გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001839474
2-712/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11/12/2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: შპს ”ბ-----------------------ი”
წარმომადგენელი: თ---------–------------–--–აძე
მოპასუხეები: ი--- ვ---–----ე და ქ------- გ---–------ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.1 სასარჩელო მოთხოვნა:
შპს ,,ბ-----------------------ი” სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ი--- ვ---–----ეს და ქ------- გ---–------ს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 9606 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2016 წლის 5 მარტს შპს ”ბ-----------------------სა” და ი--- ვ---–----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №1011086, რის საფუძველზეც მოსარჩელემ ი--- ვ---–----ეს 24 თვის ვადით სესხად გადასცა 5050 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, წლიური 36 % სარგებელის დარიცხვის პირობით. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. მხარეთა შეთანხმებით თანხის ვადაში გადაუხდელობისათვის სესხის თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება თანხის 0.2%. სესხის ხელშეკრულების შესრულებაზე 2016 წლის 5 მარტს სოლიდარული თავდებობა იკისრა ქ------- გ---–------მა. მსესხებელს, სესხის დაფარვა უნდა განეხორციელებია შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. ი--- ვ---–------ დაარღვია ვალდებულება და გრაფიკის მიხედვით თანხა არ გადაიხადა. სესხი არ დაფარა თავდებმა პირმაც. გადასახდელი ძირითადი თანხაა 5050 აშშ დოლარი, 2017 წლის 10 მარტამდე დარიცხული პროცენტი 1535 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო (ჯარიმა) 3021 აშშ დოლარი.
1.2 მოპასუხის პოზიცია:
2.1. ი--- ვ---–----ე სარჩელს ცნობს 5050 აშშ დოლარის ნაწილში. მან შესაგებელში განმარტა, რომ სესხი აიღო ხ-----------–------ემ და მასვე უნდა დაეფარა სრულად. მიუხედავად ამისა მან სესხი არ დაფარა.
2.2. ქ------- გ---–------მა შესაგებელი არ წარმოადგინა, მაგრამ სხდომაზე გამოცხადდა და სარჩელი სრულად სცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 5 მარტს შპს ”ბ-----------------------სა” და ი--- ვ---–----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №1011086, რის საფუძველზეც მოსარჩელემ ი--- ვ---–----ეს 24 თვის ვადით სესხად გადასცა 5050 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, წლიური 36 % სარგებლის დარიცხვის პირობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება №1011086. ს.ფ. 16-18
3.1.2. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე. მხარეთა შეთანხმებით თანხის ვადაში გადაუხდელობისათვის სესხის თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება თანხის 0.2 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება №1011086. ს.ფ. 16-18.
3.1.3. სესხის ხელშეკრულების შესრულებაზე 2016 წლის 5 მარტს სოლიდარული თავდებობა იკისრა ქ------- გ---–------მა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.ს.ფ. 21-24
3.1.4. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ სესხი უნდა დაფარულიყო შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ყოველთვიური შენატანების შეტანით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადახდის გრაფიკი. ს.ფ. 19-20.
3.1.5. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გარიგების დადებაში მონაწილეობდა მხოლოდ მოსარჩელე და ი--- ვ---–----ე. გარიგების დადებაში ხ-----------–------ე არ მონაწილეობდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა განმარტებები.
3.1.6. სადაო არაა ის გარემოება, რომ სესხი არ დაფარა ი--- ვ---–------. სესხი არ დაფარა არც ქ------- გ---–------მა და არც ხ-----------–------ემ (თუმცა მას სესხის დაფარვის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე არც უკისრია).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა განმარტებები.
-ამონაწერი ანგარიშიდან.
3.1.7. სესხზე დავალიანებაა - ძირი თანხა 5050 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა განმარტებები.
-ამონაწერი ანგარიშიდან. ს.ფ. 24.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ი--- ვ---–------ შესაგებლით სადაო გახადა სარგებელისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა და მის მოცულობა. დადგენილია და მხარეებიც არ დაობენ მასზედ, რომ სარგებელისა და პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო და სარგებელი, არის თუ არა გონივრული, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.
სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_საქართველოს კონსტიტუცია.
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრებათ სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა. სასამართლო განმარტავს, რომ თუ ი--- ვ---–------ მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ავადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. ანალოგიურად ვალდებულების დარღვევად უნდა შეფასდეს თავდები პირების მიერ სესხის გადაუხდელობა. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში სესხზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.
6.3. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
დადგენილია, რომ შპს ,,ბ-----------------------სა“ და ი--- ვ---–----ეს შორის ვალდებულება წარმოიშვა 2016 წლის 5 მარტის №1011086 სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ 2 წლის ვადით ი--- ვ---–----ეს ასესხა 5050 აშშ დოლარი. სესხს სარეგებელის სახით უნდა დარიცხვოდა წლიურად სესხად გაცემული თანხის 36 პროცენტი. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი დაეფარა გრაფიკის მიხედვით. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.
6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლება მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ ი--- ვ---–----ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ი--- ვ---–----ე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა გადახდის გრაფიკში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ი--- ვ---–------ დაარღვია ვალდებულება და შეწყვიტა სესხის დაფარვა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მართალია ის მიიჩნევს, რომ სესხი უნდა დაეფარა ხ-----------–------ეს, მაგრამ აღნიშნული არგუმენტი არ გამოდგება ვალდებულების შეუსრულებლობის გამართლებისათვის. შესაძლებელია ი--- ვ---–------ სესხად მიღებული თანხა მართლაც ხ-----------–------ეს გადასცა, მაგრამ აღნიშნული გარემოება ვერ იმოქმედებს მოსარჩელესა და ი--- ვ---–----ეს შორის დადებული გარიგების შინაარსზე. მოსარჩელისაგან თანხა ი--- ვ---–------ ისესხა და თავადვე მის გადახდაზე პასუხისმგებელი. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 5050 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ი--- ვ---–----ე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.
დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი - წლიური 36 %-იანი სარგებლის დარიცხვა. ი--- ვ---–----ეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. მოპასუხემ სარგებელი არ გადაიხადა, შესაბამისად გადასახდელი დარჩა, როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტი. ი--- ვ---–----ეს გადასახდელი აქვს სარგებელი 1535 აშშ დოლარი. ამ ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ სესხის თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის ჯარიმას ნარჩენი სესხის 0.2 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ ი--- ვ---–------ არ შეასრულა თავისი ვალდებულება და სესხი მასზე დარიცული პროცენტით არ გადაიხადა დროულად. მას გადასახდელი აქვს ძირითადი თანხა 5050 აშშ დოლარი და პროცენტი 1535 აშშ დოლარი. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ი--- ვ---–----ეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ხელშეკრულების დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდში ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 3021 აშშ დოლარი.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მაგრამ ამისათვის აუცილებელია თანაბრად იქნას გათვალიწინებული ხელშემკვრელი მხარეების ინტერესები. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა - 3021 აშშ დოლარი, იგი დაანგარიშებულია 2017 წლის 10 მარტამდე პერიოდისათვის, დაახლოებით ერთი წელი. შესაძლებელია ერთ წელიწადში პირგასამტეხლოს სახით 3021 აშშ დოლარის გადახდა არაგონივრულია, მაგრამ ვალდებულების დარღვევიდან შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე გასულია დაახლოებით ორი წელი. აქედან ერთი წელია სესხს არ ერიცხება არც სარგებელი და არც პირგასამტეხლო. შესაბამისად ამ პერიოდისათვის პირგასამტეხლოს სახით 3021 აშშ დოლარის გადახდა გონივრულია. შესაბამისად არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
6.8. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ი--- ვ---–----ესთან დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ ქ------- გ---–------თან დადო თავდებობის ხელშეკრულება. ქ------- გ---–------მა იკისრა ვალდებულება ი--- ვ---–----ესთან ერთად პასუხი აგოს სესხის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893 და 895 მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა. შესაბამისად ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ ი--- ვ---–----ეს აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირის მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც ი--- ვ---–----ის, ასევე ქ------- გ---–------ის მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში ძირითად სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 723.65 ლარს. ქ------- გ---–------მა მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი სცნო სრულად, ხოლო ი--- ვ---–------ სარჩელი სცნო 5050 აშშ დოლარის ნაწილში. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომაზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ ქ------- გ---–------მა მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი სცნო სრულად, ხოლო ი--- ვ---–------ სარჩელი ნაწილობრივად სცნო, ამიტომ ქ------- გ---–------ი ბაჟის გადახდისაგან სრულად უნდა გათავისუფლდეს, ხოლო ი--- ვ---–----ე კუთვნილ ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდს იმ ნაწილში, რა ნაწილშიც სარჩელი სცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადახდილი სახ, ბაჟის ანაზღაურება უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს. მან სარჩელი სცნო სასარჩელო მოთხოვნის 52.57 %-ში. ან ნაწილის პროპორციული ბაჟის ოდენობაა 380.42 ლარი. შესაბამისად ამ ოდენობის ბაჟის გადახდისაგან იგი გათავისუფლებულია. მას უნდა დაეკისროს მოსარჩელეს აუნაზრაუროს ბაჟის ნაწილი 343.23 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ”ბ-----------------------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
2. ი--- ვ---–----ეს და ქ------- გ---–------ს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 5050 აშშ დოლარის, სარგებელის 1535 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 3021 აშშ დოლარის, სულ 9606 აშშ დოლარის გადახდა.
3. ი--- ვ---–----ეს დაეკისროს მოსარჩელეს აუნაზღაუროს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟი 343.23 ლარის ოდენობით.
4. საქმეზე ბაჟი გადახდილია.
5. მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 380.42 ლარი (საგადასახადო დავალება 416, გადახდის თარიღი - 13/03/2017 წელი, გადამხდელის ბანკი - სს ''ვი--------------------ია,'', მიმღების ბანკი/სახაზინო კოდი - 300 693 150)
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ.№ 30)
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე