ფინანსური მდგომარეობა და არ შეეძლო ხარჯის გაღება. როგორც ზემოთ აღინიშნა, დირექტორის ქმედების შეფასებისას გამოიყენება ე.წ. „მართებული სამეწარმეო გადაწყვეტილების პრეზუმფცია“, რომლის გასაქარწყლებლად მოსარჩელის მიერ რელევანტური მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა (იხ. გადაწყვეტილების 6.3. პუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ--------------------- მოთხოვნა, მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 5 473 541 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.6. (მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 2 214 012 ლარის გადახდის დაკისრება) წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 2 214 012 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2009-2011 წლებში მან შპს ,,რ-----------“ ასესხა 586 558 აშშ დოლარი, სარგებლის დარიცხვის პირობით (2009 წლის განმავლობაში წლიური 15%, ხოლო შემდეგ წლებში - წლიური 10%). შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ იქნა დაბრუნებული, რის გამოც მან სესხის თანხის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს. სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხეებმა დაადასტურეს, რომ სესხის სახით მიღებული თანხა შპს ,,რ-----------“ არ მოხმარებია და ის არც საზოგადოების ბუღალტერიაში ასახულა. საბოლოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს ,,რ-----------“ ზ--------------------- სასარგებლოდ დაეკისრა სესხის თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის, სულ 2 214 012 ლარის გადახდა. ამდენად, მოპასუხეებმა განახორციელეს საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები, რაც გამოიხატა საზოგადოების სახელით სესხის სახით მიღებული თანხის მითვისებასა და გაფლანგვაში. მოპასუხე მხარე მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არ ეთანხმება და განმარტავს, რომ ზ-------------------- შპს ,,რ------------თვის“ თანხა არ უსესხებია, შესაბამისად, შპს ,,რ------------“ მიერ აღნიშნული თანხების ბუღალტრულად აღრიცხვა არ მომხადა და თანხა საზოგადოებას არ მოხმარებია. გარდა ამისა, შპს ,,რ------------" განცხადების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინება (რომლითაც ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება შპს ,,რ------------თვის“ სესხის თანხის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე) და განახლდა საქმის წარმოება. ამდენად, ამ ეტაპზე არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება ზ-------------------- და შპს ,,რ-----------“ შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, ასევე დამდგარი არ არის ზიანი ანუ შპს ,,რ-----------“ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა არ გადაუხდია ზ---------------------თვის. მოცემულ შემთხვევაში, სადაო არ არის, რომ ზ-------------------- და შპს ,,რ-----------“ შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა სესხის თანხის და მასზე დარიცხული სარგებლის დაბრუნების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ--------------------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, შპს ,,რ-----------“ ზ--------------------- სასარგებლოდ დაეკისრა სესხის თანხის დავალიანების 586 558 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული პროცენტის - 206 625 აშშ დოლარის, სულ 793 183 აშშ დოლარის, ასევე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 23 795,49 აშშ დოლარის გადახდა (იხ. ტომი 25, ს.ფ. 230-265). საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა ძალაში (იხ. ტომი 25, ს.ფ. 266). მოგვიანებით, შპს ,,რ------------“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით შპს ,,რ------------“ განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინება და განახლდა საქმის წარმოება (იხ. ტომი 31, ს.ფ. 97). ამდენად, დავის განხილვის დროისთვის არ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილად იქნებოდა მიჩნეული ზ-------------------- და შპს ,,რ-----------" შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა. შესაბამისად, ამ ეტაპზე სახეზე არ არის საზოგადოების ქონებრივი დანაკლისი, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ--------------------- მოთხოვნა, მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 2 214 012 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს. 6.7. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის, როგორც კომპანიის პარტნიორის მიერ აღძრული იყო დერივაციული (ნაწარმოები) სარჩელი. ასეთი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე გამოდის საწარმოს წარმომადგენლად. აღნიშნული მსჯელობა რეგლამენტირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის თანახმად, თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ არ განახორციელა საკუთარი მოთხოვნა მესამე პირის მიმართ, პარტნიორს შეუძლია საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ, თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. ამდენად, დერივაციული სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, პარტნიორს შეუძლია მესამე პირს მოთხოვნა წაუყენოს მხოლოდ საზოგადოების სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას როგორც საზოგადოების, ასევე თავის სასარგებლოდ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კომპანიისთვის კონკრეტული ოდენობის ზიანის მიყენება არ გულისხმობს, რომ პარტნიორმა განიცადა თავისი წილის პროპორციული ქონებრივი დანაკლისი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განმარტავს, რომ დერივაციული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობის შემთხვევაშიც, ზ--------------------- მოთხოვნა ზიანის თანხიდან მისი წილის შესაბამისი თანხის მოპასუხეებისთვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე უსასფუძვლო იქნებოდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 3 000 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს ასევე მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებისთვის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის გადახდის დაკისრების თაობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მოთხოვნა მოსარჩელისთვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოპასუხეები თ-------------------- და მი-------------–ი ითხოვენ მოსარჩელისთვის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის 15 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შპს ,,ჯ--------------–---------“, თ-------------------- და მი-------------–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საადვოკატო მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულია თ--------------------ს და მი-------------–ის ვალდებულება წარმომადგენლებისთვის საადვოკატო მომსახურების საფასურის 15 000 აშშ დოლარის ოდენობით გადახდის თაობაზე (საქმეში ასევე წარმოდგენილია 17 962,5 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება - 2018 წლის 11 აპრილის #- საგადახდო დავალება და 20 285 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება - 2018 წლის 15 ნოემბრის #---------- საგადახდო დავალება). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის, მათ შორის, თ--------------------ს და მი-------------–ის სასარგებლოდ. შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება მოპასუხეებისთვის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მოპასუხეების თ--------------------ს და მი-------------–ის სასარგებლოდ, განსახილველი დავის ფაქტობრივი და სამართლებრივი სირთულის გათვალისწინებით, უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება გონივრულ ფარგლებში - 20 000 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ზ--------------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე ზ-------------------- მოპასუხეების მი-------------–ის და თ--------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 20 000 ლარის გადახდა მოპასუხეების მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოსო ღურწკაია