გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2018
საქმის ნომერი
330210018002303868
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4479-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე შპს ”მ----------------------”

წარმომადგენელი ნო------------–---

მოპასუხე თე-------------

წარმომადგენელი გუ----------------

დავის საგანი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე

ფულადი ვალდებულების შესრულება,პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაეკისროს მოპასუხე თე-------------ს შპს „მ-----------------------“ სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხა - 3 472.51 ლარი;

1.2. დაეკისროს მოპასუხე თე-------------ს შპს „მ-----------------------“ სასარგებლოდ სარგებელი 1632.07 ლარი.

1.3. დაეკისროს მოპასუხე თე-------------ს შპს „მ-----------------------“ სასარგებლოდ პირგასამტეხლო 825.86 ლარი და ჯარიმა 60 ლარი.

1.4. დაეკისროს მოპასუხე თე-------------ს შპს „მ-----------------------“ სასარგებლოდ გირავნობის მოწმობის თანხა 50 ლარი და მის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო ხარჯი 100 ლარი.

2016 წლის 15 დეკემბერს თე-------------სა და შპს „მ---------------------“-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N-----------, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს 6%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 4000 ლარის ოდენობით.

 

სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ნისან სქაილაინი.

 

მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა 4 თვის გადასახადის გადახდა. აღნიშნული თანხებით სრულად გაიქვითა 5 თვის ძირითადი თანხა და სარგებელი. მოპასუხის მიერ ვადაგადაცილებით შემოტანილი თანხებიდან იქვითებოდა ვადაგადაცილებისათვის სესხზე რიცხული ჯარიმები. მე-6 თვეს დაგვიანებით შემოტანილი 300 ლარიდან 2 ლარი გაიქვითა ჯარიმაზე, ხოლო დარჩენილი 298 ლარით სრულად გაიქვითა შესაბამისი თვის სარგებელი (213.75 ლარი), ხოლო დარჩენილი 84.25 ლარით შემცირდა სესხის ძირითადი თანხა. რაც შეეხება ივნისის თვის დარჩენილ გადასახადს - 21 ლარს და სხვა მომდევნო თვეებს - მოპასუხის მიერ აღარ გადახდილა.

 

12.10.2017 მსესხებელს გაეგზავნა მოსარჩელის მიერ შეტყობინება დაგირავებული ავტომობილის მოგირავნისათვის გადაცემის შესახებ, თუმცა ვალდებულება მოპასუხის მიერ არ შესრულებულა.

 

გირავნობის საგნის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 16.11.2017 შსს „მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემულ იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზეც 17.11.17 დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილი იძებნებოდა. ავტომობილის მოძიება ვერ მოხერხდა.

 

სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხე თ-------------ის მიერ შპს „მ-----------------------“ სასარგებლოდ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხაა - 3 472.51 ლარი.

 

მოპასუხე თე-------------ს შპს „მ-----------------------“ სასარგებლოდ ასევე ერიცხება გირავნობის მოწმობის საფასური - 50 ლარი და სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 100 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი 14 დღით გადააცილებს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც, მსესხებლისათვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისათვის სესხის დაბრუნების ვალდებულება. ამასთანავე, თუ გამსესხებელს სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია, მსესხებელს აგრეთვე ეკისრება სესხის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც. ვინაიდან 15.07.2017 წლიდან თ-------------ის სესხი ვადაგადაცილებაშია - შპს „მ-----------------------“ სასარგებლოდ 2017 წლის 15 ივლისისა და ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვისათვის ერიცხება სესხის დარჩენილი ნაწილის 6%, რაც შეადგენს 208.35 ლარს. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გასულია 7 თვე და 25 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 1632.07 ლარს.

 

მოპასუხე თე-------------ს შპს „მ-----------------------“ სასარგებლოდ ერიცხება პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0.1%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 3.47 აშშ დოლარს და აღნიშნული თანხა მოსარჩელის მიერ შემცირებულია 5-ჯერ. 2017 წლის 16 ივნისიდან სარჩელის შეტანამდე გასულია 238 დღე, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 825.86 აშშ დოლარს.

 

ხელშეკრულების თანახმად, გადახდის ვადის 21-დან 30 კალენდარული დღით გადაცილების შემთხვევაში, მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება ჯარიმა 60 ლარის ოდენობით. მოპასუხის მიერ ვადაგადაცილების პერიოდი იწყება 2017 წლის 21 აგვისტოდან - სახეზეა ვადაგადაცილების 21-30 დღემდე პერიოდი, შესაბამისად, თე-------------ს შპს „მ-----------------------“ სასარგებლოდ ერიცხება ჯარიმა 60 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე თე-------------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნა ცნო ძირითადი თანხის ნაწილში და არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 15 დეკემბერს თე-------------სა და შპს „მ---------------------“-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N-----------, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს 6%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 4000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ.

 

3.1.2. სესხის გაცემის შესახებ შეთანხმების მე-4 პუნქტის მიხედვით, სესხის დაბრუნება და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა განხორციელდება 24 თვის განმავლობაში ეტაპობრივად, იმდაგვარად, რომ მსესხებელი ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავს სესხს და გადაიხდის სესხის სარგებელს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ.

 

3.1.3. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დაიტვირთა თ-------------ის კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, მარკა მოდელი: ნისან სქაილაინი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

 

3.1.4. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მსესხებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს სესხის თითოეული ნაწილის (სესხის თითოეული ნაწილის დარჩენილი ნაწილის) ვადაზე ადრე დაბრუნება მთლიანად რა დროსაც მსესხებელი ვალდებულია სესხის (სესხის დარჩენილი ნაწილის) დაბრუნებასთან ერთად გადაუხადოს გამსესხებელს სესხის (სესხის დარჩენილი ნაწილის) დაბრუნების მომენტისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით რიცხული დღიური სარგებელი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

 

3.1.5. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი 14 დღით გადააცილებს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც, მსესხებლისათვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისათვის სესხის დაბრუნების ვალდებულება. ამასთანავე, თუ გამსესხებელს სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია, მსესხებელს აგრეთვე ეკისრება სესხის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 19).

 

3.1.6. გირავნობის საგნის კრედიტორის მფლობელობაში გადაცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 16.11.2017 შსს „მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემულ იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზეც 17.11.17 დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- გირავნობის მოწმობა.

- განცხადება იძულებით აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ.

 

3.1.7. გირავნობის მოწმობის გაცემის მიზნით შპს „მ---------------------მა“ გადაიხადა გირავნობის მოწმობის საფასური - 50 ლარი, აღსრულების საფასურის სახით გადაიხადა 100 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სესხი არის პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შეთანხმებით სესხის გადაცემის შესახებ. სესხზე სარგებლის დარიცხვა იწყება მისი მსესხებლისათვის გადაცემის დღიდან და გრძელდება თანხის სრულად დაბრუნებამდე.

 

მოპასუხის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ არასწორია მოსარჩელის მითითება სარგებლის ნაწილში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლზე, მოსარჩელეს მოთხოვნის საფუძვლად უნდა მიეთითებინა 403-ე მუხლი. 625-ე მუხლზე მითითება სარგებლის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული სარგებელი ხელშეკრულების მოშლის შემდგომ. მოსარჩელეს არ ქონდა სარგებლის თანხის მოთხოვნის უფლება ხელშეკრულების მოშლის შემდგომ. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარგებლის ოდენობა არ შეესაბამება ბანკის მიერ საანაბრე ხელშეკრულებებისათვის დადგენილ სარგებლის ოდენობას.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით განისაზღვრა სააპროცენტო განაკვეთი _ თვიური 6%. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა, რომ სესხზე სარგებლის დარიცხვა გრძელდება თანხის სრულად დაფარვამდე. ამდენად, არსებობს მხარეთა შეთანხმება თანხის გადახდის ვალდებულების შესრულებამდე, პროცენტის გადახდევინების თაობაზე.

 

15.07.2017 წლიდან თ-------------ის სესხი ვადაგადაცილებაშია. მას შპს „მ-----------------------“ სასარგებლოდ 2017 წლის 15 ივლისისა და ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვისათვის ერიცხება სესხის დარჩენილი ნაწილის 6%, რაც შეადგენს 208.35 ლარს. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გასულია 7 თვე და 25 კალენდარული დღე, მოპასუხე დარიცხული სარგებელი შეადგენს 1632.07 ლარს.

 

3.2.2. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის 3.3. ქვეპუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში მას გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება ჯარიმა შემდეგი წესითა და ოდენობით: გადახდის ვადის 21-დან 30 კალენდარული დღით გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება ჯარიმა 60 ლარის ოდენობით.

 

საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 3.4. მუხლის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში, ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ჯარიმასთან ერთად, გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებელს დააკისროს მის (გამსესხებლის) სასარგებლოდ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0.5%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება გამსესხებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

 

3.2.3. 2017 წლის 15 ივლისის შემდეგ მოპასუხე თ-------------ის მიერ გადახდები არ განხორციელებულა, რის გამოც მას შპს „მ-----------------------“ სასარგებლოდ ერიცხება ძირითადი თანხა - 3 472.51 ლარი, სარგებელი 1632.07 ლარი, პირგასამტეხლო 885.86 ლარი. (825.86 ლარი და ჯარიმა 60 ლარი).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 427-ე, მე-400, 361-ე, 316-ე, 403-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. შპს „მ-----------------------“ მოთხოვნა თ-------------ის მიმართ ძირითადი თანხის 3472.51ლარისა და სააღსრულებო საფასურის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო:

 

6.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

6.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

6.1.4. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

ზემოღნიშნული ნორმის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების დათქმულ დროს შესრულება კანონისმიერი პირობაა.

 

საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში წარმოშობილი ხარჯები ეკისრება მსესხებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად, დავალიანების ძირითადი თანხისა და სააღსრულებო წარმოების დაწყებისათვის გაღებული ხარჯის 100 ლარის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა ძირითადი თანხის, გირავნობის მოწმობისა და სააღსრულებო წარმოების დაწყებისათვის გაღებული ხარჯის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

6.2.1. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორმა შპს ”მ---------------------მა” სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო მოითხოვა გირავნობის მოწმობის გაცემა, რაზეც გაიღო ხარჯი - 50 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მსესხებელს, საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.

 

6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 1632.07 ლარის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო განმარტავს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ზიანის, როგორც აბსტრაქტული (ანაცდენი) მოგების ცნება და სახელშეკრულებო შეთანხმება ზიანის ანაზღაურებაზე, რომელთაგან პირველს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, ხოლო, მეორეს - 403-ე მუხლი არეგულირებს. საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკით დადგენილია, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. რაც შეეხება 403-ე მუხლს, მისი ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე (№ას-1701-1685-2011, 22 ოქტომბერი, 2012 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება, ასევე დადგენილია და ამას არც მოპასუხე უარყოფს, რომ მის მიერ დარღვეულ იქნა ვალდებულება, ასევე დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის სარგებლის დაკისრებაზე.

 

საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი 14 დღით გადააცილებს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც, მსესხებლისათვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისათვის სესხის დაბრუნების ვალდებულება. ამასთანავე, თუ გამსესხებელს სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია, მსესხებელს აგრეთვე ეკისრება სესხის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც.

 

ამდენად, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არ მომხდარა ვალდებულების შესრულება ჯეროვნად, მსესხებელს გადასახდელი აქვს სესხის ძირი თანხა 3472.51 ლარი. მხარეთა მიერ შეთანხმებულია პროცენტის გადახდევინება ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან მიმართებაში და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მისი ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6.4. მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

მოსარჩელის ითხოვს მოპასუხეზე ერთჯერადი პირგასამტეხლოს 60 ლარისა და ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის - 825.86 ლარის, ჯამში, 885.86 ლარის დაკისრებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ოდენობა შესაბამისია ძირითადი ვალდებულებისა და შეთანხმებული პროცენტის მოცულობასთან მიმართებაში, რის გამოც, მოპასუხე თე-------------ს უნდა დაეკისროს ამ თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 77.04 ლარის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს ბიუჯეტიდან სარჩელის ცნობის გამო, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 107.17 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ”მ-----------------------” სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე თე-------------ს დაეკისროს მოსარჩელე შპს ''მ-----------------------” სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის - 3472.51 ლარის, სარგებლის - 1632.07 ლარის, პირგასამტეხლოს 885.86 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე თე-------------ს დაეკისროს მოსარჩელე შპს ''მ-----------------------” სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა გირავნობის მოწმობის გაცემის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის ასანაზღაურებლად და 100 ლარის გადახდა სააღსრულებო წარმოების ხარჯის ასანაზღაურებლად.

2. მოპასუხე თე-------------ს დაეკისროს მოსარჩელე შპს ''მ-----------------------” სასარგებლოდ 77.04 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

3. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს ”მ---------------------ს” 2018 წლის 12 თებერვალს N---------- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 184.22 ლარიდან - 107.17 ლარი.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია