გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.12.2018
საქმის ნომერი
010210117001863594
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210117001863594

2-969/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19/12/2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: შპს ,,უ---------–-------“

წარმომადგენელი: ა-----–--------------ე

მოპასუხეები: შპს ,,თ--------5“, ლ---- კ--------ე, მ--- ა-–---ა და მ----- მ----–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს ,,უ---------–-------“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს შპს ,,თ--------5“-ს, ლ---- კ--------ეს, მ--- ა-–---ას და მ----- მ----–--ეს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4898.09 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2016 წლის 21 ოქტომბერს შპს ,,უ---------–-------სა“ და შპს ,,თ--------5“-ს, შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,თ--------5“-მა მოსარჩელისაგან სესხად მიიღო 4000 ლარი, 90 დღის ვადით, ყოველდღიური 0.27 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. თანხის ვადაში გადაუხდელობისათვის სესხის თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება თანხის 1.5 %. თუ მსესხებელი დამატებით ვადაში არ დაფარავს დავალიანებას, მაშინ ხელშეკრულების მიხედვით პირგასამტეხლოდ 1.5 %-ის დარიცხვა ჩერდება და დავალიანების თანხას დაერიცხება ჯარიმა დავალიანებად დარჩენილი თანხის 12 %. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 21 ოქტომბერს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება დაიდო ლ---- კ--------ესთან, მ--- ა-–---ასთან და მ----- მ----–--ესთან. შესაბამისად შპს ,,თ--------5“-ის ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა იკისრა ლ---- კ--------ემ, მ--- ა-–---ამ და მ----- მ----–--ემ. შპს ,,თ--------5“-ს, სესხის დაფარვა უნდა განეხორციელებია შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მან დაარღვია ვალდებულება და გრაფიკის მიხედვით თანხა არ გადაიხადა. ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის სესხს დაერიცხა პირგასამტეხლო და საურავი. სესხი არ დაფარა თავდებმა პირებმაც. საერთო ჯამში სესხზე გადასახდელი ძირითადი თანხაა 2602.13 ლარი, პროცენტი 632.32 ლარი, პირგასამტეხლო 1183.65 ლარი და საურავი 480 ლარი. სულ 4898.09 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხეებმა სარჩელი სცნეს ძირითადი თანხის ნაწილში. მიაჩნიათ, რომ სარგებელი, პირგასამტეხლო და ჯარიმა არაგონივრულადაა გაანგარიშებული და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვენ

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2016 წლის 21 ოქტომბერს შპს ,,უ---------–-------სა“ და შპს ,,თ--------5“-ს, შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,თ--------5“-მა მოსარჩელისაგან სესხად მიიღო 4000 ლარი, 90 დღის ვადით, ყოველდღიური 0.27 %-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება ს.ფ.16-17

 

3.1.2. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. თანხის ვადაში გადაუხდელობისათვის სესხის თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა თანხის 1.5 %. ხელშეკრულების მერვე მუხლით თუ მსესხებელი დამატებით ვადაში არ დაფარავს დავალიანებას, მაშინ პირგასამტეხლოდ 1.5 %-ის დარიცხვა ჩერდება და დავალიანების თანხას დაერიცხება ჯარიმა დავალიანებად დარჩენილი თანხის 12 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება ს.ფ.16-17

 

3.1.3. სესხი უნდა დაფარულიყო მხარეების მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადახდის გრაფიკი. ს/ფ 16-17.

 

3.1.4. შპს ,,თ--------5“-თან დადებული სესხის ხელშეკრულების შესრულებაზე თავდებობა იკისრა ლ---- კ--------ემ, მ--- ა-–---ამ და მ----- მ----–--ემ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება.ს.ფ 21-29

 

3.1.5. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ შპს ,,თ--------5“-მა სესხის დაფარვის გრაფიკი დაარღვია. მან სესხის დასაფარი შენატანი გრაფიკის მიხედვით არ გადაიხადა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადახდო გრაფიკი. ს/ფ 19-21.

- გადახდის ბარათი.ს.ფ. 39-41

 

3.1.6. სესხის დაფარვის მიზნით შპს ,,თ--------5“-მა საერთო ჯამში გადაიხადა 1799.1 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადახდის ბარათი.ს.ფ. 39-41

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

მოპასუხე სადაოდ ხდის პირგასამტეხლოს, სარგებელისა და საურავის დარიცხვას და მის მოცულობას. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს, სარგებელისა და საურავის დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლოს, სარგებელისა და საურავის არის თუ არა გონივრული, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად. ძირითადი თანხის და სარგებელის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, ხოლო პირგასამტეხლო არაა გონივრულად გაანგარიშებული და უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

_საქართველოს კონსტიტუცია.

_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრებათ სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა. სასამართლო განმარტავს, რომ თუ რომან ასანიძემ მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ავადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. ანალოგიურად ვალდებულების დარღვევად უნდა შეფასდეს თავდები პირების მიერ სესხის გადაუხდელობა. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში სესხზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.3. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

დადგენილია, რომ შპს ,,უ---------–-------სა“ და შპს ,,თ--------5“-ს შორის ვალდებულება წარმოიშვა 2016 წლის 21 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ 90 დღის ვადით შპს ,,თ--------5“-ს ასესხა 4000 ლარი. სესხს სარეგებელის სახით უნდა დარიცხვოდა დღიურად სესხად გაცემული თანხის 0.27 პროცენტი. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი დაეფარა გრაფიკის მიხედვით. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლება მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ შპს ,,თ--------5“-საგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ შპს ,,თ--------5“ მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა გადახდის გრაფიკში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. შპს ,,თ--------5“-მ დაარღვია ვალდებულება და შეწყვიტა სესხის დაფარვა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 2602.13 ლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, შპს ,,თ--------5“ ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.

დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი - დღიური 0.27 %-იანი სარგებლის დარიცხვა. რომან ასანიძეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ შპს ,,თ--------5“-ს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. შპს ,,თ--------5“-მა სარგებელი არ გადაიხადა, შესაბამისად გადასახდელი დარჩა, როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტი. მას გადასახდელი აქვს სარგებელი 632.32 ლარი. ამ ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ სესხის თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის ჯარიმას ნარჩენი სესხის 1.5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების მეცხრე მუხლით თუ მსესხებელი დამატებით ვადაში არ დაფარავს დავალიანებას, მაშინ პირგასამტეხლოდ 1.5 %-ის დარიცხვა ჩერდება და დავალიანების თანხას დაერიცხება ჯარიმა დავალიანებად დარჩენილი თანხის 12 %. პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

დადგენილია, რომ შპს ,,თ--------5“-მა არ შეასრულა თავისი ვალდებულება და სესხი მასზე დარიცული პროცენტით არ გადაიხადა გრაფიკის მიხედვით. მას გადასახდელი აქვს ძირითადი თანხა 2602.13 ლარი და პროცენტი 632.32 ლარი. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ხელშეკრულების დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდში შესრულების ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 1663.65 (პირგასამტეხლო და საურავი) ლარი.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აუცილებელია გათვალისწინებული ის ზიანი რაც მოსარჩელემ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით განიცადა. თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის დაცვის მიზნით პირგასამტეხლო უნდა განახევრდეს. შესაბამისად პირგასამტეხლოს ოდენობად უნდა დადგინდეს 831.82 ლარი.

 

6.8. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ შპს ,,თ--------5“-თან დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო ლ---- კ--------ესთან, მ--- ა-–---ასთან და მ----- მ----–--ესთან. მათ იკისრეს ვალდებულება შპს ,,თ--------5“-თან ერთად აგონ პასუხი სესხის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893 და 895 მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც შპს ,,თ--------5“-ის ასევე ლ---- კ--------ის, მ--- ა-–---ას და მ----- მ----–--ის მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის და 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 147 ლარს. მოპასუხეებმა მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი სცნეს 2602.13 ლარის ნაწილში ანუ სარჩელის 53.12 %. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომაზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხეებმა სარჩელი სცნეს მოსამაზადებელ სხდომაზე, ამიტომ ისინი ამ თანხის კუთვნილ ბაჟის - 78.08 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდენ. ხოლო დანარჩენ ნაწილში გადახდილი სახ, ბაჟი დანარჩენ მოპასუხეებს შორის უნდა განაწილდეს თანაბრად. გარდა ამისა მოპასუხეეს უნდა დაეკისროთ მოსარჩელეს აუნაზღაურონ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟი - 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 მარტის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მ--- ა-–---ას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ.ბათუმში ფ------------–--–---------------- ქ. ბათუმი ა--------------–--- (ს/კ 05.32.11.223.01.5--) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,უ---------–-------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. შპს ,,თ--------5“-ს, ლ---- კ--------ეს, მ--- ა-–---ას და მ----- მ----–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 2602.13 ლარის, სარგებელის 632.32 ლარის და პირგასამტეხლოს 831.32 ლარის გადახდა.

3. სარჩელი, მოპასუხეებზე პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

4. მოსარჩელეს სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 34.46 ლარის გადახდა. მოსარჩელეს ბაჟი გადახდილი აქვს.

5. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეს აუნაზღაურონ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილი 34.46 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟი 50 ლარი.

6. საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) მეშვეობით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქN30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე