განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2018
საქმის ნომერი
330100118002341151
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/9---18

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

12 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ონიანი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თა---------–-----–---–ი

სტაჟიორ-პროკურორი - და-------------–---–ი, იზ---------–-–---–ი, ირ---–--------ე, მა--------------–---–ი

 

ბრალდებული - შა-–---------ე, დაბადებული - 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ა-–-----------------------------------ში; ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------------------–-–-------------- განაჩენებით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულთა ჩადენისთვის ნასამართლევი შა-–---------ე, 2----–-–---------------–-, ქ. თბილისში, ზ----------------------------ში მდებარე შპს „ფ--------–-------–------------------------------------–-“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „მეღვინეობა ხარებას“ ფირმის 5 ლიტრის ტევადობის ორ ბოცა ღვინოს, საერთო ჯამში ღირებულს 33 ლარად და 82 თეთრად.

 

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------------------–-–-------------- განაჩენებით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულთა ჩადენისთვის ნასამართლევი შა-–---------ე, 2----–-–--------------, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------–--------------ში მდებარე შპს „გ-–-----–---------“ კუთვნილი იარაღების მაღაზიის შესასვლელიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „გ-–-----–---------“ კუთვნილ სამხედრო მანეკენს. შა-–---------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, შპს „გ-–-----–--------“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (სუპერმარკეტ „ფ--------“ ეპიზოდი)

 

2.1.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე მა------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით, მუშაობდა ქ. თბილისში, ა------------- ქუჩაზე მდებარე შპს „ფ--------–-------–------–-“, უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე. მითითებულ დღეს, დაახლოებით 18:30 საათზე, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას (იმყოფებოდა სათვალთვალო კამერების ოთახში და მონიტორების საშუალებით აკონტროლებდა სუპერმარკეტის შიდა და გარე პერიმეტრს), რა დროსაც მისი ყურადღება მიიქცია მამაკაცმა, რომელმაც სუპერმარკეტიდან საფასურის გადახდის გარეშე გაიტანა ორი ბოცა ღვინო. მოწმემ დაადასტურა, რომ მაღაზიიდან გასვლის შემდეგ, მან განაგრძო აღნიშნული მამაკაცისთვის თვალყურის დევნება. მოწმის გადმოცემით, მას შემდეგ, რაც შა-–---------ემ დატოვა მაღაზია, გავიდა გარეთ, გაჩერდა მეტროს ჩასასვლელისკენ და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ერთ-ერთი ბოციდან დალია ღვინო. მოწმის თქმით, ამის შემდეგ იგი მივიდა ხსენებულ მამაკაცთან და სთხოვა სუპერმარკეტში შეყოლა, რაზეც მიიღო თანხმობა. მოწმემ განმარტა, რომ შა-–---------ემ იმის დასტურად, რომ ღვინო მის საკუთრებას წარმოადგენდა, უსაფრთხოების ოთახში კვლავ დალია. ამის შემდეგ, მოწმემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღო ორი ბოცა ღვინო.

 

2.1.2. ამოღების ოქმის (09.02.2018) თანახმად, მა------------ისგან ამოღებულ იქნა ორი ცალი ერთმანეთის იდენტური პლასტმასის ბოცა, რომელთაგან ერთი იყო გაუხსნელი, მოყვითალო სითხით, ხოლო მეორე ბოცა - გახსნილი და მასში მოთავსებული მოყვითალო სითხე იყო ნაკლული. ორივე ბოცას ჰქონდა წითელი პლასტმასის თავსახური და იდენტური ეტიკეტი წარწერით: „ყვარლის ღვინის გვირაბი“, „რქაწითელი კახური“. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეებმა მიიჩნიეს პრეიუდიციად, რის გამოც აღარ მოხდა სასამართლო სხდომაზე მისი გამოკვლევა.

 

2.1.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, იდენტური ღვინოები იქნა აღმოჩენილი სუპერმარკეტ „ფ-------–-“.

 

2.1.4. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე (გამომძიებელი) ლა–-------ს ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–---------------–-, შეტყობინების, რომ სუპერმარკეტ „ფ-------–-“ 2 ბოცა ღვინის ქურდობის ბრალდებით შეჩერებული ჰყავდათ მოქალაქე, საფუძველზე გავიდა შემთხვევის ადგილზე. მოწმემ განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ: მოწმის სახით გამოკითხა მა------------ე (შეტყობინების ავტორი), ამ უკანასკნელისგან ამოიღო ორი ბოცა ღვინო და დაათვალიერა მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი შემთხვევის ადგილის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

 

2.1.5. სასამართლოში წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების ოქმის თანახმად, დგინდება, რომ ნივთმტკიცების სახით დათვალიერდა ოთხი ვიდეო-ფაილი. პირველი ვიდეო-ფაილის გახსნისას, წარწერით: „მაღაზიაში შემოსვლა“, ჩანს სუპერმარკეტ „ფ-------–-“ შესასვლელი შუშის კარი. აღნიშნულ კარებში 18:22:48 საათზე შედის შა-–---------ე, რომელსაც აცვია მუქი ტანსაცმელი და აქვს წვერი. მეორე ვიდეო-ფაილის გახსნისას, წარწერით: „ღვინის აღება“, ეკრანზე ჩანს სუპერმარკეტის დარბაზში არსებული ალკოჰოლური სასმელების სექცია, რომელთანაც 18:23:23 საათზე, მიდის შა-–---------ე. იგი ქვედა თაროდან იღებს ორ ბოცას და გადის სექციიდან. მესამე ვიდეო-ფაილის გახსნისას, წარწერით: „სალაროებს შორის გადის“, ეკრანზე ჩანს სუპერმარკეტ „ფ--------“ დარბაზში განთავსებული სალაროები. 18:25:33 საათზე, სალაროებს შორის გადის შა-–---------ე, რომელსაც მარცხენა ხელში უჭირავს ორი ბოცა, მასში მოთავსებული სითხით, ხოლო მარჯვენა ხელში - რაღაც ნივთი. ეს უკანასკნელი ისე გადის სალაროებთან, რომ არ იხდის ალკოჰოლური სასმელის საფასურს. მეოთხე ვიდეო-ფაილის გახსნისას, წარწერით: „გარეთ გასვლა“, ეკრანზე ჩანს სუპერმარკეტ „ფ--------“ გარე პერიმეტრი, სადაც განთავსებულია მეტროსადგურ „ს----–-–-----------------------“ ჩასასვლელი. 22:43:46 საათზე, ჩანს სუპერმარკეტ „ფ-----------“ გასული შა-–---------ე, რომელსაც ორივე ხელში უჭირავს ბოცები, მასში მოთავსებული სითხით. ის პირდაპირ მიდის მეტროს ჩასასვლელთან და ჯდება იქ. მალევე, მასთან მიდის გოგონა, რომელიც აჩერებს და ესაუბრება მას. აღნიშნულის შემდეგ, ხსენებული გოგონა შედის სუპერმარკეტში, შა-–---------ე კი რჩება ადგილზე და ბოციდან სვამს ღვინოს.

 

2.1.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე (გამომძიებელი) ამ------------–--ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 17 თებერვალს, მის მეწყვილე სუ-----------თან ერთად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა ქურდობისთვის ძებნილი შა-–---------ე. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

2.1.7. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა სუ-----------მა.

 

2.1.8. ამ------------–--ისა და სუ-----------ის ჩვენებები დასტურდება ბრალდებულის დაკავების ოქმით.

 

2.1.9. სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, 06/12/1988, №10590/83, §68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, 08/04/2010, №24086/04, §32).

 

2.1.10. მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ეროვნული კანონმდებლობის დონეზე მიუთითებს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო აქტზე, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. ამდენად სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ძირითად მტკიცებულებებს.

2.1.11. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სუპერმარკეტ „ფ--------“ უსაფრთხოების თანამშრომლის ჩვენებაზე, ამასთან, იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში დაეჭვების რისკი, შესაბამისად მცირდება დამხმარე მტკიცებულებათა საჭიროება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე Jalloh v. Germany, №54810/00 11/07/2006, §96; Gäfgen v. Germany №22978/05, §164; Bykov v. Russia, №4378/02, 10/03/2009, §90.) მოცემულ შემთხვევაში, მოწმე მა------------ის ჩვენების სიმყარის შეფასებისას, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ამ უკანასკნელის ჩვენება, რომელიც თავის მხრივ, არის ძალიან თანმიმდევრული და დამაჯერებელი, სრულ თანხვედრაშია შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ თვალსაჩინო ნივთიერ მტკიცებულებებთან (სუპერმარკეტ „ფ--------“ გარე და შიდა პერიმეტრის ამსახველი ვიდეომასალასთან), რაც სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, არის სწორედ ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქვს სარწმუნოობის აშკარად მაღალი ხარისხი.

 

2.1.12. სასამართლო განმარტავს, მართალია უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი დაცვის მხარეზე არ გადადის, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც დაცვის მხარე სასამართლოს შესთავაზებს საკუთარ ვერსიას, მისი მტკიცების ტვირთი/დასაბუთების ვალდებულება სწორედ მას ევალება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდებულმა არ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული დასკვნითი სიტყვისა და საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით, რა დროსაც შეეძლო გაემყარებინა მის მიერ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დაფიქსირებული ვერსია - ღვინის საფასურის გადახდის დავიწყებასთან დაკავშირებით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ზემოაღნიშნულ ვერსიას, შემდეგ გარემოებათა გამო: ა) სახეზეა დამთავრებული დანაშაული და ბ) ბრალდებულის დანაშაულის შემდგომი ქცევა ეწინააღმდეგება მისივე პოზიციას.

- ა) სასამართლო მიიჩნევს, რომ ქურდობის ქმედების შემადგენლობა დამთავრებულად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, როდესაც დამნაშავე სხვის მოძრავ ნივთს ფიზიკურად ხელს ჩაავლებს და მას ადგილსამყოფლიდან გადააადგილებს. ამასთან, აუცილებელია, რომ დამნაშავეს საკუთარი ნებისგან დამოუკიდებელი და ხელისშემშლელი ობიექტური მიზეზების გამო, შეეძლოს თავისი სურვილის შესაბამისად ნივთის ფაქტობრივი განკარგვა. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, შა-–---------ის ქმედება (მაღაზიიდან ღვინის გაიტანა საფასურის გადახდის გარეშე, შემდგომ მეტროს ჩასასვლელთან გაჩერება და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ბოციდან ღვინის დალევა), ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სუპერმარკეტიდან გარეთ გასვლის შემდეგ, შა-–---------ეს ღვინის დალევის რაიმე ობიექტური ხელისშემშლელი ფაქტორი, არ ჰქონია. აღნიშნულს ადასტურებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი, რომელიც სასამართლოს შეფასებით ხასიათდება უტყუარობის მაღალი სტანდარტით. შა-–---------ის მიერ ღვინის დალევის ფაქტი, აგრეთვე დასტურდება გამომძიებლის მიერ ამოღებული ნაკლული ღვინის ბოცით.

- ბ) სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შა-–---------ის მიერ ნივთის დაუფლებასა და მის შემდგომ ქცევაზე. კერძოდ, მას შემდეგ, რაც შა-–---------ე სუპერმარკეტიდან გავიდა და მეტროს ჩასასვლელთან დაიწყო მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ღვინის დალევა, მასთან მივიდა სუპერმარკეტ „ფ--------“ უსაფრთხოების თანამშრომელი. ამ უკანაკნელის თხოვნის საფუძველზე, რომ გადაემოწმებინათ კამერები, შა-–---------ე შეჰყვა მას სუპერმარკეტში. სასამართლო განმარტავს, რომ შა-–---------ე ამ მომენტში, ვინაიდან დაზუსტებით არ ახსოვდა მისი მხრიდან ღვინის საფასურის გადახდის მომენტი, უნდა დალოდებოდა კამერების მეშვეობით სიმართლის დადგენას. მიუხედავად აღნიშნულისა, შა-–---------ემ იმის დასტურად, რომ ღვინო მის საკუთრებას წარმოადგენდა, პოლიციის მისვლამდე კვლავ მოსვა ის. აღნიშნული გარემოება დასტურდება სასამართლო სხდომაზე დაკითხული მა------------ის ჩვენებით, რომელიც იყო ფაქტის შემსწრე.

 

2.1.13. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ შა-–---------ის ქმედებაში გამოიკვეთა ქურდობის ქმედების შემადგენლობის ყველა იმ ელემენტის არსებობა, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

2.2. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (შპს „გ-–-----–---------“ ეპიზოდი)

 

2.2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნი----–----------------მ განმარტა, რომ 2018 წლის იანვარში, მუშაობდა ქ. თბილისში, დ-----------–-------ში იარაღების მაღაზიაში „გ-–-----–-------–ი“. მითითებულ დღეს, საღამოს საათებში, შენიშნა, რომ მაღაზიის კიბესთან აღარ იდგა სათამაშო ე.წ. „ამერიკელი თოჯინა“, რომელიც მისივე თქმით, თავადვე გაიტანა იმ დილით. აღნიშნული ფაქტის შესახებ, მოწმემ აცნობა მაღაზიის მფლობელსა და პატრულს. მოწმის განმარტებით, ქურდობის ფაქტიდან მეორე დღეს, დილის საათებში, მასთან მივიდა ბრალდებული შა-–---------ე, რომელმაც აღიარა ე.წ. „ამერიკელი თოჯინის“ ქურდობა, თუმცა იგი არ დაუბრუნებია. მოწმესთან საუბარში ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ აღნიშნული თოჯინა ჰქონდა სახლში, ქურდობის მიზეზად კი მიუთითა ალკოჰოლური თრობის ქვეშ ყოფნა. მოსამართლის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნულ ე.წ. „ამერიკელ თოჯინას“ გარეთ დგამს ერთი ადამიანი.

 

2.2.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე (გამომძებელი) თა-----------------ემ განმარტა, რომ 2----–-–--------------, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც 112-დან (გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახური) მიიღო შეტყობინება ქ. თბილისში, გ--------–-------ში არსებული სამხედრო მაღაზიიდან სამხედრო მანეკენის ქურდობის ფაქტზე, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით. მოწმის გადმოცემით მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გამოკითხა ნიკოლოზ ჭანუყვაძე და იგი ცნო დაზარალებულად, შა-–---------ის სახლიდან ამოღებულ ნივთმტკიცებაზე (სამხედრო მანეკენი) დანიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. მანვე, შა-–---------ეს გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება.

 

2.2.3. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე (გამომძიებელი) თო--------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2----–-–--------------, დაწყო გამოძიება ქ. თბილისში, ყ-------------------- მდებარე ცეცხლსასროლი იარაღების მაღაზიის კუთვნილი სამხედრო მანეკენის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. 2018 წლის 13 იანვარს, საგამოძიებო ორგანოში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ხსენებულ მაღაზიაში გამოცხადდა მოქალაქე შა-–---------ე, რომელმაც მაღაზიის დირექტორთან - ნი----–----------------სთან, აღიარა აღნიშნული მანეკენის ქურდობის ფაქტი. მოწმის განმარტებით, იგი შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში, კერძოდ: გამოკითხა შეტყობინების ავტორი და თავად შა-–---------ე (ამ უკანასკნელმა თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ სამხედრო მანეკენს ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში), შა-–---------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო მანეკენი.

 

2.2.4. ამოღების ოქმის თანახმად (13.01.2018), შა-–---------ის თანხმობით, მისივე საცხოვრებელი ბინიდან (მდებარე: ქ. თბილისი, ა-–----------------------------------) ამოიღეს სამხედრო ფორმიანი მანეკენი, რომელსაც თავზე ახურავს ჩაფხუტი, მარცხენა მხარეს გადაკიდებული აქვს სათამაშო თოფი. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება მხარეთა მონაწილეობით დათვალიერდა სასამართლო პროცესზე.

 

2.2.5. სასამართლო განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენიდან მეორე დღეს შა-–---------ე თავისი ნებით გამოცხადდა შპს „გ-–-----–---------“ მაღაზიაში და მის თანამშრომელს განუცხადა, სამხედრო მანეკენის მოპარვის თაობაზე, აღნიშნული ფაქტი არ შეიძლება გახდეს მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაედინა, რაც განახორციელა კიდეც. დანაშაულის ჩადენის შემდეგ დაუფლებული ნივთის გამოყენების მიზნობრიობას (მაგ., დამნაშავე გაასხვისებს სხვის საკუთრებას თუ თავისთან ექნება სახლში) ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ამდენად სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მიერ გაჟღერებულ მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, შა-–---------ეს არაფერი უშლიდა ხელს მეპატრონისთვის ნივთის დაბრუნებაში (სასამართლო ხელშემშლელ გარემოებად არ მიიჩნევს მანეკენის წონას, რადგან აღნიშნული მანეკენის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისას, მას რაიმე წინაღობა არ შექმნია. ამასთან, გასათვალისწინებელია მოწმე ნ-----–----------------- განმარტებაც, რომ ე.წ. „ამერიკელ თოჯინას“ გარეთ დგამს ერთი ადამიანი, რაც ეწინააღმდეგება ბრალდებულის განმარტებას), თუმცა იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებით, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ ცვლის საბოლოო შედეგს. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო ამ ფაქტს, აგრეთვე შა-–---------ის თანამშრომლობას გამოძიებასთან (ნივთიერი მტკიცებულების ამოღების საფუძველი გახდა შა-–---------ის განმარტება დანაშაულებრივი გზით დაუფლებული სამხედრო მანეკენის ადგილმდებარეობის შესახებ) ბრალდებულის სასიკეთოდ გაითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.

 

2.2.6. სასაქონლო ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სამხედრო ტიპის მანეკენის საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნისა და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 300 ლარს.

 

2.2.7. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მა----------------–---–მა.

 

2.2.8. სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით ნათლად დასტურდება, რომ შა-–---------ის ქურდობის შედეგად, შპს „გ-–-----–--------“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ამ საკითხზე მსჯელობისას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სამხედრო მანეკენის საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნისა და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 300 ლარს, რაც აღემატება კანონით დადგენილ 150 ლარიან ნიშნულს.

 

2.2.9. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ შა-–---------ის ქმედება პირდაპირ თანხვედრაშია ქურდობის შემადგენლობის სტრუქტურულ აღწერილობასთან, რადგან მან განახორციელა ქმედების ყველა ის ელემენტი, რაც იწვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

2.3. ქურდობა იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის

 

2.3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით, შა-–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

2.3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით, შა-–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუქნტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენთან ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი.

 

2.3.3. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შა-–---------ის მიმართ, ბოლო სამართლებრივი აქტი შეწყალების თაობაზე გამოცემულია 2----–-–------------------.

 

2.3.4. ამდენად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------------------–-–-------------- განაჩენებით, შა-–---------ეს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს, სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, შა-–---------ე ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.

 

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ, ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის რეალური შესაძლებლობა, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.

 

3.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ №1/1/548, 22/01/2015, §41).

 

3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ორჯერ ნასამართლევი შა-–---------ე, 2----–-–---------------–-, შპს „ფ--------–-------–------------------------------------–-“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „მეღვინეობა ხარებას“ ფირმის 5 ლიტრის ტევადობის ორ ბოცა ღვინოს, საერთო ჯამში ღირებულს 33 ლარად და 82 თეთრად; ხოლო 2----–-–--------------, შპს „გ-–-----–---------“ კუთვნილი იარაღების მაღაზიის შესასვლელიდან - შპს „გ-–-----–---------“ კუთვნილ სამხედრო მანეკენს, რის შედეგადაც აღიშნულ იურიდიულ პირს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ამდენად, შა-–---------ე, როგორც სხვისი საკუთრების უფლების დამრღვევი, ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. შა-–---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის მისი დანაშაულის შემდგომი ქცევა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში ახალი დანაშაულის ჩადენა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს შა-–---------ეს, მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და უალტერნატივოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე. მოცემულ სიტუაციაში, სასამართლო შა-–---------ის მიმართ ვერ გამოიყენებს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ საკანონმდებლო შეღავათს, რადგან სახეზე არ არის ამ მუხლის გამოყენებისთვის დაწესებული წინაპირობა - იგი არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ამდენად, სასამართლომ კანონით განსაზღვრული სასჯელიდან უნდა შეარჩიოს ის ზომა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

5.4. სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრისას სამართლიანობის, პროპორციულობის და თანასწორობის პრინციპებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს შა-–---------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებული დღის საათებში, ისე რომ არ მორიდებია ქონების მესაკუთრისა და სხვა პირებთან უშუალოდ კონტაქტსა და შეხებას, ფარულად დაეუფლა სხვის საკუთრებას), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს ჩაედინა დანაშაული), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (დაუფლებოდა სხვის საკუთრებას), აგრეთვე მის პიროვნებას (მან განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში) და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (შპს „გ-–-----–---------“ კუთვნილი სამხედრო მანეკენის დაუფლებიდან მეორე დღეს, იგი დანაშაულის აღიარებით გამოცხადდა მეპატრონესთან და მისი ხელშეწყობით მოხდა ნივთიერი მტკიცებულების ამოღება).

 

5.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ შა-–---------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მას თითოეული დანაშაულისთვის სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ვადით. ამასთან, ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა რეციდივის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა, უნდა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან რეციდივი არის შა-–---------ის ბრალად შერაცხული ქმედებების მაკვალიფიცირებელი გარმოება, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაწესს.

 

5.6. საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით, შა-–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენთან ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი.

 

5.7. სსიპ თბილისის პრობაციის ბიუროს 2----–-–-------------- წერილით დგინდება, რომ შა-–---------ე თბილისის პრობაციის ბიუროში იმყოფება აღრიცხვაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენის საფუძველზე. სააღსრულებო წარმოების დასრულების თარიღად მითითებულია 2----–-–---------–---. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ შა-–---------ისთვის, მისი არაერთი ნასამართლობა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის, არ აღმოჩნდა შემაკავებელი ხასიათის. მან მცირე დროში, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მისი რესოციალიზაცია ჯერ კიდევ არ მომხდარა. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მის მიმართ ერთგვარმა ლოიალურმა დამოკიდებულებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ უზრუნველყო მისი კანონმორჩილ მოქალაქედ ჩამოყალიბება. მის მიმართ მრავალმხრივი შეღავათის გავრცელების მიუხედავად, მან მაინც არ შეწყვიტა დანაშაულებრივი საქმიანობა, რითაც გამოავლინა მყარი მიდრეკილება დანაშაულებრივი საქმიანობისაკენ.

 

5.8. აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაც და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატური სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის სამართლიან განცდას, მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი. შესაძლოა ითქვას, რომ მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამგვარ ვითარებასთან გვაქვს საქმე (როცა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ორჯერ ჩადენის შემდეგ, შა-–---------ის მიმართ გავრცელდა მრავალი საშეღავათო ღონისძიება, თუმცა მიუხედავად ამისა, მან მაინც გააგრძელა დანაშაულებრივი საქმიანობა და ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში).

 

5.9. ამდენად, ვინაიდან განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა შა-–---------ემ დანაშაულებრივი ქმედების ორივე ეპიზოდი ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ უპირობოდ უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

· სამხედრო მანეკენი და „მეღვინეობა ხარებას“ ფირმის 2 ცალი ხუთლიტრიანი ბოცა, მასში მოთავსებული ღვინით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს.

· ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შა-–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

შა-–---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა, შთანთქას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, შა-–---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შა-–---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

შა-–---------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 თებერვლიდან.

 

შა-–---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

· სამხედრო მანეკენი და „მეღვინეობა ხარებას“ ფირმის 2 ცალი ხუთლიტრიანი ბოცა, მასში მოთავსებული ღვინით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს/კანონიერ მფლობელს.

· ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი