გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210017001771277
N2/164-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.12.2018 წელი ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - შპს „ი---- გ-------------ი“
წარმომადგენლები - ჯ-----რ ქ--------–-–---–ი, პ----ა ბ---–----ე
მოპასუხე - შპს „ა-------------ი“
წარმომადგენელი - დ---ო ჯ----ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. შპს „ა-------------ისათვის“ 2500000.00 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება, შპს ”ი---- გ-------------ის“ სასარგებლოდ.
1.2. შპს „ა-------------ისათვის“, პირგასამტეხლოს - 675 000.00 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება, შპს ”ი---- გ-------------ის“ სასარგებლოდ.
მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
2011 წლის 28 ნოემბერს, შპს „ა-------------ისა“ და შპს „ი---- გ-------------ს“ შორის გააფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ი---- გ-------------მა“, როგორც შემსრულებელმა, შპს „ა-------------ის“ სასარგებლოდ, იკისრა ვალდებულება შპს „ა-------------ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მდებარე - ქ. ბათუმი, მ---------–--ის ქუჩა #---ში, აეშენებინა და ექსპლუატაციაში შეეყვანა მრავალფუნქციური შენობა - სასტუმრო და კაზინო.
2015 წლის 25 ნოემბერს შპს „ი---- გ-------------სა“ და შპს „ა-------------ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება ნარდობის ხელშეკრულების გაუქმების - ვალის გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ. ამავე შეთანხმებით შპს „ა-------------მა“ იკისრა ვალდებულება, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, გადაეხადა შპს „ი---- გ-------------ისათვის“ ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რაც მხარეთა შეთანხმებით შეადგენდა 2 500 000.00 აშშ დოლარს. შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე დავალიანების წლიური 9%-ის ოდენობით.
შეთანხმების მიუხედავად, მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა მოსარჩელეს არ აუნაზღაურა, რის გამოც მას უნდა დაეკისროს 2 500 000.00 აშშ დოლარისა და მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 2 500 000.00 აშშ დოლარის 9%-ის ანაზღაურება, რაც გასული სამი წლის მანძილზე შეადგენს 675 000.00 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ შპს „ი---- გ-------------მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები აწარმოა უხარისხოდ, სამშენებლო ნორმებისა და შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული პირობების უხეში დარღვევით, რის გამოც შპს „ა-------------ს“ არაერთხელ მიეცა გაფრთხილება და დაჯარიმდა კიდეც. ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მან დამატებით დახარჯა სოლიდური თანხა მოსარჩელის მიერ არასწორად წარმოებული სამშენებლო სამუშაოების და დაშვებული სერიოზული შეცდომების გამოსწორების მიზნით, ვინაიდან ამ ხარვეზების აღმოფხვრის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელი იყო მშენებლობის შემდგომი წარმოება და დასრულება. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შედეგად მოპასუხემ განიცადა მნიშვნელოვანი ოდენობით ზიანი, მან შპს „ი---- გ-------------ს“ 2015 წლის 25 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე მაინც აუნაზღაურა ჯამში 800 000 აშშ დოლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2010 წლის 30 მარტს, აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ა-------------ს“ შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ა-------------ს“ საკუთრების უფლებით გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ბათუმში, მ---------–--ის ქუჩა #---ში. ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს „ა-------------მა“ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 48 თვის ვადაში, ჩაეტარებინა სარეკონსტრუქციო სამუშაოები და ექსპლოატაციაში შეეყვანა 100-ნომრიანი სასტუმრო. აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ა-------------ს“ შორის 2014 წლის 20 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების აქტით, სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოებისა და 100-ნომრიანი სასტუმროს ექსპლუატაციაში შეყვანის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 30 იანვრამდე. 2015 წლის 25 ივნისის შეთანხმების აქტით კი, ეს ვადა გაგრძელდა 2016 წლის 30 აგვისტომდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტომი 11, ს. ფ. 46-47;
- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება - ტომი 1, ს. ფ. 48-59;
- 20.02.2014 წლის შეთანხმების აქტი - ტომი 1, ს. ფ. 182-183;
- 25.06.2015 წლის შეთანხმების აქტი - ტომი 1, ს. ფ. 189-191;
3.1.2. აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, 2010 წლის 30 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს „ა-------------მა“, 2011 წლის 28 ნოემბერს, შპს „ი---- გ-------------თან“ გააფორმა „ჰოტელ - კაზინოს გასაღების ჩაბარების ხელშეკრულება“, რომლის საფუძველზეც შპს „ი---- გ-------------მა“, როგორც შემსრულებელმა, შპს „ა-------------ის“ სასარგებლოდ, იკისრა შემდეგ სამუშაოთა წარმოება:
ა) პროექტის მომზადება და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან შეთანხმება;
ბ) სამუშაოების წარმოება „CROWN PLAZA/INTERCONTINENTAL HOTEL”-ის სტანდარტების გათვალისწინებით, რა დროსაც უნდა განხორციელებულიყო სასტუმროს ე. წ. გასაღების ჩაბარების გზით/კონდიციამდე მშენებლობა;
გ) 24 თვეში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კონდიციამდე სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა დასრულება და ექსპლოატაციაში შეყვანა;
მხარეებს შორის 2011 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების მე-9 მუხლით განისაზღვრა მხარეთა შორის ანგარიშსწორების წესი და პირობები, ასევე შესრულების მოცულობა, პირობები, გარანტიები, დაზღვევა და ა. აშ
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- „ჰოტელ - კაზინოს გასაღების ჩაბარების ხელშეკრულება“ - ტომი 1, ს. ფ. 69-99;
- ტექნიკური სპეციფიკაცია - ტომი 1, ს. ფ. 109-181;
3.1.3. 2015 წლის 25 ნოემბერს შპს „ი---- გ-------------სა“, სს „ი---- გ----- ი-–-------–------------------სა“ და შპს „ა-------------ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება „ხელშეკრულების გაუქმების - ვალის გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ“.
2015 წლის 25 ნოემბრის შეთანხმების პირველი პუნქტის თანახმად, გაუქმდა შემსრულებელს - შპს „ი---- გ-------------ს“, სს „ი---- გ-----ი ი-–-------–------------------ს“ და ინვესტორს - შპს „ა-------------სა“ შორის, ქ. ბათუმში, სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულება და ამ მიზნით დადებული ხელშეკრულებები.
ამავე შეთანხმების მესამე პუნქტით განისაზღვრა, სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების შესასრულებლად, ხელშეკრულების გაუქმების თარიღამდე, შემსრულებლის - შპს „ი---- გ-------------ისა“ და სს „ი---- გ----- ი-–-------–------------------“-ის მიერ განხორციელებული ყველა სამუშაოს ღირებულება, 2 500 000.00 აშშ დოლარის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით.
2015 წლის 25 ნოემბრის შეთანხმების თანახმად, შპს „ა-------------მა“ იკისრა ვალდებულება შემსრულებლის მიერ გაწეული ყველა სახის ხარჯისა და საზღაურისათვის გადაეხადა მისთვის 2 500 000 აშშ დოლარი, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
1) 25.11.2015 წელს - 500 000 აშშ დოლარი;
2) 25.01.2016 წელი - 300 000 აშშ დოლარი;
3) 25.02.2016 წელი - 300 000 აშშ დოლარი;
4) 25.03.2016 წელი - 300 000 აშშ დოლარი;
5) 25.04.2016 წელი - 300 000 აშშ დოლარი;
6) 25.05.2016 წელი - 300 000 აშშ დოლარი;
7) 25.06.2016 წელი - 300 000 აშშ დოლარი;
8) 25.07.2016 წელი - 200 000 აშშ დოლარი;
2015 წლის 25 ნოემბრის შეთანხმების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შეთანხმების მესამე პუნქტით გათვალისწინებული საზღაურის ანგარიშსწორების წესზე, გადახდის გეგმაში მითითებულ დღეებში, თანხის შემსრულებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.
გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რაც მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 2 500 000 აშშ დოლარის წლიური 9%-ის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- შეთანხმება ხელშეკრულების გაუქმების - ვალის გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ - ტომი 1, ს. ფ. 16-19;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ა-------------ის“ დავალიანება შპს „ი---- გ-------------ის“ მიმართ შეადგენს 2 500 000.00 აშშ დოლარს. მოპასუხე შპს „ა-------------ის“ მიერ, 2015 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული საზღაურის - 2 500 000 აშშ დოლარის ან მისი ნაწილის შპს „ი---- გ-------------ისათვის“ ანაზღაურების ფაქტი სათანადო მტკიცებულებებით ვერ დასტურდება.
სასამართლოს აღნიშნავს, რომ მოცემული დავის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ერთ-ერთ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს მოპასუხის მიერ 2 500 000 აშშ დოლარის ან მისი ნაწილის მოსარჩელისათვის ანაზღაურების ფაქტი.
მოსარჩელის მტკიცებით, 2015 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული საზღაური - 2 500 000.00 აშშ დოლარი, მოპასუხემ არ გადაუხადა, რაც გახდა სასამართლოსათვის მომართვის საფუძველი.
მოპასუხის მტკიცებით კი, შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი, ჯამში 800 000 აშშ დოლარი, მოსარჩელეს აუნაზღაურა სხვადასხვა დროს. მათ შორის -
1) 2015 წლის 26 ნოემბერს, შპს „ა-------------მა“ 2015 წლის 25 ნოემბრისთვის შესასრულებელი ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს „ი---- გ-------------ს“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით გადაუხადა 1 197 850 ლარი, რომელიც წარმოადგენდა 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს;
2) 2016 წლის 3 თებერვალს, შპს „ა-------------მა“, 25.01.2016 წლისთვის შესასრულებელი ნაშთის გადახდილად ჩათვლის მიზნით, შპს ი---- გ-----სა“ და სს „სს „ი---- გ-----ი ი-–-------–------------------ს“ ნაღდი ანგარიშსწორების წესით გადასცა 150 000.00 აშშ დოლარი;
3) 2016 წლის 23 თებერვალს, შპს „ა-------------მა“, 25.01.2016 წლისთვის შესასრულებელი ნაშთის გადახდილად ჩათვლის მიზნით, შპს „ი---- გ-----ს“ ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადაუხადა 75 000 აშშ დოლარი;
4) 2016 წლის 21 აპრილს, შპს „ა-------------მა“, 25.01.2016 წლისთვის შესასრულებელი ნაშთის გადახდილად ჩათვლის მიზნით, შპს „ი---- გ-----ს“ ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადაუხადა 75 000 აშშ დოლარი;
მითითებულ გარემოებათა დადასტურების მიზნით, მოპასუხემ წარმოადგინა საბანკო ქვითარი, 1197850 ლარის შპს „ი---- გ-------------ის“ ანგარიშზე ჩარიცხვის თაობაზე, ასევე, 2016 წლის 3 თებერვლის შეთანხმების აქტი, (ხელმოწერილი მედიატორ ადვოკატ ს--–-------ს მიერ) და ნაღდი ანგარიშსწორების გზით თანხის მიღების თაობაზე შედგენილი დოკუმენტების - „გადახდის ქვითრების“, ასლები. (იხ. 02.10.2018 წლის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი მასალები).
აღსანიშნავია, რომ ყველა მითითებული დოკუმენტი, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა ასლის სახით. მოსარჩელემ ამ დოკუმენტებში მითითებული გარემოებები - ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების გზით თანხის მიღების შესახებ არ დაადასტურა, ასევე არ დაადასტურა ასლის სახით წარმოდგენილ დოკუმენტებზე მოსარჩელის - შპს „ი---- გ-------------ის“ სათანადოდ უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნამდვილობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, ასლების სახით წარმოდგენილი წერილობითი მასალებით, ვერ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელის წინაშე 2015 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ და შეთანხმებით გათვალისწინებული საზღაურიდან - 2 500 000 აშშ დოლარიდან გადაუხადა ჯამში 800 000 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს, თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთების დედნების სახით წარმოუდგენლობის შეუძლებლობის რაიმე იმგვარ მიზეზებზე, რასაც სასამართლო საფუძვლიანად ჩათვლიდა არ მიუთითებია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე არ ადასტურებს თანხის მიღებისა და თანხის მიღებაზე შპს „ი---- გ-------------ის“ უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ფაქტს. ამასთან, იმის გამო, რომ მოპასუხემ მასთან დაცული საბუთები არ წარმოადგინა დედნის სახით, მოსარჩელეს ეზღუდება შესაძლებლობა, ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოუდგინოს სასამართლოს დამატებითი მტკიცებულებები, მაგ. კალიგრაფიული ექსპერტიზის სახით.
ასეთ ვითარებაში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მასალებისათვის (რომლებიც მოპასუხის მტკიცებით ადასტურებს მოსარჩელის მიერ თანხის მიღების ფაქტს) მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება სასამართლოს აზრით დაარღვევს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს.
საქართველოს სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
მოპასუხის მიერ ასლების სახით წარმოდგენილი საბუთებისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება, ისეთ ვითარებაში, როცა მოსარჩელე მოკლებული იქნება შესაძლებლობას წარმოუდგინოს სასამართლოს ამ მასალებში ასახული გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულება, უხეშად დაარღვევს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს.
ამდენად, მოპასუხის მიერ, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ასლის სახით წარმოდგენილი, ზემოთ მითითებული მასალები, არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას შპს „ი---- გ-------------ის“ მიმართ თანხის გადახდის ფაქტის დასადასტურებლად. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რაც დაადასტურებდა 2015 წლის 25 ნოემბრის შეთანხმების შემდეგ, ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ფაქტს, სასამართლოსთვის წარმოდგენილი არ არის.
გარდა ამისა, დადგენილია, რომ შპს „ა-------------მა“ იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ შპს „ი---- გ-------------ის“ მიმართ დავალიანება არ გააჩნია, სასამართლოს წარმოუდგინა, 2011 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, 2015 წლამდე, მოსარჩელის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი არაერთი ქვითარი, (ჯამში 12 988 941 ლარის ოდენობით). სასამართლო აღნიშნავს, რომ 2011 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულების („ჰოტელ - კაზინოს გასაღების ჩაბარების ხელშეკრულება“) მოქმედების ფარგლებში, 2015 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებამდე, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილი თანხა, მისი ოდენობის მიუხედავად, ვერ აბათილებს მოპასუხის ვალდებულებას, 2 500 000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ, რაც შპს „ა-------------მა“ იკისრა მოსარჩელის მიმართ, 2015 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებით. დადგენილია, რომ 2015 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებით მხარეებმა კონკრეტულად განსაზღვრეს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ გადასახდელი თანხის ოდენობა და მისი გადახდის გრაფიკი, რაც რაიმე ფორმით დაკავშირებული არ ყოფილა შეთანხმებამდე გადახდილი თანხის ოდენობასთან.
შპს „ა-------------ის“ ვალდებულების გამაქარწყლებელ მტკიცებულებად ასევე ვერ ჩაითვლება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მასალები, (მათ შორის: სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ბრძანება ვადის გაგრძელების შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებული სამუშაოების მიმღები კომისიის ოქმები და მიმართვები, ტექნიკური ზედამხედველის აქტები -ფოტოსურათებით და ა. შ. - ტომი 1, ს. ფ. 204-292), რომლებიც მისივე, მტკიცებით, ადასტურებენ მოსარჩელის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისა და ამით მოპასუხისათვის ზიანის მიყენების ფაქტს. უდავოა, რომ მოპასუხის პრეტენზია შეეხება 2011 წლის 28 ნოემბრის ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსარჩელის მიერ არაჯეროვნად შესრულებულ ვალდებულებებს. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ, დადგენილია, რომ 2015 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებით მხარეებმა ურთიერთთანხმობით შეწყვიტეს ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა და ამავე შეთანხმებით მოპასუხემ თავად განსაზღვრა მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. მოპასუხის მიერ აღიარებულ ვალდებულებას ვერ გააქარწყლებს მოპასუხის მტკიცება სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, ვინაიდან, ამ მხრივ მოპასუხეს ჯეროვანი შედავება მოსარჩელის მიმართ (მაგალითად, შეგებებული სარჩელის აღძვრის გზით) არ განუხორციელებია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, წარმოდგენილი მასალების გამოკვლევის, მხარეთა განმარტებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ი---- გ-------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს „ა-------------ის“ მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316, 317, 327-ე, 361-ე, 341-ე,417-ე,418-ე, 420-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).
მოსარჩელე შპს „ი---- გ-------------ი“ მოითხოვს მოპასუხისათვის 2 500 000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრებას, რაც მისი მტკიცებით წარმოადგენს მოპასუხის მიერ აღიარებულ ვალდებულებას. მოსარჩელე ასევე მოითხოვს ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას.
დადგენილია, რომ მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებს მხარეთა შორის 2015 წლის 25 ნოემბერს გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის ფარგლებში, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის 2 500000.00 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე. სასამართლო აფასებს რა მითითებული შეთანხმების პირობებს, მიიჩნევს, რომ ის, შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს გარიგებას ვალის აღიარების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარება ახალ ხელშეკრულებას წარმოადგენს, შესაბამისად, ვალის აღიარება ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის - მოთხოვნის ფორმის მიმართ. ამასთან, თუ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობა ფორმასავალდებულო გარიგებაა, ვალის აღიარებაც შესაბამისი ფორმის დაცვით უნდა განხორციელდეს. ვალის აღიარება, ასევე, უნდა აკმაყოფილებდეს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ 2015 წლის 25 ნოემბრის შეთანხმებით მხარეებმა წერილობით განსაზღვრეს ვალდებულების არსი, გადასახდელი თანხის ოდენობა, მისი გადახდის წესი და ვადები. ანუ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე და აღნიშნავს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ცალსახაა, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება, მათ შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს ვალის აღიარების საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის შემადგენლობას. ამასთან, დადგენილია, რომ შპს „ა-------------მა“ დაარღვია ხელშეკრულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების ვალდებულება და მოსარჩელეს არ აუნაზღაურა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2 500 000.00 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ასევე მოითხოვს შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებას, რაც ვალდებულების დარღვევის სამი წლის მანძილზე შეადგენს ჯამში 675 000.00 აშშ დოლარს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნებია დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ, რის გამოც არსებობს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. იმავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს კანონით გათვალისწინებული პირობები - მხარეთა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოზე და ვალდებულების დარღვევა.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული იყო თანხის გადახდის თაობაზე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის 2 500 000 აშშ დოლარის წლიური 9 %-ის ოდენობით.
შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ განაკვეთს და დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, რომელიც ადგენს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესაძლებლობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერად განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 16.05.2014წ.-ის საქმე Nას-1200-1145-2013).
ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია, კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ იმსჯელა პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში მიიღო ხელშეკრულების დარღვევის ხასიათი, ხანგრძლივობა და მიიჩნია, რომ ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და პირგასამტეხლოს წლიური ოდენობა განისაზღვროს 4500 აშშ დოლარით. შესაბამისად, სამი წლის მანძილზე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 13 500.00 აშშ დოლარით და მისი ანაზღაურება მოსარჩელის სასაგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი .
ვინაიდან სარჩელის მოთხოვნა კმაყოფილდება ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 4880.58 ლარის ოდენობით, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ და 2018 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, უსწორობის გასწორების შესახებ შპს ,,ა-------------ის" განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლისა შესახებ დაკმაყოფილდა. შპს ,,ი---- გ-------------ის" სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, (შპს "ა-------------ის" მიმართ, 3 175 000.00 აშშ დოლარის დაკისრების თობაზე, საქმე #2/164-17) გამოყენებული იქნა შპს ,,ა-------------ის" მიერ წარმოდგენილი სს "თ----------ის" მიერ 29/11/2018 წელს გაცემული N2--------------- საბანკო გარანტია და 07.12.2018 წელს გაცემული N2--------------- საბანკო გარანტიის ცვლილება N1, (გარანტიის თანხა - 3 175 000.00 აშშ დოლარი), რომლის მიხედვით, თუ ბანკში წარდგენილი იქნება სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საქმეზე #2/164-2017წ, რომლითაც პრინციპალს (შპს "ა-------------ს") დაეკისრება ბენეფიციარისათვის (შპს "ი---- გ-------------ისათვის") მთლიანად ან ნაწილობრივ თანხის ანაზღაურება და ბენეფიციარის წერილობითი განცხადება, რომ პრინციპალმა არ აუნაზღაურა ბენეფიციარს აღნიშნული თანხა, გარანტი (სს "თ----------ი") კისრულობს ვალდებულებას, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გარანტიისათვის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ბენეფიციარს გადაუხადოს მოთხოვნაში მითითებული თანხა, მაგრამ არაუმეტეს გარანტიის თანხისა (3 175 000.00 აშშ დოლარისა).
შპს ,,ა-------------ის" მიერ წარმოდგენილი სს "თ----------ის" მიერ 29/11/2018 წელს გაცემული N2--------------- საბანკო გარანტიის და 07.12.2018 წელს გაცემული N2--------------- საბანკო გარანტიის ცვლილება N1-ის სანაცვლოდ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით (საქმე №2/ბ-218-17წ) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,ა-------------ს” აეკრძალა, მის საკუთრებაში რეგისტრირებული, უძრავი ქონების, მდებარე: ა) ქ.ბათუმი, მ---------–--ის ქ.N-- (ზონა ბ------------------------------------------------------–---------------------, საკადასტრო კოდი: 0-----------) - გასხვისება და იპოთეკითა და სხვა სანივთო უფლებით დატვირთვა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ, არ არსებობს სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გაუქმების საფუძველი, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის დანაწესისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს „ი---- გ-------------ის“ სარჩელი, მოპასუხე შპს „ა-------------ის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
2. შპს „ა-------------ს“ შპს „ი---- გ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება - 2 500 000.00 აშშ დოლარის ოდენობით.
3. შპს „ა-------------ს“ შპს „ი---- გ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება - 13 500.00 აშშ დოლარის ოდენობით.
4. შპს „ა-------------ს“ შპს „ი---- გ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 4880.58 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი