განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100118002749774
საქმეN1-1056/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25.12.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ალ------------------ძე
დაცვის მხარე
1. ბრალდებული: ენ-------------ა
მამის სახელი: გია
დაბადებული: 0--06.1991 წელი
პირადი ნომერი: 6---------4
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ნასამართლობა: არ მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, გო-----------------.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბრალდებულის დამცველი - ნო----------ძე, შა-–-------------ძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171101118016
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების თანახმად:
1.1 2018 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბათუმში, გო----------ის ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ენ-------------ამ ეჭვიანობის ნიადაგზე, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით ორსულ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (ოჯახის წევრს) - მა-------------ას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1.2 2018 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 14:50 საათზე, ქ. ბათუმში, გო----------ის ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ენ-------------ამ ეჭვიანობის ნიადაგზე, თანნაქონი დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (ოჯახის წევრს) - მა-------------ას, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბათუმში, გო----------ის ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ენ-------------ამ ეჭვიანობის ნიადაგზე, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (ოჯახის წევრს) - მა-------------ას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1.2 2018 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 14:50 საათზე, ქ. ბათუმში, გო----------ის ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ენ-------------ამ ეჭვიანობის ნიადაგზე, თანნაქონი დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (ოჯახის წევრს) - მა-------------ას, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,ძალადობის - ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ
გამორიცხვა
ბრალდებულმა ენ-------------ამ ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი ქმედება და განმარტა, რომ ოჯახის წევრს, კერძოდ თავის მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, მის მიმართ განახორციელა მუქარა, რასაც აღიარებს და ინანიებს; გამორიცხავს მის ორსულობას, მისთვის ცნობილი არ ყოფილა მეუღლის ორსულობის თაობაზე და დარწმუნებულია, რომ ფეხმძიმედ არ არის;(იხ ოქმი)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნო---–---------ძემ განმარტა, რომ არის ექიმი გინეკოლოგი, მა-------------ას მკურნალი ექიმი; მუშაობს მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ც/ჰოსპიტალში; მა-------------ას პირველი მშობიარობა ჰქონდა რა საკეისრო კვეთით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაუშვებელი იყო მისი ფეხმძიმობა; აქედან გამომდინარე მას აქვს მიღებული ზომები ორსულობისაგან თავის დასაცავად, კერძოდ, მარცხენა იდაყვის არეში განთავსებულია კონტრაცეპტიული საშუალება - იმპლანონი, რაც ხელს უშლის და გამორიცხავს საერთოდ დაფეხმძიმებას; აღნიშნული პრეპარატის განთავსება თავდაპირველ თვეებში იწვევს გარკვეულწილად ორსულობის მდგომარეობის შესაბამის გამოვლინებებს, კერძოდ გულისრევის შეგრძნებას, პირის ღებინებას და ა.შ; ინპოლანონი მა-------------ას სხეულში განთავსებულია 2018 წლის 24 სექტემბერს; ამ დროს ამ პროცედურის ჩატარებისას გამორიცხული იყო მისი ფეხმძიმობა, ის აღნიშნულს რა თქმა უნდა ამოწმებს და წინააღმდეგ შემთხვევაში ინპლანონს არ განათავსებდა სხეულში და ამის შემდეგ როცა მარიამმა მომართა ჩივილებით, მასთან გაიარა კონსულტაცია და დადგინდა, რომ მა-------------ას გართულება აქვს ამენორეაზე - ლაქტაციური და კონტრაცეპტიულ სამკურნალწამლო საშუალებით გამოწვეული; ორსულობა შემოწმების პერიოდში არ დაფიქსირებულა; ორსულობა არ არის ამჟამადაც; კონსულტაცია მა-------------ამ მასთან გაიარა დეკემბრის თვის დასაწყისში; გაცემული აქვს შესაბამისი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; (იხ სასამართლოს სხდომის ოქმი) ;
კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ ენ-------------ას ბრალი წარდგენილი აქვს წინასწარი შეცნობით ორსული ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისათვის, კერძოდ, დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ მითითებულია, რომ 2018 წლის 10 ნოემბერს დაახლოებით 15:00 საათზე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ეჭვიანობის ნიადაგზე სახისა და სხეულის არეში ხელების დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით ორსულ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (ოჯახის წევრს) მა-------------ას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩადენა, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ბრალდებულის განმარტებით მოცემული სახით კვალიფიკაცია არ დასტურდება;
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ბრალდებულმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით ორსული - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ; საქმეში წარმოდგენილი მხარეთა მიერ შეთანხმებული მტკიცებულებებით კი აღნიშნული დასტურდება მხოლოდ მა-------------ას 2018 წლის 10 ნოემბერს მიცემული ჩვენებით; სხვა რაიმე აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება ბრალდების მახრის მიერ არც საქმის განხილვისას წარმოდგენილა; საქმის განხილვისას დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და სადავო მტკიცებულების - ექიმ გინეკოლოგის გამოკვლევით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 24 სექტემბრიდან დღემდე მა-------------ას ფეხმძიმობა გამორიცხული და ის არც ყოფილა, შემთხვევა კი მოხდა 2018 წლის 10 ნოემბერს;
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ დაცვის მხარემ უდავოდ ცნო რა მა-------------ას გამოკითხვის ოქმი, უკვე დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს მისი ორსულობის ფაქტიც, რადგან
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ენ-------------ას სისხლის სამართლის საქმეზე მხარეები შეთანხმდნენ არსებითი განხილვის სხდომაზე, დაცვის მხარემ მის მიერ წარმოდგენილი მხოლოდ ერთი მტკიცებულება გახადა სადავო; ამდენად, მხარეებს თითქმის სრულად მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და გამოკვლეული სადავო მტკიცებულებას, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ენ-------------ას მიერ ოჯახის წევრის - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მა-------------ას მიმართ ძალადობის და მუქარის განხორციელების ფაქტი;
ამასთან ერთად, სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიერ ჩადენილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის - წინასწარი შეცნობით ორსული ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - მაშინ ჩაითვლება ჩადენილად, როდესაც სახეზეა და დადასტურებულია ძალადობის მსხვერპლის ორსულობა;
მოცემულ შემთხვევაში დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია, ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ
საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის დისპოზიციას, რომლის თანახმად, დასჯად ქმედებად ითვლება: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი ორსული ქალის მიმართ; ამდენად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ამ დანაშაულის სუბიექტი და ობიექტი იყვნენ ოჯახის წევრები ხსენებული მუხლის ობიექტური მხარე გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში. „მოძალადე“ და „ძალადობის მსხვერპლი“ უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრებიდა „ძალადობის მსხვერპლი“ - ორსული;
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ენ-------------ამ („მოძალადე“), იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე - მა-------------აზე („ძალადობის მსხვერპლი“), თუმცა ის არ არის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული, - წინასწარი შეცნობით ორსული პირი;
მხარეთა მიერ შეთანხმებული და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქმედების ჩადენის მომენტისათვის მა-------------ა არ იყო ორსული და ზ/აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვერ ჩაითვლება ასეთ პირად; ექიმის ნინო ჟორდანიძის განმარტებით მა-------------ა არ იყო ფეხმძიმედ 2018 წლის 24 სექტემბერს, როცა ინპლანონი განათავსა და ის არ იყო ფეხმძიმედ 2018 წლის 05 დეკემბერს კონსულტაციის დროს; ასევე გამორიცხა ამ დროის შუალედში მისი ფეხმძიმობა; (იხ სხდომის ოქმი);
ამდენად ზემოთ მითითებული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ენ-------------ამ ჩაიდინა ძალადობა მა-------------ას, როგორც არაორსული ოჯახის წევრის მიმართ და შესაბამისად რეალურად მის მიერ ჩადენილი ქმედებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს მისი შეფასება.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლოს დასკვნები უნდა გამომდინარეობდეს რეალურად არსებული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და მათ უნდა მიეცეს ადეკვატური სამართლებრივი შეფასება სწორი კვალიფიკაციის თვალსაზრისით.
მოცემულ კონკრეტულ საქმეში საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულად იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ ბრალდებულის მოქმედებას მისცეს შეფასება და ქმედების კვალიფიცირება მოახდინოს სამართლებრივად სწორად;
უდავოდა დასტურდება და ბრალდებულიც აღიარებს, რომ მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირს - მა-------------ას;
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ენ-------------ას მიერ მა-------------აზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ძალადობით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილია გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ასევე საგულისხმოა, რომ ენ-------------ას იმავე დღეს განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებაზე - მუქარაზე - ბრალი არ აქვს წარდგენილი, როგორც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, წინასწარი შეცნობით ორსული პირის მიმართ და დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ მის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სრულად ეთანხმება სასამართლო;
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა ენ-------------ას მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ენ-------------ას აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - მა-------------ას, გიორგი ქარცივაძის, და ჯანსულ წულუკიძის გამოკითხვის ოქმები, შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი, დაკავების ოქმი, მა-------------ას ხელწერილი, მა-------------ას ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობები და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათი შეფასებით რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ენ-------------ამ, ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახის წევრის მიმართ ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით.
ასევე სამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ენ-------------ას მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2018 წლის 10 ნოემბერს ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკების დროს, ენ-------------ამ სახის არეში სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელების დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ამავე დღეს თანნაქონი დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს (ოჯახის წევრს) - მა-------------ას, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ყოველივე ეს კი იძლევა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1 ნაწილით და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების შემადგენლობას.
საქმეში არსებული გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ენ-------------ას დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ენ-------------ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
4.1. ენ-------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედებების აღიარება;
4.2. ენ-------------ას პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ენ-------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ენ-------------ას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 80-იდან 150 საათამდე, ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. ხოლო საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-იდან 180-ე საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
ასევე დამატებითი სასჯელის სახით - იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;
სასამართლო მოცემული მუხლების სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
ბრალდებულ ენ-------------ას მიმართ შერაცხული ბრალდებები სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაულები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებულმა ენ-------------ამ განახორციელა ძალადობა და მუქარა ოჯახის წევრის მიმართ; ამგვარი ქმედება კი მიუთითებს ბრალდებულის ხასიათზე, პიროვნულ მახასიათებლებზე და მის არაკანონმორჩილებაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მოძალადე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა ენ-------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებებს, დაზარალებული მა-------------ა მასთან შერიგებულია და რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია, ის ცხოვრობს მეუღლის ოჯახში, ყავთ მცირეწლოვანი შვილი; ამავე დროს სასამართლო ითვალისწინებს რა ქმედების ჩადენის სპეციფიკას და ხასიათს, მიზანშეწონილად მიიჩნევს მას დაუნიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით, რაც ჩათვლილი უნდა იქნეს პირობითად და რაც გამორიცხავს მაქსიმალურად მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის განმეორებადობას; დანიშნული სასჯელი - ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ენ-------------ას პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ენ-------------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილზე.
ბრალდებული ენ-------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ბრალდებული ენ-------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და ენ-------------ას დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ენ-------------ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.
მსჯავრდებულ ენ-------------ას სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 10 ნოემბრიდან 2018 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
პირობით მსჯავრდებულის ენ-------------ას ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას და მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე