გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.12.2018
საქმის ნომერი
330310018002464458
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ს-------------------------

საქმე №3/3244-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ეკატერინე კალმახელიძე

 

მოსარჩელე - დ-------------–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - რ---------------–------

 

მესამე პირი - სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

წარმომადგენელი - დ---------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 აპრილის M---------------- გადაწყვეტილება დ-------------–---–ის დიპლომირებული სპეციალისტის G----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ;

 

1.2. დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დ-------------–---–ის სახელზე გაცემული G----------- დიპლომის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირის - სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. სსიპ გორის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა ჩარიცხვის შესახებ“ რექტორის 2008 წლის 01 ოქტომბრის №----- ბრძანებით, დ-------------–---–ი ჩარიცხულ იქნა მცირე და საშუალო ბიზნესის ადმინისტრირების პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე. აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავდა 180 კრედიტს.

 

სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სწავლის გაგრძელების ეტაპის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 201- წლის 18 ნოემბრის №--------- ბრძანების მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესის ადმინისტრირების პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს - დ-------------–---–ს სწავლის გაგრძელების ეტაპად განესაზღვრა სწავლების მესამე წელი 1-5 კრედიტის აღიარებით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ბრძანება №----- (ს.ფ. 41-48);

- ბრძანება №-------- (ს.ფ. 54-57);

 

4.2. „სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მცირე და საშუალო ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის კურსდამთავრებულებისათვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ“ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საბჭოს 2013 წლის 7 მარტის №-- გადაწყვეტილებით დ-------------–---–ს მიენიჭა მცირე და საშუალო ბიზნესის ადმინისტრირების დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია. მის სახელზე 2013 წლის 18 მარტს გაიცა № G----------- დიპლომი (დიპლომის სარეგისტრაციო №------).

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- „სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება №-- (ს.ფ. 58);

- 2013 წლის 18 მარტის ბრძანება №---- (ს.ფ. 59-61);

- დიპლომი G----------- (ს.ფ 89);

 

4.3. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 მაისის №------------------ ცნობის თანახმად, დ-------------–---–მა 2008 წელს გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება გორის უნივერსიტეტში. ფაკულტეტი - სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა (1----) და მიიღო შემდეგი შეფასება: ზოგადი უნარები - 2- ქულა (სკალირებული ქულა 1----) საკონკურსო ქულა - 1---.

 

სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, დ-------------–---–მა 2008 წელს გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება პროფესიულ პროგრამაზე, გორის უნივერსიტეტში, ფაკულტეტის კოდი 1-----, ფაკულტეტი - სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალმცოდნეობა, საკონკურსო ქულა - 1---, გამოცდების შედეგები არის შემდეგი: ქართული ენა და ლიტერატურა 1- ქულა, ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი; ზოგადი უნარები - 2- ქულა, რუსული ენა - 1- ქულა, გადალახა მინიმალური ზღვარი;

 

სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გორის უნივერსიტეტში №----- კოდით არსებული საგანმანათლებლო პროგრამა - სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კრედიტების ჯამური რაოდენობა განსაზღვრულია 180 კრედიტით. გორის უნივერსიტეტის 1----- ფაკულტეტზე ჩარიცხულია დ-------------–---–ი 1--- სკალირებული ქულით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ცნობა (ს.ფ. 12);

- ინფორმაცია (ს.ფ. 151-154);

4.4. 2018 წლის 12 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით მიმართა დ-------------–---–მა და მოითხოვა სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ 2013 წელს მის სახელზე გაცემული პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომირებული სპეციალისტის G----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 12 აპრილის M---------------- გადაწყვეტილებით, დადასტურდა დიპლომირებული სპეციალისტის G----------- დიპლომის ნამდვილობა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადება (ს.ფ. 84-85);

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის 12 აპრილის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 96-97);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ-------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანამანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი''.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესთან“, ასევე, - სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

7.2. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას, მათ შორის, ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებას. ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.

 

ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე. 8. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების დროს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში, ცენტრი უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უზუსტობა საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაციის ფორმულირებაში, რაც შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ იწვევს სწავლის შედეგისა და მინიჭებულ კვალიფიკაციის შეუსაბამობას, ცენტრი ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას და გადაწყვეტილებაში მიუთითებს აღნიშნულის თაობაზე.

 

დადგენილია, რომ სსიპ - საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო საკრედიტაციო სამსახურის დირექტორის 2006 წლის 16 ოქტომბრის №64/ა ბრძანებით (ბრძანება ძალაში შევიდა 2007-2008 სასწავლო წლიდან) სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 5 წლის ვადით. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 22 აგვისტოს №176 დადგენილებით განხორციელდა სსიპ - ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია გაერთიანების გზით და ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - გორის უნივერსიტეტი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სსიპ - განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს 2007 წლის 19 ნოემბრის №49/ს გადაწყვეტილებით სსიპ - გორის უნივერსიტეტს მიენიჭა აკრედიტაცია პროფესიული უმაღლესი განათლების ნაწილში.

 

"უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის სსიპ - გორის სასწავლო უნივერსიტეტი ჩაითვალა ავტორიზებულად აკრედიტაციის დარჩენილი ვადით.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბაკალავრი არის მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი საფეხურისათვის - ბაკლავრიატისთვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება. ამავე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბაკალავრიატი არის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობის საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისთვის და მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისთვის.

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

 

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტი განმარტავს, რომ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის) საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანების „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ (11.02.2008 23.06.2008-მდე მოქმედი რედაქცია) მე-5 მუხლი განსაზღვრავს იმ საგნების რაოდენობასა და ჩამონათვალს, რომლებშიც ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. ამავე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია სამი გამოცდის ჩაბარება. ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად (მიუხედავად სწავლების ენისა) ყველა აბიტურიენტი ვალდებულებია ჩააბაროს გამოცდები შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, აბიტურიენტის არჩევით ერთ-ერთი უცხოური ენა - (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) და ზოგადი უნარები.

 

ამავე ბრძანების 23-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლისათვის ჩაირიცხებიან ის აბიტურიენტები, რომლებსაც ზოგადი უნარების გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულების მიხედვით რანჟირებულ აბიტურიენტთა სიაში უმაღლესი ქულა ექნებათ. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვება ხორციელდებოდა მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

 

საქმის მასალებით დადგენილ იქნა, რომ დ-------------–---–ის 2008 წელს სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის ფაქტი არ ყოფილა უკანონო. მან ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების საფუძველზე რანჟირების კონკურსში მონაწილეობის შედეგად მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ-------------–---–ი 2008 წელს 1 ოქტომბრის №----- ბრძანებით ჩაირიცხა სსიპ-გორის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პროფესიულ უმაღლეს საგანმანთლებლო პროგრამაზე, სპეციალობა - მცირე და საშუალო ბიზნესის ადმინისტრირება. სსიპ-გორის სასწავლო უნივერსიტეტის 2011 წლის 18 ნოემბრის №-------- ბრძანებით განესაზღვრა სწავლის გაგრძელების ეტაპად სწავლების მე-3 წელი 115 კრედიტის აღიარებით. ა(ა)იპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 2013 წლის 18 მარტის №---- ბრძანებით და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საბჭოს 2013 წლის 7 მარტის №-- გადაწყვეტილებით მიენიჭა მცირე და საშუალო ბიზნესის ადმინისტრირების დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია. მცირე და საშუალო ბიზნესის ადმინისტრირების პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა იყო 180 კრედიტიანი, სწავლის ხანგრძლივობით სამი სასწავლო წელი. დ-------------–---–ს მცირე და საშუალო ბიზნესის ადმინისტრირების დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად და 180 კრედიტის ათვისებისთვის დასჭირდა ოთხი სასწავლო წელი, 2008 წლიდან 2013 წლამდე (სულ 9 სემესტრი). აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე დ-------------–---–ისათვის მინიჭებული კვალიფიკაცია ვერ გაუთანაბრდება უმაღლესი განათლების პირველ საფეხურს - ბაკალავრიატს.

 

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, პროფესიული კვალიფიკაცია/კვალიფიკაცია არის პროფესიული ცოდნისა და უნარების ფლობა, რაც დასტურდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პროფესიული დიპლომით. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სპეციალისტი არის პირი, რომელსაც მიენიჭა პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი.

 

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „უ2“ ქვეპუნქტის თანახმად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა არის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გამომუშავებაზე და სრულდება შესაბამისი პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებით. პროგრამა აერთიანებს პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო სასწავლო კურსებს/მოდულებს. პროგრამით განისაზღვრება პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, პროფესიული სტუდენტის დატვირთვა კრედიტებში, სწავლების მეთოდები და შეფასების ფორმები.

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს პირს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის, პროფესიული ტესტირების ჩაბარებისა და პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველზე, პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების შესაძენად.

 

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-32 ქვეპუნქტის თანახმად, პირები, რომლებიც 2010 წლის 1 სექტემბრამდე ჩაირიცხნენ ან 2011 წლამდე ჩაირიცხებიან დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბამისი პროგრამის ათვისების შედეგად მიიღებენ დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს.

 

7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 12 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ-------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე