გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.11.2018
საქმის ნომერი
330310018002560359
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4670-18წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - თ---------------–---–ი

წარმომადგენელი - მ--------------------–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლა

წარმომადგენელი - მ-----------------ე

 

დავის საგანი - საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. აღიარებული იქნას თ---------------–---–ის მიერ სსიპ ქ. თბილისის №1-- საჯარო სკოლაში არასრული საშუალო ე.ი. საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, თ---------------–---–ის მიერ რვაწლიანი განათლების მიღების ფაქტის აღიარების ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. თ---------------–---–ზე 1991 წლის 30 მაისს გაიცა არასრული საშუალო განათლების მოწმობა ნომრით A N 4-----, რომლის მიხედვითაც თ---------------–---–მა 1991 წელს დაასრულა ქ. თბილისის 1---ე საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა არასრული სახით.

 

სწავლის დროს დაიმსახურა შემდეგი შეფასებები: 1. მშობლიური (რუსული ) ენა - 3, 2. რუსული ლიტერატურა - 3, 3. ქართული ენა - 4, 4. ქართული ლიტერატურა - 5, 5. ალგებრა - 3, 6. გეომეტრია - 3, 7. საქართველოს ისტორია - 4, 8. ისტორია - 4, 9. გეოგრაფია - 4, 10. ფიზიკა - 3; 11. ქიმია -3; 12. ბიოლოგია - 5; 13. უცხო ენა - გერმანული - 4; 14. შრომითი სწავლება - 4; 15. ხაზვა - 5; 16. სიმღერა და მუსიკა - ჩათვლა; 17. სახვითი ხელოვნება - 5; 18. ფიზიკური კულტურა - 5.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- არასრული საშუალო განათლების მოწმობა ნომრით A N 4----- - ს/ფ 17.

 

3.1.2. 2017 წლის 18 დეკემბერს თ---------------–---–ის წარმომადგენელმა მ--------------------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა თ---------------–---–ის სახელზე საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემა;

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 16 იანვრის №01/1----/გ გადაწყვეტილებით თ---------------–---–ს უარი ეთქვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებული იქნა ის გარემოება, რომ ვერ ხერხდებოდა თ---------------–---–ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 16 იანვრის №01/1----/გ გადაწყვეტილება - ს/ფ 19-20.

 

3.1.3. 2018 წლის 29 იანვარს, თ---------------–---–ის წარმომადგენელმა მ--------------------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 16 იანვრის №01/1----/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 23 თებერვლის 01/6----/გ გადაწყვეტილებით თ---------------–---–ის წარმომადგენელს - მ--------------------–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 23 თებერვლის 01/6----/გ გადაწყვეტილება - ს/ფ 26-27.

 

3.1.4. მოწმე ს-----–------------ს ჩვენებით, არის თ---------------–---–ის კლასელი. მოწმემ დაადასტურა, რომ თ---------------–---–თან ერთად 1982 წელს სწავლა დაიწყო 1---ე საშუალო სკოლის ნულ კლასში, ხოლო 1991 წელს დაასრულეს რვა კლასი, თუმცა ცხრა წელი ისწავლეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე ს-----–------------ს ჩვენება - იხ.: სხდომის ოქმი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძვლზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს აღიარებული იქნას თ---------------–---–ის მიერ სსიპ ქ. თბილისის №1-- საჯარო სკოლაში არასრული საშუალო ე.ი. საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება; ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.

 

ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.

 

საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით, უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - სწავლების შედეგად თ---------------–---–მა მიიღო არასრული საშუალო განათლება, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

 

ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატის მიღება, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული უფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ არასრული საშუალო ე.ი. საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელემ სწავლა დაიწყო სსიპ 1---ე საჯარო სკოლაში, ხოლო 1991 წელს დაასრულა საბაზო საფეხური. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლამ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ეთანხმება მოსარჩელის მიერ რვაწლიანი განათლების მიღების ფაქტს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოწმე ს-----–------------ს ჩვენებით, არის თ---------------–---–ის კლასელი. მოწმემ დაადასტურა, რომ თ---------------–---–თან ერთად 1982 წელს სწავლა დაიწყო 1---ე საშუალო სკოლის ნულ კლასში, ხოლო 1991 წელს დაასრულეს რვა კლასი, თუმცა ცხრა წელი ისწავლეს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თ---------------–---–მა მიიღო რვაწლიანი განათლება, თუმცა კალენდარულად ისწავლა ცხრა წელი და ამ ფაქტის გამაბათილებელი მტკიცებულება სასამართლოში წარმოდგენილი არ არის.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი. განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, თ---------------–---–მა მიიღო რვაწლიანი განათლება, თუმცა კალენდარულად ისწავლა ცხრა წელი და ამ ფაქტის გამაბათილებელი მტკიცებულება სასამართლოში წარმოდგენილი არ არის.

 

მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თ---------------–---–ზე გაიცა არასრული საშუალო განათლების მოწმობა, რის საფუძველზეც სასამართლო თვლის, რომ თ---------------–---–მა მიიღო საბაზო ზოგადი განათლება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელემ სწავლა დაიწყო სსიპ 1---ე საჯარო სკოლაში, ხოლო 1991 წელს დაასრულა საბაზო საფეხური.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

 

საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის "ო" ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი). ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ”ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეაფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებათა გათვალისწინებით მოსარჩელემ წარმოადგინა მისი მის მიერ არასრული საშუალო ე.ი. საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მომზადების ეტაპზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამდენად, მოპასუხეს - სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლას მოსარჩელე თ---------------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ---------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. აღიარებული იქნას თ---------------–---–ის მიერ სსიპ ქ. თბილისის №1-- საჯარო სკოლაში არასრული საშუალო ე.ი. საბაზო ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.

 

3. თ---------------–---–ს დაუბრუნდეს მის სარჩელზე ნ--------------–---–-ს მიერ 2018 წლის 06 აგვისტოს სს ”თიბისი ბანკის” მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 (ასი) ლარიდან - 50 (ორმოცდაათი) ლარი (საგადასახადო დავალება 0, ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი, ”სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150).

 

4. დაეკისროს მოპასუხე - სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლას მოსარჩელე თ---------------–---–ის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი