გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2274-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
3 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელე - შპს „შ-------“
წარმომადგენლები - ნ------------–--ე, ნ--------------ი
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - ე-------------------
მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - გ--------------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება.
1.2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შპს „შ-------“-ის საჩივრის განხილვა და შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (იხ. 2018 წლის 6 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს „შ-------“-ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2015 წლის 20 აგვისტოს შედგა შემოწმების აქტი და გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 26 აგვისტოს №----- ბრძანება და №------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, შპს „შ-------“-ს განესაზღვრა გადასახდელად სულ 1705334.38 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი - 854990 ლარი, ჯარიმა - 419958 ლარი და საურავი - 430386.38 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 20 აგვისტოს შემოწმების აქტი (ს.ფ.134-194);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 26 აგვისტოს №----- ბრძანება (ს.ფ.131-133);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 26 აგვისტოს №------- საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.130).
4.2. შპს „შ-------“-ის წარმომადგენელმა 2015 წლის 25 სექტემბერს მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 26 აგვისტოს №------- საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 26 ნოემბრის №----- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „შ-------“-ის 2015 წლის 25 სექტემბრის საჩივარი (ს.ფ.126-129);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 26 ნოემბრის №----- ბრძანება (ს.ფ.123-125).
4.3. შპს „შ-------“-ის წარმომადგენელმა 2015 წლის 24 დეკემბერს საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომელიც დააზუსტა 2016 წლის 8 ივნისს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „შ-------“-ის 2015 წლის 24 დეკემბრის საჩივარი (ს.ფ.105-108);
- შპს „შ-------“-ის 2016 წლის 8 ივნისის საჩივარი (ს.ფ.116-122);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება (ს.ფ.208-210).
4.4. შპს „შ-------“-ის დირეტორის მიერ 2015 წლის 16 აპრილს ლა-–----–--–---–ზე (პ/ნ 3----------) გაიცა მინდობილობა, რათა მან დაიცვას ფირმის ინტერესები ნებისმიერ სასამართლო ინსტანციაში და ყველა შემხვედრ ინსტანციაში (სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, მედიაციის საბჭო), რომელიც კანონით არ არის აკრძალული. მინდობილობა ძალაშია 2015 წლის 16 აპრილიდან 2016 წლის 16 აპრილამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 16 აპრილის მინდობილობა (ს.ფ.110).
4.5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამმართველოს უფროსმა 2017 წლის 23 იანვრის №------- წერილით მიმართა შპს „სა---------–------------ს“ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 26 ნოემბრის №----- ბრძანების (გზავნილის კოდი №0-----------) ჩაბარების შესახებ (ვის გადაეცა ადრესატისთვის გაგზავნილი წერილი/დოკუმენტი, თუკი წერილი არ ჩაბარებია უშუალოდ ადრესატს, რა ნათესაური/სამსახურებრივი კავშირი აქვს ჩამბარებელს ადრესატთან, დადასტურებულია თუ არა დოკუმენტის/წერილის ჩაბარება შესაბამის უწყებაზე დოკუმენტის/წერილის მიმღების ხელმოწერით), რომელიც გაიგზავნა შპს „შ-------“-ის წარმომადგენლის მისამართზე - თბ--–-------------------------–---------3ა, ბინა №--.
სა---------–------------მ 2017 წლის 25 იანვრის №-------------- წერილით დაადასტურა №0----------- წერილის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: გამგზავნი - სსიპ შემოსავლების სამსახური, გაგზავნის თარიღი - 2015 წლის 26 იანვარი, ადრესატი - შპს „შ-------“-ის წარმომადგენელი ლა-–----–--–---–ი, ადრესატის მისამართი - თბ--–-------------------------–---------3ა, ბინა №----, ინფორმაცია გზავნილის ჩაბარების შესახებ - ჩაბარდა ლა-–----–--–---–ს (პ/ნ 3----------) 2015 წლის 27 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამმართველოს უფროსმა 2017 წლის 23 იანვრის №------- წერილი (ს.ფ.115);
- სა---------–------------ს 2017 წლის 25 იანვრის №-------------- წერილი (ს.ფ.203-204);
- საფოსტო უკუგზავნილი (ს.ფ.104).
4.6. ნი-----------ის 2017 წლის 11 იანვრის წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, მუშაობს გამყიდველად ი/მ „მა----------ის“ მაღაზიაში, ლა-–----–--–---–ი ცხოვრობს მაღაზიასთან კორპუსში, რომელსაც მამა ჰყავდა ლოგინად ჩავარდნილი და იყო შემთხვევები, როცა კურიერი მაღაზიაში ტოვებდა წერილებს მისთვის გადასაცემად. ნი-----------ის განმარტებით, მაღაზიაში დატოვეს სსიპ შემოსავლების სამსახურის წერილი, რომელიც მან გადასცა ლა-–----–--–---–ს ორი კვირის შემდეგ. ლა-–----–--–---–ის 2017 წლის 11 იანვრის ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი ახსნა-განმარტების თანახმად, წერილის ნახვის შემდეგ მან წერილის მიღებიდან დადგენილ ვადაში გაასაჩივრა იგი ისე, რომ წერილის მიღების თარიღი არ უნახავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნი-----------ის 2017 წლის 11 იანვრის წერილობითი ახსნა-განმარტება (ს.ფ.23-24);
- ლა-–----–--–---–ის 2017 წლის 11 იანვრის ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი ახსნა-განმარტება (ს.ფ.17-20).
4.7. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 მარტის №---------- წერილის თანახმად, იმისათვის, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდეს ელექტრონული ხელმოწერის ექსპერტიზა, აუცილებელია ბიუროს გააჩნდეს შესაბამისი მოწყობილობის (პედი) ანალოგი, რომელზეც შესრულებულია გამოსაკვლევი ხელმოწერა და გარდა აღნიშნულისა, უნდა არსებობდეს შეთანხმება (ხელშეკრულება) ბიუროსა და ხელმოწერის მიმღებ დაწესებულებასა და ელექტრონული ხელმოწერის დაშიფრული ბიომეტრიული მონაცემების გასაღების მქონე მესამე პირს (სუბიექტს) შორის, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ელექტრონული ხელმოწერის ექსპერტიზისათვის საჭირო ბიომეტრიული მონაცემების მიღება და შემდეგ ელექტრონული ხელმოწერის შესასრულებელ მოწყობილობაზე (პედზე, რომელიც ორგანიზაციებს შორის შეთანხმების საფუძველზე გადმოცემული უნდა ჰქონდეს ბიუროს) კვლევისათვის საჭირო ექსპერიმენტალური ნიმუშების მიღება. ვინაიდან დღეის მდგომარეობით, ზემოჩამოთვლილი ყველა პირობა და შეთანხმება მიღწეულია მხოლოდ ერთ-ერთ კომერციულ ბანკთან და ასევე, გასაღების მქონე სუბიექტთან, ხოლო სხვა ორგანიზაციებთან პროცესი მხოლოდ ტესტირებისა და წინასწარი შეთანხმების სტადიაზეა, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას ჩაატაროს თქვენს მიერ 2018 წლის 14 მარტის №---------- განცხადებით მოთხოვნილი ექსპერტიზა, რის გამოც წარმოდგენილი მასალები გიბრუნდებათ შეუსრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 მარტის №---------- წერილი
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „შ-------“-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, 41-ე, 44-ე, 51-ე, 296-ე, 297-ე, 299-ე, 301-ე და 305-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სადავო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსსა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან. მოსარჩელის მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შპს „შ-------“-ის საჩივრის განხილვის დავალება.
7.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.
ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-122-115(2კ-13), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემომითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მუხლი 12. ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“
სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. ამასთან, გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას - გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ვინაიდან გასაჩივრების უფლება პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის კანონით დაცული ინტერესების უზრუნველყოფასა და უფლებების დაცვასთან, კანონი ამომწურავად აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, წარდგენილი საჩივარი დატოვოს განუხილველი. აღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევით, რათა არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება, საჩივრების მუდმივად წარდგენა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერ ძალაში შესვლის თავიდან ასაცილებლად, ამასთან, აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას თვიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციულ ორგანოთა გადატვირთულობა, რომ დაუსრულებლად არ მოხდეს ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობა. საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები მოწესრიგებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლით. მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრების უფლება გამოყენებულ უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებულ ვადაში. გასაჩივრების ვადის შემოღება მიზნად ისახავს რა სამართალსუბიექტების მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სადავოდ ქცევის ვადის გარკვეულ საზღვრებში მოქცევას, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, თუკი სახეზე არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძვლები, რომელზეც საჩივრის წარდგენის ვადა არ ვრცელდება, აქტი იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და მისით განსაზღვრული მოწესრიგება ძალაში შედის. ამასთან, გასაჩივრების უფლების ჯეროვანი გამოყენება პირდაპირაა დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ადრესატისათვის ჩაბარებასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობასთან, რაც უკავშირდება როგორც გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას, ისე მხოლოდ აქტის გაცნობის შემდეგ ხდება პირისთვის ცნობილი, რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და რომელი სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე საქმე №ბს-770-762(კ-15), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანომდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან ან თუნდაც აქტის პროექტის ან იმ მასალების გაცნობიდან, რომლის საფუძველზე შემდგომში გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საჩივრის უფლება წარმოიშობა გამოცემული აქტით უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევით, რომელიც მხოლოდ ძალაში შესული აქტით და არა აქტის პროექტით არის შესაძლებელი. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება, პირის უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევა უმოქმედო აქტით, შესაბამისად არ დაიშვება აქტის გაცნობამდე გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა. ამდენად, აქტის გაცნობა არის საჩივრის უფლების წარმოშობის პირობა, აქტის გაცნობამდე საჩივრის შეტანის შესაძლებლობა ადმინისტრაციულ საჩივარს ორგანოს თვითკონტროლის, ადმინისტრაციულ ორგანოთა სისტემის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმების მექანიზმის ნაცვლად აქცევს ორგანოზე ზედამხედველობის საშუალებად, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საჩივრის ბუნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია აქტის გაცნობამდე მისი გასაჩივრების ვადის ათვლა.“
მოსარჩელე თავის სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 26 ნოემბრის №----- ბრძანების გასაჩივრების ვადის გასვლა გამოწვეულია საპატიო მიზეზით, რადგან შპს „შ-------“-ის წარმომადგენელს ლა-–----–--–---–ს იგი ჩაბარდა მოგვიანებით, რის დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს ლა-–----–--–---–ის ნოტარიულად დამოწმებულ წერილობით ახსნა-განმარტებასა და ნი-----------ის წერილობით ახნა-განმარტებას.
სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, სასამართლო მოიხმობს, სადავო პერიოდში მოქმედ, გადასახადის გადამხდელთან მიმოწერის წესის განმსაზღვრელ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. მესამე ნაწილის თანახმად კი საგადასახადო ორგანო თავად ირჩევს დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა: ა) უფლებამოსილ პირს; ბ) პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს; დ) სამართალდარღვევის ოქმის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ან/და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანების შემთხვევაში − გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ დაქირავებულ პირს; ე) სარეგისტრაციო დოკუმენტებით იურიდიულ მისამართად განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს.
მითითებული მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე ან ფოსტის შესაბამის დოკუმენტზე მიმღების ხელმოწერით. იქვე აღინიშნება მიმღების სახელი და გვარი და ადრესატთან მისი დამოკიდებულება, აგრეთვე დოკუმენტის ჩაბარების თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით წარმოადგინოს საკუთარი ინტერესები საგადასახადო ორგანოში.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, 1. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. საგადასახადო ურთიერთობებში გადასახადის გადამხდელის პირადად მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, ჰყავდეს წარმომადგენელი, ისევე, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს მას უფლებას, პირადად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ურთიერთობებში. 2. საწარმოს/ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლებად ითვლებიან მისი ორგანოები ან/და საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ საწარმოს/ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტებით უფლებამოსილი სხვა პირები. ფიზიკური პირის კანონიერ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას. 3. გადასახადის გადამხდელის კანონიერი წარმომადგენლის ქმედება, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო ურთიერთობებში ზემოაღნიშნული პირის მონაწილეობასთან, ითვლება თვით ამ პირის ქმედებად. 4. გადასახადის გადამხდელის უფლებამოსილ წარმომადგენლად ითვლება პირი, რომელიც ზემოაღნიშნული პირის რწმუნებით უფლებამოსილია წარმოადგინოს მისი ინტერესები საგადასახადო ორგანოებთან ან/და საგადასახადო ურთიერთობების სხვა მონაწილეებთან ურთიერთობებში, აგრეთვე სასამართლოში. 5. საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით ან სხვა დოკუმენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 26 ნოემბრის №----- ბრძანება გაეგზავნა შპს „შ-------“-ის წარმომადგენელს ლა-–----–--–---–ს, მის მიერ 2015 წლის 25 სექტემბრის საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ.თბ--–-------------------------–---------3ა, ბინა №---- (იხ. ს.ფ.126). საქართველოს ფოსტის 2017 წლის 25 იანვრის №-------------- წერილითა და საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ აღნიშნული ბრძანება ჩაბარდა ლა-–----–--–---–ს (პ/ნ 3----------) 2015 წლის 27 ნოემბერს. ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში საჩივარი წარდგენილია - 2015 წლის 24 დეკემბერს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს იმპერატიულ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა უფლებამოსილ პირს, პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო მითითებული მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესი, რომ უკუგზავნილიზე აღინიშნება მიმღების სახელი და გვარი და ადრესატთან მისი დამოკიდებულება, ემსახურება იმას, რომ უტყუარად დადგინდეს დოკუმენტის ჩაბარება უფლებამოსილი პირისათვის ანუ იმ პირისათვის, რომელიც სამსახურებრივი ან სხვა დამოკიდებულების გამო ვალდებულია გზავნილი ჩაააბროს ადრესატს. სასამართლო მიუთითებს, რომ ლა-–----–--–---–ს ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შპს „შ-------“-ის მიმართ 2015 წლის 16 აპრილის მინდობილობის საფუძველზე. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურის გზავნილის ადრესატი იყო არა უშუალოდ გადასახადის გადამხდელი, არამედ მის მიერ დანიშნული სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი - წარმომადგენელი, გზავნილი გაიგზავნა წარმომადგენლის მიერ საჩივარში მითითებულ მისამართზე, საფოსტო უკუგზავნილზეც დაფიქსირებულია გზავნილს მიმღებ პირად, თავად, ლა-–----–--–---–ი, ასევე დაფიქსირებულია მისი ხელმოწერა და პირადი ნომერი. შესაბამისად, არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 26 ნოემბრის №----- ბრძანება ლა-–----–--–---–ის ჩაბარდა მოგვიანებით და აღნიშნული წარმოადგენს საპატიო მიზეზს სადავო აქტის გასაჩივრების ვადის გასვლისათვის.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გასაჩივრების ვადის დარღვევა, რაც გამოწვეული იქნებოდა გადასახადის გადამხდელისგან დამოუკიდებელი მიზეზით. შესაბამისად, არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ვინაიდან პირს შესაბამისი წესის დაცვით ჩაბარდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება, ხოლო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის შედეგად მან შეიძინა შესასრულებლად სავალდებულო ძალა.
7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „შ-------“-ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ არ იკვეთება სამართლებრივი აქტის გამოცემისას კანონის მოთხოვნათა თუ მათი მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა. ვინაიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს „შ-------“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „შ-------“-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე