გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.12.2018
საქმის ნომერი
330210118002713671
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/32633-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 დეკემბერი, 2018 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე - სვ----–----------ა

მოპასუხეები - 1 - პა--------–-–---–-

2 - სს „თი----------“

წარმომადგენელი - თე----------–--ე

დავის საგანი - ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–------------- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ნივთები, კერძოდ: 1. ხის ოთხკუთხედი მაგიდა; 2. ხის მოჩუქურთმებული კარადა; 3. ხის ჭურჭლის კარადა; 4. ხის სკამები - 5 ცალი; 5. ხის გარდერობი; 6. კომპიუტერის მონიტორი - „acer“-ის ფირმის, კომპიუტერის პროცესორი, მაუსი და კლავიატურა; 7. კომპიუტერის მაგიდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია საქმე N--------- პა--------–-–---–-ს წინააღმდეგ, რომლის საფუძველზეც 2018 წლის 14 ივნისს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელდა მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთების, კერძოდ: ხის ოთხკუთხედი მაგიდის, ხის მოჩუქურთმებული კარადის, ხის ჭურჭლის კარადის, ხის სკამების (ხუთ ცალი), ხის გარდერობის, კომპიუტერის მონიტორის, პროცესორის, მაუსის, კლავიატურისა და კომპიუტერის მაგიდის დაყადაღება. აღნიშნული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, რომელიც განთავსებული ჰქონდა თავის კუთვნილ ბინაში, მდებარე თბილისი, ვა--------–------------------------------------- 2----–--–- მხარემ გაყიდა ბინა და მას შემდგომ სხვადასხვა ადგილას ქირავნობით ცხოვრებისას, თან დააქვს ავეჯი. სააღსრულებო წარმოების მოვალე - პა--------–-–---–- წარმოადგენს მოსარჩელის სიძეს, რომელიც მასთან ერთად დროებით ცხოვრობს და ყადაღადადებული ნივთები არასდროს ყოფილა მოპასუხის საკუთრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სს „თი----------ს“ წარმომადგენელმა საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო.

 

2.3. მოპასუხე პა--------–-–---–ს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 14 ივნისს შედგენილი ქონების აღწერა-დაყადაღების შესახებ აქტის თანახმად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2----–-–---------------- გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც მოვალე პა--------–-–---–ს კრედიტორ სს „თი----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში განხორციელდა მოვალის კუთვნილი შემდეგი ქონების აღწერა-დაყადაღება: 1. მოყავისფრო ხის ოთხკუთხედი მაგიდა; 2. მოყავისფრო ხის მოჩუქურთმებული კარადა; 3. მოყავისფრო ხის ჭურჭლის კარადა; 4. მოყავისფრო ხის 5 ცალი სკამი; 5. მოყავისფრო ხის გარდერობი; 6. მოშავო ფერის „acer“-ის ფირმის კომპიუტერის მონიტორი, მოშავო ფერის კომპიუტერის კეისი-პროცესორი, კომპიუტერის მაუსი და კლავიატურა; 7. მოშავო ფერის კომპიუტერის მაგიდა.

 

(მტკიცებულება: ქონების აღწერა-დაყადაღების შესახებ აქტი, ს.ფ. 21-23)

 

3.1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–----- ნოემბერს გაცემული ცნობის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2----–-–---------------- გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, პა--------–-–---–ს სს „თი----------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. ამავე ცნობის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2018 წლის 14 ივნისს ყადაღა დაედო მოვალის სახელზე რიცხულ მოძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისი, ვა--------–------------------------------------- დაყადაღებულ ნივთებზე 2----–-–----- ნოემბრის მდგომარეობით იძულებითი აუქციონი გამოქვეყნებული არ არის.

 

(მტკიცებულება: თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2----–-–----- ნოემბერს გაცემული ცნობა, ს.ფ. 31)

 

3.1.3. სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სვ----–----------ა წარმოადგენს დაყადაღებული ნივთების მესაკუთრეს.

 

(მტკიცებულება: სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება - 2018 წლის 17 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 2-16, 47-54, 69-72)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 158-ე, 186-ე მუხლები;

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40 მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ნამდვილი უფლების არსებობა და ამ უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა. მესაკუთრედ ყოფნის თაობაზე პრეზუმფცია კი გულისხმობს კანონისმიერ ვარაუდს, რომ ნივთის მფლობელი, მფლობელობის წარმოშობის მომენტიდან ნივთის მესაკუთრეა და საკუთრების უფლებას ახორციელებს მფლობელობის პერიოდში. ამდენად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მფლობელი იმავდროულად მესაკუთრეა.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების - აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე აღძრული მოთხოვნისას, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს საკუთრების უფლება ყადაღადადებულ ქონებაზე, მოპასუხეს კი ეკისრება მოსარჩელის საკუთრების უფლების გაქარწყლების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეულ გარემოებათა შესაბამისად დადგენილია, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს ს-----–------------ საკუთრებას. მოპასუხე სს „თი----------ს“ წარმომადგენელმა (კრედიტორმა) სარჩელი ცნო. სარჩელი ასევე ცნო მოპასუხე პა--------–-–---–მა (მოვალემ). ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს სამართლებრივად დასაბუთებულად მიაჩნია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე. ამასთან, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს საქმის განხილვის მოსამზადებელ ეტაპზე. შესაბამისად, მხარეებს არ ეკისრებათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 48-ე, 49-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სვ----–----------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2----–-–------------- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული ნივთები, კერძოდ: 1. ხის ოთხკუთხედი მაგიდა; 2. ხის მოჩუქურთმებული კარადა; 3. ხის ჭურჭლის კარადა; 4. ხის სკამები - 5 ცალი; 5. ხის გარდერობი; 6. კომპიუტერის მონიტორი - „acer“-ის ფირმის, კომპიუტერის პროცესორი, მაუსი და კლავიატურა; 7. კომპიუტერის მაგიდა.

 

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახ. ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი