გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/24527-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე - კ------------–-------
წარმომადგენელი - ი-------–--------–---–ი
მოპასუხე - რ---------–-------
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე რ---------–-------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, დ---------–-------ის (დაბადებული 2----–-–---------------ს) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 21 აგვისტოდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე;
1.2. მოპასუხე რ---------–-------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ა--------–-------ის (დაბადებული 2----–-–---------------ს) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 21 აგვისტოდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელე კ------------–-------ს და მოპასუხე რ---------–-------ს 2----–-–---------------ს შეეძინათ ორი ტყუპი შვილი: დ---------–------- და ა--------–-------. მხარეები ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ბავშვები იზრდებიან დედასთან, კ------------–-------თან. მოპასუხე ბავშვების დაბადებიდან გარკვეული პერიოდი ეხმარებოდა ფინანსურად მოსარჩელე მხარეს, თუმცა, უკვე დიდი ხანია, მოპასუხე ფინანსურად აღარ ეხმარება კ------------–-------ს არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდაში. არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მათი მოთხოვნილებებიც. მოსარჩელე დასაქმებულია, თუმცა მისი მატერიალური შემოსავალი არ არის საკმარისი ბავშვების ნორმალური აღზრდისათვის სათანადო პირობების შესაქმნელად. მოპასუხე რ---------–-------ი სტაბილურად არ არის დასაქმებული, თუმცა იგი საზღვარგარეთ მუშაობდა და ჰქონდა საკმაოდ კარგი შემოსავალი. მოპასუხე ვალდებულია, სტაბილურად მონაწილეობას იღებდეს არასრულწლოვანი შვილების აღზრდა-განვითარებაში და მატერიალურად ეხმარებოდეს მათ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე რ---------–-------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია. მან, სასამართლოს სხდომაზე საქმის განხილვისას, თანხმობა განაცხადა არასრულწლოვანი შვილების, დ---------–-------ის და ა--------–-------ის სასარგებლოდ ყოველთვიურად გადაიხადოს ალიმენტის სახით 50-50 ლარი, სულ 100 (ასი) ლარის ოდენობით თანხა. მოპასუხის განმარტებით, იგი 2014 წლამდე დასაქმებული იყო თურქეთის რესპუბლიკაში, ჰქონდა ნორმალური შრომითი ანაზღაურება და იგი, როგორც თანხობრივად, ასევე, სხვა საშუალებებითაც ეხმარებოდა მოსარჩელე მხარეს. მოპასუხე საზღვარგარეთიდან აგზავნიდა ბავშვების საფენებს, საკვებს, ტანისამოსს. ამ ეტაპზე მოპასუხე არ არის დასაქმებული, არ აქვს სტაბილური შემოსავალი, რის გამოც, იგი ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. კ------------–-------ს და რ---------–-------ს 2-----–-–---------------ს შეეძინათ ორი ტყუპი შვილი: დ---------–------- და ა--------–-------:
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 18);
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 19).
3.1.2. მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი დ---------–-------ი და ა--------–-------ი ცხოვრობენ მოსარჩელესთან, კ------------–-------თან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი).
3.1.3. არასრულწლოვანი დ---------–-------ის და ა--------–-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვები დაბადებიდან აღრიცხვაზე იმყოფებიან შპს ,---------------–-----–--, იზრდებიან და ვითარდებიან ასაკის შესაბამისად, არ არიან ხშირად მოავადე ბავშვები. მათი ფსიქო-მოტორული განვითარება შეესაბამება ასაკს. პროფილაქტიკური აცრები ჩატარებული აქვთ დროულად;
არასრულწლოვანი ბავშვები დადიან თბილისის საჯარო საბავშვო ბაღში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი);
- შპს ,---------------–-------- მიერ 2018 წლის 11 ივლისს გაცემული ცნობა დ---------–-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 20);
- შპს ,---------------–-------- მიერ 2018 წლის 11 ივლისს გაცემული ცნობა ა--------–-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 21).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კ------------–-------ი დასაქმებულია ,-----------------–-- და აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, კ------------–-------ის მიერ მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 2484.7 ლარს, მარტის თვეში - 2260.74 ლარს, აპრილის თვეში - 2475.86 ლარს, მაისის თვეში - 2295.03 ლარს, ივნისის თვეში - 3033.81 ლარს, ივლისის თვეში - 2889.6 ლარს, აგვისტოს თვეში - 3408.85 ლარს, სექტემბრის თვეში - 3250.78 ლარს, დეკემბრის თვეში - 5396.99 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 1395.36 ლარს, თებერვლის თვეში - 3459.88 ლარს, მარტის თვეში - 3034.5 ლარს, აპრილის თვეში - 3534.43 ლარს და ივნისის თვეში - 3682.04 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 10 სექტემბერს გაცემული ცნობა N------------, დანართი (ს.ფ. 31-32).
3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, რ---------–-------ს, 2017 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება;
მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი დოკუმენტის მოუწესრიგებლობის გამო, 2014 წელს, იძულებული გახდა თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოსულიყო. მითითებულ პერიოდამდე მოპასუხე რ---------–-------ი დასაქმებული იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ, თურქეთში და ჰქონდა მატერიალური შემოსავალი. მოპასუხე მხარის განმარტებით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მას სტაბილური შემოსავალი არ ჰქონია და მხოლოდ არარეგულარული სამუშაოებიდან იღებს მცირე ოდენობით ანაზღაურებას. საწინააღმდეგო სახის მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 10 სექტემბერს გაცემული ცნობა N------------ (ს.ფ. 31).
3.2.3. არასრულწლოვანი ბავშვების დაბადების შემდეგ, მოპასუხე რ---------–-------ი პერიოდულად ეხმარებოდა მატერიალურად მოსარჩელეს, უგზავნიდა ფულად თანხებს და ასევე, ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ნივთებს (საკვები, საფენები, სამოსი). ბოლო პერიოდში, მოპასუხე, მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ ახერხებს ფინანსურად დახმარება გაუწიოს არასრულწლოვან შვილებს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი).
3.2.4. მოსარჩელე კ------------–-------ის და მოპასუხე რ---------–-------ის კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან. საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მიერ მათი მშობლების ან სხვა პირის რჩენის კანონით დადგენილი ვალდებულება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 12 დეკემბრის სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე კ------------–-------მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები, 2----–-–---------------ს დაბადებული დ---------–------- და ა--------–-------.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
„ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ბავშვები, დ---------–-------ი და ა--------–-------ი ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან, კ------------–-------თან და იმყოფებიან მის რჩენა-კმაყოფაზე. მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არასრულწლოვანი დ---------–-------ის და ა--------–-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვები დაბადებიდან აღრიცხვაზე იმყოფებიან შპს ,---------------–-----–--, იზრდებიან და ვითარდებიან ასაკის შესაბამისად, არ არიან ხშირად მოავადე ბავშვები. მათი ფსიქო-მოტორული განვითარება შეესაბამება ასაკს. პროფილაქტიკური აცრები ჩატარებული აქვთ დროულად. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ამ ეტაპზე არასრულწლოვანი ბავშვები დადიან თბილისის საჯარო ბაღში და მომავალი წლიდან უნდა შევიდნენ სკოლაში. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მათი საჭიროებები და ამისათვის საჭირო თანხის ოდენობაც.
დადგენილია, რომ მოსარჩელე კ------------–-------ი დასაქმებულია ,-----------------–-- და აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, კ------------–-------ის მიერ მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის თებერვლის თვეში - 2484.7 ლარს, მარტის თვეში - 2260.74 ლარს, აპრილის თვეში - 2475.86 ლარს, მაისის თვეში - 2295.03 ლარს, ივნისის თვეში - 3033.81 ლარს, ივლისის თვეში - 2889.6 ლარს, აგვისტოს თვეში - 3408.85 ლარს, სექტემბრის თვეში - 3250.78 ლარს, დეკემბრის თვეში - 5396.99 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 1395.36 ლარს, თებერვლის თვეში- 3459.88 ლარს, მარტის თვეში - 3034.5 ლარს, აპრილის თვეში - 3534.43 ლარს და ივნისის თვეში - 3682.04 ლარს.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე რ---------–-------ს სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით 2017 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. მოსარჩელე მხარე მიუთითებს მოპასუხე რ---------–-------ის დასაქმებისა და შესაბამისად, მატერიალური შემოსავლის მიღების ფაქტზე, თუმცა მას არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეოებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი, დოკუმენტის მოუწესრიგებლობის გამო, 2014 წელს, იძულებული გახდა თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოსულიყო. მითითებულ პერიოდამდე მოპასუხე რ---------–-------ი დასაქმებული იყო საქართველოს ფარგლებს გარეთ, თურქეთში და ჰქონდა მატერიალური შემოსავალი. მოპასუხე მხარის განმარტებით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მას სტაბილური შემოსავალი არ ჰქონია და მხოლოდ არარეგულარული სამუშაოებიდან იღებს მცირე ოდენობით ანაზღაურებას. ამდენად, მოცემულ საქმეზე, სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას მოპასუხის დასაქმებისა და სტაბილური შემოსავლის მიღების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის თანახმად, სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე კ------------–-------ის და მოპასუხე რ---------–-------ის კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან. არც ერთ მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც სხვა პირების მათ კმაყოფაზე ყოფნას დაადასტურებდა. საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა მიერ სხვა პირის კანონით დადგენილი რჩენის ვალდებულება.
არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვებისთვის აუცილებელ ხარჯს. მოცემულ საქმეზე, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვების დაბადების შემდეგ, მოპასუხე რ---------–-------ი პერიოდულად ეხმარებოდა მატერიალურად მოსარჩელეს, უგზავნიდა ფულად თანხებს და ასევე, ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ნივთებს (საკვები, საფენები, სამოსი). ბოლო პერიოდში, მოპასუხე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ ახერხებს ფინანსურად დახმარება გაუწიოს არასრულწლოვან შვილებს.
ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვების უფლება მიიღონ ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ამასთან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არ ამცირებს არასრულწლოვანთა მოთხოვნილებებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვთა საუკეთესო ინტერესები. თუმცა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარის მიერ სხვადასხვა წყაროებიდან (არარეგულარული სამუშაოდან) შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობისა და მოპასუხის კმაყოფაზე მყოფი პირის ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში თითოეული არასრულწლოვანისათვის 125 (ასოცდახუთი) ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე კ------------–-------ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე რ---------–-------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 38-ე, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. კ------------–-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. დაეკისროს რ---------–-------ს (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილის - დ---------–-------ის (დაბადებული 2----–-–---------------ს) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 125 (ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 21 აგვისტოდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
1.2. დაეკისროს რ---------–-------ს (პ/ნ 0----------) არასრულწლოვანი შვილის - ა--------–-------ის (დაბადებული 2----–-–---------------ს) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 125 (ას ოცდახუთი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 21 აგვისტოდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2. მოპასუხე რ---------–-------ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა