გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140210016001492124
საქმე № 2/1151-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - ს--------------–--------ი“
წარმომადგენელი - თ------------–---–ი
მოპასუხეები - მ---–-------------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)
მ--------------–---–ი (მონაწილეობის გარეშე)
ხ---------–-----–---–ი (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - ე-–---------–--–---–ი, ც---–-----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებს: მ---–-------------–---–ს, მ--------------–---–ს და ხ---------–-----–---–ს ს--------------–--------ის“ სასარგებლოდ, №1287446 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 12 496.90 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 6428.45 ლარი, პროცენტი - 3 165.50, პირგასამტეხლო - 2902.95 ლარი.
2. მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელის განმარტებით, სს ”საქართველოს ბანკსა” და მ---–-------------–---–ს შორის 2012 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 9 040 ლარის ოდენობით. მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 16 რიცხვში. ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი - 21,20 % ოდენობით, ხოლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 0,5 % ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 36 თვეს. ამონაწერის მიხედვით სესხზე ბოლო გადახდა ფიქსირდება 2015 წლის 17 თებერვალს, რის შემდეგაც მსესხებელს სესხის დასაფარად თანხა აღარ გადაუხდია. ამდენად, მსესხებლის მხრიდან მოხდა ხელშეკრულების დარღვევა. იგი იმყოფება ვადაგადაცილებაში ბანკის მიმართ და ერიცხება დავალიანება 24 108,69 ლარის ოდენობით (საიდანაც ძირი თანხაა 6 428,45 ლარი, პროცენტი 3 165,50 ლარი, ჯარიმა 14 514,74 ლარი). რაც შეეხება დარიცხულ პროცენტსა და პირგასამტეხლოს, ნაანგარიშებია ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2012 წლის 10 ოქტომბრიდან 2016 წლის 29 ივლისამდე ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით.
2012 წლის 10 ოქტომბერს სს ”საქართველოს ბანკსა” და მ--------------–---–ს, ასევე ”საქართველოს ბანკსა” და ხ---------–-----–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა იკისრეს ვალდებულება ძირითადი მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა ან/და ვადაგადაცილების შემთხვევაში სრულად დაფარონ კრედიტის თანხა. აღნიშნული ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხაა 18 080 ლარი.
მსესხებელი კრედიტორის მხრიდან გაფრთხილებული იქნა აღნიშნული დავალიანების შესახებ, თუმცა მისი მხრიდან ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა ახსნა-განმარტების ეტაპზე მიუტითა, რომ მოსარჩელესა და მ---–-------------–---–ს შორის აღნიშნული ხელშეკრულებით, პრობლემური სესხების რესტრუქტურიზაციის მიზნით, დამტკიცდა ახალი სესხი, რომლის მიზნობრიობა იყო ძველი სესხების რესტრუქტურიზება, რა დროსაც ჯარიმების 50% ეპატია. აასთან, როგორც თანხის ბრუნვის ანონაწერიდანაც ჩანს, მ---–-------------–---–ს გადახდები არ უწარმოებია გრაფიკის მიხედვით, შესაბამისად, მის მიერ გადახდილი თანხების ნაწილი მიემართებოდა ვადაგადაცილების ჯარიმის დაფარვაში, რაც მხარეთა შორის შეთანხმებული იყო ძირითადი ხელშეკრულებით (იხ. სარჩელი და 10.09.2018წ. ასასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი 15:18:35 – 15:20:38 სთ).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2015 წლიდან იგი ასრულებდა ნაკისრ ვადდებულებას, მოსარჩელე კი, როგორც მოგვიანებით შეიტყო ასწორებდა სხვა დავალიანებას მისი თანხმობის გარეშე. გარდა ამისა, მოსარჩელემ პირგასამტეხლოს ათვლა დაიწყო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, 2012 წლის 10 ოქტომბრიდან 2016 წლის 29 ივლისამდე, რაც არასწორია და გაუგებარი, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი იქნა ამონაწერი მ---–-------------–---–ის ანგარიშიდან, სადაც მითითებულია, რომ მ---–-------------–---–ის მიერ შეტანილი თანხები (სულ) 3280 ლარი) 2016 წლის 19 თებერვლიდან 2016 წლის 19 ივლისამდე ირიცხებოდა ე.წ. ვადაგადაცილებულ ანგარიშზე, რიგ შემთხვევებში მითითებულია პროცენტის დაფარვა, რიგ შემთხვევებში სესხის დაფარვა და გაუგებარია, რატომ დათვალა ბანკმა პროცენტის და პირგასატეხლოს დარიცხვა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან. შესაბამისად, მოპასუხე ითხოვს მის მიერ გადახდილად ჩაითვალოს 3280 ლარი და შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა, რომ მისი მარწმუნებელი მიიჩნევს, რომ იგი იხდიდა დავალიანებას, თუმცა ბანკმა არასწორად დაიანგარიშა როგორც პროცენტი, ისე პირგასამტეხლო, მისი აზრით გადასახდელი ექნება დაახლოებით 2000 ლარამდე. მან ასევე სადავო გახადა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნაში ხელშეკრულების ნომრად მითითებული აქვს №1287446, რომელიც წარმოდგენილი არ აქვს (იხ. შესაგებელი და „შეგებებული სარჩელი“, რომელიც სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნა შესაგებლად და 10.09.2018 წლის სასამართლოს მთავარი სხდომა 15:20:53 – 15:24:45 სთ ).
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 10 ოქტომბერს მოსარჩელესა და მ---–-------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 9040 ლარზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება №1548804
მ---–-------------–---–სა და სს. „საქართველოს ბანკს“ შორის №1548804 საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა 9040 ლარი; კრედიტის მოქმედების ვადა - 36 თვე; სარგებელი - წლიური 21.2%; კრედიტის მიზნობრიობა - საკრედიტო ვალდებულებების რეფინანსირება: 1127620, 1021911, მასზე დართული გრაფიკით, რომელშიც სესხის ნომრად მითითებულია 1287446, განისაზღვრა როგორც გადახდის თარიღები, ისე ყოველთვიური შენატანები (ს.ფ. 34-47).
3.1.2. აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები მ--------------–---–თან და ხ---------–-----–---–თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 22-34).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები და გადახდის გრაფიკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- გაფრთხილების წერილები.
3.2.2. მოპასუხე მ---–-------------–---–ს მოსარჩელის მიერ მითითებული დავალიანებიდან დაფარული აქვს 3280 ლარი (სარგებელი სრულად, ძირი თანხიდან 114.50 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მ---–-------------–---–ის ანგარიშიდან;
- მ---–-------------–---–ის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (ს.ფ. 131-133; 135-143)
აღნიშნული ამონაწერებისა და შემოსავლის ორდერების მიხედვით მ---–-------------–---–ის მიერ 19.02.2016 წ. დაიფარა 100 ლარი; 05.04.2016 წელს – 200 ლარი; 19.04.2016 წელს – 250 ლარი; 22.10.2016 წელს – 500 ლარი; 30.09.2016 წელს – 230 ლარი;
12.09.2016 წელს – 500 ლარი; 29.06.2016 წელს – 1200 ლარი; 19.07.2016 წელს – 300 ლარი, სულ 3280 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''საქართველოს ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე 418-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს მასა და მოპასუხეებს შორის 10.10.2012 წლის ხელშეკრულებას, რომლის პირობებიც დაირღვა და მსესხებელმა არ გადაიხადა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული როგორც ძირი თანხა, ისე პროცენტი და პირგასამტეხლო, რომლის საერთო ჯამი შეადგენს 12 496.90 ლარს, ხოლო მოპასუხე მიუთითებს, რომ იგი, რიგ შემთხვევებში მართალია ვადის დარღვევით, მაგრამ იხდიდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს, თუმცა მას ეს თანხები გადახდილად არ ჩაუთვალა ბანკმა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან. მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან და იგი ეფუძნება სესხის ხელშეკრულებას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ არის მათ შორის სესხის ხელშეკრულების კანონიერება, სადავოა რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებდა მსესხებელი ვალდებულებას, ხოლო მოპასუხე მხარემ სადავო გახადა მოსარჩელის მიერ მოთხოვილი შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა და მიუთითა, რომ მას ამ ვალდებულების ნაწილი შესრულებული აქვს, თუმცა ბანკი არ უთვლის ამ თანხებს გადახდილად.
მ---–-------------–---–ის მიერ თანხის გადახდის ფაქტს ადასტურებს მოსარჩელის წარმომადგენელიც, თუმცა მიუთითებს, რომ მ---–-------------–---–ს სხვა სასესხო ვალდებულებაც ჰქონდა შესასრულებელი და მის მიერ გადახდილი თანხებით სხვა ვალდებულება დაიფარა, რომელიც დავალიანების ცნობაშია მიტიტებული და რომელზეც მხარეს სასარჩელო დავა არ უწარმოებია (10.09.2018 წლის სხდომის ოქმი 15:42:53 სთ; 15:43:41 სთ).
6.5. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის მიზნით, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
6.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
6.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასაწრ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოადგინა მხარეთა შორის დადებული სესხის და მის უზრუველსაყოფად დადებული თავდებობის ხელშეკრულებები (რომელიც მოპასუხემ სადავო გახადა) და ამონაწერი მ---–-------------–---–ის ანგარიშიდან, ხოლო მოპასუხემ იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მან ბანკის მიერ მითითებული ვალდებულების ნაწილი, გადაიხადა, წარმოადგინა ამონაწერი მისი ანგარიშიდან და ასევე თანხის გადახდის ქვითრები.
პირვე რიგში, ვიდრე სასამართლო შეაფასებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე მხარის პოზიციაზე სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ ხელშეკრულების ნომრთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, გადაწყვეტილება სესხის გაცემის შესახებ მიღებულია 2012 წლის 09 ოქტომბრის №1548804 განაცხადის საფუძველზე, რის შემდეგაც განხორციელდა მ---–-------------–---–ის ვალდებულებების რეფინანსირება ორ სამომხმარებლო სესხზე, 2012 წლის 10 ოქტომბერს მ---–-------------–---–სა და სს. „საქართველოს ბანკს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №1548804, რომლის მიზანიც იყო საკრედიტო ვალდებულებების რეფინანსირება და ამ ხელშეკრულების დანართს და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს გრაფიკი, რომელშიც სესხის ნომრად მითითებულია 1287446, მითუმეტეს ანგარიშიდან ამონაწერშიც სესხის დაფარვის მონაცემებშიც მითითებულია აღნიშნული ნომერი (ს.ფ. 18; 45; 58). ამდენად, მითითებული მტკიცებულებები ეჭვს არ იწვევს მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობასთან მიმართებით, შესაბამისად, მოპასუხის პოზიციას და ეჭვს, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
ამდენად, სასამართლო ორივე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ერთობლიობაში აფასებს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მ---–-------------–---–ი სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა ს--------------–--------თან“ და ასევე ის გარემოება, რომ მ---–-------------–---–ი იხდიდა თანხებს, სადავოა მხოლოდ მ---–-------------–---–ის მიერ გადახდილი თანხების გადახდილად ჩათვლა.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისა და ანალიზის შედეგად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას ვალდებულების ნაწილის, კერძოდ 3280 ლარის შესრულების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელემ (კრედიტორმა) მტკიცებულების სახით წარმოადგინა ხელშეკრულება და ცნობა დავალიანების შესახებ 2016 წლის 29 ივლისის მდგომარეობით, რომლის მიხედვითაც მ---–-------------–---–ის დავალიანება №1287446 სესხზე შეადგენს 24 108.69 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 6 428.45 ლარი, სარგებელი - 3 165.50 ლარი, პირგასამტეხლო - 14 514.74 ლარი, ხოლო №2675047p ხეშეკრულებაზე 4206.19 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1020.69 ლარი, სარგებელი - 90 ლარი, პირგასამტეხლო 2 642.86 ლარი, საკომისიო - 532.74 ლარი.
აღნიშნულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სარჩელი სასამართლოში შემოსულია 2016 წლის 05 სექტემბერს და მოსასარჩელის მოთხოვნა დაყენებულია მხოლოდ №1287446 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე და სარჩელის სასამართლოში აღძვრის შემდეგაც, მოპასუხის მიერ განხორციელებულია თანხის გადახდები.
რაც შეეხება მოპასუხეს, მან წარმოადგინა ასევე ამონაწერი მ---–-------------–---–ის ანგარიშიდან და თანხის გადახდის ქვითრები, რომელთა მიხედვითაც მ---–-------------–---–ს 19.02.2016 წელს გადახდილი აქვს – 100 ლარი; 05.04.2016 წელს – 200 ლარი; 19.04.2016 წელს – 250 ლარი; 22.10.2016 წელს – 500 ლარი; 30.09.2016 წელს – 230 ლარი; 12.09.2016 წელს – 500 ლარი; 29.06.2016 წელს – 1200 ლარი; 19.07.2016 წელს – 300 ლარი (სულ 3280 ლარი).
აღნიშნულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ ბანკის მიერ ასევე წარმოდგენილია 11.10.2012-29.07.2016 წ. პერიოდის ამონაწერი მ---–-------------–---–ის ანგარიშიდან, რომლითაც დასტურდება მ---–-------------–---–ის სახელზე 10.10.2016 სესხის ხელშკრულებით (სესხის №1287446) გათვალისწინებული 9040 ლარის გაცების ფაქტი, ასევე დასტურდება მ---–-------------–---–ის მხრიდან რეგულარულად სესხის დაფარვის მიზნით თანხის ანგარიშზე შეტანის და ვალდებულებების შესრულების ფაქტი, თუმცა ამავე ამონაწერში მითითებული გადახდების მიზნობრიობა სადავო გახდა მხარეების მიერ - მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ ბანკმა არ ჩაუთვალა გადახდილად მის მიერ 19.02.2016 წ. გადახდილი 100 ლარი; 05.04.2016 წ. გადახდილი 200 ლარი; 19.04.2016 წ. გადახდილი 250 ლარი; 29.06.2016 წ. გადახდილი 1200 ლარი; 19.07.2016 წ. გადახდილი 300 ლარი; 12.09.2016 წ. გადახდილი 500 ლარი; 30.09.2016 წ. გადახდილი 230 ლარი და 22.10.2016 წ. გადახდილი 500 ლარი, სულ 3280 ლარი, ხოლო მოსარჩელე (კრედიტორი) მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხით დაიფარა სხვა დავალიანება, კერძოდ დავალიანების ცნობაში მითითებული სესხი (სესხი №2675047p) და აღნიშნული დავალიანება განულებულია.
სასამართლომ შეაფასა, რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, ხოლო მოპასუხის (მოვალის) პოზიციას დაეთანხმება, ვინაიდან თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერის მიხედვით, გადახდები, რომელზეც მსესხებელი დავობს, კერძოდ, ც---–-----------ის მიერ 19.02.2016 წ. გადახდილი 100 ლარი; 08.04.2016 წ. გადახდილი 200 ლარი; 29.06.2016 წ. გადახდილი 1200 ლარი; 19.07.2016 წ. გადახდილი 300 ლარი, განსხვავებით სხვა გადახდებისგან (რომლებშიც მითითებულია იმ ხელშეკრულების ნომრები, რომლის დასაფარადაც ხორციელდებოდა საბანკო ოპერაციები, მათ შორის იმ ხელშეკრულების ნომერი, რომელზეც დავობს მოსარჩელე მხარე), არ არის მითითებული ხელშეკრულების ნომერი. რაც შეეხება ასევე ც---–-----------ის მიერ 12.09.2016 წ. გადახდილ 500 ლარს; 30.09.2016 წ. - 230 ლარს და 22.10.2016 წ. გადახდილ 500 ლარს, აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მოპასუხე მხარემ წარმოადგინა სალაროს შემოსავლის ქვითრები და ამონაწერი მ---–-------------–---–ის ანგარიშიდან (პერიოდი 28.02.2016 – 28.02.2017 (მათ შორის სასამართლოში სარჩელის შემოტანის შემდეგ ნაწარმოებ გადახდებზე), რომლის მიხედვითაც მ---–-------------–---–ის ანგარიშზე 2016 წლის 12 სექტემბერს ფიქსირდება ც---–-----------ის მიერ 500 ლარის შეტანა, 30.09.2016წ. – 230 ლარის შეტანა, ხოლო 24.10.2016 წ. – 500 ლარის შეტანა, რომლის დანიშნულებაც სესხის დაფარვაა, თუმცა არ არის მითითებული სესხის ნომერი (ს.ფ. 130-132).
ამდენად, მითითებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მსესხებლის მხრიდან ნაწილობრივ შესრულდა ვალდებულება (3280 ლარი), სრულად დაიფარა კრედიტორის მხრიდან მოთხოვილი სარგებელი და ძირითადი თანხის ნაწილი (114.50 ლარი).
6.8. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, ხოლო ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
როგორც მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, ისე თავად მოპასუხის განმარტებით დასტურდება, რომ ხელშეკრულების დანართით, კერძოდ, თანხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული ვადები დარღვეულია, ე.ი. მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ სრულდებოდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესაბამისად, კრედიტორს წარმოეშვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, პირველ რიგში სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მხრიდან იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე (მსესებელი) პერიოდულად ფარავდა დავალიანებას, კრედიტორს კი, როგორც მან მიუთითა, პირგასამტეხლო დაანგარიშებული აქვს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, არ არის დასაბუთებული და დაკონკრეტებული თუ რა პერიოდზე ან რა ოდენობის დავალიანებიდანაა დაანგარიშებული პირგასამტეხლო მითუმეტეს, რომ მან თავის ახსნა-განმარტებაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ განმარტა, რომ მ---–-------------–---–ის მიერ გადახდილი თანხებიდან ნაწილი წარიმართებოდა ვადაგადაცილების ჯარიმის დასაფარად (10.09.2018 წლის სხდომის ოქმი), რაც შეუსაბამოა ანგარიშიდან ამონაწერის მონაცემებთან.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირებაა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს რეფინანსირებული სესხიდან, რომელიც ისედაც მოიცავს პირგასამტეხლოს, არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს 290 ლარით.
6.9. რაც შეეხება სოლიდარულ პასუხისმგებლობას, სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ამდენად, საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი, რომ მოპასუხეებმა მ--------------–---–მა და და ხ---------–-----–---–მა მოსარჩელის წინაშე იკისრეს სოლიდარული ვალდებულება მ---–-------------–---–ის ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის ვალდებულების სოლიდარულად შესრულების შესახებ საფუძვლიანია.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
7.2. განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 374.91 ლარის ოდენობით. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - უნდა აუნაზღაურდეს 198.12 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე ს--------------–--------ის“ სარჩელი მოპასუხეების: მ---–-------------–---–ის, მერაბ ყორანაშილის და ხ---------–-----–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს: მ---–-------------–---–ს, მერაბ ყორანაშილს და ხ---------–-----–---–ს მოსარჩელე ს--------------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 6603.95 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 6313.95 ლარი, სარგებელი - 0 ლარი, პირგასამტეხლო - 290 ლარი.
3. მოსარჩელე ს--------------–--------ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 374.91 ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოპასუხეებს: მ---–-------------–---–ს, მერაბ ყორანაშილს და ხ---------–-----–---–ს მოსარჩელე ს--------------–--------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 198.12 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილის გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით ( მის: ქ. გორი ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 ( თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაია კუთხაშვილი