გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.12.2018
საქმის ნომერი
330210117002148920
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/29638-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: სს „თ---------კი“

წარმომადგენელი: ს--–-------–----–---–ი, ლ---–-----–--ე

 

მოპასუხე: ლ-------------ი

წარმომადგენელი: ი-----–----------–ია

 

დავის საგანი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ლ-------------ს სს „თ---------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 2016 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 11 205.34 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 9502.18 ლარი, პროცენტი - 789.05 ლარი, ჯარიმა - 883.13 ლარი და დაზღვევა - 30.98 ლარი.

1.2. ლ-------------ს სს „თ---------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 27 სექტემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი), 2016 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9502.18 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 15,5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 122.73 ლარს.

1.3. ლ-------------ს სს „თ---------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 27 სექტემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი), 2016 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9502.18 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიური 0,27%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 13 ოქტომბერს სს „თ---------კსა“ და ლ-------------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის №1-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10 300 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 15,5%-ით, კრედიტის ვადა - 1463 დღე, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და გადასახდელი დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში.

 

მოპასუხემ დაარღვია ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები და 2017 წლის 18 აპრილის შემდგომ, მის მიერ აღარ მომხდარა თანხის გადახდა.

 

2017 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, ლ-------------ს 2016 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 11 205.34 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 9502.18 ლარი, პროცენტი - 789.05 ლარი, ჯარიმა - 883.13 ლარი და დაზღვევა - 30.98 ლარი.

 

მოსარჩელე, ასევე განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრულ იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში, კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ლ-------------მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის, პროცენტისა და დაზღვევის მოთხოვნის ნაწილში. დარჩენილ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის ერთდროულად მოთხოვნა არის არაგონივრული.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 13 ოქტომბერს სს „თ---------კსა“ და ლ-------------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 10 300 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა - 1463 დღე, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 15,5%. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში. სადაზღვევო ხარჯი განისაზღვრა - 167.11 ლარით.

 

3.1.2. ლ-------------ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „თ---------კს“ შორის 2016 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, 2017 წლის 18 აპრილის შემდგომ, მის მიერ აღარ მომხდარა გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდა.

 

3.1.3. სს „თ---------კის“ მიერ 2017 წლის 28 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, №1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ლ-------------ის საკრედიტო დავალიანება სს „თ---------კის“ მიმართ, 2017 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით ჯამში შეადგენს - 11 205.34 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 9502.18 ლარი, პროცენტი - 789.05 ლარი, ჯარიმა - 883.13 ლარი და დაზღვევა - 30.98 ლარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა სს „თ---------კის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 403-ე, მე-400, 411-ე, 417-418-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, 2016 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 9 502.18 ლარის, პროცენტის - 789.05 ლარისა და დაზღვევის - 30.98 ლარის მოთხოვნის ნაწილში; შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „თ---------კის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი, ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 13 ოქტომბერს სს „თ---------კსა“ და ლ-------------ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1--------------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 10 300 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა - 1463 დღე, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 15,5%. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ, მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

დადგენილია, ასევე, რომ ლ-------------ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „თ---------კს“ შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, 2017 წლის 18 აპრილის შემდგომ, მოპასუხის მიერ აღარ მომხდარა გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდა.

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა, 2016 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლისა და დაზღვევის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.ამდენად, პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს.

 

2016 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს სს „თ---------კს“ გამოიყენოს მოპასუხის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

ამდენად, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანისა და მხარეთა ინტერესების გონივრული გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ 13.10.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 883.13 ლარის ოდენობით, არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირდეს. შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 400 ლარის გადახდა ნაცვლად მოთხოვნილი - 883.13 ლარისა.

სასამართლო, ასევე მიიჩნევს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ 2017 წლის 27 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, სესხის ძირ თანხაზე ყოველდღიური 0,27%-ის ოდენობით, ასევე არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირდეს 0,05%-მდე, მაგრამ არაუმეტეს - 1000 ლარისა.

 

6.4. რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას - მოპასუხისათვის 2017 წლის 27 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე 13.10.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 9502.18 ლარზე, წლიური 15,5% სარგებლის დაკისრების თაობაზე, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

მოსარჩელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ამ მოთხოვნების ფარგლებში, არ არის წარმოდგენილი საკმარისი ფორმით, რომ განისაზღვროს მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავსი შინაარსით უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის როგორც 403-ე მუხლი, ისე ამავე კოდექსის 411-ე მუხლი. მოთხოვნის აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისადმი შესაბამისობას განსაზღვრას სარჩელის ფაქტობრივი ნაწილი. მოსარჩელე ვალდებულია, სასამართლოს მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომელიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას, რადგან მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. სს „თ---------კის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას სავალდებულო წინაპირობების სახით, რაც შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს შეაფასოს მოთხოვნა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ სს „თ---------კი“ ცდილობს უფლების დაცვას სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის შინაარსით, მას სავალდებულო წესით უნდა მიეთითებინა ის აუცილებელი წინაპირობები რომლებიც ქმნიან აღნიშნული მუხლის ნორმატიულ შინაარს (მათ შორის შეთანხმება და ა.შ.). ანალოგიური ვითარებაა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლთან მიმართებით. ამის სანაცვლოდ, სარჩელი ამ ნაწილში მხოლოდ მშრალი მოთხოვნის სახით არის დეკლარირებული.

გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს, განსაზღვრავს რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამრიგად, დაუსაბუთებელია სს „თ---------კის“ მოსაზრება ვალდებულების შესრულებამდე წლიური 15,5%-ის მოთხოვნისას, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვალდებულების შესრულების დროისათვის მოსარჩელის საკრედიტო საქმიანობა, იგივე მოცულობის საპროცენტო სარგებელით იქნება დადგენილი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია რატომ შეადგენს სს „თ---------კის“ დამატებითი მატერიალური სიკეთე წლიურ - 15,5%-ს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე შეასრულებდა ვალდებულებას მოსარჩელე მაინც ვერ მიაქცევდა ამ ფულად სახსრებს ბრუნვაში სარგებლის იმავე მოცულობით.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, ვინაიდან 2016 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმებული იყო 2020 წლის 15 ოქტომბრამდე, გონივრულად ივარაუდება, რომ თუკი მოპასუხე სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სრულად და ჯეროვნად შეასრულებდა მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, მოსარჩელე მითითებულ პერიოდში მიიღებდა სარგებელს წლიური 15,5%-ის ოდენობით. ამდენად, ზემოთ მითითებული ვარაუდი გონივრული და სარწმუნო შესაძლოა იყოს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ვინაიდან მხოლოდ ამ ვადაში არის გარანტირებული მოსარჩელის მიერ სარგებლის მიღება. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მხარეთა შორის 2016 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წლიური საპროცენტო სარგებლის - 15,5% სარგებლის გადახდა მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. კერძოდ, ვალდებულების შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2020 წლის 15 ოქტომბრისა. დარჩენილ ნაწილში, კი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 618.71 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე, კი 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, სს „თ---------კს“ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო (სესხის ძირი თანხის, პროცენტისა და დაზღვევის ნაწილში) უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 309.67 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან სს „თ---------კის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ლ-------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 174.55 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი კი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

მოპასუხეს, ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა და მოსარჩელის მიერ გადახდილი აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის ასანაზღაურებლად - 20 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში. კერძოდ, 2017 წლის 27 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე პირგასამტეხლოს სახით, ნაცვლად ყოველდღიურად ძირი თანხის 0.5%-სა, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა, მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად ძირი თანხის 0.27%, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა. შესაბამისად, მოსარჩელეს შემცირებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 120 ლარის ოდენობით.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, რაც ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4% -მდე 150 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, სს ,,თ---------კის’’ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ლ-------------ს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე - თბილისი, დასახლება გლდანი, მკრ "ა", კორპუსი 51, ს/კ: 01.11.12.017.031.01.044 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „თ---------კის“ სარჩელი ლ-------------ის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ლ-------------ს სს „თ---------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 2016 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -10 722.21 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 9502.18 ლარი, პროცენტი - 789.05 ლარი, ჯარიმა - 400 ლარი და დაზღვევა - 30.98 ლარი.

 

1.2. ლ-------------ს სს „თ---------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 27 სექტემბრიდან, 2016 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 9502.18 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2020 წლის 15 ოქტომბრისა, წლიური 15,5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 122.73 ლარს.

 

1.3. ლ-------------ს სს „თ---------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 27 სექტემბრიდან, 2016 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 9502.18 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიურად - 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

 

3. ლ-------------ს სს „თ---------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 174.55 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.

 

4. ლ-------------ს სს „თ---------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად - 150 ლარის გადახდა, ასევე მოსარჩელის მიერ გადახდილი აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის ასანაზღაურებლად - 20 ლარის გადახდა.

 

5. სს „თ---------კს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 17 ოქტომბერს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 618.71 ლარიდან - 429.67 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №21.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

საქმე №2/29638-17

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: სს „თ---------კი“

წარმომადგენელი: ს--–-------–----–---–ი, ლ---–-----–--ე

 

მოპასუხე: ლ-------------ი

წარმომადგენელი:ი-----–----------–ია

 

დავის საგანი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „თ---------კის“ სარჩელი ლ-------------ის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ლ-------------ს სს „თ---------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს - 2016 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -10 722.21 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 9502.18 ლარი, პროცენტი - 789.05 ლარი, ჯარიმა - 400 ლარი და დაზღვევა - 30.98 ლარი.

 

1.2. ლ-------------ს სს „თ---------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 27 სექტემბრიდან, 2016 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 9502.18 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2020 წლის 15 ოქტომბრისა, წლიური 15,5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 122.73 ლარს.

 

1.3. ლ-------------ს სს „თ---------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 27 სექტემბრიდან, 2016 წლის 13 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 9502.18 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს ყოველდღიურად - 0,05%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.

 

3. ლ-------------ს სს „თ---------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 174.55 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.

 

4. ლ-------------ს სს „თ---------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად - 150 ლარის გადახდა, ასევე მოსარჩელის მიერ გადახდილი აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის ასანაზღაურებლად - 20 ლარის გადახდა.

 

5. სს „თ---------კს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 17 ოქტომბერს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 618.71 ლარიდან - 429.67 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადახდო დავალება №21.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი