გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმის № 140210018002570914 (№2/1474-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 დეკემბერი, 2018 წ. ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორი რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი, მარიამ საძაგლიშვილი
,მოსარჩელე - სს „ი----------------------–-----------------------------–------–-----–---------–-----------------------------------ში
წარმომადგენელი - ზ-----------–--ე, თ----------–----–---
მოპასუხე - შპს „ი----–--“
წარმომადგენელი - ი--------–---–---–ი, დ----------------–---–ი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ი----–--ს“ მოსარჩელე სს „ი----------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 45 384.57 ლარის ოდენობით.
2. მოსარჩელის პოზიცია
2.1. მოსარჩელესა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის 2016 წლის 09 დეკემბერს გაფორმებული №131-16 ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე ახორციელებს საეთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი საავტომობილო გზების მოვლა შეკეთების ზედამხედველობას და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აწვდის საავტომობილო გზების დეპარტამენტს შემდგომი რეაგირებისათვის. მოპასუხე დეპარტამენტთან 2016 წლის 10 ნოემბერს დადებული №117-16 ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს №11 ზონაში შემავალ საავტომობილო გზების მიმდინარე და პერიოდულ შეკეთებას. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე კონტრაქტორი - შპს „ი----–--“ ასრულებს დეპარტამენტის მიერ შედგენილ ყოვეთვიურ გეგმა გრაფიკს, რომელიც თავის მხრივ შეთანხმებულია მოსარჩელესთან. ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს მთლიანი თვის სამუშაოების ჩატარების ზუსტი კალენდარი, თარიღების მითითებით. ამიტომ კონტრაქტორი მხარე წინასწარ აცნობებს მოსარჩელეს სამუშაოების დაწყების შესახებ. როგორც მოსარჩელე აღნიშნავს თუ კონტრაქტორისგან არ იქნება ინფორმაცია მიღებული სამუშაოების დაწყების თაობაზე, მას ერთმევა შესაძელებლობა განახორციელოს ზედამხედეველობა და დაადგინოს, თუ როდის აპირებს კონტრაქტორი სამუშაოების დაწყებას. მოპასუხე 2018 წლის 19 აპრილს აპირებდა გეგმით გათვალსიწინებული სამუშაოების დაწყებას. მოსარჩელის თანამშრომელი მამუკა ტვილდიანი გამოცხადდა დათქმულ ადგილას, თუმცა მოპასუხის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ მასალათა სიმწირის გამო 19 აპრილს აღარ მოხერხდებოდა სამუშაოების დაწყება. 2018 წლის 19 აპრილს თბილისი-სენაკი-ლესელიძის 88-ე კილომეტზე მოპასუხემ ჩაატარა სამუშაოები მოსარჩელისათვის შეტყობინების გარეშე და 12:33 საათიდან განხორციელდა გორის გვირაბის გადაკეტვა. შესაბამისად, რადგან მოსარჩელემ დროულად ვერ განახორციელა ზედამხედველობა და ასევე დეპარტამენტის ინფორმირება, მას დაეკისრა პირგასამტეხლო 45 384.57 ლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწვია მოპასუხის უმოქმედობამ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა უმოქმედობამ, რითაც მას მიადგა ზიანი.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას მოსარჩელისათვის ზიანი არ მიუყენებია არც მოქმედებით და არც უმოქმედობით. ზედამხედეველი ორგანიზაციის თანამშრომლისათვის - მამუკა ტვილდიანისათვის ცნობილი იყო 2018 წლის 19 აპრილს სამუშაოების დაწყების თაობაზე. გარდა აღნიშნულისა, რაიმე სახის ვალდებულება არ ჰქონდა ეცნობებინა მოსარჩელისათვის სამუშაოების დაწყების შესახებ და ინფორმირების ვალდებულება მხოლოდ დეპარტამენტის წინაშე გააჩნდა. მოპასუხის განმარტებით მოსარჩელის თანამშრომლისათვის ცნობილი იყო მობილიზებული ტექნიკის შესახებ და მას უკვე დაწყებული ჰქონდა ზედამხედველობის განხორციელება და უნდა შეესრულებინა დეპარტამენტთან დადებული ხელშეკრულება, რაც არ გააკეთა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოსარჩელე სს „ი----------------“ სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითრების საკითხებში საავტომობილო დეპარტამენტთან 2016 წლის 09 დეკემბერს გაფორმებული №131-16 ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს საეთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი საავტომობილო გზების მოვლა შეკეთების ზედამხედველობას.
მტკიცებულება:
- №131-16 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
4.1.2. მოპასუხე შპს „ი----–--“ საავტომობილო დეპარტამენტთან 2016 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული №117-16 ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს №11 ზონაში შემავალი საავტომობილო გზების მიმდინარე და პერიოდულ შეკეთების სამუშაოებს.
მტკიცებულება:
- №117-16 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
4.1.3. 2018 წლის 19 აპრილს თბილისი-სენაკი-ლესელიძის 88-ე კილომეტრზე მოპასუხის მიერ ჩატარდა საავტომობილო გზების შეკეთების სამუშაოები, რასაც მოჰყვა გორის გვირაბის გადაკეტვა.
მტკიცებულება:
- დეპარტამენტის 2018 წლის 20 აპრილის წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.1.4. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოსარჩელე სს „ი----------------“-ს დააკისრა პირგასამტეხლო 45384.57 ლარის ოდენობით, რომლის დაკავებაც მოხდა მისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან.
მტკიცებულება:
- დეპარტამენტის 2018 წლის აპრილის და მაისის თვის წერილები;
- მოსარჩელის 2018 წლის აპრილის და მაისის თვის წერილები;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. შპს „ი----–--ს“ მხრიდან სს „ი----------------“-ს ინფორმირება სამუშაოების დაწყების თაობაზე არ განხორციელებულა.
მტკიცებულება:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 326-ე, 412-ე, 991-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ საგზაო დეპარტამენტთან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა და მათთვის პირგასამტეხლოს დაკისრება, რითაც მათ მიადგათ ზიანი, გამოწვეული იყო მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით, რის გამოც და ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან, ხოლო ხელყო თუ არა მოპასუხემ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო ამავე კოდექსის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მას ზიანი მიადგა შპს „ი----–--ს“ მხრიდან სამუშაოების დაწყების შეუტყობინებლობით, შესაბამისად, დასადგენია იყო თუ არა შპს „ი----–--“ ვალდებული მისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია სამუშაოების დაწყების შესახებ.
7.3. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე ასრულებდა ვალდებულებებს, კერძოდ, საავტომობილო გზების სარემონტო სამუშაოებს, რომელიც გავთვალისწინებული იყო შემსყიდველ ორგანიზაციასთან (საავტომობილო გზების დეპარტამენტი) გაფორმებული 2016 წლის 10 ნოემბრის №117-16 ხელშეკრულებით და რომლის მეხუთე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს ი----–--ს ევალებოდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იქონიოს მუდმივი კავშირი შემსყიდველი ორგანიზაციის საინფორმაციო სამსახურთან. რაც შეეხება მოსარჩელე სს „ინტიტუტი იგჰ“-ს ვალდებულებებს, ისიც ვალდებულებებს ასრულებდა შემსყიდველ ორგანიზაციასთან, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტთან 2016 წლის 09 დეკემბერს გაფორმებული №131-16 ხელშკრულების საფუძველზე და ევალებოდა ზედამხედველობა გაეწია საავტომობილო გზებზე მიმდინარე სამუშაოებზე, კერძოდ, ხელშეკრულების 5.1.8. პუნქტის მიხედვით სს „ი----------------“ ვალდებული იყო უზრუნველეყო მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტზე სამუშაობის განხორციელების პროცესის სათანადო ხელშეკრულებით დადგენილ პირობებთან შესაბამისობის კონტროლი, შეუსაბამობის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შემსყიდვედლისათვის შესაბამისი ინფორმაციისა და წინადადებების მიწოდება ჩასატარებელი ღონისძიების შესახებ. ე.ი. ორივე მხარე ინდივიდუალურად ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და უშუალოდ მათ შორის ხელშეკრულება, არ ყოფილა გაფორმებული.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან და სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება, რადგან შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
7.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
7.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ე.ი. მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა მიუთითეოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის სარჩელს, არამედ უნდა წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
7.8. როგორც უკვე აღინიშნა მხარეებს შორის ხელშეკრულება არ ყოფილა გაფორმებული, ანუ მათ შორის რაიმე სახის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი გარდა ზეპირი განმარტებისა, რომ მასა და შპს „ი----–--ს“ შორის არსებობდა ზეპირი შეთანხმება სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმირების თაობაზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც ვერ მიუთითა კონკრეტულად ვის შორის იყო ეს შეთანხმება დადებული.
აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე მხარემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ მათი თანამშრომლის, რომელიც უშუალოდ ახორციელებდა ზედამხედველობას, მამუკა ტვილდიანის ჩვენება და შპს „ი----–--ს“ თანამშრომლის, ალექსი გაბარაულის ჩვენება.
სასამართლო სხდომაზე მამუკა ტვილდიანმა მიუთითა, რომ იგი ზედამხედველობდა შპს „ი----–--ს“ მიერ გზის აღდგენითი სამუშაოების პროცესს და ზედამხედველი ვალდებულია ყოველ დილით შეამოწმოს ის ადგილები, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები. სადავო გარემოებასთან დაკავშირებით მან მიუთითა, რომ დილით, დაახლოებით 11:00 საათზე იგი მივიდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ. (გორის გვირაბი) მიმდინარე გზის აღდგენითი სამუშაოების შესამოწმებლად, თუმცა ადგილზე მისვლისას სამუშაოები არ მიმდინარეობდა და გადაურეკა ალექსი გაბარაულს (შპს „ი----–--ს“ თანამშრომელი, საქმეთა მწარმოებელი), რომელმაც უთხრა, რომ ასფალტს ელოდებოდნენ და როდესაც ასფალტი ექნებოდათ დაიწყებდნენ სამუშაოებს, რის შემდეგაც უთხრა, რომ სამუშაოების დაწყების შემთხვევაში მისთვის ეცნობებინა, თუმცა მას არ შეატყობინეს სამუშაოების დაწყების შესახებ და თვითნებურად გადაკეტეს გორის გვირაბი, რისი უფლებაც, მასთან და საგზაო დეპარტამენტთან შეუთანხმებლად არ ჰქონდათ (იხ. 26.11.2018 წლის სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე ალექსი გაბარაულმა მიუთითა, რომ იგი მუშაობს შპს „ი----–--ში“ უბნის უფოროსის პოზიციაზე და 2018 წლის 19 აპრილს ასრულებდა გზის სარემონტო სამუშაოებს, დილით, დაახლოებით 9:30 სათზე იმ დროს, როდესაც თვითონ უშუალოდ გვირაბთან მუშაობდა დაინახა, რომ ადგილზე ჩაიარა მამუკა ტვილდიანმა, რომელიც მიდიოდა დასავლეთში დაკრძალვაზე და რადგან უშუალოდ არ შეხვედრია მას, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ დაურეკა მამუკა ტვილდიანმა და სთხოვა სურათები გადაეღო მიმდინარე პროცესისთვის და გაეგზავნა ვაიბერით, თუმცა სურათების გადაღება და გაგზავნა, ასევე დარეკვა ვერ შეძლო, ვინაიდან ტელეფონი დაუზიანდა(იხ. 26.11.2018 წლის სხდომის ოქმი).
7.9. სასამართლო სსსკ-ის 105-ე მუხლის მიხედვით, ყველა მტკიცებულებას აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარემოდეს მათ ყოველმხრივ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვა დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არსებობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებები არ წარმოადგენს იმ სტანდარტის მტკიცებულებებს, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს შპს „ი----–--სა“ და სს „ი----------------“-ს შორის რაიმე ფორმით შეთანხმების თუ ურთიერთვალდებულების არსებობის ფაქტი, თუმცა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ, თუნდაც მის მიერ მითითებული გარემოების, კერძოდ, შპს „ი----–--ს“ მხრიდან სამუშაოების დაწყების შეუტყობინებლობის უტყუარად დადასტურებაც ვერ შეძლო, ვინაიდან მათივე შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმეებმა ერთმანეთის გამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.
7.10. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ მისთვის ზიანის მიყენება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით (უმოქედობით), სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, სახეზე არაა მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელის მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს დელიქტური სამართლით რეგულირებული სამართლებრივი საფუძვლებით, რადგან განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, თავად მხარეც მოთხოვნას დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ურთიერთობაზე ამყარებს.
7.11. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში განმარტა, რომ რომ დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს არასახელშეკრულებო (კანონისმიერ) ვალდებულებათა სახეს. იგი წარმოიშობა კანონის ძალით, მხარეთა ნება-სურვილისგან დამოუკიდებლად, რა დროსაც, მხარეთა წინასწარი შეთანხმება ზიანის ანაზღაურების თაობაზე საჭირო არ არის. დელიქტური ვალდებულება მოწოდებულია უზრუნველყოს დარღვეული ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების აღდგენა სამართალდამრღვევის ხარჯზე. სწორედ ამ ვალდებულების ძალით, პირი, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის პირად ან ქონებრივ ინტერესებს, ვალდებულია სრული მოცულობით აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, ხოლო დაზარალებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს განცდილი ზიანის ანაზღაურება.
შესაბამისად დელიქტი, როგორც სამოქალაქო სამართალდარღვევა, წარმოშობს გარკვეული სახის სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, დელიქტურ პასუხისმგებლობას. დელიქტური პასუხისმგებლობა წარმოადგენს კანონით განსაზღვრული ქონებრივი ხასიათის ზომების იძულებით გამოყენებას იმ პირის მიმართ, რომელმაც მიაყენა ზიანი სხვა პირის მატერიალურ ან არამატერიალურ სიკეთეს. აღნიშნული პასუხისმგებლობის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ არსობრივად იგი წარმოადგენს შეფარდებით სამართალურთიერთობას, ანუ ადგენს ერთი პირის ვალდებულებას მეორეს წინაშე და იმავდროულად მიმართულია აბსოლუტური სამართალურთიერთობის დაცვისაკენ, სადაც განსაზღვრულია მხოლოდ ერთი მხარე - სუბიექტური უფლების მატარებელი, მაგალითად, ნივთის მესაკუთრე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლად სამოქალაქო უფლების დარღვევა მიიჩნევა. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ჰქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდამრღვევის ბრალი.
სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს. იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია (შდრ: სუსგ №ას-507-481-2011, 30 იანვარი, 2012 წელი; №ას-155-145-2017, 26 ოქტომბერი 2018 წელი).
საკასაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირისმართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაადაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი,რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.
ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს. ამავე კოდექსის 326-ე და 412-ე მუხლებით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს (შდრ: სუსგ №ას-155-145-2017, 26 ოქტომბერი 2018 წელი).
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მოქმედება/უმოქმედობა მოსარჩელის მიმართ, არ შეიძლება განხილული იქნას კანონის ამკრძალავი ნორმების დარღვევად, აგრეთვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობად და საგანგებოდ დაცული უფლებების ხელყოფად, ვინაიდან მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონით აკრძალულ ქმედებას თუ უმოქმედობას, მითუმეტეს, მოპასუხის მხრიდან არ დარღვეულა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების და პირადი უფლებებით დაცული სფერო, ამასთან, მხარეებს შორის არ არსებობს ხელშეკრულება და შესაბამისად მოპასუხეს არ დაურღვევია ხელშეკრულების პირობები, შესაბამისად, მოპასუხე მხარისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა მოსალოდნელი ზიანის შესახებ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და კანონიერ საფუძველს მოკლებული.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში სს „ი----------------“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, შესაბამისად, და მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1361.55 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55.2-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სამოქალაქო სარჩელი სს ი----------------, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში, შპს „ი----–--ს“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე სს ი---------------- სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1361.55 ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი