გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/27429-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - შპს ''მე------–-------------'';
წარმომადგენელი - კ---------------------ა;
მოპასუხეები - თ---------------–---–ი (ს-----–-------------–---–ის უფლებამონაცვლე), გ--------------–---–ი;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თ---------------–---–ს და გ--------------–---–ს მოსარჩელე შპს ''მე------–-------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს - 4801 ლარის გადახდა.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის 06 ივნისს შპს ''მე------–-------------ს'' და ს-----–-------------–---–ს შორის გაფორმდა სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 25 ივლისს გ--------------–---–თან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა სრულად იკისრა პასუხისმგებლობა პაციენტის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებაზე. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება შპს ''მე------–-------------ს'' მიმართ შეადგენს 4801 ლარს. მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე თ---------------–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრების ნაწილში.
2.2. მოპასუხე გ--------------–---–ს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 06 ივნისს შპს ''მე------–-------------ს'' და პაციენტს ს-----–-------------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურებაზე. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება განსაზღვრულია კომპანიის მოქმედი პრეისკურანტით. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა პაციენტის მიერ წარმოებს ორ ეტაპად: კომპანიის (სამკურნალო სტანდარტების) მიერ დამტკიცებული შიდა სტანდარტის მიხედვით, პალატის, ოპერაციის და ინტრასაოპერაციო ღირებულების გადახდა წინასწარ სტაციონარში მოთავსებამდე, ხოლო პოსტოპერაციული მედიკამენტების, გამოკვლევების და ყოველი მომდევნო საწოლ დღის ღირებულების გადახდა ფაქტიური დანახარჯის მიხედვით ყოველ მომდევნო დღის დასაწყისში დილის 12:00 საათამდე. კომპანიის მიერ დამტკიცებული შიდა სტანდარტს ზემოთ მომსახურების მიღების შემთხვევაში გაწეული მომსახურების/მკურნალობის საფასურის გადახდა იწარმოებს კომპანიის მიერ დადგენილი განფასების მიხედვით წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 6 ივნისის ხელშეკრულება (ს.ფ. 12-15).
3.1.2. დადგენილია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 25 ივლისს გ--------------–---–თან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა სრულად იკისრა პასუხისმგებლობა პაციენტის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-18).
3.1.3. დადგენილია, რომ გ--------------–---–მა, რომელიც არის ს-----–-------------–---–ის შვილი იკისრა ვალდებულება დავალიანების თანხა - 4801 ლარის ოდენობით დაეფარა 30.01.2014 წლამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 25 ივლისის ხელწერილი (ს.ფ. 19).
3.1.4. დადგენილია, რომ პაციენტი ს-----–-------------–---–ი შპს ''მე------–-------------ში'' იმყოფებოდა 2014 წლის 6 ივნისიდან 2014 წლის 25 ივლისის ჩათვლით, გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას ინტენსიურ/რეანიმაციულ განყოფილებაში. მთლიანი მომსახურების ღირებულებამ შეადგინა - 53 343 ლარი, საიდანაც, გადახდილია - 48542ლარი, ხოლო გადასახდელია - 4801 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამედიცინო მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 20);
3.1.5. დადგენილია, რომ პაციენტი ს-----–-------------–---–ი გარდაიცვალა 2014 წლის 24 ნოემბერს. ასევე დადგენილია, რომ მის სამკვდროზე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა კანონისმიერი მემკვიდრის შვილის - თ---------------–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობის ასლი (ს.ფ. 88);
- 15.03.2018 წლის ცნობა ნოტარიუსთა პალატიდან (ს.ფ. 59);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ''მე------–-------------ს'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე, 629-ე, 630-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია შპს ''მე------–-------------ს'' და მოპასუხე ს-----–-------------–---–ს შორის 2014 წლის 6 ივნისს დადებული ხელშეკრულება, ასევე ამავე ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 25 ივლისს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ თავდებ პირს გ--------------–---–ს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მის მიმართ დავალიანების დაკისრების ნაწილში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ - შესრულების შედეგებს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართლით აღიარებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც ხელშეკრულების დადების თავისუფლებასთან ერთად მოიცავს ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებას. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 630-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, დადგენილია, რომ ს-----–-------------–---–ს და შპს ''მე------–-------------ს'' შორის გაფორმდა სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით განისაზღვრა მხარეთა კონკრეტული უფლება-მოვალეობები. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება განსაზღვრულია კომპანიის მოქმედი პრეისკურანტით. დადგენილია, რომ პაციენტ ს-----–-------------–---–ს შპს ''მე------–-------------ში'' ჩაუტარდა მკურნალობა, რომლის საფასურის ნაწილი მოპასუხემ გადაიხადა.
წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარე ინფორმირებული იყო სამედიცინო მომსახურების სახეობისა და ღირებულების თაობაზე და თავად მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ზუსტი და ამომწურავი ხარჯთაღრიცხვა მომსახურების გაწევამდე დადგენილი ვერ იქნებოდა. აღნიშნულის დასტურს წარმოადგენს თავად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ადგენს ანგარიშსწორების წესს და პირობებს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს ''მე------–-------------ს'' და ს-----–-------------–---–ს შორის არსებული დავის სამართლებრივი რეგულირებისთვის ნარდობის ხელშეკრულების შესაბამის მუხლებთან ერთად, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა იქნეს 2014 წლის 6 ივნისის სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.
სასამართლო აღნიშნულ დავას ვერ განიხილავს ცალსახად ნარდობის ხელშეკრულების ჭრილში, ვინაიდან, აღნიშნული ურთიერთობის არსებით ნაწილს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელიც საჭიროებს მკურნალობას. შესაბამისად, წინასწარ პროგნოზირება იმისა, თუ როგორი იქნება პაციენტისთვის ჩატარებული მკურნალობის შედეგი, მოჰყვება თუ არა მას შემდგომი გართულებები, ან საბოლოო ჯამში რა ოდენობის იქნება გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასური, შეუძლებელია. ამასთან, აღნიშნული ურთიერთობის თავისებურება, რაც მას განასხვავებს ტიპიური ნარდობის ხელშეკრულებისაგან არის ის, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული და დადებითი შედეგის მომტანი იქნება პაციენტისთვის ჩატარებული მკურნალობის კურსი, მომსახურების საფასური ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში უნდა იქნეს ვალდებული პირის მიერ გადახდილი. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულება უნდა იქნეს შეფასებული იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც ამ სახის ურთიერთობისთვის არის დამახასიათებელი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ გაწეული იქნა სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულების მხოლოდ ნაწილი იქნა სამედიცინო დაწესებულებისათვის ანაზღაურებული და არსებული მდგომარეობით დარჩენილი დავალიანების ოდენობა შეადგენს - 4801 ლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმებისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად აკისრიათ მოპასუხეებს თ---------------–---–ს და გ--------------–---–ს სოლიდარულად.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, თ---------------–---–მა სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო გ--------------–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 145 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ''მე------–-------------ს'' სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს - თ---------------–---–ს და გ--------------–---–ს მოსარჩელე შპს ''მე------–-------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 4801 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე გ--------------–---–ს მოსარჩელე შპს ''მე------–-------------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 145 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი