გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002745442
საქმე № 3/749-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ნინო გიორგაძე
მოსარჩელე - ლ----- ლ-----ე
მოპასუხე - სსიპ ქალაქ ქუთაისის №24 საჯარო სკოლა
მოპასუხის წარმომადგენელი - მ---------------------------------------–---------------ე
მესამე პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარებიის სააგენტო
მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებული იქნეს ლ----- ლ-----ის მიერ 2004-2006 წლებში, ქუთაისის ელტექნიკისა და კავშირგაბმულობის ლიცეუმში (დღევანდელი სსიპ ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღებისა და მასზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის - ატესტატის გაცემის ფაქტი.
მოსარჩელეს განმარტებით, იგი სწავლობდა 2004-2006 წლებში ქუთაისის ელტექნიკისა და კავშირგაბმულობის ლიცეუმში (ამჟამად სსიპ ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლა), რომლის დასრულების შემდეგ, მის სახელზე გაიცა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - ატესტატის დუბლიკატი. მოსარჩელე განმარტავს, რომ შრომითი საქმიანობის მიზნებისათვის სჭირდება ატესტატი, რომელიც განადგურდა ქუთაისის ელტექნიკისა და კავშირგაბმულობის ლიცეუმის სამართალმემკვიდრის ქალაქ ქუთაისის N48 საჯარო სკოლის (ქუთაისის N48 საჯარო სკოლის სამართალმემკვიდრე 2010 წლიდან არის ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლა) დოკუმენტაციის განადგურების გამო. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქუთაისის ელტექნიკისა და კავშირგაბმულობის ლიცეუმის მიერ გაცემულ ატესტატში არასწორად იქნა მითითებული ლ----- ლ-----ის დაბადების თარიღი კერძოდ, ნაცვლად 20.02.1989 წლისა მითითებული იქნა 16.11.1986. იმის გამო, რომ დღეის მდგომარეობით გაუქმებულია ქუთაისის ელტექნიკისა და კავშირგაბმულობის ლიცეუმი და განადგურებულია დოკუმენტაცია, ლ----- ლ-----ეს არ აქვს ატესტატი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ინფორმაციის მიღების მიზნით მან მიმართა სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივის ქუთაისის ცენტრალურ არქივს, რომელმაც 2018 წლის 23 აგვისტოს გასცა საარქივო ცნობა (N AA2018022117-03), რომლის თანახმად ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული ქუთაისის ელტექნიკისა და კავშირგაბმულობის ლიცეუმის საშუალო ატესტატების გაცემის წიგნით დასტურდება, 2006 წელს ლ----- ლაღიძის მიერ აღნიშნული ლიცეუმის დამთავრებისა და ატესტატის მიღების (ატესტატი (N007321) ფაქტი.
მოსარჩელე ლ---- ლ-----ემ 2018 წლის 24 აგვისტოს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 07 სექტემბრის N17/734/გ გადაწყვეტილებით ლ---- ლ-----ეს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და წარმოადგინა ანბანური ჟურნალი, სადაც მე-17 გრაფაში მითითებულია ლ----- გ-------ს ძე ლ-----ე დაბადების თარიღი: 20.02.1989 წელი. ლ----- ლ-----ის სახელზე ასევე გაცმულია 2001 წლის 25 ივნისს N0021401 დაწყებითი განათლების მოწმობა, რომლის თანახმადაც მან დაამთავრა 24-ე საჯარო სკოლის ექვსი კლასი.
2.2. მესამე პირის პოზიცია
2.2.1. მესამე პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი 2018 წლის 25 დეკემბერს დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადებულა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაგებელით ირკვევა, რომ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში სააგენტო ან მისის ტერიტორიული სამსახური არ შეიძლება იყო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ, რადგანაც განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმირებას ახდენს კონკრეტული სკოლა და შესაბამისი მონაცემები ფორმირდება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. მონაცემთა ელექტრონული ბაზის ფორმირებას ახდენს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში - საინფორმაციო სისტემა), ხოლო ამის შემდეგ ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით გასცემს განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
2.2.3. მესამე პირის - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელი 2018 წლის 25 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ წარმოდგენილი შესაგებელში აღნიშნა, რომ სსიპ ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლის 2018 წლის 27 აგვისტოს N1045646 კორესპონდენციის თანახმად, ლიცეუმის სამართალმემკვიდრე გახდა ქ. ქუთაისის N48 საშუალო სკოლა, რომლის დოკუმენტაციაც ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა 2007 წელს. ამავე წერილიდან ირკვევა, რომ სსიპ ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლა თავის მხრივ წარმოადგენს სსიპ ქალაქ ქუთაისის N48 საჯარო სკოლის სამართალმემკვიდრეს 2010 წლიდან. არქივის 2018 წლის 04 სექტემბრის N13/119154 წერილით (მართვის სისტემაში რეგისტრაციის N1071650; 06/09/2018) კი წარმოდგენილი იქნა, ლიცეუმის საშუალო განათლების სერტიფიკატების გაცემის წიგნი. ამავე კორესპონდენციის თანახმად, ლიცეუმის 2006 წლის პედაგოგიური საბჭოსა და სხვათა გადაწყვეტილებები და ოქმები ქუთაისის ცენტრალურ არქივში არ არის დაცული, ხოლო 2006 წლის ბრძანების წიგნში ბრძანება და მოსწავლეთა მიერ სასწავლებლის დამთავრების შესახებ არ არის რეგისტრირებული. ვინაიდან მართვის სისტემის მიერ ვერ მოხერხდა ლ---- ლაღიძის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, აღნიშნულის შესახებ 2018 წლის 05 სექტემბერს N1084358 წერილით ეცნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქალაქ ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის 2018 წლის 27 აგვისტოს NMES 4 18 01045646 წერილით ირკვევა, რომ ქუთაისის ელტექნიკისა და კავშირგაბმულობის ლიცეუმი შეუერთდა ქ. ქუთაისის N48 საჯარო სკოლას. 2007 წლის ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა ქ. ქუთაისის N48 საჯარო სკოლის დოკუმენტაცია. 2010 წლიდან სსიპ - ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლა, წარმოადგენს სსიპ - ქალაქ ქუთაისის N48 საჯარო სკოლის სამართალმემკვიდრეს, მაგრამ 2007 წლის და მანამდელი დოკუმენტაცია სკოლაში არ ინახება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის 2018 წლის 27 აგვისტოს NMES 4 18 01045646 წერილი (იხ. ს.ფ. 53).
3.1.2. საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 03 სექტემბრის N13/119154 წერილით ირკვევა, რომ ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული ქუთაისის ელტექნიკისა და კავშირგაბმულობის ლიცეუმის საშუალო განათლების სერტიფიკატების გაცემის წიგნით დასტურდება 2006 წელს ლ---- ლ-----ის (დოკუმენტში მამის სახელი არ არის რეგისტრირებული) მიერ აღნიშნული ლიცეუმის დამთავრებისა და მასზე ატესტატის (ატესტატი N007321) გაცემის ფაქტი. ქუთაისის ელტექნიკისა და კავშირგაბმულობის ლიცეუმის 2006 წლის პედაგოგიური საბჭოსა და სხვათა გადაწყვეტილებები ოქმები ქუთაისის ცენტრალურ არქივში არ არის დაცული, ხოლო 2006 წლის ბრძანების წიგნში ბრძანება მოსწავლეთა მიერ სასწავლებლის დამთავრების შესახებ არ არის რეგისტრირებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 03 სექტემბრის N13/119154 წერილი (იხ. ს.ფ. 49-51).
3.1.3. დადგენილია, რომ 24 სკოლის დირექტორის 1995 წლის 01 სექტემბრის ბრძანების თანახმად, მშობელთა განცხადებისა და წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე ლ----- ლ-----ე გ-------ს ძე ჩარიცხულ იქნა I კლასში.
დადგენილია, რომ 2004 წლის 01 ივნისს შედგა ქუთაისის N24-ე საბაზო სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომა, სადაც მითითებულია, რომ 1-2 წლიური ნიშნების საფუძველზე, საბაზო განათლების საფეხური დაამთავრა 43 აღსაზრდელმა და გადავიდა მომდევნო კლასში, მათ შორის იყო 30 ნომრად მითითებული ლ----- ლ-----ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N24 სკოლის დირექტორის 1995 წლის 01 სექტემბრის ბრძანება (ი.ხ.ს.ფ 97).
- 2004 წლის 01 ივნისის ქუთაისის 24-ე საბაზო სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმი (იხ. ს.ფ. 95-96).
3.1.4. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისის N24 საშუალო სკოლის 2004 წლის 06 ოქტომბრის N45 ბრძანების თანახმად, „მოსწავლეთა მიღებისა და სიიდან ამოყვანის შესახებ წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე ამოყვანილ იქნა მოსწავლეთა სიიდან მეორე ნომრად მითითებული ლ----- ლ-----ე მე-10 კლასი, ქალაქის ელექტრონიკისა და კავშირგაბმულობის ლიცეუმში სწავლის გაგრძელების გამო.
საქმეში წარმოდგენილი მოსწავლეთა ანბანური ჟურნალის ასლის შესაბამისად, N17 მითითებულია ლაღიძე ლ---- გ-------ს ძე, დაბადების წელი და თვე - 20.02.1989; სკოლაში შესვლის თარიღი - 01.09.1995 წელი, I კლასი. ამავე ანბანური ჟურნალის ასლის თანახმად, წასვლის თარიღია - 06.10.2004, X კლასი, წასვლაზე ბრძანების ნომერის - 45, სად წავიდა - ქუთაისის ელტექნიკისა და კავშირგაბმულობის ლიცეუმი. (წასვლის მიზეზი - ოჯახური მდგომარეობის გამო).
2001 წლის 25 ივნისის დაწყებითი განათლების მოწმობის თანახმად, ლ---- ლაღიძემ, დაბადებული 1989 წელს, 2001 წელს დაამთავრა ქუთაისის 24-ე ზ/ს სკოლის ექვსი კლასი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქ. ქუთაისის N24 საშუალო სკოლის 2004 წლის 06 ოქტომბრის N45 ბრძანება (იხ.სფ 83).
- მოსწავლეთა ანბანური ჟურნალი.
- 2001 წლის 25 ივნისის დაწყებითი განათლების მოწმობა.
3.1.5. დადგენილია, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს N 5000396496 განცხადებით მიმართა ლ----- ლ-----ემ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრს და სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემა მოითხოვა.
2018 წლის 07 სექტემბრის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს N17/734გ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ---- ლ-----ის 2018 წლის 24 აგვისტოს N 5000396495 განცხადება და უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 07 სექტემბრის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს N17/734გ გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 19-20);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ----- ლ-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მოპასუხე სსიპ ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლის წარმომადგენელებმა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლო სხდომაზე, სარჩელი ცნო. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული წარმოებისას სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სარჩელის ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება, ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით, უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - სწავლების შედეგად ლ---- ლ-----ემ მიიღო სრული ზოგადი განათლება, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტები.
საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
ამდენად, იმის გამო, რომ მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზების შესაძლებლობა ეჭვქვეშ დგება, აღნიშნულის თავიდან აცილება უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დასტურდება, რომ მოსარჩელე ლ---- ლ-----ემ (დაბ. 20.02.1989წ.) 2004-2006 სასწავლო წელს დაძლია სრული ზოგადი განათლების საგანმანათლებლო პროგრამა და 2006 წელს მასზე გაცემულია ატესტატი - №007321.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ----- ლ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებული იქნეს ლ----- ლ-----ის (20.02.1989წ) მიერ 2004-2006 წლებში, ქუთაისის ელტექნიკისა და კავშირგაბმულობის ლიცეუმში (დღევანდელი სსიპ ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღებისა და მასზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის - ატესტატის გაცემის ფაქტი.
3. ლ----- ლ-----ეს დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე 2018 წლის 03 დეკემბერს "საქართველოს ბანკის" მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (საგადასახდო დავალება №5, ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი, ”სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300183150);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი