გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.08.2018
საქმის ნომერი
330210016001531691
კატეგორია
დავის ტიპი
პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ
თარიღი
10.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/30790-1-

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

10.08.2018 წ. ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

 

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ასმათ კოხრეიძე

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

მოსარჩელე: შპს "უ--------------ი"

წარმომადგენელი: ა-----–---------–--ე

 

მოპასუხე: მ---------–------ე

წარმომადგენელი: ნ---------–----ე

 

დავის საგანი: საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების

ცილისწამებად აღიარება;

გავრცელებული, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი

ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე მ---------–------ისთვის, სოციალურ ქსელ _ ,,ფეისბუქის“ საშუალებით, მის მიერ 2----–-–-- 2--------------------ზე გავრცელებული, ქვემოთმოყვანილი ცნობების უარყოფის დავალება იმავე საშუალებით (სოციალურ ქსელ _ ,,ფეისბუქის“ გვერდი M--------------- (სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნების დაკისრება), შემდეგი ფორმით: ცილისმწამებლურია და არ შეესაბამება სიმართლეს, შემდეგი განცხადებები: "ბ--–---------–---–----აში" ექთნის მიერ მცირეწლოვან პაციენტს გადასხმა არასწორად ჩაუტარდა, რასაც პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესება მოჰყვა“; "ბ--–---------–---–----აში" ექთნის მიერ მცირეწლოვან პაციენტს არასწორი სითხე გადაესხა და აღნიშნულმა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია“; "ბ--–---------–---–----აში" კათეტერის მოხსნისას "ექთანმა თითი მოაჭრა... ბავშვს", რომელსაც, მიუხედავად იმისა რომ "თითი მიაკერეს", ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოუსწორებლად დაუზიანდა- მას "ფრჩხილი აღარ გაეზრდება".

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ, 2----–-–-- 2--------------- საათზე სოციალურ ქსელ _ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გავრცელდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ს------–--------–-------–--ის _ "ბ--–---------–----–----ის" საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები. მოპასუხის მიერ გავრცელებულ ცნობებში აღნიშნულია, რომ კ-–----ის მიერ სხვადასხვა პაციენტების მიმართ დაშვებულია მძიმე ხასიათის სამედიცინო შეცდომები, რომლებმაც ორ შემთხვევაში გამოიწვია პაციენტების ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ხოლო ერთ-ერთ შემთხვევაში, პაციენტის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული ცნობები არ ეფუძნება შესაბამის მტკიცებულებებს და როგორც თავად მოპასუხე აცხადებს, ემყარება მხოლოდ ყურმოკრულ ინფორმაციას. მოპასუხის მიერ გავრცელებული მცდარი ცნობები, თავისი მძიმე ხასიათიდან გამომდინარე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს კ-–----ის რეპუტაციას. აღნიშნული კი ყოვლად დაუშვებელია, უპირველეს ყოვლისა, იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო მომსახურების გაწევა ეფუძნება პაციენტსა და კ-–----ას შორის განსაკუთრებული ნდობის არსებობას. ნდობის შელახვა კი, უპირველეს ყოვლისა, საფრთხის შემცველია პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, რადგან ნდობის დარღვევით შესაძლებელია, სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში წარმოიშვას გაუმართლებელი შეფერხებები. მაგალითად, აღნიშნულმა შეიძლება გაართულოს, გააჭიანუროს ანდა საერთოდაც შეუძლებელი გახადოს პაციენტის ანდა მისი წარმომადგენლისაგან ინფორმირებული თანხმობის მიღება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელ წინაპირობას. მკურნალობის გაჭიანურებას, დაგვიანებას ან/და გაუწევლობას კი, ბუნებრივია, შესაძლებელია, პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის გამოუსწორებელი ზიანი მოჰყვეს. სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ“ შეისწავლა გავრცელებულ ცნობებში მითითებული ფაქტების ნამდვილობა. შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების ნამდვილობა არ დასტურდება. კერძოდ, არ დასტურდება, რომ თითქოს პაციენტს არასწორი ხსნარი გადაუსხეს, რამაც მისი ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია; არ დასტურდება მ---------–------ის განცხადება, რომ კათეტერის მოხსნისას ,,ექთანმა თითი მოაჭრა... ბავშვს“, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ,,თითი მიაკერეს“, ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოუსწორებლად დაუზიანდა - მას ,,ფრჩხილი აღარ გაეზრდება“ . შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ კათეტერის მოხსნისას პაციენტს მხოლოდ უმნიშვნელო ხასიათის დაზიანება მიადგა, კერძოდ, მას ,,კანი და კანქვეშა ქსოვილი დაუზიანდა“ და ,,ამ დაზიანებას გართულებები არ მოჰყოლია“. ასევე არ დასტურდება, თითქოს კ-–----აში პაციენტისთვის ზონდის არასწორად ჩადგმა მოხდა, რამაც საკვების ჩაღვრა და შედეგად პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია. დანარჩენი ფაქტებისგან განსხვავებით, ამ ბოლო ფაქტზე სააგენტოს მიერ შესწავლა საბოლოოდ ჯერ არ დასრულებულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ---------–------ემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე, სასამართლოსთვის მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნო, მიიჩნია ის უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, რისთვისაც მოითხოვა მოსარჩელე შპს "უ--------------ისათვის" სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

მოპასუხე ადასტურებს სადავო სტატუსის გამოქვეყნების ფაქტს და განმარტავს, რომ იგი თავის ფეისბუკ პოსტში წერდა: ,,მეორე დღეს სხვა მორიგე ექთნებმა რომ გააგრძელეს იგივე საუბარი, ვკითხე, დიდი ბოდიში, მაგრამ მესმის ყველაფერი, და უნდა ვიცოდე, რა შეეშალა ასეთი ექთანს - მეთქი. უი, მოგვკლავს ექიმი, რომ გაიგოს, გითხარითო. - დამშვიდდი, თქვი. ...თურმე ექთანს მთავარ სისხლძარღვში წამლის მაგიერ კვება გაუშვია კვება, (მაგ. “ჰუმანა”).” მოპასუხე არა მტკიცებით ფორმატში ავრცელებს ინფორმაციას, არამედ გადმოცემით, ისეთი ფორმულირებით, რომელიც დაუდასტურებელი ინფორმაციის განცდას ტოვებს. აღნიშნული განცდა ჩნდება არა მხოლოდ სიტყვა “თურმეს’’ გამოყენების გამო, რაც თავისთავად არსებითად მნიშვნელოვანია მოცემული დავის გადასაწყვეტად, არამედ თხრობის სტილის გამოც, რომელიც სხვადასხვა წყაროდან ნაწილ-ნაწილ მიღებული ინფორმაციის გადმოცემის ფორმატშია თავიდან ბოლომდე. იგივე ეხება ბავშვის გარდაცვალების საკითხზე მსჯელობას. მოპასუხე წერს ასეთი ფრაზებით: ,,მამა ტიროდა. შვილი მომიკვდაო. გამახსენდა დილით, დათო რომ შევცვალე, დათომ მითხრა, ამ დილას გაურკვევლ ვითარებაში დაიღუპა ორი თვის ბავშვი, პალატიდან უცებ გადაიყვანეს რეანიმაციაში და არავინ ვიცით რა მოხდაო“. თავად ეს ტექსტი შეიცავს გაჟღერებული მოვლენის ფაქტად არაღქმის პირობას. შემდეგ მოპასუხე აგრძელებს: ,,მეთქი ესაა“. აქაც, საკუთარ ვარაუდზე საუბრობს, რომ მან დააკავშირა ეს ორი ამბავი ერთმანეთთან - დილით ნანახი და მეუღლის ნათქვამი. ,,ამბავს მოყვნენ: რაღაც ვირუსით მოიყვანეს ბავშვი, პალატაში იწვა დედასთან ერთად, ვერ ჭამდა თავისით, ზონდი ჩაუდგეს... და აღმოჩდა, რომ ექთანს არასწორად ჩაუდგამს ზონდი, ღამით საკვები რომ მისცეს, ჩაეღვარა ბავშვს, დედას ეძინა და ვერავინ მიხვდა რომ იხრჩობოდა. დილით რეანიმაციაში ვერაფერი უშველეს. როგორ ჩაეძინაო - დედაზე ამბობდნენ და ამას მოაყოლეს, ექთნებიც იქვე იყვნენ“. მოპასუხე არაფერს ამტკიცებს, ის გადმოსცემს სხვის მონაყოლს. ასევე ამ პოსტის თავშივე ამბობობს: ,,მეგონა მეტსაც შევძლებდი ვიდრე ფეისბუკ პოსტია“, რითაც გადმოსცემს საკუთარ განწყობას, რომ ან ინფორმაციის მიღების საფუძველზე გაუჩნდა პასუხისმგებლობის განცდა, ზემოქმედება მოახდინოს მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და იქვე ამბობს, რომ მან ეს ვერ შეძლო. აქედან გამომდინარეც აშკარად იკვეთება მისი განწყობა, მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიმართ - თუ ის დარწმუნებული იქნებოდა რომ კ-–----ის პერსონალის შეცდომის გამო გარდაიცვალა ბავშვი, ერთადერთი მოქმედება რაც შეეძლო შეესრულებინა, ეს იყო სამართალდამცავი ორგანოებისადმი შეტყობინება, რაც მას არ გაუკეთებია და არც დაუწერია რომ აპირებს. საჯარო პოსტი, რომლითაც მოპასუხემ თავისი ეჭვი გადმოსცა მიმდინარე მოვლენებზე ანუ ისარგებლა სიტყვის თავისუფლებით, იყო მისი მხრიდან საზოგადოებრივი სიკეთის დასაცავად პასუხისმგებლობის აღების,საკუთარი მოვალეობის მოხდის კანონით გათვალისწინებული ფორმა. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ინსტრუმენტი, რომლის არსებობაზე და ეფექტურობაზე დამოკიდებულია ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, საზოგადოებრივ სიკეთეს წარმოადგენს პაციენტი ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მათი მშობლების უფლება არ გახდნენ წამების მსხვერპლები, შვილის ამ უფლების ვერ რეალიზების გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2----–-–-- 2--------------- საათზე, მ---------–------ემ, მის ,,ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა: ,,ალბათ ბოდიში უნდა მოვიხადო იმის გამო, რასაც ახლა აქ ვწერ. აქამდე ვერ დავწერე - მეგობრებს ვუყვებოდი პერიოდულად, ვპირდებოდი, რომ საჯაროდ დავწერდი და ვერ ვქენი. ბოდიში. მეგონა, მეტსაც შვძლებდი, ვიდრე ფეისბუკის პოსტია, მაგრამ რახან ჩემი ლ---- ცოცხალი დავიბრუნე სახლში (და არა ჯანმრთელი), სხვა ვეღარაფერზე ფიქრი ვერ შევძელი. ჰო, ლ----ს ს--------------ში ყოფნის ამბავზეა ეს პოსტი. ბ--–--------–- კ-–----აში იწვა ლ----, ფილტვების ანთებით, პლევრიტით და სითხით ფილტვში. დრენირება არ დასჭირდა, დაემორჩილა ანტიბიოტიკს. ახლა დანარჩენი: 1) პირველივე დღეს ექთნები საუბრობდნენ ერთმანეთში - ვიღაც ექთნის ამბავს ყვებოდნენ, გუშინ რომ გაუშვეს სამსახურიდან და ეს როგორ დაემართა. მერე ამბობდნენ, რომ ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. ზოგი ამბობდა, რომ ეგრეც არ არის. ეს ვერ დაგემართება. მეორე დღეს სხვა მორიგე ექთნებმა რომ გააგრძელეს იგივე საუბარი, ვკითხე, დიდი ბოდიში, მაგრამ მესმის ყველაფერი და უნდა ვიცოდე, რა შეეშალა ასეთი ექთანს - მეთქი. უი, მოგვკლავს ექიმი, რომ გაიგოს, გითხარითო. მეთქი, დამშვიდდი, თქვი. ...თურმე ექთანს მთავარ სისხლძარღვში წამლის მაგიერ კვება გაუშვია (კვება, ანუ, მაგ. “ჰუმანა”). ბავშვს რა მოუვიდა - მეთქი. არ მომკვდარა, "მძიმედააო. მშობლებმა ცოცხალი რატომ დატოვეს ან ექთანი, ან ვინმე ამ გადახურულში - მეთქი. მშობელს არ გაუგია ეს ამბავი, ექთანი სამსახურიდან გაუშვეს და ბავშვის მდგომარეობა ისედაც მძიმე იყო, უთხრეს, რომ დამძიმდაო. ...მეორე დღეს სხვა ცვლას ვკითხე, ის ბავშვი როგორაა - მეთქი. შეცბნენ. უი, იმ ბავშვს სამბალიანი კომა ჰქონდა ისედაც, იმის გაღვიძებას არც არავინ ელოდებაო, მშობლები წელიწადში ერთხელ აკითხავენო. მეთქი რამდენი წლისაა (უკვე აღარ მჯერა). პატარაა ძალიან, თვეებისო. მოვკეტე. დამთავრდა ეს ამბავი. არავინ იცის ის ბავშვი ცოცხალია თუ არა. 2. მოსაწევად ჩავედი. ახალგაზრდა, მაღალი ბიჭი იყო აყუდებული კედელს, გარშემო ჩემნაირი, ჩვენნაირი მეგობრები, ტატუებიანი, პირსინგებიანი ტიპები ეხვია, ახალგაზრდა გოგოები. ტიროდა ეს ბიჭი, ჩუმად. ტიროდა ყველა ჩუმად. ტელეფონმა დაურეკა. შვილი მომიკვდაო. გამახსენდა დილით, დათო რომ შევცვალე, დათომ მითხრა, ამ დილას გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა 2 თვის ბავშვი, პალატიდან უცებ გადაიყვანეს რეანიმაციაში და არავინ ვიცით რა მოხდაო, მეთქი ესაა. ავედი ზემოთ. ავედი და ნახევარ საათში დედის კივილი გაისმა (ლ----მ ამ დროს გაიგო, რომ თურმე ბავშვებიც იღუპებიან - რა მეთქვა. შეშინებული იყო მერე, არ ეგონა რომ ავადმყოფობამ ბავშვი შეიძლება მოკლას). ...დერეფანში გავცვივდით (კივილი არ ჩაცხრა, ერთმანეთს ემატებოდა ხმები, ავდექით და გავცვივდით ყველა, ფანჯარას მივასკდით). ამბავს მოყვნენ: რაღაც ვირუსით მოიყვანეს ბავშვი, პალატაში იწვა დედასთან ერთად, ვერ ჭამდა თავისით, ზონდი ჩაუდგეს... და აღმოჩნდა, რომ ექთანს არასწორად ჩაუდგამს ზონდი, ღამით საკვები რომ მისცეს, ჩაეღვარა ბავშვს, დედას ეძინა და ვერავინ მიხვდა, რომ იხრჩობოდა. დილით რეანიმაციაში ვერაფერი უშველეს. როგორ ჩაეძინაო - დედაზე ამბობდნენ და ამას მოაყოლეს, ექთნებიც იქვე იყვნენ. 3. გამოწერის დღეს. დათო მიყვება: თითი მოაჭრა ექთანმა თვის ბავშვს. კათეტერს ხსნიდა ხელიდან, მაკრატლით ლეიკოპლასტირს უჭრიდა და თითი მიაყოლა. თითი მიაკერეს, სასწრაფოდ გადაიყვანეს ქირურგიულში, მხოლოდ ფრჩხილი აღარ გაეზრდებაო...“ (იხ. ამონაბეჭდი მ---------–------ის ფეისბუქ გვერდიდან, ს.ფ. 14-16; მხარეთა ახსნა-განმარტება; სასამართლოს 29.05.2018 წლის სხდომის ოქმი, ს.ფ. 137-143; ს.ფ. 146-148; აუდიოჩანაწერი, დისკი, ს.ფ. 154);

 

3.2.2. მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, მოსარჩელემ, მის ფეისბუქ გვერდზე, იმავე დღეს, 2----–-–-- 2--------, გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის პოსტი: ,,ბოლო წლებში მომრავლდა ექიმების მიმართ შეურაცხმყოფელი საუბარი, ცრუ ბრალდებები, თუ როგორი უცოდინარი და უპასუხისმგებლოები არიან. რაც აზარალებს არა მარტო ექიმებსა და სამედიცინო საზოგადოებას, არამედ ზოგადად, საზოგადოებას. მსგავსი სახის უპასუხისმგებლო განცხადებები ლახავს ექიმის რეპუტაციას და თესავს უსაფუძვლო ნიჰილიზმს საზოგადოებაში. დაკარგულია ყოველგვარი ნდობა ექიმსა და პაციენტს შორის, რაც მკურნალობაზეც აისახება. ყურმოკრული, ნაჭორავები და არაპროფესიონალის მიერ გაკეთებული დასკვნები, მოყავთ როგორც უტყუარი ფაქტები. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ დაუსჯელი რჩება ყოველი მსგავსი სკანდალი და ცრუ ბრალდება. თქვენ მიერ მოყვანილი ფაქტების გადამოწმება მარტივად შეიძლება მომხდარიყო, ადგილობრივ ადმინისტრაციასთან კონტაქტით, ან ჯანდაცვის სამინისტროში განცხადების შეტანით, ან სამართალდამცავ ორგანოებში განცხადებით, თუ მართლა შეგტკივათ გული ჩვენს პაციენტებზე. თუმცა, უფრო მარტივია, ფეისბუქზე ცრუ ბრალდებები და რაც უფრო მეტად სკანდალურად გამოიყურება პოსტი,მით მეტი ნახვა აქვს ფეისბუქ გვერდს. რამდენად წარმოგიდგენიათ, რომ კ-–----აში ბავშვებს კლავდნენ, თითებს აჭრიდნენ, ადაპტირებულ კვებებს ვენაში უსხამდნენ და ამ პაციენტების მშობლები მშვიდად უყურებდნენ ამ ყოველივეს და ასეთი კ-–----ა იყოს ყველაზე მოთხოვნადი კ-–----ა, ისე რომ ყოველთვის პაციენტის განთავსებისთვის ადგილების უკმარისობა იყოს? სწორედ ამ კ-–----ის კრიტიკული მედიცინის დეპარტამეტში განკურნეს თქვენი შვილი და ბოლომდე გამოჯანმრთელებული გაწერეს, რასთან დაკავშირებითაც გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, თუმცა, ეს ინფორმაციაც დამახინჯებულად არის საზოგადოებისათვის მიწოდებული. ჩვენი კ-–----ა მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა დაიცვას თავისი საქმიანი რეპუტაცია და არ დაუშვას უპასუხისმგებლო პირთა მხრიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით კ-–----ისა და მისი სამედიცინო პერსონალისათვის ზიანის მიყენება“ (იხ. მოსარჩელის მიერ 2----–-–-- 2-------- გავრცელებული ფეისბუქ მიმართვა, ს.ფ. 112; მოსარჩელის ახსნა-განმარტება);

 

3.2.3. შპს ,,უ--------------ის“ (ს/კ 4--------) 2015 წლის 01 აპრილის ბრძანებით, მენეჯმენტის გაიოლებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, განახორციელდა რეორგანიზაცია (შერწყმა) მის შვილობილ კომპანიებთან, მათ შორის მოხდა შპს ,,ბ--–---------–----–----ის“ შპს ,,უ--------------თან“ შერწყმა, მიერთების გზით (იხ. ბრძანება, ს.ფ. 23; ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ს.ფ. 52-54; მოსარჩელის ახსნა-განმარტება);

 

3.2.4. 2----–-–-- 2--------, ს-----------–--------–-------------------–------------ გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: „ბ--–---------–----–----ა სკანდალში ეხვევა - რა ფაქტებს ასაჯაროვებს პაციენტის მშობელი“; სტატიაში აღნიშნულია, რომ ი.ც-–-–---–ის ს----–----- ბ--–---------–----–----ა სკანდალში ეხვევა. პაციენტის მშობლები კ-–----ის ექიმებსა და მედპერსონალს არაპროფესიონალიზმსა და დაუდევრობაში ადანაშაულებენ, აქვე არის გადმოტანილი მოპასუხის ფეისბუქ პოსტი, ასევე სტატიაში აღნიშნულია, რომ მ---------–------ის სტატუსს ს--------------ს ადმინისტრაციამ სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა და განცხადება გაავრცელა. სტატიაში ის განცხადებაც არის მოცემული. სოციალურ ქსელში მ---------–------ისა და კ-–----ის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კ-–----ის მედპერსონალის მიმართ სხვა ახალი ბრალდებები გაჩნდა. კერძოდ, ი------------ა კ-–----ის წინააღმდეგ კონკრეტულ ფაქტს ასაჯაროვებს: „ი. ც-–-–---–ის ს----–----- ბ--–---------–----–----ა, გაჩუმდით მაინც! რაკი ვერ ისვენებთ, შეგახსენებთ, როგორ არ უკეთებდით 2015 – ში ახალშობილ ბავშვს (თვენახევრის იყო იმ მომენტისათვის) სასწრაფო ოპერაციას, იმიტომ რომ არ იყო საქართველოს მოქალაქე და არ გააჩნდა საყოველთაო დაზღვევა, იმიტომ რომ მარტოხელა 18 წლის დედას ფული არ ჰქონდა და უსინდისოდ სთხოვდით ფულს, ისე ოპერაციას ვერ გავაკეთებთ და შვილი მოგიკვდებაო, ეუბნებოდით. მერე მოგვმართა ჩვენ და ვიშოვეთ სპონსორი! ც--–--ის ფონდმა გადაიხადა ოპერაციის ფული, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი არ იყო საქართველოს მოქალაქე. ბავშვს სიმსივნე ჰქონდა, თუმცა გადარჩენის შანსი იყო, კიდევ მადლობა ც--–--ის ფონდს, დღეს ეს პაწუკა ცოცხალია და ეს მათი დამსახურებააა… თქვენ, არიქა, სპონსორი გამოუჩნდაო და დაიწყეთ მოგონება რაღაც კიდევ დამატებითი საჭიროებების და რადგან მე პირადად ვაკონტროლებდი ბავშვის მკურნალობის პროცესს, ექიმებთან მე დავდიოდი და მე მქონდა ურთიერთობა, პირველი ოპერაციის შემდეგ, 2 დღეში აფერისტი ექიმი მირეკავს და, გუშინ დამძიმდა ბავშვიო. პირველი ოპერაცია მოწვეულმა ონკოლოგმა გაუკეთა და მართლა დიდი მადლობა მას! აი, თქვენი კ-–----ის ექიმმა კი… მირეკავს და ბავშვი ღამე დამძიმდაო და სასწრაფოდ გავუკეთეთ ოპერაცია ღამეო, ვინ გაუკეთა-მეთქი, რომ ვკითხე, მე გავუკეთეო და, აი, იქ რომ გადავირიე, ახლავე მოვდივარ და მე ამას გავარკვევ-მეთქი, რადგან არ გენდობი-მეთქი, ატყდა ერთი წიოკი. მოკლედ, ეს ექიმი არის აფერისტი, თან ხელმძღვანელი პოზიცია უჭირავს. ბევრი რომ არ მოვყვე, არაფერი ოპერაცია არ გაუკეთებია (მადლობა, რომ ბავშვი არ მოკალით და ტყუილად არ გაფატრეთ, ფულის გამო!). იმ ვითომ მეორე ოპერაციის ფული არ მოითხოვეს, რა თქმა უნდა! რა უნდა მოეთხოვათ, რაც არ გაუკეთებიათ, და ეს ბავშვი რომ გამოეწერა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხარჯი გადახდილი იყო, რადგან ჯანდაცვასაც, როგორც იქნა, ჩავარიცხინეთ 7 000 ლარი, ც--–--ის ფონდის მიერ ჩარიცხული თანხების გარდა, დედას კიდევ ფულს სთხოვდით! და ბავშვს, ანუ ოპერაციის შემდგომ ანალიზის პასუხი არ მიეცით (მოკლედ, მედიცინის მუშაკი არ ვარ და ჩემებურად ავხსნი, დათესეს თუ რაღაც… და უნდა გაგვეგო, რა სახის სიმსივნე იყო. კიდევ ფულია გადასახდელიო. თქვენ, საერთოდ, როგორ იღებთ ხმას! არავინ ამბობს, რომ ამ კ-–----აში ყველა არაპროფესიონალი ექიმია, მაგრამ თუნდაც ერთი შეცდომა, ან არაპროფესიონალი მუშაკი არის ძალიან დიდი პრობლემა, რის გამოც ბავშვებს საფრთხე ექმნებათ, ასევე კ-–----აში მომუშავე კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კადრებსაც უფუჭდებათ რეპუტაცია, ამიტომაც კ-–----ის ადმინისტრაცია ამ სამარცხვინო სტატუსის მაგივრად, ხარვეზის აღმოფხვრაზე რომ ზრუნავდეს, ალბათ, უფრო სწორი იქნება, ს------–--------–-------–--ებში შეცდომების რისკები მაქსიმალურად უნდა იყოს მინიმალიზებული მაინც და არაპროფესიონალ მედიკთა საქმიანობა აღკვეთილი…“ ი. ც-–-–---–ის ს----–---------–---------–-----------------ს ადმინისტრაციის წარმომადგენლის, დ-------------–---–ის განცხადებაში აღნიშნულია შემდეგი: ,,ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის განმავლობაში 20356 პაციენტს ვუმკურნალეთ. გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკაა 0,25%. ყველა გარდაცვალების ისტორიის გავლა ხდება ხარისხის კონტროლის სამსახურის მიერ, მერე აბსოლუტურად ყველა ისტორიის შესწავლა ხდება სამინისტროს მიერ. არანაირი სირაქლემის პოზიცია, პირიქით, კონკრეტულ ფაქტებს მივესალმებით, რომ გვეუბნებიან. ყველა პრეტენზიას პირადად და მთავარი ექიმი ხვდება და გავდივართ დეტალურად. შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ, გამოვასწოროთ. მაგრამ ეს, ზოგადად, ყველას მკვლელად გამოყვანა მართლა ამაზრზენია” (იხ. სტატია, ს.ფ. 26-32; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

3.2.5. მ---------–------ის ფეისბუქ სტატუსზე და შპს ,,უ-------------ის“ პასუხზე წერილები მოამზადეს ინტერნეტ გვერდებმა: w---------------------------------------------------------------------------------------- (იხ. სტატიები, ს.ფ. 33-47; მოსარჩელის ახსნა-განმარტება);

 

3.2.6. 201- წლის 2-------ს, ს-----------–------------------------------------- მიერ მომზადდა წერილი, სათაურით: ,,სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ,,ბ--–---------–---–----ასთან“ დაკავშირებით გავრცელებული შემთხვევები შეისწავლა“. სტატიაში მითითებულია: ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ,,ბ--–---------–---–----ასთან“ დაკავშირებით გავრცელებული შემთხვევები შეისწავლა. როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, შესწავლის შედეგად არ დადასტურდა ფაქტი, თითქოს ექთანმა შეცდომით პაციენტს არასწორი ხსნარი გადაუსხა, რასაც ბავშვის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მოჰყვა. ამასთან, მათივე განმარტებით, ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება ერთი ფაქტი და დასტურდება, რომ პაციენტს მაკრატლით კანი დაუზიანეს. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შეისწავლა, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე 2--0--1- წ. გამოქვეყნებული შემთხვევები, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე ,,ბ--–---------–---–----აში“ პაციენტისთვის გაწეული არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების რამდენიმე შემთხვევის შესახებ წერს. აღწერილი შემთხვევებიდან ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება ერთი ფაქტი. კათეტერის ამოღებისას, პაციენტს მაკრატლით კანი და კანქვეშა ქსოვილი დაუზიანდა, თუმცა იქვე ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და საბედნიეროდ, ამ დაზიანებას გართულებები არ მოჰყოლია. აღნიშნულის გამო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ გატარებულ იქნა შესაბამისი ღონისძიებები... რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი პაციენტის მშობელსაც დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ს------–--------–-------–--ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. რაც შეეხება მეორე ფაქტს, თითქოსდა ექთანმა შეცდომით პაციენტს არასწორი ხსნარი გადაუსხა, რასაც ბავშვის მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა, შესწავლის შედეგად არ დადასტურდა. წერილში არის კიდევ ერთი ისტორია: ,,ჰქონდა თუ არა ადგილი არასწორად ჩადგმული ზონდის გამო პაციენტის გარდაცვალებას?“ პირველადი მონაცემები არ არის საკმარისი ამ ფაქტის ზუსტი იდენტიფიცირებისთვის და საკითხი საჭიროებს გაღრმავებულ შესწავლას, რასაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს“ (იხ. სტატია, ს.ფ. 96; მოსარჩელის ახსნა-განმარტება);

 

3.2.7. 2----–-–-- 04 აგვისტოს, შპს ,,უ--------------მა“ მიმართა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, სადაც აღნიშნულია, რომ 2----–-–-- 2-------ს (12:07 საათზე), ს-----------–------------------------------------- მიერ ინტერნეტგვერდის საშუალებით გავრცელდა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს განცხადება, სათაურით: ,,სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ,,ბ--–---------–---–----ასთან“ დაკავშირებით გავრცელებული შემთხვევები შეისწავლა“. განცხადებაში აღნიშნულია ჩატარებული შესწავლის შედეგები, რომელიც უკავშირდება შპს ,,უ--------------ი“ - ბ--–---------–---–----აში შესაძლო სამედიცინო დარღვევებთან დაკავშირებით სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას. მოსარჩელე ამ მიმართვაში ითხოვს, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ დაადასტუროს, რომ ს-----------–------------------------------------- მიერ გავრცელებული ზემოაღნიშნული ინფორმაცია, ასახავს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პოზიციას. ამასთან, ითხოვს ინფორმაციას, რა სტადიაზეა იმ შესაძლო შემთხვევის შესწავლის პროცესი, რომელიც, განცხადების მიხედვით, სააგენტოს მხრიდან საჭიროებდა დამატებით შესწავლას და ეცნობოს შესწავლის დასრულების სავარაუდო თარიღი (იხ. შპს ,,უ-------------ის“ მიმართვა, ს.ფ. 48; მოსარჩელის ახსნა-განმარტება);

 

3.2.8. 2----–-–-- 10 აგვისტოს, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, შპს ,,უ--------------ს“, მისი მიმართვის პასუხად, აცნობა, რომ 2----–-–-- 2-------ს ს-----------–------------------------------------- მიერ ინტერნეტგვერდის საშუალებით გავრცელებულ იქნა სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ განცხადება, რომელიც ეხება შპს ,,უ--------------ში“-ბ--–---------–---–----აში შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნულ განცხადებაში მითითებულ საკითხს: ,,ჰქონდა თუ არა ადგილი არასწორად ჩადგმული ზონდის გამო პაციენტის გარდაცვალებას?“, აღნიშნულ საკითხს სააგენტო სწავლობს კომპეტენციის ფარგლებში და შესწავლის შედეგების შესახებ მოსარჩელეს ეცნობება დამატებით (იხ. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პასუხი, ს.ფ. 51; მოსარჩელის ახსნა-განმარტება);

 

3.2.9. მოპასუხის მიერ გავრცელებულ ფეისბუქ სტატუსს გამოეხმაურნენ ბ--–---------–----–----ის პაციენტების მშობლები: 2----–-–-- 2-------- მოპასუხეს “ბ--–---------–----–----ის” ყოფილი პაციენტის მშობელმა ს------------–-–---–მა მიწერა: “გამარჯობა თქვენი პოსტი წავიკითხე. ძალიან მძიმე დღეები გავიარეთ მე და ჩემმა შვილმა მაგ ს--------------ში თერაპიულ განყოფილებაში. თითი რომ მოაჭრეს მაგ დროს იქ ვიყავით ჩვენი პალატის ექთანს შეემთხვა ნ---- ერქვა, ეს მაისის დასაწყისში იყო. პოლიციაც იყო მოსული, კრიმინალური, მაგრამ მშობლებმა უარი თქვეს არ უჩივლეს, ექთანმა გააგრძელა მუშაობა ჩვეულებრივად“; 2----–-–-- 2-------- მოპასუხეს სოციალური ქსელის მეშვეობით მისწერა “ბ--–---------–---–----აში” გარდაცვლილი ბავშვის დედამ ნ-------------ემ, რომელმაც უთხრა, რომ მისი 2 თვის შვილი გაურკვეველი მიზეზით დაიღუპა. “დღემდე ჩემ თავს ვადანაშაულებ რომ დაღლილს დამეძინა. შვიდამდე გავქაჩე. გულზე მეწვინა. რომ არ ჩამძინებოდა გადავარჩენდი“; 201- წლის 2-------- მ---------–------ეს ფეისბუკის საშუალებით მისწერა "ბ--–---------–----–----ის” ყოფილი პაციენტის კიდევ ერთმა მშობელმა, თ----------–-–---მა: “ამ საშინელ ამბავს მეც შევესწარი. წინა დღეს რამდენიმე დედა ვსაუბრობდით დერეფანში და ის საცოდავი გოგო ამბობდა ლ----ს, ბავშვს ის ადგილი სადაც ზონდი ჰქონდა ჩადგმული თითქოს შეშუპებული აქვსო და არ ვიცი ექიმს აჩვენა კითხა თუ არა. საწყალი გოგო ღამეებს უთენებდა ბავშვს და ექთნებმა რა სინდისით დაადანაშაულეს ჩაეძინაო. ხო იმ დილით 6 საათზე აჭამა და ჩაეძინა. ამდენი ღამის ნათევს და 9 -ზე უკვე ბავშვი აღარ იყო. ჩვენ დედები დავდიოდით განადგურებულები ყველა ვლოცულობდით და ყოველ წამს ვკითხულობდით ბავშვის ამბავს. ხელფასს იმაში უხდიან ექთნებს როგორც მე ვიცი რომ ბავშვებს პროცედურები სწორად ჩაუტარონ და ყურადღება მიაქციონ და მათი დაუდევრობის გამო ბავშვები არ უნდა ზარალდებოდნენ და უსინდისოდ არ უნდა აბრალებდნენ ნერვიულობით დაღლილ მშობლებს თავიანთ დანაშაულს. დღემდე ვერ გამოვსულვარ იმდღევანდელი შოკიდან. წინა დღით ეს ბავშვი დედას ჰყავდა გამოყვანილი დერეფანში - ვსაუბრობდით, გვიცინოდა და გვეთამაშებოდა. გული მიჩერდება რომ მასხენდება, თვალწინ მიდგას“ (იხ. წერილები, ს.ფ. 83-94; მოპასუხის ახსნა-განმარტება);

 

3.2.10. გამოქვეყნებული სტატუსის ის სადავო მონაკვეთები, რომელიც ეხება ბ--–---------–---–----აში, ექიმებისა და მედპერსონალის არაპროფესიონალიზმსა და დაუდევრობას, კერძოდ: „ბ--–---------–---–----აში" ექთნის მიერ მცირეწლოვან პაციენტს არასწორი სითხე გადაესხა და აღნიშნულმა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია“; "ბ--–---------–---–----აში" კათეტერის მოხსნისას "ექთანმა თითი მოაჭრა... ბავშვს", რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ "თითი მიაკერეს", ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოუსწორებლად დაუზიანდა - მას "ფრჩხილი აღარ გაეზრდება" _ არ შეიცავს მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლურ, მისი პატივის და ღირსების შემლახველ განცხადებებს. მ---------–------ეს, სადავო განცხადებების (გამონათქვამების, წინადადებების) გავრცელებისას, არ დაურღვევია შპს ,,უ--------------ის“ პირადი არაქონებრივი უფლებები, ვინაიდან ეს განცხადებები, მართალია, კავშირშია მტკიცებად ფაქტებთან, მაგრამ ეს განცხადებები წარმოადგენენ ამ ფაქტების შესახებ, სხვადასხვა პირების მიერ მიწოდებული ინფორმაციის გაცნობით წარმოშობილ მოპასუხის შეხედულებას, შეფასებას, მის სუბიექტურ აზრს ისეთი მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ბავშვების ჯანმრთელობის დაცვა (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

3.2.11. არ დასტურდება 2----–-–-- 2------- 01:57 საათზე, მოპასუხის ფეისბუქ პოსტით, მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეული წინადადებების და გამონათქვამების გამოქვეყნებით მოსარჩელე შპს ,,უ--------------ისათვის“ ზიანის მიყენების ფაქტი (იხ. იქვე).

 

3.2.12. ვინაიდან, მოსარჩელის საქმიანობის საგანია საზოგადოებისათვის უაღრესად საინტერესო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ბავშვთა ჯანმრთელობა, ბავშვთა დაცვა და მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებისათვის სწორი მკურნალობის ჩატარება, შპს ,,უ--------------ი“ განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო პირს (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება; საქმის მასალები).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან, მოპასუხე მ---------–------ეს სადავო გამოქვეყნებით არ გაუვრცელებია მოსარჩელე შპს ,,უ--------------ის“ მიმართ, არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და მისთვის ზიანის მიმყენებელი განცხადებები (ცნობები), სარჩელი, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

საქართველოს კანონი ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 27.5 მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირის საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში გამოიყენება ამავე კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესები.

 

სსკ-ის 18.2. მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.

 

იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის პატივისა და ღირსების შესაბამისი დაცვა, უნდა არსებობდეს შემდეგი გარემოებანი: 1. პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვა; 2. პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელება; 3. გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა; განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ვერ დაადგინა ვერცერთი მითითებული გარემოება.

 

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-19 მუხლის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს აქვს აზრისა და მისი თავისუფლად გამოხატვის თავისუფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, ჰქონდეს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებით, მიუხედავად საზღვრებისა”. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის მიხედვით, ,,ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. მნიშვნელოვანია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლი, რომლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, მიუხედავად საზღვრებისა, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები ზეპირად, წერილობით ან პრესის მეშვეობით, ხელოვნების სახით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით საკუთარი არჩევანისამებრ.

 

საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ,,ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ ვალდებულებებსა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია: ა. სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციის პატივისცემისათვის...’’. აღნიშნული პუნქტი მიუთითებს ,,სხვათა რეპუტაციაზე’’, რასაც აშკარად იცავს პაქტის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი. აღნიშნული ვითარება წარმოშობს კლასიკურ კონფლიქტს ადამიანის უფლებების (გამოხატვის თავისუფლებას) და პიროვნების დაცვას შორის. მითითებულ ნორმათა შედარებიდან იკვეთება საერთაშორისო პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულება, უზრუნველყონ საკანონმდებლო დაცვა არასწორი მტკიცებებით პატივისა და რეპუტაციის ხელყოფის წინააღმდეგ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი უზრუნველყოფს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას თითოეული ადამიანისათვის. ამავე ნორმატიული აქტის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველ პუნქტში ,,ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია ... სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად...’’.

 

”სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს ... გ) ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას ...’’.

 

”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ის ეხება ცილისწამებას (,,ა’’ ქვეპუნქტი), პირისპირ შეურაცხყოფას (,,გ’’ ქვეპუნქტი) და სხვ.

 

ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.

 

მოხმობილი კანონის პირველი მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულებების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს; ხოლო ამავე მუხლის „ფ” ქვეპუნქტის თანახმად, აბსოლუტური პრივილეგია ნიშნავს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას:

 

ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ საქმეზე (Lingens v. Austria, 1986) განაცხადა: „შეფასების მტკიცება შეუძლებელია, ფაქტები მტკიცებადია”. ამავე სასამართლომ ლიაშკო უკრაინის წინააღმდეგ (Lyashko v. Ukraine, 2006) საქმეში განაცხადა: „მომჩივანი განცხადების გაკეთებისას, სხვების ნათქვამს იმეორებდა ან გონივრული დასკვნები გამოჰქონდა იმ მოვლენებიდან, რაც უდავოდ დადგა. ამ შემთხვევაში, არაგონივრულია, თუ შეუძლებელი არა, მომჩივანისთვის იმის მოთხოვნა, რომ მან დაადასტუროს ასეთი ფაქტების სინამდვილესთან შესაბამისობა“.

 

”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საჯარო პირის მიმართ ”დასაშვები კრიტიკის” ფარგლები მეტად ფართოა. ამ ნორმის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. როგორც უკვე დაადგინა სასამართლომ, მოსარჩელე უნდა ჩაითვალოს საჯარო პირად, მისი მოქმედებების მიმართ არსებობს საზოგადოების მომეტებული ინტერესი. მოსარჩელემ ვერ დაუმტკიცა სასამართლოს, რომ გავრცელებული ცნობები წარმოადგენს ცილისწამებას, რითაც მას მიადგა ზიანი, შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, შესაბამისად, ვერ დაამტკიცა, რომ გავრცელებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია ასეთი განცხადების გავრცელება.

 

დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცული უნდა იქნას ამა თუ იმ პირის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, დადგინდა, რომ მოსარჩელე შპს ,,უ--------------ი“ არის საჯარო პირი და მის მიმართ არსებობს საზოგადოების მომეტებული ინტერესი, თუმცა, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული სარჩელით სადავოდ გამხდარი განცხადებები წარმოადგენს მ---------–------ის აზრს, შეფასებას, მსჯელობას და არა _ შპს ,,უ--------------ის“ მიმართ გავრცელებულ საქმიანი რეპუტაციის შემლახველ განცხადებებს. სადავო განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც მოპასუხემ სხვადასხვა პირისგან მოისმინა ბ--–---------–---–----აში მომხდარი ფაქტების შესახებ, რაც გამოწვეული იყო ექიმების და მედპერსონალის არაკომპეტენტურობით და დაუდევრობით და მათმა ქმედებებმა განაპირობა ბავშვების ჯანმრთელობის დაზიანება და ზოგ შემთხვევაში, გარდაცვალებაც კი. ასეთი ინფორმაციების მოსმენა მშობლისთვის, რომელსაც იმ დროისთვის, თავად ჰყავდა ამ კ-–----აში მცირეწლოვანი შვილი სამკურნალოდ, მეტად მძიმე იყო. მიუხედავად იმისა, რომ სხვა შესაბამისი დანიშნულების კ-–----ებთან შედარებით, მოპასუხე უპირატესობას ანიჭებდა ბ--–---------–---–----ას (რის შესახებაც მ---------–------ე წერდა კიდეც ფეისბუკის გვერდზე), ის შეძრა მოსმენილმა და თავი ვალდებულად ჩათვალა, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა საკუთარი შთაბეჭდილება და შეფასება მოსმენილის საფუძველზე. სადავო განცხადების გაკეთებისას, მოპასუხე მხოლოდ მოსაზრებას გამოთქვამს, მისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე სხვადასხვა პირისგან მიღებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე. დადგინდა, რომ პოსტის სახით გავრცელებული განცხადებაში მითითებული, არასწორი სამედიცინო მომსახურების შემთხვევებიდან მოსარჩელე კ-–----ა მხოლოდ ორ მათგანს ხდის სადავოდ. მათზე მ---------–------ის განცხადებაში მითითებული ინფორმაცია რომ უსაფუძვლო არ იყო და მართლაც დაკავშირებული იყო გარკვეულ ინციდენტებთან, ეს საქმის მასალებით დადასტურდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, მან უნდა დაუმტკიცოს სასამართლოს მის მიმართ გავრცელებული სადავო გამონათქვამების ცილისმწამებლური ხასიათი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს ,,უ--------------მა“ ვერ დაამტკიცა მოპასუხის მიმართ თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, ხოლო მოპასუხემ დაასაბუთა თავისი პოზიციის მართებულობა, რამაც განაპირობა შპს ,,უ--------------ისთვის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე შპს ,,უ--------------ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (იხ. საგადახდო დავალება, ს.ფ. 56).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს შპს "უ--------------ის" სარჩელი საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების ცილისწამებად აღიარების და გავრცელებული, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისმწამებლური ცნობების უარყოფის თაობაზე.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ასმათ კოხრეიძე