გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/29244-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე - ს----------------ი”
წარმომადგენელი - ლ--–--------–---–ი
მოპასუხეები - ვ----------------ი, ე-–------------ი, ნ-----–-------------ო
წარმომადგენელი - გ---–----------–--–--ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - ვ-----------------ს, ე-–------------ს და ნ-----–-------------ოს, ს---------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროთ #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 38 169 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 31 621,05 აშშ დოლარი, პროცენტი - 2960.26 აშშ დოლარი, ჯარიმა - 3344,58 აშშ დოლარი, დაზღვევა - 243,11 აშშ დოლარი (174,54 აშშ დოლარი სიცოცხლის დაზღვევა, 68,57 აშშ დოლარი ქონების დაზღვევა).
1.2. მოპასუხეებს - ვ-----------------ს, ე-–------------სა და ნ-----–-------------ოს ს---------------ის" სასარგებლოდ დააკისროთ, 20/09/2016 წლიდან (სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი) სესხის ძირ თანხაზე (31 621,05 აშშ დოლარი) გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 441.83 აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 5301.96 აშშ დოლარისა.
1.3. მოპასუხეებს, ვ-----------------ს, ე-–------------სა და ნ-----–-------------ოს, ს---------------ი"-ს სასარგებლოდ დააკისროთ დავალიანებულ ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე (34 581.31) #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (20/09/2016-დან) 240 დღის მანძილზე (20/05/2016 წლის ჩათვლით) ყოველდღიურად 34.58 აშშ დოლარის ოდენობით.
1.4. ვ-----------------ს, ე-–------------სა და ნ-----–-------------ოს, ს---------------ი"-ს მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების გადახდევინება განხორციელდეს ნ-----–-------------ოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ--–---------–--------–-------------------------------------------------------------------------------------, იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
1.5 თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების ვ-----------------ს, ე-–------------სა და ნ-----–-------------ოს საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებებზე.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2011 წლის 3 მარტს ს---------------სა" და ვ-----------------ს შორის დაიდო #------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 100000 აშშ დოლარის ოდენობით, 50 წლის ვადით, სარგებლის წლიურად არაუმეტეს 48%-ის დარიცხვით. #------- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და ნ-----–-------------ოს შორის გაფორმდა #--------1 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ს---------------ის" სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–-------------ოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ--–---------–--------–-------------------------------------------------------------------------------------.
#------- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და ე-–------------ს და ნ-----–-------------ოს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც ე-–------------მა და ნ-----–-------------ომ მთელი მოცულობით ივალდებულეს მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა თითოეულისათვის შეადგენს 100000 აშშ დოლარს.
2015 წლის 13 მარტს ს---------------სა" და ვ-----------------ს შორის გაფორმდა შეთანხმება #------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2015 წლის 31 ივლისს ს---------------სა" და ვ-----------------ს შორის გაფორმდა #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 32500 აშშ დოლარის ოდენობით, 4783 დღის ვადით, სარგებლის წლიურად 17%-ის დარიცხვით. მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტები, რაც გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის გაფორმებული გადახდის გრაფიკით, თუმცა მოპასუხე არ ასრულებს ბანკის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, რაც გამოიხატება გადახდის გრაფიკის დარღვევებში, ძირი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების გადაუხდელობაში. 2015 წლის დეკემბრიდან დღემდე ფიქსირდება გადახდის გრაფიკის დარღვევა, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.
მოპასუხე მხარეებს 1--------- და 1--------- გამაფრთხილებელი წერილები გაეგზავნათ ფოსტის მეშვეობით, თუმცა ვალდებულება არ იქნა შესრულებული. ბანკის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 2016 წლის 20 სექტემბერს ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი.
22/09/2016–ის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს, #---------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე: 38 169 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 31 621,05 აშშ დოლარი, პროცენტი - 2960.26 აშშ დოლარი, ჯარიმა - 3 344,58 აშშ დოლარი, დაზღვევა - 243,11 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ე-–------------ს და ნ-----–-------------ოს თავდებობის თანხმობა 2015 წლის 31ივლისის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არ განუცხადებიათ; ასევე ნ-----–-------------ოს თანხმობა არ განუცხადებია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკის დატვირთვასთან დაკავშირებით.
2015 წლის 31 ივლისს ს---------------სა" და ვ-----------------ს შორის გაფორმებული #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება არის კაბალური, პროცენტი და პირგასამტეხლო კი შეუსაბამოდ მაღალი.
მსესხებელს-ვ----------------ს მოსარჩელესთან დადებული აქვს რამოდენიმე ხელშეკრულება, თუმცა მან მხოლოდ ერთხელ მიიღო მოსარჩელისაგან კრედიტი. 2011 წლიდან მოყოლებული ის სრულად ასრულებდა თავის, როგორც მოვალის ვალდებულებას, ამასთან როგორც კი დგებოდა გადახდის გრაფიკის დარღვევის საფრთხე, ის მოსარჩელესთან დებდა ვალის რესტრუქტურიზაციის ხელსეკრულებას. ვ----------------ს მოსარჩელისაგან მიღებული 35000აშშ დოლარიდან გადახდილი აქვს 30 648.66აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ იგი გადახდისუუნარო აღმოჩნდა 2016 წლის იანვრიდან, 2016 წლის სექტემბერში მან გადაიხადა 2000აშშ დოლარი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ 2015 წლის 31 ივლისს ს---------------სა" და ვ-----------------ს შორის #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმების დროს, მსესხებლის თავისუფალი ნების გამოვლენას ადგილი არ ჰქონია და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა მასზე განხორციელებული იძულების შედეგია. რაც შეეხება იპოთეკის ხელშეკრულებას, რომლითაც უზრუნველყოფილია ბანკის მოთხოვნა, იპოთეკის საგნის მესაკუთრემ _ ნ---------ომ ისე მოაწერა ხელშეკრულებას ხელი, რომ ქართული ენის არცოდნის გამო მისთვის უცნობი იყო როგორც ხელშეკრულების შინაარსი, ასევე სავარაუდო შედეგები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 30 მარტს ს----------------სა“ და ვ-----------------ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N---------, რომლის ფარგლებშიც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 100000აშშ დოლარის ოდენობით, 50 წლის ვადით, სარგებლის მაქსიმალური ოდენობის _ წლიური 48%-ის დარიცხვის პირობით, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა _ 0.5%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 19-25);
3.1.2 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და ე-–------------ს შორის 2011 წლის 30 მარტს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N---------- რომლის თანახმადაც თავდებმა _ ე-–------------მა სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა ს----------------ის“ წინაშე ვ----------------ის მიერ 3-------- წლის N------- ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 100000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდების განცხადება (ს.ფ 31);
- თავდებობის ხელშეკრულება N--------3 (ს.ფ. 32-34);
3.1.3 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და ნ-----–-------------ოს შორის 2011 წლის 30 მარტს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N--------2, რომლის თანახმადაც თავდებმა ნ-----–-------------ომ სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა ს----------------ის“ წინაშე ვ----------------ის მიერ 3-------- წლის N------- ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 100000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდების განცხადება (ს.ფ 35);
- თავდებობის ხელშეკრულება N--------3 (ს.ფ. 36-38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4 N------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და ნ-----–-------------ოს შორის 2011 წლის 30 მარტს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N--------1. ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ნ-----–-------------ოს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ-------–--–------–------------------–-------------------------------------------------------, ბანკსა და ვ----------------ს შორის გაფორმებული 3-------- წლის N-------ძირითადი ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებებით წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 26-30).
3.1.5 2015 წლის 13 მარტს ს----------------სა“-ს ვ----------------ს შორის გაფორმდა შეთანხმება N------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება N------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ 39);
3.1.6. 2011 წლის 30 მარტს ს----------------სა“ და ვ-----------------ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N----------1------, შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 35000 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა - 04.04.21წ-მდე, ყოველწლიური სარგებელი - 18%, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;
2011 წლის 27 მაისს ს----------------სა“ და ვ-----------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საბანკო კრედიტის N----------1------ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება(ს.ფ. 137-139);
- დანართი N1 (ს.ფ. 140);
- 3-------- წლის საბანკო კრედიტის N----------1------ ხელშეკრულების ცვლილება (ს.ფ.145-146);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკები (ს.ფ 141-144; 147-150).
3.1.7. 2011 წლის 30 მარტს ს----------------სა“ და ვ----------------ს შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N-------1 ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხესთან 2015 წლის 12 მარტს გაფორმდა #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 32000 აშშ დოლარი, ვადა - 4778 დღე, საპროცენტო განაკვეთი წლიური - 16%, კრედიტის მიზნობრიობა მსესხებლის 35000აშშ დოლარიანი სამომხმარებლო სესხის რეფინანსირება ს--------------–ი“, ასევე მსესხებლის ორი პრაიმ ქარდისა და მსესხებლის ოვერდრაფტის ბარათზე დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #--------------- (ს.ფ.160-161);
- შეთანხმება დამატებითი პირობების შესახებ (ს.ფ. 166);
- დანართი N1 (ს.ფ. 162-165).
3.1.8. 2011 წლის 30 მარტს ს----------------სა“ და ვ-----------------ს შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N-------1 ხელშეკრულების (ცვლილების თარიღი 1-------წ) ფარგლებში მოპასუხესთან 2015 წლის 31 ივლისს გაფორმდა #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 32500 აშშ დოლარი, ვადა - 4783 დღე, ყოველწლიური სარგებელი - 17%, კრედიტის მიზნობრიობა _ მსესხებლის 32000აშშ დოლარიანი #--------------- სამომხმარებლო სესხის დაფარვა ს--------------–ი“.
ხელშეკრულების 2.16.3 პუნქტის თანახმად, აღნიშნული სესხი წარმოადგენს, რესტრუქტურიზაციას. იმ შემთხვევაში თუ რესტრუქტურიზაციის გაცემის შემდეგ სესხის თანხა აღმოჩნდება ზედმეტი დასაფარი პროდუქტების ჯამურ დავალიანებაზე, აღნიშნული თანხა მიემართოს სესხის წინსწრებით დასაფარად, ადრე დაფარვის საკომისიოს გარეშე.
ხელშეკრულების 2.16.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელმა იკისრა ვალდებულება საბანკო კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ვადით განეხორციელებინა იპოთეკის საგნისა და სიცოცხლის დაზღვევა ბანკის სასარგებლოდ კომპანია G----ში და გადაეხადა სადაზღვევო პრემია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დანართი N1/პოლისი N#--------------- (ს.ფ. 69-72);
- #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 48-54).
3.1.9. მსესხებლისმიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი სესხის გრაფიკის შესაბამისად გადახდის ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 55);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები)
3.1.10. ს----------------ის“ მიერ მოპასუხეები გაფრთხილებულ იქნენ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილების წერილები, ჩაბარების დასტურები (ს.ფ. 57-61);
3.1.11. ბანკის მიერ 2016 წლის 20 სექტემბერს ცალმხრივად ვადამდე იქნა შეწყვეტილი #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილების წერილი, ჩაბარების დასტურები (ს.ფ. 62-65);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
3.2.1. ბანკის მიერ გაცემული დავალიანების ცნობის მიხედვით დასტურდება რომ 2016 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანება ს----------------ი“-ს მიმართ #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 38169 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 31621.05 აშშ დოლარი, პროცენტი - 2960.26 აშშ დოლარი, ჯარიმა - 3344.58 აშშ დოლარი და დაზღვევა - 243.11 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 55);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 56).
3.2.2.სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მითითებას (ფაქტობრივ გარემოებას) რომ ს----------------ისა“ და ნ-----–-------------ოს შორის 2011 წლის 30 მარტს იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ვინაიდან ეს უკანასკნელი არ ფლობს ქართულ ენას.
მოპასუხე მხარის განმარტება, რომ იპოთეკის საგნის მესაკუთრე _ ნ-----–-------------ო არ ფლობს ქართულ ენას და შესაბამისად მისთვის უცნობი იყო იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებათა შინაარსი, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველეს ყოვლისა სასამართლო განმარტავს რომ: ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის. კერძოდ, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით ნ---------ოს მიერ სადავო ხელშეკრულებების ხელმოწერის დროისათვის ქართული ენის არცოდნის ფაქტის დადასტურება; მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ ნ-----–-------------ო არ ფლობს/ფლობდა ქართულს, რომ მან გარიგების შინაარსის გაგება ვერ შეძლო ენის არცოდნის გამო და რომ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა ბანკს; ასევე არ დასტურდება ნ---------ოს მიერ იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას თარჯიმნის მონაწილეობის მოთხოვნა და გარიგებათა შინაარსის მისთვის გასაგებ რუსულ ენაზე განმარტება. მეტიც, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კონკრეტულად კი ნ---------ოს მიერ ხელმოწერილი იპოთეკის ხელშეკრულების 4.1.7 პუნქტით დასტურდება რომ იგი იცნობს ძირითადი ხელშეკრულების ტექსტს სრულად, მისთვის გასაგებია ძირითადი ხელშეკრულების შინაარსი და ნათელია თუ რა სახისა და მოცულობის ათვისებული კრედიტებიდან წარმოშობილი, ასევე კლიენტის მიერ მომავალში დასადები ხელშეკრულებ(ებ)ით რა სახის და მოცულობის სამომავლო მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ტვირთავს ქონებას იპოთეკარის სასარგებლოდ; ამავე ხელშეკრულების 4.1.5 პუნქტის თანახმად კი მის მიერ ხელშეკრულება დადებულია ნებაყოფლობით, იპოთეკარის ან მესამე პირთა მხრიდან ყოველგვარი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობისა და მოტყუების გარეშე.
სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხის მიერ ასევე ქართულ ენაზეა შესრულებული ხელმოწერები როგორც განსახილველ სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელზე, ასევე შეგებებულ სარჩელზეც, რომელიც არ იქნა მიღებული სასამართლოს მიერ განსახილველად.
3.2.2 სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ვ----------------ის პოზიციას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებების დადებისას, ბანკის მხრიდან ადგილი ქონდა მოპასუხის ფსიქიკურ იძულებას და განმარტავს:
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით გათვალისწინებულ ნორმათა დანაწესის თანახმად, ხელშეკრულების დადების თავისუფლება გულისხმობს როგორც მხარეთა მიერ ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას, ასევე შესაძლებლობას დადონ ან არ დადონ ესა თუ ის ხელშეკრულება. ამასთანავე, თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და დაიცვას წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტი მხარის წინაშე, რის გამოც მისი ნამდვილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზეც, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას; აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა.
გარიგების დადების დროს ერთი პირის იძულებას მეორეზე მოჰყვება ნების აშკარად საწინააღმდეგო ქმედება, რა დროსაც ნების გამოვლენის პროცესში ჩარევა ხდება. ეს ის შემთხვევაა როდესაც პირმა იცის რეალური ვითარება, რის გამოც, ის წინააღმდეგია გარიგების დადების, მაგრამ მას გარეგანი ზემოქმედების შედეგად აიძულებენ, რომ დაეთანხმოს შემოთავაზებულ წინადადებას. საყურადღებოა, რომ გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომელიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის გარემოება, რომ ვ----------------სა და მოსარჩელე ბანკს შორის 2011 წლის 30 მარტს ხელმოწერილ იქნა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N-------1 ხელშეკრულება (ცვლილების თარიღი 1-------წ), რომლის ფარგლებშიც ბანკსა“ და ვ-----------------ს შორის იმავე დღეს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N----------1------; ასევე უდავო გარემოებაა, რომ ვ----------------ის მიერ ხელმოწერილი იქნა 2011 წლის 30 მარტს დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N-------1 ხელშეკრულების (ცვლილების თარიღი 1-------წ) ფარგლებში გაფორმებული როგორც 2015 წლის 12 მარტის #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიზნობრიობასაც წარმოადგენდა მსესხებლის 35000აშშ დოლარიანი სამომხმარებლო სესხის რეფინანსირება ს--------------–ი“, ასევე მსესხებლის ორი პრაიმ ქარდის და მსესხებლის ოვერდრაფტის ბარათზე დაფარვა, ასევე 2015 წლის 31 ივლისს გაფორმებული #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც განხორციელდა არსებული სესხის რესტრუქტურიზაცია და მსესხებლის 32000აშშ დოლარიანი #--------------- სამომხმარებლო სესხის დაფარვა ს--------------–ი“.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 24 დეკემბრის №281/04 ბრძანებით დამტკიცებული ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების პირველი მუხლის ს) პუნქტის თანახმად, რესტრუქტურიზირებული სესხი განიმარტება „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 10 აგვისტოს №117/04 ბრძანების შესაბამისად ან როდესაც მსესხებელი სესხს ვერ ემსახურება ფინანსური სირთულეების გამო (მათ შორის, თუ დარღვეულია ამ დებულებით დადგენილი კოეფიციენტები); ხოლო ამავე მუხლის ტ) პუნქტით რეფინანსირებული სესხი განმარტებულია როგორც – სესხი, რომლის დაფარვის პირობების შეცვლაზე არსებობს შეთანხმება სესხის გამცემ ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის და დაფარვის პირობების ცვლილება არ არის გამოწვეული მსესხებლის ფინანსური სირთულეებით;
შესაბამისად, ვ---------------ის შესაგებელში მითითებული განმარტება, რომ მას „მოსარჩელესთან დადებული აქვს რამოდენიმე ხელშეკრულება, კრედიტი კი მხოლოდ ერთხელ მიიღო მოსარჩელისაგან. 2011 წლიდან მოყოლებული ის ასრულებდა თავის, როგორც მოვალის ვალდებულებას, ამასთან როგორც კი დგებოდა გადახდის გრაფიკის დარღვევის საფრთხე, ის მოსარჩელესთან დებდა ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებას“ - არა თუ ამყარებს მოსარჩელის არგუმენტაციას საკრედიტო ხელშეკრულებების იძულებით დადების თაობაზე, არამედ მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ სესხის რეფინანსირება თუ რესტრუქტურიზაცია, სწორედ მის ინტერესებს ემსახურებოდა და მისი ნების შესაბამისი იყო.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს, პირობებს, მოიწონა და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა. მართალია, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევებს, როგორიცაა თუნდაც გარიგების დადება მოტყუებით ან იძულებით, თუმცა მოტყუებისა და იძულების ფაქტები უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით და სათანადო გარემოებებზე მითითებით, რაც იმ მხარის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რომელიც აღნიშნული საფუძვლებზე მიუთითებს. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-4 მუხლი), #--------------- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების იძულებით დადების ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეზე იყო, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებითა და დაყრდნობით, ვერ შეძლო სადავო გარემოების დადასტურება.
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------------ის’’ მიერ მოპასუხეთა მიმართ აღძრული სარჩელი საკრედიტო, იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე, 891-ე, 895-896-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. კერძოდ, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 867-ე და 868-ე მუხლებში.
სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
აღნიშნულ ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი. შესაბამისად ს----------------ი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხისა და - საპროცენტო სარგებლის მსესხებლისათვის დაკისრება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლისა და ქონების დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების ვადით. კერძოდ,2011 წლის 30 მარტს ს----------------სა“ და ვ-----------------ს შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N-------1 ხელშეკრულების (ცვლილების თარიღი 1-------წ) ფარგლებში მოპასუხესთან 2015 წლის 31 ივლისს გაფორმებული #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.16.1 პუნქტის თანახმად, მსესხებელმა იკისრა ვალდებულება საბანკო კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ვადით განეხორციელებინა იპოთეკის საგნისა და სიცოცხლის დაზღვევა ბანკის სასარგებლოდ კომპანია G----ში და გადაეხადა სადაზღვევო პრემია.
შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს: მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს 243.11 აშშ დოლარის ოდნობით (174.54აშშ დოლარი სიცოცხლის დაზღვევა, 68.57აშს დოლარი ქონების დაზღვევა) თანხის ანაზღაურება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდრულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ მსესხებლის მიერ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 30 მარტს გაფორმდა თავდებობის N--------2 და N--------3 ხელშეკრულებები თავდები პირებთან _ ე-–------------თან და ნ-----–-------------ოსთან.
შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების ბანკი უფლებამოსილია ვალდებულების შესრულება, მსესხებელთან ერთად, სოლიდარულად მოსთხოვოს თავდებ პირს.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
უდავოა, გარემოებაა, რომ #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით, კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად უნდა გადაეხადა.
დავის ფარგლებში, დადგენილია ვ----------------ის მიერ #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღნიშნული ვალდებულების დარღვევის ფაქტი (სკ-ის 361-ე, 400-ე მუხლები), რის თაობაზეც იგი თავდებ პირებთან ერთად ბანკის მიერ გაფრთხილებულ იქნა წერილობით და მიეცა ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ვადა, თუმცა უშედეგოდ, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს კრედიტორის მიერ საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამისად, ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების საფუძველს.
6.5.სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
განსახილველ შემთხვევაში, N------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2.4 პუნქტის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევისას, მსესხებელს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით, ხოლო #--------------- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2.9 და 2.10 პუნქტებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 10 აშშ დოლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო _ დავალიანების 0.5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან ყოველდღიური 0.1% თვეში (30 დღე) შეადგენს 3%-ს, ხოლო წელიწადში (365 დღე) - 36.5%-ს.
შესაბამისად, #--------------- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს ს-----------------ის'' სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დარიცხული პირგასამტეხლოს განახევრებული ოდენობა - 1672.23აშშ დოლარი, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა დაეკისროთ დავალიანების ძირითად თანხაზე - 31621.05აშშ დოლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, ხელშეკრულების შეწყვეტიდან (20.09.16) -240 დღის მანძილზე, რაც შეადგენს ყოველდღიურად - 15.8აშშ დოლარს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანხმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. პროცენტის მიღება კი ბანკის პირდაპირ და უშუალო ბიზნეს საქმიანობას წარმოადგენს.
სარჩელით ს---------------ი“ ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით იმ ზიანის ანაზღაურებას, რასაც ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროცენტის სახით მიიღებდა, საკრედიტო ვალდებულება მოპასუხეებს ჯეროვნად რომ შეესრულებინათ ანუ მოპასუხეთათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური 17%-ის დაკისრებას, მაგრამ არაუმეტეს 5301.96აშშ დოლარისა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 441.83აშშ დოლარს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; კერძოდ, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 11%-ს. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს ს---------------ის" სასარგებლოდ N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 31621.05 აშშ დოლარზე წლიური 11%-ის სარგებლის გადახდა, ხელშეკრულების შეწყვეტიდან (20.09.16წ) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 285.88 აშშ დოლარს.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით. ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
დადგენილია, რომ ნ-----–-------------ოს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქ--–---------–--------–--------------------------------------------------------------------, იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე დაიტვირთა იპოთეკით, ს---------------ა“ და ვ----------------ს შორის გაფორმებული 3-------- წლის N-------ძირითადი ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებებით წარმოშობილი მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო, მოსარჩელეს, სხვა კრედიტორებთან შედარებით, წარმოეშვა უპირატესი უფლება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა (თანხის გადახდა) იპოთეკით დატვირთული კონკრეტული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით. ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გადახდევინების მიქცევა, უნდა განხორციელდეს მსესხებლის _ ვ----------------ის ნებისმიერი ქონებაზე (იპოთეკის ხელშეკრულების 6.3 და 6.4 პუნქტის საფუძველზე);
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ს----------------ის“ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 3591.40 ლარის ოდენობით, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხეებს ს----------------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად - 3032.9 ლარის ოდენობით, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გაღებულ იქნა ხარჯი საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისთვის - 15 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალების ასლით (ს.ფ. 66). შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი უნდა გადახდეს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე- 249-ე, 364-ე, და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს----------------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს ვ----------------ს, ე-–------------ს და ნ-----–-------------ოს ს----------------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 36496.71 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 31621.05 აშშ დოლარი, პროცენტი - 2960.26 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1672.29 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 243.11 აშშ დოლარი.
3. მოპასუხეებს ვ----------------ს, ე-–------------ს და ნ-----–-------------ოს ს----------------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 31621.05 აშშ დოლარზე წლიური 11% სარგებლის გადახდა, ხელშეკრულების შეწყვეტიდან (2016 წლის 20 სექტემბრიდან) არაუმეტეს ერთი წლისა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 285.88 აშშ დოლარს.
4. მოპასუხეებს ვ----------------ს, ე-–------------ს და ნ-----–-------------ოს ს----------------ის" სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 31621.05 აშშ დოლარზე პირგასამტეხლო 0.05% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ხელშეკრულების შეწყვეტიდან 20.09.2016 წლიდან) 240 დღის მანძილზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 15.8 აშშ დოლარს.
5. დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს ნ-----–-------------ოს საკუთრებაში არსებული და ს----------------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქ--–---------–--------–------------------------------------------------------------------; თუ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, აღსრულება განხორციელდეს - ვ----------------ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან.
6. თავდებ პირთა _ ე-–------------ის და ნ-----–-------------ოს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს თითოეულისათვის 100000 აშშ დოლარით;
7. ვ----------------ს, ე-–------------ს და ნ-----–-------------ოს ს----------------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ნაწილის - 3032.9 ლარისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისთვის გაღებული ხარჯის - 15 ლარის ანაზღაურება;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი