გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.12.2018
საქმის ნომერი
190210118002551821
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2155-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.12.2018 წელი ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი: თამარ კობაიძე

მოსარჩელე შ----- ბ-----–---–ი

წარმომადგენელი მაგული კორძაია

მოპასუხე რ--- ტ-------ე

წარმომადგენელი ბელა ბერაძე

ბავშვის წარმომადგენელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის განყოფილება

წარმომადგენელი პაატა ცნობილაძე

დავის საგანი ალიმენტის შემცირება, ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

II აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შემცირდეს შ----- ტ-------ისათვის 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი 350 ლარი 250 ლარით და შვილის 2010 წლის 27 იანვარს დაბადებული ელენა ბ-----–---–ის სარჩენად დაეკისროს ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა

1.2. შ----- ბ-----–---–ს არასრულწლოვან ელენა ბ-----–---–თან ურთიერთობისათვის განესაზღვროს ყოველი წლის 15 ივნისიდან 15 აგვისტომდე პერიოდი თავის საცხოვრებელ ადგილზე წაყვანით.

(12.12.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

სარჩელი გარემოებები:

შ----- ბ-----–---–ს და რ--- ტ-------ეს ჰყავთ ერთი შვილი 2010 წლის 27 იანვარს დაბადებული ელენა ბ-----–---–ი. ბავშვის მშობლები დღეის მდგომარეობით ერთად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი იმყოფება დედასთან რ--- ტ-------ესთან. ბავშვი საქართველოში ჩამოდის ზაფხულის არდადეგებზე, სხვა დროს მისი ნახვის შესაძლებლობა არა აქვს.

 

ამჟამად არსად მუშაობს, თავს ირჩენს სეზონური სამუშაოებით, სხვა შემოსავალი არა აქვს, რის გამოც გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის თანხის 350 ლარის გადახდა მისთვის შეუძლებელია. მოპასუხემ რ--- ტ-------ემ პრაქტიკულად შეუზღუდა მას ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობა, იგი სამი წლის მანძილზე იმყოფებოდა საზღვარგარეთ არასრულწლოვან შვილთან ერთად. მოპასუხე რ--- ტ-------ე ტექნოლოგიური კომუნიკაციის კატეგორიული წინააღმდეგია და მოსარჩელეს არ ეძლევა ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

რ--- ტ-------ემ წერილობით შესაგებელში და სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ამჟამად დაქორწინებულია, ცხოვრობს იტალიაში, სადაც ცხოვრობს და სწავლობს ბავშვიც. საქართველოში ბავშვი ჩამოდის ზაფხულში, ივნისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე ან აგვისტოს შუა რიცხვებამდე. ამ დროს იგი იმყოფება ბებიასთან. მოსარჩელეს ამ დრომდე არ ჰქონდა ბავშვთან შეხვედრის სურვილი, მხოლოდ წელს რამდენჯერმე წაიყვანა ბავშვი თავის საცხოვრებელ ადგილზე. წინააღმდეგი არ არის არდადეგების ნაწილი 1 ივლისიდან 15 აგვისტომდე ბავშვმა მამასთან გაატაროს, თუმცა არდადეგების მთელი დროის მანძილზე მამასთან ცხოვრების წინააღმდეგია, რადგან ბავშვი საქართველოში ჩამოდის ბებიასთან და ბავშვს უნდა მიეცეს მასთან ცხოვრების უფლებაც.

 

ალიმენტის შემცირების მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა ალიმენტი შემცირდეს 250 ლარამდე. დაკისრებული ალიმენტი მოსარჩელეს საერთოდ არ გადაუხდია, მისი მატერიალური მდგომარეობის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ურთიერთობა მამასთან საქართველოში ყოფნის პერიოდში, თუმცა ამავე დროს ბავშვს უნდა მიეცეს ოჯახის სხვა წევრებთან ყოფნის შესაძლებლობა. შესაბამისად, არდადეგების პერიოდში თანაბრად უნდა განაწილდეს მამასთან და დედის ნათესავებთან ყოფნის დრო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდაო გარემოებები

 

3.2.1. შ----- ბ-----–---–ი დასაქმებული არ არის და სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს. იგი პერიოდულად სხვადასხვა სარემონტო სამუშაოების შესრულებით იღებს შემოსავალს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მოსაჩელის განმარტებები (12.12.2018 წ სხდომის ოქმი CD დისკი)

-

3.2.2. რ--- ტ-------ე 3 წელია ცხოვრობს და მუშაობს იტალიაში ქალაქ სატანძოში, სადაც მასთან ერთად ცხოვრობს და სწავლობს მხარეთა არასრულწლოვანი შვილი ელენა ბ-----–---–ი. რ--- ტ-------ე დაქორწინებულია, მისი მეორე მეუღლეა ფალბო მიქელე, მათ აქვთ საოჯახო სასტუმრო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (2-7. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 61-63. ტომი 1)

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 85-88. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

3.2.1. შ----- ბ-----–---–ს და რ--- ტ-------ეს ჰყავთ 1 არასრულწლოვანი შვილი ელენა ბ-----–---–ი, რომლის სარჩენად მოსარჩელეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 350 ლარის ოდენობით. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მას ასევე შეზღუდული აქვს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

 

შ----- ბ-----–---–ს და რ--- ტ-------ეს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი - 2010 წლის 27 იანვარს დაბადებული ელენე ტ-------ე.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ--- ტ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და საქმეზე გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება; შეწყდა ქორწინება რ--- ტ-------ესა (პირადი № 35001033725; დაბადებული - 07.05.1976 წელს) და შ----- ბ-----–---–ს (პირადი № 12001002394; დაბადებული - 14.09.1978 წელს) შორის და გაუქმდა 03.02.2009 წლის ქორწინების №მნ0120479 სააქტო ჩანაწერი; მოპასუხე შ----- ბ-----–---–ს დაეკისრა 27.01.2010 წელს დაბადებული ელენა ბ-----–---–ის რჩენისათვის, სარჩო ალიმენტის სახით, ყოველთვიურად, თვეში 350 ლარის ოდენობით, ელენა ბ-----–---–ის სრულწლოვანებამდე, 11.05.2015 წლიდან.

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2015 წლის 22 დეკემბერის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელე რ--- ტ-------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქმეზე გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება; 2. მოპასუხე შ----- ბ-----–---–ს (პ/ნ. 312001002394) შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილის 27.01.2010 წელს დაბადებული ელენა ბ-----–---–ის მიმართ საქართველოს ფარგლებს გარეთ გამგზავრებაზე ასევე საქართველოს პასპორტის გაცემაზე თანხმობის გამოხატვის ნაწილში.

 

ორივე გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით შ----- ბ-----–---–ს შეზღუდული აქვს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილის ელენა ბ-----–---–ის მიმართ საზღვარგარეთ გამგზავრებაზე თანხმობის განცხადების უფლებაში. მას ასევე დაკისრებული აქვს შვილის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 350 ლარის გადახდა. მოსარჩელის განმარტებით, მას დაკისრებული ალიმენტი საერთოდ არ გადაუხდია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილებების ასლები (ს.ფ. 21-23. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს 200 ლარამდე.

მოსარჩელეს შვილთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს ყოველი წლის 1 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდი.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე , 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1199-ე მუხლები

- ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს დაინტერესებული პირის მოთხოვნით შეამციროს ამ გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

ამ ნორმების შესაბამისად, ალიმენტის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა.

 

შ----- ბ-----–---–ს დაკისრებული აქვს ალიმენტის 350 ლარის ოდენობით, რომლის შემცირებას მოითხოვს 250 ლარით და ალიმენტის განსაზღვრას 100 ლარით. ამდენად, მოსარჩელე მოითხოვს ალიმენტის თითქმის სამჯერ შემცირებას, რის გამოც უნდა შეფასდეს ალიმენტის დაკისრების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა თუ არა მოსარჩელის მატერიალური ან ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. აღნიშნული ნორმა ადგენს მშობლების ვალდებულებას იზრუნონ შვილების აღზრდაზე, მათ გონებრივ, სულიერ და სოციალურ განვითარებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ამ ნორმის შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის შეცვლის საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა იქნას ალიმენტის ოდენობის გონივრულობის განმსაზღვრელი გარემოებები, რადგან ალიმენტი ბავშვის რჩენისათვის აუცილებელი თანხა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს საკითხი.

 

მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და “ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ არასრულწლოვანი შვილებისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შვილის რჩენის ვალდებულება თანაბრად ეკისრება ორივე მშობელს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ოჯახური პირობებისა და შრომისუნარიანობის გათვალისწინებით. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური პირობების შეცვლის კვალობაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის 100 ლარის ალიმენტის დაკისრება არის მინიმალური ფინანსური ხარჯის გაწევა მშობლის მხრიდან, რაც შეიძლება განისაზღვროს უკიდურესად მძიმე მატერიალური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებობის პირობებში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა არ არის უკიდურესად მძიმე და მას არა აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კმაყოფაზე არ ჰყავს შრომისუუნარო ოჯახის წევრები, სხვა არასრულწლოვანი შვილი, რის გამოც შესწევს უნარი გაიღოს შვილის რჩენისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის დებულება, რომლითაც მშობლებს მათი უნარების და შესაძლებლობების შესაბამისად ეკისრებათ შვილების რჩენა, არ ნიშნავს მშობლისათვის ბავშვის რჩენაში საშეღავათო პრინციპის დადგენას. ამ დებულებით კონვენცია აღიარებს იმ გარემოებას, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და სწორედ კონკრეტული ოჯახის ქონებრივი შესაძლებლობების კვალობაზე უნდა განისაზღვროს რჩენის ვალდებულება. ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვის უფლებებს შეეხება, შესაბამისად, მშობლებისგან მატერიალური დახმარების მიღება ბავშვის უფლებაა, კონვენცია ბავშვის ამ უფლების დაცვას ავალდებულებს მშობლებს, სახელმწიფოს და კონვენციის მიზანი არ არის მშობლებისათვის ამ საკითხში შეღავათის დადგენა. კონვენციის ამავე ნორმით (27-ე მუხლი) აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ. შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.

 

კონვენციის მიზანია ბავშვის უფლების დაცვა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის უფლების დაცვა, რა დროსაც ამავე კონვენციის 27-ე მუხლიდან გამომდინარე გასათვალისწინებელია მშობლების პატივსადები ინტერესები - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები, შემოსავლების ოდენობა, შემოსავლის მიღების წყაროები.

 

მართალია ბავშვი იტალიაში ცხოვრობს, თუმცა ეს მოსარჩელეს მის რჩენაში მონაწილეობისგან არ ათავისუფლებს. ბავშვისათვის მატერიალური დამხარება მშობლის ერთერთი ძირითადი ვალდებულებაა, რაც ბავშვზე ზრუნვის გამოხატულებაა და მის აღზრდაში მშობლის მნიშვნელოვან როლს აღნიშნავს. მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი შრომისუნარიანობის გათვალისწინებით 100 ლარამდე ალიმენტის შემცირება შვილის რჩენაში სიმბოლურ მონაწილეობას ნიშნავს, რაც ალიმენტის მიზანი არ არის. ალიმენტის ფულადი თანხა ბავშვის რჩენაში რეალური წვლილის შეტანას ემსახურება და ალიმენტის მიზანი არ არის მშობლისათვის მინიმალური თანხის დაკისრება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე მხარის მატერიალური და ოჯახური პირობების გათვალისწინებით ალიმენტი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით. ალიმენტის შემცირების საფუძველია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სტაბილური შემოსავალი არა აქვს, მისი კონკრეტული ფულადი შემოსავლის ოდენობა უცნობია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის იმგვარი, რომ მის შრომისუუნარობაზე მიუთითებდეს. იგი არ განიცდის სოციალური გაჭირვებას, შესაბამისად, შეუძლია შვილის რჩენისათვის საკმარისი თანხის გაღება და არა მხოლოდ მინიმალური თანხის გადახდა.

 

შემცირებული ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან – 2018 წლის 19 ივლისიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა შვილთან ურთიერთობის წესის დადგენის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით ამავე ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ხსენებული ნორმის მიხედვით, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. კანონის ეს ნორმა მშობლებს ავალდებულებს ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, შესაბამისად შვილის აღზრდაში მონაწილეობა, მასთან ურთიერთობა არის არა მშობლის უფლება, არამედ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება. მშობლების ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს ბავშვის ამ უფლების რეალიზაცია. ბავშვის ეს უფლება უზრუნველყოფილი უნდა იყო ასევე მშობლების დაშორების შემდეგაც იმგვარად, რომ ბავშვს მიეცეს ორივე მშობელთან ინტენსიური პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლებს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

აღნიშნული ნორმებით აღიარებულია მშობლების თანაბარი უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები, მან უნდა უზრუნველყოს მეორე მშობლის შვილთან ნორმალური ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

გაეროს მიერ მიღებული ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიდგეს ბავშვის ინტერესებს.

ამდენად, ”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მშობლებთან შვილების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები, რადგან მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლის უფლება უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების სასიკეთოდ.

 

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვის ინტერესში იგულისხმება უპირველეს ყოვლისა მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა. ოჯახური გარემოს შექმნა გულისხმობს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ.

 

სტრასბურგის სასამართლომ 2015 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ( CASE OF ZAWADKA v. POLAND ) კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების უმოქმედობა გადაედგათ ნაბიჯები, რათა მომხდარიყო მომჩივნის - მამის უფლების რეალიზება იძულებით აღსრულების შედეგად ენახა საკუთარი შვილი, როდესაც დედამ უარი განაცხადა დამორჩილებოდა მშობლებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ მომჩივანმა დაკარგა მუდმივი კონტაქტი ბავშვთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ მის უნარები ყოფილიყო მშობელი, ამრიგად, ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს, შემცირდეს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ამავე გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტისათვის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება, არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა, შემცირება ან გამორიცხვა პროპორციული ზომა და არის თუ არა უფლების შეზღუდვის შემცირების ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული.

”ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” მე-7 მუხლის მიხედვით, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით.

”ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინაღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზაღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით დადგენილია ბავშვის აღზრდის საკითხზე მშობლებს შორის წამოჭრილი დავის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვით მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ის საკითხი, თუ რა არის ბავშვის ინტერესი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს ბავშვთა უფლებების კონვენციის დებულებების საფუძველზე. ყოველ დავაში ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, ბავშვისა და მშობლების ურთიერთობების ხასიათის და ინტენსივობის მიხედვით, მშობლებთან ბავშვის ურთიერთობის წესი, ასეთი ურთიერთობის გავლენა ბავშვის აღზრდის პროცესზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.

 

საერთაშორისო აქტებით და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულია, რომ ბავშვის აღზრდისათვის ყველაზე ხელსაყრელი და ჰარმონიული გარემოა ოჯახი - ორივე მშობლის მზრუნველობის და ყურადღების ქვეშ ყოფნა. თუმცა სხვადასხვა მიზეზთა გამო ამ ინტერესის რეალიზაცია გარკვეულ შემთხვევებში შეუძლებელია. ასეთი მიზეზია მშობლების განქორწინება, რის გამოც ბავშვს უწევს ერთერთი მშობლისგან განცალკევებით ცხოვრება.

 

მშობლების დაშორება არის ისეთი გარემოება, როცა შეუძლებელია თანაბრად განაწილდეს ბავშვის ორივე მშობელთან ცხოვრების შესაძლებლობა და დრო. ამ შემთხვევაში ბავშვი ცხოვრობს საზღვარგარეთ და იგი საქართველოში ჩამოდის მხოლოდ ზაფხულის არდადეგების პერიოდში. მოსარჩელე მოითხოვს არდადეგებზე სრულად მის საცხოვრებელ ადგილზე იმყოფებოდეს ბავშვი, რაც მშობელსა და ბავშვს შორის ფაქტობრივად ჩამოყალიბებული ურთიერთობის გათვალისწინებით შესაძლებელი არ არის. მოსარჩელეს რამდენიმე წლის განმავლობაში ბავშვთან ურთიერთობა არა ჰქონდა. სოციალურ მუშაკის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბავშვი დაბადების შემდეგ მოსარჩელე დიდი ხნის განმავლობაში არ იმყოფებოდა საქართველოში, ვერ ნახულობდა შვილს და არც ფინანსურად ეხმარებოდა, ფინანსური გაჭირვების გამო იძულებული გახდა წასულიყო იტალიაში, რა დროსაც ბავშვი ბებიასთან ცხოვრობდა საქართველოში, მაგრამ მოსარჩელე შვილს არ ნახულობდა. 2018 წლის ზაფხულში რამდენჯერმე წაიყვანა სახლში. ხოლო ზაფხულის არდადეგების დასრულების შემდეგ ბავშვი კვლავ იტალიაში გაემგზავრა.

 

”ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის” მე-16 მუხლის თანახმად, 1. არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლებათა მის მიერ განხორციელებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის, ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფის ობიექტი. ამ ნორმის მიხედვით, დაუშვებელია ბავშვი იყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების უკანონო ხელყოფის ობიექტი.

 

მოპასუხე თანახმაა ბავშვი მოსარჩელემ წაიყვანოს ზაფხულის არდადეგებზე 1 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში, რაც მშობელსა და შვილს შორის არსებული ფრაგმენტული და მწირი ურთიერთობის კვალობაზე ურთიერთობის აღდგენისათვის ოპტიმალური დრო არის. სასამართლოს მიაჩნია, რომ არდადეგების სრულად მამის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვს არ ჰქონდეს დედის ახლო ნათესავებთან ხშირი პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა. ბავშვს მათთან უკვე ჩამოყალიბებული აქვს მჭიდრო ურთიერთობა, რის გამოც ზაფხულში მათთან ურთიერთობის მკვეთრად შემცირება მასზე დადებითად არ იმოქმედებს და მისი აღზრდისათვის ეს აუცილებელი არ არის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 1 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში მამასთან ყოფნისათვის დრო 1 თვეზე მეტ პერიოდს მოიცავს, რაც ოპტიმალურია მათ შორის ურთიერთობის განვითარების, ურთიერთგაგებაზე დამყარებული ურთიერთობის ჩამოყალიბების და გაღრმავებისათვის.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვზე მზრუნველობის საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. რადგან ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობა ორივეს უფლებაა. ასეთ დავაში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც აქვთ პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზაფხულის არდადეგებზე 1 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდში მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილზე ბავშვის ყოფა მამასთან პირადი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია, რის გამოც სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელეს მიეცეს შვილთან ურთიერთობისათვის დროის ის მონაკვეთი, რაზეც მოპასუხემ თანხმობა განაცხადა.

 

7. პროცესის ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

შ----- ბ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბავშვთან ურთიერთობის წესი დაკმაყოფილდა იმ ნაწილში არც მოპასუხემ ცნო, ხოლო ალიმენტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხე თავისუფლდება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან იმ ნაწილში რაც მან ცნო. სარჩელი ნაწილობრივ ცნობის გამო მოსარჩელეს პროპორციულად შესაბამისი თანხა უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”ვ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით, გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელში დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში. კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვდა ალიმენტის 350 ლარის შემცირებას 250 ლარით, რის გამოც სარჩელის ფასია 3000 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ალიმენტი შემცირდა 150 ლარით, შესაბამისად დაკმაყოფილა მოთხოვნის 60%. იმის გათვალისწინებით ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბავშვთან ურთიერთობის წესის მოთხოვნა, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 60 ლარი.

 

ალიმენტის შემცირების მოთხოვნის ამ ნაწილში რაც დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მოპასუხემ ცნო ალიმენტის 350 ლარის შემცირების მოთხოვნა 250 ლარამდე, ხოლო ალიმენტი შემცირდა 200 ლარამდე. ამდენად, მოპასუხემ სარჩელი არ ცნო დაკისრებული დაკმაყოფილებული მოთხოვნის 20% ნაწილში, რის გამოც მას ამ მოთხოვნაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან უდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 10 ლარი გადახდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შ----- ბ-----–---–ის სარჩელი;

1.1. შემცირდეს შ----- ტ-------ისათვის გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი 350 ლარი 150 ლარით და შვილის 2010 წლის 27 იანვარს დაბადებული ელენა ბ-----–---–ის სარჩენად დაეკისროს ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა; ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2018 წლის 19 ივლისიდან;

1.2. შ----- ბ-----–---–ს არასრულწლოვან შვილთან ელენა ბ-----–---–თან ურთიერთობისათვის განესაზღვროს ყოველი წლის 1 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდი თავის საცხოვრებელ ადგილზე, გარდაბანი, თბ--–---------------–--------–------------------------- 49, წაყვანით.

 

2. შ----- ბ-----–---–ს დაუბრუნდეს 2018 წლის 10 ივლისს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 60 ლარი (სალაროს შემოსავლის ორდერი N1/24217). თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში სახაზინო კოდი 300063150. ბანკის კოდი TRESGE22.

 

3. რ--- ტ-------ეს დაეკისროს შ----- ბ-----–---–ისათვის სახელმწიფო ბაჟის 10 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი