განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2018
საქმის ნომერი
330100118002490408
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2----18

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ონიანი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლა–----------–--ე, ან-------ა

სტაჟიორ-პროკურორები - მა--------------ი, ან------------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - და-----–---------ი - დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------- არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის მისამართი: ქ. თბილისი, მისამართის გარეშე; ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. თბილისი, ჯ----------------------------------------.

 

ადვოკატები - ინ-------–---------ი, მა---------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი

 

დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონოდ შეღწევით

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 1 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ზუ--------------------------, ბინა №---ში მდებარე მო-----------–---ის საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევით, და-----–---------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მო-----------–---ის კუთვნილ 960 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს, ფულად თანხას 150 ლარსა და 500 ლარად ღირებულ ტელევიზორს.

 

ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად მო-----------–---ს მიადგა 1610 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ და-----–---------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

და-----–---------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ მო-----------–---ის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების: ნი---–------სა და თა-------------–-ძის გამოკითხვის ოქმებს, შპს „ნ----------------“ გამოთხოვილ ვიდეო-ჩანაწერს, ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერების ოქმს, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალას, ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შღწევით.

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით; მათ შორის ეს უფლება საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...),“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სხვა საერთაშორისო ნორმებით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამთავრებულ დანაშაულთან, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულად კვალიფიკაცია; კერძოდ, აუცილებელია დადგენილ იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება), 3) მიზანი (ქმედება ხორციელდება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და 4) აღნიშნულმა ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფა და მნიშვნელოვანი ზიანი).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მო-----------–---ს ჯამში მიადგა 1 610 (ათას ექვსას ათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი - ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით, წარმოადგენს ქურდობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას. შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს. შეღწევა ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით ბინაში შესვლას ქურდობის მიზნით. იმისათვის, რომ დამნაშავის მოქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია გაირკვეს, თუ რა მიზნით აღმოჩნდა პირი სხვის ბინაში. ბინა ისეთი ნაგებობაა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად (ინდივიდუალური სახლი, ბინა, აგარაკი, ოთახი სასტუმროში და ა.შ.). როგორც მო-----------–---ის შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებულს 2018 წლის 1 აპრილს საცხოვრებელი ბინის კარი დაკეტილი დატოვა, თუმცა საცხოვრებელ ბინაში დაბრუნების შემდგომ აღმოაჩნია, რომ აივანზე გასასვლელი კარიდან მარჯვენა მხარეს განთავსებული საწვიმარი პოლიეთილენის მილი იყო დაზიანებული და მისი შემადგენელი ნაწილები (მილები) ეყარა ქუჩაში აივნის ქვემოთ და ბინაში არსებული გარკვეული ნივთები წაღებული იყო.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ და-----–---------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონოდ შეღწევით), რისთვისაც და-----–---------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

და-----–---------მა აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. დამამძიმებელი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც და-----–---------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - უალტერნატივოდ თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს და-----–---------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ნახევარი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას და-----–---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავო), იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებებს. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია ეკონომიკური - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (მო-----------–---ის საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევით, და-----–---------ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მო-----------–---ის კუთვნილ 960 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედს, ფულად თანხას 150 ლარსა და 500 ლარად ღირებულ ტელევიზორს) , ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (არის უმუშევარი და არ აქვს მუდმივი შემოსავლის წყარო, აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა), და-----–---------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/ქონების დაუფლება). შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე მას სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სასჯელის ნაწილი უნდა ჩაეთვალოს პირობითად, რაც იქნება ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლების ნიმუშები - განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვლების ნიმუში - განადგურდეს;

· დაზარალებულ მო-----------–---ისგან ამოღებული ერთი ცალი ბეჭედი და ფულადი თანხა 960 ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

· შვიდი ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

და-----–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, და-----–---------ს დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.

 

და-----–---------ი დაკავებულ იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში;

 

და-----–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადებიდან - 2018 წლის 20 ნოემბრიდან;

 

და-----–---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ, პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულ და-----–---------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლების ნიმუშები - განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვლების ნიმუში - განადგურდეს;

· დაზარალებულ მო-----------–---ისგან ამოღებული ერთი ცალი ბეჭედი და ფულადი თანხა 960 ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

· შვიდი ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი