გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210018002513901
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/19010-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

მოსარჩელე - ნა----–---------–---–ი

წარმომადგენლები - ლა-–------------ე, ლი------–-–---–ი

მოპასუხე - მე----–--------–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხის მე----–--------–ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირი თანხსი 2 400,00 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს ვალის აღიარების 2015 წლის 8 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებულ ხელწერილზე, რომლითაც მოპასუხის მიერ აღიარებული იქნა სესხის, ჯამში 3 050,00 ლარის არსებობა, ხოლო სესხის დაფარვა მოპასუხეს უნდა დაეწყო 2015 წლის სექტემბრის შემდეგომ.

 

მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 6500,00 ლარით (იხ, 2018 წლის 31 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:59:02).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წარმოადგინა შესაგებელი და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რამდენადაც სასესხო ურთიერთობა წარმოშობილია 2013 წელს. მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელის წინაშე დავალიანება არ გააჩნია და მოთხოვილი თანხა მსესხებელს სრულად აქვს გადახდილი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2015 წლის 08 ივლისის ხელწერილის თანახმად, მე----–--------–მა აღიარა, რომ ჰქონდა ნა----–---------–---–ის ვალი 2 400,00 ლარის ოდენობით, თანხას კი გადაიხდიდა 2015 წლის სექტემბრის თვიდან.

 

აქტი დამოწმებულია მხარეთა ორმხრივი ხელმოწერით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

ხელწერილი (ს.ფ. 69).

 

3.1.2. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ფაქტი იმის შესახებ, რომ მხარეთა მიერ ხელმოწერილი აქტით აღიარებული ვალდებულება გამომდინარეობდა მხარეთა შორის უკვე არსებული სასესხო სამართალურთიერთობიდან, სადაც მსესხებელს წარმოადგენდა მოპასუხე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-4).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. 2018 წლის 31 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:29:34).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. არ დგინდება მე----–-------–ის მიერ 2 400,00 ლარის ნა----–---------–---–ის სასარგებლოდ გადახდის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თვის შესაგებელს. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლია.

 

ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მოვალეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით. მოპასუხე მხარეს კი ამგვარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოებას, სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა 2 400,00 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და ემყარება წერილობით მტკიცებულებებს. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი ამ შემთხვევაში ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტით ვერ დაადასტურა თანხის გადახდის მის მიერ მითითებული ფაქტი.

 

3.2.2. სასამართლო მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2 400,00 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ არ არის ხანდაზმული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარება, რაც წარმოადგენს მოთხოვნის დამოუკიდებელ საფუძველს და განაპირობებს ხანდაზმულობის ვადის დენის თავიდან დაწყებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოთხოვნის წარმოშობის დრო, მომენტი, საიდანაც იწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.

 

ვალის აღიარების ხელწერილის თანახმად, რომელიც გაფორმებულია 2015 წლის ივლისში, მოვალემ იკისრა სესხის დაფარვა 2015 წლის სექტემბრის თვიდან. განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნის უფლება ნა----–---------–---–ს წარმოეშვა 2015 წლის სექტემბერში. სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2018 წლის 26 ივნისს. შესაბამისად, კრედიტორმა სარჩელი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით წარადგინა მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დაცვით.

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2 400,00 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ არ არის ხანდაზმული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე, 341-ე, 361-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ 2015 წლის 08 ივლისს ხელმოწერილი აქტით მოპასუხის მე----–-------–ის მიერ აღიარებულია ვალის არსებობა, სკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წერილობითი ფორმის დაცვით.

 

ვალის აღიარების ხელშეკრულება ფორმასავალდებულო გარიგებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნამდვილობისათვის კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვაა საჭირო. კანონით დადგენილი ფორმა კი მარტივი წერილობითია, რომელიც დაცულად ჩაითვლება, თუ მხარეები ვალის აღიარების ხელშეკრულებას ორმხრივად ხელს მოაწერენ.

 

განსახილველ შემთხვევაში მართალია ვალის არსებობის აღიარებიდან არ ჩანს, თუ რამ განაპირობა მოვალეთა მხრიდან ვალის აღიარება, თუმცა სადავო არ არის გარემოება იმის შესახებ, რომ მხარეთა მიერ ხელმოწერილი აქტით აღიარებული ვალდებულება გამომდინარეობდა მხარეთა შორის უკვე არსებული სასესხო სამართალურთიერთობიდან.

 

სესხის ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, არ წარმოადგენს ფორმასავალდებულო გარიგებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არც სკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით დადგენილი, კანონით გათვალისწინებული რაიმე ფორმის დაცვის ვალდებულება არსებობდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარების დროს სახეზეა მხარეთა ნება ახალი სამართალურთიერთობის ჩამოყალიბების თაობაზე. ვალის აღიარება ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს ქმნის, თუ ვალის აღიარება ისეთი შინაარსისაა, საიდაც მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძვლის არსებობა დგინდება. ვალის კონსტიტუციური აღიარება დამოუკიდებელია ვალის წარმოშობის საფუძვლებისაგან, რაც მის აბსტრაქტულ ბუნებას განაპირობებს. მოვალის მიმართ ვალდებულების შესრულების თაობაზე მოთხოვნის უფლება სწორედ ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოეშობა და არა წინმსწრები ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან.

 

ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარების დროს სამართალურთიერთობის ახალი საფუძველი ჩნდება, საიდანაც მოთხოვნა წარმოიშობა. უფლებამოვალეობათა ნამდვილობა ახალი გარიგების ნამდვილობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც თავიდან იწყება. ვალის აღიარება და შესაბამისად, ახალი სამართალურთიერთობის წარმოშობა (ვალის კონსტიტუციური „აბსტრაქტული“ აღიარება) ძველ სამართალურთიერთობას არ აქარწყლებს. შესაბამისად, მოთხოვნა შეიძლება ძველი სამართალურთიერთობიდანაც არსებობდეს, თუ იგი ხანდაზმული არ არის, რასაც ადგილი აქვს განსახილველ შემთხვევაში.

 

ვალის კონსტიტუციური აღიარების, როგორც დამოუკიდებელი გარიგების ბუნებაზე, ზეგავლენას არ ახდენს წინმსწრებ სამართალურთიერთობასთან მისი ფორმალური ბმა. მაგალითისათვის, ისევე როგორც განსახილველ შემთხვევაში, ვალის აღიარების ხელშეკრულებაში შეიძლება ჩანდეს, თუ რა სამართალურთიერთობა უძღოდა წინ მოვალესა და კრედიტორს, რამ განაპირობა მოვალის მხრიდან კრედიტორის სასარგებლოდ ვალის აღიარება, თუმცა, აღნიშნულ გარემოებას ვალის აღიარების ბუნების განსაზღვრის მიზნებისათვის სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია. სწორედ აღნიშნული პრინციპი განაპირობებს ხანდაზმულობის ვადის დენის თავიდან დაწყებას, განსხვავებით ვალის დეკლარაციული აღიარებისაგან. შესაბამისად, ვალის კონსტიტუციური აღიარება დამოუკიდებელია ვალის წარმოშობის საფუძვლებისაგან, რაც მის აბსტრაქტულ ბუნებას განაპირობებს. უფრო მეტიც, კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარება ხანდაზმულობის ვადის დენას თავიდან იწყებს მაშინაც, როდესაც არსებული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნა უკვე ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რა დროშიც პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს შესრულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, მაგრამ მისი შესრულება მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მისი იძულების წესით დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირმა, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი).

 

რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში კრედიტორმა სარჩელი სასამართლოში სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დაცვით წარადგინა, მოვალე მოკლებულია შესაძლებლობას უარი თქვას შესრულებაზე სკ-ის 144-ე მუხლის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის მიერ ვალდებულების, 2 400,00 ლარის გადახდის შეუსრულებლობა, რაც მას ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერში უნდა შეესრულებინა.

 

ხელშეკრულების დარღვევას შედეგად უნდა მოჰყვეს დამრღვევი მხარის იძულება შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, რაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეების დაცვის გარანტია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოსთხოვოს, ხოლო მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს ნა----–---------–---–ს 2 400,00 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ)“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ნა----–---------–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სსსკ-ს 55-ე მუხლის დანაწესის თანახმად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელთან დაკავშირებული სახელმწიფო ბაჟის 50,00 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნა----–---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. მოპასუხე მე----–--------–ს მოსარჩელე ნა----–---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2 400,00 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხე მე----–--------–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის 50,00 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე