გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2018
საქმის ნომერი
820210018002496856
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820210018002496856 (2-362/18 )

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.11.2018 წ. ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე

მოსარჩელე: (მოპასუხე შეგებებული სარჩელით) – გე-–-------–-ძე

წარმომადგენელი: ვი----–-----–--ში

მოპასუხე: (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით) ლი--------------ძე

წარმომადგენელი: ირ---------ე

დავის საგანი ძირითადი სარჩელით: განქორწინება, ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა.

დავის საგანი შეგებებული სარჩელით: ალიმენტის დაკისრება. საერთო ვალის გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი სარჩელით:

 

1.1.1 გე-–-------–-ძესა და ლი--------------ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა.

 

1.1.2. გე-–-------–-ძეს განესაზღვროს შვილის ნახვის უფლება, ბავშვის სახლში წაყვანით პარასკევი დღის 15:00 საათიდან კვირას 18:00 საათამდე.

 

1.1.3. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

ძირითადი სარჩელის საფუძვლები:

2013 წლის 30 დეკემბრიდან გე-–-------–-ძე და ლი--------------ძე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში კანონით დადგენილი წესით. თანაცხოვრების პერიოდში 2014 წლის 23 იანვარს შეეძინათ ერთი შვილი გვ--–-------–-ძე .

თანაცხოვრების პერიოდში ოჯახში ხშირი იყო კონფლიქტები, რაც საბოლოოდ გაუსაძლისი გახდა და უკვე ერთ თითქმის ერთ წელზე მეტია გე-–-------–-ძე და ლი--------------ძე ერთად აღარ ცხოვრობენ და არც სამომავლოდ არის შესაძლებელი ოჯახის შენარჩუნება, რის გამოც იძულებულია გე-–-------–-ძე სასამართლოს მეშვეობით მოახდინოს ლი--------------ძესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა, ასევე ითხოვს სასამართლო წესით განისაზღვროს ბავშვის ნახვის დღეები.

 

1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით:

 

1.2.1. მოპასუხე გე-–-------–-ძეს არასრულწლოვანი შვილის გავ--–-------–-ძის სარჩო ალიმენტად დაეკისროს ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა, ასევე დაეკისროს წარსული 1 წლის გადაუხდელი ალიმენტი 2400 ლარის ოდენობით.

 

1.2.2. მოპასუხე გე-–-------–-ძეს ლი--------------ძის სასარგებლოდ დაეკისროს საერთო ვალის ნახევარის 1000 ლარის გადახდა.

 

შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

ლი--------------ძე და გე-–-------–-ძე 2013 წლის 30 დეკემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში მოპასუხე. 2014 წლის 23 იანვარს შეეძინათ შვილი გვ--–-------–-ძე. დაახლოებით ერთი წლის უკან მხარეები დაშორდნენ ერთმანეთს და ლი--------------ძე საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან, სადაც აღსაზრელად წაიყვანა თავისი არასრულწლოვანი შვილი. ამ პერიოდიდან მოყოლებული ლი--------------ძე გე-–-------–-ძეს თხოვდა მონაწილეობა მიეღო ბავშვის რჩენა-აღზრდის ხარჯებში, მიუხედავად აღნიშნული მცდელობისა მოპასუხე უარს აცხადებდა მატერიალურ დახმარებაზე და საალიმენტო ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე. უფრო მეტიც, თანაცხოვრების პერიოდში მოპასუხემ ლი--------------ძეს სს ,,სა---------–--------ში“ ააღებინა საკრედიტო ვალდებულება, რომლის ამჯამინდელი მოცულობა შეადგენს 2045 ლარს. ლი--------------ძე არაერთხელ დაუკავშირდა გე-–-------–-ძეს და თხოვა ამ თანხის ნებეყოფლობით დაფარვა თუნდაც გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ მოპასუხემ შეგნებულად არანაირი ზომები არ მიიღო ვალისდასაფარად. ერთი წლის შემდეგ მან შემოიტანა სარჩელი ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში განქორწინებასა და ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრაზე, თუმცა სხვა ვალდებულებების შესრულებას შეგნებულად გაურბის, რის გამოც ლი--------------ძე იძულებულია აღძრას შეგებებული სარჩელი საალიმენტო ვალდებულების შესრულებასა და საერთო ვალის გაყოფაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ლი--------------ძემ ცნო სარჩელი განქორწინების შესახებ, ასევე დაეთანხმა სარჩლის მოთხოვნას ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრაზე.

 

2.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხე გე-–-------–-ძე და მისი წარმომადგენელი არ ეთანხმებიან შეგებებული სარჩელის მოთხოვნებს. მათი განმარტებით, მას შემდეგ, როდესაც გე-–-------–-ძე და ლი--------------ძე ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს, გე-–-------–-ძეს არასოდეს უთქვია უარი საერთო შვილის გვ--–-------–-ძის აღზრდაში მონაწილეობის მიღებაზე, პირიქით მას სურვილი ჰქონდა ურთიერთობა ჰქონოდა შვილთან და ყველა ზომას მიმართა, მაგრამ ლი--------------ძე და მისი მშობლები არ აძლევდნენ საშუალებას გე-–-------–-ძეს მოენახულებინა თავისი შვილი და მის აღზრდაში მიეღო მონაწილეობა. ამან განაპირობა სასამართლოში სარჩელის შეტანა ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრაზე.

არ ეთანხმებიან მოთხოვნას თანაცხოვრების პერიოდში აღებული კრედიტის განაწილებაზე. მათი განმარტებით, გე-–-------–-ძეს არ მოუთხოვია, რომ ლი--------------ძეს აეღო კრედიტი, პირიქით წინააღმდეგიც კი იყო, რადგან მან იცოდა რომ ლი--------------ძეს არ ჰქონდა იმდენი შემოსავალი რომ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა. ლი--------------ძის მიერ გამოტანილი კრედიტი არ ითვლება საერთო ვალად, რადგანაც მის აღებაში გე-–-------–-ძეს არ მიუღია მონაწილეობა. ვალი არ აღებულა ოჯახის ინტერესებისთვის და არ არის სახეზე მეუღლეთა საერთო ვალის კვალიფიკაციის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ლი--------------ძე და გე-–-------–-ძე 2013 წლის 30 დეკემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2014 წლის 23 იანვარს შეეძინათ შვილი გვ--–-------–-ძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ქორწინების მოწმობა

-დაბადების მოწმობა

 

3.1.2. ამჟამად მეუღლეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე ლი--------------ძე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს თავისი მშობლების ოჯახში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია ოჯახური თანაცხოვრება. მხარეებს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს. მხარეები ეთანხმებიან მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.2. მოპასუხე გე-–-------–-ძე სადავოდ ხდის წარსული 1 წლის გადაუხდელი ალიმენტი 2400 ლარისა და მოთხოვნილი ალიმენტის 200 ლარის ოდენობას, განმარტავს, რომ მისი ხელზე ასაღები ხელფასი არის 450 ლარამდე, მოთხოვნილი ოდენობა 200 ლარი არის შეუსაბამო, ვერ შეძლებს აღნიშნული თანხის გადახდას და თანახმაა ალიმენტის სახით გადაიხადოს 100 ლარი. გასული ერთი წლის მოთხოვნილ ალიმენტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შეძლებისდაგვარად ზრუნავდა შვილზე, თუმცა ბოლო პერიოდში მოწინააღმდეგე მხარე არ აძლევდა ბავშვთან ურთიერთობის საშუალებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

1.მოსარჩელის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);

2.მოპასუხის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);

3. ცნობა ხელფასის შესახებ

 

3.2.3. მხარეთა შორის სადავოა ასევე თანაცხოვრების პერიოდში ლი--------------ძის მიერ აღებული სესხის განაწილებისა და ამჟამად არსებული დავალიანების ნახევარის 1000 ლარის გე-–-------–-ძეზე დაკისრების საკითხი.

ლი--------------ძემ წარმოადგინა სს სა---------–--------ის მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ რითაც დგინდება, რომ ამჟამინდელი დავალიანება შეადგენს 2045.06 ლარს.

გე-–-------–-ძე არ უარყოფს სესხის თანაცხოვრების პერიოდში აღების ფაქტს, თუმცა ამტკიცებს, რომ თანხა ლი--------------ძემ მოიხმარა პირადი საჭიროებისათვის, შეიძინა პარფიუმერია, ნაწილი ასესხა თავის თანამშრომელს, ნაწილს კი ინახავდა მის (გე-–-------–-ძის) პიჯაკის ჯიბეში და წაიღო სახლიდან წასვლისას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

1.მოსარჩელის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);

2.მოპასუხის განმარტება(სასამართლო სხდომის ოქმი);

3. ცნობა დავალიანების შესახებ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

- დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი ქორწინების შეწყვეტისა ბავშვების ნახვის დღეების განსაზღვრაზე, გე-–-------–-ძის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს;

 

-დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გე-–-------–-ძეს ალიმენტის გადახდა განესაზღვროს სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე 150 ლარის ოდენობით. მასვე უნდა დაეკისროს თანაცხოვრების პერიოდში მეუღლის მიერ სესხად აღებული ვალის ნახევარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე, 1169-ე, 1170-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.

 

-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლი--------------ძე და გე-–--------–-ძე 2013 წლის 30 დეკემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მეუღლეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია, ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე; მეუღლეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს. მხარეები ეთანხმებიან მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.

 

მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტისა და ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრის თაობაზე ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს ამ ნაწილში სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

 

6.2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი- 2014 წლის 23 იანვარს დაბადებული გვ--–-------–-ძე. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე ლი--------------ძე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს თავისი მშობლების ოჯახში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან, ლი--------------ძესთან ერთად. მოსარჩელეს მატერიალურად ეხმარება მშობლები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში N14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.

 

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი გვ--–-------–-ძის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.

 

სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.

 

მოპასუხე გე-–-------–-ძე შესაგებელში ითხოვდა თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებას და თანხმობას აცხადებდა მხოლოდ 40 ლარის გადახდაზე. სასამართლო სხდომაზე განაცხადა თანხმობა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 ლარის გადახდაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დასახელებული ოდენობა არ წარმოადგენს გონივრულ თანხას ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით. შვილის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

 

სასამართლო კვლავ მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვის ასაკის და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი გვ--–-------–-ძისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 150 ლარით.

 

ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებული იქნეს სამი წლის ფარგლებში თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

მოცემულ შემთხვევაში ლი--------------ძე ითხოვს წარსული დროის ერთი წლის ფარგლებში გადასახდელი ალიმენტის 2400 ლარის გე-–-------–-ძეზე დაკისრებას. საქმის განხილვისას ვერ იქნა დადგენილი და დადასტურებული, რომ გე-–-------–-ძის მიმართ მოთხოვნილი იყო საალიმენტო ვალდებულებათა შესრულება და ის თავს არიდებდა მის გადახდას. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებითა და მხარეთა განმარტებებით აღნიშნული ვერ იქნა დადასტურებული. შესაბამისად ლი--------------ძეს უარი უნდა ეთქვას წარსული ერთი წლის ალიმენტის მოთხოვნაზე და მოპასუხე გე-–-------–-ძეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 11 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

6.3. შეგებებული სარჩელით ლი--------------ძემ ასევე მოითხოვა თანაცხოვრების პერიოდში აღებული სესხის ამჟამინდელი დავალიანების ნახევარის 1000 ლარის გე-–-------–-ძეზე დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლი მუხლი განსაზღვრავს მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის წესს, რომლის მიხედვით მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. აღნიშნული კოდექსის 1170-ე მუხლით დადგენილია ერთ-ერთი მეუღლის ვალის დაფარვის წესი. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. მეორე ნაწილის მიხედვით, აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.

 

დადგენილია და უდავო, რომ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში ლი--------------ძის მიერ სს ,,სა---------–--------ში“ სესხით სახით აღებულია 1337.73 ლარი. დადგენილია, რომ თანხის ნაწილი მოიხმარა ლი--------------ძემ, ნაწილი გამოყენებული იქნა ოჯახისათვის, შეძენილია საოჯახო ნივთები, ტელევიზორი. დაშორების შემდეგ მხარეები თანხმდებოდნენ ბანკის ვალის გადახდაზე, კერძოდ, ლი--------------ძეს უნდა გადაეხადა ვალი, ხოლო გე-–-------–-ძეს ბავშვის საბავშვო ბაღში გადასახადი ყოველთვიურად ასი ლარი. დადგენილია, რომ გე-–-------–-ძემ გადასახადი გადაიხადა ერთხელ, სხვა მხრივ პირობები არ შესრულებულა. შესაბამისად ვალი უნდა განაწილდეს თანაბრად, ამასთანავე მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დამტკიცებული, რომ დავალიანება გაიზარდა გე-–-------–-ძის ვალდებულების შეუსრულებლობით, ამიტომ ვალი უნდა განაწილდეს აღებული სესხის ოდენობიდან გამოდინარე, გე-–-------–-ძეს უნდა დაეკისროს სესხით სახით აღებული 1337.73 ლარის ნახევარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან მოპასუხე ლი--------------ძემ მთავარ სხდომამდე ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინებისა და ბავშვის ნახვის დრეების განსაზღვრის შესახებ, შესახებ, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაეკისროს. შესაბამისად, მოსარჩელე გე-–-------–-ძეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახ. ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე გე-–-------–-ძეს რომელმაც ალიმენტის ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ ცნო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.

 

ძირითადი სარჩელით მოსარჩელე გე-–-------–-ძეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სასარჩელო მოთხოვნა, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაეკისროს. შესაბამისად, გე-–-------–-ძეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახ ბაჟის თანხა. ამასთანავე იმის გათვალისწინებით, რომ ამავე საქმეზე ეკისრება სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა, უნდა გამოიქვითოს და ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს დარჩენილი 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. გე-–-------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. გე-–-------–-ძესა (პ/ნ 6----------) და ლი--------------ძეს (პ/ნ 6----------) შორის 2013 წლის 30 დეკემბერს სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში (აქტის ჩანაწერი N7----------) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს განქორწინებით.

 

1.2. გე-–-------–-ძეს მიეცეს საშუალება ურთიერთობა იქონიოს თავის არასრულწლოვან შვილთან, 2014 წლის 23 იანვარს დაბადებულ გვ--–-------–-ძესთან და მიიღოს მონაწილეობა მის აღზრდაში. შესაბამისად გე-–-------–-ძეს განესაზღვროს არასრულწლოვან გვ--–-------–-ძესთან ურთიერთობისათვის ნახვის დღეები: ნება მიეცეს წაიყვანოს გვ--–-------–-ძე თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ყოველი კვირის პარასკევს 17:00 საათიდან, კვირას დილის 11:00 საათამდე დედასთან დაბრუნების უფლებით.

 

2. ლი--------------ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.1. დაეკისროს გე-–-------–-ძეს (პ/ნ 6----------) არასრულწლოვანი შვილის - 2014 წლის 23 იანვარს დაბადებული გვ--–-------–-ძის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა 2018 წლის 1 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

2.2. გე-–-------–-ძეს (პ/ნ 6----------) დაეკისროს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში ლი--------------ძის მიერ სესხით სახით აღებული 1337.73 ლარის ნახევარის 668 (ექვსას სამოცდარვა) ლარის გადახდა ლი--------------ძის სასარგებლოდ.

 

2.3. გე-–-------–-ძეს (პ/ნ 6----------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50(ორმოცდაათი) ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან (სს ,,თიბისი ბანკი. საგადასახადო დავალება N0. გადახდის თარიღი 15.06.2018. სახაზინო კოდი 300733150.) დაუბრუნდეს 50 ლარი.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე