განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160141318002285499
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
#1/29-18 21 დეკემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031040118001)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - დიანა ქოჩორაშვილი, თამთა როყვა,ნათია მიქელაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი სახიაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ნანი აბრამიშვილი
ბრალდებული: ა-–----–- კ------ი
მამის სახელი: ჰუსეინ
დაბადებული: 1975 წლის 18 ივნისი
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მარნეული, მამედოვის ქ. N16
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 30 იანვრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ ა-–----–- კ------ს ბრალად ედება, რომ ჩიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 4 იანვარს დაახლოებით 01:25 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარში, თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების დროს ა-–----–- კ------მა ჯერ ფეხი დაარტყა სხეულის არეში, ხოლო შემდეგ მინის ვაზა თავში ჩაარტყა თავის მეუღლეს სოლმაზ კ------ას, რომელმაც მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ა-–----–- კ------ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, შესაბამისად იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა დაზარალებული სოლმაზ კ------ა, რომელმაც განმარტა, რომ არის ა-–----–- კ------ის მეუღლე.
შესაბამისად ა-–----–- კ------ი და სოლმაზ კ------ი არიან ერთი ოჯახის წევრები.
დაზარალებულმა სოლმაზ კ------ამ (ბრალდებულის მეუღლე), მოწმე თელი კ------ამ (ბრალდებულის დედა) და მოწმე ელჩინ კ------მა (ბრალდებულის შვილი) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადეს სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე.
2018 წლის 4 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილი მდებარეობს მარნეულის რაიონის სოფელ ჯანდარში, ა-–----–- კ------ის საცხოვრებელ სახლში. საცხოვრებელ სახლში შევდივართ ორფრთიანი რკინის კარით, სახლი არის ერთსართულიანი, აქვს აივანი, სადაც ავდივართ კიბით, მარჯვნივ კარით შევდივართ სახლში, მისაღებ ოთახში, სადაც დგას შუშის მაგიდა, პირდაპირ და ხელმარჯვნივ არსებული კარებებით შევდივართ საძინებლებში, მისაღებ ოთახში არსებულ დივანზე და სავარძლებზე შეინიშნება მინის ნამსხვრევები, სავარაუდოდ ვაზის ნამსხვრევები, რომლებიც ამოღებულ იქნა ექსპერტ კრიმინალისტების მიერ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებას ესწრებოდნენ ექსპერტები გიგლა უნგიაძე და დავით გოცაძე, თარჯიმანი ვასილ პარაბაშოვი. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგენილ იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ბეთქილ გერლიანის მიერ.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ბეთქილ გერლიანის მიმართვა შპს ,,ავერსის კლინიკისადმი“. მიმართვის თანახმად კლინიკიდან გამოთხოვილია სოლმაზ კ------ას ავადმყოფობის ისტორია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ბეთქილ გერლიანი. მან განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოკითხა დაზარალებული სოლმაზ კ------ა ავერსის კლინიკაში, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ ჩაარტყა ვაზა. ასევე განმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.
სასამართლო სხდომაზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ ხათუნა ბარბაქაძე და დავით ბოჭოიძე. ხათუნა ბარბაქაძემ განმარტა, რომ მან აღნიშნულ საქმესთან დაკავშრებით დაკითხა არასრულწლოვანი ელჩინ კ------ი, დაადასტურა, რომ გავლილი აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ სპეციალური კურსი. ასევე განმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
დაკითხვისას დავით ბოჭოიძემ განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში, აღნიშნულ საქმეთან დაკავშირებით ბრალდებულს წარუდგინა თავდაპირველი ბრალი და გადასცა მტკიცებულებანი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა CD დისკი, სადაც შენახული იყო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები. ფოტოსურათებზე აღბეჭდილი იყო ა-–----–- კ------ის საცხოვრებელი სახლი, მისაღები ოთახი, სადაც იატაკზე და სავარძელზე შეინიშნებოდა მინის ნამსხვრევები.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა მინის ნამსხვრევები, რადგანაც დაცვის მხარის მიერ მიჩნეულ იქნა უდავოდ.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 29 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის N000564618 დასკვნის თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით სოლმაზ კ------ა 04.01.2018 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით სტაციონალურად მკურნალობდა 04.01.2018 წლიდან 05.01.2018 წლამდე და დაუდგინდა: თავის ტვინის შერყევა, ნახეთქი ჭრილობა თხემ-კეფის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი გიორგი ოქრუაშვილი. მან დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მას დაზარალებული პირადად შემოწმებული არ ჰყავდა და დასკვნა გასცა სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე.
საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესების ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები ,,ამ კოდექსის“- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. მტკიცებულების უტყუარობა პირველ რიგში უკავშირდება, მისი მოპოვების ხერხის კანონიერებას. კონსტიტუციით დადგენილ ღირებულებათა სისტემა მოითხოვს მართლმსაჯულების განხორციელებას პიროვნული თავისუფლების და ადამიანის ღირსების პატივისცემით, კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი ხერხითა და საშუალებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის სამართალწარმოების და მტკიცებულებათა მოპოვების წესის მკაცრი საკნონმდებლო რეგულირების გარეშე იქმნება სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის საფრთხე. შესაბამისად სასამართლო განმარტავს, რომ გამოძიებისას მტკიცებულებათა მოპოვებისას დაცულ უნდა იქნეს არა მარტო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთოვნები, არამედ სხვა კანონმდებლობაც, რომელთა განხორციელების მეშვეობითაც ხდება მტკიცებულების მოპოვება. ერთ-ერთი მათგანის არსებითი დარღვევა კი მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობის და არგაზიარების უპირობო საფუძველია. შესაბამისად თუ მტკიცებულების მოპოვებისას დაცულია სხვა კანონმდებლობით დადგენილი რეგულაცია და გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, მსგავსი მტკიცებულება საფუძვლად ვერ დაედება პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ მტკიცებულებათა უკანონოდ მოპოვება არ შეიძლება იქნეს გამართლებული ყველაზე მძიმე კატეგორიის დანაშაულში პირის მხილების ან/და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების სირთულეებითაც კი. წინააღმდეგ შემთხევაში მართლმსაჯულების განხორციელება გასცდება კანონის ჩარჩოებს და გადაიქცევა შეუზღუდავი ძალაუფლების იარაღად, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის პიროვნული თვისუფლების აღიარების კონსტიტუციურ სტანდარტს.
საქმის მასალების თანახმად გამომძიებელმა ბეთქილ გერლიანმა დაზარალებულ სოლმაზ კ------ას სამედიცინო დოკუმენტაცია მოიპოვა კანონით გათვალისწინებული წესის დარღვევით. კანონით დადგენილია სამედიცინო დოკუმენტაციის მოპოვება ან დაზარალებულის თანხმობით ან სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე. საქმის მასალებში კი არც ერთი მათგანი ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი. ასევე საქმის მასალებით და ექსპერტ გიორგი ოქრუაშვილის დაკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გასცა სოლმაზ კ------ას სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე და მას პირადად სოლმაზ კ------ა არ შეუმოწმებია. თანახმად საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლისა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საფუძვლად ვერ დაუდებს ა-–----–- კ------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც არ არის პირდაპირი, სასამართლო აფასებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდება ა-–----–- კ------ის მიერ სოლმაზ კ------ას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
4. სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაწესებულია მტკიცებულების შეფასების წესი, რომლის თანახმადაც მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ა-–----–- კ------ის დამნაშავედ ცნობისათვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, ბრალდებული ა-–----–- კ------ი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-–----–- კ------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
ა-–----–- კ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და 2018 წლის 5 იანვარს ზაურ კარამოვის (პ/ნ28001008553) მიერ გადახდილი გირაოს თანხა 7000(შვიდი ათასი) ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ა-–----–- კ------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
CD - დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე