გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/16890-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - ს----------–----–---------------------------ო
წარმომადგენელი - თორნიკე ფუტკარაძე
მოპასუხე - შპს „ს--------------“
წარმომადგენელი - თორნიკე სარიშვილი
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს „ს--------------ს“ ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 7 532.90 ლარის ოდენობით.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2017 წლის 29 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო N820 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლითაც კომპანიამ აიღო ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწი-ნებული დრონებისა და აქსესუარების მიწოდების ვალდებულება. შპს „ს--------------მა“ 2018 წლის 15 თებერვლის Nწ160218-001 წერილით მოსარჩელეს შეატყობინა, რომ ხელშეკრულებით მოთხოვნილი ერთ-ერთი პროდუქტი, კერძოდ, დანართის პოზიცია N1-ით განსაზღვრული ZENMUSE XT 7.5 MM ¼, მოდელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და რეალიზაცია შეუძლებელია და ამ საფუძვლით მოითხოვა ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტა.
2018 წლის 15 თებერვლის Nწ160218-001 წერილის საფუძველზე მიიღო N 820 ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო და ხელშეკრულების 11.4 მუხლის საფუძველზე დააკისრა მიმწოდებელს ჯარიმა ხელშეკრულების შეუსრულებ-ლობისათვის საერთო ღირებულების 10 %-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 7 532.90 ლარს. 2018 წლის 21 თებერვლის N426713 წერილით მოპასუხეს ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ და ეთხოვა შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა. მოპასუხის მიერ პირგასამტეხლო დღემდე არ არის გადახდილი.
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მაისის N1232 განკარგულების შესაბამისად, მოპასუხე 2017 წლის 29 ნოემბრის N820 ხელშეკრუ-ლების შეუსრულებლობის გამო რეგისტრირებულია შავ სიაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ტენდერში მონაწილე კომპანია წინასწარ ვერ შეუთანხმდება მწარმოებელ კომპანიებს რაიმე პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებით, ვინაიდან ტენდერის დასრულებამდე უცნობია რომელი პრეტენდენ-ტის სატენდერო შეთავაზება დაიმსახურებს მოწონებას და გაიმარჯვებს. სატენდერო შეთავაზებები მზადდება იმ რესურსის გამოყენებით რაც ხელმისაწვდომია მწარმო-ებლებთან რაიმე შეთანხმებების დადების გარეშე. ამასთან, ტენდერის მონაწილე პრეტენდენტებს აქვთ საფუძვლიანი მოლოდინი, რომ პროდუქტის შეძენა ზოგადად შესაძლებელია, ვინაიდან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გასათვალისწინებელი გარემოებები და მათ შორის არის ბაზრის კვლევის შედეგები.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ვალდებულების შესრულება შეუძლებელი იყო ნებისმიერი ძალისხმევისა და ფინანსური დანახარჯების მიუხედავად, ამასთან შპს „ს--------------მა“ მოსარჩელეს შესთავაზა ალტერნატიული შესრულება გაუმჯობესე-ბული ვიდეოკამერის სახით ფასის გაუზრდელად, რაც შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი შეიძლება ყოფილიყო და არ არსებობს უკეთესი ალტერნა-ტიული ხერხი ვალდებულების შესრულებისა, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან. განსაზღვრული პროდუქტის მისაღებად არ არსებობდა არანაირი გზა და შესაძლებლობა და ამ ეტაპზეც კი ახალი ტენდერის გამოცხადების პირობებში ვერცერთი მიმწოდებელი ვერ შეძლებს ხსენებული პროდუქტის მიწოდებას.
მოპასუხის განმარტებით აშკარაა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო პირობების არასწორად ჩამოყალიბება და ამით გამოწვეული დაუძლეველი ძალის არსებობა, შესაბამისად მოთხოვნა უსაფუძვლოა.
მიუხედავად მოსარჩელის მიერ იმთავითვე შეუსრულებადი პირობის განსაზღვრისა, მაინც გამოყენებულ იქნა შესაბამისი სანქცია შპს „ს--------------ის“ შავ სიაში რეგისტრაციის სახით, რაც ერთი წლის განმავლობაში კომპანიას ართმევს უფლებას მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. იმ პირობებში როდესაც მოპასუხეს ერთი წლის განმავლობაში ფაქტიურად ერთმევა საქმიანობის უფლება და დგება სრული პარალიზების საფრთხის წინაშე გაუმარ-თლებელი და შეუსაბამოდ მაღალია დამატებითი სანქციის სახით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 29 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო N820 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლითაც კომპანიამ აიღო ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული დრონებისა და აქსესუარების მიწოდების ვალდე-ბულება. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 75 329 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N820 ხელშეკრულება. (ს.ფ. 17-20);
- დანართი N 1 (ს.ფ. 21-23)
3.1.2. შპს „ს--------------მა“ 2018 წლის 15 თებერვლის Nწ160218-001 წერილით მოსარჩელეს შეატყობინა, რომ ხელშეკრულებით მოთხოვნილი ერთ-ერთი პრო-დუქტი, კერძოდ, დანართის პოზიცია N1-ით განსაზღვრული ZENMUSE XT 7.5 MM ¼, მოდელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და რეალიზაცია შეუძლე-ბელია და ამ საფუძვლით მოითხოვა ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ს--------------ი“-ს წერილი ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 24-28)
3.1.3. 2018 წლის 15 თებერვლის Nწ160218-001 წერილის საფუძველზე მიიღო N820 ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო და ხელშეკრულების 11.4 მუხლის საფუძველზე დააკისრა მიმწოდებელს ჯარიმა ხელშეკრულების შეუსრუ-ლებლობისათვის საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 7 532.90 ლარს.
2018 წლის 21 თებერვლის N426713 წერილით მოპასუხეს ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ და ეთხოვა შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა. მოპასუხის მიერ პირგასამტეხლო დღემდე არ არის გადახდილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს----------–----–---------------------------ოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 29 - 30)
3.1.5. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მაისის N1232 განკარგულების შესაბამისად, მოპასუხე 2017 წლის 29 ნოემბრის N820 ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო რეგისტრირებულია შავ სიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მაისის N1232 განკარგულება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ს--------------მა“ ვერ შეასრულა ვალდებულება შემკვეთისათვის მიეწო-დებინა 2017 წლის 29 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დრონები და აქსესუარები;
3.2.2. ს----------–----–---------------------------ომ ვერ დაადასტურა, სატენდერო პირობების შემუშავებამდე კონკრეტული სახის დრონებისა და აქსესუარების საქართველოსთვის ხელმისაწვდომობის შესახებ შესაბამისი კვლევის წარმოება.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდი-ნარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლე-ბებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობას არ უარყოფს თავად მოპასუხე მხარე, თუმცა, აღნიშნულის განმაპირობებელ გარემოებად უთითებს მისგან დამოუკიდებელ დაუძლეველ ძალას რასაც აიგივებს ფორსმაჟორთან.
საქმეში არსებულ დანართი 1-ში მითითებულია სხვადასხვა სახის მქონე ტექნიკური მახასიათებელები, რაც მოპასუხე მხარისათვის ცნობილი იყო და მას ჰქონდა შესაძლებლობა ეწარმოებინა შესაბამისი კვლევა, რამდენად ხელმისაწვდომი იყო მათი დაბრკოლებების გარეშე მოპოვება.
ის ფაქტი, რომ შპს „კოპტერ-ტექმა“ მოპასუხეს აცნობა, რომ მათი კომპანია არის SZ DJI Technology Co.L.td-ს ოფიციალური დილერი 2017 წლიდან. მწარმოებლის ოფიციალური წერილის მიხედვით დაადასტურა, რომ 640*512 გაფართოვებით, 7.5 მმ ლინზით, 9 HZ კადრების სიხშირით, Radiometry ტიპის ZXTAO7SR Zenmuse XT თერმული კამერის მოდელის ჩამოტანა და იმპორტი საქართველოში შეუძლებელია არ შეიძლება ჩაითვალოს დაუძლეველ ძალად.
აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო იზიარებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 07 მაისის განკარგულებას, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ მიმწოდებლისთვის სატენდერო წინადადების წარდგენამდე იყო ცნობილი სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად, მას შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა სატენდერო დოკუმენტაციას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით მოეთხოვა სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება და საკუთარი შესაძლებლობის შეფასების შემდგომ წარედგინა ან არ წარედგინა სატენდერო წინადადება. ამასთან, თუ იგი თვლიდა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი იყო არასწორად, მას შეეძლო აღნიშნული გაესაჩივრებინა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში. მიმწოდებელი მის 2018 წლის 15 თებერვლის წერილში თავადვე უთითებს, რომ არც შემსყიდველმა ორგანიზაციამ და არც მან არ გადაამოწმა მწარმოებელი კომპანიის პოზიცია. შემსყიდველი სატენდერო დოკუმენტაციით აღწერს მხოლოდ მისთვის საქონლის ტექნიკურ მახასიათებლებს, ხოლო ის თუ რომელი მწარმოებელი კომპანიისა და მოდელის საქონლის შეთავაზება სურს პრეტენდენტს, ეს თავად პრეტენდენტის გადასაწყვეტია.
თუმცა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელე მხარის კეთილსინდი-სიერებაზე. მოსამართლის შეკითხვაზე, სატენდერო პირობების შემუშავების დროს ახორციელებს თუ არა სახელმწიფო მოკვლევას რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოსთვის ტენდერით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდება, მოსარჩე-ლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ხორციელდება მოკვლევა, თუმცა, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი ვერ იქნა.
ამასთან, სამინისტრომ ვერ უზრუნველყო კონკრეტული ტენდერით გათვალისწინე-ბული პროდუქციის იმ სახით საჭიროება, რომ სახელმწიფოს ჰქონდა არაერთი მცდელობა აღნიშნული მოეპოვებინა სხვა გზით. კერძოდ, იქნებოდა ეს შემდგომში ახალი ტენდერის გამოცხადება თუ სხვა. ახალი ტენდერის გამოუცხადებლობასთან მიმართებით მოსარჩელემ მიუთითა შესაძლო მრავალ მიზეზზე, თუმცა, არც აღნიშნული იქნა დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებით.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებმა სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს მათი მტკიცების საგანში შემავალი, 2017 წლის 29 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------–----–---------------------------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 477-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მოხმობილი ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება -მოვალეობების არსებობით ვლინდება, კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყი-დობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებ-რივი ურთიერთობა. კერძოდ, მხარეებს შორის 2017 წლის 29 ნოემბერს დადებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ იკისრა ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებული დრონებისა და აქსესუარების მიწოდების ვალდებულება. ხელშეკრულების ღირებულება განი-საზღვრა 75 329 ლარით.
მოსარჩელე მხარის პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც სადავოდ ხდის მოპასუხის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტს, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის განსაზღვრისათვის არსებითია შეფასდეს შესრულდა თუ არა მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც შემსყიდველს გააჩნდა შესრულების მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილე-ბულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „დაუძლეველი ძალა“ მოიცავს, როგორც სტიქიურ უბედურებას, ისე საზოგადოებრივ მოვლენებს (სამოქალაქო ომი), რომლებიც არღვევენ ტრანსპორტის, სასამართლოსა და სხვა ორგანოების ნორმალური მუშაობის რეჟიმს. იმისათვის, რომ ესა თუ ის მოვლენა დაუძლეველ ძალად დაკვალიფიცირდეს, იგი, უპირველეს ყოვლისა, უჩვეულო უნდა იყოს, ანუ მოვლენათა ნორმალური მსვლელობიდან ამოვარდნილი და, როგორც წესი, წინასწარ გაუთვალისწინებელი. გარდა ამისა, ასეთი მოვლენა ობიექტურად შეუქცევადი უნდა იყოს, მისი შეჩერება კონკრეტულ სიტუაციაში არსებული ტექნიკური და სხვა საშუალებებით შეუძლებელი უნდა იყოს. (იხ. სუსგ №ას-641-609-2013, 2 დეკემბერი, 2013 წელი)
მითითებული მოთხოვნების გათვალისწინებით, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა დაუძლეველი ძალის არსებობის პირობებში.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე და განისაზღვრა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ით რაც შეადგენს სასარჩელო მოთხოვნის თანხას - 7 532.90 ლარს.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამა-ტებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებუ-ლების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
დადგენილია ფაქტი მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ, ამასთან, დადგენილია, რომ აღნიშნული განპირობებული არ იყო დაუძლეველი ძალით. მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან რაც შეადგენს 7 532.90 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისი-ერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული ნორმა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის დამოუკი-დებელ საფუძველს წარმოადგენს. სასამართლო მიუთითებს რომ სამართალურთი-ერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთი-ერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია. შესაბამისად, ყველა იმ სამართალურთი-ერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია, უფრო მეტიც, მიუხედავად სამართალურთი-ერთობის კერძოსამართლებრივი ბუნებისა, კერძო სამართლის სუბიექტების მხრიდან კონტრაგენტი ძლიერი მხარის, სახელმწიფოს ქმედებების მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებს.
მხარეთა მოსაზრებების, კეთილსინდისიერების პრინციპისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეჯერების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ამ მოცულობით არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „ს--------------ს“ მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 2 000 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმა-ყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ვინაიდან ს----------–----–---------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს----------–----–---------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
შპს „ს--------------ს“ ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 2 000 ლარის გადახდა;
2. შპს „ს--------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე