გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.12.2018
საქმის ნომერი
080310016001491884
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქ
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310016001491884

№3/1765-2016

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე

 

მოსარჩელე - კ----------ე

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ა--------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 20 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის N 171290 ოქმი;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 20 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის N 171291 ოქმი;

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს N23189 ბრძანება.

 

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე კ----------ის ოჯახი შედგება რვა წევრისაგან (თავად კ----------ე, მეუღლე მ-----------–--ე, შვილები: მ------------ე, ს--–-----------ე, თ------------ე, ა--------------------------ე და მოხუცი მშობლები), რომლებიც ცხოვრობენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ------ში. 2016 წლის 20 ივნისს კ----------ე და მისი მეუღლე იმყოფებოდა ლილოს ბაზრობაზე, რათა მათი ოჯახისათვის შეეძინათ საოჯახო ნივთები. ვინაიდან ისინი ცხოვრობენ ერთად მათი ყოველდღიური არსებობისათვის საჭიროა ძალიან ბევრი საოჯახო ნივთი (საოჯახო ტექნიკა, თეთრეული, ტანსაცმელი და სხვა) 2016 წლის 20 ივნისს როდესაც კ----------ე და მისი მეუღლე ბრუნდებოდა სახლში ქ. თბილისი - კახეთის გზატკეცილზე გააჩერეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და მიიჩნიეს, რომ კ----------ე ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რის გამოც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 20 ივნისს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის N171290 ოქმი.

 

აღნიშნული ოქმის თანახმად, 2016 წლის 20 ივნისს, 16:20 საათზე გადამოწმდა ტოიოტას მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S--------. გადამოწმებისას დადგინდა, რომ ფიზიკური პირი კ----------ე (პ/ნ 56001003---) ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით, რაც წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და კახა ბერიძეს ჯარიმის სახით დაეკისრა 500 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 20 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის N 171290 ოქმი (იხ. ს.ფ. 15).

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 20 ივნისს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის N171291 ოქმი.

 

აღნიშნული ოქმის თანახმად, 2016 წლის 20 ივნისს, 16:40 საათზე გადამოწმდა ტოიოტას მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით S--------. გადამომწებისას დადგინდა, რომ ფიზიკური პირი კ----------ე (პ/ნ 56001003---) ახდენდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილ 1500 ლარის ღირებულების საქონლის (საოჯახო ტექნიკა, თეთრეული, ტანსაცმელი) ტრანსპორტირებას საქონლის ზედნადების გარეშე, რაც წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და კახა ბერიძეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმის სახით დაეკისრა 500 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 20 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის N 171291 ოქმი (იხ. ს.ფ. 16).

 

3.1.3. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2016 წლის 04 აგვისტოს (ოქმი N77) გამართულ სხდომაზე განიხილა ფ/პ კ----------ის (პ/ნ 56001003---) 2016 წლის 12 აგვისტოს საჩივარი - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 20 ივნისის N171290 და N171291 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების და მათ საფუძველზე დაკისრებული სანქციების გაუქმების თაობაზე და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს N23189 ბრძანებით - ფ/პ „კ----------ის“ (ს/ნ 56001003---) 2016 წლის 06 ივლისის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს N23189 ბრძანება (იხ. ს.ფ. 17-18).

 

3.1.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 25 აგვისტოს მონაცემებით კ----------ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საიდენტიფიკაციო კოდით 051109900036. ოჯახის სარეიტინგო ქულას წარმოადგენს 49160.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 25 აგვისტოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. (იხ. ს.ფ. 24)

 

3.1.5. დადგენილია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარის სამედიცინო დაწესებულების 2015 წლის 10 აგვისტოს N0276879 ცნობის თანახმად, კ----------ე არის შრომისუუნარო - მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობების მქონე, რაც დამოკიდებულია სამხედრო მოვალეობის შესრულების მიღებულ ტრავმასთან. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი - უვადოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარის სამედიცინო დაწესებულების 2015 წლის 10 აგვისტოს N0276879 ცნობა (იხ. ს.ფ. 25)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ „ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №ბს-1635-1589(კ-08)).

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ადგილი არ ჰქონია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, ვინაიდან მის მიერ ტრანსპორტირებული ნივთები განკუთვნილი იყო პირადი საჭიროებისათვის და არა სამეწარმეო საქმიანობისთვის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, მე-9, 43-ე, 136-ე, 269-ე, 273-ე, 286-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი, ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 20 ივნისის N171290 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 20 ივნისის №171291 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს N23189 ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

6.2. (სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქციით) საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-222-219 (კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საგადასახადო პასუხისმგებლობას გააჩნია სამი საფუძველი: 1. ფორმალური (ნორმატიული), ე.ი. მისი მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების სისტემა, რომლებიც ადგენენ საგადასახადო სამართალდარღვევათა შემადგენლობებს, სამართალდაცვითი ურთიერთობის მონაწილეთა უფლებებს და ვალდებულებებს, განსაზღვრავენ საგადასახადო პასუხისმგებლობის პრინციპებს, გამოყენების წესს და პროცესუალურ ფორმას; 2. ფაქტობრივი, ე.ი. საგადასახადო სამართლის კონკრეტული სუბიექტის ქმედება, რომელიც არღვევს პასუხისმგებლობის ზომებით დაცულ სამართლებრივ ნორმებს; 3. პროცესუალური, ე.ი. უფლებამოსილი ორგანოს აქტი (გადაწყვეტილება) კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციის დაკისრების შესახებ.

 

საგადასახადო პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ აღნიშნული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საფუძვლები მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით უნდა წარმოიშვას. აუცილებელია, არსებობდეს ვალდებულების დამდგენი ნორმა და სანქცია მისი შეუსრულებლობისათვის. შემდეგ უნდა წარმოიშვას ფაქტობრივი საფუძველი – საგადასახადო სამართალდარღვევა. ნორმისა და საგადასახადო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი სუბიექტი, კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრავს საგადასახადო სანქციას საგადასახადო სამართალდარღვევისათვის“.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

 

სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს ასევე, ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა. ამავე მუხლით განსაზღვრულია, რომ დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს; ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში; გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს (72-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებული არიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას), გარდა იმ პირებისა, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

 

ამდენად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციას სავალდებულო ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირი აპირებს განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს, რომელიც უნდა იყოს ასეთად რეგისტრირებული კანონით დადგენილი წესით.

 

საგადასახადო კანონმდებლობა განმარტავს ეკონომიკური საქმიანობის ცნებას. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამეწარმეო საქმიანობის არსს განსაზღვრავს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე განმარტავს, რომ ქმედების კვალიფიკაცია, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ აღრიცხვის წესების დარღვევით განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, საჭიროებს უპირველესად თავად განხორციელებული ფაქტის დადგენას, რეალურად განხორციელდა თუ არა ოპერაცია, რომელიც შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობად. დადგენის შემთხვევაში გამოკვლეულ უნდა იქნეს განხორციელებული ოპერაციის მიზანი, კერძოდ იგი განხორციელებულია თუ არა მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღების მიზნით. მხოლოდ აღნიშნულის დადგენის შემთხვევაში არის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევის საფუძველზე, განუსაზღვროს პირს ჯარიმა კანონით დადგენილი ოდენობით. საქართველოს უზენასი სასამართლოს განმარტების თანახმად (საქმე Nბს-205-203 (კ-14) 2014 წლის 23 სექტემბერი), ,,საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ეკონომიკური საქმიანობა, როგორც შემოსავლების მიღების მიზნით წარმოებული პროცესი, შეიძლება სულაც არ უკავშირდებოდეს მოგების მიზანს. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დროს მთავარია მიზანი, რომ რაიმე საქმიანობა ანუ რაიმეს შესყიდვა განხორციელდეს მოგების მისაღებად, შესაბამისად, კვალიფიკაციის მოხდენისას უნდა დადგინდეს სწორედ საქმიანობის მიზანი. რაიმე საქონლის შეძენა შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს ეკონომიკურ საქმიანობად, რამდენადაც შეძენას ფართო დატვირთვა აქვს, იგი სხვადასხვა მიზნებით და საჭიროებებით არის განპირობებული“.

 

მითითებული ნორმების განმარტება ცხადყოფს, რომ სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობაა, რომლის განხორციელება უკავშირდება მოგების მიზანს, ეკონომიკური საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელების მიზანს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება წარმოადგენს. ამასთან, ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას კოდექსი აწესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხდება სამეწარმეო საქმიანობისთვის, ანუ არაერთჯერადი, მოგების მიღების მიზნით ტრანსპორტირებული საქონლისთვის.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 20 ივნისს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ გადამოწმებული იქნა ავტო/სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით N SS - 494 –BB და დადგინდა, რომ ფიზიკური პირი კახა ბერიძე ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რაზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N171290 და გადამხდელს სსკ-ის 273-ე მუხლის თანახმად სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

ასევე დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ გამოვლენილი იქნა, რომ კ----------ე ახდენდა 1500 ლარის ღირებულების საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რის გამოც შედგენილი იქნა N171291 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, ფ/პ კ----------ეს დაეკისრა სსკ-ის 286 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - 500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო, ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 72-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 286-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება სამართალდარღვევას მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუ აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობისთვის.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაში საქმეზე №ბს-205-203(კ-14) საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის განმარტების შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სასაქონლო ზედნადები უნდა გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიმღები (მყიდველი) პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მიღებული საქონლის შემდგომი რეალიზაციით იგი ნახულობს მოგებას ან იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიმცემი (გამყიდველი) მის მიერ დაქირავებული თანამშრომლის, დისტრიბუტორის მეშვეობით ახორციელებს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებას, ე.ი. გამყიდველი (მეწარმე) ყველა შემთხვევაში არ არის ვალდებული - გამოწეროს სასაქონლო ზედნადები, მას ამგვარი ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი წარუდგენს მეწარმის დამადასტურებელ დოკუმენტს. ზედნადების ქონის ვალდებულება გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიმღები (მყიდველი) პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მიღებული საქონლის შემდგომი რეალიზაციით იგი ნახულობს მოგებას.

 

6.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ კ----------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საოჯახო ნივთების (თეთრეული, საბნები, ბალიშები და უთოები) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

სასამართლო მიუთითებს სადავო მუხლის დისპოზიციაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევას წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება. ამდენად, მუხლის მიზნებისთვის განმსაზღვრელია საქონლის სამეწარმეო საქმიანობისთვის კუთვნილება. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ’’ ინსტრუქციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტავს, რომ სასაქონლო ზედნადების შევსების მიზანია გადასახადის გადამხდელის შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა. ამდენად, საგადასახადო მიზნებისთვის საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებათა შესრულებისაგან თავის არიდების საფუძველი, როდესაც საქონელი განკუთვნილია სამეწარმეო საქმიანობისთვის. მეწარმე სუბიექტების მიერ განხორციელებული ყველა ქმედება შეიძლება, არ წარმოადგენდეს მოგების მიღების მიზნით განხორციელებულს. ფიზიკური პირები ყოველდღიურად უამრავ სხვადასხვა გარიგებას დებენ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მათი ნებისმიერი მოქმედება არ უნდა იქნას მიჩნეული სამეწარმეო მიზნებისთვის განხორციელებულად, არამედ აღნიშნული მხოლოდ მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა დადგინდეს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს ახსნა-განმარტებით მისი ოჯახი არის სოციალურად დაუცველი. მათი გადაწყვეტილება, გამგზავრებულიყვნენ ლილოს ბაზრობაზე, რათა ეყიდათ საოჯახო ნივთები, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ არსებობდა შესაძლებლობა საყოფაცხოვრებო ნივთები შეეძინათ მნიშვნელოვნად იაფად. მოსარჩელის ოჯახი (რაც დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით) შედგება რვა წევრისაგან - თავად კ----------ე, მეუღლე მ-----------–--ე, შვილები: მ------------ე, ს--–-----------ე, თ------------ე, ა--------------------------ე და მშობლები, რაც ნიშნავ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ ესაჭიროებათ უამრავი საოჯახო ნივთი, რომლის შეძენის მიზნით ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში აგროვებდა ფულად თანხას. კ----------ემ ასევე განმარტა, რომ შეძენილი უთოების რაოდენობა განპირობებული იყო მათი დაბალი ღირებულებით, რის გამოც მან ორი უთო შეიძინა პირადი მოხმარებისათვის, ასევე საჩუქრად მიჰქონდა მეუღლის ნათესავებისათვის.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და ნორმატიული აქტების განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ შესყიდული საოჯახო ნივთები მის სამეწარმეო საქმიანობასთან არ იყო დაკავშირებული, ვინაიდან მისი ოჯახი შედგება რვა წევრისაგან და შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც წარმოადგენს სოციუმის, საზოგადოების წევრს საჭიროებს ყოველდღიური მოხმარების ელემენტარულ საყოფაცხოვრებო ნივთებს. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოების საწინააღმდეგო არგუმენტაციას (მტკიცებას) წარმოადგენს მხოლოდ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების შემდგენის მიერ ავტომანქანაში განთავსებულ ნივთების ვიზუალური დათვალიერების შედეგად ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომელიც აისახა სადავო ოქმების გამოცემით.

 

ამრიგად, სასამართლოს მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში, ადასტურებს, რომ კ----------ეს არასამეწარმეო (პირადი) მიზნებისთვის სურდა საოჯახო ნივთების (თეთრეული, საბნები, ბალიშები, უთო) გამოყენება.

 

6.5. სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით, სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნას ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად. ამდენად, სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-48-43(2კ-13)).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „საგადასახადო სამსახურების მოხელეთა უფლებამოსილება - გამოავლინონ სამეწარმეო საქმიანობის მიზნის მქონე შემძენი პირები, იმთავითვე მოიცავს ვალდებულებას - ზუსტად გამიჯნონ შემთხვევები, პირი საქონლის შეძენას ახორციელებს პირადი საჭიროებისთვის თუ მოგების მიღების მიზნით. ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირების სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის აქტიურობის ხარისხი არ იძლევა იმის მტკიცების წინაპირობას, რომ ისინი უსათუოდ მოგების მიღების მიზნით მოქმედებენ“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-205-203(კ-14)). განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კ----------ის მიერ ტრანსპორტირებული საქონელი განკუთვნილი იყო სამეწარმეო საქმიანობისთვის, რაც იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდარღვევის ოქმი მისი ადრესატის მიმართ იწვევს საკმაოდ მძიმე ფინანსურ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საჭიროებს მეტ დასაბუთებულობისა და შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოსარჩელე კონკრეტული საქონლის ტრანსპორტირებას ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის და მის მიერ ადგილი ჰქონდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამება კანონს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

 

საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლითაც დასტურდება რომ მოსარჩელე კ----------ე არის სოციალურად დაუცველი, ირიცხება სოციალურად დაუცველთა სიაში და იღებს შესაბამის შემწეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. კ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 20 ივნისის №171290 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 20 ივნისის №171291 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 აგვისტოს N23189 ბრძანება.

 

5. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი