გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/20198-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით 11 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - საქართველოს ს----–-–----------------------------------ი
წარმომადგენელი - გ-----------------
მოპასუხე - შპს ,,ნ----------ი''
წარმომადგენელი - დ-----------–--–---–ი, ნ------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 1 745 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-16)
1.1.1. 2015 წლის 27 ნოემბერს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის შედეგად მხარეებს შორის გაფორმდა №1- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ აიღო ვალდებულება მისთვის მიეწოდებინა შემდეგი დასახელებისა და რაოდენობის პროდუქტი: ქუდი - 1 000 ცალი, ხელთათმანი - 1 000 ცალი, ქამარი შარვლის - 1 000 ცალი;
1.1.2. მისაწოდებელი პროდუქტის საერთო ღირებულება განისაზღვრა 34 900 ლარით;
1.1.3. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის ვიზუალური დათვალიერება მოხდა ს----–-–----------------------------------ის ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მიერ, რომელმაც მოიწონა აღნიშნული ნიმუში და №8--- დასკვნით აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ნიმუში ვიზუალურად შესაბამისობაში მოდიოდა სატენდერო პირობებთან;
1.1.4. შესყიდვის ობიექტის ნიმუშისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნილ ტექნიკურ პირობებს შორის შესაბამისობა დადგინდა სატენდერო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. სწორედ აღნიშნულის შემდგომ დაიდო მათ შორის ხელშეკრულება;
1.1.5. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე საქართველოს ს----–-–----------------------------------ის ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ მოხდა ჯარიმის ოდენობის დაანგარიშება;
1.1.6. მან მოპასუხეს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოსთხოვა ჯარიმის - 1 745 ლარის გადახდა;
1.1.7. მან მიმართა ს----–-–------–--------------------ოს მოპასუხის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.
შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ.71-78; მოსაზრება ს.ფ. 88-89)
2.1.1. მათ შორის ნამდვილად დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მას მოსარჩელისთვის უნდა მიეწოდებინა 11 000 ლარის ღირებულების ქუდი, 1- 900 ლარის ღირებულების შარვლის ქამარი და 10 000 ლარის ღირებულების ხელთათმანი;
2.1.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 21 მარტის დასკვნის თანახმად, მიწოდებული ხელთათმანი შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს;
2.1.3. ს----–-–------–--------------------ომ იმსჯელა მისი შავ სიაში დარეგისტრირების წარმოების ფარგლებში ხელთათმანების სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე და 2016 წლის 14 ივლისის №2--- განკარგულებით დაადგინა, რომ ხელთათმანები შეესაბამებოდა ტექნიკურ მოთხოვნებს და აღნიშნული არ წარმოადგენდა მისი შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველს;
2.1.4. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიწოდებული საქონელი - ხელთათმანები იქნებოდა სატენდერო მოთხოვნებთან შეუსაბამო, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მას უნდა დაკისრებოდა ჯარიმა წუნდებული საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 20 ლარს;
2.1.5. მოსარჩელის მიერ მითითებული ჯარიმის საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, არ წარმოადგენს აღნიშნული გარემოების შესაბამის დანაწესს, რადგან იგი ეხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელის მიერ 2015 წელს 27 ნოემბერს ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით გამოცხადდა S----------- ელექტრონული ტენდერი სპეციალური ტანსაცმლის და აქსესუარების შესყიდვის შესახებ.
აღნიშნული სატენდერო წინადადებით შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა 1 000 ცალი ქუდი, 1 000 ცალი ხელთათმანი და 1 000 ცალი შარვლის ქამარი სავარაუდო საერთო ღირებულებით 42 000 ლარი.
სატენდერო წინადადების თანახმად შესასყიდი ობიექტის - ხელთათმანის მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ნაქსოვი, ხუთთითიანი, გამოკრული სარჩულით, ძირითადი ზედა ნაქსოვი შრე არანაკლებ 30% შალი, ფერი შეთანხმებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სატენდერო დოკუმენტაცია (ს.ფ. 16-28)
3.1.2. გამოცხადებული S----------- ელექტრონული ტენდერის ფარგლებში მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მიწოდებულ იქნა მისაწოდებელი პროდუქტის (ქამარი, ქუდი, ხელთათმანი) ნიმუშები.
საქართველოს ს----–-–----------------------------------ის 2015 წლის 31 დეკემბრის პატაკის თანახმად, მოპასუხის მიერ წარდგენილი ნიმუშები და სატენდერო წინადადება შეესაბამებოდა მოთხოვნილ სატენდერო პირობებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პატაკი (ს.ფ. 35)
3.1.3. საქართველოს ს----–-–----------------------------------ის სატენდერო კომისიის სხდომის №4 ოქმის თანახმად, 2015 წელს 27 ნოემბერის S----------- ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმი (ს.ფ. 36-37)
3.1.4. აღნიშნული S----------- ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, 2016 წლის 12 იანვარს მოსარჩელეს, როგორც შემსყიდველს, და მოპასუხეს, როგორც მიმწოდებელს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1- ხელშეკრულება.
ხელშეკრულების მ-2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანია წინამდებარე ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული შესყიდვა. ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრულია საქონლის დასახელება, ტექნიკური მახასიათებლები, ბრენდი და მოდელი, მწარმოებელი ქვეყანა, განზომილება, რაოდენობა, ერთეულის ფასი, ჯამური ღირებულება, მიწოდების ვადა, მიწოდების ადგილი, საგარანტიო ვადა.
ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 34 900 ლარს.
ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მიწოდებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების 2.2 პუნქტით განსაზღვრული დანართი №1-ში მითითებულ მაჩვენებლებს და ხარისხი - დადგენილ სტანდარტებს.
ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს და საქონლის ტექნიკურ დათვალიერებას განახორციელებს ს----–-–----------------------------------ის ეკონომიკური დეპარტამენტის ლოჯისტიკის სამმართველოს მომარაგების სამსახურის მთავარ სპეციალისტი ც--–----–---–------ი. ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენელი (წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტი) უფლებამოსილია ჩაატაროს ხარისხის კონტროლი. წუნდებული საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წერილობითი შეტყობინებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში გამოასწოროს წუნი. ობიექტური მიზეზით წუნის გამოსწორების შეუძლებლობისა და შემსყიდველის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულების დროული ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუბრუნოს შემსყიდველს აღნიშნული საქონლის ღირებულება.
ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული დანართი №1-ით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში, ან 6.3. პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევისას, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო, შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი ან/და წუნდებული საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით.
ამავე ხელშეკრულების 9.3. პუნქტის თანახმად კი განისაზღვრა, რომ შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის ან ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელს დააკისროს ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.
დანართი №1-ის თანახმად, განისაზღვრა მისაწოდებელი საქონლის - ხელთათმანის ტექნიკური სპეციფიკაცია შემდეგნაირად: ნაქსოვი, ხუთთითიანი, გამოკრული სარჩულით, ძირითადი ზედა ნაქსოვი შრე არანაკლებ 30% შალი, ფერი შეთანხმებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება, დანართი №1 (ს.ფ. 30-34)
3.1.5. 2016 წლის 31 მარტის №8----- მიმართვით, მოპასუხეს საქართველოს ს----–-–----------------------------------ის ეკონომიკური დეპარტამენტისგან ეცნობა მხარეთა შორის 2016 წლის 12 იანვრის ხელშეკრულების 9.3. პუნქტის თანახმად ვალდებულების სრულად შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული ჯარიმის - 1 745 ლარის დაკისრების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა (ს.ფ. 38)
3.1.6. საქართველოს ს----–-–----------------------------------ის ეკონომიკური დეპარტამენტის 2016 წლის 15 აპრილის №9----- მიმართვით მოთხოვნილ იქნა მოპასუხის შავ სიაში რეგისტრაცია.
აღნიშნული მიმართვის თანახმად, შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასრულად შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიმართვა(ს.ფ. 40)
3.1.7. სახელწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 14 ივლისის № 2--- განკარგულებით შპს ,,ნ----------ი’’ 2016 წლის 15 ივლისს დარეგისტრირდა შავ სიაში.
აღნიშნული განკარგულების დადგენილი გარემოებების 4.9 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 21 მარტის დასკვნით დადგინდა, რომ მიწოდებული ხელთათმანის წყვილი შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს. ამასთან, მიწოდებული ხელთათმანი განსხვავდებოდა ელექტრონული ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაზე შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წარდგენილი ნიმუშისგან ქსოვის ტექნიკითა და მანჟეტების ზომით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განკარგულება (ს.ფ. 106-114)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელისთვის მიწოდებული პროდუქტის - ხელთათმანის მახასიათებლები არ შეესაბამებოდა ამ შესასყიდი ობიექტისთვის სატენდერო პირობებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მახასიათებლებს.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელი ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ მიწოდებულ შესასყიდი პროდუქტებიდან ერთ-ერთ პროდუქტს - ხელთათმანს არ გააჩნდა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული მახასიათებლები, რაც გახდა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა სახეებია მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები.
წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 21 მარტის №0-------- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ გამოსაკვლევ საკითხს წარმოადგენდა წარდგენილი ხელთათმანის ნიმუშების, კერძოდ №6 და №3 ნიმუშების, იდენტურობის საკითხი, კერძოდ იდენტური იყო თუ არა მათი ქსოვილები, ქსოვის ტექნოლოგია, მაჯის რეზინისებრი ნაქსოვი ,,მანჟეტები’’, ძაფისა და სარჩულის ქსოვილების შემადგენლობა.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილი მოშავო ფერის ხელთათმანის (ნიმუში №3) საზედაპირე ქსოვილს გააჩნია შემდეგი ბოჭკოვანი შემადგენლობა - პოლიაკრილი 100%. სასარჩულე ქსოვილს გააჩნია შემდეგი ბოჭკოვანი შემადგენლობა - პოლიესტერი 100%. ქსოვილის სიმცირის გამო ვერ განისაზღვრა 1მ2 საზედაპირე ქსოვილის წონა (ზედაპირული სიმკვრივე). ხოლო მოშავო ფერის ხელთათმანის (ნიმუში №6) საზედაპირე ქსოვილში შალის შემცველობა შეადგენს - 55.1%., სასარჩულე ქსოვილს გააჩნია შემდეგი ბოჭკოვანი შემადგენლობა - პოლიესტერი 100%. ქსოვილის სიმცირის გამო ვერ განისაზღვრა 1მ2 საზედაპირე ქსოვილის წონა (ზედაპირული სიმკვრივე).
ამავე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნიმუშების გამოკვლევით და მათი შედარების შედეგად დადგინდა: ნაქსოვი ხელთათმანები თავისი ფორმით და ქსოვის ტექნოლოგიით მსგავსია ერთმანეთის, ხოლო მათი დეტალური გამოკვლევით იკვეთება განსხვავებები: - ნიმუშ №6-ში თითების ნაწილის ბოლოში ეტყობა შეერთების ადგილები (ნაწიბურების მსგავსი, ხოლო ნიმუშ №3-ში ასეთი არ აღინიშნება; -ხელთათმანები განსხვავებულია ერთმანეთისგან ზომით და მანჟეტების სიგანით; -ნიმუში №3 ნაქსოვია სამწვერა ძაფით, ხოლო ნიმუში №6 ორწვერა ძაფით; - ხელთათმანების ძირითადი ნაწილი და მანჟეტები ვიზუალური დათვალიერებით სხვადასხვა სიმკვრივისაა; -ორივე ხელთათმანი ნაქსოვია შავი ფერის ძაფით, მაგრამ განსხვავებულია მათი შეფერილობა; - გამოსაკვლევი ნიმუშები განსხვავებულია ერთმანეთისგან სარჩულით, გამოყენებულია სხვადასხვა სახის სასარჩულე მასალები და ისინი განსხვავებულია სტრუქტურით და სისქით; - ხელთათმანები განსხვავდება ერთმანეთისგან ბოჭკოვანი შემადგენლობით, ნიმუში №3-ის საზედაპირე ქსოვილს გააჩნია შემდეგი ბოჭკოვანი შემადგენლობა - პოლიაკრილი 100%. ხოლო ნიმუში №6-ის საზედაპირე ქსოვილში შალის შემცველობა შეადგენს 55.1%-ს.
სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს თავდაპირველად, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ, საქმე №ას-535-501-2017). ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-406-383-2014). ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07).
ზოგადად ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს კატეგორიული - როცა ექსპერტი, ერთმნიშვნელოვნად (ცალსახად) პასუხობს მის წინაშე დასმულ საკითხებზე, სავარაუდო - როცა ექსპერტი არ გამორიცხავს საკითხის სხვანაირად გადაწყვეტის შესაძლებლობას და ბოლოს - საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის, როგორც მტკიცებულების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად ადასტურებს ნიმუშად მიწოდებული ხელთათმანის და ამის შემდგომ ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული ხელთათმანის მახასიათებლებს შორის არსებითი სხვაობის ფაქტის არსებობას. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებასაც (რომელთაგან ერთ-ერთს გ-----–--–----–---–ს უშუალოდ ხელშეკრულებით ევალებოდა მიწოდებული პროდუქციის ხარისხის შემოწმება), რომელთა მიხედვითაც მიწოდებული ხელთათმანები არათუ არ შეესაბამებოდა დადგენილ მახასიათებლებს, არამედ უვარგისი იყო განკუთვნილი სეგმენტისათვის - ჯარისკაცებისათვის გამოსაყენებლად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელისთვის მიწოდებული პროდუქტის - ხელთათმანის მახასიათებლები არ შეესაბამებოდა ამ შესასყიდი ობიექტისთვის ხელშეკრულებითა და სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ მახასიათებლებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა(ს.ფ. 90-105)
- მოწმეთა ჩვენება
3.2.2. 2016 წლის 12 იანვრის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 1 745 არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული, შესაბამისად, არსებობს მისი ორჯერ შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული დანართი №1-ით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადების გადაცილების შემთხვევაში, ან 6.3 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევისას, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო, შესაბამისად ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიუწოდებელი ან/და წუნდებული საქონლის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად კი განისაზღვრა, რომ შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის ან ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელს დააკისროს ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.
დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა სრულად, კერძოდ, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მისაწოდებელ პროდუქტ - ხელთათმანთან მიმართებით ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, ვინაიდან იგი არ იყო მიწოდებული იმ ხარისხით რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით. ამასთან სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან მიმართებით, რომ მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არასრული შესრულებისას მოსარჩელე უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა არა ხელშეკრულების 9.1 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების ღონისძიება, არამედ პირგასამტეხლოს დაკისრება განეხორციელებინა ამავე ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულდა სრულად.
ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება პირგასამტეხლო 1 745 ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ორჯერ შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
როგორც უკვე აღინიშნა, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“, თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეთხვევაში, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ №ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1-51-2012, 20 მაისი, 201- წელი).
პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დავალიანება უნდა შემცირდეს და განისაზღვროს მისი ოდენობა 872.5 ლარით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 477-ე, 629-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად კი ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2016 წლის 12 იანვრის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმადაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მიეწოდებინა მოსარჩელისთვის ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული პროდუქცია მითითებული მახასიათებლებითა და რაოდენობით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების შესრულების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იყოს, იყო თუ არა განხორციელებული მოქმედება, და თუ ასეთს ჰქონდა ადგილი, რა გზით მოხდა შესრულება. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ მყიდველმა მიიღო ნივთი, როგორც შესრულება, ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი, როგორც წესი, მას ეკისრება, იმ შემთხვევაში თუ ის აყენებს შესრულების გამო შესაბამის მოთხოვნას. სამომხმარებლო ურთიერთობაში მტკიცების მიზნებისათვის უნდა ჩაითვალოს, რომ ნივთი რისკის გადაცემის მომენტში არსებობდა, თუ ნაკლის სპეციფიკა საპირისპიროს ვარაუდის საფუძველს არ ქმნის.
სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნივთის ნივთობრივი ნაკლის დეფინიციის დროს უპირატესობა ენიჭება მხარეთა შეთანხმებას, შესაბამისად უპირველესად უნდა დადგინდეს, რამდენად არის მყიდველის მიერ მიწოდებული ნივთი მხარეთა მიერ შეთანხმებული თვისებების მატარებელი. ასეთი შეთანხმების არ არსებობისას კი უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მხარეთა ხელშეკრულებით შეთანხმებული მიზანი. ამ უკანასკნელის არ არსებობის შემთხვევაში ნივთი ობიექტური კრიტერიუმებით ფასდება, რომლის თანახმად იგი ვარგისია ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. განსახილველ შემთხვევაში უპირველესად გასათვალისწინებელია, რომ მხარეები ხელშეკრულებითვე შეთანხმდნენ მისაწოდებელი საქონლის ხარისხზე და განსაზღვრეს მისთვის აუცილებელი ნიშან-თვისებები.
დადგენილია, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატა მის არაჯეროვან შესრულებაში. კერძოდ, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელისთვის მიწოდებული პროდუქტის - ხელთათმანის მახასიათებლები არ შეესაბამებოდა ამ შესასყიდი ობიექტისთვის ხელშეკრულებითა და სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ მახასიათებლებს.
6.3. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება მხარეთა შეთანხმებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით განსაზღვრულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს და გონივრულად მიიჩნია მისი შემცირება, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო - 872.5 ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
"სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ამასთან, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 25 ლარის გადახდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-11, მე-14, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ს----–-–----------------------------------ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ნ----------ის’’ მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე შპს ,,ნ----------ს'' მოასარჩელე საქართველოს ს----–-–----------------------------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება 872.5 ლარის ოდენობით;
3. მოპასუხე შპს ,,ნ----------ს'' სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 25 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი