გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/955-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - შპს „ა----------–----ა”
წარმომადგენელი - თ--------------ე, ნ---------–-------ა
მოსარჩელე - შპს „მ-----–--ა“
წარმომადგენელი - თ------------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს მთავრობა
წარმომადგენელი - ლ--–-------------–---–ი
მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ბ-------------ა
მესამე პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ-–-----------ე, ა------–-----–--ე
დავის საგანი - ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის N134 დადგენილება "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, სრულად.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის N134 დადგენილება "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის ნაწილში 2017 წლის 07 თებერვლის მდგომარეობით.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის N51 დადგენილება "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, საჯარიმო სანქციის ოდენობის ნაწილში, მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის "ა" ქვეპუნქტი ,,თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე: ბენეფიციარის რეგისტრაციის (მ.შ., მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების) წესების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციების ოდენობა ანაზღაურებულ შემთხვევებზე განისაზღვრება ამ ბენეფიციარზე დარღვევით რეგისტრაციის მთელ პერიოდში ანაზღაურებული თანხის ორმაგი ოდენობით; ხოლო ასანაზღაურებელი შემთხვევების დროს − პროგრამით გათვალისწინებული თანხის ორმაგი ოდენობით’’;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3.2. მესამე პირის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სარჩელს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 21 თებერვალს მიღებული იქნა N36 დადგენილება ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’. აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა.“ აღნიშნული პროგრამის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის რედაქცია 2013 წლის 21 თებერვლის მდგომარებით იყო შემდეგი სახით - "თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), რევიზიისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის 0,5%-ით, მაგრამ არაუმეტეს თვეში ჯამურად 3,000 ლარისა."
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი.
- ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 21 თებერვალს მიღებული იქნა N36 დადგენილება (2013 წლის 21 თებერვლის რედაქცია).
4.1.2. 2014 წლის 07 თებერვალს საქართველოს მთავრობის N134 დადგენილებით ცვლილება შევიდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში და „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - "თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), რევიზიისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის N134 დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე - ტ.1, ს/ფ 61
4.1.3. 2017 წლის 27 იანვარს საქართველოს მთავრობის №51 დადგენილებით ცვლილება შევიდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში და მე-19 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე: - ა) ბენეფიციარის რეგისტრაციის (მ.შ., მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების) წესების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციების ოდენობა ანაზღაურებულ შემთხვევებზე განისაზღვრება ამ ბენეფიციარზე დარღვევით რეგისტრაციის მთელ პერიოდში ანაზღაურებული თანხის ორმაგი ოდენობით; ხოლო ასანაზღაურებელი შემთხვევების დროს − პროგრამით გათვალისწინებული თანხის ორმაგი ოდენობით; ბ) სხვა სახის დარღვევების შემთხვევაში (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), საჯარიმო სანქციის ოდენობა განისაზღვრება სარევიზიო/საკონტროლო პერიოდში ანაზღაურებული თანხის 2%-ით, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით; გ) ინდივიდუალური შემთხვევების კონტროლის/რევიზიისას საჯარიმო სანქციის ოდენობა შეადგენს დარღვევის არსებობის თვეში (თვეებში) მიმწოდებლისათვის ანაზღაურებული თანხის 2%-ს, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით.
N51 დადგენილების მე-2 მუხლით განისაზღვრა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება თავისუფლდება პროგრამაში მონაწილეობის ცალმხრივად შეწყვეტის გამო პროგრამით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი წინამდებარე დადგენილების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში წერილობითი ფორმით განმახორციელებლის წინაშე უარს იტყვის პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის N51 დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე - ტ.1, ს.ფ. 62-73
4.1.4. „შპს ა----------–----ა’’ გ--------------–---–ის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 10 ივლისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების 2017 წლის 16 ნოემბრის N2------------ აქტის მიხედვით, პროგრამის მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე დარიცხულმა ჯარიმამ შეადგინა 15 101.47 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- „შპს ა----------–----ა’’ გ--------------–---–ის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 10 ივლისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების 2017 წლის 16 ნოემბრის N2------------ აქტი - ტ.1, ს/ფ 17-21
4.1.5. შპს „მ-----–--ა’’ ო--------------------–-----–------ის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების 2017 წლის 20 აგვისტოს N6------ აქტის მიხედვით, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 340 057.67 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „მ-----–--ა’’ ო--------------------–-----–------ის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების 2017 წლის 20 აგვისტოს N6------ აქტი - ტ.1, ს/ფ 133-138.
4.1.6. შპს „მ-----–--ა’’ ს------–-----–----------------------ი) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების 2017 წლის 20 აგვისტოს N6------ აქტის მიხედვით, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 3150.33 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „მ-----–--ა’’ ს------–-----–----------------------ი) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების 2017 წლის 20 აგვისტოს N6------ აქტი - ტ.1, ს/ფ 139-144.
4.1.7. შპს „მ-----–--ა’’ ს------–-----–----------------------ი) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების 2017 წლის 20 აგვისტოს N6------ აქტის მიხედვით, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 453 132.7 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „მ-----–--ა’’ ს------–-----–----------------------ი) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 01 ივნისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების 2017 წლის 20 აგვისტოს N6------ აქტი - ტ.1, ს/ფ 145-150.
4.1.8. შპს „მ-----–--ა’’ ს------–-----–--------------ის) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 10 ივლისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების 2018 წლის 30 მარტის N2------------ აქტის მიხედვით, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 2 079 426.62 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „მ-----–--ა’’ ს------–-----–--------------ის) მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 10 ივლისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების 2018 წლის 30 მარტის N2------------ აქტი - ტ.2, ს/ფ. 37-45
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის, ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და მოახდინოს თავისი დარღვეული უფლებისა თუ კანონით გარანტირებული უფლების დაცვა.
ზემოაღნიშნული კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ,,საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის N134 დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის N51 დადგენილება "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, წარმოადგენენ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) უფლებამოსილების ზოგადი სამართლებრივი საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსით.
ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს განსაზღვრავს "ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების)) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით. იგი იმ ნორმატიული აქტის განუყოფელი ნაწილია, რომელშიც შეტანილ იქნა ცვლილება.
"ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში უნდა მიეთითოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული იგი. საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება ამ კანონითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხდება საკანონმდებლო აქტის საფუძველზე. ამასთან, თავად კანონი განსაზღვრავს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილების შინაარს, მიზანს და მოცულობას, ე.ი. თვითონ კანონმდებელი განსაზღვრავს მომავალში ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული სამართლებრივი მოწესრიგების ჩარჩოებს და მიმართულებებს ისე, რომ მმართველობის ორგანომ შეძლოს მოქმედება კანონმდებლის ნების ფარგლებში და მის შესაბამისად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის სამართლებრივი ნორმების გამოცემის - ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების უფლებამოსილების მინიჭება არის ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დელეგირებული სამართალშემოქმედების, კანონმდებლობის დეკონცენტრაციის გამოვლინებაა, ხოლო დელეგირებული ნორმაშემოქმედების სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგულირების ამოცანების შესრულებაში ჩართული იქნეს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური შესაძლებლობანი და მისი სპეციალიზებული პროფესიული ცოდნა.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების უფლებამოსილების მინიჭება არის ამ ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რაც უნდა განხორციელდეს ამგვარი უფლებამოსილების რეალიზაციისას კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი პროცედურების დაცვის აუცილებლობით. ადმინისტრაციული წარმოება ნორმატიული აქტის გამოსაცემად იწყება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით. ამასთან, მხოლოდ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილების დამდგენი კანონი შეიძლება გახდეს დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნის საფუძველი.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტი, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლი და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი პუნქტის თანახმად ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაფინანსებით მიზნობრივი ჯგუფის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ან ვაუჩერის საშუალებით. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, იმ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ან სადაზღვევო ორგანიზაციის გამოვლენა, რომელიც თანახმაა ვაუჩერის პირობებით მომსახურების გაწევაზე, შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ ვაუჩერის პირობებით დადგენილი წესით ნების გამოხატვის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, ვაუჩერის პირობები (მათ შორის, ვაუჩერის მიმღები ორგანიზაციების ნების გამოხატვის, ვაუჩერის გაცემის წესები, სამედიცინო მომსახურებათა ნუსხა, ვაუჩერის ღირებულება, აგრეთვე ვაუჩერის გამოყენებასთან და ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა) განისაზღვრება საქართველოს კანონით ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური, პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები - შპს ,,ა----------–----ა’’ და შპს ,,მ-----–--ა’’ არიან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მონაწილე პირები და ზემოთ აღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მხარეებს შორის არის სახელშეკრულებო ურთიერთობა და მხარეები გათავისუფლებულნი არიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 21 თებერვალს მიღებული იქნა ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ N36 დადგენილება. აღნიშნული დადგენილების 2013 წლის 21 თებერვლის მდგომარებით მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის რედაქცია იყო შემდეგი სახით - ,,თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), რევიზიისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის 0,5%-ით, მაგრამ არაუმეტეს თვეში ჯამურად 3,000 ლარისა’’. ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 07 თებერვალს საქართველოს მთავრობის N134 დადგენილებით ცვლილება შევიდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში და „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - ,,თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), რევიზიისას გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაზე შესაბამის თვეში ასანაზღაურებელი თანხის ორმაგი ოდენობით“.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 27 იანვარს საქართველოს მთავრობის №51 დადგენილებით ცვლილება შევიდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში და მე-19 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე: - ა) ბენეფიციარის რეგისტრაციის (მ.შ., მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების) წესების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციების ოდენობა ანაზღაურებულ შემთხვევებზე განისაზღვრება ამ ბენეფიციარზე დარღვევით რეგისტრაციის მთელ პერიოდში ანაზღაურებული თანხის ორმაგი ოდენობით; ხოლო ასანაზღაურებელი შემთხვევების დროს − პროგრამით გათვალისწინებული თანხის ორმაგი ოდენობით; ბ) სხვა სახის დარღვევების შემთხვევაში (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), საჯარიმო სანქციის ოდენობა განისაზღვრება სარევიზიო/საკონტროლო პერიოდში ანაზღაურებული თანხის 2%-ით, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით; გ) ინდივიდუალური შემთხვევების კონტროლის/რევიზიისას საჯარიმო სანქციის ოდენობა შეადგენს დარღვევის არსებობის თვეში (თვეებში) მიმწოდებლისათვის ანაზღაურებული თანხის 2%-ს, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით.
მოსარჩელე მხარე, წარმოდგენილ სარჩელში ზოგადად უთითებს, რომ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ის დანაწესები, რომლის საფუძველზეც მათ ადგებათ ზიანი და მათთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს იწვევს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, თუმცა კონკრეტულად რომელ კანონთან მოდის იგი შეუსაბამობაში მოსარჩელე არ განმარტავს.
იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად ფუნქციას სამართალგამოყენება, ნორმათშეფარდება წარმოადგენს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტების კანონქვემდებარე აქტებად მიჩნევას განაპირობებს, მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციული ორგანოს ნორმაშემოქმედებითი უფლებამოსილებით აღჭურვა საკანონმდებლო აქტების აღსრულების მიზნით ამგვარი კომპეტენციის კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელებას მოითხოვს.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ N36 დადგენილება არის ერთგვარი ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ამდენად მასში ცვლილება უნდა განხორციელდეს მხარეთა თანხმობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილება უკანონოა. სასამართლო მიუთითებს N51 დადგენილების მე-2 მუხლზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება თავისუფლდება პროგრამაში მონაწილეობის ცალმხრივად შეწყვეტის გამო პროგრამით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი წინამდებარე დადგენილების გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში წერილობითი ფორმით განმახორციელებლის წინაშე უარს იტყვის პროგრამაში მონაწილეობის გაგრძელებაზე. ანუ დადგენილად რომ მივიჩნიოთ ის გარემოება, რომ N36 დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, საქართველოს მთავრობის მხრიდან მასში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, მთავრობამ ხელშემკვრელ მხარეს მიანიჭა უფლებამოსილება, ყოველგვარი ფინანსური სანქციის გარეშე შეეწყვიტა ხელშეკრულება, რაც მოსარჩელე მხარეს არ განუხორციელებია და რაც ნიშნავს, რომ იგი დაეთანხმა აღნიშნულ ცვლილებას.
ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ,,საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის N134 დადგენილება "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის N51 დადგენილება"საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გამოცემულია უფლებამოსილი პირის მიერ, საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმების ბათილად ცნობის არგუმენტაცია დასაბუთებულია მაღალი ფინანსური სანქციების არსებობის მოტივით, თუმცა მაღალი სანქციების განსაზღვრა არ წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას. სასამართლო აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას ითვალისწინებს სამართლებრივ ასპექტებს და არ იხილავს სოციალურ ან ეკონომიკურ მიზანშეწონილობას.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებული ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ ეწინააღმდეგებიან კანონს და შესაბამისად, სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ბათილობის საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამრიგად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ა----------–----ას” და შპს „მ-----–--ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი