გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.12.2018
საქმის ნომერი
190210018002655605
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-2633-18

(საქმე N190210018002655605)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე

მოსარჩელე - მ--- გ--------

ადვოკატი - მ--- პ------

მოპასუხე - გ--- კ---------

წარმომადგენელი - ხ------- ქ---------–---

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

მესამე პირის წარმომადგენელი - პ----- ც------–---

დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2006 წლის 16 მაისს დაბადებული დ--- კ--------ის პ/ნ 6---------- საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის: მ--- გ--------ს - პ/ნ 6---------- - საცხოვრებელი ადგილი.

სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები:

 

მოსარჩელე მ--- გ-------- და მოპასუხე გ--- კ---------ს შორის 2013 წლის 18 თებერვალს ქორწინება შეწყვეტილია განქორწინებით. მოსარჩელესა და მოპასუხეს ჰყავს სამი შვილი: გ--- კ--------- - დაბადებული 0---------, მ------ კ--------- 0--------- და დ--- კ--------- 1--------- .მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე გ--- კ--------- ძალადობდა როგორც თავად მ--- გ--------ზე ასევე მათ შვილებზე. სამივე შვილი ცხოვრობდა და იზრდებოდა დედასთან განქორწინების შემდეგაც და მათ მოვლას აღზრდა-განვითარებას და მათზე ზრუნვას ახორციელებდა მ--- გ-------- .მოპასუხე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და ძალიან ცოტა ხანია რაც განთავისუფლდა. მოსარჩელის განმართებით, გ--- კ---------ს არასდროს შეზღუდვია ბავშვებთან ურთიერთობა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგაც მოპასუხემ კვლავ იძალადა მ--- გ--------ზე,რაშიც სამართალდამცავი ორგანოებიც ჩაერთვნენ. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხემ წაიყვანა უმცროსი შვილი და არ აძლევს დედას ბავშვთან ურთიერთობის საშუალებას.წარსულ ურთიერთობებზე დაყრდნობით და მისთვის ცნობილი ფაქტებით მ--- გ-------- აცხადებს რომ ბავშვი შესაძლოა ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდეს,რაც ბავშვის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბავშვს იგი არ უშლის დედასთან ურთიერთობას, თუმცა თავად ბავშვს არ აქვს სურვილი იყოს დედასთან, ვინაიდან დედა არის მის მიმართ ძალინ უხეში, ის შეურაცხყოფას აყენებს ბავშვს როგორც სატელეფონო, ასევე პირადი ურთიერთობის დროს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ--- გ--------სა და მოპასუხე გ--- კ---------ს შორის 2013 წლის 18 თებერვალს ქორწინება შეწყვეტილია განქორწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-განქორწინებისმოწმობა.

 

3.1.2. მხარეებს ჰყავთ სამი შვილი: გ--- კ--------- - დაბადებული 0--------- წ., მ------ კ--------- 0--------- წ. და დ--- კ--------- 1---------წ. განქორწინების შემდგომ დ--- კ--------- ცხოვრობს მამასთან - გ--- კ---------სთან, ხოლო გ--- და მ------ კ---------ები დედასთან - მ--- გ--------სთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობები, მხარეთა ახსნა- განმარტება.

 

3.1.3 მოსარჩელის ოჯახი არის სოციალურად დაუცველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან - 21.09.2018.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არასრულწლოვანი ბავშვის - დ--- კ--------ის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საქმის მასალების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევის შედეგად სასამართლომ დაადგინა , რომ დ--- კ--------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - მ--- გ--------ს საცხოვრებელი ადგილი.

 

ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი დასკვნის თანახმად, ამჟამად დ--- კ--------- დაახლოებით ორი თვეა ცხოვრობს მამასთან ნაქირავებ ბინაში, მშობლების დაშორების შემდეგ, მისი დიდი სურვილია , რომ მშობლები შერიგდნენ და ერთად იცხოვრონ, იმის გამო რომ , მშობლები არ შერიგდნენ, დ---მ თვითდაზიანების მიზნით მიიღო მედიკამენტები. დედასთან ურთიერთობა დ---ს მხრიდან ცვალებადია, მას სურვილი აქვს იცხოვროს მამასთან, ეშინია მამის დაკარგვის, სოლიდარულია მამის მიმართ, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დედის როლი, უყვარს დედა.

მამის - გ--- კ--------ის სამომავლო გეგმები გაურკვეველი და ბუნდოვანია, პერიოდულად დ---სთან ერთად თბილისშია მეგობართან, განიხილება საცხოვრებელი ადგილის ცვლილება, ასევე მამა მოიაზრებს დ---სთან ერთად საზღვარგარეთ წასვლას. ოჯახური პრობლემების გამო დ---ს სკოლაში სიარული არასტაბილურია, აცდენს გაკვეთილებს.

 

ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, შეფასების პროცესში გამოვლინდა , რომ დ--- მშობლებისა და და-ძმის მიმართ ავლენს ძლიერ მიჯაჭვულობას,ასევე მამის მიმართ გამოხატავს დადებით დამოკიდებულებას, აღნიშნავს, რომ მასთან თანაცხოვრების პოზიტიური გამოცდილება აქვს. დ--- და-ძმისა და დედის მიმართ ავლენს განსხვავებულ ემოციებს ერთდროულად, ერთის მხრივ ვლინდება ერთად ყოფნის ძლიერი სურვილი, გამოხატავს თბილ დამოკიდებულებას, პოზიტიურ ემოციებს, მეორეს მხრივ, არის კატეგორიული და მათ მიმართ გამოხატულ ემოციებში დომინირებს წყენა, გაბრაზება, გაკვირვება, მონატრება. დ--- განმარტავს, რომ არსებული სიტუაციიდან გამოსავალია ოჯახის გამთლიანება.

ფსიქოლოგის დასკვნით, მნიშვნელოვანია და აუცილებელია ბავშვზე მზრუნველმა პირებმა გააცნობიერონ შვილების წინაშე არსებული ვალდებულებები, ნეგატიური ზეგავლენის, ბავშვის ფსიქიკაზე გრძელვადიანი საგანგაშო შედეგები, ბავშვისთვის არაკონფლიქტური, ემოციურად სტაბილური გარემო უზრუნველყონ , რათა ბავშვმა შეინარჩუნოს თანაბარი დამოკიდებულება ორივე მშობლის მიმართ. ერთი მშობლის მიერ მეორის მიმართ გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვისა და მშობლის ურთიერთობაზე, ქმნის მშობლების მიმართ გაორებული დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკს, მშობლიური, ძლიერი მიჯაჭვულობის რღვევა უარყოფით გავლებას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობასა და ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე.

 

მტკიცებულება : ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი დასკვნა, ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ წარმოდგენილი დასკვნა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენლის პ----- ც------–--ის პოზიციით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება დედასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე გ--- კ--------ის კატეგორიულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დ---ს არ სურს დედასთან ცხოვრება და ურთიერთობა. საქმეში წარმოდგენილი დასკვნების თანახმად, არასრულწლოვანი დ--- კ--------- თანაბრად გამოხატავს მშობლებთან ურთიერთობისა და მათთან ცხოვრების სურვილს. იგი ასევე გამოხატავს მიჯაჭვულობას ორივე მშობლის მიმართ და ახარებს როგორც დედასთან, ისე და- ძმასთან ურთიერთობა.

 

3.2.2. მოსარჩელის განმარტებით, სამივე შვილი ცხოვრობდა და იზრდებოდა დედასთან განქორწინების შემდეგაც და მათ მოვლას აღზრდა-განვითარებას და მათზე ზრუნვას ახორციელებდა თავად მოსარჩელე, რაშიც მას ოჯახი ეხმარებოდა. მოპასუხე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და ძალიან ცოტა ხანია რაც განთავისუფლდა. მ--- გ----------ს მამისთვის შვილების ნახვის შესაძლებლობა არასდროს შეუზღუდავს. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგაც ის მ--- გ--------სთან მივიდა და იქ იმყოფებოდა. მოპასუხემ კვლავ განაგრძო მ--- გ--------ზე ძალადობა, რის გამოც გამოძახებულ იქნა პოლიცია. მოპასუხემ წაიყვანა უმცროსი შვილი და ბავშვს არ აბრუნებს და არც დედას და არც და-ძმას არ აძლევს ბავშვთან ურთიერთობის შესაძლებლობას.გარდა ამის, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ბავშვზე,იმისთვის რომ ბავშვებს აგრესია და უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდეს ოჯახის წევრების მიმართ. მოსარჩელე ფლობს ინფორმაციას რომ ბავშვი პერიოდულად აცდენს სკოლას. მას არ უვლის სათანადოდ. ბავშვი შეჩვეულია დედასთან და და-ძმასთან ურთიერთობას.

 

დ--- კ--------- სწავლობს ქ.რუსთავის 21-ე სკოლის მე-7 კლასში. 13.11. 2018 წლის ცნობის თანახმად, 2018-2019 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მას სკოლაში აქვს საკმაო გაცდენები, რასაც თავად დ--- ხსნის იმით, რომ მამასთან ერთად აპირებს რაიონში გადასვლას საცხოვრებლად და ამიტომ აღარ დადის სკოლაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარის ახსნა- განმარტება, ქ.რუსთავის 21-ე სკოლის მიერ გაცემული 13.11. 2018 წლის ცნობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მხარეთა ახსნა- განმარტების , ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მიერ შედგენილი დასკვნების, არასრულწლოვნების დ---, გ--- და მ------ კ---------ების მოსმენის საფუძველზე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება, რომ დ--- კ--------ის საუკეთესო ინტერესს შეესაბამება მისი დედასთან და და ძმასთან ერთად ცხოვრება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. არასრულწლოვანი დ--- კ--------ის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, საქმის მასალებით იკვეთება მის საცხოვრებელი ადგილად დედის მ--- გ--------ს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილობა და აუცილებლობა;

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი, 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, 1127-ე მუხლის მეორე ნაწილი, 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, 1200-ე, 1201-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები, „ბავშვთა უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-9, 27-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს გააჩნია პრეროგატივა, გადაწყვიტოს განქორწინებულ მეუღლეთა შორის დავა არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რა დროსაც უთუოდ მოქმედებს ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპი, თუმცა სასამართლოსათვის უპირველესად გასათვალისწინებელი და გადამწყვეტია თავად ბავშვების უპირატესი ინტერესები.

 

მოცემულ შემთხვევაში, დ--- კ--------ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით დანიშნული ფსიქოლოგიური კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მისი ფსიქო-ემოციური დამოკიდებულება საყურადღებოა, ვინაიდან იგი მამის ოჯახში ცხოვრების მცირე დროის მიუხედავად იგი დედისა და და-ძმის მიმართ გამოხატავს გაორებულ დამოკიდებულებას, იგი ავლენს პოზიტიური დამოკიდებულებას მშობლების, მათი ოჯახის წევრებისა და და-ძმების მიმართ. გამოიხატა ძლიერი მიჯაჭვულობა ორივე მშობლის მიმართ, თუმც ამავე დროს დედის მიმართ გამოხატავს წყენას, გაბრაზებას, გაკვირვებსა, მონატრებას. კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ ორივე მშობელი ბავშვის მეორე მშობელთან დაბრუნების საკითზე საუბრისას განსაკუთრებით ემოციურად რეაგირებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს სსიპ სოციალური მომსახურებს სააგენტოს წარმომადგენლის მოსაზრებას, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის მ--- გ--------ს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან ზემოაღნიშნული ორგანოს დასკვნის თანახმად, დედის საცხოვრებელი სახლში არის ბავშვის ნორმალური აღზრდისათვის შესაბამისი პირობები, ამასთან იქ ცხოვრობს დ---ს და-ძმა, , რომლებთან დაშორებაც მიზანშეუწონელია. დედასთან ცხოვრებით მას მიეცემა შესაძლებლობა, მუდმივი კავშირი ჰქონდეს თავის ბიოლოგიურ დ - ძმასთან და ჩამოუყალიბდეს მის მიმართ დედმამიშვილური ურთიერთობა.

ხოლო მამა აპირებს საცხოვრებლად ქ. რუსთავიდან გადასვლას რაიონში მეგობართან საცხოვრებლად , არ გამორიცხავს საზღვარგარეთ წასვლასაც. დ---მ მამისგან იცოდა, რომ ბებიასთან უნდა გადასულიყვნენ საცხოვრებლად რაიონში, არასწორი ინფორმაცია ჰქონდა მამისგან. ამდენად, მამისა და დ---ს ერთად ცხოვრების სამომავლო გეგმები გაურკვეველია.

 

დ---ს მიერ სასამართლო პროცესზე დაფიქსირებული პოზიცია, რომ მას მამასთან უნდა ცხოვრება, სასამართლომ არ მიიჩნია მისთვის საუკეთესო ვარიანტად , დ--- იზრდებოდა ორივე მშობელთან ერთად, მხოლოდ ორი თვეა, რაც მშობლები დაშორდნენ და ცხოვრობენ ცალკ-ცალკე, დ--- ჯერ კიდევ იმედოვნებს და დიდი სურვილი აქვს, რომ მშობლები შერიგდნენ, იგი მამას უცხადებს სოლიდარობას მასთან ცხოვრებით, ცდილობს მშობლები შერიგდნენ, უყვარს ორივე მშობელი , მისთვის საუკეთესო გამოსავალი სიტუაციიდან მშობლების შერიგება და ერთად ცხოვრებაა, დ--- ჯერ კიდევ მშობლების დაშორებით გამოწვეული სტრესის ქვეშაა, ამ საკითხზე უფრო ბევრს ფიქრობს, ვიდრე თავის ცხოვრებაზე რომელიმე მშობელთან ერთად.

 

სასამართლომ მოუსმინა ასევე დ---ს და-ძმას გ--- და მ------ კ---------ებს, რომლებიც ცხოვრობენ დედასთან, მათი სურვილია დ--- მათთან ერთად ცხოვრობდეს, ისინი აცნობიერებებ მშობლების განქორწინებას და დ---სავით არ განიცდიან მძაფრად მათ დაშორებას .

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები,უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

 

კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით.

ამ მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად ყველა დაინტერესებულ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს გარჩევაში და გამოთქვას თავისი თვალსაზრისით.

მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთა განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

 

აღნიშნული კონვენცია მოიცავს ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. ამასთან, ეს ინტერესი არ შეიძლება ვიწროდ იქნეს გაგებული. მშობლებთან დაშორება შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც აუცილებელია ერთ-ერთ მშობელთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვების ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდონ და იცხოვრონ მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. ამ მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ მორალურ მხარეს უნდა მიენიჭოს. ამდენად, კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი დაშორდეს მშობელს და ზოგ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრთან ან უფლებამოსილ პირთან განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ასეთი დაშორება მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, ვინაიდან ბავშვისა და მშობლის დაშორება, ამ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უარყოფით გავლენას ახდენს მშობლის გარემოცვას მოწყვეტილი ბავშვის ფსიქიკაზე. აღნიშნულის მიუხედავად კანონი ბავშვის მშობელთან დაშორებას ითვალისწინებს, რასაც საფუძვლად უდევს უპირველეს ყოვლისა, მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება. ამავდროულად, ამგვარი გადაწყვეტილების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი აუცილებლობა უფლებამოსილი ორგანოების მიერ დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული.

საოჯახო ურთიერთობების სპეციფიკასა და განსაკუთრებული მნიშვნელობას ადასტურებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე №41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.

 

სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ამასთან, სახელმწიფოს დამოკიდებულება მშობლის მიმართ მხოლოდ მათი უფლება-მოვალეობების განსაზღვრით არ შემოიფარგლება, არამედ სახელმწიფო იცავს მშობლის უფლებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში და გადაწყვიტოს, ვისთან და სად იცხოვროს შვილმა. მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ბავშვის ასაკსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ ეტაპზე ეყრება საფუძველი ბავშვის პიროვნულ ჩამოყალიბებას, რა დროსაც დედათან არასაკმარისი სიახლოვე დამღუპველი იქნება და უარყოფითად იმოქმედებს მისი ცხოვრების ფორმირებაზე. სასამართლო თვლის, რომ ბავშვი დედას უნდა დაშორდეს მხოლოდ ისეთი გამონაკლისების შემთხვევაში, როდესაც ასეთი კავშირი მიმართულია ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მ--- გ--------სთან მისი არასრულწლოვანი შვილის დ--- კ--------ის ცხოვრების ხელის შემშლელი რაიმე ობიექტური გარემოება საქმის მასალებით არ გამოვლენილა და არც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხრიდან არ გამოთქმულა. პირიქით, აღნიშნული ორგანოს წარმომადგენელი მიზანშეწონილად მიიჩნევს დ--- კ--------ის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით მის დედასთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრებას.

 

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--- გ--------ს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და 2006 წლის 16 მაისს დაბადებული დ--- კ--------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის მ--- გ--------ს საცხოვრებელი ადგილი.

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხე გ--- კ---------მ სარჩელი არ ცნო, მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს მ--- გ--------ს სარჩელი მოპასუხე გ--- კ--------ის მიმართ

 

2. 2006 წლის 16 მაისს დაბადებული დ--- კ--------ის პ/ნ 6---------- საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - მ--- გ--------ს საცხოვრებელი ადგილი.

 

3. მოპასუხე გ--- კ---------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი