გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე №2/14303-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე ნ-------------ე
წარმომადგენელი რ--------- გ-----ე
მოპასუხე შპს „ყ--------------------–--ი“
წარმომადგენლები ა---–------–---–ი, გ-----------–---–ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ყ--------------------–--ს“ მოსარჩელე ნ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ა/მანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის 1134 ლარის ანაზღაურება.
1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ბიუროს მომსახურების 121 ლარის, ადვოკატის მომსახურების 200 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2018 წლის 21 მარტს ქ.თბილისში, გ-–----ში, კ--–------ის ქ.N---თან მოსარჩელეს გაჩერებული ჰყავდა რა მისი კუთვნილი ა/მანქანა „ჰონდა ფიტი“, დაახლოებით 14:15 საათზე, როდესაც იგი იმყოფებოდა ა/მანქანასთან, მიულოდნელად მოწყდა გაზის მილი და დაეცა ა/მანქანას, რა დროსაც დაზიანდა მანქანის წინა მხარე და დაზიანებას შემთხვევით გადაურჩა თავად მოსარჩელე. მომხდარი ინციდენტის გამო გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია, რომელმაც აღნიშნულზე შეადგინა ოქმი, ხოლო შპს „ყ--------------------–--ის“ წარმომადგენელმა გ--------------–--ემ კი ხელი არ მოაწერა საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ ოქმს. ინციდენტიდან მესამე დღეს, როდესაც მოსარჩელე აპირებდა ექსპერტიზის ჩატარებას, მოპასუხის თანამშრომლებმა მოახდინეს მილის აღდგენა, თუმცა აღნიშნულზე ასევე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია, რაზეც შედგა რეაგირების ოქმი. თავდაპირველად მოპასუხის წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა მოყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, თუმცა მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც მილი იქნა აღდგენილი, აღნიშნულზე უარი განაცხადა. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ ჩატარებული იქნა ექსპერტიზა, რითაც დადგინა, რომ გაზის მილის ა/მანქანაზე დაცემით მან განიცადა 1134 ლარის ზიანი, რომლის ანაზრაურებაც მოსთხოვა მოპასუხეს, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც მომართა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. წარმოდგენილი შესაგებლის თანახმად, მოპასუხე მხარემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა გაზსადენის ავტომობილზე დაცემის ფაქტი, ასევე არ დასტურდებოდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელის ზიანს შორის, შესაბამისად, ვინაიდან მტკიცებულებებით არ დატურდებოდა მიზეზ-შედეგებორივი კავშირი მათ შორის, ასევე მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი იყო, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის N--------- დასკვნის თანახმად, 2004 წელს დამზადებულ, ჰეტჩბეკის ტიპის ავტომობილ “H--------”-ზე სახელმწიფო ნომრით N--------, შასის ნომერით G----------, მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 1134 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის N--------- დასკვნა (ს.ფ. 17-23)
4.2. 2018 წლის 21 მარტის რეაგირების ოქმის თანახმად, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის მიერ შემთხვევის ადგილზე ქ.თბილისში, გ-–----ში, კ--–------ის ქ.N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგა ოქმი, რომლის მიხედვითაც ქარმა მოტეხა ბუნებრივი აირის მილის საყრდენები, რის შედეგადაც მილი დაეცა ა/მანქანას სახ. ნომრით #N------ და დაუზიანა წინა ე.წ. „კაპოტი“, წინა ბამპერი და წინა ორივე ფარი. აღნიშნულ ოქმს ხელი არ მოაწერა ადგილზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა გ--------------–--ემ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 21 მარტის რეაგირების ოქმი (ს.ფ. 25-16)
- ფოტომასალა (ს.ფ. 29-38)
- ფოტომასალა (ს.ფ. 68-79)
- მოწმე გ--------------–--ის ჩვენება
- მოწმე გ--------–---–ის ჩვენება
4.3. 2018 წლის 23 მარტის რეაგირების ოქმის მიხედვით დგინდება, რომ ქ.თბილისში, გ-–----ში, კ--–------ის ქ.N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოძახების შედეგად მივიდა საპატრულო პოლიცია, რა დროსაც დაადატრურა, რომ შპს „ყ--------------------–--ის“ წარმომადგენელები აწარმოებდნენ მილის აღდგენით სამუშაოებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 23 მარტის რეაგირების ოქმი (ს.ფ. 27-28)
- ფოტომასალა (ს.ფ. 68-79)
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1000-ე მუხლი
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სამოქალაქო კოდექსის 1000-ე მუხლის თანახმად,1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია,თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს.
2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია,თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით.
მოცემულ შემთხვევაშისასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სრულად დასტურდება არა მხოლოდ მოსარჩელეზე მიყენებული ზიანი, არამედ მიზეზ-შედეგებორივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლების მიერ მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე უცხო პირის მიერ შემთხვევით იქნა დაზიანებული მილი, რომელიც მოგვიანებით ჩამოვარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით არა მხოლოდ მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი, არამედ ასევე არ მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მათთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თაობაზე, მით უმეტს, რომ განსახილველი სარჩელი მოსარჩელისთვის მიეყენებული ზაინის ანაზღაურების თაობაზე ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში იქნა სასამართლოში წარმოდგენილი.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ თითქოსდა არ დასტურდება მილის დაცემის შედეგად ა/მანქანის დაზიანების ფაქტი, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დართული და თავად მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული ფოტოსურათებით ცალსახად დასტურდება როგორც შემთხვევის დღეს არსებული სიტუაცია შემთხვევის ადგილზე, ასევე რამდენიმე დღის შემდეგ უკვე აღდგენილი მილის შემდეგ არსებული სიტუაცია. ფოტო მასალით დგინდება, რომ სწორედ მილის დაცემით არის გამოწვეული დაზიანება, ხოლო ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება, მაგალითად, შეეძლო თუ არა მილს ა/მანქანაზე დარჩენა, შეეძლო თუ არა მილს დაცემის შემდეგ ჩამოცურება, შეეძლო თუ არა მილს სწორედ ისეთი სახისა და ხარისხის დაზიანება, რაც ფოტოსურეთებზეა წარმოდგენილი და ა.შ. გადატანილი იყო მოპასუხე მხარეზე, რომელმაც აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქმეში ვერ წარმოადგინა. მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საქმე შეეხებოდა მილს, სადაც ბუნებრივი აირი უნდა გასულიყო, რომლითაც მარაგდება მოსახლეობა, აღნიშნულზე მეთვალყურეობა თუ რაიმე სახის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელება, ასევე მონიტორინგის ვალდებულება იყო სწორედ მოპასუხე მხარეზე გადატანილი. ამ უკანასკნელმა კი სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მილი ნორმათა დაცვის იყო დამონტაჟებული, ან/და შემოწმებული, ასევე სასამართლოსთვის უნობია ვის მიერ და რა პერიოდულობით ხდება უკვე დამონტაჟებული მილების შემოწმება და ბოლოს როდის განხორციელდა აღნიშნული, ვინაიდან სწორედ მითითებული ინფორმაცია დაადგენდა მოპასუხის, როგორც სპეციალიზირებული კომპანიის მიერ იმ სამუშაოების შესრულებას, რაც მას ეკისრება, ასევე რამდენად ხარისხიანად იყო შესრულებული და მასზე განხორციელებული მონიტორინგი. მოპასუხე მხარის მიერ გაცხადებული პოზიცია, რომ მათ სწორად მოახდინეს დამონტაჟება და მათთვის უცნობი პირის მიერ მოხდა მილის დაზიანება, აღნიშნული ისეთი სახის ინფორმაციაა, რომელთა გადაწმომების საშუალება არც მხარეებსა და არც სასამართლოს არ აქვს. უფრო მეტიც, სასამართლოს არ ის წყარო დაუკითხავს მოწმის სახით, რომელმაც გ--------------–--ეს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. ამასთან, ვინაიდან 1000-ე მუხლში საუბარია ქმედებაზე, რომელიც თავის თავში მოიცავს როგორ მოქმედებას, ასევე უმოქმედობას, შესაბამისად, მოპასუხის ქმედებამ გამოიწვია ის შედეგი, რომ მოსარჩელეს დაუზიანდა ა/მანქანა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი საექსპერტო მომსახურების ხარჯი 121 ლარის ოდენობით (ს.ფ.24), ასევე საადვოკატო მომსახურების ხარჯის 200 ლარის (ს.ფ. 39-41) ანაზღაურება. იმის გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის გამო საქმე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს წარმოადგენს, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი 100 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფიო ბიუჯეტში გადახდილად და მოპასუხეს დაეკისროს მისი ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-------------ია სარჩელი შპს „ყ--------------------–--ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე - დაკმაყოფილდეს სრულად.
1.1. მოპასუხე შპს „ყ--------------------–--ს“ მოსარჩელე ნ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ა/მანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის 1134 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხე შპს „ყ--------------------–--ს“ მოსარჩელე ნ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს საექსპერტო დასკვნისთვის გაწეული ხარჯის 121 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე შპს „ყ--------------------–--ს“ მოსარჩელე ნ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის 200 ლარის ანაზღაურება.
4. მოსარჩელე ნ-------------ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 17 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან 50 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოპასუხე შპს „ყ--------------------–--ს“ მოსარჩელე ნ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე, 365-ე მუხლების საფუძველზე მოცემულ დავაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე შორენა წიქარიძე