გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - შპს „ჰ------ი“
წარმომადგენელი - და------–-----ი
მოპასუხე - ზ----- ბ-----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ზ----- ბ-----ეს შპს "ჰ------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2 107 ლარის გადახდა საიდანაც პირგასამტეხლო შეადგენს 500 ლარს;
1.2. მოპასუხე ზ----- ბ-----ეს შპს "ჰ------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო გარეშე ხარჯების 57.5 ლარის ოდენობით დაკისრება;
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
20---–-–------------------ს შპს "ჰ------სა" და ი/მ ზ----- ბ-----ეს შორის გაფორმდა N-- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს მიეცა უფლება ეწარმოებინა მოსაპირკეთებელი სამუშაოები საწარმოს მართვაში არსებულ სასაფლაოებზე. ხელშეკ-რულებით შემსრულებელმა იკისრა შეთანხმებული ტარიფის მიხედვით თანხის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულების 2.3.6. მუხლის მიხედვით მეწარმე ვალდებული იყო ანგარიშსწორება შპს "ჰ------თან" ეწარმოებინა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმდებიდან 10 კალენდარულ დღეში. ხელშეკრულების 3.2 მუხლის თანახმად ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას, შემსრულებელს დაეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით თუ ხელშკრუ-ლებაში მითითებულ მისამართზე წერილობით შეტყობინების განმეორებით გაგზავ-ნიდან 15 დღის ვადაში შემსრულებელი არ გადახდის არსებულ დავალიანებას.
მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე გადასახდელი თანხის გადახდა და მისი ვალდებულება მოსარჩელის სასარგებლოდ შეადგენს 1 607 ლარს.
ვინაიდან არაერთი მცდელობისა მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება, 2014 წლის 14 ნოემბერს და 2018 წლის 19 აპრილს ზ----- ბ-----ეს გაეგზავნათ შეტყობინება და მოეთხოვა ვალდებულების შესრულება, თუმცა, ვალდებულების შესრულება არ მომხდარა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე, შესაგებლით ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელო მოთხოვნას და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მიღება-ჩაბარების აქტებით მოთხოვნილ 1607 ლარს სრულად დაეთანხმა, ხოლო პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით მიიჩნია შეუსაბამოდ მაღლად და დაეთანხმა მოსარჩელის სასარგებლოდ მხოლოდ 50 ლარის ანაზღაურებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20---–-–------------------ს შპს "ჰ------სა" და ზ----- ბ-----ეს შორის გაფორმდა N-- ხელშეკრულება მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესრულებასთან დაკავში-რებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება N-- (ს.ფ. 18-20);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. ზ----- ბ-----ის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 25-30).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 417-418-ე, 361-ე, მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრუ-ლების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 20---–-–------------------ს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N--, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე უნდა ეწარმოებინა მოსაპირკეთებელი სამუშაოები და აღნშნულ სანაცვლოდ უნდა გადაეხადა შპს "ჰ------ისათვის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.
მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა, თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავი-სუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახ-დისაგან.
მართალია, შპს "ჰ------ი“-ს სარჩელი არსებითად იქნა განხილული, თუმცა მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ. ამდენად, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 78 ლარი, ხოლო დარჩენილი 22 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს მისო „ჰ------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. ზ----- ბ-----ეს შპს "ჰ------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1 657 ლარის გადახდა, საიდანაც პირგასამტეხლო შეადგენს 50 ლარს;
1.2. ზ----- ბ-----ეს შპს "ჰ------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ ამონაწერის განახლების სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის 15.50 ლარის გადახდა;
1.3. ზ----- ბ-----ეს შპს "ჰ------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაურის, 21 ლარის გადახდა;
1.4. შპს "ჰ------ი"-ს მოთხოვნა მოპასუხე ზ----- ბ-----ისათვის სამომავლო ხარჯის სახით 21 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს "ჰ------"-ს დაუბრუნდეს 0--------- წელს სს „თ-------------ს N- საგადასახადო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 78 ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე