გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/23455-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ირმა იმნაძე
მოსარჩელე - ე-----------–----ი
წარმომადგენელი - რ---------------–--ნი, ნ-----------–--ე
მოპასუხე - მ---–-----------–---ი
წარმომადგენელი - ხ------------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე მ---–-----------–---ს ე-----------–----ის სასარგებლოდ 6 200 აშშ დოლარისა და 3 500 ევროს გადახდა;
1.2. დაეკისროს მოპასუხე მ---–-----------–---ს ე-----------–----ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის - 28 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2010 წელს მოსარჩელეს მისმა მეგობარმა გ---------------მა მიმართა თხოვნით, რომ მას სჭირდებოდა თანხა პატიმრობაში მყოფი მისი შვილისთვის, რის გამოც მოსარჩელემ იპოთეკით დატვირთა მისი კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე თბ--–--ი, ჩ-----–----------------------------------------.
ხუთი იპოთეკარისგან, რომელთა შორისაც იყო ნ------–-–--–--ეს, სესხად აიღეს 50 000 აშშ დოლარი, საიდანაც 10 000 აშშ დოლარი მოსარჩელეს აჩუქა გ---------------მა, ხოლო დანარჩენი 30 000 აშშ დოლარი და 5 00 ევრო მიიღო გ---------------მა. იპოთეკარებიდან მხოლოდ ნ------–-–--–--ესთან შეიქმნა პრობლემები რომლის მიმართ დავალიანებამაც სარგებლისა და პირგასამტეხლოს ჩათვლით 2011 წლის დეკემბერში შეადგინა 7 300 ევრო.
2012 წლის დასაწყისში მან და გ---------------მა მიუტანეს ნა---- ცე–--–---ს 6 000 ევრო. თუმცა მან მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 7 000 ევროს გადახდა. მოსარჩელემ დახმარებისთვის მიმართა ადვოკატ მ---–-----------–---ს, რომელიც დაჰპირდა, რომ 3 000 ევროდ შეძლებდა ნ------–-–--–--ესთან ურთიერთობის მოგვარებას. მან და გ---------------მა გადასცეს მ---–-----------–---ს 3 000 ევრო ისე, რო, აღნიშნულის თაობაზე რაიმე ხელწერილი არ შედგენილა. ერთ კვირაში კი დამატებით გადასცეს მევლუდს 1 000 ევრო.
ვინაიდან კრედიტორმა ნ------–-–--–--ემ მოსარჩელეს დაუყადაღა მთელი მისი ქონებები, მან ისესხა 6 200 აშშ დოლარი მისთვის გადასაცემად. აღნიშნული თანხა კი 2016 წლის 14 სექტემბერს გადასცა მოპასუხეს 2016 წლის 14 სექტემბერს. მოგვიანებით მოპასუხემ კვლავ მოითხოვა თანხის გადახდა, რის გამოც 2016 წლის ოქტომბერში მოპასუხეს დამატებით გადასცა 2 000 აშშ დოლარი.
იმის გამო, რომ მოპასუხემ ნ------–-–--–--ესთან არ გაასწორა ანგარიში, მოსარჩელემ 2017 წლის 27 დეკემბერს ნ------–-–--–--ის წარმომადგენელს გადასცა 3 000 ევრო მისი ქონების ყადაღისგან გათავისუფლების მიზნით. მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად მან განიცადა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, დაკარგა 6 200 აშშ დოლარი და 3 500 ევრო, რაც მოგვიანებით გადაუხადა ნ------–-–--–--ის რწმუნებულს.
პრობლემების მოგვარების მიზნით მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბ--–--ი, ო–---–-ს 25/45 დატვირთა იპოთეკით. საბოლოოდ მან დაკარგა უძრავი ქონება მოპასუხე მ---–-----------–---ის ბრალით. მოსარჩელეს სურდა გამოესყიდა ბინა, რის გამოც მოპასუხეს დავალებული ჰქონდა მონაწილეობა მიეღო აუქციონში, რისთვისაც მის მიერ გადახდილი იყო 1 600 აშშ დოლარი. როგორც მოპასუხემ შემდგომში განმარტა, აუქციონის პროცესში ჩაირთო ტაბლო, ხოლო როცა იგი ჩაირთო მოსარჩელის ბინა უკვე გაყიდული იყო. მოპასუხემ გადაცემული 1 600 აშშ დოლარიდან დაუბრუნა მას 1 300 აშშ დოლარი. მას ჰყავდა მყიდველი, ვინც აპირებდა უძრავ ქონებაში 50 000 აშშ დოლარის გადახდას, აუქციონზე ბინა გაიყიდა 22 000 აშშ დოლარად, შესაბამისად, მან მოპასუხის ქმედების გამო იზარალა 28 000 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე მ---–-----------–---მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა რომ სარჩელი უსაფუძვლოა. მოპასუხის განმარტებით, არასწორია მოსარჩელის მითითება იმასთან მიმართებით, რომ მას გ---------------მა აჩუქა 10 000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ და გ---------------მა ნ------–-–--–--ეს მიუტანეს 7000 ევრო, თუმცა ნ------–-–--–--ემ უარი განაცხადა აღნიშნული თანხის მიღებაზე, ვინაიდან თანხას აკლდა 300 ევრო. ამის შემდგომ ჩატარდა აუქციონი უძრავ ქონებაზე. სწორედ აუქციონის შემდეგ მიმართა მოპასუხეს მოსარჩელემ და მოითხოვა საადვოკატო მომსახურების გაწევა როგორც ნ------–-–--–--ის, ასევე სხვა იპოთეკარების ნაწილში. მოსარჩელემ მას განუმარტა, რომ წლების განმავლობაში გადახდილი ჰქონდა იმაზე მეტი თანხა ვიდრე ამას ითხოვდნენ იპოთეკარები და წარუდგინა მას დოკუმენტები, რომლის თანახმადაც იპოთეკარები ჯამში ითხოვდნენ 113 000 აშშ დოლარს, სადაც შედიოდა როგორც ძირი თანხები, ასევე სარგებელი და პირგასამტეხლო. წარმოდგენილი წინადადებებით დაწყებული იყო აღსრულება, რათა იძულებითი აუქციონის წესით მომხდარიყო აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება. აღნიშნული საქმე მის მიერ მიყვანილ იქნა ბოლომდე, რის გამოც ე-----------–----ს ნაცვლად 113 000 აშშ დოლარისა, იპოთეკარებისთვის გადასახდელი ჰქონდა 5 250 აშშ დოლარი. ამ მიზნით მის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ჩარიცხული იქნა 8 498.55 აშშ დოლარი, საიდანაც 6 200 აშშ დოლარი თავად მოსარჩელემ გადასცა, ხოლო დანარჩენი თანხა დაიფარა მისი ხარჯით, მაგრამ მოსარჩელეს დღემდე არ დაუბრუნებია ეს თანხა. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ გადაცემული თანხა 6 200 აშშ დოლარი მოსარჩელის დავალების საფუძველზე გადახდილი აქვს აღსრულების ეროვნულ ბიუროში იპოთეკარებისთვის. გაუგებარია რა ზიანი მიადგა მოსარჩელეს, როდესაც მას დღესაც არ აქვს საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი ჰონორარი. მოპასუხემ პირნათლად შეასრულა მისი ვალდებულება რის შედეგადაც მოსარჩელეს ნაცვლად 113 000 აშშ დოლარისა, იპოთეკარებისთვის გადასახდელი დარჩა 8 498.55 აშშ დოლარი, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯები და აღსრულების საფასური. ასევე დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების გაყიდვასთან და ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2010 წლის 19 ნოემბერის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N1--------) თანახმად, ე-----------–----მა ვ--–-------–-------ასგან ისესხა 10 000 აშშ დოლარი, რ--------------–----სგან ისესხა 6 500 აშშ დოლარი, ოთ-----–-------სგან ისესხა 10 000 აშშ დოლარი, ნ------–-–--–--ისგან ისესხა 5 000 ევრო, ხოლო ედ-------------ასგან 15 000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით.
ხელშეკრულების თანახმად, სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ე-----------–----ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბ--–--ი, ქუჩა ჩა-----–- 2-, არასაცხოვრებელი ფართი 251.50 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.40-43);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით 19.11.2010წ. სესხის ხელშეკრულების საფუძველზე (რეგ. #1--------) ე-----------–----ის დავალიანება ნ------–-–--–--ის მიმართ განსაზღვრული ნოტარიუს რა--- ჩა-----–-----ჩი-------- 13.12.2011წ. სააღსრულებო ფურცლით (რეგ.#1-------) შეიცვალა და დავალიანება 13.12.2011წ. მდგომარეობით განისაზღვრა შემდეგი ოდენობით: ძირითადი თანხა - 5 000 ევრო, სარგებელი (პროცენტი) – 1 200 ევრო, პირგასამტეხლო - 100 ევრო, პირგასამტეხლო 13.12.2011წ-დან აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი ძირი თანხის - 5 000 ევროს 0.03% - 1.5 ევრო, რომლის დაფარვის მიზნით აღსრულება მიექცეს ე-----------–----ის ქონებაზე გარდა უძრავი ქონების მდებარე თბ--–--ი, ჩ-----–----------------------------------------.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 31 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ს.ფ.26-34);
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 25; 35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2014 წლის 13 თებერვლის იპოთეკის გაუქმების თაობაზე სანოტარო აქტის თანახმად, რ--------------–----მ უარი თქვა მის სასარგებლოდ დაფუძნებულ იპოთეკაზე, რომელიც წარმოშობილი იყო მასსა და მესაკუთრე ე-----------–----ს შორის 2010 წლის 19 ნოემბერს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან და რომლის საფუძველზეც რ--------------–----ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ე-----------–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბ--–--ი, ჩა----–-ს ქუჩა 2-.
სანოტარო აქტის თანახმად, იპოთეკაზე უარის თქმის საფუძველია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის გაუქმება (ს.ფ.36-37);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2014 წლის 14 თებერვალს ნოტარიუს რა---- ჩა-----–-----ჩი-------- მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------), რომლის თანახმადაც კრედიტორია ვ--–------–--------, ხოლო მოვალე 2010 წლის 19 ნოემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ე-----------–----ი.
აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 30 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხის 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე, აგრეთვე, სააღსრულებლო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ.73-75);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. 2014 წლის 14 თებერვალს ნოტარიუს რა---- ჩა-----–-----ჩი-------- მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------), რომლის თანახმადაც კრედიტორია ო-------–-------, ხოლო მოვალე 2010 წლის 19 ნოემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ე-----------–----ი.
აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 30 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხის 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე, აგრეთვე, სააღსრულებლო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ.76-77);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. 2014 წლის 14 თებერვალს ნოტარიუს რა---- ჩა-----–-----ჩი-------- მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------), რომლის თანახმადაც კრედიტორია ედ-------------ა, ხოლო მოვალე 2010 წლის 19 ნოემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ე-----------–----ი.
აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა - 15 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 45 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხის 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 19 მარტიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე, აგრეთვე, სააღსრულებლო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.72 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ.78-80);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლების აღსასრულების მიზნით სააღსრულებო წარმოების დაწყების თაობაზე კრედიტორებმა განცხადებით მიმართეს კერძო აღმასრულებელ გ--–------------ს. 2014 წლის 14 თებერვალს მიღებულ იქნა კრედიტორების ვ--–-------–-------ას, ოთ-----–-------ს და ედ-------------ას განცხადებები იძულებითი აღსრულების დაწყების თაობაზე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადებები (ს.ფ.70-72; 81-83);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით ე-----------–----ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით საკასაციო სასამართლომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ: 2014 წლის 14 თებერვალს გაცემული (ნოტარიუსი რა---- ჩა-----–-----ჩი-------) სააღსრულებო ფურცლები ნაწილობრივ გაუქმდა და მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის გადახდის ნაწილში განისაზღვრა შემდეგნაირად:
N1-------- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ვ--–-------–-------ას მიმართ -1 500 აშშ დოლარით;
N1-------- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ოთ-----–-------ს მიმართ - 1 500 აშშ დოლარით;
N1-------- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ედ-------------ას მიმართ - 2 250 აშშ დოლარით.
ამავე გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება ე-----------–----ისთვის პირგასამტეხლოს და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განჩინებები (ს.ფ.105-113);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.9. 2016 წლის 14 სექტემბერს მ---–-----------–---მა ე-----------–----ისგან მიიღო 6 200 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი (ს.ფ.17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.10. ე-----------–----ის მიერ 2014 წლის 13 მარტს გაცემული მინდობილობის საფუძველზე, მ---–-----------–---მა, როგორ ე-----------–----ის წარმომადგენელმა, 2017 წლის 09 იანვარს მიმართა კერძო აღმასრულებელ გ--–------------ს მოვალე ე-----------–----ის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულების შესრულების გამო სააღსრულებო წარმოების შეწყვეტისა და იპოთეკის საგანზე ყადაღის გაუქმების შესახებ განცხადებით.
აღნიშნულ განცხადებაზე კერძო აღმასრულებელ გ--–------------ის 2017 წლის 12 იანვრის მიმართვის თანახმად, არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტისა და იპოთეკის საგანზე ყადაღის გაუქმების შესახებ, ვინაიდან მოვალის მიერ კრედიტორთა მიმართ არსებული ვალდებულება სრულად არ იყო შესრულებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ.141-145);
- მინდობილობა (ს.ფ. 146-147);
- მიმართვა (ს.ფ.160);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.11. 2017 წლის 19 სექტემბერს ე-----------–----ს ნა---- გუ-------ს, ო-------–-------ს და ედ-------------ას შორის შედგენილი ურთიერთშეთანხმების აქტის - სესხის და იპოთეკის გაუქმების თანახმად (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N1--------), მხარეებს შორის 2010 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ე-----------–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბ--–--ი, ქუჩა ჩა-----–- N2-, გამომდინარე ვალდებულებები მათ მიერ შესრულებულია და ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთეკის გაუქმება (ს.ფ.38-39);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.12. ე-----------–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე თბ--–--ი, ქუჩა ო–---–-ს, კორპუსი (სახლი) 25, ბინა 5, ს/კ 0------------------- შემძენი 2012 წლის 14 აგვისტოს დასრულებულ იძულებით (ონლაინ) აუქციონზე გახდა ლ-----–----–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განკარგულება (ს.ფ.45);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 21-24);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელისგან 2016 წლის 14 სექტემბერს მიღებული 6 200 აშშ დოლარით მოპასუხეს უნდა გადაეხადა კრედიტორ ნ------–-–--–--ის დავალიანება. აღნიშნული თანხა მოპასუხის მიერ მიმართულია იპოთეკარების - ვ--–-------–-------ას, ოთ-----–-------ს და ედ-------------ას მიმართ მოსარჩელის არსებული დავალიანებების დასაფარად.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ გადაცემული თანხით მოპასუხეს უნდა გადაეხადა კრედიტორ ნ------–-–--–--ის ვალი რაც მან არ შეასრულა. მოპასუხე ეთანხმება მის მიერ თანხის მიღების ფაქტობრივ გარემოებას, თუმცა მიუთითებს, რომ თანხის მიზნობრიობა არ ყოფილა ნ------–-–--–--ისთვის სესხის თანხის გადახდა.
დადგენილია, რომ 2016 წლის 14 სექტემბერს მ---–-----------–---მა ე-----------–----ისგან მიიღო 6 200 აშშ დოლარი, თუმცა საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეს ეს თანხა მიღებული ჰქონდა კრედიტორ ნათელა ცეცხლაძისთვის გადასაცემად. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმის მალებში წარმოდგენილი ხელწერილში, რომლითაც მოსარჩელე ადასტურებს უშუალოდ თანხის გადაცემის ფაქტს და რომლის ნამდვილობაც მოპასუხეს სადავო არ გაუხდია, მითითებულია, რომ მოპასუხემ 6 200 აშშ დოლარი მიიღო იპოთეკარებისთვის ჩასარიცხად (ს.ფ 17).
საქმის მასალებში წარმოდგენილია ასევე გადახდის ქვითრები, რომელიც ადასტურებს, რომ მოპასუხეს თანხები ჩარიცხული აქვს იპოთეკართა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. კერძოდ, წარმოდგენილი საგადახდო დავალებების თანახმად დასტურდება შემდეგი:
2016 წლის 16 ნოემბერს მ---–-----------–---ის მიერ ედ-------------ასთვის ჩარიცხულია 126.72 ლარი (დანიშნულება : სანოტარო ხარჯი) (ს.ფ. 87; 152); ამავე თარიღში მოპასუხის მიერ ოთ-----–-------სთვის ჩარიცხულია ასევე 126.72 ლარი (დანიშნულება: სანოტარო ხარჯი) (ს.ფ.88; 154). გარდა აღნიშნულისა 2016 წლის 16 ნოემბერს მ---–-----------–---ის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ოთ-----–-------სთვის ჩარიცხულია 1 605 აშშ დოლარი (ს.ფ. 89; 153), ხოლო ედ-------------ასთვის ჩარიცხულია 2 407 აშშ დოლარი (ს.ფ.90; 151);
2016 წლის 03 დეკემბერს მ---–-----------–---ის მიერ ვ--–-------–-------ასთვის სს ,,პრ-----------------ს’’ ანგარიშზე (ანგარიში მითითებულია თავად კრედიტორთა განცხადებაში ს.ფ. 70-72) ჯამში ჩარიცხულია 1 605 აშშ დოლარი (ს.ფ. 91-94; 155; 157-159) და 127 ლარი (ს.ფ.95; 156);
2017 წლის 09 აგვისტოს მ---–-----------–---ის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე მოვალე ე-----------–----ის ვალდებულებაზე მითითებით ჩარიცხულია 2 200 ლარი (ს.ფ. 96);
2017 წლის 21 აგვისტოს კი მ---–-----------–---ის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე კრედიტორ ვ--–-------–-------ასათვის ჩარიცხულია 404.60 ლარი (ს.ფ. 84), ამავე თარიღში მოპასუხის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე მოვალე ე-----------–----ის ვალდებულებაზე მითითებით ჩარიცხულია 361.50 ლარი (ს.ფ.85), ხოლო კრედიტორ ოთ-----–-------სთის ჩარიცხულია 396.40 ლარი (ს.ფ. 86).
შესაბამისად, საქმის მასალებში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელისგან გადარიცხული თანხა გამოყენებული აქვს დანიშნულებისამებრ - იპოთეკართა წინაშე არსებული ვალდებულებების შესასრულებლად. აღნიშნულის საწინააღმდეგო საქმის მასალებით, ისევე როგორც მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ე-----------–----ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 709-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 712-ე მუხლის თანახმად, რწმუნებული მოვალეა შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გადაცემული 6 200 აშშ დოლარი მოპასუხის მიერ მიმართულია იპოთეკარების - ვ--–-------–-------ას, ოთ-----–-------ს და ედ-------------ას მიმართ მოსარჩელის არსებული დავალიანებების დასაფარად. ამასთან, საქმის მასალებით არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ აპელირებული გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხეს მარწმუნებლისგან მიღებული დავალებით აღნიშნული თანხა უნდა გადაეხადა კრედიტორ ნ------–-–--–--ისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის 6 200 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხისთვის 3 500 ევროს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა კრედიტორ ნ------–-–--–--ისთვის თანხის გადახდის ვალდებულება, მას მოუწია დამატებით 3 500 ევროს გადახდა ნ------–-–--–--ის წარმომადგენლისთვის. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა მხარეთა შორის ამგვარი შეთანხმების არსებობა.
გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის ფაქტის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული წარმოდგენილი ხელწერილი (ს.ფ.19), ვინაიდან მისი შემდგენი და ხელმომწერი პირი არ წარმოადგენს დავის მონაწილეს და სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას მარტივი ფორმით შედგენილი ხელწერილით დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება მხოლოდ მასზე დაყრდნობით. ამასთან, მითითებული ხელწერილის მტკიცებულებად მიჩნევისა და მისი გაზიარების შემთხვევაშიც კი იგი არ შეიცავს კონკრეტულ მითითებას იმის თაობაზე მიღებული თანხა რა ვალდებულების შესასრულებლად იყო მიმართული. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ნ------–-–--–--ის წარმომადგენლისთვის 3 500 ევროს გადახდის თაობაზე ფაქტობრივი გარემოების გაზიარების შემთხვევაშიც კი არ დასტურდება, რომ აღნიშნული თანხა მიმართულია სწორედ იმ ვალდებულების შესასრულებლად, რომელიც მოსარჩელის მითითებით უნდა შეესრულებინა მოპასუხეს და არ შეასრულა. აღნიშნული კი განაპირობებს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას.
6.2. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ასევე მოითხოვე მოპასუხისგან ზიანის ანაზღაურებას 28 000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ს 408-ე მუხლი). ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ისეთი ზიანია, რომელიც გონივრულობის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. ამასთან, მიუღებელი შემოსავლის გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია კუმულატიური ხასიათის ელემენტებით შემდგარი ზიანის გამოვლენა და დადგენა. კერძოდ, ეს ელემენტებია: 1) ქმედება 2) მართლწინააღმდეგობა, 3) დამდგარი ზიანი, 4) მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და 5) ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა).
სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
ამასთან, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (იხ. სუსგ საქმე Nას-191-183-2016). შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის დაკისრებისთვის აუცილებელ კუმულატიურ კრიტერიუმთა მოცემულობაში, მოსარჩელეს ევალება ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხემ არ მიიღო მონაწილეობა მისი ბინის გამოსყიდვის აუქციონში, უძრავი ქონება გაიყიდა 22 000 აშშ დოლარად როდესაც მას ჰყავდა ბინის რეალური მყიდველი რომელიც თანახმა იყო გადაეხადა 50 000 აშშ დოლარი. სწორედ აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობას - 28 000 აშშ დოლარის დაკისრებას მოითხოვს მოსარჩელე მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების სახით.
აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან, სასამართლო მიუთითებს მის მიერ უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ე-----------–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე თბ--–--ი, ქუჩა ო–---–-ს, კორპუსი (სახლი) 25, ბინა 5, ს/კ 0------------------- შემძენი 2012 წლის 14 აგვისტოს დასრულებულ იძულებით (ონლაინ) აუქციონზე გახდა ლ-----–----–--ე. საქმის მასალებში წარმოდგენილია ე-----------–----ის მიერ მ---–-----------–---ის სახელზე 2014 წლის 13 მარტს გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------) (ს.ფ. 146-147). შესაბამისად, უპირველესად, საქმის მასალებით არ დასტურდება აუქციონის ჩატარების დროისათვის მხარეებს შორის დავალების ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, გარდა ამისა, აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაშიც კი მხოლოდ წარმოდგენილი მოწმის ჩვენება არ ადასტურებს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს. მოწმემ ნამდვილად მიუთითა უძრავი ქონების შეძენის სურვილზე, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ უძრავი ქონების შეძენა უცილობლად განხორციელდებოდა ამ პირის მიერ მოსარჩელის მიერ მითითებულ ფასად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით არ დასტურდება მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობაში არსებობა. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო, სასამართლოსათვის წარმოედგინა ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიუღებელი შემოსავლის თაობაზე მისი პოზიციის მართებულობას. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ არის დადასტურებული მიუღებელი შემოსავლის სახით მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-----------–----ის სარჩელი მოპასუხე მ---–-----------–---ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია