განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2018
საქმის ნომერი
160140018002579965
დავის ტიპი
177 2 ა
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 160140018002579965

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/208-18 14 ნოემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031070418001)

მოსამართლე - თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, თამთა როყვა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ცქვიტარია

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: იზოლდა მელიქიშვილი

 

ბრალდებული: რ---–-- ო---------ი

მამის სახელი: ტარიელ

დაბადებული: 1982 წლის 5 იანვარი

პირადი ნომერი: 28001108912

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეულის რაიონი, ივ. ბერიტაშვილის ქუჩა N15

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის 1 აგვისტოს დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ რ---–-- ო---------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

რ---–-- ო---------ი მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 ივნისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით. იყო რა ნასამართლევი ქურდობისათვის მან კვლავ ჩაიდინა ქურდობა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე 3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

იყო რა ორჯერ ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის 2018 წლის 6 აპრილს დაახლოებით 18:00 საათზე რ---–-- ო---------მა უკანონოდ შეაღწია ქ. მარნეულში ხალილოვის ქუჩა N25-ში მდებარე რაფიკ ბადალოვის საცხოვრებელ სახლში საიდანაც მოიპარა შუშის ქილაში 2 ლარიანებით შენახული 700 ლარი დ ასევე ტანსაცმლის გარდერობში შენახული 500 აშშ დოლარი, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 ივნისის განაჩენით, რ---–--------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად. ასევე დამატებით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარი ოდენობით.

 

ბოლნისის რაიონული სასმართლოს 2010 წლის 30 მარტის განაჩენით, რ---–-- ო---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის და 3 თვის ვადით.

 

რ---–-- ო---------ი ორჯერი იყო რა ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, მან კვლავ ჩაიდინა ანალოგიური კატეგორიის დანაშაული, კერძოდ, 2018 წლის 6 აპრილს დაახლოებით 18:00 საათზე რ---–-- ო---------მა უკანონოდ შეაღწია ქ. მარნეულში ხალილოვის ქუჩა N25-ში მდებარე რაფიკ ბადალოვის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა შუშის ქილაში 2 ლარიანი რკინის მონეტებით შენახული 700 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული რაფიკ ბადალოვი. მან განმარტა, რომ ცხოვრობს მარნეულში, ხალილოვის ქუჩა N25-ში მეუღლესთან და ვაჟთან ერთად. მუშაობს ბაზარში. შემთხვევის დღეს დაახლოებით 5 საათისათვის დაბრუნდა სახლში, საქმიანობდა ეზოში, რა დროსაც ეზოს ბოლოში დაინახა რ---–--------------ი. რაფიკ ბადალოვის განცხადებით რ---–--------------ი ეძახდა ალის, რომელიც ცხოვრობს მათ მეზობლად. მას აღნიშნული მოეჩვენა საეჭვოდ, რადგან ალი ცხოვრობდა საპირისპირო მხარეს და არა იმ მხარეს, სადაც რ---–--------------ი იძახდა. მოწმის განმარტებით ამ დროს მისი მეუღლე იმყოფებოდა მეზობელთან, რომელმაც დაბრუნებისას უთხრა, რომ შენიშნა რ---–--------------ი, რომელიც დასტრიალებდა ვიღაცის სახლს. რაფიკ ბადალოვის განმარტებით, მას შემდეგ რაც მეუღლემ მიაბინავა საქონელი და დაიბანა პირი, პირსახოცის აღებისას შენიშნეს, რომ სახლი იყო არეული, შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ მათ ოთახიდან წაღებული იყო ქილა რკინის ორ ლარიანი მონეტებით, სადაც იქნებოდა დაახლოებით 3000 ლარამდე. ასევე მისმა მეუღლემ ნახა, რომ პირსახოცებში შენახული 500 აშშ დოლარიც აღარ იყო ადგილზე. რაფიკ ბადალოვმა განმარტა, რომ 500 აშშ დოლარი მას პირადად არ უნახავს, იყო მეუღლის, რომელიც აგროვებდა სახლიდან რძის ნაწარმის რეალიზაციის შედეგად.

 

ბრალდებულმა რ---–--------------მა განმარტა, რომ მან ნამდვილად შეაღწია რაფიკ ბადალოვის სახლში, საიდანაც დაეუფლა ქილაში მოთავსებულ ორ ლარიან მონეტებს, რომლებიც მთლიანობაში იყო 700 ლარი. რაც შეეხება 500 აშშ დოლარს, რ---–--------------ის განმარტებით მას აღნიშნული თანხა არ მოუპარავს რაფიკ ბადალოვის სახლიდან.

 

სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებანი დაცვის მხარის მიერ მიჩნეულ იქნა უდავოდ. 2018 წლის 7 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმე ტარიელ ო---------ის ჩვენება, 2018 წლის 12 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, 2018 წლის 27 აპრილის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ რ---–--------------ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა რაფიკ ბადალოვის ფულად თანხას 700 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს რაფიკ ბადალოვის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ რ---–--------------ი მისი სახლიდან დაეუფლა 500 აშშ დოლარს და 3000 ლარს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).

 

ბრალდების მხარეს რაიმე მტკიცებულება რ---–-- ო---------ის მიერ 500 აშშ დოლარის ფარულად დაუფლებისა სასამართლოში არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მხოლოდ დაზარალებული რაფიკ ბადალოვი, რომელმაც თავისმხრივ განმარტა, რომ მას პირადად ზემოაღნიშნული 500 აშშ დოლარი არ უნახავს, აღნიშნული ეკუთვნოდა მის მეუღლეს, რომელიც თანხას აგროვებდა სახლიდან რძის პროდუქტების რეალიზაციის შედეგად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულება საფუძვლად ვერ დაედება 500 აშშ დოლარის ქურდობის ნაწილში რ---–--------------ის ბრალდებას, რადგანაც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით. ყოველგვარი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. რაც შეეხება დაზარალებულ რაფიკ ბადალოვის ჩვენებას ქილაში არსებულ 3000 ლართან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ რ---–--------------ს ბრალად ედება 700 ლარის ფარული, მართლსაწინააღმდეგო დაუფლება აღნიშნულს ასევე ადასტურებს ბრალდებულიც, დასტურდება უდავოდ ცნობილი მოწმის რაფაილ ასატოვის ჩვენებით, რასაც იზიარებს სასამართლოც და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდატით.

 

3.2. ქმედების ჩადენა ბინაში უკანონო შეღწევით.

 

2018 წლის 7 აპრილის შემთხვევის ადგილის - რაფიკ ბადალოვის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით დგინდება რომ რაფიკ ბადალოვის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქ. მარნეულში, ხალილოვის ქუჩა N25-ში. მითითებულ მისამართზე ეზოში დგას სართულ ნახევრიანი სახლი, პირდაპირ არის ერთ სართულიანი ავტოფარეხი და სამზარეულო. სახლის აივანზე ასასვლელი არის ბეტონის კიბით. სახლს აქვს ერთფრთიანი შავი ფერის კარი, ამ კარში შესვლისას არის მისაღები ოთახი, შესასვლელი კარი და საკეტი დაზიანებული არ არის. მარჯვენა მხარეს არის საძინებელი ოთახი, სადაც დგას საწოლი, ტანსაცმლის კარადა და პატარა კარადები. რაფიკ ბადალოვის განმარტებით, ტანსაცმლის კარადის მარჯვენა მხარეს კუთხეში კედელთან იატაკზე იყო 3 ლიტრიანი დახუფული ქილა და ნახევარზე მეტი იყო ჩაყრილი რკინის 2 ლარიანები, ხოლო ტანსაცმლის კარადაში მეორე თაროზე დაწყობილ თეთრეულში იყო შენახული 500 აშშ დოლარი. ოთახში მდგარი საწოლი არის არეული. შემდეგ პირდაპირ არის შესასვლელი მეორე მისაღებ ოთახში, სადაც მარცხენა მხარეს კედელთან დგას დივანი, პირდაპირ კედელთან დგას ე.წ ,,სტენკა“, აქვს ორი ფანჯარა, მარცხენა ფანჯარა არის ღია მდგომარეობაში. რაფიკ ბადალოვის განმარტებით ქურდმა სახლში შეაღწია ღია კარიდან და გავიდა ღია ფანჯრიდან, რომელიც მანამდე იყო დაკეტილი. მარჯვენა მხარეს მეორე საძინებელ ოთახში დგას ორი საწოლი და მარჯვენა მხარეს მდგარი საწოლი არის არეული, სახლი მთლიანად არეული არ არის და არც ნივთებს ეტყობა გადაადგილების კვალი. შემთხვევის ადგილიდან კერძოდ საძინებელ ოთახში მდგარი ტანსაცმლის კარადის მარჯვენა მხარეს იატაკიდან და მეორე მისღები ოთახის ღია ფანჯრიდან კინოლოგის მიერ აღებული იქნა სუნის ნიმუში და გაშვებული იქნა სამსახურებრივი ძაღლი, რომელიც გაჰყვა სუნის ნიმუშს და მივიდა ქ. მარნეულში ივ. ბერიტაშვილის ქუჩა N15-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, რომელშიც ცხოვრობს რ---–--------------ი. აღებული სუნის ნიმუშები დალუქული იქნა შესაბამისი წესით. შემთხვევის ადგილიდან ვერ იქნა ამოღებული ხელის კვლები. ასევე ექსპერტების მიერ შესასვლელი კარის გარეთა სახელურიდან და მეორე მისაღები ოთახის ღია ფანჯრის ჩამკეტებიდან და სახელურებიდან აღებული იქნა ანაწმენდები, რომელიც დალუქული იქნა შესაბამისი წესით.

 

2018 წლის 12 აპრილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანხმად, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა მოწმე რ---–-- ო---------თან, რომელმაც დეტალურად აჩვენა თუ როგორ შევიდა რაფიკ ბადალოვის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მოიპარა ნივთები. კერძოდ, რ---–--------------ი მიუთითებს რომ იგი ცხოვრობს ივ. ბერიტაშვილის ქუჩაზე, საიდანაც იგი მთვრალი ფეხით გამოვიდა გზაჯვარედინზე და ჩავიდა მარჯვენა მხარეს თავისი მამიდაშვილის ეტიბარ სადიკოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, საიდანაც ერთ ფრთიანი რკინის ჭიშკრით არის შესასვლელი რაფიკ ბადალოვის საცხოვრებლი სახლის ეზოში. იგი აღნიშნული ჭიშკრით არ შევიდა, რადგან უნდა გაევლო რაფიკ ბადალოვის ეზოში არსებული სამზარეულო, სადაც შესაძლოა ყოფილიყვნენ მისი ოჯახის წევრები. აღნიშნულის გამო გავიდა მარცხენა მხარეს ღობის უკან და პირდაპირ ეზოში გადახტა წინა ბეტონის ღობიდან, ავიდა სახლის აივანზე, სადაც შესასვლელი რკინის კარი იყო ღია და შევიდა სახლში. შესასვლელი მისაღები ოთახიდან შევიდა მარჯვენა მხარეს მდებარე საძინებელ ოთახში, მარცხენა მხარეს კედელთან მდგარი ტანსაცმლის გარდერობის მარჯვენა მხარეს კუთხეში იატაკზე იდო სამ ლიტრიანი დახუფული ქილა, რომელშიც იყო ორ ლარიანები ჩაყრილი. შემდეგ კი შევიდა მეორე მისაღებ ოთახში და მარცხენა მხარეს მდებარე პირველი ფანჯრიდან გადავიდა სახლის გვერდით არსებულ ფარდულში, იქვე მდებარე რკინის კარით გავიდა სახლის უკანა მხარეს, ზევიდან გადახტა რკინის ბადეებზე და გავიდა რაფიკ ბადალოვის სახლის უკანა მხარეს ბაღში. შემდეგ, ავიდა ეტიბარ სადიკოვის სახლის უკანა მხარეს და გავიდა ცენტრალური ქუჩით, იგი მივიდა სახლში, სადაც არ იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები, გახსნა სამ ლიტრიანი ქილა, ფული ამოიღო და ცარიელი ქილა გადააგდო მისი სახლის წინა მხარეს წყლით გამავალ არხში. შემდეგ, კი 26 მაისის მოედანთან მარჯვენა მხარეს ვალუტის გადამცვლელი რაფაილ ასატოვის ჯიხურში გადაცვლა რკინის ორ ლარიანები ქაღალდის ფულზე, წავიდა სლოტ კლუბ ,,ბეთლაივ“-ში და წააგო რაფიკ ბადალოვის სახლიდან მოპარული ფული.

 

2018 წლის 27 აპრილის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N46/22-320 დასკვნის თანახმად, 2018 წლის 7 აპრილს, ქ. მარნეულში ჰ.ხალილოვის ქუჩა N25-ში მდებარე რაფიკ ბადალოვის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია მოწმე რ---–-- ო---------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა.

 

სასაასამარლო განმარტავს, რომ უკანონო შეღწევაში იგულისხმება არა მხოლოდ კონკრეტულად დაკეტილი სივრცის გადალახვა, ასევე როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს რომ სამართლებრივად არ აქვს უფლება კონკრეტულ სივრცეში შესვლის, თუმცა იგი განზრახ სჩადის ამას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ ბრალდებულმა რ---–--------------მა მესაკუთრის ყოველგვარი ნებართვის გარეშე უკანონოდ შეაღწია რაფიკ ბადალოვის სახლში.

 

3.3. მნიშვნელოვანი ზიანი:

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული რაფიკ ბადალოვის ჩვენებით, ბრალდებულ რ---–--------------ის აღირებითი ჩვენებით ირკვევა, რომ რომვშან ო---------ი რაფიკ ბადალოვის ბინიდან დაეუფლა ფულად თანხას 700 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად დანაშაული საკითრების წინააღმდეგ- თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღებულება 150 ლარს ზევით.

 

3.4. ქმედების ჩადენა იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 ივნისის განაჩენით, რ---–--------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საიდანაც 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად. ასევე დამატებით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარი ოდენობით.

 

ბოლნისის რაიონული სასმართლოს 2010 წლის 30 მარტის განაჩენით, რ---–-- ო---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის და 3 თვის ვადით.

 

2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით რ---–--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ია 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-63-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი) წელი. მას სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 12 ოქტომბრიდან 2017 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.

 

დადგენილია, რომ ზემოთ აღნიშნულ განაჩენებზე რ---–--------------ს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.

 

შესაბამისად დგინდება, რომ რ---–--------------ი ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენამდე ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ქონების ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ---–--------------მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.2.გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

4.3. აღნიშნულ საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ რ---–--------------მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი .

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე ვადით, სასამართლომ შეაფასა ბრალდებულის პიროვნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, ასევე მართლსაწინააღმდეგო შედეგი (დაზარალებულისათვის ზიანი არ არის ანაზღაურებული, ბრალდებული ასევე ნასამართლევია ოჯახური დანაშაულისათვის), ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ რ---–--------------ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრუ და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ რ---–--------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რ---–--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს რ---–--------------ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიექცეს აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის 11 თვის და 15 დღის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით რ---–--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.

 

რ---–--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 01 აგვისტოდან.

 

რ---–--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე