გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.12.2018
საქმის ნომერი
330210018002467914
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15574-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

მოსარჩელე შპს ''ა------------------------------------------------ა'';

წარმომადგენელი ლ-----------–---–-;

მოპასუხე შპს ''ტ--–----------------------'';

წარმომადგენელი ი-----–----–-----–---–ი;

დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ''ტ--–----------------------ს'' მოსარჩელე შპს ''ა------------------------------------------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს - 2759.85 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2014 წლის 1 სექტემბერს შპს ''ა--------------------------------------------------'' და შპს ''ტ--–----------------------ს'' შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადაეცა კომპანიის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ა-–--------------ში შენობის პირველ სართულზე არსებული 94.54 კვ.მ. ფართი მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------. ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 690 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. იჯარის ვადად განისაზღვრა ორი წელი. იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, მოიჯარე აგრძელებდა საიჯარო ქონებით ფაქტობრივ სარგებლობას 2017 წლის 1 მარტამდე. შპს ''ტ--–----------------------'' არარეგულარულად იხდიდა საიჯარო ქირას, თუმცა ადასტურებდა, ანუ აღიარებდა საიჯარო ქონებით სარგებლობას სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის შემდგომაც. მოსარჩელის მითითებით, შპს ''ტ--–----------------------ს'' დავალიანება შპს ''აქ----------------------------------------------ის'' მიმართ შეადგენს - 2759.85 ლარს, რომელიც გამომდინარეობს საიჯარო ხელშეკრულებიდან და უძრავი ქონების ფაქტობრივი სარგებლობისათვის საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებიდან. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის გადაუხდელი ქირის თანხის გადახდის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და მიუთითა, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა შპს ''ტ--–----------------------ს'' მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების საფუძველზე საიჯარო ქირის სრულად დაფარვით. მოპასუხის განმარტებით, მის მიერ საიჯარო ფართით სარგებლობის ფაქტი ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის შემდეგ ვერ დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულებით. საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამასთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას. შესაბამისად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შედგენა ხდება საგადასახადო მიზნებისათვის და მისი წარმოდგენა ვერ დაადასტურებს მხარეთა შორის სამართალურთიერთობის არსებობას. შესაბამისად მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 1 სექტემბერს შპს ''ა--------------------------------------------------ა'' და შპს ''ტ--–----------------------ს'' შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადაეცა კომპანიის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ა-–--------------ში შენობის პირველ სართულზე არსებული 94.54 კვ.მ. ფართი მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0---------------. ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა - 690 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. იჯარის ვადად განისაზღვრა ორი წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 1 სექტემბრის იჯარის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ.15-18);

- მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ს.ფ. 19);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 59-63);

- მხარეთა ასხნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.1. დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, კერძოდ, 24 თვის განმავლობაში გადასახდელი საიჯარო ქირის თანხა სრულად აქვს დაფარული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ''თ----------ის'' მიერ გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ. 73);

- მხარეთა ასხნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ''ტ--–----------------------ს'' არ აქვს ანაზღაურებული შპს ''ა------------------------------------------------ისათვის'' 4 თვის საიჯარო ქირის თანხა - 2759.85 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელე იჯარის ხელშეკრულების არსებობის დასადასტურებლად მიუთითებს სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე, რომელიც დადასტურებულია მოიჯარის - მოპასუხე მხარის მიერ კანონით განსაზღვრული წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.

 

საქმეში წარმოდგენილი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით დგინდება, რომ მხარეებს შორის იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობა ვადის დასრულების მიუხედავად გაგრძელდა კიდევ 6 თვის ვადით. ამასთან, ელექტრონული ფორმით დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დგინდება ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №886 ბრძანებით დამტკიცებული ''გადასახადების ადმინისტრირების შესახებ'' მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის გადაყვანას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებს მას ავტორიზაციის შესახებ. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს უგზავნის წერილობით უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოდგენილია დადასტურებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები, ამასთან, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები კანონით დადგენილი წესით დადასტურებას საჭიროებს. ელექტრონული ფორმით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დასადასტურებლად პირი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა იყოს ავტორიზებული, ანუ პირს უნდა ჰქონდეს ელექტრონული სისტემის წვდომისთვის საჭირო ინფორმაცია: პირადი ნომერი და პაროლი, რაც მხოლოდ მომხმარებლისთვის არის ცნობილი.

 

ამდენად დგინდება, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებულია ანგარიშფაქტურების დადასტურება, ამასთან, საქმეში არსებული სს ''თ----------ის'' მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ მოპასუხის მიერ საიჯარო ურთიერთობის დასრულების შემდგომ 24 თვის ვადის გასვლის შემდგომ კვლავ დაფარულია 2 (ორი) თვის ქირის თანხა (იხ. ცნობა - ს.ფ. 73) რაც ცალსახად ადგენს, რომ მხარეთა შორის უკვე არსებული საიჯარო ურთიერთობა გაგრძელდა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ამასთან, საყურადღებოა, რომ ანგარიშფაქტურების დადასტურება გაგრძელდა სწორედ 2017 წლის თებერვლის თვის ჩათვლით, ანუ გადაუხდელია 2016 წლის ნოემბრის თვის, დეკემბრის თვის, ასევე 2017 წლის იანვრის და თებერვლის თვის ქირა (იხ. ს.ფ. 55, 56). რისი გადახდის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტაცია საქმეზე არ მოიპოვენა, ამდენად, საქმის მასალებზე დაყრდნობით დგინდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს - 2759.85 ლარს (4 თვის ქირა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ''თ----------ის'' მიერ გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ. 73);

- დადასტურებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები (იხ.ს.ფ. 24-55);

- ამონაწერი ანგარიშიდან (იხ.ს.ფ. 56);

- მხარეთა ასხნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე-429-ე, 581-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

 

ამდენად, ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა 2014 წლის 1 სექტემბრიდან წერილობით დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დადებული იყო 2 წლით. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული საიჯარო ურთიერთობა მხარეებს შორის გაგრძელდა კიდევ 6 თვით (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, ერთის მხრივ შპს ''ა------------------------------------------------ა'' და მეორეს მხრივ, შპს ''ტ--–----------------------'' შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზეც.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ვადის დასრულების შემდეგომ კვლავ გაგრძელდა, რაც დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით და ასევე სს ''თ----------ის'' მიერ გაცემული ცნობით, რომლითაც დგინდება რომ საიჯარო ურთიერთობის დასრულების შემდგომ მოპასუხემ კვლავ გადაიხადა 2 (ორი) თვის საიჯარო ქირის თანხა, რითაც ასევე დაადასტურა იჯარით გადაცემული ქონების ფლობის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

სასამართლო განმარტავს, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

 

ერთია, როდესაც მოვალე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს, ხოლო მეორე - მიიჩნევა თუ არა აღნიშნული შესრულება კრედიტორის მხრიდან მიღებულად და ვინ უნდა ამტკიცოს ეს (ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით დამატებით იხ.,Palandt, BGB, Beckische Kurs-Kommentar, 62 auflage, Verlag C.H. Beck, 2003, 570).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.

შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ საიჯარო ქირის თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოიჯარეს, შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება. შესაბამისად, იგულისხმება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 4 (ოთხი) თვის საიჯარო ქირის გადახდის შესახებ არ აქვს შესრულებული, შესაბამისად, მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 2759.85 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ოდენობით გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ''ა------------------------------------------------ის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე შპს ''ტ--–----------------------ს'' მოსარჩელე შპს ''ა------------------------------------------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს - 2759.85 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შპს ''ტ--–----------------------ს'' მოსარჩელე შპს ''ა------------------------------------------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 100 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი