განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/772-18 (N041250718002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24.12.2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი: ნ---- ზ-------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული ვ--–---- მ-------–---–ი
მამის სახელი: ბ------
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: ბ---------ს რაიონი სოფელი წ-----–---ი
ადვოკატი: ნ-----–---- კ------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ვ--–---- მ-------–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 05:50 საათზე, ქუთაისში, ი-–--------------------------------–- მდებარე აფთიაქ „ი-------------- +“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვ--–---- მ-------–---–ი გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად შეეღწია შპს ,,TBC pay-ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საცავში და დაუფლებოდა მასში არსებულ თანხას 1615 ( ათას ექვსას თხუთმეტი) ლარის ოდენობით. ვ--–---- მ-------–---–ის ქმედებით შპს ,,TBC pay-ს“ მიადგებოდა 1615 (ათას ექვსას თხუთმეტი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 14 სექტემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ვ--–---- მ-------–---–ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ვ--–---- მ-------–---–მა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ დანაშაულის ჩადენას შეეცადა მარტო, სხვასთან შეუთანხმებლად. პირს, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა რკინის საგნით სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხის მცდელობის პროცესში, არ იცნობს. მას შეხვდა შემთხვევით, დილით ადრე, ვიდრე შეეცდებოდა აპარატიდან თანხის დაუფლებას. უცნობი ახალგაზრდა თავისით მოვიდა დასახმარებლად, მაგრამ მას უთხრა - „წადი, დამანებე თავი, შარში ნუ გაეხვევიო“. თუმცა, მან არ დაუჯერა და დანაშაულის ჩადენის პროცესში მასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე მოქმედებდა.
მოწმე მ------ გ---–-----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად იგი მუშაობს ქ. ქუთაისში ი----------------------------–ი მდებარე აფთიაქ ,------------------ის ფარმაცევტად. შემთხვევის დღეს იყო ღამის მორიგე. გამთენიისას გაიგონა ხმაური გარეთ და როცა გაიხედა, დაინახა, რომ ორი პიროვნება ცდილობდა სავარაუდოდ რკინის საგნით ჩასარიცხი აპარატის გატეხას. ამ ფაქტის დანახვისთანავე მან დარეკა 112-ში. შემდეგ გასვლა მოუწია ოთახიდან და როცა გამოვიდა, პატრულს დაკავებული ჰყავდა ერთი პიროვნება. ადვოკატის დასმულ შეკითხვებზე მოწმე განმარტავს, რომ მხოლოდ ერთი ცდილობდა თუ ორივე აპარატის გატეხას, ზუსტად არ დაკვირვებია, თუმცა, დარწმუნებულია, რომ მეორე პიროვნება შემთხვევითი გამვლელი არ იყო, მაშინ ისე ახლოს არ დადგებოდა მასთან და არ მიაშტერდებოდა. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ლ--–- ზ----–--ე-გ------–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად დგინდება, რომ იგი მუშაობს ქ. ქუთაისში ი----------------------------–ი მდებარე აფთიაქ ,------------------ში. დილით, როდესაც მივიდა სამსახურში, მისმა თანამშრომელმა მ------ გ---–-----მა მოუყვა, რომ ორი პიროვნება ცდილობდა ჩასარიცხი აპარატის გატეხას, რის გამოც მას დაურეკავს 112-ში. აღნიშნულთან დაკავშირებით მასთან მივიდნენ გამომძიებლები და ვიდეოკამერების დათვალიერება სთხოვეს, რაზედაც განჩინების გარეშე არ მისცა ნებართვა, ხოლო როდესაც მოუტანეს სასამართლოს განჩინება, მან დართო ნება დაეთვალიერებინა ვიდეოჩანაწერები. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე თ---------- ხ-------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად იგი მუშაობს პატრულ-ინსპექტორად 2009 წლიდან. 2018 წლის 25 ივლისი იყო, გამთენიისას 6 საათს უკლდა წუთები, როდესაც 112-დან მიიღეს შეტყობინება, რომ 2 პიროვნება აპირებდა ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას. შეტყობინებიდან 5-10 წუთში გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, რა დროსაც დაინახეს ორი პიროვნება, რომლებიც ცდილობდნენ ჩასარიცხი აპარატის გატეხას. მათ დანახვაზე 5-6 მეტრით მიახლოებისას აღნიშნული პიროვნებები გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით, რა დროსაც ის და მისი მეწყვილე დ--- კ-------–---–ი დაედევნენ მათ, რომელთაგან ერთი დააკავეს, ხოლო მეორემ შეძლო გაქცევა და მიმალვა ბინების მიმართულებით. მან დაინახა, რომ პიროვნება, რომელიც შემდეგ დააკავეს, რკინის დეტალის მეშვეობით ცდილობდა აპარატის გატეხას, რომელიც შერჭობილი ჰქონდა აპარატში, ხოლო მეორე პიროვნება აწვებოდა და უმაგრებდა მეორე მხრიდან აპარატს. ხილვადობის თვალსაზრისით დღის განათება იყო, მზეც ამოსული იყო. ბრალდებულის დაკავების ოქმი შეადგინა მისმა მეწყვილემ დ--- კ-------–---–მა. რკინის დეტალი ვ--–---- მ-------–---–მა გადააგდო გაქცევის მომენტში და დაახლოებით 10-15 მეტრის მანძილზე მოისროლა. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე თ---------- ხ-------ის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია სრულად დაადასტურა მოწმე დ--- კ-------–---–მა სასამართლოსათვის ჩვენების მიცემისას. (სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 25 ივლისის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად 2018 წლის 25 ივლისს 05:56 საათზე, ქ. ქუთაისში, ი------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პატრულ-ინსპექტორმა დ--- კ-------–---–მა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე წასწრების მოტივით, დააკავა ვ--–---- მ-------–---–ი, რომელიც შეეცადა მიმალვას მეორე პირთან ერთად, დაკავებულს მისივე თანხმობით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მას ამოუღეს პირადი ნივთები და ტანსაცმელი, ასევე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, ხოლო საქმისათვის მნიშვნელოვანი კანონსაწინააღმდეგო რაიმე ნივთი ან საგანი არ ამოღებულა. ოქმი ხელმოწერილია პატრულ-ინსპექტორების დ--- კ-------–---–ის და თ---------- ხ-------ის მიერ, ასევე, თავად ვ--–---- მ-------–---–ის მიერ. ოქმზე რაიმე სახის შენიშვნა არ გაკეთებულა (ს.ფ. 26-33).
საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილისა და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 ივლისს დ-----------------–--–-------------–ის პ----- ხ----–--ს მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ. ქუთაისი, ი------------------------ის წინამდებარე ტერიტორიაზე, სადაც აფთიაქ ,,იბერი+“ -ის წინ დგას სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელიც წარმოადგენს ,,TBC pay-ს“ კუთვნილებას. გარეგანი დათვალიერებით აპარატს დაზიანება არ აღენიშნებოდა, აპარატი მუშაობს გამართულად. აპარატიდან 5 მეტრის მოშორებით მელიქიშვილის ქუჩის და ი. ჭავჭავაძის გამზირის კვეთასთან ამოღებული იქნა რკინის მაგვარი საგანი, რომელიც დაილუქა FCD-782962 პაკეტში, ამავე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ამოღებული იქნა ანაწმენდები, რომელიც დაილუქა FCD-864874 პაკეტში, ამავე აპარატის მონიტორიდან ამოღებული იქნა ხელის ერთი კვალი, რომელიც დაილუქა FCD -768166 პაკეტში. ყოველივე ამის შემდეგ გაღებული იქნა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კარები, საიდანაც ამოღებული იქნა ფულადი თანხა 1615 ლარის ოდენობით, აქედან ქაღალდის თანხა იყო 1575 ლარი და ხურდა ფული 40 ლარის ოდენობით, რომლებიც მოთავსდა საექსპერტო კრიმინილისტიკური პაკეტში FCD-782947 ლუქის მქონე პაკეტში. ოქმი ხელმოწერილია დათვალიერებაში მონაწილე პირების მიერ. (ს.ფ. 3-25).
ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის მიხედვით სასამართლოს ნებართვის საფუძველზე 2018 წლის 23 აგვისტოს აფთიაქ „იბერი ფარმა+“-დან ამოღებულია გარე სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები 2018 წლის 25 ივლისის 05:35 საათიდან 05:55 საათამდე ორი ვიდეო ფაილის სახით, რაც ჩაწერილ იქნა DVD დისკზე და ასევე გადაწერილი იქნა მეხსიერების ბარათზე(ს.ფ. 114-117, 130-131)
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ვ--–---- მ-------–---–ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით და შესაბამისი განჩინებით; ვიდეო ჩანაწერის გახსნა-დათვალიერების ოქმით; ნივთიერი მტკიცებულებით, შეტყობინებით; მიმართვის წერილებით და შესაბამისი პასუხებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ვ--–---- მ-------–---–ის მიმართ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად; ქმედების სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ქურდობის ჩადენას საცავში უკანონო შეღწევის გზით (მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი), წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, (მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი) ასევე, დამამძიმებელ გარემოებად აცხადებს დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას (მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), რაც, ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, გულისხმობს მატერიალურ ზიანს 150 ლარის ზევით.
ბრალდებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილისა და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დათვალიერების ოქმით, ასევე, საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებების (დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით და შესაბამისი განჩინებით; ვიდეო ჩანაწერის გახსნა-დათვალიერების ოქმით) ერთობლიობით უტყუარად არის დადგენილი ვ--–---- მ-------–---–ის მიერ სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების მცდელობის ფაქტი საცავში უკანონო შეღწევის გზით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, რასაც არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ.
რაც შეეხება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტს, რომელშიც ბრალდებული თავს არ ცნობს დამნაშავედ იმ მოტივით, რომ მას არ ჰქონია წინასწარი შეთანხმება შემთხვევის ადგილზე მყოფ მეორე პირთან დანაშაულის ერთობლივად ჩადენის შესახებ, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
სსკ-ის 27-ე მუხლი ერთმანეთისგან მკვეთრად მიჯნავს ჯგუფურად და ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ დანაშაულებს:
დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი, ხოლო დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის მიერ (2016 წლის 20 მაისის საქმეზე N6 18აპ - 15) განმარტებულია, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულის ჩადენამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში გამოიხატოს.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ვ--–---- მ-------–---–სა და შემთხვევის ადგილზე მყოფ უცნობ პიროვნებას შორის წინასწარი შეკავშირების ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შ------------------------ს სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერით ირკვევა, რომ აფთიაქის წინ დგას ,,TBC pay-ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელსაც შემთხვევის დღეს 05:41 საათზე მარტო უახლოვდება ვ--–---- მ-------–---–ი, ის ჩერდება აპარატთან რამდენიმე წამით და მალევე ტოვებს შემთხვევის ადგილს, 05:43:31 საათზე ის უცნობ პიროვნებასთან ერთად ისევ უახლოვდება იმავე აპარატს და ჟესტებითა და მიმიკებით ჩანს, რომ მათ ერთმანეთში აქვთ სიტყვიერი და არავერბალური კომუნიკაცია რამდენიმე წამის განმავლობაში, ამასთან, 05:44:20 საათზე აღნიშნული უცნობი პიროვნება ვ--–---- მ-------–---–ს ხელით აწვდის რაღაც საგანს, რომელიც გამოართმევს ამ საგანს და სწორედ მისი გამოყენებით იწყებს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელებას - სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საცავში შეღწევას. ამის შემდეგ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ბრალდებული რკინის საგნის გამოყენებით ცდილობს აპარატის თანხის საცავში შეღწევას, რა დროსაც მეორე უცნობი პირი ხან ხელებით, ხან ბეჭით, ხან ზურგით უკავებს აპარატის კორპუსს და პერიოდულად თან ათვალიერებს გამზირს და თან აგრძელებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას.
ზემოაღნიშნული გარემოებები, ბრალდებულის ჩვენებასა და მოწმეთა ჩვენებებთან ურთიერთშეჯერებით სასამართლოს აძლევს იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ბრალდებულსა და შემთხვევის ადგილზე მყოფ მეორე უცნობ პიროვნებას შორის, ვიდრე ისინი დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელებას დაიწყებდნენ, არსებობდა წინასწარი შეთანხმება და მათ წინასწარ ჰქონდათ განაწილებული როლები დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად. ამასთან, ვიდეოფირზე აღბეჭდილი არცერთი გარემოება არ ადასტურებს ბრალდებულის ჩვენების იმ ნაწილს, რომ უცნობი პირი მოქმედებდა ბრალდებულ ვ--–---- მ-------–---–ის ნების საწინააღმდეგოდ.
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ვ--–---- მ-------–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ--–---- მ-------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ვ--–---- მ-------–---–ი ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს, ის არის 19 წლის ახალგაზრდა, ნასამართლობის არმქონე პირი. დანაშაული აღკვეთილია მცდელობის სტადიაზე, რის გამოც ბრალდებულმა სისრულეში ვერ მოიყვანა განზრახვა - დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა, ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვ--–---- მ-------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული უდაბლესი სასჯელის ზომა - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ--–---- მ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. მსჯავრდებულ ვ--–---- მ-------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 25 ივლისიდან 2018 წლის 02 აგვისტოს ჩათვლით.
3. მსჯავრდებულ ვ--–---- მ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან - 2018 წლის 24 დეკემბრიდან.
4. ვ--–---- მ-------–---–ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აგვისტოს განჩინებით ვ--–---- მ-------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად ბ------ მ-------–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ვ---------------------–-----–--------–---------------------------------------- – 4000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
5.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული რკინის მაგვარი საგანი, ანაწმენდები, ხელის ერთი კვალი; ასევე, ვ--–---- მ-------–---–ის ნერწყვის ნიმუში დალუქული ერთ პაკეტად და ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ქაღალდში გახვეული მცენარეული მასა, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლ განყოფილებაში - განადგურდეს.
5.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ფულადი თანხა 1615 ლარის ოდენობით და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.
5.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი CD დისკი; შ------------------------ სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერების ამსახველი CD დისკი - რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
5.4. შ------------------------ სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერები მეხსიერების ბარათზე, დალუქული ერთ პაკეტად, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, დაერთოს საქმეს როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
5.5. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული სანთებელა, ID ბარათი, მოსაცმელი, ქუდი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ვ--–---- მ-------–---–ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე